თავი მეხუთე
„ეძებეთ იეჰოვა“, მის მოსაწონად ეცით თაყვანი
1. რით არის კურთხეული ღვთის ხალხი?
კაცისთვის დიდი პატივია, იცნობდეს წინასწარმეტყველებათა შემსრულებელ ღმერთს. თქვენც შეგიძლიათ საკუთარ თავზე გამოსცადოთ წინასწარმეტყველ ოსიას სიტყვების ჭეშმარიტება: „ერთგულებით დაგნიშნავ ჩემზე და გეცოდინება იეჰოვა“. ოსია აღწერდა უსაფრთხო, სამოთხისებურ პირობებს, რითაც ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებული ღვთის ხალხი გაიხარებდა. მსგავსად ამისა, დღეს ღვთის ხალხი სულიერი კეთილდღეობითა და უსაფრთხოებით ხარობს. ისინი თითქოს სამოთხეში ცხოვრობენ (ოსია 2:18—20). ჩვენ, როგორც ღვთის მიძღვნილი მსახურები, იეჰოვას მოწმეები, მის სახელს ვატარებთ, და გვსურს, რომ ყოველთვის ვატაროთ (ესაია 43:10, 12; საქმეები 15:14).
2, 3. ა) რატომ შეიძულა წარსულში იეჰოვამ თავისი ხალხის თაყვანისმცემლობა? ბ) რატომ უნდა გავითვალისწინოთ წინასწარმეტყველთა სიტყვები?
2 ძველი ისრაელი იეჰოვასთვის მიძღვნილი ერი იყო. ღმერთმა მათ ისეთი მითითებები მისცა, როგორიც არც ერთ სხვა ერს არ ჰქონია (მეორე კანონი 4:33—35). მაგრამ ძვ. წ. IX საუკუნის მიწურულს ისრაელის მდგომარეობა იმდენად შეიცვალა, რომ ღმერთმა წინასწარმეტყველ ამოსის პირით უთხრა მათ: „მძულს და უარვყოფ თქვენს დღესასწაულებს. . . მთლიანად დასაწვავი შესაწირავიც რომ შემომწიროთ, არ მესიამოვნება ეს საძღვნო შესაწირავი“ (ამოსი 5:21, 22). მართალია, ღმერთი დღეს ასე არ მიმართავს თავის კრებულს დედამიწაზე, მაგრამ რა გრძნობა დაგეუფლებოდათ, მას მსგავსი სიტყვებით რომ შეეფასებინა თქვენი თაყვანისმცემლობა? რისი სწავლა შეგვიძლია აქედან თითოეულს?
3 იმ დროს ღვთის ხალხი აცხადებდა, რომ მათი თაყვანისმცემლობა იეჰოვასთვის მოსაწონი იყო, მაგრამ ბევრი მათგანი წარმართულ ღმერთებს, მათ შორის ქანაანელთა ღმერთ ბაალსა და ხბოს კერპებს ეთაყვანებოდა და მაღლობებზე სწირავდა მსხვერპლს. ისინი თან ცის ლაშქრის წინაშე ემხობოდნენ და თან იეჰოვას უდებდნენ აღთქმებს. ამიტომ ჭეშმარიტი ღმერთი წინასწარმეტყველებს უგზავნიდა მათ და მოუწოდებდა, დაბრუნებოდნენ მას და მის წმინდა თაყვანისმცემლობას (2 მეფეები 17:7—17; 21:3; ამოსი 5:26). აშკარაა, რომ ღვთის მიძღვნილმა მსახურებმა ყურადღება უნდა მიაქციონ თავიანთ ქცევებსა და აზროვნებას, რათა მათი თაყვანისმცემლობა მისაღები იყოს იეჰოვასთვის.
„ღვთის ცოდნა“
4. რა მდგომარეობა იყო ისრაელში იერობოამ II-ის მეფობის დროს?
4 გაიხსენეთ, რა პერიოდში უწევდა ღვთის სახელით ლაპარაკი თორმეტი წინასწარმეტყველიდან ზოგიერთს. წინასწარმეტყველების თანახმად იეჰოვას დღე თავს დაატყდებოდა ისრაელის ათტომიან სამეფოს. ერთი შეხედვით ქვეყანა აყვავებული იყო. როგორც იონას ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები, მეფე იერობოამ II-მ ისრაელის საზღვრები აღადგინა ჩრდილოეთიდან ანუ დამასკოს მხრიდან მკვდარ ზღვამდე (2 მეფეები 14:24—27). მართალია, იერობოამი ბოროტებას სჩადიოდა, მაგრამ იეჰოვა მაინც სულგრძელობას იჩენდა, რადგან არ უნდოდა, მიწის პირისგან აღეგავა ისრაელი. ღმერთმა მოსანანიებლად დრო მისცა ისრაელს და მოუწოდა: „ეძებე იეჰოვა და იცოცხლე“ (ამოსი 5:6).
5. რა არ ჰქონდათ ისრაელებს, რის გამოც იეჰოვამ უარყო ისინი?
5 გამდიდრებულ ისრაელებს მიცემული დრო იეჰოვასთან დასაბრუნებლად უნდა გამოეყენებინათ, უკეთ უნდა გასცნობოდნენ მას და მის მოსაწონად მოქცეულიყვნენ. მაგრამ ისინი თავდაჯერებულნი იყვნენ და ფიქრობდნენ, „არ მოგვეკარებაო და არ გვეწევაო უბედურება“ (ამოსი 9:10). შეიძლება დაასკვნათ: მათ იმიტომ დაივიწყეს იეჰოვა, რომ „გაძღნენ და გადიდგულდნენ“ (ოსია 13:6). ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს მხოლოდ წარსულია და ჩვენ არ გვეხება. დავუკვირდეთ, რატომ განსჯიდა იეჰოვა ისრაელს: „რაკი ცოდნა უარყავი, მეც უარგყოფ, რათა მღვდლად აღარ მემსახურო“. ისინი მთლიანად, ოჯახებიანად იყვნენ მიძღვნილი იეჰოვასთვის. მიუხედავად ამისა, მათ არ ჰქონდათ „ღვთის ცოდნა“ (ოსია 4:1, 6).
6. რა გაგებით არ ჰქონდათ ისრაელებს ღვთის ცოდნა?
6 განა მათ არასოდეს სმენოდათ ღვთის სიტყვა?! პირიქით, ბავშვობიდანვე ჰქონდათ მშობლებისგან ნასწავლი. უმრავლესობას სხვადასხვა ბიბლიური ისტორია დედ-მამისგან, სხვებთან საუბრისას ან თავყრილობებზე ექნებოდა მოსმენილი (გამოსვლა 20:4, 5; მეორე კანონი 6:6—9; 31:11—13). მაგალითად, მათ გაგებული ექნებოდათ, როგორ გააკეთა აარონმა ოქროს ხბო მაშინ, როცა მოსე ათი მცნების მისაღებად სინას მთაზე იყო ასული (გამოსვლა 31:18—32:9). წინასწარმეტყველთა დროს მცხოვრებ ისრაელებს ეცოდინებოდათ კანონი და ისტორიული მოვლენები. მიუხედავად ამისა, მათ ცოდნას ფასი არ ჰქონდა, რადგან ღვთისმოსაწონად არ სცემდნენ ღმერთს თაყვანს.
7. ა) რამ გახადა ისრაელები ურჩები? ბ) როგორ შეიძლება ქრისტიანმა დაივიწყოს თავისი შემოქმედი?
7 შეიძლება გაგიკვირდეთ, ასე ადვილად რატომ გახდნენ ისრაელები ურჩები. ოსიამ ახსნა ამის მიზეზი: „დაივიწყა ისრაელმა თავისი შემოქმედი“ (ოსია 8:14). ებრაული ზმნა, რომელიც ნათარგმნია როგორც „დაივიწყა“, თანდათანობით დავიწყებას ნიშნავს. ისრაელებს უცბად არ დავიწყებიათ იეჰოვა. მათ დროთა განმავლობაში დაივიწყეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო, ისე ეცათ თაყვანი ღვთისთვის, როგორც ეს ღმერთს სურდა. თქვენი აზრით, შეიძლება, რომ ქრისტიანიც გაებას ასეთ მახეში? დავუშვათ, ქრისტიანი მამაკაცი მძიმედ შრომობს ოჯახის სარჩენად (1 ტიმოთე 5:8). მისთვის სამსახური ბევრს ნიშნავს. შეიძლება გარკვეული მიზეზების გამო ის ფიქრობს, რომ შეუძლია იმუშაოს რომელიმე ქრისტიანული შეხვედრის ხარჯზე. ნელ-ნელა ეჩვევა შეხვედრების გაცდენას და უფრო და უფრო ხშირად აცდენს. თანდათანობით ის შორდება ღმერთს და „ივიწყებს თავის შემოქმედს“. მსგავსი რამ შეიძლება დაემართოს იმ ქრისტიანსაც, რომლის მშობლები ან ნათესავები არ იზიარებენ მის რწმენას. მან წინასწარ უნდა განსაზღვროს, რამდენ დროს გაატარებს მათთან და როდის (გამოსვლა 20:12; მათე 10:37). ამასთანავე, უნდა დაფიქრდეს, რამდენ დროსა და ენერგიას წაართმევს მოგზაურობა, ჰობი ან გართობა.
8. რა იგულისხმებოდა ამოსის დროს კბილების კაწკაწში?
8 მართალია, ჩვენ ვსწავლობთ ღვთის სიტყვას და ნასწავლს ცხოვრებაში ვიყენებთ, მაგრამ მაინც გვმართებს, დავფიქრდეთ ამოსის წიგნში ნახსენებ ფრაზაზე — კბილების კაწკაწი. ამოსის პირით ღმერთმა გააფრთხილა თავისი ხალხი: „კბილები აგიკაწკაწეთ ყველა თქვენს ქალაქში და პურის ნაკლებობა ჩამოვაგდე ყველა თქვენს საცხოვრებელ ადგილზე“ (ამოსი 4:6). კბილები შიმშილის გამო უკაწკაწებდათ. გარდა ამისა, ღმერთი აფრთხილებდა მათ, რომ მოუვლენდა „შიმშილს, მაგრამ არა პურისას, წყურვილს, მაგრამ არა წყლისას, არამედ იეჰოვას სიტყვების მოსმენის შიმშილს“ (ამოსი 8:11).
9, 10. ა) რა შეიძლება გახდეს ქრისტიანის სულიერი შიმშილის მიზეზი? ბ) რატომ უნდა გვახსოვდეს სულიერი შიმშილის საშიშროება?
9 ამოსის მიერ აღწერილ სავალალო მდგომარეობაში დღეს ქრისტიანული სამყარო იმყოფება. მისგან განსხვავებით, ღვთის ხალხისთვის მთელ მსოფლიოში გახსნილია „ცის კარიბჭეები“. ისინი კურთხეული არიან უხვი სულიერი საზრდოთი (მალაქია 3:10; ესაია 65:13, 14). ამიტომ კარგი იქნება, თუ ქრისტიანი დაფიქრდება, რამდენად კარგად იკვებება ამ სულიერი საზრდოთი? საინტერესოა ზოგიერთი მკვლევარის აღმოჩენა. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ის საცდელი ცხოველები, რომლებსაც ტვინში შიმშილზე პასუხისმგებელი ცენტრი დაზიანებული ჰქონდათ, იმდენად კარგავდნენ მადას, რომ საკვების სიუხვის მიუხედავად შიმშილით იხოცებოდნენ! შეიძლება თუ არა, რომ ქრისტიანმაც ისე დაკარგოს სულიერი მადა, რომ უხვი სულიერი საზრდოს მიუხედავად შიმშილით მოიკლას თავი?
10 დაუკვირდით საკუთარ თავს და დაფიქრდით: იეჰოვა უხვად აძლევდა ისრაელებს სულიერ საზრდოს; მათ ჰქონდათ კანონი ღმერთთან ურთიერთობის განსამტკიცებლად; იცოდნენ, როგორ ჩაენერგათ ღვთის შესახებ ცოდნა თავიანთი შვილებისთვის; ჰყავდათ წინასწარმეტყველები, რომლებიც ღვთის ნების უკეთ გაგებაში ეხმარებოდნენ. მიუხედავად ამისა, მათ თანდათანობით დაივიწყეს იეჰოვა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ოსიას დროს ისინი „[დოვლათით] გაძღნენ და გადიდგულდნენ“ (ოსია 13:6; მეორე კანონი 8:11; 31:20). თუ არ გვსურს, რომ მატერიალურმა მდგომარეობამ ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზე იმოქმედოს, ყოველდღიურად უნდა ვიფიქროთ ამ საშიშროებაზე (სოფონია 2:3).
მხედველობიდან ნუ გამოგრჩებათ უფრო მნიშვნელოვანი
11, 12. ა) უზიას მეფობის დროს რატომ მოუწოდებდნენ წინასწარმეტყველები ხალხს, დაბრუნებოდნენ იეჰოვას? ბ) რის აუცილებლობას გაუსვა ხაზი იოელმა?
11 იმ დროს, როცა ისრაელში იერობოამ II მეფობდა, იუდას უზია (იგივე აზარია) მართავდა. მან განავრცო ქვეყნის საზღვრები და გააფართოვა იერუსალიმი. უზია „დიდად გაძლიერდა“, რადგან „ჭეშმარიტი ღმერთი ეხმარებოდა“. „სწორად იქცეოდა უზია იეჰოვას თვალში“ და „ეძებდა ის ღმერთს“. თუმცა მრავალი იუდეველი ისევ სწირავდა მსხვერპლს მაღლობებზე (2 მატიანე 26:4—9).
12 ალბათ შენიშნეთ, რომ მართალია, იუდეველები და ისრაელები ღვთის სახელს ატარებდნენ, ხშირად მათი თაყვანისმცემლობა არ იყო ღვთისთვის მოსაწონი. წინასწარმეტყველები ცდილობდნენ, დახმარებოდნენ მათ, ჭეშმარიტი და ცრუ თაყვანისმცემლობა ერთმანეთისგან გაერჩიათ. „დამიბრუნდით მთელი გულით, მარხვით, ტირილითა და მოთქმით“, — ამ სიტყვებით ემუდარებოდა მათ ღმერთი იოელის პირით (იოელი 2:12). დაუკვირდით: ღმერთს სურდა, რომ მისი ხალხი მას „მთელი გულით“ დაბრუნებოდა, რადგან მათი ორგულობის მთავარი მიზეზი მათივე გული იყო (მეორე კანონი 6:5). შეიძლება ითქვას, რომ ისინი ფორმალურად სცემდნენ თაყვანს იეჰოვას, და არა მთელი გულით. წინასწარმეტყველთა მეშვეობით ღმერთი გამუდმებით შეახსენებდა მათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო სიკეთე, სამართალი და თვინიერება — ის თვისებები, რომლებიც გულიდან მომდინარეობს (მათე 23:23).
13. რაზე უნდა დაფიქრებულიყვნენ ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებული იუდეველები?
13 ვნახოთ, რა მოხდა იუდეველების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მათ კანონის შესაბამისად აღადგინეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა, ყველაფერში სწორად მაინც არ იქცეოდნენ. იუდეველები წელიწადის იმ დროს მარხულობდნენ, რომელიც იერუსალიმის განადგურებას უკავშირდებოდა. „განა ჩემთვის მარხულობდით?!“ — იკითხა იეჰოვამ. ქალაქი ღვთის ნებით სამართლიანად განადგურდა და ამის გამო არ უნდა ეგლოვათ. წარსულის მოგონებისა და მარხვის ნაცვლად იუდეველებს დღესასწაულები უნდა აღენიშნათ და ჭეშმარიტი თაყვანისმცელობის აღდგენით უნდა გაეხარათ (ზაქარია 7:3—7; 8:16, 19). მათ იმაზეც უნდა გაემახვილებინათ ყურადღება, რასაც ზაქარია ამბობდა: „ჭეშმარიტი სამართლით გაასამართლეთ და სიკეთითა და წყალობით მოეპყარით ერთმანეთს; . . ბოროტს ნუ განიზრახავთ გულში ერთმანეთის მიმართ“ (ზაქარია 7:9, 10). წინასწარმეტყველები ასწავლიდნენ ხალხს, რომ მთელი გულით ეცათ ღვთისთვის თაყვანი. ეს რჩევა ჩვენც დიდ დახმარებას გაგვიწევს.
14. ა) რა უნდა გაეთვალისწინებინათ ტყვეობიდან დაბრუნებულებს, რომ ღვთისმოსაწონად ეცათ ღვთისთვის თაყვანი? ბ) როგორ გაუსვეს წინასწარმეტყველებმა ხაზი იმას, თუ რა იყო თაყვანისცემაში უფრო მნიშვნელოვანი?
14 რას ნიშნავს მთელი გულით თაყვანისცემა? რა მოეთხოვებოდა ღვთის ხალხს გადასახლებამდე და გადასახლების შემდეგ? ცხადია, მათ ღვთის ზნეობრივი ნორმები უნდა დაეცვათ. გარდა ამისა, კანონის თანახმად სხვა მოთხოვნებიც უნდა შეესრულებინათ. მაგალითად, ერთად უნდა შეკრებილიყვნენ ღვთის ნების გასაგებად და სასწავლებლად. ამასთანავე, ღმერთი თავის წინასწარმეტყველთა მეშვეობით აჩვენებდა მათ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო სიკეთის, სამართლიანობის, თვინიერების, გულმოწყალებისა და მოკრძალების განვითარება და გამოვლენა. ყურადღება მიაქციეთ, როგორ უსვამს ხაზს იეჰოვა ამ თვისებების გამოვლენის აუცილებლობას: „მე სიკეთე მსიამოვნებს და არა მსხვერპლი; ღვთის ცოდნა უფრო მეტად მსიამოვნებს, ვიდრე მთლიანად დასაწვავი შესაწირავი“; „სიმართლით თესეთ თესლი თქვენთვის, სიკეთით მოიმკეთ“ (ოსია 6:6; 10:12; 12:6). მიქამ თქვა: „რას ითხოვს იეჰოვა შენგან, თუ არა სამართლის ქმნას, სიკეთის სიყვარულსა და მოკრძალებულად სიარულს შენს ღმერთთან ერთად?!“ (მიქა 6:6—8) წინასწარმეტყველი სოფონია მოუწოდებდა ღვთის ხალხს: „ეძებეთ იეჰოვა, დედამიწის თვინიერნო! . . ეძებეთ სიმართლე, ეძებეთ თვინიერება“ (სოფონია 2:3). თუ გვსურს, რომ ღმერთმა მოიწონოს ჩვენი თაყვანისცემა, ასეც უნდა მოვიქცეთ.
15. წინასწარმეტყველთა სიტყვების თანახმად რას მოიცავს ქრისტიანული თაყვანისმცემლობა?
15 რა ადგილი უკავია ზემოხსენებულ მოთხოვნებს ჩვენს თაყვანისმცემლობაში? კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება (მათე 24:14; საქმეები 1:8). ამიტომ დავფიქრდეთ: ტვირთად ხომ არ გვექცა უბანზე ქადაგება? თუ ამას მათი დახმარების საშუალებად ვთვლით, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბიბლიიდან სასიცოცხლო ცნობის მოსმენა? ვავლენთ მათდამი გულმოწყალებას? გულმოწყალებამ და სიკეთემ უნდა აღგვძრას, რომ ხალხი იეჰოვას დღის შესახებ გავაფრთხილოთ. სამართლიანობაცა და სიმართლეც იმას მოითხოვს, რომ ყველანაირ ადამიანამდე მივიტანოთ ეს ცნობა (1 ტიმოთე 2:4).
16, 17. რატომ არის თაყვანისმცემლობაში მნიშვნელოვანი თვინიერება და მოკრძალება?
16 ჩვენთვის კიდევ ერთი მოთხოვნა ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებაა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს (ებრაელები 10:24, 25). გიფიქრიათ იმაზე, რომ ამისათვის თვინიერება და მოკრძალებაა საჭირო? თვინიერი ადამიანი თავმდაბალია, რჩევას ითვალისწინებს, ნასწავლს ცხოვრებაში იყენებს და ამგვარად აღასრულებს იეჰოვას სამართალს. მოკრძალებულ ადამიანს კი ესმის, რომ მისი შესაძლებლობები შეზღუდულია, და ხედავს, რომ სჭირდება გამხნევება და ცოდნა, რისი მიღებაც კრების შეხვედრებზე შეუძლია.
17 როგორც დავინახეთ, დიდ დახმარებას გვიწევს წინასწარმეტყველთა სიტყვები. როგორ მოვიქცევით, თუ ვხედავთ, რომ ზემოაღნიშნულიდან რომელიმე საკითხში ცვლილებების მოხდენა გვჭირდება? რისი გაკეთება შეგვიძლია, თუ ჩადენილი სერიოზული შეცდომების გამო ვწუხვართ? თორმეტი წინასწარმეტყველი განუგეშებთ და დაგეხმარებათ.
დაუბრუნდით იეჰოვას
18. ა) განსაკუთრებით ვისთვისაა მანუგეშებელი თორმეტი წინასწარმეტყველის სიტყვები? ბ) რა გრძნობა გიჩნდებათ იეჰოვას მიმართ, რომელიც ხალხს დაბრუნებას სთხოვს?
18 წინასწარმეტყველები მხოლოდ მსჯავრისა და გასამართლების შესახებ როდი აცხადებდნენ. მათ ისიც დაგვანახვეს, რომ იეჰოვა ხალხს დაბრუნებისკენ მოუწოდებდა. დაუკვირდით, რა გრძნობითაა გამსჭვალული ოსიას მოწოდება: „მოდით და დავუბრუნდეთ იეჰოვას, მან დაგვფლითა, მაგრამ თავადვე განგვკურნავს; მან დაგვკრა, მაგრამ თავადვე შეგვიხვევს ჭრილობებს. . . გვეცოდინება იეჰოვა, ვისწრაფებთ მის შესაცნობად“ (ოსია 6:1—3). მართალია, იეჰოვა ღმერთი ისრაელსა და იუდას სამართლიანად დასჯიდა, მაგრამ მის ხალხს ეს სასჯელი სულიერი განკურნებისთვის აუცილებელ ზომად უნდა მიეჩნია (ებრაელები 12:7—13). თუ ჯიუტი ხალხი დაუბრუნდებოდა იეჰოვას, ის, ასე ვთქვათ, განკურნავდა მათ და „შეუხვევდა ჭრილობებს“. წარმოიდგინეთ, როგორ უხვევს კაცი ჭრილობებს თავის მეგობარს, ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ იმავეს აკეთებს იეჰოვა. რა გულმოწყალე ღმერთია იეჰოვა, რომელიც კურნავს მათ, ვისაც მასთან დაბრუნება სურს! ნუთუ არ აღგვძრავს ეს ფაქტი, რომ დავუბრუნდეთ მას ცოდვის ჩადენის მიუხედავად? (იოელი 2:13)
19. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ვიცნობდეთ იეჰოვას?
19 რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო ღმერთთან დასაბრუნებლად? ოსია შეგვახსენებს, რომ მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ვიცოდეთ, ვინ არის იეჰოვა, არამედ ვისწრაფოდეთ „მის შესაცნობად“. ოსიას 6:3-ის შესახებ ერთ-ერთ ნაშრომში ნათქვამია: „ერთია, ცოდნა გქონდეს ღვთის შესახებ, და სულ სხვაა, იცნობდე ღმერთს. ეს შეიძლება შევადაროთ სიყვარულს: ერთია, კითხულობდე სიყვარულზე, და სულ სხვაა, შეყვარებული იყო“. იეჰოვას შესახებ მხოლოდ ზოგადი ცოდნით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ის ჩვენთვის რეალური პიროვნება უნდა იყოს, სანდო მეგობარი, რომელსაც ნებისმიერ დროს მივმართავთ (იერემია 3:4). როდესაც მასთან ასეთი ურთიერთობა გვაქვს, ვხვდებით, როგორ მოქმედებს მასზე ჩვენი საქციელი. ეს ღვთისმოსაწონ თაყვანისცემაში გვეხმარება.
20, 21. რისკენ აღძრა მეფე იოშია ღვთის ცოდნამ?
20 მეფე იოშია ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ესწრაფოდა, რითაც შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. იოშიას გამეფების დროს ქვეყანა სიცრუით, კერპთაყვანისმცემლობითა და ძალადობით იყო მოცული. ხალხი ამ მდგომარეობამდე მენაშესა და ამონის მეფობის დროს მივიდა (2 მეფეები 21:1—6, 19—21). სოფონიას მოწოდებამ, რომ ეძებნათ იეჰოვა, დადებითი გავლენა მოახდინა იოშიაზე და მან „დავითის. . . ღვთის ძიება დაიწყო“ (სოფონია 1:1, 14—18; 2:1—3; 3:1—4; 2 მატიანე 34:3—7). იოშიამ კერპთაყვანისმცემლობის მოსპობა იუდადან დაიწყო და იმ მიწებამდეც მიაღწია, რომლებიც ერთ დროს ჩრდილოეთ სამეფოს ეკუთვნოდა (სოფონია 1:1, 14—18; 2:1—3; 3:1—4; 2 მატიანე 34:3—7).
21 იოშია კვლავ ეძებდა იეჰოვას. მან ტაძრის შეკეთების ბრძანება გასცა. აღდგენითი სამუშაოების დროს ნაპოვნი იქნა „მოსეს ხელით გადმოცემული იეჰოვას კანონის წიგნი“. როგორც ჩანს, ეს უძველესი ხელნაწერი იყო. როგორ მოიქცა იოშია წიგნის პოვნის შემდეგ? „როგორც კი მეფემ კანონის სიტყვები მოისმინა, ტანსაცმელი შემოიხია“. იოშიამ „გულიც დაიგლიჯა“ და მაშინვე წაკითხულის მიხედვით ამოქმედდა. მას თავი არ უმართლებია და არ უთქვამს, უკვე საკმარისი გავაკეთეო. გახსოვთ, რა იყო მისი რეფორმის შედეგი? „მის სიცოცხლეში [ისრაელის ძეები] არ განდგომიან იეჰოვას, თავიანთი მამა-პაპის ღმერთს“ (2 მატიანე 34:8, 14, 19, 21, 30—33; იოელი 2:13).
22. რა შეგვიძლია ვისწავლოთ იოშიას მაგალითიდან?
22 შეიძლება დაგებადოთ კითხვა: „მე როგორ მოვიქცეოდი?“ იოშიას მსგავსად თქვენც მოუსმენდით წინასწარმეტყველთა სიტყვებს და შეიცვლიდით აზროვნებასა და ქცევებს? მართალია, სოფონიასა და იოშიას დროს არ ვცხოვრობთ, მაგრამ დღესაც ვხედავთ ღვთის სიტყვებისა და რჩევებისამებრ მოქმედების აუცილებლობას. თუ ქრისტიანი გულის სიღრმეში გრძნობს, რომ საჭიროა, ცვლილებები მოახდინოს ცხოვრებაში ან თაყვანისმცემლობაში, თორმეტი წინასწარმეტყველის სიტყვები შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება (ებრაელები 2:1).
23. რისი გაკეთება შეგიძლიათ, თუ ცვლილებების მოხდენის საჭიროებას ხედავთ?
23 დროდადრო შეიძლება ისეთი გრძნობა დაგვეუფლოს, როგორიც დიდი თევზის მუცელში მყოფ იონას დაეუფლა: „გაძევებული ვარ შენს თვალთაგან! ნეტავ ვიხილავ კვლავ შენს წმინდა ტაძარს?!“ (იონა 2:4) მაგრამ იეჰოვას სიტყვები გაგვამხნევებს ჩვენ, არასრულყოფილ, ცოდვისკენ მიდრეკილ ადამიანებს: „დამიბრუნდით და მეც დაგიბრუნდებით“ (მალაქია 3:7). თუ ხედავთ, რომ იეჰოვასთან ურთიერთობის განმტკიცება გჭირდებათ, კრების უხუცესები სიამოვნებით გაგიწევენ დახმარებას. ეს შეიძლება ავტომობილის მართვას შევადაროთ; ჯერ ნელა იწყებთ მოძრაობას, მაგრამ თანდათან უმატებთ სიჩქარეს. დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა სიამოვნებით დაგეხმარებათ, „რადგან ის მწყალობელი და გულმოწყალეა, რისხვაში ნელი და სიკეთით სავსე“ (იოელი 2:12—14). წინასწარმეტყველთა სიტყვები მართლაც ამხნევებს ყველას, ვინც ცდილობს, ღმერთს ღვთისმოსაწონად სცეს თაყვანი.