ბიბლიის წიგნი 31 — აბდია
დამწერი: აბდია
წერა დასრულდა: დაახლ. ძვ. წ. 607
1. რა ცხადყოფს, რომ ცნობა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე დამწერის ვინაობა?
წიგნი „აბდია“ 21 მუხლისგან შედგება და ებრაულ წერილებში ყველაზე პატარაა. აბდია აცხადებს ღვთის განაჩენს ერთი ერის წინააღმდეგ და წინასწარმეტყველებს ღვთის სამეფოს საბოლოო გამარჯვებას. წიგნი იწყება სიტყვებით: „აბდიას ხილვა“. ის არ გვამცნობს, როდის და სად დაიბადა აბდია, რომელი ტომიდან იყო და არც მისი ცხოვრების სხვა მხარეებზე საუბრობს. ცხადია, წინასწარმეტყველის ვინაობა იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო, რამდენადაც წიგნში ჩაწერილი ცნობა. აბდიამ თავად თქვა, რომ ეს იყო ‘ამბავი იეჰოვასგან’.
2. რომელ ქვეყანაზე წინასწარმეტყველებდა აბდია და რატომ გრძნობდნენ თავს უსაფრთხოდ მისი მკვიდრნი?
2 წიგნში ყურადღება ედომზე მახვილდება. მკვდარი ზღვის სამხრეთით, არაბას გასწვრივ მდებარე ედომი, რომელიც სეირის მთად იყო ცნობილი, მაღალი მთებითა და ღრმა ხევებით დაღარული ქვეყანა იყო. არაბას აღმოსავლეთით ზოგან მთაგრეხილის სიმაღლე ზღვის დონიდან 1 700 მეტრს აღწევს. თემანის მხარე იქ მცხოვრები ხალხის სიბრძნითა და სიმამაცით იყო სახელგანთქმული. ედომის გეოგრაფიული მდებარეობა ბუნებრივ თავშესაფარს ქმნიდა, რის გამოც ედომელები თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ და გაკადნიერდნენa.
3. ექცეოდა ედომი ისრაელს ძმურად?
3 ედომელები იაკობის ძმის, ესავის შთამომავლები იყვნენ. იაკობს მოგვიანებით ისრაელი ეწოდა. ასე რომ, ედომელები და ისრაელები ახლო ნათესავები იყვნენ და მათ ძმები ეწოდებოდათ (კან. 23:7). თუმცა ედომელები ძმურად ნამდვილად არ ექცეოდნენ ისრაელებს. აღთქმულ მიწაზე ისრაელის შესვლამდე ცოტა ხნით ადრე მოსემ ედომის მეფეს მათ მიწაზე მშვიდობიანად გავლის ნებართვა სთხოვა, მაგრამ ედომელებმა ცივი უარი უთხრეს და სამხედრო ძალის გამოყენებით დაემუქრნენ (რიცხ. 20:14—21). თუმცა მოგვიანებით ედომი დავითს ემორჩილებოდა, იეჰოშაფატის დროს ის ამონელებსა და მოაბელებს შეეკრა იუდას წინააღმდეგ, აუჯანყდა იეჰორამს, იეჰოშაფატის ძეს, ღაზასა და ტვიროსში ყიდულობდა ტყვე ისრაელებს, ახაზის მეფობის დროს კი თავს ესხმოდა იუდას და ტყვეები მიჰყავდა (2 მატ. 20:1, 2, 22, 23; 2 მეფ. 8:20—22; ამოს. 1:6, 9; 2 მატ. 28:17).
4. ა) როგორც ჩანს, რა გახდა ედომისთვის განაჩენის გამოტანის მიზეზი? ბ) რის საფუძველზე ფიქრობენ, რომ აბდიას წიგნი ძვ. წ. 607 წელს დაიწერა?
4 ეს მტრობა ძვ. წ. 607 წელს გამწვავდა, როცა იერუსალიმი ბაბილონელებმა გაანადგურეს. ედომელები არა მარტო იწონებდნენ ამას, არამედ აქეზებდნენ კიდეც დამპყრობლებს, ბოლომდე გაენადგურებინათ იერუსალიმი. „გააშიშვლეთ, გააშიშვლეთო საძირკვლამდე!“ — ყვიროდნენ ისინი (ფსალმ. 137:7). ნადავლზე წილი მათაც ჰყარეს; როცა გადარჩენილი იუდეველები გაქცევას ცდილობდნენ, ედომელებმა გზები გადაკეტეს და ისინი მტრის ხელში ჩაყარეს. როგორც ჩანს, სწორედ იერუსალიმის განადგურების დროს გამოვლენილი სისასტიკის გამო დაიტეხა ედომმა განაჩენი, რომელიც აბდიამ შესაძლოა მაშინ დაწერა, როცა ხალხს ჯერ კიდევ კარგად ახსოვდა ედომის მუხანათობა (აბდ. 11, 14). როგორც ვარაუდობენ, იერუსალიმის განადგურებიდან ხუთ წელიწადში ნაბუქოდონოსორმა ედომიც დაიპყრო და გაძარცვა; აქედან გამომდინარე, აბდიას წიგნი მანამდე უნდა დაწერილიყო. ამისთვის ყველაზე შესაფერისი თარიღი ძვ. წ. 607 წელი უნდა ყოფილიყო.
5. ა) რა ადასტურებს, რომ წიგნი „აბდია“ ზუსტი და სარწმუნოა? ბ) რატომ იყო აბდია ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი და რატომ შეეფერება თავისი სახელი?
5 ედომზე აბდიას წინასწარმეტყველება ზედმიწევნით შესრულდა. წიგნის ბოლოში აბდიამ თქვა: „ესავის სახლი ნამჯად [იქცევა]; მოედებიან მას და შთანთქავენ. არავინ გადარჩება ესავის სახლიდან, რადგან იეჰოვა ამბობს ამას“ (მუხლ. 18). ედომი მახვილით ცხოვრობდა და მახვილითვე განადგურდა; მის შთამომავალთაგან არავინ გადარჩენილა. ასე რომ, აბდიას წინასწარმეტყველება ზუსტი და სარწმუნოა. აბდია მართლაც ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი იყო, რადგან იეჰოვას სახელით ლაპარაკობდა, მისმა წინასწარმეტყველებამ განადიდა იეჰოვა და, როგორც ისტორიამ ცხადყო, ის ზედმიწევნით შესრულდა. სახელი აბდია შესაფერისია მისთვის, რადგან „იაჰის მსახურს“ ნიშნავს.
შინაარსი
6. რა თქვა იეჰოვამ ედომზე და საიდან ჩამოაგდებდა მას?
6 ედომის განაჩენი (მუხლ. 1—16). იეჰოვას მითითებით აბდიამ თავისი ხილვა ხალხის გასაგონად წარმოთქვა. იეჰოვამ მოუხმო ერებს: „ადექით და გავიდეთო მის [ედომის] წინააღმდეგ საბრძოლველად“. შემდეგ ის ედომს მიმართავს. თუმცა ხალხებს შორის პატარა და შეძულებული იყო, ედომი მეტისმეტად გაკადნიერდა. ის უსაფრთხოდ გრძნობდა თავს კლდეებზე და ფიქრობდა, ვერავინ ჩამოაგდებდა იქიდან. მაგრამ იეჰოვამ განუცხადა, რომ არწივივით მაღლა, ვარსკვლავებს შორისაც რომ დაედო ბუდე, იქიდანაც ჩამოაგდებდა. ის საკადრისად დაისჯებოდა (მუხლ. 1).
7. როგორ გაიძარცვებოდა ედომი?
7 რა დაემართებოდა მას? ქურდები რომ მისულიყვნენ ედომის გასაძარცვად, მხოლოდ იმას მოიპარავდნენ, რაც ენდომებოდათ. ყურძნის მკრეფავები მოსამცვრევს მაინც დაუტოვებდნენ. მაგრამ ესავის ძეებს უარესი დაემართებოდათ. მათ განძეულს ბოლომდე წაიღებდნენ. მასზე ხელს მისივე მოკავშირეები აღმართავდნენ. მისი მეგობრები ბადეს დაუგებდნენ, როგორც არაგამჭრიახს. მისი ბრძენკაცები და მამაცი მეომრები ვერაფერს გახდებოდნენ მისი უბედურების დროს.
8. რატომ დაისჯებოდა მკაცრად ედომი?
8 რატომ დაისჯებოდა ასე მკაცრად ედომი? მისი ძეები ძალადობდნენ იაკობის ძეებზე, თავიანთ ძმებზე. ისინი ხარობდნენ იერუსალიმის დაცემით და თავდამსხმელებთან ერთად იყოფდნენ ნადავლს. აბდიამ მკაცრად გაკიცხა ედომი, თითქოს მათი ბოროტება თავად ჰქონდა ნანახი: ‘არ უნდა გეხარა შენი ძმის გასაჭირის დღეს. არ უნდა დაგებრკოლებინა იმ დღეს გაქცეულები და მტრის ხელში არ უნდა ჩაგეყარა. ახლოს არის იეჰოვას წინაშე პასუხისგების დღე და მოგეკითხება შენი საქმეები. როგორც შენ ეპყრობოდი სხვებს, შენც ისე მოგეპყრობიან’.
9. რისი აღდგენა იწინასწარმეტყველა აბდიამ?
9 იაკობის სახლის აღდგენა (მუხლ. 17—21). ედომისგან განსხვავებით იაკობის სახლი აღდგებოდა. ხალხი დაბრუნდებოდა სიონის მთაზე. ისინი შთანთქავდნენ ესავის სახლს, როგორც ცეცხლი შთანთქავს ნამჯას. დაბრუნებულები დაეუფლებოდნენ ნეგებს სამხრეთით, ესავის მთიან მხარესა და შეფელას. ჩრდილოეთით ეფრემსა და სამარიას დაეუფლებოდნენ სარეფთამდე, აღმოსავლეთით — გალაადს. ამაყი ედომი აღარ იარსებებდა, იაკობი აღდგებოდა და ‘მეფობა იეჰოვასი იქნებოდა’ (მუხლ. 21).
რატომ არის სასარგებლო
10. კიდევ ვინ იწინასწარმეტყველა ედომის უბედურება და რატომ არის ამ წინასწარმეტყველებების ერთად განხილვა სასარგებლო?
10 იმის დასადასტურებლად, რომ ედომზე გამოტანილი განაჩენი ნამდვილად შესრულდებოდა, იეჰოვამ მსგავსი განაჩენი წარმოთქვა სხვა წინასწარმეტყველთა პირით. მათ შორის გამოირჩევა იოელის 3:19-ში, ამოსის 1:11, 12-ში, ესაიას 34:5—7-ში, იერემიას 49:7—22-სა და ეზეკიელის 25:12—14; 35:2—15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები. ძველად წარმოთქმული წინასწარმეტყველებები, როგორც ჩანს, ედომის ძველ მზაკვრობას ეხებოდა; მოგვიანებით წარმოთქმულ წინასწარმეტყველებებში კი ედომს ბრალი ედებოდა მიუტევებელ საქციელში, რაც იერუსალიმის დაცემის დროს ჩაიდინა. სწორედ ამაში ამხელდა მას აბდიაც. ედომზე შესრულებული წინასწარმეტყველებების გამოკვლევა გვარწმუნებს, რომ იეჰოვას მომავლის წინასწარ განჭვრეტა შეუძლია. ეს ასევე გვიძლიერებს ნდობას, რომ იეჰოვა ღმერთი ყოველთვის ასრულებს თავის განზრახვას (ეს. 46:9—11).
11, 12. ა) როგორ სძლიეს ედომს მათ, ‘ვისთანაც მშვიდობა ჰქონდა’? ბ) როგორ მოიკვეთა სამარადისოდ ედომი?
11 აბდიამ იწინასწარმეტყველა, რომ ედომს სძლევდნენ ისინი, ‘ვისთანაც შეთანხმება ჰქონდა დადებული’ და ‘მშვიდობა ჰქონდა’ (აბდ. 7). ბაბილონსა და ედომს შორის მშვიდობას ბოლო მალევე მოეღო. ძვ. წ. მეექვსე საუკუნეში ბაბილონის მეფე ნაბონიდის ჯარმა დაიპყრო ედომიb. ამ შემთხვევიდან ერთი საუკუნის შემდეგაც ედომს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის იმედი ჰქონდა, მაგრამ მალაქიას 1:4-ში ნათქვამი იყო: „ედომი რომ ამბობს, დაქცეულები ვართ, მაგრამ მაინც დავბრუნდებით და ავაშენებთო ჩვენს განადგურებულ ადგილებს, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — კი ააშენებენ, მაგრამ მე დავანგრევ“. აღდგენის მცდელობის მიუხედავად, ძვ. წ. მეოთხე საუკუნისთვის ედომის მიწაზე ნაბატეველები დასახლდნენ. სამშობლოდან განდევნილმა ედომელებმა სამხრეთ იუდეას შეაფარეს თავი. ამ ტერიტორიას მოგვიანებით იდუმეა ეწოდა. მათ ვეღარ დაიბრუნეს სეირის მხარე.
12 იოსებ ფლავიუსის ცნობების თანახმად, ძვ. წ. მეორე საუკუნეში ედომელთა დარჩენილი ნაწილი ებრაელთა მეფემ იოანე ჰირკან I-მა დაიმორჩილა და აიძულა, წინადაცვეთილიყვნენ. საბოლოოდ, ისინი იუდეველებში გაითქვიფნენ და მათ მმართველობას ემორჩილებოდნენ. ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურების შემდეგ მათი სახელი ისტორიას ჩაჰბარდაc. შესრულდა აბდიას წინასწარმეტყველება: „სამარადისოდ მოიკვეთები . . . არავინ გადარჩება ესავის სახლიდან“ (აბდ. 10, 18).
13. რა მოხდა იუდეველების შემთხვევაში?
13 ედომელებისგან განსხვავებით, ძვ. წ. 537 წელს იუდეველები სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ ზერუბაბელის ხელმძღვანელობით აღადგინეს იერუსალიმის ტაძარი და დამკვიდრდნენ ქვეყანაში.
14. ა) რას ვსწავლობთ ედომის მაგალითიდან? ბ) აბდიას მსგავსად, რა უნდა აღიაროს ყველამ და რატომ?
14 აშკარაა, რომ სიამაყე და კადნიერება წინ უძღვის უბედურებას. ედომის მაგალითი ჭკუის სასწავლებელია ყველასთვის, ვინც საკუთარ თავს განადიდებს და ღვთის მსახურების გასაჭირი ახარებს. აბდიას მსგავსად მათაც უნდა აღიარონ, რომ „იეჰოვასი იქნება მეფობა“. იეჰოვასა და მისი ხალხის მტრები სამარადისოდ მოიკვეთებიან, ხოლო იეჰოვას დიდებული სამეფო და მეფობა სამარადისოდ განმტკიცდება! (მუხლ. 21)
[სქოლიოები]
a „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 679 (ინგლ.).
b „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 682 (ინგლ.).
c Jewish Antiquities, XIII, 257, 258 (ix, 1); XV, 253, 254 (vii, 9).