ეცადე, სხვებს იეჰოვას თვალით უყურო
„ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. . . უფალი გულს ხედავს“ (1 მეფეთა 16:7).
1, 2. სამუელისგან განსხვავებით, როგორი თვალსაზრისი ჰქონდა იეჰოვას ელიაბის შესახებ და რის სწავლა შეგვიძლია აქედან?
ძველი წელთაღრიცხვით მეთერთმეტე საუკუნეში იეჰოვამ წინასწარმეტყველ სამუელს საიდუმლო მისია დააკისრა. ღმერთმა უთხრა, მისულიყო იესეს სახლში და მისი ერთ–ერთი ვაჟი ისრაელის მომავალ მეფედ ეცხო. როგორც კი სამუელმა იესეს უფროსი შვილი ელიაბი დაინახა, იფიქრა, რომ დანამდვილებით ის იქნებოდა ღვთის რჩეული, მაგრამ იეჰოვამ უთხრა: „ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე განვაყენე იგი, რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც სააშკარაოზეა, ხოლო უფალი გულს ხედავს“ (1 მეფეთა 16:6, 7). სამუელი ელიაბს იეჰოვას თვალით არ უყურებდაa.
2 რა ადვილია, ადამიანი სხვის შეფასებაში შეცდეს! ერთი მხრივ, შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს იმან, რომ ადამიანი მიმზიდველი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს მაშინ, როდესაც სინამდვილეში უპრინციპოა. მეორე მხრივ, გულწრფელი ადამიანი შეიძლება მკაცრად შევაფასოთ იმის გამო, რომ მისი ხასიათის თავისებურებები გვაღიზიანებს.
3, 4. ა) რის გასაკეთებლად უნდა ვიყოთ მზად, თუ თანაქრისტიანთან პრობლემა წამოგვეჭრება? ბ) რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, თუ თანამორწმუნემ სერიოზულად გვაწყენინა?
3 პრობლემები შეიძლება წამოგვეჭრას იმ შემთხვევაში, თუ ადვილად განვსჯით სხვებს, თუნდაც მათ, ვისაც უკვე წლებია, რაც ვიცნობთ. სავსებით დასაშვებია, რომ სერიოზული უთანხმოება მოგვივიდეს ქრისტიანთან, რომელთანაც ახლო მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ვეცდებოდით ჩატეხილი ხიდის გამთელებას? რა დაგვეხმარება ამაში?
4 კარგი იქნებოდა, ქრისტიანი ძმის ან დის პიროვნება დადებითი კუთხით შეგვეფასებინა და ამ დროს გვხსომებოდა იესოს სიტყვები: „არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა“ (იოანე 6:44). შემდეგ კი საკუთარი თავისთვის შეგვეძლო დაგვესვა კითხვები: რატომ მიიყვანა იეჰოვამ ეს ადამიანი თავის ძესთან? რა სასურველი თვისებები აქვს მას? იქნებ უგულებელვყოფ ან არცთუ ისე მნიშვნელოვნად მივიჩნევ ამ დადებით თვისებებს? რატომ დავმეგობრდით? რამ მიმიზიდა მისკენ? თავიდან შეიძლება გაგვიჭირდეს ყურადღების გამახვილება ამ ადამიანის დადებით თვისებებზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ უკვე გარკვეული პერიოდია, რაც მასზე განაწყენებული ვართ. მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია ჩატეხილი ხიდის აღსადგენად. თვალსაჩინოდ რომ დავინახოთ, როგორ შეიძლება მსგავსი სიტუაციისთვის თავის გართმევა, მოდი გამოვიკვლიოთ, რა დადებითი თვისებები ჰქონდა ორ მამაკაცს, რომელთა შესახებაც შეიძლება ადამიანს უარყოფითი თვალსაზრისი შეექმნას. ეს მამაკაცები არიან: წინასწარმეტყველი იონა და მოციქული პეტრე.
იონას პიროვნების მიუკერძოებლად შეფასება
5. რა დაავალა ღმერთმა იონას და როგორ მოიქცა წინასწარმეტყველი?
5 იონა ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოში მეფე იერობოამ II–ის (იერობყამის), იოაშის ძის, დროს მსახურობდა წინასწარმეტყველად (4 მეფეთა 14:23—25). ერთხელ იეჰოვამ იონას უბრძანა, ისრაელიდან ნინევეში, ასურეთის მძლავრი იმპერიის დედაქალაქში, წასულიყო. რისთვის? ნინევეს მცხოვრებთა გასაფრთხილებლად. მას უნდა ეწინასწარმეტყველა, რომ ეს დიდი ქალაქი დაინგრეოდა (იონა 1:1, 2). იმის ნაცვლად, რომ ღვთის მითითება შეესრულებინა, იონა გაიქცა! ის ავიდა გემზე, რომელსაც თარშიშისკენ ჰქონდა გეზი აღებული. თარშიში კი ნინევედან საკმაოდ შორს იყო (იონა 1:3).
6. რატომ აირჩია იეჰოვამ იონა ნინევეში გასაგზავნად?
6 რა აზრები გებადებათ, როდესაც იონაზე ფიქრობთ? ხომ არ ფიქრობთ, რომ ის ურჩი წინასწარმეტყველი იყო? მისი პიროვნების ზედაპირულად შეფასებამ შეიძლება ეს გვაფიქრებინოს. მაგრამ განა ღმერთი ურჩობისთვის დანიშნავდა იონას წინასწარმეტყველად? რა თქმა უნდა, არა! იონას უნდა ჰქონოდა სასურველი თვისებები. მოდი განვიხილოთ იონა წინასწარმეტყველის წიგნი.
7. რა მდგომარეობა იყო ისრაელში მაშინ, როდესაც იონა ღმერთს ემსახურებოდა და როგორ უნდა იმოქმედოს ამის ცოდნამ წინასწარმეტყველის შესახებ თქვენს თვალსაზრისზე?
7 იონა ერთგულად მსახურობდა ისრაელში, სადაც ხალხი დადებითად არ ეხმაურებოდა მის ცნობას. წინასწარმეტყველი ამოსი, რომელიც დაახლოებით იმავე პერიოდში მსახურობდა, თავის თანამედროვე ისრაელების შესახებ ამბობდა, რომ ისინი სიმდიდრის დაგროვებასა და საკუთარი სიამოვნების ძიებას იყვნენ გადაყოლილნიb. ქვეყანაში ბევრი ცუდი რამ ხდებოდა, მაგრამ ისრაელები ამას არად დაგიდევდნენ (ამოსი 3:13—15; 4:4; 6:4—6). მიუხედავად ამისა, იონა ერთგულად განაგრძობდა თავისი მისიის შესრულებას და ქადაგებდა. თუ თქვენ სასიხარულო ცნობის მქადაგებელი ხართ, ალბათ, შესანიშნავად გესმით, რამდენად რთულია ელაპარაკო თვითკმაყოფილ და გულგრილ ადამიანებს. ასე რომ, როდესაც იონას სისუსტეებს ვამჩნევთ, ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ეს წინასწარმეტყველი ერთგულებასა და ამტანობას ავლენდა ურწმუნო ისრაელებთან ქადაგებისას.
8. რა სირთულეები ელოდა ისრაელ წინასწარმეტყველს ნინევეში?
8 ნინევეში წასვლის დავალება ისრაელებთან ქადაგებაზე რთული იყო. ჯერ მარტო რომ ჩასულიყო ამ ქალაქში, იონას ფეხით 800 კილომეტრი უნდა გაევლო. ეს იყო დამქანცველი გზა, რომელსაც დაახლოებით ერთი თვე დასჭირდებოდა. იქ ჩასვლის შემდეგ კი უნდა ექადაგა ასურელებისთვის, ხალხისთვის, რომლებიც თავიანთი ულმობლობით იყვნენ ცნობილი. ასურელი მეომრები ხშირად საშინლად აწამებდნენ ტყვედ ჩავარდნილ მტრებს. ისინი იკვეხნიდნენ კიდეც თავიანთი სისასტიკით. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ ნინევეს „სისხლიან ქალაქს“ უწოდებდნენ! (ნაუმი 3:1, 7).
9. რა თვისებები გამოავლინა იონამ, როდესაც ზღვაზე ამოვარდნილმა ქარიშხალმა ხომალდზე მყოფთა სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა?
9 იონა არ დაემორჩილა იეჰოვას მითითებას; ის ჩაჯდა გემში, რომელსაც დანიშნულების ადგილიდან სულ უფრო და უფრო შორს მიჰყავდა. მიუხედავად ამისა, იეჰოვას თავისი წინასწარმეტყველისადმი ნდობა არ დაუკარგავს და არც იმაზე უზრუნია, რომ მის მაგივრად სხვა დაენიშნა. ამის ნაცვლად, იეჰოვა იონას დაეხმარა იმის დანახვაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი დავალება. ღმერთმა ზღვაზე ძლიერი ქარი ამოაგდო. გემს, რომელშიც იონა იჯდა, აბობოქრებული ზღვის ტალღები აქეთ–იქით ახეთქებდა. უდანაშაულო ხალხს დაღუპვა ემუქრებოდა, ყოველივე ამაში კი იონა იყო დამნაშავე (იონა 1:4). რა რეაქცია ჰქონდა იონას? მას არ უნდოდა, რომ მის გამო ხალხი დაღუპულიყო. ამიტომაც უთხრა მათ: „ამიღეთ, გადამაგდეთ ზღვაში და ზღვა დაგიწყნარდებათ“ (იონა 1:12). როდესაც მეზღვაურები იონას სიტყვისამებრ მოიქცნენ და წინასწარმეტყველი ზღვაში გადააგდეს, ამ უკანასკნელს არავითარი საფუძველი არ ჰქონდა, ეფიქრა, რომ იეჰოვა იხსნიდა (იონა 1:15). მიუხედავად ამისა, იონა მზად იყო, მომკვდარიყო, ოღონდ ხომალდზე მყოფნი გადარჩენილიყვნენ. განა წინასწარმეტყველის ამ საქციელში გამბედაობა, თავმდაბლობა და სიყვარული არ ჩანს?
10. რა მოხდა იმის შემდეგ, რაც იეჰოვამ კვლავ დაავალა იონას ნინეველებისთვის ქადაგება?
10 საბოლოოდ, იეჰოვამ იხსნა იონა. ჩადენილი საქციელის გამო ჩამოერთვა თუ არა იონას ღვთის წარმომადგენლად მსახურების შესაძლებლობა? არა, იეჰოვამ გულმოწყალება გამოავლინა და სიყვარულიდან გამომდინარე კვლავ დაავალა მას ნინეველებისთვის ქადაგება. ნინევეში ჩასულმა იონამ ადგილობრივ მოსახლეობას გაბედულად ამცნო, რომ მათი ბოროტების ამბავი ღვთის ყურს მისწვდა და დიდი ქალაქი ნინევე 40 დღეში განადგურდებოდა (იონა 1:2; 3:4). ასეთი პირდაპირი განაჩენის მოსმენის შემდეგ ნინეველებმა მოინანიეს და მათი ქალაქიც გაცამტვერებას გადაურჩა.
11. რა მიუთითებს იმაზე, რომ იონამ მნიშვნელოვანი გაკვეთილი ისწავლა?
11 იონას კვლავ არასწორი აზროვნება ჰქონდა. იეჰოვამ ამჯერადაც მოთმინება გამოავლინა და პრაქტიკული მაგალითის საშუალებით თავის წინასწარმეტყველს დაეხმარა, დაენახა, რომ ის ისეთი ღმერთია, რომელიც გულებს იკვლევს და იმაზე მეტს ხედავს, ვიდრე გარეგნულად ჩანს (იონა 4:5—11). იონამ რომ მნიშვნელოვანი გაკვეთილი ისწავლა, აშკარად ჩანს თავად წინასწარმეტყველის მიერ გულახდილად დაწერილი ცნობიდან. იონას თავისი შეცდომები არ დაუმალავს და საკმაოდ საჩოთირო დეტალებიც მოიხსენია, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მის თავმდაბლობაზე. მოგეხსენებათ, რომ შეცდომის აღიარებას გაბედულება სჭირდება!
12. ა) საიდან ვიცით, რომ იესოც იზიარებს ადამიანების შესახებ იეჰოვას თვალსაზრისს? ბ) რა თვალსაზრისის შენარჩუნებაა სასურველი მათთან დაკავშირებით, რომლებსაც სასიხარულო ცნობას ვუზიარებთ? (იხილეთ ჩარჩო მე–18 გვერდზე).
12 საუკუნეების შემდეგ იესო ქრისტემ იონას ცხოვრებისეული ეპიზოდი დადებითი კუთხით გააშუქა. მან თქვა: „როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში სამ დღესა და სამ ღამეს, ასევე კაცის ძე იქნება სამ დღესა და სამ ღამეს დედამიწის გულში“ (მათე 12:40). მკვდრეთით აღდგენის შემდეგ იონა გაიგებს, რომ იესომ თავისი სამარხში ყოფნის პერიოდი მის ცხოვრებაში მომხდარ შემთხვევას შეადარა. განა მოხარულები არა ვართ, რომ ვემსახურებით ღმერთს, რომელიც ზურგს არ აქცევს თავის მსახურებს, როდესაც ისინი შეცდომებს უშვებენ? ფსალმუნმომღერალი წერდა: „როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, ისე შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი; ვინაიდან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ“ (ფსალმუნები 102:13, 14). მაგრამ ამ „მტვერს“, რომელშიც დღეს მცხოვრები არასრულყოფილი ადამიანებიც იგულისხმებიან, ღვთის სულიწმიდის დახმარებით დიდი საქმეების კეთება შეუძლია!
გაწონასწორებული თვალსაზრისი პეტრეს შესახებ
13. პეტრეს რომელი თვისებები შეიძლება უცებ გაგვახსენდეს, მაგრამ რატომ აირჩია იესომ ეს კაცი თავის მოციქულად?
13 ახლა კი მოკლედ განვიხილოთ მეორე, პეტრე მოციქულის, მაგალითი. თუ გთხოვდნენ, რომ პეტრეს პიროვნება აღგეწერათ, უცებ თვალწინ ყოველგვარი დაფიქრების გარეშე მოქმედი, იმპულსური და თავდაჯერებული პიროვნება ხომ არ წარმოგიდგებოდათ? პეტრე ზოგჯერ მართლაც ასე იქცეოდა. განა აირჩევდა იესო პეტრეს თავის მოციქულად, თუ ის დაუფიქრებლად მოქმედი, იმპულსური და თავდაჯერებული იყო? (ლუკა 6:12—14). რა თქმა უნდა, არა! იესო ამ სისუსტეების მიღმა იხედებოდა და კარგად ხედავდა პეტრეს დადებით თვისებებს.
14. ა) რით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ პეტრე საუბრებში პირველობდა? ბ) რატომ უნდა ვიყოთ მადლიერი იმისათვის, რომ პეტრე ხშირად სვამდა კითხვებს?
14 პეტრე ზოგჯერ სხვა მოციქულების მაგივრადაც ლაპარაკობდა. ზოგმა შეიძლება ეს ისე აღიქვას, რომ მოციქულს მოკრძალება აკლდა. მაგრამ მართლაც ასე იყო ეს? შეიძლება პეტრე სხვების მაგივრად იმიტომ ლაპარაკობდა, რომ სხვა მოციქულებზე და, შესაძლოა, თვით იესოზე უფროსიც იყო. თუ ეს ასეა, მაშინ გასაგებია, რატომ პირველობდა პეტრე საუბრებში (მათე 16:22). აქვე უნდა მოვიხსენიოთ კიდევ ერთი ფაქტორი. პეტრე სულიერი პიროვნება იყო. მას სწყუროდა ცოდნის მიღება, რის გამოც კითხვებს სვამდა. მის მიერ დასმულ კითხვებს ჩვენთვისაც მოაქვს სარგებლობა. პეტრეს შეკითხვებზე გაცემული იესოს პასუხები ჩვენთვისაც ძვირფასია და დღემდე ბიბლიაშია შემონახული. მაგალითად, პეტრეს კითხვაზე პასუხის დროს მოიხსენია იესომ „ერთგული და გონიერი განმგებელი“ (ლუკა 12:41—44). აგრეთვე დავუფიქრდეთ პეტრეს მიერ დასმულ შემდეგ კითხვასაც: „აჰა, ჩვენ ყოველივე მივატოვეთ და გამოგყევით. რა გვექნება?“. ამ კითხვამ აღძრა იესო, გამამხნევებელი დაპირება მოეცა: „ყველა, ვინც მიატოვა სახლები, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები, ჩემი სახელის გულისათვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს“ (მათე 15:15; 18:21, 22; 19:27—29).
15. რატომ შეიძლება ითქვას, რომ პეტრე ნამდვილად ერთგული იყო?
15 პეტრეს სხვა ჩინებული თვისებაც ჰქონდა — ის ერთგული იყო. როდესაც მრავალმა მოწაფემ მიატოვა იესო იმის გამო, რომ ვერ გაიგეს მისი ერთერთი სწავლება, სწორედ პეტრე ალაპარაკდა დაუყოვნებლივ 12 მოციქულის სახელით და თქვა: „უფალო, ვიღასთან წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს“ (იოანე 6:66—68). წარმოიდგინეთ, რამხელა სითბოთი აუვსებდა გულს ეს სიტყვები იესოს! მოგვიანებით, როდესაც უფლის შესაპყრობად ბრბო მივიდა, მოციქულთაგან უმრავლესობა გაიქცა. პეტრე კი შორიახლოს გაჰყვა თავის მოძღვარს და მღვდელმთავრის ეზოშიც კი შევიდა. მოციქული იქ სიმამაცემ მიიყვანა და არა სიმხდალემ. როდესაც იესო დაკითხვაზე იყო, პეტრე იმ იუდეველთა ჯგუფს შეუერთდა, რომელიც კოცონთან თბებოდა. მღვდელმთავრის ერთ–ერთმა მსახურმა იცნო ის და იესოს მიმდევრობაში დაადანაშაულა. მართალია პეტრემ უარყო თავისი უფალი, მაგრამ ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ მოციქული ერთგული იყო — მას ძალიან აღელვებდა, რა მოუვიდოდა იესოს და სწორედ ამიტომ ჩაიგდო თავი ამ სახიფათო მდგომარეობაში მაშინ, როდესაც მოციქულთა უმეტესობას ამის გასაკეთებლად გამბედაობა არ ეყო (იოანე 18:15—27).
16. რა პრაქტიკული მიზნის მისაღწევად განვიხილეთ იონასა და პეტრეს დადებითი თვისებები?
16 პეტრეს დადებითი თვისებები ბევრად სწონიდა უარყოფითს. იმავეს თქმა შეიძლება იონას შესახებაც. როგორც იონასა და პეტრეს შემთხვევაში შევძელით, მათთვის უფრო დადებითი თვალით შეგვეხედა, ვიდრე ჩვეულებრივ ვუყურებდით, მსგავსადვე უნდა ვისწავლოთ ჩვენთან ერთად მომსახურე სულიერი და–ძმების უფრო დადებითად შეფასება. თუ ასე მოვიქცევით, მათთან ურთიერთობას გავიუმჯობესებთ. რატომ არის ეს აუცილებელი?
როგორ გამოვიყენოთ ეს გაკვეთილი დღეს?
17, 18. ა) რამ შეიძლება თანაქრისტიანებს შორის უთანხმოება გამოიწვიოს? ბ) რომელი ბიბლიური რჩევა დაგვეხმარება თანამორწმუნესთან პრობლემის გადაჭრაში?
17 დღეს ნებისმიერი ეკონომიკური მდგომარეობის, განათლებისა თუ რასის მამაკაცები, ქალები და ბავშვები ემსახურებიან იეჰოვას გაერთიანებულად (გამოცხადება 7:9, 10). ქრისტიანულ კრებაში საკმაოდ განსხვავებული ადამიანები ვართ თავმოყრილი, და რადგან ღვთის მსახურებაში ერთმანეთთან ახლოს ვთანამშრომლობთ, დროდადრო აუცილებლად იჩენს თავს უთანხმოება (რომაელთა 12:10; ფილიპელთა 2:3).
18 მართალია, ჩვენ ვამჩნევთ ძმების არასრულყოფილებას, მაგრამ მათ სისუსტეებზე არ ვამახვილებთ ყურადღებას. ვცდილობთ, მივბაძოთ იეჰოვას, რომლის შესახებაც ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება?“ (ფსალმუნები 129:3). ასე რომ, იმ პიროვნულ თავისებურებებზე კი არ ვამახვილებთ ყურადღებას, რომლებიც ერთმანეთს დაგვაშორებს, არამედ „ვესწრაფით იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება“ (რომაელთა 14:19). ვცდილობთ, ადამიანებს ისეთივე თვალით ვუყუროთ, როგორც იეჰოვა უყურებს მათ — ყურადღება გავამახვილოთ არა შეცდომებზე, არამედ კარგ თვისებებზე. ამგვარად მოქმედება გვეხმარება, ‘შევიწყნაროთ ერთიმეორე’ (კოლასელთა 3:13).
19. ჩამოთვალეთ პრაქტიკული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეუძლია ქრისტიანს სერიოზული უთანხმოების მოსაგვარებლად?
19 რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ აგვარებს უთანხმოებას? (ფსალმუნები 4:4, აქ [4:5]). გქონიათ ოდესმე თანამორწმუნესთან მსგავსი გაუგებრობა? რატომ არ გეცადათ საქმის მოგვარება? (დაბადება 32:13—15). პირველ რიგში, იეჰოვას მიმართეთ ლოცვით და ხელმძღვანელობა სთხოვეთ. შემდეგ გაიხსენეთ, რა დადებითი თვისებები აქვს ამ თანამორწმუნეს და „სიბრძნისთვის ჩვეული რბილი ხასიათით“ დაელაპარაკეთ (იაკობი 3:13, აქ). უთხარით, რომ მასთან კარგი ურთიერთობის აღდგენა გსურთ. გახსოვდეთ ღვთის შთაგონებით დაწერილი რჩევა: ‘იყავით სმენაში მკვირცხლი, სიტყვასა და რისხვაში ნელი’ (იაკობი 1:19). გამოთქმა „რისხვაში ნელი“ იმაზე მიანიშნებს, რომ მეორე ადამიანმა შეიძლება ისეთი რამ გააკეთოს ან თქვას, რაც გაგაბრაზებდათ. თუ ეს ასე მოხდა, სთხოვეთ იეჰოვას, თავშეკავების შენარჩუნებაში დაგეხმაროთ (გალატელთა 5:22, 23). მიეცით ძმას საშუალება, თქვას, რა ეწყინა და ყურადღებით უსმინეთ. ლაპარაკს ნუ გააწყვეტინებთ მაშინაც კი, თუ არ ეთანხმებით ყველაფერში. ძმა ან და შეიძლება მართალი არ იყოს, მაგრამ მას ასეთი თვალსაზრისი აქვს. ეცადეთ პრობლემას მისი პოზიციიდან მიუდგეთ. ამაში შეიძლება ისიც შედიოდეს, რომ საკუთარი თავი ძმის თვალით დაინახოთ (იგავები 18:17).
20. უთანხმოების მოგვარების დროს, რატომ არის მნიშვნელოვანი პასუხის გაცემამდე ყურადღებით მოსმენა?
20 როდესაც თქვენი ლაპარაკის ჯერი დადგება, იყავით თავაზიანი (კოლასელთა 4:6). უთხარით ძმას, რა მოგწონთ მის პიროვნებაში. ბოდიში მოიხადეთ ყველაფრისთვის, რამაც თქვენის მხრივ გაუგებრობის წარმოშობას შეუწყო ხელი. თავმდაბლად შერიგების მცდელობას თუ დადებითი შედეგი მოჰყვება, მადლობა შესწირეთ იეჰოვას. თუ არა, განაგრძეთ ლოცვაში იეჰოვასთვის ხელმძღვანელობის თხოვნა და პარალელურად ეცადეთ შერიგებისთვის დამატებითი გზების გამონახვას (რომაელთა 12:18).
21. როგორ დაგეხმარათ ამ სტატიის განხილვა, სხვებისთვის იეჰოვას თვალით შეხედვაში?
21 იეჰოვას ყველა მსახური უყვარს. ჩვენი არასრულყოფილების მიუხედავად, ის სიამოვნებით გვაძლევს ყველას მსახურების შესაძლებლობას. რაც უფრო მეტად გავიგებთ სხვების შესახებ მის თვალსაზრისს, მით უფრო გვეყვარება ჩვენი ძმები და დები. თუ თანაქრისტიანის მიმართ სიყვარული გაგვიცივდა, მისი გაღვივება კვლავაც შესაძლებელია. თუ ძალ–ღონეს არ დავიშურებთ სხვების შესახებ დადებითი თვალსაზრისის განსავითარებლად, დიახ, თუ სხვებს იეჰოვას თვალით შევხედავთ, უხვ კურთხევებს მოვიმკით!
[სქოლიოები]
a მოგვიანებით ნათელი გახდა, რომ გარეგნულად მიმზიდველ ელიაბს არ ჰქონდა ისრაელის მეფობისთვის საჭირო თვისებები. ერთხელ, როდესაც ფილისტიმელმა გოლიათმა ისრაელები ერთი ერთზე საბრძოლველად გაიწვია, სხვა ისრაელ მამაკაცებთან ერთად, ელიაბიც შიშმა მოიცვა (1 მეფეთა 17:11, 28—30).
b ისრაელის სამეფომ დიდი დაპყრობითი ომები აწარმოვა და თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა. დაპყრობილ ქვეყნებში აკრეფილმა ხარკმა კი, როგორც ჩანს, იერობოამ II–ს (იერობყამს) ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს ხაზინის საგრძნობლად შევსების შესაძლებლობა მისცა (2 მეფეთა 8:6; 4 მეფეთა 14:23—28; 2 ნეშტთა 8:3, 4; ამოსი 6:2).
როგორ უპასუხებდით?
• როგორ უყურებს იეჰოვა თავისი ერთგული მსახურების შეცდომებს?
• იონასა და პეტრეს რომელ დადებით თვისებებს ჩამოთვლიდით?
• რა თვალსაზრისის შენარჩუნებას აპირებთ ქრისტიანი ძმების მიმართ?
[ჩარჩო 18 გვერდზე]
იფიქრეთ იმაზე, თუ რა თვალით უყურებს იეჰოვა ადამიანებს
იონას შესახებ ბიბლიურ ცნობაზე დაფიქრების შემდეგ, ახალი თვალით შეხედეთ თუ არა მათ, ვისაც რეგულარულად უქადაგებთ სასიხარულო ცნობას? ისინი შეიძლება თვითკმაყოფილი ან გულგრილი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, როგორც ეს ისრაელების შემთხვევაში იყო, ან შეიძლება ღვთის ცნობას ეწინააღმდეგებოდნენ. მაგრამ დაფიქრდით, როგორ უყურებს მათ იეჰოვა ღმერთი? შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ზოგიერთმა მათგანმა, ვინც ამ სისტემაში გამოჩენილი ადამიანია, ერთ მშვენიერ დღეს იეჰოვას ძიება დაიწყოს, სწორედ ისე, როგორც იონას ქადაგების შემდეგ ნინევეს მეფემ მოინანია (იონა 3:6, 7).
[სურათი 15 გვერდზე]
შეგიძლიათ სხვებს იეჰოვას თვალით უყუროთ?
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
იესომ იონას ცხოვრების ეპიზოდში იპოვა რაღაც დადებითი.