მიჰბაძეთ მათ რწმენას
გულმოწყალების მაგალითი
იონას ფიქრისთვის საკმარისი დრო ჰქონდა. დანიშნულების ადგილზე რომ მისულიყო, მას 800 კილომეტრზე მეტი უნდა გაევლო, რასაც დაახლოებით ერთი თვე ან მეტი დასჭირდებოდა. მას არჩევანი უნდა გაეკეთებინა — ან მოკლე გზით უნდა წასულიყო, ან შორი და უსაფრთხო გზით მოევლო. იონას ველებსა და მთებში უნდა გაეკვლია გზა. მას აგრეთვე მოუწევდა არაბეთის უდაბნოზე გავლა და წყალუხვი მდინარეების, მაგალითად ევფრატის, გადაკვეთა. იონას ღამის გასათევი უნდა მოეძებნა სირიის, შუამდინარეთისა და ასურეთის ქალაქებსა თუ სოფლებში. ხანგრძლივი მგზავრობის დროს იონას მშფოთვარე ფიქრები არ ასვენებდა. ის ფიქრობდა ქალაქ ნინევეზე, რომლისთვისაც ამხელა გზა გამოიარა, და რომელსაც ის-ის იყო მიადგებოდა.
იონამ ერთი რამ კარგად იცოდა — მას არ უნდა გადაეხვია იმ გზიდან, რომელზეც იდგა, და პირნათლად უნდა შეესრულებინა დავალება, რომლის თავიდან არიდებაც ერთხელ უკვე სცადა. როდესაც პირველად იეჰოვამ უთხრა იონას, რომ წასულიყო და ასურელებისთვის განაჩენი გაეცხადებინა, ის მაშინვე გემზე ავიდა და საპირისპირო მიმართულებით გაცურა. იეჰოვამ ძლიერი ქარიშხალი ამოაგდო. იონა მალევე მიხვდა, რომ თავისი ურჩობის გამო შეიძლებოდა გემზე მყოფნი დამხრჩვალიყვნენ. სიკვდილისგან რომ ეხსნა მეზღვაურები, იონამ უთხრა მათ, გემიდან გადაეგდოთ. მეზღვაურებს სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ და იონა ზღვაში გადააგდეს. იონას სიკვდილი გარდაუვალი იყო, მაგრამ იეჰოვამ დიდ თევზს ჩააყლაპვინა ის და სიკვდილისგან იხსნა. სამი დღის შემდეგ თევზმა იონა ნაპირზე ამოანთხია. ამ შემთხვევამ იონას მორჩილება ასწავლა (იონა, თავები 1, 2).a
როდესაც იეჰოვამ მეორედ უთხრა იონას, ნინევეში წასულიყო, წინასწარმეტყველი დაემორჩილა ღმერთს და აღმოსავლეთისკენ გრძელ გზას დაადგა (იონა 3:1—3). მაგრამ შეიცვალა მან თვალსაზრისი მას შემდეგ, რაც თავს გადახდა? იეჰოვამ მის მიმართ გულმოწყალება გამოავლინა, სიკვდილისგან იხსნა, ურჩობისთვის არ დასაჯა და კიდევ ერთხელ მისცა დავალების შესრულების შესაძლებლობა. ამ ყველაფრის შემდეგ, გახდა იონა გულმოწყალე? ხშირად არასრულყოფილ ადამიანებს უჭირთ გულმოწყალების გამოვლენა. ვნახოთ, რის სწავლა შეგვიძლია იონას მაგალითიდან.
განაჩენის გაცხადება და მოულოდნელი გამოხმაურება
იონა იეჰოვას თვალით არ უყურებდა ნინეველებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ნინევე დიდი ქალაქი იყო ღვთის თვალში“ (იონა 3:3). იონას წიგნში წერია, რომ იეჰოვამ სამჯერ უწოდა ნინევეს „დიდი ქალაქი“ (იონა 1:2; 3:2; 4:11). რატომ იყო ეს ქალაქი დიდი ანუ მნიშვნელოვანი იეჰოვასთვის?
ნინევე ერთ-ერთი უძველესი ქალაქი იყო, რომელიც ნიმროდმა წარღვნის შემდეგ დააარსა. ის იმ რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი იყო და შესაძლოა გარშემო რამდენიმე ქალაქი ერტყა. ნინევეს ერთი ბოლოდან მეორეში გასასვლელად ადამიანს სამი დღე სჭირდებოდა (დაბადება 10:11; იონა 3:3). ქალაქი, როგორც ჩანს, გამოირჩეოდა დიდებული ტაძრებით, უზარმაზარი კედლებითა და სხვა შთამბეჭდავი ნაგებობებით. მაგრამ ის იეჰოვას თვალში ნაგებობების გამო კი არა, იქ მცხოვრები ხალხის გამო იყო მნიშვნელოვანი. ნინევეში იმ დროს 120 000-ზე მეტი კაცი ცხოვრობდა. ქალაქის მოსახლეობა ცუდად იქცეოდა, მაგრამ იეჰოვა მაინც ზრუნავდა მათზე. ღმერთმა, ვისთვისაც ძვირფასია ადამიანთა სიცოცხლე, იცის, რომ თითოეულს შეუძლია მოინანიოს და სიკეთის კეთება ისწავლოს.
ბოლოს, როცა იონა ნინევეში შევიდა, ხალხის სიმრავლემ შეიძლება ის მეტად შეაშინა.b მან ერთი დღე იარა ქალაქში, შესაძლოა, იმ მიზნით, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ისეთი ადგილი მოეძებნა, საიდანაც თავისი ცნობის ქადაგებას დაიწყებდა. რომელ ენაზე ელაპარაკა ის ხალხს? იცოდა მან ასურული ენა? თუ იეჰოვამ მისცა ამ ენაზე ლაპარაკის უნარი? დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვით. შესაძლოა, იონამ მშობლიურ ებრაულზე წარმოთქვა ეს ცნობა და მთარგმნელის მეშვეობით გააგებინა ის ნინეველებს. რაც უნდა ყოფილიყო, მან უბრალო სიტყვებით განაცხადა ღვთის განაჩენი, რომელიც მისდამი კეთილად არ განაწყობდა ხალხს. ის ამბობდა: „ორმოცი დღეღა დარჩა ნინევეს დამხობამდე!“ (იონა 3:4). ის გაბედულად აცხადებდა ამ სიტყვებს. მან გამოავლინა დიდი სიმამაცე და რწმენა — თვისებები, რომლებიც ქრისტიანებს დღეს განსაკუთრებით სჭირდებათ.
ნინეველებმა მოისმინეს იონას ცნობა. ეჭვგარეშეა, იონა ფიქრობდა, რომ ისინი მტრულად განეწყობოდნენ და მას სასტიკად გაუსწორდებოდნენ. მაგრამ სრულიად საპირისპირო რამ მოხდა. იონას სიტყვები სწრაფად გავრცელდა და ხალხმა ყურად იღო მისი ნათქვამი. მალე მთელი ქალაქი იონას წინასწარმეტყველებაზე ლაპარაკობდა. იონას წიგნში ვკითხულობთ: „ირწმუნეს ნინეველებმა ღმერთი, მარხვა გამოაცხადეს და დიდიან-პატარიანად ჯვალო ჩაიცვა ყველამ“ (იონა 3:5). მდიდრებმა და ღარიბებმა, ძლიერებმა და სუსტებმა, ახალგაზრდებმა და მოხუცებმა — ყველამ ერთსულოვნად მოინანია. ამ ცნობამ მეფის ყურამდეც მიაღწია.
ღვთის შიშმა მეფეც შეიპყრო. ტახტიდან ჩამოვიდა, გაიხადა თავისი სამეფო სამოსელი, მოიხვია ჯვალო, რომელიც მის ხალხს ეცვა, და „ნაცარში ჩაჯდა“. მან თავის დიდებულებთან ერთად გამოაცხადა, რომ დიდიან-პატარიანად ყველას ემარხულა და ჯვალო ეტარებინა კაცსაც და შინაურ ცხოველსაც.c მან თავმდაბლად აღიარა, რომ მისი ხალხი დამნაშავე იყო ბოროტებასა და ძალადობაში. მეფეს იმედი ჰქონდა, რომ მათი მონანიება ღმერთს გულს მოულბობდა და შეიწყალებდა მათ. ‘იქნებ ჭეშმარიტმა ღმერთმა აგვარიდოს თავისი მრისხანება, რომ არ დავიღუპოთ’, — ამბობდა ის (იონა 3:6—9).
ზოგი კრიტიკოსის აზრით, ნინეველები ასე სწრაფად არ მოინანიებდნენ. მაგრამ ბიბლიის მკვლევარები თვლიან, რომ მათი ასეთი ცვლილება გამოწვეული იქნებოდა უძველესი კულტურის ხალხთა ცრურწმენითა და ცვალებადი ხასიათით. როგორც უნდა იყოს, მოგვიანებით იესო ქრისტემ ყურადღება გაამახვილა ნინეველების მონანიებაზე (მათე 12:41). მან კარგად იცოდა, რასაც ამბობდა, რადგან ზეცაში იყო მაშინ, როცა ნინევეში ეს მოვლენები მოხდა, და ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა (იოანე 8:57, 58). როგორ იმოქმედა იეჰოვაზე ნინეველების მონანიებამ?
ღვთიური გულმოწყალება და ადამიანური გულქვაობა
იონამ შემდეგ დაწერა: „ჭეშმარიტმა ღმერთმა დაინახა მათი საქმეები, რომ მიატოვეს თავიანთი ბოროტი გზა. შეიწყალა ისინი ჭეშმარიტმა ღმერთმა და აღარ დაატეხა ის უბედურება, რაც ნათქვამი ჰქონდა“ (იონა 3:10).
ნიშნავს ეს, რომ ნინევეს წინააღმდეგ გამოტანილი იეჰოვას თავდაპირველი განაჩენი არასწორი იყო? ცხადია, არა. ბიბლიაში იეჰოვას შესახებ ნათქვამია: „სრულყოფილია მისი ნამოქმედარი, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ერთგული ღმერთია და უსამართლობა შორს არის მისგან“ (კანონი 32:4). იეჰოვამ აღარ დაატეხა მათ თავისი რისხვა, რომელსაც ისინი თავიდან სამართლიანად იმსახურებდნენ, რადგან დაინახა, რომ ხალხმა ცვლილებები მოახდინა. მან გულმოწყალება გამოავლინა.
იეჰოვა არ ჰგავს იმ მკაცრ, ცივ და უხეშ ღმერთს, როგორადაც მას ხშირად რელიგიური წინამძღოლები წარმოადგენენ. პირიქით, ის გულმოწყალეა და ითვალისწინებს ადამიანების მდგომარეობას. სანამ ბოროტებს დასჯის, ის აფრთხილებს მათ თავისი მიწიერი წარმომადგენლების მეშვეობით, რომ ნინეველების მსგავსად მოინანიონ და სწორ გზას დაადგნენ (ეზეკიელი 33:11). იეჰოვამ უთხრა წინასწარმეტყველ იერემიას: „თუ ვიტყვი ხალხისა და სამეფოს წინააღმდეგ, რომ ამოვძირკვავ მას, დავანგრევ და მოვსპობ, ის ხალხი კი, რომლის წინააღმდეგაც ვლაპარაკობდი, მობრუნდება თავისი ბოროტებისგან, მაშინ მეც გადავიფიქრებ და არ დავატეხ იმ უბედურებას, რის დატეხვასაც ვუპირებდი“ (იერემია 18:7, 8).
იყო იონას წინასწარმეტყველება სიცრუე? არა. ამ წინასწარმეტყველების მიზანი ბოროტი ხალხის გაფრთხილება იყო. ხალხმა გაითვალისწინა ეს გაფრთხილება და მოინანია. თუ ისინი არ მიატოვებდნენ ბოროტებას, იეჰოვას რისხვა დაატყდებოდათ. მოგვიანებით ნინეველები ისევ დაუბრუნდნენ ბოროტ საქმეებს და სასჯელიც არ ასცდათ (სოფონია 2:13—15).
რა რეაქცია ჰქონდა იონას, როცა მისი მოლოდინი არ გამართლდა და ნინევე დანიშნულ დროს არ განადგურდა? ბიბლიაში ვკითხულობთ: „ძალიან არ ესიამოვნა ეს იონას და რისხვით აენთო“ (იონა 4:1). მან ლოცვითაც კი მიმართა ყოვლისშემძლეს, რომელშიც თავისი საყვედური გამოხატა. იონა ამბობდა, რომ ჯობდა, სახლში დარჩენილიყო თავის მიწაზე, რადგან იცოდა, ღმერთი უბედურებას არ დაატეხდა ნინევეს და ამიტომაც გაიქცა თავიდან თარშიშში. შემდეგ კი სთხოვა ღმერთს, მოეკლა, რადგან ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი ერჩია (იონა 4:2, 3).
რამ დაამწუხრა იონა? ჩვენ არ ვიცით, რაზე ფიქრობდა ის, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მან ყველას წინაშე განაცხადა ნინევეს განაჩენი. ხალხი ერწმუნა იონას, ამიტომ იეჰოვამ არ დასაჯა ისინი. ხომ არ შეეშინდა იონას, რომ დასცინებდნენ და ცრუწინასწარმეტყველად ჩათვლიდნენ? როგორც უნდა ყოფილიყო, მას არ გაუხარდა, რომ ხალხმა მოინანია და იეჰოვამ შეიწყალა ისინი. როგორც ჩანს, მას თანდათანობით სიბრაზე ერეოდა, საკუთარი თავი შეებრალა და თავმოყვარეობა შეელახა. მიუხედავად ამისა, იეჰოვამ გულმოწყალება გამოავლინა მისდამი და კარგი დაინახა მასში. ნაცვლად იმისა, რომ უპატივცემულობის გამო იონა დაესაჯა, იეჰოვა რბილად მიუდგა მას და ჰკითხა: „უნდა განრისხებულიყავი?!“ (იონა 4:4). ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, რა უპასუხა იონამ იეჰოვას.
გულმოწყალების მაგალითი
დამწუხრებული წინასწარმეტყველი გავიდა ნინევედან და ნაცვლად იმისა, რომ სახლის გზას დასდგომოდა, აღმოსავლეთით მთებისკენ წავიდა, საიდანაც ქალაქი ხელისგულივით ჩანდა. გაიკეთა პატარა საჩრდილობელი და დაჯდა, რომ ენახა, რა დაემართებოდა ნინევეს. შესაძლოა, მას კიდევ ჰქონდა იმედი, რომ ქალაქის განადგურებას იხილავდა. როგორ ასწავლა იეჰოვამ თავის ჯიუტ მსახურს გულმოწყალება?
ღამით იეჰოვამ აყირო აღმოაცენა. დილით, როცა იონამ გაიღვიძა, დაინახა, რომ მის თავთან ფართოფოთლიანი მცენარე ამოსულიყო, რომელიც მის გაკეთებულ საჩრდილობელზე უკეთ დაიცავდა მცხუნვარე მზისგან. „დიდად გაახარა იონა აყიროს ამოსვლამ“, რადგან სასწაულებრივად გაჩენილი მცენარე, როგორც ჩანს, იეჰოვას მოწონებად და კურთხევად ჩათვალა. მაგრამ იეჰოვას მხოლოდ ის არ უნდოდა, რომ იონა მწველი სიცხისგან დაეცვა და მისი ბრაზი გაექარწყლებინა. მას სურდა, იონას გულს შეხებოდა. ამიტომ ღმერთმა აყიროს მატლი გაუჩინა და გაახმო მცენარე. შემდეგ „აღმოსავლეთის ცხელი ქარი ამოაგდო“ და სიცხისგან იონას „ლამის გული წაუვიდა“. მან ისევ სიკვდილი ინატრა (იონა 4:6—8).
ღმერთმა ჰკითხა იონას: „აყიროს გამო უნდა განრისხებულიყავი?!“ მონანიების მაგივრად, იონამ თავი იმართლა: „ჰო, თანაც ისე განვრისხდი, რომ სიკვდილი ვინატრე“. დადგა დრო, რომ იეჰოვას გულმოწყალება ესწავლებინა თავისი მსახურისთვის (იონა 4:9).
ღმერთმა უთხრა წინასწარმეტყველს: „შენ აყირო დაგენანა, რომლისთვისაც არ გიშრომია და რომელიც არ გაგიზრდია, რომელიც ერთ ღამეში გაიზარდა და ერთ ღამეშივე გაქრა“. შემდეგ კი დასძინა: „მე დიდი ქალაქი ნინევე არ უნდა დამნანებოდა, სადაც ას ოცი ათასზე მეტი კაცი ცხოვრობს, რომლებსაც მარჯვენა ხელი მარცხენისგან ვერ გაურჩევიათ, და სადაც უამრავი შინაური ცხოველია?!“ (იონა 4:10, 11).d
იეჰოვამ ამ მაგალითით კარგად დაანახვა იონას, რატომ ავლენს გულმოწყალებას. იონას მცენარის გაზრდაზე საერთოდ არ უზრუნია, ნინეველებს კი სიცოცხლე იეჰოვამ უბოძა, ისევე როგორც ყველა ქმნილებას მთელ ცისქვეშეთში. განა იონას ერთ მცენარეზე მეტად 120 000 კაცი და შინაური ცხოველი არ უნდა დანანებოდა?! იმიტომ ხომ არ მოიქცა იონა ასე, რომ ეგოისტი გახდა? მას მცენარე მხოლოდ იმიტომ დაენანა, რომ სიცხისგან იცავდა. იმის გამო ხომ არ განრისხდა იონა, რომ მარტო საკუთარ თავზე ფიქრობდა? ხომ არ სურდა თავისი სიმართლე დაემტკიცებინა და მისი სიტყვები გამართლებულიყო?
ეს გულმოწყალების მართლაც მნიშვნელოვანი მაგალითი იყო! ისწავლა აქედან იონამ რამე? თავისი წიგნი მან იეჰოვას შეკითხვით დაამთავრა, რომელზეც პასუხი არ გაუცია. ზოგი კრიტიკოსი შესაძლოა უკმაყოფილოა, რომ იონამ ამ კითხვაზე არ უპასუხა. თუმცა არსებობს იმის უტყუარი მტკიცება, რომ იონამ უპასუხოდ არ დატოვა ეს კითხვა. ამ კითხვის პასუხს წარმოადგენს წიგნი, რომელიც იონამ დაწერა, და რომელიც მის სახელს ატარებს. წარმოიდგინეთ წინასწარმეტყველი, რომელიც კიდევ ერთხელ დაუბრუნდა ცოცხალი თავის მიწა-წყალს და დაწვრილებით დაწერა თავსგადამხდარი მოვლენები. თვალწინ წარმოგვიდგება ხანშიშესული, გონიერი და თავმდაბალი კაცი, რომელიც ნანობს თავის შეცდომებს, ურჩობასა და უმოწყალობას. აშკარაა, რომ იონამ ბევრი რამ ისწავლა იეჰოვას გონივრული შეგონებისგან და გულმოწყალე გახდა. თქვენ რა ისწავლეთ ამ შემთხვევიდან?
[სქოლიოები]
a იხილეთ 2009 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „მიჰბაძეთ მათ რწმენას — მან საკუთარ შეცდომებზე ისწავლა“.
b სავარაუდოდ, იონას დროს ისრაელის დედაქალაქ სამარიაში 20 000-დან 30 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, რაც ნინევეს მოსახლეობის მეოთხედსაც არ შეადგენდა. ნინევე თავისი აღმავლობის პერიოდში შესაძლოა ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი იყო იმდროინდელ მსოფლიოში.
c შესაძლოა, ეს წვრილმანები უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ძველად ასეთი გლოვა მიღებული იყო. ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე აღნიშნავს, რომ ძველ სპარსეთში საყოველთაო გლოვაში შინაურ ცხოველებსაც რთავდნენ.
d ღმერთმა იმ გაგებით თქვა ხალხზე, მარცხენას მარჯვენისგან ვერ არჩევენო, რომ ისინი შეუგნებლად არღვევდნენ ღვთის ნორმებს.
[ჩანართი 16 გვერდზე]
ღმერთს სურს, რომ ბოროტებმა მოინანიონ ნინეველების მსგავსად და სწორ გზას დაადგნენ
[ჩანართი 17 გვერდზე]
ღმერთმა აყიროს მაგალითზე ასწავლა იონას გულმოწყალება