კიდევ რამდენ ხანს იარსებებენ ბოროტები?
„რატომ. . . დუმხარ [იეჰოვა], როცა ბოროტეული ყლაპავს მართალს?“ (აბაკუმი 1:13).
1. როდის აივსება ბოლომდე დედამიწა უფლის დიდების ცოდნით?
გაანადგურებს თუ არა ოდესმე ღმერთი ბოროტებს? თუ დიახ, კიდევ რამდენ ხანს უნდა ველოდოთ? ამ კითხვებს მთელ მსოფლიოში სვამენ. სად შეგვიძლია პასუხის პოვნა? დათქმული ჟამის შესახებ ღვთის შთაგონებით ჩაწერილ წინასწარმეტყველურ სიტყვებში. იეჰოვა გვპირდება, რომ მალე სისრულეში მოიყვანს ბოროტებისთვის გამოტანილ განაჩენს. მხოლოდ მაშინ აივსება დედამიწა ‘უფლის დიდების ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლით დაფარული’. ეს წინასწარმეტყველური დანაპირები ღვთის წმინდა სიტყვაში აბაკუმის 2:14-შია ჩაწერილი.
2. იეჰოვას მიერ გამოტანილ რომელ სამ ღვთიურ სამსჯავრო განაჩენს შეიცავს აბაკუმის წიგნი?
2 აბაკუმის წიგნი, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 628 წელს დაიწერა, იეჰოვას მიერ გამოტანილ სამ სამსჯავრო განაჩენს შეიცავს. ორი მათგანი უკვე სისრულეშია მოყვანილი. პირველი, იუდას სამეფოში მცხოვრებ თავნება ერს ეხებოდა. რა შეიძლება ითქვას მეორესთან დაკავშირებით? ეს იყო სასტიკი ბაბილონისთვის გამოტანილი ღვთის სამსჯავრო განაჩენი. ასე რომ, სრულიად საფუძვლიანად შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ ღმერთი მესამე განაჩენსაც სისრულეში მოიყვანს. ამას, ფაქტობრივად, ძალიან მალე უნდა ველოდოთ. ამ უკანასკნელ დღეებში მცხოვრები მართალი ხალხის გულისთვის ღმერთი ყველა ბოროტ ადამიანს გაანადგურებს. უკანასკნელი მათგანის საბოლოო ამოსუნთქვა იქნება ‘ომში ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდ დღეს’, რომელიც სწრაფად ახლოვდება (გამოცხადება 16:14, 16).
3. რა დაემართებათ ბოროტებს ახლო მომავალში?
3 ღვთის დიდი დღე დღეს ყველაზე მეტად არის ახლოს, ვიდრე ოდესმე. იეჰოვას მიერ ბოროტებისთვის გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა ჩვენს დროშიც ისეთივე გარდაუვალია, როგორც იუდასა და ბაბილონის შემთხვევაში იყო. ახლა კი წარმოვიდგინოთ, რომ აბაკუმის დღეებში ვცხოვრობთ და იუდაში ვართ. რა ხდება იქ?
ქვეყანაში ქაოსია გაბატონებული
4. რა თავზარდამცემ ახალ ამბავს იგებს აბაკუმი?
4 წარმოიდგინეთ, იეჰოვას წინასწარმეტყველი აბაკუმი თავისი სახლის ბანზე ზის და საღამოს გრილი ნიავით ტკბება. წინასწარმეტყველს გვერდზე მუსიკალური ინსტრუმენტი უდევს (აბაკუმი 1:1; 3:19). ის თავზარდამცემ ახალ ამბავს იგებს. იუდას მეფე იეჰოაკიმმა ურია მოკლა და წინასწარმეტყველის გვამი მდაბიოთა სასაფლაოზე გადააგდებინა (იერემია 26:23). მართალია, ურია ბოლომდე არ დარჩა იეჰოვაზე მინდობილი და შეშინებული ეგვიპტეში გაიქცა, მაგრამ აბაკუმმა იცოდა, რომ იეჰოაკიმის ძალადობა იეჰოვასთვის პატივის მიგების სურვილით სულაც არ იყო გამოწვეული. ეს ჩანს ღვთის კანონებისადმი მეფის აბსოლუტური უპატივცემლობიდან, აგრეთვე წინასწარმეტყველ იერემიასა და იეჰოვას სხვა მსახურებისადმი გამოვლენილი მისი ზიზღიდან.
5. რა მდგომარეობაა იუდაში სულიერობის მხრივ და როგორია ამაზე აბაკუმის რეაქცია?
5 აბაკუმი ხედავს, რომ ახლომახლო სახლებიდან საკმევლის ბოლი ამოდის. ეს ხალხი იეჰოვას თაყვანისმცემლობის გამო არ წვავს საკმეველს; ისინი ცრუ ღმერთებს სცემენ თაყვანს, რისკენაც იუდას ბოროტი მეფე იეჰოიაკიმი უბიძგებს. რამხელა სირცხვილია! აბაკუმს თვალები ცრემლით ევსება და ღმერთს სთხოვს: „როდემდის უნდა ვითხოვდე შველას, უფალო, და არ ისმენდე? შემოგჩიოდე ძალადობის გამო და არ მშველიდე? რისთვის მაყურებინებ სიცრუეს და მახილვინებ სიავეს? ძარცვა-გლეჯა და ძალადობაა ჩემს წინაშე, მტრობა და შუღლია ჩამოვარდნილი. ამიტომაც გაცუდდა რჯული და აღარ ჭრის სამართალი; რადგან უსამართლო ჯაბნის მართალს; ამიტომაც გამოდის უკუღმართი მსჯავრი“ (აბაკუმი 1:2—4).
6. რა მოუვიდა რჯულსა და სამართალს იუდაში?
6 დიახ, ირგვლივ ძარცვა-გლეჯა და ძალადობა ბობოქრობს. აბაკუმი ყველგან სიავეს, მტრობასა და შუღლს ხედავს. ‘რჯული გაცუდებულია’, ძალა აქვს დაკარგული. სამართალი? წარმოიდგინეთ, ის „აღარ ჭრის“! ვეღარც იმარჯვებს. ნაცვლად ამისა, „უსამართლო ჯაბნის მართალს“ იმით, რომ თავის სასარგებლოდ იყენებს კანონებს, რომლებითაც, წესით, უდანაშაულო უნდა იქნეს დაცული. მართლაც, „გამოდის უკუღმართი მსჯავრი“. ის გადაგვარებულია. რა სამწუხარო მდგომარეობაა!
7. რის გაკეთებას აპირებს აბაკუმი?
7 აბაკუმი უფიქრდება ამ მდგომარეობას. ჩუმდება ის? არა! ღვთის ერთგულ მსახურთა დევნის შემთხვევების გახსენება ამ ერთგულ კაცს ძალებს ჰმატებს გადაწყვეტილების მისაღებად, რომ იეჰოვას უდრეკ წინასწარმეტყველად დარჩეს. აბაკუმი განაგრძობს ღვთის ცნობის გაცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო შეიძლება სიკვდილით დაისაჯოს.
იეჰოვა დაუჯერებელ ‘რასმე მოქმედებს’
8, 9. რა დაუჯერებელ „რასმე“ აკეთებს იეჰოვა?
8 ხილვაში აბაკუმი ხედავს, რომ ცრუ ღვთაების თაყვანისმცემლები იეჰოვა ღმერთს შეურაცხყოფენ. ნახეთ, რას ეუბნება მათ იეჰოვა: „შეხედეთ ხალხებს, დააკვირდით [მათ]“. აბაკუმს, ალბათ, უკვირს, რატომ მიმართავს ღმერთი იმ ბოროტ ადამიანებს ასე. შემდეგ ესმის, კიდევ რას ეუბნება იეჰოვა მათ: „განცვიფრდით, რადგან ისეთ რასმე მოვიმოქმედებ თქვენს დროში, ამბად გაგონილსაც არ დაიჯერებთ“ (აბაკუმი 1:5). დიახ, იეჰოვა ისეთ რამეს აკეთებს, რის დაჯერებაც მათთვის ძნელია. მაგრამ რას?
9 აბაკუმი ყურადღებით ისმენს ღვთის შემდეგ სიტყვებს, რომლებიც აბაკუმის 1:6—11-შია ჩაწერილი. ეს იეჰოვას ცნობაა, რომლის შესრულებასაც ვერც რომელიმე ცრუ ღმერთი და ვერც უსიცოცხლო კერპები ვერ შეუშლის ხელს: „აჰა, აღვძრავ ქალდეველებს, ხალხს სასტიკსა და ფიცხელს, და მოივლიან მთელს დედამიწას, რომ დაეპატრონონ საცხოვრებლებს, რომლებიც მათ არ ეკუთვნით. საშიშია და შემზარავი, მისგან გამოდის მსჯავრი და სასჯელი. ჯიქზე უსწრაფესია მისი ცხენები, ბინდის მგლებივით მზერამახვილნი; დაჯირითობენ მისი მხედრები, მოგრიალდებიან მხედრები შორიდან, მოფრინდებიან მსხვერპლს დაღირებული არწივებივით. ერთიანად მოდის საალაფოდ, აღმოსავლეთისკენ პირმიქცეული, და ქვიშასავით მიხვეტავს ტყვეებს. ამასხრებს მეფეებს და მთავრებს საცინად იგდებს; დასცინის ყოველ ციხე-სიმაგრეს, მიწაყრილებს ახვავებს მათ ასაღებად. მაშინ მოიცემს გულს, საზღვარს გადავა და შესცოდავს. მისი ძალა კი მის ღმერთშია“.
10. ვინ აამხედრა იეჰოვამ?
10 ეს უზენაესისგან ძლიერი წინასწარმეტყველური გაფრთხილებაა! იეჰოვა ამხედრებს ქალდეველებს, ბაბილონში მცხოვრებ სასტიკ ერს. ისინი „მოივლიან მთელს დედამიწას“ და უამრავ საცხოვრებელს დაისაკუთრებენ. რა თავზარდამცემია! ეს ბრბო „საშიშია და შემზარავი“. ამ ხალხს საკუთარი დაუნდობელი კანონები აქვს. „მისგან გამოდის მსჯავრი და სასჯელი“.
11. როგორ აღწერდით ბაბილონელების იუდას წინააღმდეგ გალაშქრებას?
11 ბაბილონის ცხენები ჯიქებზე უსწრაფესნი არიან, ცხენოსნები კი — ბინდში მონადირე მშიერ მგლებზე სასტიკნი. შეუპოვრად ‘დაჯირითობენ მათი მხედრები’. შორეული ბაბილონიდან ისინი იუდასკენ მიჰქრიან. ქალდეველები მალე ისე დააცხრებიან თავიანთ მსხვერპლს, როგორც არწივები — გემრიელ საკვებს. მაგრამ იქნება თუ არა ეს მხოლოდ რამდენიმე ჯარისკაცის მიერ იუდაელთა ხანმოკლე დარბევა? რა თქმა უნდა, არა! ეს ხალხი „ერთიანად მოდის საალაფოდ“, როგორც უზარმაზარი გამანადგურებელი ბრბო. ისინი აღმოსავლეთის ქარის სისწრაფით დასავლეთით, იუდასა და იერუსალიმისკენ, მიეშურებიან. ბაბილონის ჯარი „ქვიშასავით მიხვეტავს ტყვეებს“.
12. როგორია ბაბილონელთა განწყობილება და რაში ‘სცოდავს’ ეს მრისხანე მტერი?
12 ქალდეველები ამასხრებენ მეფეებს და დასცინიან მთავრებს, რომელთაც არ შეუძლიათ მათი სასტიკი თავდასხმის მოგერიება. მათი ჯარი „დასცინის ყოველ ციხე-სიმაგრეს“, რადგან ნებისმიერი ციხე-სიმაგრე ეცემა, როდესაც ბაბილონელები ‘მიწაყრილებს ახვავებენ’ თავს დასასხმელად. იეჰოვას მიერ დათქმულ ჟამს ეს მრისხანე მტერი „საზღვარს გადავა“. იუდასა და იერუსალიმზე იერიშის მიტანისას ქალდეველთა ჯარი „შესცოდავს“, რადგან ღვთის ხალხს მიაყენებს ზიანს. გამარჯვებისას მათი მხედართმთავარი დაიკვეხნის, რომ ‘ძალა მის ღმერთშია’. მაგრამ, სინამდვილეში, მას ბევრი რამ არ ესმის!
მყარი საფუძველი იმედისთვის
13. რატომ არის აბაკუმი იმედიანად და გულდაჯერებით?
13 რაც უფრო მეტად ხვდება აბაკუმი იეჰოვას განზრახვას, მით უფრო მეტი იმედი ეძლევა. ის ბოლომდე იეჰოვაზეა მინდობილი და ადიდებს მას. აბაკუმის 1:12-ის თანახმად, ის ამბობს: «შენ ხომ უკუნისიდან ხარ, უფალო, ჩემო ღმერთო, ჩემო წმიდავ! არ დავიხოცებით [„შენ არ კვდები“, აქ]!» დიახ, იეჰოვა ღმერთი ‘უკუნითი უკუნისამდეა’ ანუ მარადიულია (ფსალმუნი 89:2).
14. როგორ იქცევიან განდგომილი იუდაელები?
14 აბაკუმი, რომელიც ამ ხილვაზე ფიქრობს და უხარია, რომ მის ახსნას იგებს, დასძენს: „უფალო, სამსჯავროდა გყავს დადგენილი იგი; საფარველო, სამხილებლად გყავს განწესებული!“ ღმერთმა მსჯავრი დასდო განდგომილ იუდას და მის ხალხს მხილება და მკაცრი დასჯა ელის იეჰოვასგან. მათთვის იეჰოვა უნდა იყოს სიმაგრე, თავშესაფარი და მხსნელი (ფსალმუნი 61:8; 93:22; 94:1). მაგრამ იუდას განდგომილი წინამძღოლები არ უახლოვდებიან ღმერთს და იეჰოვას უდანაშაულო მსახურთა ჩაგვრას განაგრძობენ.
15. რა გაგებით არის ‘სუფთა იეჰოვას სახედველნი ბოროტების საყურებლად’?
15 ასეთი სიტუაცია ძალიან ამწუხრებს იეჰოვას წინასწარმეტყველს. ის ამბობს: „სუფთაა სახედველნი ბოროტების საყურებლად და არ ძალგიძს სიავის ჭვრეტა“ (აბაკუმი 1:13). დიახ, „სუფთაა [იეჰოვას] სახედველნი ბოროტების საყურებლად“ ანუ ის არ მოითმენს ბოროტებას.
16. როგორ გადმოსცემდით მოკლედ აბაკუმის 1:13—17-ში მოცემულ ცნობას?
16 ამიტომ აბაკუმს რამდენიმე საინტერესო კითხვა უტრიალებს გონებაში: „რატომ უცქერ მუხანათებს და დუმხარ, როცა ბოროტეული ყლაპავს მართალს? ზღვის თევზებივით გაგიხდია ადამიანები, უპატრონო ქვეწარმავლებივით. ყველანი ანკესით ჰყავს ამოყვანილი, თავისი სათხევლით ამოთრეული და თავის ბადეში გამომწყვდეული. ამიტომ ხარობს და ზეიმობს. ამიტომ სწირავს მსხვერპლს თავის სათხეველს და უკმევს თავის ბადეს, რადგან მათგან აქვს მსუყე კერძი და ნოყიერი საჭმელი. ნუთუ ამისთვის უნდა ისროდეს თავის სათხეველს და უწყალოდ ხოცავდეს ხალხებს გამუდმებით?“ (აბაკუმი 1:13—17).
17. ა) იუდასა და იერუსალიმზე თავდასხმისას როგორ იყენებს ღმერთი ბაბილონელებს თავისი განზრახვის შესასრულებლად? ბ)რას გაუმხელს იეჰოვა აბაკუმს?
17 იუდასა და მის დედაქალაქ იერუსალიმზე თავდასხმისას, ბაბილონელები იმას გააკეთებენ, რაც მოესურვებათ. ამ ხალხს არ ეცოდინება, რომ მათ ამგვარად ღმერთი თავისი ორგული ხალხის წინააღმდეგ გამოტანილი სამართლიანი განაჩენის სისრულეში მოსაყვან იარაღად იყენებს. ადვილი მისახვედრია, რატომ უჭირს აბაკუმს იმის გაგება, რომ ღმერთი ბოროტ ბაბილონელებს იყენებს თავისი განაჩენის სისრულეში მოსაყვანად. სასტიკი ქალდეველები არ არიან იეჰოვას თაყვანისმცემლები. მათ ადამიანები ‘ზღვის თევზებად და უპატრონო ქვეწარმავლებად’ მიაჩნიათ, რომლებიც უნდა დაატყვეონ და დაიმორჩილონ. მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით აბაკუმი დიდხანს არ იქნება დაბნეულობაში. იეჰოვა მალე გაუმჟღავნებს თავის წინასწარმეტყველს, რომ გაუმაძღარი ძარცვისა და სასტიკი სისხლის ღვრისათვის ბაბილონელები დაუსჯელები არ დარჩებიან (აბაკუმი 2:8).
იეჰოვას შემდგომი სიტყვების მოსასმენად მზადმყოფი
18. რა შეგვიძლია ვისწავლოთ აბაკუმის 2:1-დან, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ აზროვნებდა ეს წინასწარმეტყველი?
18 მაგრამ ახლა აბაკუმი ელოდება, კიდევ რას ეტყვის იეჰოვა. წინასწარმეტყველი მტკიცედ ამბობს: «ჩემს სადარაჯოზე დავდგები და გავალ კოშკზე, დავაყურადებ, რომ ვნახო, რას მეტყვის [„მათქმევინებს“, აქ] და რა ვუპასუხო ჩემს მხილებაზე» (აბაკუმი 2:1). აბაკუმს ძალიან აინტერესებს, რას გააცხადებინებს ღმერთი მას, როგორც თავის წინასწარმეტყველს. აბაკუმს სწამს იეჰოვა — ღმერთი, რომელსაც სძულს ბოროტება, — ამიტომ უკვირს, რატომ იმარჯვებს ბოროტება, მაგრამ მას სურს თავისი აზროვნების გამოსწორება. რა შეიძლება ითქვას ჩვენზე? როდესაც გვიკვირს, რატომ ითმენს იეჰოვა გარკვეულ ბოროტებას, მის სამართლიანობაზე მინდობა დაგვეხმარება, შევინარჩუნოთ გაწონასწორებულობა და დაველოდოთ მას (ფსალმუნი 41:6, 12).
19. აბაკუმისთვის ნათქვამი ღვთის სიტყვების თანახმად, რა დაემართა თავნება იუდაელებს?
19 აბაკუმისთვის ნათქვამი თავისი სიტყვების დასაცავად იეჰოვამ თავნება იუდაელებთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენი იმით შეასრულა, რომ ბაბილონელებს იუდას დაპყრობის ნება დართო. ძვ. წ. 607 წელს მათ გაანადგურეს იერუსალიმი და ტაძარი. დახოცეს როგორც მოხუცები, ისე ახალგაზრდები, და უამრავი ხალხი ტყვედ წაასხეს (2 ნეშტთა 36:17—20). დიდი ხნის ტყვეობის შემდეგ ერთგულ იუდაელთა დარჩენილი ნაწილი თავის მიწაზე დაბრუნდა და დროთა განმავლობაში ტაძარი აღადგინა. მაგრამ მოგვიანებით ისინი კვლავ განუდგნენ იეჰოვას, რაც განსაკუთრებით იმით გამოვლინდა, რომ იესო მესიად არ აღიარეს.
20. როგორ გამოიყენა პავლემ აბაკუმის 1:5 იესოს უარყოფასთან დაკავშირებით?
20 საქმეების 13:38—41-ის თანახმად, მოციქულმა პავლემ ანტიოქიელ იუდეველებს აუხსნა, რას შეიძლება ნიშნავდეს იესოსა და მისი გამომსყიდველური მსხვერპლის უარყოფა. პავლე ბერძნული სეპტუაგინტიდან აბაკუმის 1:5-ს ციტირებდა, როდესაც გაფრთხილებას იძლეოდა: „გაფრთხილდით, რომ არ გეწიოთ წინასწარმეტყველთა მიერ თქმული: ‘იხილეთ, მოძულენო, განცვიფრდით და გაუჩინარდით, რადგან ისეთ საქმეს მოვიმოქმედებ თქვენს დღეებში, რომელსაც არ დაიჯერებდით, ვინმეს რომ მოეთხრო თქვენთვის’ “. მართლაც, პავლეს სიტყვები გამართლდა და აბაკუმის 1:5 ხელმეორედ ახ. წ. 70 წელს შესრულდა, როცა რომაელებმა იერუსალიმი და მისი ტაძარი გაანადგურეს.
21. როგორი თვალსაზრისი ჰქონდათ აბაკუმის დღეებში მცხოვრებ იუდაელებს იეჰოვას ‘საქმესთან’ დაკავშირებით, რომ ბაბილონი გამოეყენებინა იერუსალიმის გასანადგურებლად?
21 აბაკუმის დროს მცხოვრებ იუდაელებს ვერ წარმოედგინათ ღვთის ასეთი „საქმე“ — ბაბილონელების მიერ იერუსალიმის განადგურება, — რადგან ეს ქალაქი იეჰოვას თაყვანისმცემლობისა და მისი ცხებული მეფის სატახტო ადგილი იყო (ფსალმუნი 131:11—18). როგორც ასეთი, იერუსალიმი მანამდე არასოდეს გაუნადგურებიათ. მისი ტაძარი კი არასოდეს დაუწვავთ და დავითის სამეფო სასახლე არასოდეს დაუმხიათ. დაუჯერებელი იყო, რომ იეჰოვა დაუშვებდა ასეთ რამეს, მაგრამ აბაკუმის საშუალებით ღმერთმა გააფრთხილა ისინი, რომ ეს საშინელი მოვლენები მოხდებოდა. ისტორია ამტკიცებს, რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო.
დაუჯერებელი „საქმე“, რასაც დღეს ღმერთი აკეთებს
22. რა შედის ჩვენს დღეებში იეჰოვას ისეთ ‘საქმეებში’, რომელიც დაუჯერებლად გვეჩვენება?
22 ნუთუ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ იეჰოვა არ მოახდენს მსგავს ‘საქმეებს’ ჩვენს დღეებში? დარწმუნებული იყავით, რომ ის გააკეთებს ამას, თუნდაც ეს სკეპტიკოსებს წარმოუდგენლად მიაჩნდეთ. ამჯერად იეჰოვას დაუჯერებელი საქმე ქრისტიანული სამყაროს განადგურებას შეეხება, რომელიც, ძველი იუდას მსგავსად, აცხადებს, რომ ღმერთს ემსახურება, მაგრამ სრულიად გაირყვნა. იეჰოვა იზრუნებს, რომ ეგრეთ წოდებული ქრისტიანული რელიგიური სისტემისა და მთელი „დიდი ბაბილონის“, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობლის, კვალი სრულიად აღმოიფხვრება (გამოცხადება 18:1—24).
23. რა შემდგომი მოქმედებისკენ აღძრა ღვთის სულიწმიდამ აბაკუმი?
23 იეჰოვას ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურებამდე აბაკუმისთვის კიდევ ბევრი საქმე უნდა დაევალებინა. რას ეტყვის კიდევ ღმერთი თავის წინასწარმეტყველს? წარმოიდგინეთ, აბაკუმი ისეთ რამეს მოისმენს, რომ მუსიკალურ საკრავს იღებს და იეჰოვას ლოცვით შესტირებს. მაგრამ მანამდე წინასწარმეტყველს ღვთის სული აღძრავს, სამწუხარო ამბავი განაცხადოს. რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, კიდევ უფრო ღრმად ჩავწვდეთ დათქმული ჟამის შესახებ ასეთი წინასწარმეტყველური სიტყვების მნიშვნელობას. ამიტომ განვაგრძოთ აბაკუმის წინასწარმეტყველებისთვის ყურადღების მიპყრობა.
შეგიძლიათ გაიხსენოთ?
• რა მდგომარეობა იყო იუდაში აბაკუმის დღეებში?
• რა დაუჯერებელი „საქმე“ მოიმოქმედა იეჰოვამ აბაკუმის დღეებში?
• რა საფუძველი ჰქონდა აბაკუმს იმედისთვის?
• რა დაუჯერებელ „საქმეს“ მოიმოქმედებს იეჰოვა ჩვენს დღეებში?
[სურათი 9 გვერდზე]
აბაკუმს სურდა გაეგო, რატომ დაუშვა ღმერთმა ბოროტების აღზევება. იგივე ხომ არ გსურთ თქვენც?
[სურათი 10 გვერდზე]
აბაკუმმა იწინასწარმეტყველა უბედურებები, რომლებსაც იუდას ბაბილონელები დაატეხდნენ თავს.
[სურათი 10 გვერდზე]
არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვ. წ. 607 წელს განადგურებული იერუსალიმის ნანგრევები.