ბიბლიის წიგნი 35 — აბაკუმი
დამწერი: აბაკუმი
დაწერის ადგილი: იუდა
წერა დასრულდა: დაახლ. ძვ. წ. 628 (?)
1. რას ესმება ხაზი აბაკუმის წინასწარმეტყველებაში?
„აბაკუმი“ ებრაული წერილების ეგრეთ წოდებულ „მცირე წინასწარმეტყველებს“ მიეკუთვნება. თუმცა ის, რაც მან ღვთივშთაგონებით იხილა და გააცხადა, თავისი მნიშვნელობით ნამდვილად არ არის მცირე ღვთის ხალხისთვის. მისი წინასწარმეტყველება ამხნევებს და აძლიერებს ღვთის მსახურებს გაჭირვების დროს. წიგნში ხაზი ესმება ორ ჭეშმარიტებას: იეჰოვა ღმერთი უზენაესია და მართალი იცოცხლებს რწმენით. წიგნი ასევე აფრთხილებს ღვთის მსახურთა მოწინააღმდეგეებსა და ეგრეთ წოდებულ ღვთის მსახურებს. ის გვანახვებს, რას ნიშნავს მტკიცე რწმენა იეჰოვასადმი, რომელიც ქება-დიდებას იმსახურებს.
2. რა ვიცით აბაკუმის შესახებ?
2 აბაკუმის წიგნი შემდეგი სიტყვებით იწყება: „განაჩენი, რომელიც წინასწარმეტყველმა აბაკუმმა იხილა“ (აბაკ. 1:1). ვინ იყო წინასწარმეტყველი აბაკუმი (ებრაულად „ხავაკუკ“), რომლის სახელიც „მხურვალე ჩახუტებას“ ნიშნავს? აბაკუმის წარმომავლობის, ტომის, ცხოვრებისა და სიკვდილის შესახებ არაფერია ცნობილი. დარწმუნებით ვერ ვიტყვით, იყო თუ არა ის ლევიანი მუსიკოსი, თუმცა ასეთი დასკვნის გაკეთება წიგნის ბოლოს მიწერილი სიტყვებიდან შეიძლება: „ხელმძღვანელს. ჩემი სიმებიანი საკრავების თანხლებით“.
3. იუდაში განვითარებული რომელი მოვლენები გვეხმარება „აბაკუმის“ დაწერის თარიღის დადგენაში?
3 როდის წინასწარმეტყველებდა აბაკუმი? ზემოაღნიშნული მინაწერი წიგნის ბოლოს და სიტყვები „იეჰოვა თავის წმინდა ტაძარშია“ იმაზე მიუთითებს, რომ იერუსალიმში ტაძარი ჯერ კიდევ იდგა (2:20). გარდა ამისა, თავად წინასწარმეტყველებაც მიანიშნებს, რომ ის ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურებამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე დაიწერა. მაგრამ რამდენი წლით ადრე? ის ძვ. წ. 659—629 წლებში ღვთისმოშიში იოშიას მეფობის შემდეგ უნდა დაწერილიყო. წიგნში ნაწინასწარმეტყველებს იუდეველები ამბად გაგონილსაც კი არ დაიჯერებდნენ. რა იყო წიგნში ნაწინასწარმეტყველები? ღმერთი ქალდეველებს (ბაბილონელებს) აღძრავდა ორგული იუდას დასასჯელად (1:5, 6). ეს უნდა მომხდარიყო კერპთაყვანისმცემელი მეფე იეჰოიაკიმის მეფობის ადრეულ პერიოდში, როდესაც იუდაში ურწმუნოება და უსამართლობა ყვაოდა. ფარაონმა ნექომ იეჰოიაკიმი გაამეფა, ამიტომ ქვეყანა ეგვიპტის გავლენაში მოექცა. იმ პერიოდში ხალხი ბაბილონელთა თავდასხმის ყოველგვარ შესაძლებლობას გამორიცხავდა. თუმცა ძვ. წ. 625 წელს ნაბუქოდონოსორმა ქარხემიშთან ბრძოლაში დაამარცხა ფარაონი ნექო და დაასუსტა ეგვიპტე. მაშასადამე, წინასწარმეტყველება ამ მოვლენამდე უნდა წარმოთქმულიყო. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ აბაკუმმა თავისი წიგნი დაწერა იეჰოიაკიმის მეფობის დასაწყისში (გამეფდა ძვ. წ. 628). ამგვარად, ის იერემიას თანამედროვე იყო.
4. რა ადასტურებს, რომ აბაკუმის წიგნი ღვთივშთაგონებულია?
4 საიდან ვიცით, რომ წიგნი ღვთის შთაგონებითაა დაწერილი? ებრაული წერილების ძველი ნუსხები ადასტურებს აბაკუმის წიგნის კანონიკურობას. თუმცა მათში ეს წიგნი სახელით არ არის მოხსენიებული, აშკარაა, რომ ის „თორმეტ მცირე წინასწარმეტყველში“ შედიოდა, რადგან მის გარეშე წინასწარმეტყველთა რიცხვი თორმეტი ვერ იქნებოდა. ეს წინასწარმეტყველება მოციქულ პავლესაც წმინდა წერილის ნაწილად მიაჩნდა და აბაკუმის 1:5-ის ციტირებისას ამ სიტყვებს „წინასწარმეტყველთა წიგნებში ნათქვამი“ უწოდა (საქ. 13:40, 41). თავის წერილებში მას არაერთხელ მოჰყავდა აზრები აბაკუმის წიგნიდან. აბაკუმის მიერ იუდასა და ბაბილონზე წარმოთქმული წინასწარმეტყველებების შესრულება ადასტურებს, რომ ის იეჰოვას ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი იყო და მისი სახელითა და მის განსადიდებლად წინასწარმეტყველებდა.
5. რისგან შედგება აბაკუმის წიგნი?
5 აბაკუმის წიგნი სამი თავისგან შედგება. პირველ ორ თავში მოცემულია იეჰოვასა და აბაკუმს შორის დიალოგი. მათში საუბარია ქალდეველთა ძლიერებასა და მომავალ უბედურებაზე. ისინი სხვისას იგროვებდნენ, უსამართლოდ იხვეჭდნენ თავიანთი სახლისთვის, სისხლის ღვრით აშენებდნენ ქალაქს და გამოსახულებებს ეთაყვანებოდნენ. მესამე თავი აღწერს იეჰოვას დიდებულებას ბრძოლის დღეს. მისი დრამატული სტილის გამომხატველობითი ძალა განუმეორებელია. ეს არის სამგლოვიარო სიმღერებით წარმოთქმული ლოცვა, რომელსაც „ებრაულ პოეზიაში ერთ-ერთი ყველაზე საუცხოო და მშვენიერი“ ნაწარმოები ეწოდაa.
შინაარსი
6. რა ვითარება იყო იუდაში და რა გასაოცარ რამეს მოიმოქმედებდა იეჰოვა?
6 წინასწარმეტყველი შველას სთხოვდა იეჰოვას (1:1—2:1). ორგული იუდას ურწმუნოების გამო აბაკუმს მრავალი კითხვა დაებადა: „როდემდე უნდა გთხოვდე, იეჰოვა, შველას და არ ისმენდე? . . . რატომ ხდება ძარცვა და ძალადობა ჩემ თვალწინ?“ (1:2, 3). კანონმა ძალა დაკარგა, ბოროტები გარს შემოეხვივნენ მართალს და სამართალი გაუკუღმართდა. ამის გამო იეჰოვა ისეთ რამეს მოიმოქმედებდა, რაც გააოცებდა ხალხს და ‘რომც მოეყოლათ მათთვის, არ დაიჯერებდნენ’. იეჰოვა ‘აღძრავდა ქალდეველებს’. აბაკუმისთვის მიცემული ხილვა, რომელშიც ეს მრისხანე ხალხი სწრაფად მოჰქროდა, შიშის მომგვრელი იყო. ეს მოძალადე ხალხი ‘ქვიშასავით შეაგროვებდა’ ტყვეებს (1:5, 6, 9). წინ ვერავინ დაუდგებოდათ, ვერც მეფეები და ვერც უმაღლესი მოხელეები, ყველას მასხრად აიგდებდნენ. ისინი ყველა ციხესიმაგრეს დაიპყრობდნენ. იეჰოვა, რომელიც წმინდაა, მათი მეშვეობით გაასამართლებდა და ამხელდა თავის ხალხს (1:12). აბაკუმი მოთმინებით ელოდებოდა ღვთის პასუხს.
7. როგორ ანუგეშა იეჰოვამ აბაკუმი?
7 ხუთი ვაის ხილვა (2:2—20). იეჰოვამ პასუხად მიუგო აბაკუმს: „ჩაიწერე ხილვა, გარკვევით ამოკვეთე ფილებზე“. ერთი შეხედვით, ის რომც დაყოვნებულიყო, მაინც შესრულდებოდა. იეჰოვამ ანუგეშა აბაკუმი: „მართალი თავისი ერთგულებით იცოცხლებს“ (2:2, 4). თავდაჯერებული მტერი თავის მიზანს ვერ მიაღწევდა, თუმცა თავისთვის იგროვებდა ერებს და თავს უყრიდა ხალხებს. სწორედ ისინი იტყოდნენ მასზე ხუთ ვაის.
8, 9. ვის წინააღმდეგ არის მიმართული ხუთი ვაი?
8 „ვაი მას, ვინც იმრავლებს იმას, რაც მას არ ეკუთვნის!“ ის თავად გახდება გასაძარცვი. ის გაიძარცვება „ადამიანთა სისხლის ღვრისთვის და მიწის . . . წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობისთვის“ (2:6, 8). „ვაი მას, ვინც თავისი სახლისთვის ბოროტებით იხვეჭს“. ის მოსპობს მრავალ ხალხს, რის გამოც მისი სახლის კედლის ქვები და ჭერის ძელები იღაღადებს (2:9). „ვაი მას, ვინც სისხლის ღვრით აშენებს ქალაქს“. იეჰოვამ თქვა, რომ მისი ხალხი მხოლოდ ცეცხლისა და არარაობისთვის შრომობდა. „აივსება დედამიწა იეჰოვას სიდიადის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლით სავსე“ (2:12, 14).
9 ‘ვაი მას, ვინც რისხვით ასმევს სასმელს თავის მოძმეს მისი სასირცხო ადგილების დასანახავად’. იეჰოვა შეასმევს მას სასმისს, რომელიც მარჯვენაში აქვს, დაამცირებს მის დიდებას „ადამიანთა სისხლის ღვრისთვის და მიწის . . . წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობისთვის“. რა სარგებლობას მოუტანს გამოსახულება თავის შემქმნელს, ის ხომ არაფრის მაქნისი და უტყვი ღმერთია?! (2:15, 17). „ვაი მას, ვინც ხის ნაჭერს ეუბნება, გაიღვიძე, და უტყვ ქვას, გამოიღვიძეო! ის არის მასწავლებელიო“. ამ უსიცოცხლო ღმერთებისგან განსხვავებით, „იეჰოვა თავის წმინდა ტაძარშია. დადუმდი, დედამიწავ, მის წინაშე!“ (2:19, 20)
10. რა შიშის მომგვრელ საქმეებს მოიმოქმედებს იეჰოვა ბრძოლის დღეს?
10 იეჰოვა ბრძოლის დღეს (3:1—19). თავის ლოცვაში აბაკუმი ხატოვანი ენით აღწერს იეჰოვას შიშის მომგვრელ საქმეებს. იეჰოვას „დიდებამ დაფარა ზეცა, მისი ქებით აივსო დედამიწა“ (3:3). მისი ბრწყინვალება სინათლეს ჰგავდა და ჭირი მიდიოდა მის წინ. გაჩერდა ის, შეარყია დედამიწა, შიშით აათრთოლა ხალხები და გაცამტვერდნენ მარადიული მთები. იეჰოვა ცხენზე იყო ამხედრებული, გაშიშვლებული იყო მისი მშვილდი და ხსნა მოჰქონდა მის ეტლებს. შეიძრა მთები და ახმაურდა ღრმა წყალი. გაჩერდა მზე და მთვარე, სინათლესავით მოდიოდა მისი ისრები და კაშკაშა იყო მისი შუბის ელვარება, როცა მიაბიჯებდა დედამიწაზე და რისხვით ლეწავდა ხალხებს. ის თავისი ხალხისა და ცხებულის სახსნელად გამოვიდა, რათა „საძირკვლიდან ჭერამდე“ გაენადგურებინა ბოროტის სახლი (3:13).
11. როგორ იმოქმედა ხილვამ აბაკუმზე და როგორ მოიქცეოდა ის?
11 წინასწარმეტყველი შეძრა იმ ძლევამოსილი საქმეების ხილვამ, რომლებიც იეჰოვამ წარსულში გააკეთა და მომავალშიც გააკეთებდა, რაც შეარყევდა მსოფლიოს. „გავიგონე და შემეძრა შიგნეული, ამის გაგონებაზე ბაგე ამითრთოლდა, ლპობა შეეპარა ჩემს ძვლებს; თუმცა შევშფოთდი, მაინც მშვიდად დაველოდები გასაჭირის დღეს, როცა ის მოვა ხალხზე თავდასასხმელად“ (3:16). მიუხედავად იმისა, რომ დადგებოდა გასაჭირის დღე — აღარ აყვავდებოდა ლეღვი, ვაზი აღარ გამოიღებდა მტევანს და ფარა აღარ ეყოლებოდათ — აბაკუმი გაიხარებდა იეჰოვათი და იმხიარულებდა თავისი ხსნის ღმერთით. სიმღერის ბოლოს მან აღტაცებულმა თქვა: „იეჰოვა, უზენაესი უფალი ჩემი მაცოცხლებელი ძალაა! ფურირმისას დამიმსგავსებს ფეხებს და გამათელვინებს ჩემს მაღლობებს“ (3:19).
რატომ არის სასარგებლო
12. რა და რა შემთხვევებში ციტირებდა პავლე აბაკუმის 2:4-ს?
12 მოციქულ პავლეს ესმოდა, რომ აბაკუმის წინასწარმეტყველება სასარგებლო იყო სასწავლებლად, ამიტომ ის სამჯერ ციტირებდა მეორე თავის მეოთხე მუხლს. იმის აღსანიშნავად, რომ სასიხარულო ცნობა ღვთის ძალაა ყოველი მორწმუნის სახსნელად, პავლემ რომაელ ქრისტიანებს მისწერა: «მასში ცხადდება ღვთის სიმართლე რწმენით და რწმენისთვის, როგორც დაწერილია: „მართალი რწმენით იცოცხლებს“». გალატელებისთვის მიწერილ წერილში პავლემ აღნიშნა, რომ კურთხევების მისაღებად რწმენაა საჭირო: «კანონით არავინ არის აღიარებული მართლად ღვთის წინაშე, რადგან „მართალი რწმენით იცოცხლებს“». პავლემ ებრაელებისთვის მიწერილ წერილში კიდევ ერთხელ მოიხსენია აბაკუმის მიერ ნათქვამი იეჰოვას სიტყვები და აღნიშნა, რომ ქრისტიანებმა უნდა გამოავლინონ ცოცხალი რწმენა სულის ცოცხლად შესანარჩუნებლად. ის ციტირებდა აბაკუმის სიტყვებს, „მართალი რწმენით იცოცხლებს“, აგრეთვე ბერძნული სეპტუაგინტის მიხედვით წინასწარმეტყველის შემდეგ სიტყვებსაც: „თუ უკან დაიხევს, ჩემი სული არ მოიწონებს მას“. დასასრულ პავლე ამბობს: „[ჩვენ] რწმენა გვაქვს სულის ცოცხლად შესანარჩუნებლად“ (რომ. 1:17; გალ. 3:11; ებრ. 10:38, 39).
13. რაში გვარწმუნებს იუდასა და ბაბილონზე შესრულებული აბაკუმის წინასწარმეტყველებები?
13 აბაკუმის წინასწარმეტყველება ძალიან სასარგებლოა ქრისტიანებისთვის, რომლებსაც მაცოცხლებელი ძალა სჭირდებათ. ის ღმერთზე მინდობას გვასწავლის და გვეხმარება, ღვთის განაჩენის შესახებ გავაფრთხილოთ ხალხი, რადგან წიგნიდან აშკარად ჩანს ერთი რამ: ნურავინ იფიქრებს, რომ ღმერთი აყოვნებს თავისი განაჩენის აღსრულებას — ის „უეჭველად შესრულდება“ (აბაკ. 2:3). როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, იუდა ბაბილონელებმა გაანადგურეს, ბაბილონი კი ძვ. წ. 539 წელს მიდიელებმა და სპარსელებმა დაიპყრეს. ეს კარგ საფუძველს გვაძლევს, ვენდოთ ღვთის სიტყვას. მოციქული პავლე „აბაკუმიდან“ ციტირებდა, როცა ურწმუნოების შესახებ აფრთხილებდა თავის თანამედროვე იუდეველებს: «გაფრთხილდით, რომ თქვენზე არ შესრულდეს წინასწარმეტყველთა წიგნებში ნათქვამი: „უყურეთ, მოძულენო, გაიკვირვეთ და გაუჩინარდით, რადგან ისეთ საქმეს ვაკეთებ თქვენს დროში, ვინმე დაწვრილებითაც რომ მოგიყვეთ, მაინც არ ირწმუნებთ“» (საქ. 13:40, 41; აბაკ. 1:5). ურწმუნო იუდეველებმა ყურად არ იღეს პავლეს სიტყვები, ისევე როგორც არ დაიჯერეს იესოს გაფრთხილება იერუსალიმის განადგურების შესახებ. თავიანთი ურწმუნოების შედეგი მათ მაშინ იწვნიეს, როდესაც ახ. წ. 70 წელს რომის ჯარმა იერუსალიმი გაანადგურა (ლუკ. 19:41—44).
14. ა) როგორ ეხმარება აბაკუმის წინასწარმეტყველება ქრისტიანებს მტკიცე რწმენის შენარჩუნებაში? ბ) წინასწარმეტყველების თანახმად, ვისით ხარობენ სიმართლის მოყვარულნი?
14 აბაკუმის წინასწარმეტყველება დღესაც ეხმარება ქრისტიანებს, მტკიცე რწმენა შეინარჩუნონ ძალადობით სავსე ქვეყნიერებაში. ის ეხმარება მათ, ასწავლონ სხვებს და პასუხი გასცენ კითხვას, რომელსაც მთელ მსოფლიოში სვამს ხალხი: „დასჯის ღმერთი ბოროტებს?“ კიდევ ერთხელ მიაქციეთ ყურადღება სიტყვებს: „დაელოდე, რადგან უეჭველად შესრულდება, არ დააგვიანდება“ (აბაკ. 2:3). რაც არ უნდა მოხდეს, დედამიწაზე დარჩენილ ცხებულ ქრისტიანებს არასდროს დაავიწყდებათ აბაკუმის სიტყვები იეჰოვას შურისძიების შესახებ: „შენი ხალხის სახსნელად, შენი ცხებულის გადასარჩენად გამოხვედი“ (3:13). იეჰოვა ძველი დროიდან მათი „წმინდა“ და „კლდეა“, რომელიც ამხელს უმართლოებს და სიცოცხლეს აძლევს მათ, ვისაც სიყვარულით იკრავს გულში. სიმართლის მოყვარულნი ხარობენ იეჰოვას სამეფოთი და უზენაესობით და ამბობენ: „მაინც გავიხარებ იეჰოვათი და ვიმხიარულებ ჩემი ხსნის ღმერთით. იეჰოვა, უზენაესი უფალი ჩემი მაცოცხლებელი ძალაა!“ (1:12; 3:18, 19)
[სქოლიო]
a The Book of the Twelve Minor Prophets, 1868, ე. ჰენდერსონი, გვ. 285.