„ნუმც ჩამოყრი ხელებს“
„ნუმც მოგეღება მკლავი! [ნუმც ჩამოყრი ხელებს, აქ] უფალი, შენი ღმერთი, შენს წიაღშია, გმირი, რომელიც გიხსნის“ (სოფონია 3:16, 17).
1. რა განაცხადა ბიბლიის მცოდნემ სოფონიას წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებით?
სოფონიას წინასწარმეტყველება ძველი წელთაღრიცხვით VII–VI საუკუნეებში თავისი პირველი შესრულების პერიოდზე ბევრად უფრო შორს მიუთითებს. სოფონიას წიგნის შესახებ თავის კომენტარში პროფესორი კ. ფ. კეილი წერდა: „სოფონიას წინასწარმეტყველება. . . არა მხოლოდ იწყება მთელ მსოფლიოზე საყოველთაო სამსჯავრო განაჩენის გაცხადებით, რომლის გამოც ეს სამსჯავრო დაატყდება იუდას მისი ცოდვებისთვის და სხვა ერებისგან შემდგარ ქვეყნიერებას, რომელიც იეჰოვას ხალხისადმი მტრულად არის განწყობილი; არამედ ამ წინასწარმეტყველების განხილვა გრძელდება იეჰოვას დიდი და საშინელი დღის განმავლობაში“.
2. რა საერთოა სოფონიას დროს არსებულ პირობებსა და დღევანდელი ქრისტიანული სამყაროს მდგომარეობას შორის?
2 დღეს იეჰოვას სასამართლო გადაწყვეტილებაში შედის ერების შეკრება, რომ სოფონიას დროინდელ განადგურებაზე უფრო დიდი მასშტაბით გაანადგუროს ისინი (სოფონია 3:8). ღმერთის თვალში განსაკუთრებით ის ერები იმსახურებენ მსჯავრდადებას, რომლებიც თავს ქრისტიანებად აცხადებენ. იერუსალიმის მსგავსად, რომელსაც იეჰოვასადმი ორგულობა საშინელ ფასად დაუჯდა, თავისი აღვირახსნილობისთვის ქრისტიანულმა სამყარომაც ღმერთის წინაშე უნდა აგოს პასუხი. სოფონიას დროს იუდასა და იერუსალიმის წინააღმდეგ წარმოთქმული ღვთიური განაჩენი უფრო მეტად ეხება ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებსა და სექტებს. ღმერთის შეურაცხმყოფელი დოქტრინებით, რომელთაგან ბევრს კერპთაყვანისმცემლური დასაბამი აქვს, მათ წმინდა თაყვანისმცემლობაც შელახეს. ომის თანამედროვე სამსხვერპლოზე მათ მსხვერპლად შესწირეს მილიონობით ჯანმრთელი შვილი. ამასთანავე, სიმბოლური იერუსალიმის მკვიდრებმა შემოიღეს ეგრეთ წოდებულ ქრისტიანობაში ასტროლოგია, სპირიტული წეს-ჩვეულებები და დაცემული სექსუალური უზნეობა, რაც გონებაში ბაალისადმი თაყვანისმცემლობის სურათს აღძრავს (სოფონია 1:4, 5).
3. რა შეიძლება ითქვას დღევანდელი მრავალი საერო ლიდერისა და პოლიტიკური ხელისუფლებების შესახებ და რას წინასწარმეტყველებდა სოფონია?
3 ქრისტიანული სამყაროს მრავალ პოლიტიკურ წინამძღოლს უყვარს ეკლესიაში გამოჩენა. მაგრამ იუდას ‘მთავრების’ მსგავსად, მრავალი მათგანი, როგორც ‘მბდღვინავი ლომები’ და გაუმაძღარი ‘მგლები’, ექსპლუატაციას უწევს ხალხს (სოფონია 3:1–3). ხოლო ისინი, რომლებიც ასეთ პოლიტიკურ პიროვნებებს ემლიქვნელებიან, ‘თავიანთი უფლის სახლს [ბატონების სახლებს, აქ] მძლავრობითა და სიცრუით ავსებენ’ (სოფონია 1:9). ფართოდ არის გავრცელებული მექრთამეობა და გახრწნილობა. ხოლო ქრისტიანული და არაქრისტიანული სამყაროს ქვეყნებში პოლიტიკური ხელისუფლებების მზარდი რიცხვი ‘უდიდგულდება’ ძალთა უფლის, იეჰოვას ხალხს — მის მოწმეებს, რადგან ეპყრობიან მათ, როგორც საძაგელ „სექტას“ (სოფონია 2:8; საქმე 24:5, 14, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). ყველა ასეთ პოლიტიკურ წინამძღოლსა და მათ მიმდევრებთან დაკავშირებით სოფონია წინასწარმეტყველებდა: „ვერც ვერცხლი, ვერც ოქრო ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს და მისი შურის ცეცხლი შთანთქავს მთელს ქვეყანას, რადგან ბოლოს მოუღებს უცაბედად ქვეყნის ყველა მკვიდრს“ (სოფონია 1:18).
‘უფლის რისხვის დღეს დამალულები’
4. რა გვიჩვენებს, რომ იქნებიან ადამიანები, რომლებიც გადაურჩებიან იეჰოვას დიდ დღეს, მაგრამ რა უნდა გააკეთონ?
4 ძველი წელთაღრიცხვით მეშვიდე საუკუნის იუდას მცხოვრებლებისგან ყველა არ იყო განადგურებული. მსგავსად ამისა, იქნებიან პიროვნებები, რომლებიც გადაურჩებიან იეჰოვას დიდ დღეს. თავისი წინასწარმეტყველის, სოფონიას მეშვეობით ასეთ პიროვნებებს იეჰოვამ ამცნო: „ვიდრე მოაწევდეს განგება, ბზესავით განიავდებოდეს დღე, ვიდრე არ დაგცემიათ უფლის რისხვის ალი, ვიდრე არ დაგტეხიათ უფლის რისხვის დღე. ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო, ვინც მისდევთ უფლის რჯულს; ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს“ (სოფონია 2:2, 3).
5. ამ აღსასრულის დროს პირველად ვინ გაითვალისწინა სოფონიას წარმოთქმული გაფრთხილება და რაში იყენებს მათ იეჰოვა?
5 ამ ქვეყნიერების აღსასრულის დროს, პირველად წინასწარმეტყველური მოწვევა გაითვალისწინეს სულიერი ისრაელის დარჩენილი ნაწილის წევრებმა, ცხებულმა ქრისტიანებმა (რომაელთა 2:28, 29; 9:6; გალატელთა 6:16). რადგან სამართლიანობასა და თავმდაბლობას ეძებდნენ და იეჰოვას სასამართლო გადაწყვეტილებებისადმი პატივისცემას ავლენდნენ, ისინი გათავისუფლებული იყვნენ დიდი ბაბილონისგან, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელისგან და 1919 წელს მათდამი ღმერთის კეთილგანწყობილება აღდგენილი იყო. იმ დროიდან, ხოლო განსაკუთრებით 1922 წლიდან, ეს ერთგული დარჩენილი ნაწილი უშიშრად აცხადებს იეჰოვას სამსჯავრო განაჩენებს ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების, სექტებისა და სახელმწიფოების წინააღმდეგ.
6. ა) რას წინასწარმეტყველებდა სოფონია ერთგული დარჩენილი ნაწილის შესახებ? ბ) როგორ სრულდება ეს წინასწარმეტყველება?
6 ამ ერთგული დარჩენილი ნაწილის შესახებ სოფონიამ იწინასწარმეტყველა: „დავტოვებ შენს წიაღში თვინიერ და ბეჩავ ხალხს და შეუვრდებიან [თავს შეაფარებენ, აქ] უფლის სახელს. აღარ ჩაიდენს უსამართლობას ისრაელის ნატამალი, აღარ იცრუებს, აღარ იქნება მათ ბაგეებში მზაკვარი ენა; მოსძოვენ და დაისვენებენ, აღარავინ ეყოლებათ შემაწუხებელი“ (სოფონია 3:12, 13). ეს ცხებული ქრისტიანები ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებდნენ იეჰოვას სახელს, მაგრამ განსაკუთრებით ისინი აკეთებენ ამას 1931 წლიდან, როცა მიიღეს სახელი „იეჰოვას მოწმეები“ (ესაია 43:10–12, აქ). რადგან იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკამათო საკითხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ისინი პატივისცემით ეპყრობიან ღმერთის სახელს, რომელიც მათთვის თავშესაფარია (იგავნი 18:10). იეჰოვა უხვად აძლევს მათ სულიერ საზრდოს და ისინი უშიშრად ცხოვრობენ სულიერ სამოთხეში (სოფონია 3:16, 17).
‘სახელი და დიდება ყველა ხალხში’
7, 8. ა) რომელი შემდგომი წინასწარმეტყველება სრულდება სულიერი ისრაელის დარჩენილ ნაწილზე? ბ) რა აღიარა მილიონობით ადამიანმა და რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით?
7 იეჰოვას სახელისა და მისი სიტყვის სამართლიანი პრინციპებისადმი ღრმა სიყვარული, რომელიც დარჩენილმა ნაწილმა გამოავლინა, არ დარჩა შეუმჩნეველი. გულწრფელმა ადამიანებმა დაინახეს განსხვავება დარჩენილი ნაწილის ქცევასა და ქვეყნიერების პოლიტიკური და რელიგიური ხელმძღვანელების გახრწნილობასა და პირმოთნეობას შორის. იეჰოვამ აკურთხა „[სულიერი] ისრაელის ნატამალი“. მან თავისი სახელის ტარების ღირსად ჩათვალა ისინი და ხელი შეუწყო დედამიწის ხალხებს შორის კარგი სახელის მოპოვებაში. ეს შეესაბამება სოფონიას წინასწარმეტყველებას: „იმ დროს წამოგიყვანთ და იმ დროსვე მოგიყრით თავს, მოგიხვეჭთ სახელს და დიდებას დედამიწის ყველა ხალხში, როცა დავაბრუნებ თქვენს ტყვეებს თქვენს თვალწინ, ამბობს უფალი“ (სოფონია 3:20).
8 დაწყებული 1935 წლიდან, პირდაპირი გაგებით მილიონობით ადამიანმა აღიარა, რომ იეჰოვამ აკურთხა დარჩენილი ნაწილი. ისინი სიხარულით მიჰყვებიან ამ სულიერ იუდეველებს, ანუ ისრაელებს და ამბობენ: „თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი“ (ზაქარია 8:23). ცხებულ დარჩენილ ნაწილში ეს ‘სხვა ცხვრები’ ხედავენ ქრისტეს „მთელ. . . [მიწიერ] საბადებელზე“ დაყენებულ ‘ერთგულ და გონიერ მონას’. ისინი მადლიერებით იღებენ სულიერ საზრდოს, რომელსაც მონის კლასი „დროულად“ ამზადებს (იოანე 10:16; მათე 24:45–47).
9. რომელ „ენაზე“ სწავლობს ლაპარაკს მილიონობით ადამიანი და რომელ დიდებულ საქმიანობას ასრულებენ სხვა ცხვრები ცხებულ დარჩენილ ნაწილთან „მხარდამხარ“?
9 დარჩენილ ნაწილთან ერთად სხვა ცხვრებისგან შემდგარი ეს მილიონები სწავლობენ „სუფთა ენასთან“ შეთანხმებულ ცხოვრებასა და ლაპარაკსa. სოფონიას მეშვეობით იეჰოვამ იწინასწარმეტყველა: „მაშინ გავასუფთავებ ხალხთა ბაგეებს [მივცემ სუფთა ენას, აქ], რომ ყველამ ახსენოს უფლის სახელი და ერთსულოვნად [მხარდამხარ, აქ] ემსახურონ“ (სოფონია 3:9). დიახ, სხვა ცხვრები ‘მცირე სამწყსოს’ ცხებულ წევრებთან ერთად, მხარდამხარ ემსახურებიან იეჰოვას და ასრულებენ გადაუდებელ სამქადაგებლო საქმიანობას, ‘ქადაგებენ სახარებას სასუფეველზე [კეთილ ცნობას სამეფოს შესახებ, აქ] ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად’ (ლუკა 12:32; მათე 24:14).
‘უფლის დღე მოვა’
10. რაში იყო ყოველთვის დარწმუნებული ცხებულთა დარჩენილი ნაწილი და რის ხილვას მოესწრებიან, როგორც კლასი?
10 ცხებულთა დარჩენილ ნაწილს ყოველთვის ახსოვს მოციქული პეტრეს ინსპირირებული განცხადება: „არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად. ხოლო უფლის დღე ქურდივით მოვა“ (2 პეტრე 3:9, 10). ერთგული მონის კლასის წევრები ოდნავაც არ ეჭვობენ, რომ იეჰოვას დღე ჩვენს დროში მოვა. ეს დიდი დღე დაიწყება ღმერთის გამოტანილი განაჩენების შესრულებით, რომლებიც მან გამოუტანა ქრისტიანულ სამყაროს — სიმბოლურ იერუსალიმს და დიდი ბაბილონის დანარჩენ ნაწილს (სოფონია 1:2–4; გამოცხადება 17:1, 5; 19:1, 2).
11, 12. ა) სოფონიას წინასწარმეტყველების რომელი სხვა ნაწყვეტი სრულდება დარჩენილ ნაწილზე? ბ) როგორ გაითვალისწინა ცხებულთა დარჩენილმა ნაწილმა მოწოდება: „ნუმც ჩამოყრი ხელებს“?
11 ერთგული დარჩენილი ნაწილი ხარობს, რომ 1919 წელს გათავისუფლებული იქნა დიდი ბაბილონის, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელის სულიერი მონობისგან. მათ საკუთარ თავზე განიცადეს სოფონიას წინასწარმეტყველების შესრულება: „გიხაროდეს, სიონო, იყიჟინე, ისრაელო! იმხიარულე და იხალისე მთელი გულით, იერუსალიმის ასულო! აგხადა უფალმა სასჯელი, უკუაქცია შენი მტერი. მეფე ისრაელისა, უფალი, შენს წიაღშია. უბედურებას აღარ იხილავ. იმ დღეს ეტყვიან იერუსალიმს: ნუ გეშინია! და სიონს: ნუმც მოგეღება მკლავი! [ნუმც ჩამოყრი ხელებს, აქ] უფალი, შენი ღმერთი, შენს წიაღშია, გმირი [ძლიერი პიროვნება, აქ], რომელიც გიხსნის“ (სოფონია 3:14–17).
12 ცხებულთა დარჩენილ ნაწილს მტკიცედ სწამს და მრავალჯერ დარწმუნებულა, რომ იეჰოვა მათ შორისაა, და უშიშრად აგრძელებს ღმერთის დავალების შესრულებას. ისინი ქადაგებენ კეთილ ცნობას სამეფოს შესახებ და აცხადებენ იეჰოვას სამსჯავროს ქრისტიანული სამყაროს, დიდი ბაბილონის დანარჩენი ნაწილისა და სატანის მთელი ბოროტი სისტემის წინააღმდეგ. ყველანაირი სირთულეების მიუხედავად, 1919 წლიდან ათწლეულების განმავლობაში, ისინი ემორჩილებიან ღმერთის ბრძანებას: ‘ნუ გეშინია, სიონო! ნუმც ჩამოყრი ხელებს’ მათ არ ჩამოუყრიათ ხელები მილიარდობით ტრაქტატების, ჟურნალებისა და წიგნების გავრცელებისას, რომლებიც იუწყებიან იეჰოვას სამეფოს. ისინი წარმოადგენენ რწმენის განმამტკიცებელ მაგალითს სხვა ცხვრებისთვის, რომლებიც 1935 წლიდან იკრიბებიან მათ გვერდით.
„ნუმც ჩამოყრი ხელებს“
13, 14. ა) რატომ იხევდა უკან იეჰოვასადმი მსახურებისგან ზოგიერთი იუდეველი და რით მჟღავნდებოდა ეს? ბ) ჩვენი მხრიდან რომელი მოქმედება იქნებოდა უგუნური და რომელ საქმიანობაში არ უნდა დავუშვათ, რომ ჩამოვყაროთ ხელები?
13 როგორ შეგვიძლია იეჰოვას დიდი დღის ‘მოლოდინში’ სოფონიას წინასწარმეტყველებიდან სარგებლობის მიღება? პირველ ყოვლისა, ჩვენ უნდა შევეცადოთ არ გავხდეთ სოფონიას დროის იუდეველების მსგავსი, რომლებიც უკან იხევდნენ და არ მიჰყვებოდნენ იეჰოვას, რადგან ეჭვობდნენ, რომ იეჰოვას დღე ახლოს იყო. ასეთი იუდეველები მაინცდამაინც საჯაროდ არ გამოთქვამდნენ თავიანთ ეჭვებს, მაგრამ თავიანთი მოქმედებებით ისინი ცხადყოფდნენ, რომ სინამდვილეში მათ არ სწამდათ, რომ იეჰოვას დღე მოახლოვდა. ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვას მოლოდინში ყოფილიყვნენ, მთელი ყურადღება სიმდიდრის დაგროვებაზე გადაიტანეს (სოფონია 1:12, 13; 3:8).
14 დღეს არ არის იმის დრო, რომ ეჭვებმა ფესვი გაიდგას ჩვენს გულებში. დიდი უგუნურება იქნებოდა, თუ ჩვენს გონებაში ან გულში გადავდებდით იეჰოვას დღის მოახლოებას (2 პეტრე 3:1–4, 10). უნდა შევეცადოთ, არ დავიხიოთ უკან იეჰოვას გზიდან ან არ ‘ჩამოვყაროთ ხელები’ მისადმი მსახურებაში. ეს კი ნიშნავს, რომ არ უნდა ‘ვიზარმაცოთ’ ‘სახარების [კეთილი ცნობის, აქ]’ ქადაგებაში (იგავნი 10:4; მარკოზი 13:10).
გულგრილობა, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ
15. რამ შეიძლება გამოიწვიოს იეჰოვასადმი მსახურებაში ხელების ჩამოყრა და როგორ იწინასწარმეტყველა სოფონიამ ამ პრობლემის შესახებ?
15 მეორე მხრივ, ჩვენ თავს უნდა ვიცავდეთ გულგრილობის დამასუსტებელი გავლენისგან. დასავლეთის მრავალ ქვეყანაში სულიერი საკითხების შესახებ უზრუნველობამ შეიძლება გული აუცრუოს კეთილი ცნობის ზოგიერთ მაუწყებელს. ასეთი გულგრილობა სოფონიას დროსაც არსებობდა. თავისი წინასწარმეტყველის მეშვეობით იეჰოვამ გამოაცხადა: „მსჯავრს დავდებ. . . [მათ], გულში რომ ამბობენ: არც კარგს აკეთებს უფალი, არც ცუდსო“ (სოფონია 1:12). თავის ნაშრომში ბიბლიის ამ ნაწყვეტის შესახებ ა. ბ. დევიდსონმა განაცხადა, რომ აქ ყურადღება მახვილდება მათზე, რომლებიც „მოიცვა გულგრილობამ ან უფრო მეტად უნდობლობამ, რომ უმაღლესი ძალა საერთოდ ჩაერევა ადამიანთა საქმეებში“ (Cambridge Bible for Schools and Colleges).
16. როგორ არის განწყობილი ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების მრავალი წევრი, მაგრამ როგორ გვამხნევებს იეჰოვა?
16 დღეს გულგრილობა დედამიწის მრავალ მხარეშია გაბატონებული, განსაკუთრებით კი უფრო მდიდარ ქვეყნებში. ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების წევრებსაც კი უბრალოდ არ სწამთ, რომ იეჰოვა ღმერთი ჩვენს დროში ჩაერევა ადამიანთა საქმეებში. სკეპტიკური ღიმილით ან მოკლე პასუხით: „არ მაინტერესებს!“, ისინი ხელის გაქნევით იშორებენ ჩვენს ძალისხმევას, გადავცეთ კეთილი ცნობა სამეფოს შესახებ. ასეთი პირობების დროს დამოწმებაში შეუდრეკელობა შეიძლება ნამდვილი გამოცდა იყოს. ამით იცდება ჩვენი გამძლეობა. მაგრამ სოფონიას წინასწარმეტყველების საშუალებით იეჰოვა აძლიერებს თავის ერთგულ ხალხს, როცა ამბობს: „ნუმც მოგეღება მკლავი! [ნუმც ჩამოყრი ხელებს, აქ] უფალი, შენი ღმერთი, შენს წიაღშია, გმირი [ძლიერი პიროვნება, აქ], რომელიც გიხსნის; სიხარულით გაიხარებს შენზე, განგაახლებს თავის სიყვარულში, სიმღერით იზეიმებს შენს გამო“ (სოფონია 3:16, 17).
17. რომელ შესანიშნავ მაგალითს უნდა მიჰყვნენ ისინი, ვინც სხვა ცხვრებს შორის ახლები არიან და როგორ?
17 იეჰოვას ხალხის დღევანდელი ისტორია უჩვენებს, რომ ამ უკანასკნელ დღეებში დარჩენილმა ნაწილმა და ასევე სხვა ცხვრებისგან უფროსი თაობის ადამიანებმა შეასრულეს უზარმაზარი საქმიანობა შეკრებასთან დაკავშირებით. ყველა ეს ერთგული ქრისტიანი ათწლეულების მანძილზე ავლენდა მოთმინებას. ისინი არ რთავდნენ ნებას, რომ გულგრილობას, რომელსაც ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლების უმრავლესობა ავლენდა, აეცრუებინა მათი გულები. ამიტომ, დაე, ისინი, ვინც სხვა ცხვრებს შორის ახლები არიან, არ დადარდიანდნენ სულიერი საკითხებისადმი გულგრილობის გამო, რომელიც დღეს ასე გაბატონებულია მრავალ ქვეყანაში. დაე, არ ‘ჩამოყარონ ხელები’, ანუ არ დასუსტდნენ. დაე, ყოველი შესაძლებლობა გამოიყენონ ჟურნალების, „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“, და სხვა შესანიშნავი პუბლიკაციების შესათავაზებლად, რომლებიც სპეციალურად ცხვრისმაგვარი ადამიანების დასახმარებლად არის განკუთვნილი, რომ შეისწავლონ ჭეშმარიტება იეჰოვას დღისა და იმ კურთხევების შესახებ, რომლებიც მას მოჰყვება.
დიდი დღის მოლოდინში — წინ!
18, 19. ა) რა გამხნევებას ვპოვებთ ჩვენს განსამტკიცებლად მათეს 24:13-სა და ესაიას 35:3, 4-ში? ბ) როგორ ვიქნებით კურთხეულნი, თუ იეჰოვასადმი მსახურებაში გაერთიანებულად ვივლით წინ?
18 იესომ გამოაცხადა: „ბოლომდის დამთმენი გადარჩება“ (მათე 24:13). ამიტომ, არავითარი „ღონემიხდილი ხელები და მოკვეთილი მუხლები“, სანამ იეჰოვას დიდ დღეს ველოდებით! (ესაია 35:3, 4). იეჰოვას შესახებ სოფონიას წინასწარმეტყველება დამამშვიდებლად იუწყება: „ის გიხსნის, როგორც ძლიერი პიროვნება“ (სოფონია 3:17, აქ). დიახ, იეჰოვა იხსნის ‘უამრავ ხალხს’ ‘დიდი გასაჭირის’ უკანასკნელ ფაზაში, როცა უბრძანებს თავის ძეს, ჭურჭელივით დაამსხვრიოს სახელმწიფოები, რომლებიც ისევ ‘უდიდგულდებიან’ მის ხალხს (გამოცხადება 7:9, 14; სოფონია 2:10, 11; ფსალმუნი 2:7–9).
19 დაე, იეჰოვას დღის მოახლოების დროს მისადმი „მხარდამხარ“ მსახურებისას გაბედულად მივიწევდეთ წინ! (სოფონია 3:9, აქ). თუ ასე ვიმოქმედებთ, ჩვენ და ურიცხვ ადამიანსაც მოგვეცემა საშუალება ‘დავიმალოთ უფლის რისხვის დღეს’ და ვიხილოთ მისი წმინდა სახელის განწმენდა (სოფონია 2:3).
[სქოლიო]
a „სუფთა ენის“ სრული განხილვისთვის იხილე 1991 წლის „საგუშაგო კოშკი“, 1 აპრილის გამოცემა, გვერდები 20–25 (ინგლ.) და 1 მაისის გამოცემა, გვერდები 10–20 (ინგლ.).
გამეორებისთვის
◻ რა გაგებით შეესატყვისება ქრისტიანული სამყაროს რელიგიური მდგომარეობა სოფონიას დროს არსებულ მდგომარეობას?
◻ რით ემსგავსებიან დღევანდელი პოლიტიკური წინამძღოლები სოფონიას დროს მცხოვრებ საერო ‘მთავრებს’?
◻ სოფონიას წარმოთქმული რომელი აღთქმები შესრულდა ცხებულთა დარჩენილ ნაწილზე?
◻ რა აღიარა მილიონობით ადამიანმა?
◻ რატომ არ უნდა დავუშვათ, რომ იეჰოვასადმი მსახურებაში ‘ჩამოვყაროთ ხელები’?
[სურათები 25-ე გვერდზე]
სოფონიას მსგავსად, ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი ერთგული დარჩენილი ნაწილი უშიშრად აუწყებს იეჰოვას სამსჯავრო განაჩენებს.
[სურათები 26-ე გვერდზე]
‘სხვა ცხვრები’ არ რთავენ ნებას, რომ ადამიანთა გულგრილობის გამო გული აუცრუვდეთ.