„მელოდეთ“
„მელოდეთ მე, ამბობს უფალი“ (სოფონია 3:8).
1. რის შესახებ აფრთხილებდა წინასწარმეტყველი სოფონია და რატომ არის საინტერესო ეს დღეს მცხოვრები ადამიანებისთვის?
„ახლოს არის უფლის დიდი დღე“. ამ გაფრთხილებას ძველი წელთაღრიცხვით VII საუკუნის შუა წლებში წარმოთქვამდა წინასწარმეტყველი სოფონია (სოფონია 1:14). ეს წინასწარმეტყველება შესრულდა 40–50 წლის შემდეგ, როცა იეჰოვას განაჩენების შესრულების დღე თავს დაატყდა იერუსალიმსა და იმ ერებს, რომლებიც დაუფარავად უგულებელყოფდნენ იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას იმით, რომ ცუდად ეპყრობოდნენ მის ხალხს. რატომ არის საინტერესო ეს ამბავი XX საუკუნის დასასრულს მცხოვრებთათვის? ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, როცა იეჰოვას საბოლოო „დიდი დღე“ სწრაფად ახლოვდება. სოფონიას დროს მომხდარის მსგავსად, იეჰოვას „ანთებული რისხვა“ სადაცაა გადაბუგავს იერუსალიმის თანამედროვე ეკვივალენტს, ქრისტიანულ სამყაროს და ყველა ერს, რომლებიც ცუდად ეპყრობიან იეჰოვას ხალხს და არ ემორჩილებიან მის უზენაეს ხელისუფლებას (სოფონია 1:4; 2:4, 8, 12, 13; 3:8, აქ; 2 პეტრე 3:12, 13).
სოფონია — გაბედული მოწმე
2, 3. ა) რა ვიცით სოფონიას შესახებ და რა მიუთითებს, რომ ის იეჰოვას გაბედული მოწმე იყო? ბ) რომელი ფაქტები გვაძლევს საშუალებას, დავადგინოთ სოფონიას წინასწარმეტყველების დრო და ადგილი?
2 ცოტაა ცნობილი წინასწარმეტყველის, სოფონიას შესახებ, რომლის სახელიც (ებრაულად ცეფჰან·იაჰʹ) ნიშნავს „იეჰოვა იფარავს (განძივით ინახავს)“. მაგრამ სხვა წინასწარმეტყველებისგან განსხვავებით, თავისი გვარტომობა სოფონიამ მეოთხე თაობის, ‘ხიზკიას’ ჩათვლით აღწერა (სოფონია 1:1; შეადარე ესაია 1:1; იერემია 1:1; ეზეკიელი 1:3). რადგან ეს ძალიან უჩვეულოა, კომენტატორების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მისი პაპის პაპა იყო ერთგული მეფე ხიზკია. თუ მეფე იყო, მაშინ სოფონია მეფური წარმოშობის ყოფილა და ეს წონას შეჰმატებდა იუდას მთავრებისთვის გამოტანილ სასტიკ განაჩენს და უჩვენებდა, რომ ის იეჰოვას გაბედული მოწმე და წინასწარმეტყველი იყო. ფაქტი, რომ მან საფუძვლიანად იცოდა იერუსალიმის ტოპოგრაფია და სამეფო კარზე მიმდინარე საქმეები, ნიშნავს, რომ იეჰოვას განაჩენებს ის შესაძლოა თვით დედაქალაქში აცხადებდა (იხილე სოფონია 1:8–11, აქ, სქოლიოები).
3 ყურადღების ღირსია ფაქტი, რომ თავის კრიტიკაში, იუდას საერო ‘მთავრებისა’ (აზნაურების, ანუ ტომების მეთაურების) და ‘უფლისწულების’ წინააღმდეგ ღვთიური განაჩენების გამოცხადებისას, სოფონიას არასდროს უხსენიებია მეფეa (სოფონია 1:8; 3:3). ეს საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ახალგაზრდა მეფე იოშიაჰუმ უკვე გამოავლინა მისწრაფება წმინდა თაყვანისმცემლობისადმი, თუმცა არსებული მდგომარეობით გამოწვეული უკმაყოფილება, რომელიც სოფონიამ გამოთქვა, ნათელყოფს, რომ მეფეს ჯერ არ ჰქონდა დაწყებული რელიგიური რეფორმები. აქედან გამომდინარეობს აზრი, რომ სოფონია იუდაში იოშიაჰუს მეფობის დასაწყისში წინასწარმეტყველებდა, რომელიც მმართველობდა ძველი წელთაღრიცხვით 659–629 წლების განმავლობაში. ეჭვგარეშეა, სოფონიას აქტიურმა წინასწარმეტყველებამ უფრო ღრმად ჩაახედა ახალგაზრდა იოშიაჰუ იმ დროს იუდაში გაბატონებულ კერპთაყვანისმცემლობაში, ძალმომრეობასა და გახრწნილობაში და მოგვიანებით აღძრა კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ ზომების მისაღებად (მეორე ნეშტთა 34:1–3).
იეჰოვას რისხვის ანთების მიზეზები
4. რომელი სიტყვებით გამოთქვა იეჰოვამ თავისი რისხვა იუდასა და იერუსალიმზე?
4 იეჰოვას საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა, განრისხებულიყო იუდასა და მისი დედაქალაქის, იერუსალიმის წინამძღოლებსა და მკვიდრებზე. თავისი წინასწარმეტყველი სოფონიას მეშვეობით მან გამოაცხადა: „ხელს მოვუღერებ იუდას და იერუსალიმის ყველა მკვიდრს; მოვკვეთ ამ ადგილიდან ბაალის ნატამალს, ქურუმთა სახსენებელს მღვდლებთან ერთად, მათ, ვინც ბანებზე თაყვანს სცემენ ციურ ლაშქარს, ვინც თაყვანს სცემენ და უფალს იფიცავენ [ეფიცებიან, აქ] და თავიანთ მეფეს [მალქამს, აქ] იფიცავენ“ (სოფონია 1:4, 5).
5, 6. ა) როგორი რელიგიური მდგომარეობა იყო იუდაში სოფონიას დროს? ბ) რა მდგომარეობაში იყვნენ იუდას საერო წინამძღოლები და მათი ხელქვეითები?
5 იუდას ჩირქი მოეცხო ბაალისადმი თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული ნაყოფიერების გამომხატველი გადაგვარებული რიტუალების გამო, აგრეთვე დემონური ასტროლოგიისა და წარმართული ღმერთისადმი, მალქამისადმი თაყვანისმცემლობის გამო. თუ მალქამი და მოლოქი ერთი და იგივეა, როგორც ზოგიერთი მიიჩნევს, მაშინ იუდას ცრუ თაყვანისმცემლობა ბავშვების შეწირვის საძაგელ რიტუალს შეიცავდა. ასეთი რელიგიური ჩვეულებები სიბილწე იყო იეჰოვას თვალში (მესამე მეფეთა 11:5, 7; 14:23, 24; მეოთხე მეფეთა 17:16, 17). იუდეველებმა ღმერთის უძლიერესი რისხვა გამოიწვიეს, რადგან კერპთაყვანისმცემლებად ყოფნისას ისინი ჯერ კიდევ იეჰოვას სახელს იფიცავდნენ. ის ვეღარ მოითმენდა ასეთ რელიგიურ უწმინდურობას და გაანადგურებდა კერპთაყვანისმცემელ და განდგომილ მღვდლებს.
6 გარდა ამისა, იუდას საერო წინამძღოლები მოღალატეები იყვნენ. მისი მთავრები მტაცებელი ‘მბრდღვინავი ლომებივით’ იყვნენ და მსაჯულები გაუმაძღარ ‘მგლებს’ ჰგავდნენ (სოფონია 3:3). მათი ხელქვეითები დადანაშაულებულნი იყვნენ ‘თავიანთი უფლის სახლის [ბატონების სახლების, აქ] მძლავრობითა და სიცრუით ავსებაში’ (სოფონია 1:9). მატერიალიზმი ფართოდ იყო გავრცელებული. სიმდიდრის მოსახვეჭად მრავალი სარგებლობდა ასეთი მდგომარეობით (სოფონია 1:13).
ეჭვები იეჰოვას დღის შესახებ
7. ‘უფლის დიდი დღის’ დადგომამდე რამდენი ხნით ადრე წინასწარმეტყველებდა სოფონია და რა სულიერ მდგომარეობაში იყო მრავალი იუდეველი?
7 როგორც უკვე შევნიშნეთ, სოფონიას დროს გაბატონებული დამღუპველი რელიგიური მდგომარეობა მიუთითებს, რომ მოწმედ და წინასწარმეტყველად სოფონია მსახურობდა ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 648 წელს, სანამ მეფე იოშიაჰუ კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ ზომებს მიიღებდა (მეორე ნეშტთა 34:4, 5). ამრიგად, როგორც ჩანს, იუდას სამეფოზე ‘უფლის დიდი დღის’ დატყდომამდე, სოფონია, სულ მცირე, 40 წლით ადრე წინასწარმეტყველებდა. ამ შუალედში მრავალი იუდეველი ეჭვებით იკვებებოდა და უფლისადმი მსახურებისგან ‘განდგომის’ გზას მიჰყვებოდა, რის გამოც გულგრილები ხდებოდნენ. სოფონია ლაპარაკობდა მათ შესახებ, რომლებიც „აღარ ეძიებდნენ უფალს, და აღარ კითხულობდნენ“ მას (სოფონია 1:6). ნათელია, რომ იუდაში ზოგიერთები გულგრილები იყვნენ და არ იწუხებდნენ თავს ღმერთზე ფიქრით.
8, 9. ა) რატომ შეამოწმებდა იეჰოვა ‘მათ, რომლებიც საკუთარ ნალექზე ილექებოდნენ’? ბ) როგორ მიაპყრობდა იეჰოვა ყურადღებას იუდას მოსახლეობასა და მათ საერო და რელიგიურ წინამძღოლებს?
8 იეჰოვამ აცნობა ხალხს თავისი განზრახვა, რათა შეემოწმებინა ისინი, რომლებსაც მის ხალხად მოჰქონდათ თავი. მათ შორის, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მისი თაყვანისმცემლები იყვნენ, ის მოძებნიდა ისეთებს, რომლებიც გულში ეჭვობდნენ ღმერთის უნარსა და განზრახვაზე, ჩარეულიყო ადამიანთა საქმეებში. მან გამოაცხადა: „მაშინ იქნება, რომ ლამპარით მოვათვალიერებ იერუსალიმს და მსჯავრს დავდებ საკუთარ საფუარზე გაფუებულთ [მათ, რომლებიც საკუთარ ნალექზე ილექებიან, აქ], გულში რომ ამბობენ: არც კარგს აკეთებს უფალი, არც ცუდსო“ (სოფონია 1:12). გამოთქმა „საკუთარ ნალექზე ილექებიან“ (მითითება ღვინის დაყენებასთან დაკავშირებით) მიუთითებს მათზე, რომლებიც კასრის ძირზე დალექილი ნალექის მსგავსად ჯდებიან და არ სურთ, რომ ადამიანთა საქმეებში ღვთიური მოახლოებული ჩარევის შესახებ რომელიმე განცხადებამ შეაწუხოს ისინი.
9 იეჰოვა მთელ ყურადღებას მიაპყრობდა იუდასა და იერუსალიმის მოსახლეობას და მღვდლებს, რომლებმაც მის თაყვანისმცემლობაში კერპთაყვანისმცემლობა შეურიეს. თუ ისინი ფიქრობდნენ, რომ ღამის წყვდიადი და იერუსალიმის კედლები დაიფარავდათ, ის ლამპრებით მოძებნიდა მათ, რომელთა კაშკაშა სინათლეც შეაღწევდა სულიერი სიბნელის ყველა კუთხეში, სადაც არ უნდა დამალულიყვნენ. ის დაარღვევდა რელიგიისადმი მათ გულგრილობას, პირველად, განაჩენის შესახებ შიშის მომგვრელი ცნობებით, შემდეგ კი ამ განაჩენების შესრულებით.
„ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე“
10. როგორ აღწერა სოფონიამ „იეჰოვას დიდი დღე“?
10 იეჰოვამ შთააგონა სოფონია, გამოეცხადებინა: „ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე, ახლოს არის და მოვა ძალიან მალე. მწარეა ხმა უფლის დღისა“ (სოფონია 1:14, აქ). მართლაც მწარე დღეები ელოდა ყველას — მღვდლებს, მთავრებსა და ხალხს — რომლებმაც არ გაითვალისწინეს გაფრთხილება და წმინდა თაყვანისმცემლობისკენ მობრუნება. განაჩენის შესრულების დღის აღწერისას წინასწარმეტყველება აგრძელებს: „რისხვის დღეა ის დღე, ჭირისა და სიმწრის დღე, ნგრევისა და მოოხრების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ჯანღისა და ბურუსის დღე, ბუკისა და ყიჟინის დღე ციხე-ქალაქთა და მაღალ კოშკთა წინააღმდეგ“ (სოფონია 1:15, 16).
11, 12. ა) რომელი სამსჯავრო ცნობა იყო გამოცხადებული იერუსალიმის წინააღმდეგ? ბ) დაიცავდა თუ არა იუდეველებს მატერიალური კეთილდღეობა?
11 სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულში ბაბილონის ჯარები შეიჭრებოდნენ იუდაში. იერუსალიმი ვერ გაექცეოდა ამას. მისი დასახლებული და სავაჭრო უბნები აოხრდებოდა. „გაისმება იმ დღეს, ამბობს უფალი, გოდების ხმა თევზთა კარიბჭიდან და მოთქმა საპირისპირო მხრიდან, დიდი უბედურების ამბავი მთაგორებიდან. ივალალეთ, ხეობის [მახთეშის (იერუსალიმის ნაწილი), აქ, სქოლიო] მკვიდრნო, რადგან გადაშენდება ყოველი მოვაჭრე, ამოწყდება ყველა ვერცხლისმტვირთველი“ (სოფონია 1:10, 11).
12 იმის გამო, რომ არ სწამდათ იეჰოვას დღის მოახლოება, მრავალი იუდეველი ღრმად ჩაითრია შემოსავლიანმა სასპეკულაციო საქმეებმა. მაგრამ ერთგული წინასწარმეტყველის, სოფონიას, მეშვეობით იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ მათი სიმდიდრე ‘განიავდებოდა [გაძარცული იქნებოდა, აქ] და მათი სახლები გაუკაცურდებოდა’. ისინი ვერ დალევდნენ ღვინოს, რომელსაც თვითონ დააყენებდნენ და ‘ვერც ვერცხლი, ვერც ოქრო ვერ იხსნიდა მათ უფლის რისხვის დღეს’ (სოფონია 1:13, 18).
სხვა გასამართლებული ერები
13. რომელი სამსჯავრო ცნობა წარმოთქვა სოფონიამ მოაბის, ყამონელებისა და ასურეთის წინააღმდეგ?
13 წინასწარმეტყველის, სოფონიას, მეშვეობით იეჰოვამ გამოთქვა თავისი რისხვა აგრეთვე ერების მიმართ, რომლებიც ცუდად ეპყრობოდნენ მის ხალხს. მან განაცხადა: „მესმოდა როგორ ილანძღებოდა მოაბი და როგორ ავსიტყვაობდნენ ყამონელები, როგორ ლანძღავდნენ ჩემს ერს და დიდგულობდნენ მის საზღვრებთან. ამიტომაც, ვფიცავ, ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, რომ დაემსგავსება მოაბი სოდომს და ყამონელები — გომორას, ჭინჭრიან ადგილს, მარილის ორმოს და უდაბნოს უკუნისამდე. . . გაიწვდის ხელს ჩრდილოეთისკენ და გაანადგურებს აშურს [ასურეთს] და გაატიალებს ნინევეს, გაახრიოკებს უდაბნოსავით“ (სოფონია 2:8, 9, 13).
14. რა ცხადყოფს, რომ უცხო ერები ‘გაუდიდგულდნენ’ ისრაელებსა და მათ ღმერთს, იეჰოვას?
14 მოაბელები და ყამონელები ისრაელის დიდი ხნის მტრები იყვნენ (შეადარე მსაჯულნი 3:12–14). ლუვრის მუზეუმში (საფრანგეთი) მდებარე მეშას ქვის წარწერა მოაბის მეფის, მეშას, კვეხნას შეიცავს. ისრაელების რამდენიმე ქალაქის დაპყრობა მან სიამაყით დაუკავშირა თავისი ღმერთის, ქამოშის, დახმარებას (მეოთხე მეფეთა 1:1). სოფონიას თანამედროვე, იერემია ლაპარაკობდა ყამონელების შესახებ, რომლებმაც თავიანთი ღმერთის, მალქამის, სახელით დაიპყრეს ისრაელში გადის ტომის მიწები (იერემია 49:1). ხოლო სოფონიას დრომდე დაახლოებით ერთი საუკუნით ადრე ასურეთის მეფემ, შალმანესერ V, ალყა შემოარტყა და ხელში ჩაიგდო სამარია (მეოთხე მეფეთა 17:1–6). ცოტა მოგვიანებით, მეფე სანხერიბი თავს დაესხა იუდას, დაიპყრო მრავალი გამაგრებული ქალაქი და იერუსალიმსაც კი ემუქრებოდა (ესაია 36:1, 2). ასურეთის მეფის წარმომადგენელი მართლაც გაუდიდგულდა იეჰოვას, როცა იერუსალიმის ჩაბარებას მოითხოვდა (ესაია 36:4–20).
15. როგორ დაამცირებდა იეჰოვა იმ ერების ღმერთებს, რომლებიც მის ხალხს გაუდიდგულდნენ?
15 მოაბის, ყამონელებისა და ასურეთის ჩათვლით, 82-ე ფსალმუნი მოიხსენიებს ქვეყნებს, რომლებიც გაუდიდგულდნენ ისრაელს და იკვეხნიდნენ: „მოდით, ამოვძირკვოთ ისინი ხალხთაგან და აღარ იხსენიებოდეს სახელი ისრაელისა“ (ფსალმუნი 82:5). წინასწარმეტყველი სოფონია გაბედულად აუწყებდა, რომ ძალთა უფალი, იეჰოვა დაამცირებდა ყველა ამ ქედმაღალ ერსა და მათ ღმერთებს. „ეს მოელით მათი ამპარტავნობის გამო, რომ ილანძღებოდნენ და ედიდგულებოდნენ ცაბაოთ უფლის ერს. საშინელი იქნება მათთვის უფალი, რადგან გააცამტვერებს ქვეყნიერების ყველა ღმერთს, და მას დაუწყებს თაყვანისცემას ყოველი კაცი თავისი ქვეყნიდან, ხალხების ყოველი კუნძული“ (სოფონია 2:10, 11).
„მელოდეთ“
16. ა) ვისთვის იყო იეჰოვას დღის მოახლოება სიხარულის წყარო და რატომ? ბ) როგორი გამამხნევებელი მოწოდება იყო წარმოთქმული ერთგული დარჩენილი ნაწილის მიმართ?
16 იმ დროს, როცა იუდასა და იერუსალიმის წინამძღოლებსა და მრავალ მკვიდრს შორის გაბატონებული იყო სულიერი ძილი, სკეპტიციზმი, კერპთაყვანისმცემლობა, გარყვნილობა და მატერიალიზმი, როგორც ჩანს, ზოგიერთი ერთგული იუდეველი უსმენდა სოფონიას წარმოთქმულ გამაფრთხილებელ წინასწარმეტყველებებს. მათ ამწუხრებდათ იუდას მთავრების, მსაჯულებისა და მღვდლების საზიზღარი წეს-ჩვეულებები. ის, რასაც სოფონია აცხადებდა, ამ ერთგული პიროვნებებისთვის ნუგეშის წყაროს წარმოადგენდა. ტანჯვის ნაცვლად, იეჰოვას დღის მოახლოება მათში სიხარულს იწვევდა, რადგან ეს დღე ბოლოს მოუღებდა ასეთ საძაგელ ჩვევებს. ადამიანების ეს ერთგული დარჩენილი ნაწილი მიჰყვებოდა იეჰოვას წარმოთქმულ გამამხნევებელ მოწოდებას: „ამიტომაც მელოდეთ მე, ამბობს უფალი, იმ დღემდე, როცა მოწმედ დავდგები, რადგან ჩემი განგებით მოიყრიან თავს ხალხები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი რისხვა [მსჯავრი, აქ], მთელი ჩემი წყრომა [ანთებული რისხვა, აქ]“ (სოფონია 3:8).
17. როდის და როგორ დაიწყო სოფონიას წარმოთქმული ცნობების შესრულება ერების წინააღმდეგ?
17 ეს არ იყო მოულოდნელი მათთვის, ვინც ყური დაუგდო ამ გაფრთხილებას. მრავალი მოესწრო სოფონიას წინასწარმეტყველების შესრულებას. ძველი წელთაღრიცხვით 632 წელს ბაბილონელების, მიდიელებისა და ჩრდილოეთიდან წამოსული, შესაძლოა, სკვითების ურდოებისგან შემდგარმა კოალიციამ დაიპყრო და გაანადგურა ნინევე. ისტორიკოსი უილ დიურანტი მოგვითხრობს: „ნაბოპოლასარის ხელმძღვანელობით ბაბილონელების ჯარი შეუერთდა მიდიელების ჯარს საიაქსერიზის მეთაურობით და სკვითების ურდოებს კავკასიიდან და საოცრად იოლად და სწრაფად დაიპყრეს ჩრდილო ციხე-სიმაგრე. . . ერთი დარტყმით ასურეთი გაქრა ისტორიიდან“. ზუსტად ამის შესახებ წინასწარმეტყველებდა სოფონია (სოფონია 2:13–15).
18. ა) როგორ შესრულდა იერუსალიმზე გამოტანილი ღვთიური სამსჯავრო განაჩენი და რატომ? ბ) როგორ შესრულდა სოფონიას წინასწარმეტყველება მოაბსა და ყამონელებზე?
18 აგრეთვე, მრავალი იუდეველი, რომლებიც იეჰოვას ელოდნენ, მოესწრნენ იუდასა და იერუსალიმისთვის გამოტანილი განაჩენის შესრულებას. იერუსალიმთან დაკავშირებით სოფონიამ იწინასწარმეტყველა: „ვაი გაჯიუტებულს და წაბილწულს, მოძალადე ქალაქს! არაფერს ისმენს, არ შეიგონებს, უფალს არ ესავს, თავის ღმერთს არ ეკარება“ (სოფონია 3:1, 2). თავისი ორგულობის გამო, იერუსალიმი ორჯერ იყო გარშემორტყმული ბაბილონელებით, რომლებმაც საბოლოოდ, ძველი წელთაღრიცხვით 607 წელს, დაიპყრეს და გაანადგურეს ის (მეორე ნეშტთა 36:5, 6, 11–21). ხოლო მოაბსა და ყამონელებთან დაკავშირებით, ისტორიკოსის იოსებ ფლავიუსის თანახმად, იერუსალიმის დაცემიდან მეხუთე წელს ბაბილონელებმა დაიპყრეს ისინი. ამის შედეგად, წინასწარმეტყველების თანახმად მათ შეწყვიტეს არსებობა.
19, 20. ა) როგორ დააჯილდოვა იეჰოვამ ისინი, რომლებიც მას ელოდებოდნენ? ბ) რატომ გვეხება ეს საკითხები ჩვენ და რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?
19 იუდეველებისა და არაიუდეველებისთვის, რომლებიც იეჰოვას მოლოდინში იყვნენ, სოფონიას წინასწარმეტყველების ამ და სხვა დეტალების შესრულება რწმენის გამაძლიერებელი შემთხვევა იყო. იუდასა და იერუსალიმზე დატეხილ განადგურებაში გადარჩენილთა შორის იყვნენ იერემია, ეთიოპელი ყებედ-მელექი და იონადაბის სახლი, რექაბიანები (იერემია 35:18, 19; 39:11, 12, 16–18). გადასახლებული ერთგული იუდეველები და მათი შთამომავლები, რომლებიც კვლავ ელოდნენ იეჰოვას, გახდნენ იმ ბედნიერი დარჩენილი ნაწილის წევრები, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით 537 წელს გათავისუფლებული იყო ბაბილონიდან და წმინდა თაყვანისმცემლობის აღსადგენად იუდაში დაბრუნდა (პირველი ეზრა 2:1; სოფონია 3:14, 15, 20).
20 რას ნიშნავს ყოველივე ეს ჩვენი დროისთვის? სოფონიას დროს არსებული მდგომარეობა მრავალ საკითხში შეესაბამება საძაგელ საქმეებს, რომლებიც დღეს ქრისტიანულ სამყაროში ხდება. გარდა ამისა, იმ დროინდელი იუდეველების მრავალგვარი აზროვნება ჰგავს დღეს მცხოვრები ადამიანების აზროვნებას, როგორიც ზოგჯერ იეჰოვას ხალხსაც კი შეიძლება ჰქონდეს. ზუსტად ეს საკითხები გაირჩევა მომდევნო სტატიაში.
[სქოლიო]
a აშკარაა, რომ გამოთქმა ‘უფლისწულები’ მიუთითებს სამეფო კარის ყველა მთავარზე, რადგან იოშიაჰუს შვილები ძალიან პატარები იყვნენ.
გამეორებისთვის
◻ როგორი რელიგიური მდგომარეობა იყო იუდაში სოფონიას დროს?
◻ რომელი პირობები ბატონობდა საერო წინამძღოლებს შორის და როგორი პოზიცია ეკავა მრავალ ადამიანს?
◻ როგორ გაუდიდგულდნენ ერები იეჰოვას ხალხს?
◻ როგორ აფრთხილებდა სოფონია იუდასა და სხვა ერებს?
◻ როგორ დაჯილდოვდნენ ისინი, რომლებიც იეჰოვას მოელოდნენ?
[სურათი მე-19 გვერდზე]
მეშას ქვა ადასტურებს, რომ მოაბის მეფე მეშა უღირს სიტყვებს წარმოთქვამდა ძველი დროის ისრაელის წინააღმდეგ.
[საავტორო უფლება]
მეშას ქვა: Musee du Louvre, Paris
[სურათი მე-20 გვერდზე]
ბაბილონელთა მატიანის ეს სოლისებრი ფირფიტა მოგვითხრობს კოალიციური ჯარებისგან ნინევეს დანგრევაზე, რაც სოფონიას წინასწარმეტყველებას ადასტურებს.
[საავტორო უფლება]
სოლისებრი ფირფიტა: Courtesy of The British Museum