თავი 14
თქვენ შეგიძლიათ გაიხაროთ ახალი შეთანხმების კურთხევებით
1. რა დავალება უნდა შეესრულებინა იერემიას?
იეჰოვას დავალებით იერემიას ორი ურთიერთსაპირისპირო რამ უნდა გაეკეთებინა, ერთი ის, რომ უნდა ‘ამოეძირკვა, დაენგრია, მოესპო და დაემხო’, მეორე კი — ‘აეშენებინა და დაერგო’. წინასწარმეტყველმა ამ დავალების პირველი ნაწილი მაშინ შეასრულა, როცა ამაყი იუდეველები ბოროტებაში ამხილა და მათ და ბაბილონის მკვიდრთ ღვთის განაჩენი გაუცხადა. თუმცა იერემია კარგ მომავალზეც წინასწარმეტყველებდა. მან თქვა, ღვთის განზრახვის თანახმად, რა აშენდებოდა და რა დაირგვებოდა. იერემიამ თავისი დავალების მეორე ნაწილი მაშინ შეასრულა, როცა იუდეველების სამშობლოში დაბრუნება იწინასწარმეტყველა (იერ. 1:10; 30:17, 18).
2. რატომ აღასრულა იეჰოვამ თავის ხალხზე განაჩენი და რით ხელმძღვანელობდა ამ დროს?
2 მართალია, იერემია იუდეველების სამშობლოში დაბრუნებას წინასწარმეტყველებდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ღმერთი წინასწარ ანებივრებდა მათ ან საკუთარ სამართლიან ნორმებს გვერდს უვლიდა. ის აუცილებლად აღასრულებდა ჯიუტი იუდეველებისთვის გამოტანილ განაჩენს (წაიკითხეთ იერემიას 16:17, 18). იერემიას დროს იერუსალიმში ძალიან ცოტა თუ იქცეოდა სამართლიანად და ისწრაფოდა ერთგულებისკენ, რის გამოც იეჰოვას მოთმინების ფიალა აევსო და თქვა: „დავიღალე შენი შებრალებით“ (იერ. 5:1; 15:6, 7). ეს იუდეველები დაუბრუნდნენ თავიანთი მამა-პაპის დანაშაულს, რომლებმაც „პირველად თქვეს უარი [იეჰოვას] სიტყვების მორჩილებაზე“. გარდა ამისა, მათ განარისხეს ღმერთი, რადგან ცრუღმერთებს გაეკიდნენ და იეჰოვას უღალატეს (იერ. 11:10; 34:18). იეჰოვა სამართლიანად დასჯიდა თავის ხალხს, რის შედეგადაც ზოგი გონს მოეგებოდა და დაუბრუნდებოდა მას (იერ. 30:11; 46:28).
3. რატომ იმსახურებს თქვენს ყურადღებას წინასწარმეტყველება ახალ შეთანხმებაზე?
3 ღმერთმა იერემიას დაავალა, ეწინასწარმეტყველებინა ახალი შეთანხმების შესახებ, რაც დიდ და მარადიულ კურთხევებს მოუტანდა ხალხს. იერემიას წიგნების განხილვისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ მისი წინასწარმეტყველების ამ შესანიშნავ დეტალზე — ახალ შეთანხმებაზე. მას უნდა ჩაენაცვლებინა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ისრაელთან დადებული შეთანხმება, რომლის შუამავალიც მოსე იყო (წაიკითხეთ იერემიას 31:31, 32). როცა იესო ქრისტემ უფლის გახსენების საღამო დააწესა, ამ ახალ შეთანხმებაზე ისაუბრა. ასე რომ, ის ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას (ლუკ. 22:20). მოციქულმა პავლემაც მოიხსენია ახალი შეთანხმება ებრაელების მიმართ მიწერილ წერილში. ის ციტირებდა იერემიას წინასწარმეტყველებას და ხაზს უსვამდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ახალი შეთანხმება (ებრ. 8:7—9). რა არის სინამდვილეში ახალი შეთანხმება? რატომ გახდა ის საჭირო? ვისთან დაიდო ახალი შეთანხმება და პირადად თქვენ როგორ შეგიძლიათ მიიღოთ კურთხევები მისგან? მოდი, გავიგოთ.
რატომ გახდა საჭირო ახალი შეთანხმება?
4. რა მიზანს ემსახურებოდა კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმება?
4 ახალი შეთანხმების არსი რომ გავიგოთ, პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, რა მიზანს ემსახურებოდა მისი წინამორბედი, კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმება. მისი მეშვეობით მიიღწეოდა რამდენიმე მიზანი იმ ერის სასიკეთოდ, რომელიც აღთქმულ შთამომავალს ელოდებოდა. სწორედ ამ შთამომავლის მეშვეობით იკურთხებოდა მრავალი (დაბ. 22:17, 18). როდესაც ისრაელმა კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმების მიღებაზე განაცხადა თანხმობა, ეს ერი ღვთის „გამორჩეული საკუთრება“ გახდა. ამ შეთანხმების თანახმად მღვდლებად ლევის ტომის წარმომადგენლები იმსახურებდნენ. სინას მთაზე ისრაელ ერთან შეთანხმების დადების დროს იეჰოვამ თქვა, რომ ჩამოყალიბდებოდა „მღვდლების სამეფო და წმინდა ერი“, თუმცა არ გაუმჟღავნებია, როდის ან რა სახით მოხდებოდა ეს (გამ. 19:5—8). მაგრამ, სანამ ეს მოხდებოდა, შეთანხმებამ ნათელი გახადა, რომ ისრაელები კანონის მოთხოვნებს ზედმიწევნით ვერ იცავდნენ. ასე რომ, შეთანხმებამ მათი ცოდვები გამოააშკარავა. კანონის თანახმად ისრაელებს საკუთარი ცოდვების დასაფარავად გამუდმებით უნდა შეეწირათ მსხვერპლი. ნათელი იყო, რომ მათ უკიდურესად სჭირდებოდათ სრულყოფილი მსხვერპლი, რომლის საფუძველზეც ერთხელ და სამუდამოდ მიეტევებოდათ ცოდვები (გალ. 3:19—22).
5. რატომ იწინასწარმეტყველა იეჰოვამ ახალი შეთანხმების შესახებ?
5 ახლა უკეთ გვესმის, რატომ იწინასწარმეტყველა ღმერთმა იერემიას მეშვეობით ახალი შეთანხმების შესახებ მაშინ, როცა კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმება ჯერ კიდევ ძალაში იყო. იეჰოვა მოსიყვარულე და კეთილია, ამიტომ მას სურდა, რომ სამუდამოდ მიეტევებინა ცოდვები და, თანაც არა მარტო ერთი ერისთვის. ღმერთმა იერემიას დაავალა, შემდეგი სიტყვები დაეწერა მათზე, ვისაც ამ შეთანხმებას დაუდებდა: „ვაპატიებ მათ დანაშაულს და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვას“ (იერ. 31:34). იერემიას დროს წარმოთქმული ღვთის დაპირება მთელ კაცობრიობას ბრწყინვალე მომავლის იმედს აძლევს. როგორ?
6, 7. ა) როგორ უყურებს ზოგი საკუთარ შეცდომებს? ბ) როგორ გაგამხნევებთ ახალ შეთანხმებაზე დაფიქრება?
6 ჩვენ ჯერ კიდევ არასრულყოფილები ვართ და ხშირად ვხდებით ამის მოწმენი. ეს კარგად ჩანს ერთი ძმის სიტყვებიდან, რომელიც არასწორ მიდრეკილებას ებრძოდა. ის ამბობს: «როცა სისუსტე მძლევდა, თავს საშინლად ვგრძნობდი. ვფიქრობდი, რომ ვერასდროს გამოვისყიდდი დანაშაულს. ლოცვა მიჭირდა. ლოცვას ასე ვიწყებდი: „იეჰოვა, არ ვიცი მომისმენ თუ არა, მაგრამ . . .“». ზოგიერთს, ვისაც ძველმა სისუსტემ თავი შეახსენა ან ცოდვა ჩაიდინა, ისეთი გრძნობა ეუფლება, თითქოს ღმერთი ღრუბლებით უკეტავს მასთან მისასვლელს და არ ისმენს მათ ლოცვებს (გოდ. 3:44). ზოგს მოსვენებას არ აძლევს დიდი ხნის წინ ჩადენილი ცოდვები. სამაგალითო ქრისტიანმაც კი შეიძლება თქვას ისეთი რამ, რასაც მოგვიანებით ინანებს (იაკ. 3:5—10).
7 არც ერთმა ჩვენგანმა არ უნდა იფიქროს, რომ ქრისტიანისთვის შეუფერებელ საქციელს არასდროს ჩაიდენს (1 კორ. 10:12). მოციქული პავლეც კი აცნობიერებდა, რომ ცდებოდა (წაიკითხეთ რომაელების 7:21—25 ). ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ახალი შეთანხმება. ღვთის დანაპირების თანახმად ახალი შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე ის იქნებოდა, რომ ღმერთი აღარ გაიხსენებდა ცოდვებს. რა შეუდარებელი კურთხევაა! ამ წინასწარმეტყველების გაცხადება მართლაც გაამხნევებდა იერემიას და ეს ჩვენც გაგვამხნევებს, თუ უფრო მეტს გავიგებთ ამ ახალ შეთანხმებაზე და იმ კურთხევებზე, რომლებსაც ის მოგვიტანს.
რატომ გადაწყვიტა ღმერთმა ახალი შეთანხმების დადება?
რა არის ახალი შეთანხმება?
8, 9. რა გააკეთა იეჰოვამ იმისათვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ცოდვების მიტევება?
8 რაც უფრო ახლოს ეცნობით იეჰოვას, მით უფრო კარგად ხედავთ, როგორი კეთილი და მოწყალეა ის არასრულყოფილი ადამიანების მიმართ (ფსალმ. 103:13, 14). როდესაც იერემია ახალ შეთანხმებაზე წინასწარმეტყველებდა, აღნიშნა, რომ იეჰოვა აპატიებდა „მათ დანაშაულს“ და აღარ გაუხსენებდა ცოდვას (იერ. 31:34). შესაძლოა, იერემია ბოლომდე ვერ ხვდებოდა, როგორ გააკეთებდა ღმერთი ამას. თუმცა ის კი კარგად ესმოდა, რომ ახალ შეთანხმებაში ღმერთი ადამიანებთან გარკვეული ხელშეკრულების დადებას გულისხმობდა. ამ შეთანხმების საფუძველზე იეჰოვა იმას განახორციელებდა, რაც იერემიას პირით განაცხადა, და ამაში ცოდვების პატიებაც იგულისხმებოდა. ღმერთი მოგვიანებით ნათელს მოჰფენდა თავის განზრახვას, მათ შორის იმას, თუ რას გააკეთებდა მესია.
9 ალბათ, გინახავთ მშობლები, რომლებიც შვილებს სათანადოდ არ სჯიან და, ამგვარად, ანებივრებენ და რყვნიან. სწორი იქნებოდა, გვეფიქრა, რომ იეჰოვაც ასე იქცევა?! რა თქმა უნდა, არა! ეს იქიდანაც ჩანს, თუ როგორ შევიდა ახალი შეთანხმება ძალაში. ღმერთმა უბრალოდ კი არ გააუქმა ცოდვები, მან ზედმიწევნით დაიცვა თავისი სამართლიანი პრინციპები და კანონიერი საფუძველი შექმნა ცოდვების მისატევებლად, თუმცა მას ეს ძვირად დაუჯდა. ამას კარგად გაიგებთ, თუ ყურადღებით წაიკითხავთ იმას, რასაც პავლე წერდა, როცა ახალ შეთანხმებაზე მსჯელობდა (წაიკითხეთ ებრაელების 9:15, 22, 28). პავლემ მოიხსენია გამოსასყიდით გათავისუფლება და თქვა, რომ „სისხლის დაუღვრელად პატიება არ ხდება“. ახალ შეთანხმებაზე საუბრისას პავლე არ გულისხმობდა თხებისა და ხარების სისხლს, რომელსაც მოსეს კანონი ითხოვდა. ახალი შეთანხმება იესოს დაღვრილი სისხლით შევიდა ძალაში. ამ სრულყოფილი მსხვერპლის საფუძველზე იეჰოვას შეეძლო ცოდვისა და დანაშაულის სამუდამოდ პატიება (საქ. 2:38; 3:19). მაგრამ ვისთან დადებდა ღმერთი ამ ახალ შეთანხმებას და ვის ეპატიებოდა ცოდვები სამუდამოდ? ეს არ იქნებოდა ისრაელი ერი. იესომ თქვა, რომ ღმერთი უარყოფდა ებრაელებს, რომელთაც მოსეს კანონის თანახმად ცხოველური შესაწირავი მიჰქონდათ, და ახალ ერს აირჩევდა (მათ. 21:43; საქ. 3:13—15). ეს ერი იქნებოდა „ღვთის ისრაელი“, წმინდა სულით ცხებულ ქრისტიანთა ჯგუფი. ასე რომ, კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმება დაიდო ღმერთსა და ისრაელ ერს შორის, ახალი შეთანხმება კი — იეჰოვა ღმერთსა და სულიერ ისრაელს შორის, და ამ შეთანხმების შუამავალი იესო ქრისტე იყო (გალ. 6:16; რომ. 9:6).
10. ა) ვინ არის დავითის „ყლორტი“? ბ) როგორ შეუძლიათ ადამიანებს კურთხევების მიღება ამ „ყლორტის“ მეშვეობით?
10 იერემიამ მომავალი მესია მოიხსენია, როგორც დავითის „ყლორტი“. ეს კარგი შედარება იყო. იერემიას წინასწარმეტყველად მსახურების პერიოდში დავითის სამეფო საგვარეულო „ხე“ მოიჭრა, თუმცა ძირკვი არ განადგურებულა. მოგვიანებით მეფე დავითის საგვარეულო ხაზში იესო დაიბადა. მას ასე უწოდებდნენ: „იეჰოვაა ჩვენი სიმართლე“, რაც იმას უსვამდა ხაზს, რომ ღვთისთვის სიმართლე ძალიან მნიშვნელოვანია (წაიკითხეთ იერემიას 23:5, 6 ). იეჰოვამ დაუშვა, რომ დედამიწაზე ყოფნისას მისი მხოლოდშობილი ძე ეწამებინათ და მოეკლათ. დავითის „ყლორტის“ გამოსასყიდის საფუძველზე იეჰოვას უკვე ჰქონდა ცოდვების მიტევების სამართლიანი საფუძველი (იერ. 33:15). ეს შესაძლებლობას მისცემდა ზოგიერთს, მართლებად აღიარებულიყვნენ სასიცოცხლოდ, წმინდა სულით ცხებულიყვნენ და, ამგვარად, ახალი შეთანხმების მონაწილენი გამხდარიყვნენ. ღვთის სამართლიანობის კიდევ ერთი დადასტურება ის არის, რომ მათაც, ვისთანაც ღმერთს ახალი შეთანხმება არ დაუდია, შეუძლიათ მიიღონ კურთხევები მისგან. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ახლა (რომ. 5:18).
11. ა) რაზეა დაწერილი ახალი შეთანხმების კანონი? ბ) რატომ აინტერესებს „სხვა ცხვარს“ ახალი შეთანხმების კანონი?
11 გსურთ, გაიგოთ, კიდევ რით განსხვავდება ახალი შეთანხმება ისრაელთან დადებული შეთანხმებისგან? ძირითადი განსხვავება ახალ შეთანხმებასა და მოსეს კანონის საფუძველზე დადებულ შეთანხმებას შორის ის არის, თუ რაზე დაიწერა ისინი (წაიკითხეთ იერემიას 31:33). კანონის საფუძველზე დადებულ შეთანხმებაში შემავალი ათი მცნება ქვის ფილებზე დაიწერა, რომლებიც საბოლოოდ დაიკარგა. ამისგან განსხვავებით, იერემიას წინასწარმეტყველების თანახმად, ახალი შეთანხმების კანონი გულებზე დაიწერებოდა და სამარადისოდ იარსებებდა. ახალი შეთანხმების მონაწილე ცხებული ქრისტიანები დიდად აფასებენ ამ კანონს. მაგრამ რის თქმა შეგვიძლია „სხვა ცხვარზე“, მათზე, ვისთანაც არ არის დადებული ეს შეთანხმება და, ვისაც დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი აქვს? (იოან. 10:16). ღვთის კანონი მათაც სიამოვნებას ანიჭებთ. გარკვეულწილად, ისინი ჰგვანან ისრაელში მცხოვრებ ხიზნებს, რომლებიც იცავდნენ მოსეს კანონს და კურთხევებიც არ აკლდათ (ლევ. 24:22; რიცხ. 15:15).
12, 13. ა) რა არის ახალი შეთანხმების კანონი? ბ) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქრისტეს კანონი“ არ გვაიძულებს, ვემსახუროთ ღმერთს?
12 როგორ უპასუხებდით, ვინმეს რომ ეკითხა თქვენთვის: „რა არის ცხებულ ქრისტიანთა გულებზე დაწერილი კანონი?“ ამ კანონს ასევე „ქრისტეს კანონი“ ეწოდება. ის პირველად ღმერთმა სულიერ ისრაელს მისცა, რომელთანაც ახალი შეთანხმება დადო (გალ. 6:2; რომ. 2:28, 29). „ქრისტეს კანონის“ არსი შეგიძლიათ ერთ სიტყვაში — სიყვარულში — ჩატიოთ (მათ. 22:36—39). როგორ იწერება ეს კანონი ცხებულ ქრისტიანთა გულებზე? ძირითადად, ღვთის სიტყვის შესწავლითა და ლოცვით. აქედან გამომდინარე, ამას ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი ყოველდღიურად უნდა მიმართავდეს, ისინიც კი, ვისთანაც არ არის ახალი შეთანხმება დადებული, მაგრამ სურთ, რომ მიიღონ მისგან კურთხევები.
13 „ქრისტეს კანონი“ ბიბლიაში ასევე მოიხსენიება როგორც „თავისუფლების სრულყოფილი კანონი“ და როგორც „თავისუფალი ხალხის კანონი“ (იაკ. 1:25; 2:12). ბევრი დაბადებიდანვე ავტომატურად ხდებოდა მოსეს კანონის ქვეშევრდომი. მაგრამ დაბადებიდან არავინ გამხდარა ახალი შეთანხმებისა თუ ქრისტეს კანონის ქვეშევრდომი. არავის, ვინც ქრისტეს კანონს ემორჩილება, არ აიძულებენ, ემსახუროს ღმერთს. მათ დიდ სიხარულს ანიჭებთ იმის ცოდნა, რომ ღვთის კანონი იწერება ადამიანთა გულებზე და, რომ იერემიას მიერ ნაწინასწარმეტყველები კურთხევების მიღება დღეს უკვე შესაძლებელია.
ახალი შეთანხმების მეშვეობით, როგორ გახადა ღმერთმა ცოდვების პატიება შესაძლებელი? როგორ შეგიძლიათ გაიგოთ გულებზე დაწერილი კანონის შესახებ?
ვინ იღებს კურთხევებს ახალი შეთანხმებით?
14. პირველ ყოვლისა ვინ იღებს კურთხევებს ახალი შეთანხმებით?
14 ზოგიერთი, ვინც იგებს, რომ ახალი შეთანხმება 144 000 სულითცხებულ ქრისტიანთან დაიდო, ფიქრობს, რომ მხოლოდ ისინი მიიღებენ კურთხევებს ამ შეთანხმებით. შესაძლოა ისინი ამას იმიტომ ფიქრობენ, რომ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე მხოლოდ ცხებული ქრისტიანები იღებენ სიმბოლოებს, მაგალითად, ღვინოს, რომელიც „შეთანხმების სისხლს“ წარმოადგენს (მარ. 14:24). მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგრჩეთ, რომ ახალი შეთანხმების მონაწილენი იესოსთან ერთად „აბრაამის შთამომავლები“ არიან და მათით იკურთხება ყველა ერი (დაბ. 12:3; გალ. 3:8, 9, 29). ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იეჰოვა ახალი შეთანხმების წყალობით შეასრულებს თავის დაპირებას და აკურთხებს მთელ კაცობრიობას აბრაამის შთამომავლობის მეშვეობით.
15. წინასწარმეტყველების თანახმად, რა როლი აკისრიათ ცხებულებს?
15 იესო ქრისტე, აბრაამის შთამომავლობის მთავარი წარმომადგენელი, მღვდელმთავრად მსახურობს. სწორედ მან გაიღო სრულყოფილი მსხვერპლი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა ცოდვისა და დანაშაულის მიტევება (წაიკითხეთ ებრაელების 2:17, 18). თუმცა ღმერთმა დიდი ხნის წინათ „მღვდლების სამეფოსა და წმინდა ერის“ ჩამოყალიბებაც იწინასწარმეტყველა (გამ. 19:6). ისრაელში მღვდლები და მეფეები სხვადასხვა ტომიდან იყვნენ. მაშ, როგორ ჩამოყალიბდებოდა ეს აღთქმული ერი? მოციქულმა პეტრემ თავისი პირველი წერილი მისწერა წმინდა სულით განწმენდილებს (1 პეტ. 1:1, 2). მან ისინი მოიხსენია, როგორც „სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება“ (1 პეტ. 2:9). ასე რომ, ცხებული ქრისტიანები, რომლებთანაც ახალი შეთანხმება დაიდო, ქრისტესთან ერთად იმსახურებენ მღვდლებად. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს! დღემდე „ცოდვა მეფობს“ ჩვენზე, ამიტომ ყოველ დღე გვახსენებს თავს. იმავეს თქმა შეიძლება მათზეც, ვინც ქრისტესთან ერთად იმსახურებს მღვდლად (რომ. 5:21). მათთვის ნაცნობია დანაშაულის გრძნობა და სინდისის ქენჯნა. როგორც ქრისტე, ასევე ისინიც თანაგვიგრძნობენ, როდესაც საკუთარ ცოდვილ მიდრეკილებებს ვებრძვით.
16. რატომ არის გამოცხადების 7:9, 14 გამამხნევებელი „უამრავი ხალხისთვის“?
16 „უამრავი ხალხი“, რომელიც გამოცხადების 7:9, 14-შია მოხსენიებული, „თეთრი გრძელი სამოსლით“ არის შემოსილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი იეჰოვას თვალში წმინდები არიან. ახლა იკრიბება უამრავი ხალხი და მათ იმედი აქვთ, რომ „დიდი გასაჭირის“ დროს გადარჩებიან. ასე რომ, ისინი უკვე გარკვეულწილად მართლები არიან ღვთის თვალში. ისინი არიან მართლებად აღიარებული, როგორც იეჰოვას მეგობრები (რომ. 4:2, 3; იაკ. 2:23). ეს დიდი კურთხევაა! თუ თქვენც უამრავ ხალხს შორის ხართ, იყავით დარწმუნებული, რომ ღმერთს უნდა, დაგეხმაროთ, როცა მის წინაშე სიწმინდის შენარჩუნებას ცდილობთ.
17. რა გაგებით აღარ გაიხსენებს იეჰოვა ცოდვებს?
17 რა მოსდის მათ ცოდვებს, ვინც ღვთის კეთილგანწყობა ჰპოვა? როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იეჰოვამ იერემიას პირით განაცხადა: „ვაპატიებ მათ დანაშაულს და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვას“ (იერ. 31:34). იეჰოვა ცხებულ ქრისტიანებს იესო ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე პატიობს ცოდვებს. ის უამრავ ხალხსაც იმავე შეთანხმების სისხლის საფუძველზე პატიობს ცოდვებს. იერემიას სიტყვები, რომ ღმერთი აღარ გაიხსენებს ცოდვებს, იმას არ ნიშნავს, რომ მას ავიწყდება ისინი და აღარ შეუძლია გახსენება. მისი სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ მას შემდეგ, რაც იეჰოვამ სამართლიანი ზომები მიიღო და მომნანიებელს აპატია, ასე ვთქვათ, მისი ცოდვები ზურგს უკან მოისროლა. გაიხსენეთ, რა ცოდვა ჩაიდინა დავითმა ბათ-შებასთან და, როგორ მოაკვლევინა მისი ქმარი ურია. ღმერთმა დასაჯა დავითი. გარდა ამისა, დავითს მოუწია თავის ცოდვის შედეგებთან გამკლავება (2 სამ. 11:4, 15, 27; 12:9—14; ეს. 38:17). მაგრამ იეჰოვას მეტად აღარ მოუთხოვია პასუხი დავითისთვის ჩადენილ ცოდვებზე (წაიკითხეთ 2 მატიანეს 7:17, 18). ახალი შეთანხმების თანახმად, მას შემდეგ, რაც იეჰოვა პატიობს ცოდვებს იესოს მსხვერპლის საფუძველზე, აღარ იხსენებს მათ (ეზეკ. 18:21, 22).
18, 19. რას ვსწავლობთ ახალი შეთანხმებიდან პატიებასთან დაკავშირებით?
18 აქედან გამომდინარე, ახალი შეთანხმება ხაზს უსვამს იმას, თუ რა სათუთად ექცევა იეჰოვა ცოდვილ ადამიანებს, როგორც ცხებულებს, რომლებთანაც შეთანხმება დადო, ისე მათ, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ. გჯეროდეთ, რომ, თუ ღმერთმა გაპატიათ ცოდვები, აღარასოდეს გაგიხსენებთ. ახალ შეთანხმებასთან დაკავშირებული დაპირება ერთ მნიშვნელოვან რამეს გვასწავლის. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ვცდილობ, მივბაძო იეჰოვას და არ გავიხსენო მათი შეცდომები, ვისაც უკვე ვაპატიე?“ (მათ. 6:14, 15). ასე უნდა მოიქცეს ქრისტიანი მაშინაც, როცა ვინმემ აწყენინა და მაშინაც, როცა ვინმემ სერიოზული დანაშაული ჩაიდინა მის წინაშე, მაგალითად, თუ მეუღლემ უღალატა. თუ უდანაშაულო მეუღლე აპატიებს თავის მეუღლეს, რომელმაც მოინანია, მეტად აღარ უნდა გაუხსენოს ჩადენილი ცოდვა. ცხადია, შეცდომების ზურგს უკან მოსროლა შეიძლება ადვილი არ იყოს, მაგრამ, თუ გვინდა, რომ ღმერთს მივბაძოთ, ასე უნდა მოვიქცეთ.a
19 მსგავსად უნდა მოვიქცეთ მაშინაც, როცა გარიცხული ინანიებს და ქრისტიანულ კრებას უბრუნდება. რა უნდა ქნათ, თუ ამ ადამიანმა რაიმე დაგიშავათ ან რეპუტაცია შეგილახათ, ახლა კი ქრისტიანულ კრებაში დაბრუნდა? როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენზე იერემიას 31:34-ში ჩაწერილმა სიტყვებმა? ვაპატიებთ მას და აღარ გავუხსენებთ დანაშაულს? (2 კორ. 2:6—8). სწორედ ასე უნდა იქცეოდეს ქრისტიანი, რომელსაც უნდა, რომ ყოველდღე ახალი შეთანხმების თანახმად იცხოვროს.
როგორ შეგიძლიათ აპატიოთ სხვებს შეცდომები ახალი შეთანხმების შესაბამისად?
ახალი შეთანხმების ახლანდელი და მომავალი კურთხევები
20. როგორ განსხვავდება თქვენი დამოკიდებულება იერემიას დროში მცხოვრები ხალხის დამოკიდებულებისგან?
20 იერემიას დროს ბევრი იუდეველი ამბობდა: „იეჰოვა არც კარგს გააკეთებს და არც ცუდსო“ (სოფ. 1:12). თუმცა მათ იცოდნენ, ვინ იყო იეჰოვა, ფიქრობდნენ, რომ ის არც არაფერს მოიმოქმედებდა და არც რაიმე განსაზღვრული ნორმების დაცვას მოელოდა მათგან. კარგად იცით, რომ ღმერთს არაფერი გამორჩება მხედველობიდან. თქვენ მოკრძალებული შიში გაქვთ და, უეჭველია, არ გინდათ, ცუდი რამ გააკეთოთ (იერ. 16:17). ამასთანავე, იცით, რომ იეჰოვა კეთილმოსურნე მამაა. ის ხედავს თქვენს კარგ საქმეებს მიუხედავად იმისა, სხვები ხედავენ თუ არა ამას (2 მატ. 16:9).
21, 22. რატომ აღარ არის საჭირო, რომ ვინმემ გითხრათ, „შეიცანიო იეჰოვა“?
21 ახალი შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტალზე ყურადღებას ამახვილებს შემდეგი სიტყვები: „ჩავუდებ მათ ჩემს კანონს და გულებში ჩავუწერ. მათი ღმერთი ვიქნები . . . აღარავინ ასწავლის თავის მოძმეს ან თავის ძმას და არ ეტყვის: შეიცანიო იეჰოვა! რადგან ყოველ მათგანს, დიდიან-პატარიანად, შეცნობილი ვეყოლები“ (იერ. 31:33, 34). დღეს დედამიწაზე მცხოვრები ცხებული ქრისტიანები ცხადყოფენ, რომ ღვთის კანონი გულებზე აწერიათ. მათ უყვართ ამ კანონში ჩაწერილი ჭეშმარიტება, არ ენდობიან ადამიანთა სწავლებებს და სიამოვნებით უზიარებენ ბიბლიურ შემეცნებას უამრავი ხალხის წარმომადგენლებს. ამგვარად, ქრისტიანებიც, რომელთაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ, ეცნობიან იეჰოვას და მისადმი მათი სიყვარულიც იზრდება. ისინი სიამოვნებით ემორჩილებიან მის მითითებებს და სჯერათ მისი დაპირებების. ალბათ, თქვენზეც შეიძლება იმავეს თქმა. კარგად იცნობთ იეჰოვას და მასთან ახლო ურთიერთობა გაქვთ. რა დიდი კურთხევაა!
22 როგორ შეძელით იეჰოვასთან დაახლოება? უდავოა, გახსოვთ ისეთი შემთხვევები, როცა იეჰოვამ თქვენს ლოცვებს უპასუხა და უკეთ დაინახეთ, როგორი ღმერთია ის. ალბათ, არაერთხელ გიგრძვნიათ გაჭირვების დროს ღვთისგან დახმარება, როცა ბიბლიური მუხლი გაგხსენებიათ. დააფასეთ ასეთი შემთხვევები! თუ განაგრძობთ ღვთის სიტყვის შესწავლას, უფრო კარგად გაეცნობით იეჰოვას, ეს კი, თავის მხრივ, უსასრულო კურთხევებს მოგიტანთ.
23. როგორ გვეხმარება იეჰოვას უკეთ გაცნობა, გავთავისუფლდეთ ზედმეტი წუხილისგან?
23 თუ ახალი შეთანხმების თანახმად მოვიქცევით, დღესვე მივიღებთ კურთხევას. ვიცით, რომ იეჰოვა თავისი შეთანხმების მეშვეობით გვპატიობს და გვეხმარება, რომ გამუდმებით არ გვტანჯავდეს დანაშაულის გრძნობა. მაგალითად, ქრისტიანს, რომელმაც ჭეშმარიტების გაგებამდე აბორტი გაიკეთა, შეიძლება სინდისი ქენჯნის, რადგან ცოცხალ ადამიანს განზრახ მოუსწრაფა სიცოცხლე. სხვები წარსულში საომარ სიტუაციებში მონაწილეობის გამო გრძნობენ თავს დამნაშავედ. იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის წყალობით, რომელიც ახალ შეთანხმებას დაედო საფუძვლად, გულწრფელად მომნანიებელს მიეტევება ცოდვები. განა დარწმუნებული არ უნდა ვიყოთ, რომ, თუ იეჰოვა გვპატიობს ცოდვებს, ის სამუდამოდ ივიწყებს მათ?! აღარ უნდა ვიფიქროთ იმ ცოდვებზე, რომლებიც იეჰოვამ ერთხელ და სამუდამოდ გვაპატია.
24. როგორ გამხნევებთ იერემიას 31:20?
24 იერემიას 31:20-დან ნათლად ჩანს, რომ ღმერთი მიმტევებელია (წაიკითხეთ). იერემიას დრომდე ათწლეულებით ადრე იეჰოვამ კერპთაყვანისმცემლობის გამო დასაჯა ისრაელის ჩრდილოეთ ათტომიანი სამეფოს მკვიდრნი (წარმოდგენილი იყო ეფრემის ტომით, რომელიც ყველაზე გავლენიანი ტომი იყო). ისინი გადაასახლეს. თუმცა ღმერთს ძალიან უყვარდა თავისი ხალხი და ამას ავლენდა კიდეც. ის მათ, როგორც ნალოლიავებ ბავშვს, კვლავ თავს ევლებოდა. როცა ის მათზე ფიქრობდა, ‘შიგნეული შეეძრა’, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გული შესტკიოდა მათზე. ეს შემთხვევა, რომელიც მოხსენიებულია ახალი შეთანხმების კონტექსტში, აჩვენებს, თუ როგორ დიდსულოვნებას ავლენს ღმერთი მათ მიმართ, ვინც ცოდვებს ინანიებს.
25. რატომ უნდა ვმადლობდეთ იეჰოვას ახალი შეთანხმებისთვის?
25 იეჰოვას დანაპირები, რომ ახალი შეთანხმების მეშვეობით ცოდვებს მიუტევებს ადამიანებს, სრულად შესრულდება ქრისტეს ათასწლიანი მეფობის მიწურულს. მღვდელმთავარი იესო ქრისტე და 144 000 მღვდელი ერთგულ ადამიანებს სრულყოფილებას დაუბრუნებენ. საბოლოო გამოცდის შემდეგ მთელი კაცობრიობა იეჰოვას დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება (წაიკითხეთ რომაელების 8:19—22). საუკუნეების მანძილზე ადამიანს ცოდვის ტვირთი ამძიმებს. მაგრამ იმ დროს იეჰოვას ქმნილება „მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“, თავისუფლებას ცოდვისა და სიკვდილისგან. დარწმუნებული იყავით, რომ ახალი შეთანხმების წყალობით უამრავ კურთხევას მიიღებთ. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ კურთხევები ახლაც და მომავალშიც „დავითის ყლორტის“ მეშვეობით და გაიხაროთ სიმართლით (იერ. 33:15).
როგორ შეგიძლიათ მიიღოთ კურთხევები ახლაც და მომავალშიც ახალი შეთანხმების მეშვეობით?
a ის, რომ ღმერთი მზად არის გვაპატიოს, კარგად ჩანს ოსიასა და გომერის შემთხვევიდან. წაიკითხეთ კომენტარი ოსიას 2:14—16-ზე წიგნში „იცხოვრეთ იეჰოვას დღის მოლოდინით“, გვერდები 128—130.