იეჰოვას სამსჯავროს დღე ახლოს არის!
„ახლოს არის უფლის დიდი დღე, ახლოს არის და მოვა ძალიან მალე“ (სოფონია 1:14).
1. რა გაფრთხილება მოგვცა ღმერთმა სოფონიას პირით?
იეჰოვა მალე დაიწყებს მოქმედებას ბოროტთა წინააღმდეგ. ისმინეთ! ყური დაუგდეთ გაფრთხილებას: „ავხვეტავ კაცსა და პირუტყვს. . . მოვკვეთ კაცთა მოდგმას მიწის პირიდან“ (სოფონია 1:3). ეს სიტყვები უზენაესმა უფალმა იეჰოვამ თავისი წინასწარმეტყველის, სოფონიას, პირით წარმოთქვა, რომელიც, როგორც ჩანს, ერთგული მეფის, ეზეკიას, შვილთაშვილი იყო. კარგი მეფის, იოშიას, დროს წარმოთქმული ეს განაცხადი ცუდის მომასწავებელი იყო იუდას ქვეყანაში მცხოვრებ ბოროტთათვის.
2. რატომ ვერ იქნა არიდებული იოშიას მოქმედებით იეჰოვას სამსჯავროს დღე?
2 სოფონიას მიერ წარმოთქმულმა წინასწარმეტყველებამ ახალგაზრდა მეფე იოშიას უკეთესად დაანახვა ბინძური თაყვანისმცემლობისგან იუდას განწმენდის აუცილებლობა. მაგრამ იოშიას მიერ ქვეყნის განწმენდამ ბოლომდე მაინც ვერ აღმოფხვრა ყველა ბოროტება, ანუ ვერ გამოისყიდა თავისი პაპის, მეფე მენაშეს, ცოდვები, რომელმაც ‘იერუსალიმი უბრალოდ დაღვრილი სისხლით აავსო’ (მეოთხე მეფეთა 24:3, 4; მეორე ნეშტთა 34:3). ასე რომ, იეჰოვას სამსჯავროს დღე აუცილებლად უნდა დამდგარიყო.
3. საიდან შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ „უფლის [იეჰოვას] რისხვის დღეს“ გადარჩენა შესაძლებელია?
3 მაგრამ იმ შიშის მომგვრელ დღეს ყველა არ დაიღუპებოდა. ამიტომ ღვთის წინასწარმეტყველი ხალხს მოუწოდებდა: „ვიდრე მოაწევდეს განგება, ბზესავით განიავდებოდეს დღე, ვიდრე არ დაგცემიათ უფლის რისხვის ალი, ვიდრე არ დაგტეხიათ უფლის რისხვის დღე. ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო, ვინც მისდევთ უფლის რჯულს; ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს“ (სოფონია 2:2, 3). გონებაში გვქონდეს იეჰოვას სამსჯავროს დღეს გადარჩენის იმედი და მოდი განვიხილოთ სოფონიას წიგნი. ძვ. წ. 648 წლამდე დაწერილი ეს ბიბლიური წიგნი ღვთის „წინასწარმეტყველური სიტყვის“ ნაწილს წარმოადგენს — წინასწარმეტყველური სიტყვისა, რომელსაც ყველა დიდი გულისყურით უნდა მოვეკიდოთ (2 პეტრე 1:19).
იეჰოვას ხელი მოღერებულია
4, 5. როგორ შესრულდა ბოროტ იუდაელებზე სოფონიას 1:1—3?
4 სოფონიასადმი მიმართული „უფლის სიტყვა“ ზემოთ მოხსენიებული გაფრთხილებით იწყება. ღმერთი აცხადებს: „ყველაფერს ავხვეტავ მიწის პირიდან, ამბობს უფალი. ავხვეტავ კაცსა და პირუტყვს, გავხვეტავ ცის ფრინველს და ზღვის თევზებს, ცთუნებებს ბოროტეულებთან ერთად. მოვკვეთ კაცთა მოდგმას მიწის პირიდან, ამბობს უფალი“ (სოფონია 1:1—3).
5 დიახ, იეჰოვა იუდას ქვეყნიდან დიდი ბოროტების აღმოფხვრას აპირებდა. ვის გამოიყენებდა ღმერთი ‘მიწის პირიდან ყველაფრის ასახვეტად’? რადგან სოფონია, როგორც ჩანს, წინასწარმეტყველებდა მეფე იოშიას მმართველობის ადრეულ პერიოდში, რომელიც ძვ. წ. 659 წელს დაიწყო, ეს წინასწარმეტყველური სიტყვები ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელთა მიერ იუდასა და მისი დედაქალაქის, იერუსალიმის, გაპარტახებაზე მიუთითებდა. იმ დროს ‘აიხვეტნენ’ ბოროტები იუდადან.
6—8. რა იყო ნაწინასწარმეტყველები სოფონიას 1:4—6-ში და როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება ძველ იუდაში?
6 ცრუთაყვანისმცემელთა წინააღმდეგ ღვთის მოქმედებათა წინასწარმეტყველებისას სოფონიას 1:4—6 ამბობს: „ხელს მოვუღერებ იუდას და იერუსალიმის ყველა მკვიდრს; მოვკვეთ ამ ადგილიდან ბაალის ნატამალს, ქურუმთა სახსენებელს მღვდლებთან ერთად, მათ, ვინც ბანებზე თაყვანს სცემენ ციურ ლაშქარს, ვინც თაყვანს სცემენ და უფალს იფიცავენ და თავიანთ მეფეს იფიცავენ; მათ, ვინც განუდგნენ უფალს და აღარ ეძიებდნენ უფალს, და აღარ კითხულობდნენ“.
7 იეჰოვას ხელი მოღერებული იყო იუდასა და იერუსალიმის მკვიდრთა წინააღმდეგ. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, მოესპო ქანაანელთა ნაყოფიერების ღმერთის, ბაალის, თაყვანისმცემლები. ბაალად მოიხსენიებდნენ სხვადასხვა ადგილობრივ ღმერთს, რადგან მათი თაყვანისმცემლები ფიქრობდნენ, რომ ამ ღმერთებს თითოეულ გარკვეულ ადგილზე შეეძლოთ გავლენის მოხდენა. მაგალითად, იყო ბაალი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ მოაბელები და მიდიანელები ფეღორის მთაზე (რიცხვნი 25:1, 3, 6). მთელ იუდაში იეჰოვა მოჰკვეთდა ბაალის ქურუმებსა და ორგულ ლევიან მღვდლებს, რომლებიც მათთან ურთიერთობით ღვთის კანონს არღვევენ (გამოსვლა 20:2, 3).
8 ღმერთი აგრეთვე მოსპობდა ‘მათ, ვინც თაყვანს სცემდა ციურ ვარსკვლავებს’, რომლებშიც, როგორც ჩანს, ასტროლოგები და მზის თაყვანისმცემლები იგულისხმებოდნენ (მეოთხე მეფეთა 23:11; იერემია 19:13; 32:29). ღვთის რისხვა უნდა დასტყდომოდა მათაც, ვინც ჭეშმარიტ რელიგიაში ცრუ რელიგიის შერევას ცდილობდა იმით, რომ ‘ეფიცებოდა იეჰოვას და ამას მალქამის სახელით აკეთებდა’ (აქ). მალქამს, როგორც ჩანს, სხვა სახელიც, მოლოქიც, ერქვა. მოლოქი ამორეველთა მთავარი ღმერთი იყო. მისადმი თაყვანისცემაში ბავშვების შეწირვაც შედიოდა (მესამე მეფეთა 11:5; იერემია 32:35).
ქრისტიანული სამყაროს აღსასრული ძალიან ახლოსაა!
9. ა) რაშია დამნაშავე ქრისტიანული სამყარო? ბ) ორგულ იუდაელთაგან განსხვავებით, რა უნდა გვქონდეს მტკიცედ გადაწყვეტილი?
9 ყოველივე ამან შეიძლება მოგვაგონოს ქრისტიანული სამყარო, რომელიც ცრუ თაყვანისმცემლობასა და ასტროლოგიაშია ჩაფლული! სამღვდელოების მხარდაჭერით მიმდინარე ომების სამსხვერპლოზე მილიონობით ადამიანის სიცოცხლის შეწირვა, მართლაც რომ, სიბილწეა! მოდი არასოდეს დავემსგავსოთ ორგულ იუდაელებს, რომლებიც ‘განუდგნენ იეჰოვას’, გულგრილი გახდნენ და აღარც ღმერთს ეძებდნენ და აღარც მის ხელმძღვანელობას. ნაცვლად ამისა, მოდი ღვთისადმი ერთგულება შევინარჩუნოთ.
10. როგორ ახსნიდით სოფონიას 1:7-ის წინასწარმეტყველურ მნიშვნელობას?
10 წინასწარმეტყველის შემდეგი სიტყვები ეხება როგორც იუდაში მცხოვრებ შემცოდველებს, ისე დღევანდელ ბოროტ ადამიანებს. სოფონიას 1:7-ში ნათქვამია: „იდუმე უფლის, ღვთის წინაშე, რადგან ახლოსაა უფლის დღე; რადგან გამზადებული აქვს მსხვერპლი უფალს, არჩეული ჰყავს სტუმრები“. ეს „სტუმრები“, როგორც ჩანს, იუდას მტრები ქალდეველები იყვნენ. „მსხვერპლი“ თვითონ იუდაა, თავის დედაქალაქთან ერთად. სოფონიამ ამგვარად გამოაცხადა ღვთის განზრახვა იერუსალმის განადგურების შესახებ; ეს წინასწარმეტყველება ქრისტიანული სამყაროს განადგურებაზეც მიუთითებდა. ფაქტობრივად, ღვთის სამსჯავროს დღე ისე ახლოს არის, რომ მთელი მსოფლიო უნდა ‘დადუმდეს უზენაესი უფლის, იეჰოვას, წინაშე’ და მოუსმინოს, რას ამბობს ღმერთი იესოს ცხებული მიმდევრების, „მცირე სამწყსოს“ წევრებისა და, მათი თანამსახური, „სხვა ცხვრების“ პირით (ლუკა 12:32; იოანე 10:16). განადგურება ელის ყველას, ვინც არ მოისმენს და ამგვარად ღვთის სამეფოს მმართველობის წინააღმდეგ გამოვა (ფსალმუნი 2:1, 2).
მალე მოთქმის დღე დადგება!
11. რას გვეუბნება სოფონიას 1:8—11?
11 იეჰოვას დღესთან დაკავშირებით სოფონიას 1:8—11 დასძენს: „დადგება საუფლო მსხვერპლის დღე და მსჯავრს დავდებ მთავრებს და უფლისწულებს და ყველას, უცხო სამოსელით შემოსილს; მსჯავრს დავდებ იმ დღეს ყველას, ზღურბლის დამლახველს და თავიანთი უფლის სახლის მძლავრობითა და სიცრუით ამვსებელს. გაისმება იმ დღეს, ამბობს უფალი, გოდების ხმა თევზთა კარიბჭიდან და მოთქმა საპირისპირო მხრიდან, დიდი უბედურების ამბავი მთაგორებიდან. ივალალეთ, ხეობის მკვიდრნო, რადგან გადაშენდება ყოველი მოვაჭრე, ამოწყდება ყველა ვერცხლისმტვირთველი“.
12. როგორ ატარებს ზოგი ‘უცხო სამოსელს’?
12 მეფე იოშიას იოახაზი შეცვლიდა, იოახაზს — იეჰოიაკიმი, იეჰოიაკიმს — იეჰოიაქინი. შემდეგ ამას ციდკიას მმართველობა მოჰყვებოდა, რომლის დროსაც იერუსალიმი განადგურდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი უბედურება ელოდათ, ზოგი, როგორც ჩანს, ‘უცხო სამოსლით შემოსვით’ მეზობელი ერების კეთილგანწყობილების მოპოვებას ცდილობდა. მსგავსად ამისა, დღესაც მრავალი ადაიმანი სხვადასხვაგვარად ცხადყოფს, რომ იეჰოვას ორგანიზაციის ნაწილი არ არის. როგორც სატანის ორგანიზაციის აშკარა წევრები, ისინი განადგურდებიან.
13. სოფონიას წინასწარმეტყველების თანახმად, რა მოხდებოდა იერუსალიმზე ბაბილონელების თავდასხმისას?
13 ‘ის დღე’, როცა იუდამ პასუხი უნდა აგოს, არის იეჰოვას დღე, როდესაც იეჰოვა დასჯის თავის მტრებს, ბოლოს მოუღებს ბოროტებას და დაამტკიცებს თავის უზენაესობას. იერუსალიმზე ბაბილონელთა თავდასხმისას თევზთა კარიბჭიდან გოდების ხმა გაისმებოდა. ალბათ, ამ ადგილს ასე იმიტომ ეწოდებოდა, რომ მის მახლობლად თევზით ვაჭრობდნენ (ნეემია 13:16). ბაბილონელთა ურდოები „საპირისპირო მხრიდან“ შემოვიდოდნენ, ხოლო ‘მთაგორებიდან შემოსული უბედურების ამბავი’ შეიძლება ქალდეველთა მოახლოების ხმაზე მიმანიშნებელი ყოფილიყო. იქ ‘ივალალებდნენ’ ხეობის, შესაძლებელია, მთავარი ველის მკვიდრნი. რატომ ივალალებდნენ ისინი? იმიტომ რომ იქ შეწყდებოდა ვაჭრობა და, მათ შორის, ‘ვერცხლისმტვირთველთა’ საქმიანობაც.
14. რამდენად გულმოდგინედ შეამოწმებს იეჰოვა მათ, ვინც მის თაყვანისმცემლად აცხადებს თავს?
14 რამდენად გულდასმით შეამოწმებს იეჰოვა მათ, ვინც მის თაყვანისმცემლად აცხადებს თავს? წინასწარმეტყველება განაგრძობს: «მაშინ იქნება, რომ ლამპარით მოვათვალიერებ იერუსალიმს და მსჯავრს დავდებ საკუთარ საფუარზე გაფუებულთ [„ღვინის კასრში თხლესავით დალექილთ“, აქ], გულში რომ ამბობენ: არც კარგს აკეთებს უფალი, არც ცუდსო. განიავდება მათი ქონება და გაუკაცურდება მათი სახლები; ააშენებენ სახლებს და შიგ ვერ იცხოვრებენ; ჩაყრიან ვენახებს და მათ ღვინოს ვერ დალევენ» (სოფონია 1:12, 13).
15. ა) რა მოუვიდოდათ იერუსალიმელ განდგომილ მღვდლებს? ბ) რა მოუვათ ცრუ რელიგიის დღევანდელ მიმდევრებს?
15 იერუსალიმის განდგომილი მღვდლები იეჰოვას თაყვანისმცემლობაში წარმართულ წეს-ჩვეულებებს ურევდნენ. თუმცა თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ, იეჰოვა აბრდღვიალებული ლამპრებით იპოვიდა მათ; ლამპრებით, რომელთა სინათლეც იმ სულიერ წყვდიადში შეაღწევდა, სადაც მათ თავშესაფარი ჰპოვეს. ვერავინ გაექცეოდა ღვთის მსჯავრსა და მის აღსრულებას. ის თვითკმაყოფილი განდგომილები ღვინის კასრში დალექილ თხლეს ჰგავდნენ. მათ არ სურდათ, რომ ვინმეს შეეწუხებინა ღვთის მოახლოებული სამსჯავროს შესახებ ცნობით, მაგრამ ისინი ღვთის მსჯავრს ვერ გაექცეოდნენ. იმ დღეს ვერ გადაურჩებიან დღევანდელი ცრუ რელიგიის მიმდევრებიც; მათ შორის იქნებიან ქრისტიანული სამყაროს წევრები და იეჰოვას თაყვანისმცემლობიდან განდგომილები. ისინი გულში ამბობენ: „არც კარგს აკეთებს უფალი, არც ცუდს“, რითაც უარყოფენ, რომ „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ. მაგრამ როგორ ცდებიან ის ადამიანები! (2 ტიმოთე 3:1—5; 2 პეტრე 3:3, 4, 10).
16. რა მოხდებოდა, როდესაც იუდაზე ღვთის მსჯავრი შესრულდებოდა, და როგორ უნდა იმოქმედოს ამის ცოდნამ ჩვენზე?
16 განდგომილმა იუდაელებმა გაფრთხილება მიიღეს, რომ ბაბილონელები დაიტაცებდნენ მათ სიმდიდრეს, გააპარტახებდნენ მათ სახლებს და მათი ვენახის ნაყოფს წაიღებდნენ. იუდაზე ღვთის მსჯავრის შესრულებისას მატერიალური ნივთები ფასს დაჰკარგავდა. იგივე მოხდება, როდესაც იეჰოვას სამსჯავროს დღე თავს დაატყდება დღევანდელ სისტემას. ამიტომ, მოდი სულიერი თვალსაზრისი გვქონდეს და იეჰოვასთვის მსახურების პირველ ადგილზე დაყენებით ‘ცაში დავიუნჯოთ’! (მათე 6:19—21, 33).
„ახლოს არის უფლის [იეჰოვას] დიდი დღე“
17. სოფონიას 1:14—16-ის თანახმად, რამდენად ახლოს არის იეჰოვას სამსჯავროს დღე?
17 რამდენად ახლოს არის იეჰოვას სამსჯავროს დიდი დღე? სოფონიას 1:14—16 თანახმად, ღმერთი გვარწმუნებს: „ახლოს არის უფლის დიდი დღე, ახლოს არის და მოვა ძალიან მალე ხმა უფლის დღისა, და მწარედ იყვირებს მაშინ მაგარი ვაჟკაციც. რისხვის დღეა ის დღე, ჭირისა და სიმწრის დღე, ნგრევისა და მოოხრების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ჯანღისა და ბურუსის დღე, ბუკისა და ყიჟინის დღე ციხე-ქალაქთა და მაღალ კოშკთა წინააღმდეგ“.
18. რატომ არ უნდა დავასკვნათ, რომ იეჰოვას სამსჯავროს დღე ჯერ კიდევ შორსაა?
18 იუდას ცოდვილი მღვდლები, მთავრები და ხალხი გაფრთხილებულ იქნა, რომ ‘ახლოს იყო უფლის დიდი დღე’. იუდასთვის ‘იეჰოვას დღე ძალიან მალე’ მოვიდოდა. მსგავსად ამისა, ჩვენს დროშიც დაე არავინ იფიქროს, რომ იეჰოვას მსჯავრის აღსრულება ბოროტებზე შორეულ მომავალში მოხდება! პირიქით, როგორც მაშინ იმოქმედა ღმერთმა სწრაფად იუდას წინააღმდეგ, ისე მისი სამსჯავროს დღეც ‘ძალიან მალე მოვა’ (გამოცხადება 16:14, 16). რა მწარე დრო იქნება ეს ყველასთვის, ვინც მოწმეების პირით იეჰოვას გაფრთხილება უგულებელყო და ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას არ შეუერთდა!
19, 20. ა) რა თავისებურებებით გამოირჩეოდა იეჰოვას რისხვა, რომელიც იუდასა და იერუსალიმს დაატყდა თავს? ბ) რა კითხვები შეიძლება წამოიჭრას, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ღმერთი გარკვეული კატეგორიის ადამიანებს გაანადგურებს?
19 იუდასა და იერუსალიმზე იეჰოვას რისხვის დატეხვის დღე „ჭირისა და სიმწრის დღე“ იყო. ბაბილონელმა დამპყრობლებმა იუდას მკვიდრთ მრავალი ტანჯვა მიაყენეს, რაშიც სიკვდილისა და განადგურების პირისპირ დგომით გამოწვეული სულის გამწარებაც შედიოდა. ის „ნგრევისა და მოოხრების დღე“ ბნელი, ჯანღიანი და ბურუსიანი, შესაძლებელია, არა მხოლოდ სიმბოლურად, არამედ პირდაპირი გაგებითაც იყო, რადგან ყველგან კვამლი და სისხლის გუბეები იქნებოდა. ეს იყო „ბუკისა და ყიჟინის [ანუ საგანგაშო სიგნალის] დღე“, მაგრამ გაფრთხილებებმა ამაოდ ჩაიარა.
20 იერუსალიმის გუშაგნი უილაჯონი აღმოჩნდნენ, რადგან ბაბილონელებმა კედლის სანგრევი საბრძოლო იარაღით გადააყირავეს „მაღალი კოშკები“. ჩვენს დღეებში წუთისოფლის სიმაგრეები ასევე უსარგებლო იქნება იეჰოვას ზეციურ არსენალში შემავალი იარაღის წინააღმდეგ, რომელსაც ღმერთი გარკვეული კატეგორიის ადამიანთა მოსასპობად გამოიყენებს. თქვენ თუ გაქვთ გადარჩენის იმედი? მტკიცედ დაიჭირეთ თუ არა იეჰოვას მხარე — იმ ღვთის მხარე, რომელიც ‘იცავს ყველა თავის მოყვარულს და ყველა ბოროტს მოსპობს’? (ფსალმუნი 144:20).
21, 22. როგორ შესრულდება სოფონიას 1:17, 18 ჩვენს დღეებში?
21 სამსჯავროს რა საშინელი დღეა ნაწინასწარმეტყველები სოფონიას 1:17, 18-ში! იეჰოვა ღმერთი ამბობს: „ხალხს შევაჭირვებ და ბრმებივით ივლიან, რადგან შესცოდეს უფალს; მტვერივით გაიფანტება მათი სისხლი და ნეხვივით — მათი ხორცი. ვერც ვერცხლი, ვერც ოქრო ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს და მისი შურის ცეცხლი შთანთქავს მთელს ქვეყანას, რადგან ბოლოს მოუღებს უცაბედად ქვეყნის ყველა მკვიდრს“.
22 როგორც სოფონიას დღეებში მოიქცა, ისე მოიქცევა მალე იეჰოვა და შეაჭირვებს „ქვეყნის ყველა მკვიდრს“ — მათ, ვინც დღეს ყურს არიდებს მის გაფრთხილებას. რადგან ღვთის წინაშე სცოდავენ, ისინი უმწეო ბრმებივით ივლიან და ვერ იპოვიან ხსნის გზას. იეჰოვას სამსჯავროს დღეს მათი სისხლი, როგორც უფასური რამ, „მტვერივით გაიფანტება“. მათი აღსასრული მართლაც სამარცხვინო იქნება, რადგან ღმერთი ამ ბოროტ ადამიანთა სხეულებს და მათ შიგნეულობას „ნეხვივით“ გაფანტავს დედამიწაზე.
23. თუმცა ბოროტმოქმედნი ვერ გადაურჩებიან „უფლის [იეჰოვას] რისხვის დღეს“, რა იმედია მოცემული სოფონიას წინასწარმეტყველებაში?
23 ვერავინ იხსნის მათ, ვინც იეჰოვას და მის ხალხს ებრძვის. ოქრო-ვერცხლმა ვერ დაიხსნა იუდაში მცხოვრები ცოდვილნი და ასევე ვერავითარი სიმდიდრე და ქრთამი ვერ დაიფარავს და ვერ გადაარჩენს „უფლის რისხვის დღეს“ ქრისტიანულ სამყაროსა და ბოროტი სისტემის დანარჩენ ნაწილს. გადამწყვეტ დღეს, როდესაც ბოროტთა საშინელი განადგურება მოხდება, ‘მთელი ქვეყანა’ ანუ დედამიწა შთაინთქმება ღვთის მოშურნეობის ცეცხლით. ჩვენ გვწამს ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა და ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ ‘უკანასკნელი ჟამის’ მიწურულს ვცხოვრობთ (დანიელი 12:4). იეჰოვას სამსჯავროს დღე ახლოს არის და ღმერთი მალე შურს იძიებს თავის მტრებზე. მაგრამ სოფონიას წინასწარმეტყველებაში არის ხსნის იმედიც. მაშ, რა მოგვეთხოვება იმისათვის, რომ იეჰოვას რისხვის დღეს დავიმალოთ?
როგორ უპასუხებდით?
• როგორ შესრულდა სოფონიას წინასწარმეტყველება იუდასა და იერუსალიმზე?
• რა ელოდება ქრისტიანულ სამყაროსა და დღეს მცხოვრებ ყველა ბოროტ ადამიანს?
• რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ იეჰოვას სამსჯავროს დღე ჯერ კიდევ შორსაა?
[სურათი 13 გვერდზე]
სოფონია გაბედულად აცხადებდა, რომ იეჰოვას სამსჯავროს დღე ახლოს იყო.
[საავტორო უფლება]
From the Self-Pronouncing Edition of the Holy Bible, containing the King James and the Revised versions
[სურათი 15 გვერდზე]
იეჰოვას დღე იუდასა და იერუსალიმს ძვ. წ. 607 წელს დაატყდა, რისთვისაც ღმერთმა ბაბილონელები გამოიყენა.
[სურათი 16 გვერდზე]
გაქვთ თუ არა იმ დროს გადარჩენის იმედი, როდესაც იეჰოვა ბოროტებს გაანადგურებს?