ბიბლიის წიგნი 36 — სოფონია
დამწერი: სოფონია
დაწერის ადგილი: იუდა
წერა დასრულდა: ძვ. წ. 648 წლამდე
1. ა) რატომ იყო სოფონიას სიტყვები დროული? ბ) რამდენად შეეფერებოდა მისი სახელის მნიშვნელობა იმ დროს არსებულ ვითარებას?
იუდას მეფე იოშიას მეფობის (ძვ. წ. 659—629) დასაწყისში, როდესაც „უცხო ღვთის ქურუმების“ წინამძღოლობით ბაალის უწმინდურ თაყვანისმცემლობას აღმავლობის ხანა ედგა, იერუსალიმის მკვიდრები უნდა შეეშფოთებინა წინასწარმეტყველ სოფონიას ცნობას. სოფონია დაუფარავად აკრიტიკებდა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, თუმცა, შესაძლოა, მეფე ხიზკიას შთამომავალი იყო (სოფ. 1:1, 4). მისი ცნობა კარგს არაფერს მოასწავებდა ხალხისთვის. ღვთის ხალხი ეურჩებოდა იეჰოვას. მხოლოდ მას შეეძლო აღედგინა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა და ეკურთხებინა ისინი, რათა ‘სახელი გაეთქვა მათთვის და ქებული გაეხადა დედამიწის ყველა ხალხში’ (3:20). სოფონიას სიტყვების თანახმად, მხოლოდ ღვთის დახმარებით შეგვიძლია, ‘თავშესაფარი ვპოვოთ იეჰოვას რისხვის დღეს’ (2:3). რა შესაფერისია მისთვის სახელი სოფონია (ებრაულად „ცეფანიაჰ“), რაც ნიშნავს „იაჰი იფარავს (განძივით ინახავს)“!
2. რატომ არ იყო სოფონიას მცდელობა უშედეგო და რატომ არ მოჰყვა მის მცდელობას ხანგრძლივი შედეგი?
2 სოფონიას მცდელობა უშედეგო არ ყოფილა. მეფე იოშიამ, რომელიც რვა წლისა ავიდა ტახტზე, თავისი მეფობის მე-12 წელს „დაიწყო იუდასა და იერუსალიმის განწმენდა“. მან აღმოფხვრა ცრუთაყვანისმცემლობა, შეაკეთა „იეჰოვას სახლი“ და აღადგინა პასექის დღესასწაული (2 მატ. თავები 34, 35). თუმცა იოშიას რეფორმა დროებითი გამოდგა, რადგან მის შემდეგ გამეფებული მისი სამი ვაჟი და ერთ-ერთი შვილიშვილი „ბოროტებას სჩადიოდნენ იეჰოვას თვალში“ (2 მატ. 36:1—12). ამგვარად, შესრულდა სოფონიას სიტყვები: „განვიკითხავ მთავრებს, უფლისწულებს და . . . ყველას, ვინც თავისი ბატონის სახლს ძალადობითა და მზაკვრობით ავსებს“ (სოფ. 1:8, 9).
3. სად და როდის წინასწარმეტყველებდა სოფონია და როგორი იყო მისი წინასწარმეტყველება?
3 როგორც ზემოთ აღნიშნულიდან ჩანს, „იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა სოფონიას“ იოშიას მეფობის მე-12 წლამდე ანუ ძვ. წ. 648 წლამდე. წინასწარმეტყველება რომ იუდაში წარმოითქვა, ამას მხოლოდ პირველი მუხლი არ ადასტურებს. სოფონია კარგად იცნობდა იერუსალიმს და იქ გავრცელებულ წეს-ჩვეულებებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის იუდას მკვიდრი იყო. მის წიგნში ჩაწერილი წინასწარმეტყველება შიშის მომგვრელიც არის და მანუგეშებელიც. მასში ძირითადად ყურადღება მახვილდება იეჰოვას დღეზე. ეს არის შიშის მომგვრელი დღე, რომელიც გარდაუვალია. თუმცა წიგნში ისიც არის ნაწინასწარმეტყველები, რომ იეჰოვა სამშობლოში დააბრუნებდა თავმდაბლებს, რომლებიც ‘იეჰოვას სახელს შეაფარებდნენ თავს’ (1:1, 7—18; 3:12).
4. რა ადასტურებს, რომ სოფონიას წიგნი სარწმუნო და ღვთივშთაგონებულია?
4 ამ წინასწარმეტყველური წიგნის უტყუარობაში დაეჭვების საბაბი არა გვაქვს. იერუსალიმი ძვ. წ. 607 წელს, სოფონიას წინასწარმეტყველებიდან 40 წელზე მეტი ხნის შემდეგ განადგურდა. ამას მხოლოდ ისტორია როდი ადასტურებს. ბიბლიაში ვხვდებით იმის დამამტკიცებელ ფაქტებს, რომ ყველაფერი სოფონიას სიტყვების თანახმად შესრულდა. იერუსალიმის განადგურებიდან ცოტა ხნის შემდეგ იერემიამ „გოდებაში“ აღწერა ის საშინელებები, რომლებიც საკუთარი თვალით ნახა და ჯერ კიდევ თვალწინ ედგა. ამ წიგნების ერთმანეთთან შედარება ცხადყოფს, რომ სოფონიას წინასწარმეტყველება ნამდვილად „ღვთისგან არის შთაგონებული“. სოფონია მოუწოდებდა ხალხს, მოენანიებინათ, ‘ვიდრე თავს დაატყდებოდათ იეჰოვას მრისხანება’, იერემია კი ამ მოვლენის თვითმხილველი იყო და ამბობდა: „აფრქვევს იეჰოვა თავის რისხვას“ (სოფ. 2:2; გოდ. 4:11). სოფონიამ იწინასწარმეტყველა, რომ იეჰოვა ‘გასაჭირს მოუვლენდა ხალხს და ბრმებივით ივლიდნენ. მტვერივით დაიფრქვეოდა მათი სისხლი’ (სოფ. 1:17). იერემია კი ამაზე ისე საუბრობს, როგორც მომხდარ ფაქტზე: ‘ბრმებივით დაეხეტებიან ქუჩებში. სისხლში არიან გასვრილნი’ (გოდ. 4:14; შეადარეთ სოფონიას 1:13 — გოდების 5:2; სოფონიას 2:8, 10 — გოდების 1:9, 16 და 3:61).
5. რას ვიგებთ ისტორიიდან სოფონიას წინასწარმეტყველების შესრულებაზე?
5 ისტორიულად ცნობილია, რომ წარმართი ერები — მოაბი და ამონი, ასევე ასურეთი და მისი დედაქალაქი ნინევე სწორედ ისე განადგურდნენ, როგორც ღვთის მითითებით სოფონიამ იწინასწარმეტყველა. ნაუმის მსგავსად (ნაუმ. 1:1; 2:10), სოფონიამაც იწინასწარმეტყველა ნინევეზე, რომ იეჰოვა ‘გააპარტახებდა ნინევეს და უდაბნოსავით გაახრიოკებდა’ (სოფ. 2:13). ისეთი ძირფესვიანი იყო ეს განადგურება, რომ თითქმის 200 წლის შემდეგ ისტორიკოსი ჰეროდოტე ტიგროსზე წერდა: „ამ მდინარის ნაპირზე ერთ დროს ნინევე იდგა“a. დაახლოებით ახ. წ. 150 წელს ბერძენი მწერალი ლუკიანე წერდა: „მისი არსებობის ყველა კვალი წაიშალა“b. ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ თავდამსხმელთა ჯარებს „დიდი დახმარება გაუწია ტიგროსის სწრაფად ადიდებამ, რის შედეგადაც ქალაქის გალავნის დიდი ნაწილი მოინგრა და ქალაქი დაუცველი აღმოჩნდა . . . ნინევე ისე განადგურდა, რომ საბერძნეთისა და რომის იმპერიების დროს ის თითქმის მითად იქცა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ქალაქის ნანგრევები ნაგვის გროვებს უფრო ჰგავდა“. იმავე ნაშრომში ნათქვამია, რომ მოაბიც განადგურდა, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო: „ნაბუქოდონოსორმა დაიმორჩილა მოაბელები“c. იოსებ ფლავიუსი გვამცნობს, რომ ბაბილონელებმა ამონელებიც დაიმორჩილესd. საბოლოოდ, მოაბელებმაც და ამონელებმაც არსებობა შეწყვიტეს.
6. რატომ მიაკუთვნეს სოფონიას წიგნი ბიბლიის კანონს?
6 ებრაელები სოფონიას წიგნს ყოველთვის მიაკუთვნებდნენ წმინდა წერილების კანონს. იეჰოვას სახელით გაცხადებული მისი სიტყვები თვალსაჩინოდ შესრულდა, რითაც იეჰოვას უზენაესობა დამტკიცდა.
შინაარსი
7. რა დაემართებოდათ მტრებს იეჰოვას დიდ დღეს?
7 იეჰოვას დღე ახლოსაა (1:1—18). წიგნი უბედურების მომასწავებელი სიტყვებით იწყება: «„ბოლოს მოვუღებ ყველაფერს მიწის პირზე“, — ამბობს იეჰოვა» (1:2). ვერც ადამიანი გადარჩებოდა და ვერც ცხოველი. განადგურდებოდა ყველა — ბაალის თაყვანისმცემლები, უცხო ღვთის ქურუმები, ბანებზე ცის ლაშქრის თაყვანისმცემლები, იეჰოვასა და მალქამის მოფიცარნი და იეჰოვას დამვიწყებელნი. „დადუმდით უზენაესი უფლის, იეჰოვას წინაშე, რადგან ახლოს არის იეჰოვას დღე“, — აცხადებდა წინასწარმეტყველი (1:7). იეჰოვა მსხვერპლს გაამზადებდა და მოათვალიერებდა უფლისწულებს, მოძალადეებს, მზაკვრებსა და გულგრილებს. მათი სიმდიდრე და ქონება განადგურდებოდა. ახლოს იყო იეჰოვას დიდი დღე! ის იქნებოდა ‘რისხვის დღე, გასაჭირისა და ტანჯვის დღე, ქარიშხლისა და გაპარტახების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ღრუბლისა და მწუხრის დღე’. შემცოდველთა სისხლი მტვერივით დაიფრქვეოდა. ‘ვერც ვერცხლი იხსნიდა მათ იეჰოვას მრისხანების დღეს და ვერც ოქრო’. იეჰოვას მოშურნეობის ცეცხლი შთანთქავდა მთელ დედამიწას (1:15, 18).
8. ა) როგორ იქნებოდა შესაძლებელი თავშესაფრის პოვნა? ბ) რა დაატყდებოდა თავს ერებს?
8 ეძებეთ იეჰოვა; ხალხები განადგურდებიან (2:1—15). ვიდრე ბზესავით ჩაივლიდა დღე, თვინიერებს უნდა ‘ეძებნათ იეჰოვა, სიმართლე და თვინიერება, იქნებ თავშესაფარი ეპოვათ იეჰოვას რისხვის დღეს‘ (2:3). შემდეგ იეჰოვამ უბედურება გამოუცხადა ფილისტიმელთა მიწას, რომელიც მოგვიანებით „იუდას სახლის დარჩენილ ნაწილს“ ერგებოდა. ამაყი მოაბელები და ამონელები სოდომელებისა და გომორელების მსგავსად გაპარტახდებოდნენ, რადგან „შეურაცხყოფდნენ და ედიდგულებოდნენ ლაშქართა ღვთის, იეჰოვას ხალხს“. მათი ღმერთები მათთან ერთად მოისპობოდა (2:7, 10). იეჰოვას მახვილი ეთიოპებსაც მისწვდებოდა. რა დაემართებოდა ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ასურეთსა და მის დედაქალაქ ნინევეს? ისინი გაუდაბურდებოდა და მხეცების სამკვიდრო გახდებოდა, მათ დანახვაზე ‘ყველა გაოგნდებოდა’ და ‘ყველა ჩამვლელი სტვენას მოჰყვებოდა’ (2:12, 15).
9. ა) რატომ დაატყდებოდა იერუსალიმს უბედურება და რა განაჩენი გამოუტანა იეჰოვამ ხალხებს? ბ) რა დამაიმედებელი სიტყვებით მთავრდება წინასწარმეტყველება?
9 მოჯანყე იერუსალიმის გასამართლება; თავმდაბლების კურთხევა (3:1—20). უბედურება არც იერუსალიმს, მოჯანყე და სასტიკ ქალაქს ასცდებოდა. მისი მთავრები, რომლებიც „მბრდღვინავი ლომები იყვნენ“, და ვერაგი წინასწარმეტყველები არ ენდობოდნენ თავიანთ ღმერთ იეჰოვას. ისინი პასუხს აგებდნენ ღვთის წინაშე. იერუსალიმის მკვიდრებს არც იეჰოვასი ეშინოდათ და არც მის დარიგებას იღებდნენ, ისინი „ბილწ საქმეებს ესწრაფოდნენ“ (3:3, 4, 7). იეჰოვა შეკრებდა ხალხებს და მათზე გადმოღვრიდა მრისხანებას. მისი მოშურნეობის ცეცხლი შთანთქავდა მთელ დედამიწას. მაგრამ იეჰოვამ პირობაც დადო: „მაშინ მივცემ ხალხებს სუფთა ენას, რათა მოუხმონ იეჰოვას სახელს და მხარდამხარ ემსახურონ მას“ (3:9). ის მოსპობდა მათ, ვინც სიამაყით ხარობდა, თავმდაბალი და მართალი ხალხი კი იეჰოვას სახელს შეაფარებდა თავს. სიონში გაისმებოდა მხიარული ყიჟინი, რადგან იეჰოვა, ისრაელის მეფე იქნებოდა იქ. მათ არაფრის უნდა შეშინებოდათ და არ უნდა ჩამოეშვათ ხელები. იეჰოვა იხსნიდა მათ და სიხარულით გაიხარებდა, რადგან უყვარდა ისინი. «„სახელს გაგითქვამთ და ქებულს გაგხდით დედამიწის ყველა ხალხში, როცა თქვენ თვალწინ შეგიკრებთ და დაგიბრუნებთ დატყვევებულებს“, — ამბობს იეჰოვა» (3:20).
რატომ არის სასარგებლო
10. რატომ აღმოჩნდა სასარგებლო სოფონიას წინასწარმეტყველება მეფე იოშიას დროს?
10 მეფე იოშიასთვის, რომელმაც ყურად იღო სოფონიას გაფრთხილება, მეტად სასარგებლო აღმოჩნდა ის. მან დიდი რელიგიური რეფორმები წამოიწყო. სწორედ ამ დროს იპოვეს კანონის წიგნი, რომელიც მაშინ დაიკარგა, როცა იეჰოვას სახლი მიტოვებული იყო. როცა წაუკითხეს, იოშია დაამწუხრა იმის გაგებამ, რა შედეგები მოჰყვებოდა ურჩობას; მეორე მოწმის, მოსეს, პირითაც დადასტურდა ის, რასაც სოფონია წინასწარმეტყველებდა. იოშიამ თავი დაიმდაბლა ღვთის წინაშე და იეჰოვაც დაჰპირდა, რომ ნაწინასწარმეტყველები განადგურება მის სიცოცხლეში არ მოხდებოდა (კან., თავები 28—30; 2 მეფ. 22:8—20). ქვეყანა გადაურჩა განადგურებას. თუმცა დიდი ხნით არა, რადგან იოშიას შვილები არ ჰბაძავდნენ მამის კარგ მაგალითს. იოშიასა და მისი ხალხისთვის ნამდვილად სასარგებლო აღმოჩნდა ის, რომ ყურად იღეს „იეჰოვას სიტყვა, [რომელიც] გამოეცხადა სოფონიას“ (სოფ. 1:1).
11. ა) რა მსგავსი დარიგებებია სოფონიას წიგნში, მთაზე ქადაგებასა და ებრაელებისადმი მიწერილ პავლეს წერილში? ბ) რატომ თქვა სოფონიამ „იქნებ პოვოთ თავშესაფარი“?
11 თავის ცნობილ მთაზე ქადაგებაში ღვთის უდიდესმა წინასწარმეტყველმა, იესო ქრისტემ, სოფონია ღვთის ჭეშმარიტ წინასწარმეტყველად აღიარა. იესოს მოწოდება, „უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე“ (მათ. 6:33), ძალიან ჰგავს სოფონიას მე-2 თავის მე-3 მუხლში ჩაწერილ მოწოდებას: „ეძებეთ იეჰოვა, დედამიწის თვინიერნო . . . ეძებეთ სიმართლე, ეძებეთ თვინიერება“. ისინი, ვინც უპირველესად ეძებენ ღვთის სამეფოს, უნდა მოერიდონ გულგრილობას, რაზეც სოფონიაც აფრთხილებდა ყველას, როცა ლაპარაკობდა „მათზე, ვინც აღარ მიჰყვება იეჰოვას, აღარ ეძებს იეჰოვას და არ ეკითხება მას“ და ‘გულში ამბობს, იეჰოვა არც კარგს გააკეთებს და არც ცუდსო’ (სოფ. 1:6, 12). ებრაელებისადმი მიწერილ წერილში პავლე აგრეთვე საუბრობს მომავალ სასამართლოს დღეზე და გვაფრთხილებს, უკან არ დავიხიოთ. მან თქვა: „ჩვენ იმათ არ ვგავართ, ვინც უკან იხევს დასაღუპავად, არამედ რწმენა გვაქვს სულის ცოცხლად შესანარჩუნებლად“ (ებრ. 10:30, 37—39). წინასწარმეტყველი მიმართავს არა მერყევებსა და უმადურებს, არამედ თვინიერებს, რომლებიც გულმოდგინედ ეძებენ იეჰოვას: „იქნებ თავშესაფარი პოვოთ იეჰოვას რისხვის დღეს“. რატომ თქვა სოფონიამ „იქნებ პოვოთ“? იმიტომ, რომ საბოლოოდ გადარჩენა თითოეული ადამიანის მოქმედებაზეა დამოკიდებული (მათ. 24:13). ეს აგრეთვე შეგვახსენებს, რომ ღვთის წყალობა ბოროტად არ უნდა გამოვიყენოთ. სოფონიას წინასწარმეტყველებიდან ნათლად ჩანს, რომ ეს დღე მოულოდნელად დაატყდება მათ, ვინც არ ფხიზლობს (სოფ. 2:3; 1:14, 15; 3:8).
12. როგორ ამხნევებს სოფონია მათ, ვინც ‘ეძებს იეჰოვას’?
12 სოფონიას წინასწარმეტყველება განადგურების მომასწავებელია შემცოდველთათვის, თუმცა მათთვის, ვინც მომნანიე გულით ‘ეძებს იეჰოვას’, კურთხევებს მოასწავებს. სოფონია ამხნევებს მათ: „შენთანაა ისრაელის მეფე — იეჰოვა“. ახლა იმის დრო არ არის, რომ სიონი შეშინდეს ან ხელები ჩამოყაროს. ახლა იეჰოვაზე მინდობის დროა. „ძლიერია ის და გიხსნის. სიხარულით გაიხარებს შენით, მშვიდად იქნება, რადგან უყვარხარ, შენით ბედნიერი სიხარულით შეძახებს“. ბედნიერნი არიან ისინიც, ვინც ‘უპირველესად ეძებენ სამეფოს’ და იეჰოვასგან მფარველობასა და მარადიულ კურთხევებს ელიან! (3:15—17).
[სქოლიოები]
a McClintock and Strong’s Cyclopedia, 1981, ტ. VII, გვ. 112.
b Lucian, მთარგმნელი ა. ჰარმონი, 1968, ტ. II, გვ. 443.
c The New Westminster Dictionary of the Bible, 1970, გვ. 669, 627.
d Jewish Antiquities, X, 181, 182 (ix, 7).