ნუ დაბრუნდებით საშიშ ზონაში!
ვულკანოლოგების მოვალეობაა, დაკვირვება მოახდინონ, შეაფასონ ნიშნები და შემდეგ გააფრთხილონ ხალხი ვულკანის ამოფრქვევის საშიშროების შესახებ. (ფუგენის მთაზე მომხდარი ამოფრქვევისას პოლიციას უნდა ეზრუნა, რომ ხალხი არ მიკარებოდა საშიშ ზონას.) მსგავსად ამისა, ბიბლიის მკვლევარები თვალყურს ადევნებენ „წუთისოფლის აღსასრულის“ ნიშანს და აფრთხილებენ სხვებს მოახლოებული საშიშროების შესახებ (მათე 24:3).
ბიბლიის იმავე თავში, რომელიც კარს მომდგარი მსოფლიო კატასტროფის შესახებ გვაფრთხილებს, ჩაწერილია, რა მოხდება მანამდე: „აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება შიმშილი, და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ. . . მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს შეაცდენს. და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული. . . ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:7—14).
არ არის საჭირო, მაინცდამაინც ახალი ამბების მიმომხილველები ვიყოთ, რათა დავინახოთ, რომ დღეს სრულდება ეს წინასწარმეტყველება. მის შესრულებას განსაკუთრებით 1914 წლიდან ვამჩნევთ. ამ საუკუნეში ორი მსოფლიო და უამრავი სამოქალაქო ომი, ადგილობრივი, რასობრივი და რელიგიური კონფლიქტები იყო. ასეთი ომების შედეგად კაცობრიობა საკვების უკმარისობას განიცდის, სტიქიურ უბედურებებს კი სხვადასხვაგვარი გაჭირვება მოაქვს ხალხისთვის. უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება მიწისძვრებს. მომრავლდა რელიგიური კულტები, რომელთაც საეჭვო ლიდერები და ფანატიკოსი მიმდევრები ჰყავს. ‘ურჯულოების გამრავლება’ იწვევს იმას, რომ ხალხი აღარ ავლენს სიყვარულს და აღარ აქვთ წესად მოყვასის სიყვარული.
მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობა, რომელიც ამავე ნიშანში შედის, უეჭველად სრულდება. ამ ჟურნალის ყდაზე შეგიძლიათ შემდეგი სიტყვები წაიკითხოთ: „იუწყება იეჰოვას სამეფოს“, რომლებიც ამავე ჟურნალის სახელწოდების შემადგენელი ნაწილია. „საგუშაგო კოშკი“, რომელიც გამოიცემა 132 ენაზე და მისი ტირაჟი 22 მილიონს აღემატება, ძირითად იარაღს წარმოადგენს იმათთვის, ვინც მთელ დედამიწაზე ამცნობს ამ ‘კეთილ ცნობას სამეფოს შესახებ’. ეს კეთილი ცნობა შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამყაროს შემოქმედმა, იეჰოვა ღმერთმა, დაამყარა ზეციერი სამეფო, რომელიც გაანადგურებს ბოროტ წუთისოფელს და დედამიწას სამოთხედ გადააქცევს. მართლაც თვალსაჩინოა იმის ნიშანი, რომ ღმერთი მალე იმოქმედებს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანების სიცოცხლეს ამ ბოროტ სისტემაში საფრთხე ემუქრება (შეადარეთ 2 ტიმოთე 3:1—5; 2 პეტრე 3:3, 4; გამოცხადება 6:1—8).
იეჰოვას დიდი და საშინელი დღე
რა მოხდება, როდესაც იეჰოვას მიერ გამოტანილი განაჩენის შესრულების დღე დადგება? აი როგორ ცოცხლად აღწერს ღმერთი იმ დღეს: „გამოვაჩენ ნიშნებს ცაზე და მიწაზე: სისხლს, ცეცხლს და კვამლის სვეტებს. მზე დაბნელდება და მთვარე გასისხლიანდება, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიდი და საშინელი“ (იოველი 3:3, 4).
ის დღე, რომელიც ნებისმიერ ვულკანურ ამოფრქვევაზე და მიწისძვრაზე საშიში და გამანადგურებელია, გარდაუვალია. წინასწარმეტყველი სოფონია ამბობს: „ახლოს არის უფლის დიდი დღე, ახლოს არის და მოვა ძალიან მალე. . . მისი შურის ცეცხლი შთანთქავს მთელს ქვეყანას, რადგან ბოლოს მოუღებს უცაბედად ქვეყნის ყველა მკვიდრს“. მიუხედავად იმისა, რომ „ვერც ვერცხლი, ვერც ოქრო ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს“, ამ დიდ და საშინელ დღეს გადარჩენის საშუალება არსებობს (სოფონია 1:14—18).
სოფონია გვატყობინებს, თუ რა საშუალებაა ეს: „ვიდრე მოაწევდეს განგება, ბზესავით განიავდებოდეს დღე, ვიდრე არ დაგცემიათ უფლის რისხვის ალი, ვიდრე არ დაგტეხიათ უფლის რისხვის დღე. ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო. . . ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს“ (სოფონია 2:2, 3). ჩვენ შევძლებთ თავშესაფრის პოვნას, ‘თუ ვეძებთ იეჰოვას, სიმართლესა და თვინიერებას’. ვინ ეძებს დღეს იეჰოვას?
უეჭველია, სახელი „იეჰოვა“ იეჰოვას მოწმეებს გახსნებთ მათი სამქადაგებლო საქმიანობის გამო. ეს ჟურნალი შეიძლება ერთ-ერთმა მათგანმა მოგცათ. ისინი ზნეობრივ და პატიოსან მოქალაქეებად არიან ცნობილი. ისინი ცდილობენ, შეიმოსონ ‘ახალ ადამიანად’, რაშიც თვინიერების განვითარებაც შედის (კოლასელთა 3:8—10). მათ იციან, რომ ეს იეჰოვას ხილულ ორგანიზაციაში მიღებული განათლების შედეგია, რომელსაც მთელ დედამიწაზე არსებულ იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ კრებებში იღებენ. დიახ, თავშესაფრის პოვნა მთელ დედამიწაზე არსებულ იეჰოვას მოწმეთა ‘საძმოში’ შეგიძლიათ (1 პეტრე 5:9).
დღესვე შეაფარე თავი
იმისათვის, რომ თავშესაფარი ვპოვოთ იეჰოვასთან, მისი მეგობრები უნდა ვიყოთ. რა იგულისხმება ამაში? ბიბლია გვპასუხობს: „განა არ იცით, რომ წუთისოფლის მეგობრობა, ღვთის მტრობაა? ასეა, ვისაც წუთისოფლის მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება“ (იაკობი 4:4). ღვთის მეგობრები რომ ვიყოთ, ყველანაირი კავშირი უნდა გავწყვიტოთ ამ ბოროტ წუთისოფელთან, რომელიც ღვთის მიმართ მეამბოხე სულს ავლენს.
ბიბლია შეგვაგონებს: „ნუ შეიყვარებთ წუთისოფელს, ნურც იმას, რაც წუთისოფელშია. ვისაც წუთისოფელი უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული. ვინაიდან ყოველივე, რაც წუთისოფელშია: ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და სიამაყე ცხოვრებისა, მამისგან კი არა, წუთისოფლისაგან არის. გადადის წუთისოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (1 იოანე 2:15—17). ხალხის უმრავლესობას დღეს ხორციელი სურვილები — აღვირახსნილი სექსუალური ჟინი, ფულისადმი სიხარბე და ძალადობა — ამოძრავებს. მაგრამ იმისათვის, რომ იეჰოვას მხარე დაიჭირო, უნდა ალაგმო ასეთი სურვილები (კოლასელთა 3:5—8).
შეიძლება დროდადრო კითხულობდით ამ ჟურნალს და გჯეროდათ, რომ მასში ბიბლიური წინასწარმეტყველებები სწორად იყო განმარტებული, მიუხედავად ამისა, შეიძლება ყოყმანობთ შემდეგი ნაბიჯის გადადგმას და აყოვნებთ იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირებას. მაგრამ რაიმე უბედურების წინაშე რომ აღმოვჩენილიყავით, საკმარისი იქნებოდა გაფრთხილების მხოლოდ მოსმენა? ფუგენის მთაზე მომხდარი ამოფრქვევის მაგალითი გვიჩვენებს, რომ საჭიროა მოქმედება. გაიხსენე, სულ მცირე 15 რეპორტიორი და ფოტოგრაფი, რომლებიც სენსაციური ცნობების მოპოვებას ცდილობდნენ, დაიღუპა იმ დღეს. ერთი ფოტოგრაფი ისე დაიღუპა, რომ თავისი ფოტოაპარატის ღილაკზე ჰქონდა თითი მიჭერილი. ვულკანოლოგს, რომელიც ამბობდა, თუ მოვკვდები, მინდა, ვულკანმა მომკლასო, მართლად ეს დაემართა. ყოველი მათგანი თავიანთი საქმისა და მიზნების ერთგული იყო. მიუხედავად ამისა, მათ სიცოცხლის ფასად დაუჯდათ გაფრთხილების უგულებელყოფა.
დღეს ბევრს ესმის ამ ბოროტი წუთისოფლის განადგურებასთან დაკავშირებული ღვთის გადაწყვეტილების ცნობა და, გარკვეულწილად, ხედავენ ამ გაფრთხილების საფუძვლიანობას. ისინი, ალბათ, ამბობენ: „ოდესღაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ არა დღეს“. მათთვის უკეთესია იეჰოვას დღის უფრო შორეული დროისთვის გადადება, რომ არ მოცდნენ იმ საქმეებისგან, რასაც დღეს უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.
ბარუქს მსგავსი პრობლემა ჰქონდა. ის ძველ დროში მცხოვრებ წინაწარმეტყველს, იერემიას, ეხმარებოდა და თამამად აფრთხილებდა ისრაელს იერუსალიმის მოახლოებული განადგურების შესახებ. ერთხელაც, დაიღალა და მობეზრდა თავისი დავალების შესრულება. მაშინ იეჰოვამ შენიშვნა მისცა: „შენ კი დიდ რასმე მოითხოვ! ნუ მოითხოვ“. რაც უნდა მოესურვებინა ბარუქს — სიმდიდრე, სახელგანთქმულობა თუ მატერიალური უზრუნველყოფა — არ უნდა ‘მოეთხოვა დიდი რასმე’ თავისთვის. ის ერთით უნდა ყოფილიყო დაინტერესებული: ღვთის ნების შესრულებით, რომ დახმარებოდა ხალხს ღვთის მხარეზე დადგომაში. შედეგად კი ‘საკუთარ სიცოცხლეს ნადავლად’ მიიღებდა (იერემია 45:1—5). მისგან განსხვავებით, იმის ნაცვლად, რომ ვეძებდეთ ‘დიდ რასმე’ ჩვენთვის, იეჰოვა უნდა ვეძიოთ, რომელსაც ჩვენი გადარჩენა შეუძლია.
ფუგენის მთაზე უამრავი პოლიციელი და მოხალისე მეხანძრე ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, როდესაც გავარვარებულმა ვულკანურმა ნაკადმა ამოხეთქა. ისინი ცდილობდნენ, დახმარებოდნენ და დაეცვათ საფრთხეში მყოფი ხალხი. ისინი, ასე ვთქვათ, იმ კეთილმოსურნე მამაკაცებისა და ქალების მსგავსად მოქმედებდნენ, რომლებიც ჩაფლული არიან ამ წუთისოფლის გაუმჯობესების მცდელობაში. მიუხედავად მათი კეთილშობილური მიზნებისა, ‘გამრუდებული ვეღარ გაიმართება, ხოლო ნაკლული ვეღარაფრით შეივსება’ (ეკლესიასტე 1:15). შეუძლებელია ამ გამრუდებული წუთისოფლის გამართვა. გონივრული იქნებოდა თუ არა „წუთისოფლის მეგობრობა“ და ამ ქვეყნიერების გადარჩენის მცდელობა, როცა ღმერთმა მისი განადგურება განიზრახა?
თუ გამოხვედით, ნუღარ დაბრუნდებით
სხვა რამეა საშიში სისტემიდან გამოსვლა, ხოლო ‘საძმოს’ მფარველობისა და მზრუნველობის ქვეშ დარჩენა სულ სხვაა (1 პეტრე 2:17). ნუ დავივიწყებთ იმ ფერმერებს, რომლებიც ევაკუირების შემდეგ უკან დაბრუნდნენ ფუგენის მთასთან მდებარე თავიანთი მინდვრების შესამოწმებლად. ალბათ, მათ სურდათ, დაბრუნებოდნენ თავიანთ ყოფილ „ჩვეულ“ ცხოვრებას. მაგრამ გესმის, რომ იქ დაბრუნება, მათი მხრივ, არაგონივრული ნაბიჯი იყო. შესაძლებელია, იმ დღეს ისინი პირველად არ შესულან საშიშ ზონაში. პირველად, ალბათ, ცოტა ხნით შევიდნენ და იმ დროს არაფერი მოხდა. მეორედ, შესაძლოა, უფრო დიდ ხანს დარჩნენ და მაშინაც არაფერი მოხდა. როგორც ჩანს, მალე ისინი მიეჩვივნენ უსაფრთხო ხაზის გადაკვეთას და უფრო თამამად რჩებოდნენ მათთვის საშიშ ტერიტორიაზე.
იესო ქრისტემ მოიხსენია მსგავსი სიტუაცია, რომელიც ‘წუთისოფლის აღსასრულისას’ იქნებოდა. მან თქვა: „როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც“ (მათე 24:3, 38, 39, სსგ).
ყურადღება მიაქციე, რომ იესომ ჭამა-სმა და ცოლის შერთვა ახსენა. ამ მოქმედებებიდან არც ერთი არ არის თავისთავად არასწორი იეჰოვას თვალში. მაშ, რა იყო პრობლემა? ნოეს დღეებში ხალხი ‘არას დაგიდევდა’ და ყოვლდღიური ცხოვრებით ცხოვრობდა. კრიტიკულ დროს ადამიანს არ შეუძლია „ჩვეული“ ცხოვრებით იცხოვროს. რაკი ერთხელ გამოხვედი, ანუ გამოეყავი, ამ განწირულ წუთისოფელს, ახლა რადაც უნდა დაგიჯდეს, წინ აღუდექი უკან დაბრუნებისა და მის მიერ შემოთავაზებულით სარგებლობის სურვილს (1 კორინთელთა 7:31). შენ შეიძლება გახვიდე უსაფრთხო ზონიდან ისე, რომ ვერავინ შეგამჩნიოს, და უვნებელი დაბრუნდე. ეს, ალბათ, სითამამეს შეგმატებს და ისევ გაიმეორებ იმავეს, თანაც უფრო მეტხანს დარჩები საშიშ ზონაში. მალე ასეთ აზროვნებას დაიწყებ: „აღსასრული დღეს არ მოვა“.
გაიხსენეთ ის სამი ტაქსის მძღოლიც, რომლებიც რეპორტიორებსა და ფოტოგრაფებს ელოდებოდნენ, როდესაც ლავა ფერდობზე დაეშვა. ზოგმა შეიძლება იმათ მიბაძონ, რომელთაც გაბედეს ქვეყნიერებაში დაბრუნება. როგორც უნდა იყოს, ნათელია, რომ არ ღირს რისკზე წასვლა და იმის დაშვება, რომ ვინმემ საშიშ ზონაში დაბრუნებაზე დაგიყოლიოთ.
ფუგენის მთაზე მომხდარი ამოფრქვევის თითოეულმა მსხვერპლმა უსაფრთხოების ხაზი გადაკვეთა და საშიშ ზონაში შევიდა. მათ იცოდნენ, რომ ვულკანი ამოხეთქავდა, მაგრამ არც ერთი არ ფიქრობდა, რომ ეს იმ დღეს მოხდებოდა. როდესაც ამ სისტემის აღსასრულის ნიშანს აკვირდებიან, ბევრი ელის, რომ იეჰოვას დღე ერთხელაც იქნება და დადგება, მაგრამ, ჰგონიათ, ეს მალე არ მოხდება. ზოგი იმასაც ფიქრობს, რომ ის დღე არასოდეს მოვა „დღეს“. ასეთი თვალსაზრისი, რა თქმა უნდა, სახიფათოა.
იეჰოვას „დღე ქურდივით მოვა“, — გვაფრთხილებდა მოციქული პავლე. ფხიზლად უნდა ვიყოთ, ‘ველოდეთ და ვესწრაფოდ ღვთის მოსვლის დღეს’ და ‘ვიბეჯითოდ, რომ შეუბღალავნი და უბიწონი წარვსდგეთ მშვიდობით მის წინაშე’ (2 პეტრე 3:10—14). ამ ბოროტი სისტემის განადგურების შემდეგ დამყარდება სამოთხე, რომელსაც ღვთის სამეფო უხელმძღვანელებს. ნურასოდეს შევცდებით და ნუ შევალთ საშიშ ზონაში, რა მიზეზიც უნდა გვქონდეს, რადგან შეიძლება სწორედ ის დღე აღმოჩნდეს იეჰოვას დღე, რომელ დღესაც გადავკვეთთ უსაფრთხოების ხაზს და ქვეყნიერებაში დავბრუნდებით.
ჰპოვეთ თავშესაფარი იეჰოვას ხალხში და დარჩით მათთან.
[სურათები 7 გვერდზე]
ჰპოვეთ თავშესაფარი იეჰოვას ხალხში და დარჩით მათთან.
[საავტორო უფლება 4 გვერდზე]
Iwasa/Sipa Press