„შეიმოსეთ თავმდაბლობა“
„ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს“ (1 პეტრე 5:5).
1, 2. რომელი ორი ურთიერთსაპირისპირო თვისება ახდენს ადამიანის მოქმედებაზე დიდ გავლენას?
ღვთის სიტყვა უამრავ თვისებას შორის ყურადღებას ორ ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებაზე ამახვილებს. ორივე მათგანი ადამიანის მოქმედებაზე დიდ გავლენას ახდენს. მათ შორის ერთი „თავმდაბლობაა“ (1 პეტრე 5:5). ერთ ლექსიკონში „თავმდაბალი“ შემდეგნაირად არის განმარტებული: „მოკრძალებული, ქცევითა და სულით: ამპარტავნობასა და თავდაჯერებულობასთან გაუცხოებული“. თავმდაბლობის სინონიმია თვინიერი, რაც, ღვთის თვალსაზრისით, უაღრესად სასურველი თვისებაა.
2 ზემოხსენებულის საწინააღმდეგო თვისება ამპარტავნობაა, რომელიც შემდეგნაირად განიმარტება: „გადაჭარბებული პატივმოყვარეობა, ქედმაღლობა“. ამპარტავანს ახასიათებს ეგოიზმი, ხორციელი მისწრაფებები და სხვების ინტერესების უგულებელყოფა თავისი მიზნების განხორციელების დროს. ამის ერთ-ერთი შედეგი ბიბლიაშია მოხსენიებული: «კაცი კაცზე მძლავრობდა თავისდა საზიანოდ». ბიბლიაში აგრეთვე ნათქვამია, რომ ‘ერთურთის შური’ ‘ამაოება ყოფილა და ქარის დევნა’, რადგან ადამიანი ‘როგორც მოვიდა, ისე წავა’ სიკვდილისას. ასეთი სიამაყე, ღვთის თვალში, არასასურველია (ეკლესიასტე 4:4; 5:15; 8:9).
წუთისოფელში გაბატონებული სული
3. როგორია წუთისოფლისეული სული?
3 ზემოხსენებულ თვისებათაგან რომელი ახასიათებს წუთისოფელს? რა სულია წუთისოფელში გაბატონებული? „ისტორიას არ ახსოვს ისეთი მხეცური ძალადობა, რომელიც მეოცე საუკუნეში მომხდარის ტოლფასი იქნებოდა“, — ნათქვამია ერთ გამოცემაში (World Military and Social Expenditures 1996). პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლებისთვის კონკურენციამ, აგრეთვე, ეროვნულმა, რელიგიურმა, ტომობრივმა და ეთნიკურმა მოცილეობამ ჩვენს საუკუნეში 100 მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა. გახშირდა ცალკეულ პიროვნებათა ეგოისტური მოქმედებებიც. „ჩიკაგო ტრიბიუნი“ იუწყებოდა: «საზოგადოება „დაავადებულია“ სისასტიკით, ბავშვებზე ძალადობით, განქორწინებით, ლოთობით, შიდს-ით, მოზარდების თვითმკვლელობით, ნარკომანიით, ბანდებით, სქესობრივი ძალადობით, უკანონობით, აბორტებით, პორნოგრაფიით . . . სიცრუით, თაღლითობით, კორუფციით. . . კარგი და ცუდი, როგორც მორალური ცნება, უგულებელყოფილია». არსებული მდგომარეობის გამო იძლეოდა „გაეროს ქრონიკა“ გაფრთხილებას, რომ „საზოგადოება იხრწნება“.
4, 5. როგორ არის დღეს გაბატონებული წუთისოფლისეული სული აღწერილი ბიბლიის წინასწარმეტყველებაში?
4 ასეთი მდგომარეობა მთელ მსოფლიოშია და ზუსტად შეესაბამება ბიბლიურ წინასწარმეტყველებას დღევანდელ დღეზე: „ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება, ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი, მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის მოძულენი, გამცემნი, თავხედნი, გაბღენძილნი“ (2 ტიმოთე 3:1–4).
5 ამ სიტყვებით საკმაოდ ზუსტად არის აღწერილი წუთისოფლისეული სული და ეს სული ეგოიზმია. ცალკეულ პიროვნებათა შორის მეტოქეობა ეროვნებათა შორის მოცილეობის ანარეკლია. მაგალითად, შეჯიბრებებში სპორტსმენები პირველობისკენ ისწრაფიან და არაფრად აგდებენ, რამხელა სულიერ და ფიზიკურ ტკივილს აყენებენ სხვებს. ეს სული ადამიანებში ბავშვობიდანვე ღვივდება და მთელი ცხოვრება გასდევს. შემდეგ კი სახეზეა: „მტრობა, ჩხუბი, შური, რისხვა, შუღლი, უთანხმოებანი“ (გალატელთა 5:19–21).
6. ვინ აღვივებს ეგოიზმს და რას ფიქრობს იეჰოვა ასეთ სულისკვეთებაზე?
6 ბიბლიაში ნაჩვენებია, რომ ამ წუთისოფლის ეგოისტური სული ზუსტად ასახავს იმ პიროვნების სულს, რომელსაც „ეშმაკი და სატანა ჰქვია“ და რომელიც „მთელი წუთისოფლის მაცდუნებელია“. ამ კრიტიკულ უკანასკნელ დღეებში მცხოვრებ ადამიანებზე სატანის ზეგავლენის შესახებ ბიბლია წინასწარმეტყველებს: „ვაი, მიწას . . . ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“ (გამოცხადება 12:9–12). ასე რომ, ის და მისი თანამზრახველი დემონები უფრო მეტად ცდილობენ ადამიანებში ეგოისტური აზროვნება გააღვივონ. მაგრამ რას ფიქრობს იეჰოვა ასეთ სულისკვეთებაზე? მის წმინდა სიტყვაში ნათქვამია: „ყველა გულზვიადი სიბილწეა უფლის წინაშე“ (იგავნი 16:5).
იეჰოვა თავმდაბლების გვერდითაა
7. რა თვალსაზრისი აქვს იეჰოვას თავმდაბლებზე და რას ასწავლის მათ?
7 მეორე მხრივ, იეჰოვა თავმდაბლებისთვის კურთხევას არ იშურებს. იეჰოვასადმი მიძღვნილ საგალობელში მეფე დავითი წერდა: «დაჩაგრულთა [„თავმდაბალთა“, აქ] მხსნელი ხარ, მედიდურებს მზერით აცამტვერებ» (მეორე მეფეთა 22:1, 28). ამიტომ ღვთის სიტყვა გვირჩევს: „ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო . . . ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს“ (სოფონია 2:3). ღვთის თავმდაბალ მაძიებელს იეჰოვა წუთისოფლისეული სულისგან სავსებით განსხვავებული სულისკვეთების განვითარებას ასწავლის. ბიბლია ამბობს: «თავიანთ [„თავის“, აქ] გზას ასწავლის მორჩილთ» (ფსალმუნი 24:9; ესაია 54:13). ეს გზა სიყვარულის გზაა და ეს სიყვარული ღვთის ნორმების შესრულებაზეა დაფუძნებული. ბიბლიის თანახმად, პრინციპებზე დაფუძნებული ეს სიყვარული „არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს . . . თავისას არ ეძიებს“ (1 კორინთელთა 13:1–8). მასში აგრეთვე აშკარად ჩანს თავმდაბლობა.
8, 9. ა) საიდან მომდინარეობს პრინციპებზე დაფუძნებული სიყვარული? ბ) რამდენად მნიშვნელოვანია, მივბაძოთ იესოს სიყვარულსა და თავმდაბლობას?
8 პავლემ და პირველი საუკუნის ქრისტიანებმა ასეთი სიყვარული იესოსგან ისწავლეს, იესომ კი — მამამისისგან, იეჰოვასგან, რომელზეც ბიბლიაში ნათქვამია: „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). იესომ იცოდა, რომ ღმერთს სურდა მას სიყვარულის კანონით ეცხოვრა და ამიტომაც ამ კანონით ცხოვრობდა (იოანე 6:38). სწორედ ამიტომ თანაუგრძნობდა ის ჩაგრულებს, ღარიბ-ღატაკებსა და ცოდვილებს (მათე 9:36). მან უთხრა მათ: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ“ (მათე 11:28, 29).
9 იესომ თავის მოწაფეებს დაანახვა მისი სიყვარულისა და თავმდაბლობის მიბაძვის აუცილებლობა, როცა უთხრა მათ: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35). ისინი გამოირჩეოდნენ ამ ეგოისტური სულისკვეთების მქონე წუთისოფლისგან. ამიტომ შეეძლო იესოს ეთქვა თავის მიმდევრებზე: „არ არიან წუთისოფლისანი“ (იოანე 17:14). ისინი სატანის წუთისოფლის ამაყ, ეგოისტურ სულისკვეთებას კი არ ბაძავენ, არამედ იესოში დანახულ სიყვარულისა და თავმდაბლობის სულს.
10. რას აკეთებს იეჰოვა დღეს თავმდაბლებისთვის?
10 ღვთის სიტყვაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ უკანასკნელ დღეებში თავმდაბლები გაერთიანდებოდნენ სიყვარულსა და თავმდაბლობაზე დაფუძნებულ მსოფლიო საზოგადოებად. ამგვარად, ამ წუთისოფელში, რომელშიც სიამაყე ფრთებს შლის, იეჰოვას ხალხი განსხვავებული თვისებით, კერძოდ კი, თავმდაბლობით გამოირჩევა. ისინი ამბობენ: „მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე [რაც მისი ამაღლებული ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობაა] . . . გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ“ (ესაია 2:2, 3). იეჰოვას მოწმეები შეადგენენ ამ მსოფლიო საზოგადოებას, რომელიც ღვთის ბილიკებით დადის. ამ საზოგადოებაში არის „უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“ (გამოცხადება 7:9). დღეს მათი რიცხვი მილიონებს ითვლის. როგორ ასწავლის მათ იეჰოვა თავმდაბლობას?
თავმდაბლობის სწავლა
11, 12. რაში გამოიხატება ღვთის მსახურთა თავმდაბლობა?
11 ღვთის სული აღძრავს მის ხალხს, ისწავლონ, როგორ გაიმარჯვონ წუთისოფლის მავნე სულზე და გამოავლინონ ღვთის სულის ნაყოფი: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება“ (გალატელთა 5:22, 23). ასეთი თვისებების განვითარებისთვის ხელის შესაწყობად ღვთის სიტყვა ურჩევს მის ხალხს, რომ არ გახდნენ „პატივმოყვარენი, ერთმანეთის გამაღიზიანებელნი და ერთმანეთის მოშურნენი“ (გალატელთა 5:26). პავლე მოციქულმაც მსგავსი აზრი გამოთქვა: «თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ იფიქრეთ თავმდაბლურად [„ზომიერად“, სსგ]» (რომაელთა 12:3).
12 ღვთის სიტყვა ჭეშმარიტ ქრისტიანებს ურჩევს: „არაფერი გააკეთოთ ჯიბრით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით. საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი. თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც“ (ფილიპელთა 2:3, 4). „არავინ ეძებოს თავისი სარგებელი, არამედ სხვისი“ (1 კორინთელთა 10:24). დიახ, „სიყვარული . . . აშენებს“ ადამიანს უანგარო სიტყვებითა და მოქმედებით (1 კორინთელთა 8:1). ის ხელს უწყობს თანამშრომლობას და არა კონკურენციას. ეგოისტურ სულს იეჰოვას მსახურთა შორის ადგილი არა აქვს.
13. რატომ არის თავმდაბლობის სწავლა საჭირო და როგორ შეიძლება მისი სწავლა?
13 მაგრამ, თანდაყოლილი არასრულყოფილების გამო, ჩვენ თავმდაბლებად არ დავბადებულვართ (ფსალმუნი 50:7). თავმდაბლობას სწავლა უნდა, რაც შეიძლება რთული იყოს მათთვის, რომლებსაც პატარაობიდან არ უსწავლიათ იეჰოვას გზები და მის შესახებ მხოლოდ მოგვიანებით გაიგეს. მათი პიროვნება უკვე წუთისოფლისეულად ჩამოყალიბდა, ასე რომ, მათ უწევთ სწავლა, როგორ ‘მიატოვონ წინანდელი ცხოვრება ძველი კაცისა და შეიმოსონ ახალი კაცი, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით’ (ეფესელთა 4:22, 24). ღვთის დახმარებით გულწრფელი პიროვნება ყურად იღებს ზეციერი მამის თხოვნას: „შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა“ (კოლასელთა 3:12).
14. რა აზრი გამოთქვა იესომ განდიდებასთან დაკავშირებით?
14 იესოს მოწაფეებს თავმდაბლობის სწავლა მოუწიათ. ისინი უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებები იყვნენ, როდესაც მოწაფეები გახდნენ და მათ ასე თუ ისე წუთისოფლისეული მოცილეობის სული ჰქონდათ. როდესაც ორი მათგანის დედა თავისი ვაჟების დიდებისთვის იღწვოდა, იესომ უთხრა: „თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავარნი ბატონობენ მათზე [ხალხზე] და დიდებულნი ხელმწიფებას იყენებენ მათზე, მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება, არამედ, ვისაც თქვენ შორის სურს დიდი იყოს, ის თქვენი მსახური იყოს. ვისაც თქვენს შორის სურს პირველი იყოს, ის თქვენი მონა იყოს. ისევე, როგორც კაცის ძე [იესო] არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად“ (მათე 20:20–28). როდესაც იესომ თავის მოწაფეებს აუხსნა, არ გამოეყენებინათ ტიტულები საკუთარი თავის განსადიდებლად, შემდეგ უთხრა: „თქვენ ყველანი ძმები ხართ“ (მათე 23:8).
15. როგორი სულისკვეთება უნდა ჰქონდეთ მათ, რომლებიც ზედამხედველობისკენ ისწრაფვიან?
15 იესოს ნამდვილი მიმდევარი თანაქრისტიანებისთვის არის მსახური, დიახ, მონა (გალატელთა 5:13, სსგ). განსაკუთრებით ასე უნდა მოიქცნენ ისინი, რომელთაც სურთ, კრების ზედამხედველობისთვის იყვნენ შესაფერისი. მათ არასოდეს უნდა ჰქონდეთ მეტოქეობა მდგომარეობისა და ძალაუფლებისთვის; მათ არ უნდა ‘იუფლონ ღვთის სამკვიდრებელზე, არამედ მაგალითი უნდა იყვნენ სამწყსოსათვის’ (1 პეტრე 5:3). ეგოისტური სული იმის მაჩვენებელია, რომ პიროვნება ზედამხედველობისთვის გამოსადეგი არ არის და ამიტომ კრებისთვის კურთხევა არ იქნება. მართალია ‘ზედამხედველად ყოფნის სურვილში’ ცუდი არაფერია, მაგრამ ეს სურვილი თანაქრისტიანების მომსახურებისკენ სწრაფვაზე უნდა იყოს დამყარებული. ზედამხედველობა არ ნიშნავს განდიდებულ მდგომარეობასა თუ ძალაუფლებას, რადგან კრების ზედამხედველები დიდი თავმდაბლობით უნდა გამოირჩეოდენ (1 ტიმოთე 3:1, 6).
16. რატომ არის დიოტრეფე ღვთის სიტყვაში მხილებული?
16 იოანე მოციქული ყურადღებას ამახვილებს არასწორი აზროვნების პიროვნებაზე: «მე მივწერე ეკლესიას, მაგრამ მათთან პირველობის მოყვარე დიოტრეფე არ გვღებულობს ჩვენ [„უპატივცემულოდ გვეპყრობა“, აქ]». დიოტრეფე სხვებს უპატივცემულოდ ეპყრობოდა საკუთარი პოზიციის გაძლიერების მიზნით, მაგრამ ამის ნაცვლად ღვთის სულმა იოანეს ბიბლიაში მისი ეგოისტური პოზიცია ამხილებინა (3 იოანე 9, 10).
სწორი აზროვნება
17. როგორ გამოავლინეს პეტრემ, პავლემ და ბარნაბამ თავმდაბლობა?
17 ბიბლიაში სწორი აზროვნებისა და თავმდაბლობის უამრავი მაგალითია. როდესაც პეტრე კორნელიოსის სახლში შევიდა, მასპინძელი მას „ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანი სცა“. მაგრამ პეტრეს არ შეუფერებია თაყვანისცემა, არამედ «წამოაყენა და უთხრა: „ადექი, მეც ადამიანი ვარ“ » (საქმეები 10:25, 26). როდესაც პავლე და ბარნაბა ლისტრაში იყვნენ, პავლემ დაბადებიდან დავრდომილი განკურნა. ამის თვითმხილველმა ხალხმა იფიქრა, რომ მოციქულები ღმერთები იყვნენ. მაგრამ პავლემ და ბარნაბამ «ტანისამოსი შემოიხიეს, ხალხში შეცვივდნენ, შეჰყვირეს და თქვეს: „კაცნო, ამას რას სჩადიხართ? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვართ“ » (საქმეები 14:8–15). ამ თავმდაბალმა ქრისტიანებმა ადამიანთაგან დიდება არ მიიღეს.
18. რა უთხრა თავმდაბლობიდან გამომდინარე ძლევამოსილმა ანგელოზმა იოანეს?
18 იოანე მოციქულს ანგელოზის მეშვეობით გადაეცა „გამოცხადება იესო ქრისტესი“ (გამოცხადება 1:1). ანგელოზის სიძლიერის დანახვისას იოანე შეძრწუნდა; ჩვენ გვესმის მისი, რადგან ვიცით, რომ მხოლოდ ერთმა ანგელოზმა აშურის ბანაკში 185 000 მებრძოლი ამოხოცა (მეოთხე მეფეთა 19:35). იოანე წერს: «როცა მოვისმინე და ვიხილე, დავემხე იმ ანგელოზის ფერხთით, რომელმაც მაჩვენა ყოველივე ეს, რათა თაყვანი მეცა. მითხრა: „ნუ იზამ ამას, ვინაიდან მე თანამსახური ვარ შენი და შენი წინასწარმეტყველი ძმებისა. . . ღმერთს ეცი თაყვანი“ » (გამოცხადება 22:8, 9). ძლევამოსილი ანგელოზის მხრიდან ეს მართლაც დიდი თავმდაბლობაა!
19, 20. შეადარეთ გამარჯვებული რომაელი გენერლების სიამაყე იესოს თავმდაბლობას.
19 იესო თავმდაბლობის საუკეთესო მაგალითია. ის იყო ღვთის მხოლოდშობილი ძე, ღვთის ზეციერი სამეფოს მომავალი მეფე. როდესაც მან ადამიანებს გაუმხილა ეს, ის რომის იმპერიის გამარჯვებული გენერლებივით არ მოქცეულა, რომლებიც უზარმაზარ პარადებს — პროცესიებს — აწყობდნენ, ოქროთი და სპილოს ძვლით შემკობილი ეტლებით გამოდიოდნენ, რომლებშიც თეთრი ბედაურები ან სპილოები, ლომები თუ ვეფხვები ჰყავდათ შებმული. პროცესიის მსვლელობისას გამარჯვების ჰიმნებს მღეროდნენ, უკან ორთვალებით ნადავლი მოჰქონდათ, ხოლო მოძრავ სცენაზე ომის სცენებს ასახიერებდნენ. მოჰყავდათ აგრეთვე დატყვევებული მეფეები, უფლისწულები და გენერლები თავ-თავიანთი ოჯახებით, ხშირ შემთხვევაში, ტანსაცმელშემოძარცვულნი, დამცირების მიზნით. ასეთ მოქმედებაში ნათლად ჩანდა ამპარტავნობა, ქედმაღლობა.
20 შეადარე ეს იესოს მაგალითს. ის თავმდაბლურად დაემორჩილა წინასწარმეტყველების შესრულებას: „აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე“. ის თავმდაბლურად ამხედრდა ტვირთის მზიდავ სახედარზე და არ უფიქრია საუცხოო ეტლით ტრიუმფალურ სვლაზე (ზაქარია 9:9; მათე 21:4, 5). რა ბედნიერები არიან თავმდაბლები, რომ ახალ ქვეყნიერებაში იესო იქნება იეჰოვასგან ცხებული მეფე, რომელიც ნამდვილად თავმდაბალი, თვინიერი, მოსიყვარულე, თანამგრძნობი და მოწყალეა! (ესაია 9:5, 6; ფილიპელთა 2:5–8).
21. რას არ ნიშნავს თავმდაბლობა?
21 ფაქტი, რომ იესო, პავლე, პეტრე და ბიბლიური დროის სხვა მრავალი მორწმუნე თავმდაბლები იყვნენ, გამორიცხავს იმ აზრს, რომ თავმდაბლობა სისუსტეა. თავმდაბლობაში ჩანს ხასიათის სიძლიერე, რადგან ეს ადამიანები გაბედულები და ერთგულები იყვნენ. სწორედ დიდი პიროვნული და ზნეობრივი სიმტკიცის წყალობით გადაიტანეს ღვთის მსახურებმა მკაცრი გამოცდები (ებრაელთა, თავი 11). და დღეს, რაკი იეჰოვას მსახურები თავმდაბლები არიან, აქვთ მსგავსი ძალა, რადგან იეჰოვა ძლიერი სულიწმიდით განამტკიცებს თავმდაბლებს. ამიტომ მოგვიწოდებს ბიბლია: „შეიმოსეთ თავმდაბლობა, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს. მაშ, დამდაბლდით ღვთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა აგამაღლოთ მან თავის დროზე“ (1 პეტრე 5:5, 6; 2 კორინთელთა 4:7).
22. რა იქნება განხილული შემდეგ სტატიაში?
22 არსებობს თავმდაბლობის კიდევ ერთი დადებითი მხარე, რომელიც ღვთის მსახურებს უნდა ჰქონდეთ და რომელიც კრებებში სიყვარულის გაძლიერებასა და თანამშრომლობას უწყობს ხელს. მის გარეშე წარმოუდგენელია თავმდაბლობა. ამას შემდეგ სტატიაში განვიხილავთ.
გასამეორებლად
◻ აღწერე წუთისოფელში გაბატონებული სული.
◻ რა მხრივ ეპყრობა იეჰოვა კეთილად თავმდაბლებს?
◻ რატომ არის აუცილებელი თავმდაბლობის სწავლა?
◻ თავმდაბლობის რომელი მაგალითებია მოცემული ბიბლიაში?
[სურათი 15 გვერდზე]
ანგელოზმა უთხრა იოანეს: „ნუ იზამ ამას, ვინაიდან მე თანამსახური ვარ შენი“.