დარჩით იეჰოვას მფარველობის ველზე
„იეჰოვა . . . შეებრძოლება ამ ხალხებს, როგორც ბრძოლისა და ომის დღეს“ (ზაქ. 14:3).
1, 2. რა რეალური ომია კარს მომდგარი და რის გაკეთება არ მოუწევთ ღვთის მსახურებს ამ ომში?
მილიონობით ადამიანი შეერთებულ შტატებში 1938 წლის 30 ოქტომბერს უსმენდა პოპულარულ რადიოგადაცემას. იმ საღამოს ეთერში გავიდა სამეცნიერო-ფანტასტიკური ნოველის, „სამყაროთა ომების“, რადიოსპექტაკლი. მსახიობებმა, რომლებიც დიქტორების როლს თამაშობდნენ, „ახალ ამბებში“ გამოაცხადეს, რომ მარსიდან უცხოპლანეტელების შემოჭრა დედამიწის განადგურებას გამოიწვევდა. მიუხედავად განცხადებისა, რომ რადიოსპექტაკლი იყო, ბევრმა მსმენელმა ეს სინამდვილედ მიიჩნია და ძალიან შეშინდა. ზოგიერთებმა გარკვეულ ზომებსაც კი მიმართა უცხოპლანეტელებისგან თავის დასაცავად.
2 მაგრამ დღეს რეალური ომია კარს მომდგარი. თუმცა ადამიანები ამ ფაქტს საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას. ეს ომი ნაწინასწარმეტყველებია არა რაიმე სამეცნიერო-ფანტასტიკურ რომანში, არამედ ღვთივშთაგონებულ სიტყვაში, ბიბლიაში. ეს არის არმაგედონი — ღვთის ომი ამ ბოროტი ქვეყნიერების წინააღმდეგ (გამოცხ. 16:14—16). ამ ომის დროს ღვთის მსახურებს არ მოუწევთ თავის დაცვა უცხოპლანეტელებისგან. მაგრამ ისინი იქნებიან გამაოგნებელი მოვლენებისა და ღვთის შიშისმომგვრელი ძალის გამოვლენის თვითმხილველები.
3. რომელ წინასწარმეტყველებას განვიხილავთ და რით არის ის ჩვენთვის საინტერესო?
3 ზაქარიას მე-14 თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველება პირდაპირ მიუთითებს არმაგედონის ომზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს წინასწარმეტყველება დაახლოებით 2 500 წლის წინ ჩაიწერა, ის თითოეულ ჩვენგანს ეხება (რომ. 15:4). ამ წინასწარმეტყველების უმეტესი ნაწილი ეხება ღვთის ხალხს, მას შემდეგ, რაც 1914 წელს ზეცაში მესიანური სამეფო დამყარდა და ასევე იმ შთამბეჭდავ მოვლენებს, რომლებიც ახლო მომავალში მოხდება. ამ წინასწარმეტყველებაში ყურადღება მახვილდება „დიდი ველის“ წარმოქმნაზე და „ცოცხალი წყლის“ წამოსვლაზე (ზაქ. 14:4, 8). ეს ველი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იეჰოვას თაყვანისმცემლების დაცვაში. და როცა გავიგებთ, თუ რამხელა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამ ცოცხალ წყალს ჩვენთვის, არა მარტო დავინახავთ, რომ გვჭირდება მისი მიღება, არამედ მოგვინდება კიდეც მისი დალევა. ვინაიდან ეს ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება, მოდი, ყურადღება მივაქციოთ ამ წინასწარმეტყველებას (2 პეტ. 1:19, 20).
„იეჰოვას დღე“ იწყება
4. ა) როდის დაიწყო „იეჰოვას დღე“? ბ) რას აცხადებდნენ იეჰოვას თაყვანისმცემლები 1914 წლამდე ათწლეულებით ადრე და როგორ გამოეხმაურნენ ამას მსოფლიო ლიდერები?
4 ზაქარიას მე-14 თავი იწყება იეჰოვას დღის აღწერით (წაიკითხეთ ზაქარიას 14:1, 2). რა არის „იეჰოვას დღე“? ეს არის „უფლის დღე“, რომელიც მაშინ დაიწყო, როცა „ქვეყნიერების სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა“ (გამოცხ. 1:10; 11:15). ეს დღე დაიწყო 1914 წელს, როდესაც ზეცაში მესიანური სამეფო დამყარდა. მანამდე ათწლეულებით ადრე იეჰოვას თაყვანისმცემლები აცხადებდნენ, რომ „უცხოტომელთათვის დანიშნული დროები“ დასრულდებოდა 1914 წელს და მთელ მსოფლიოში დადგებოდა არნახულად რთული პერიოდი (ლუკ. 21:24). როგორ გამოეხმაურნენ ამას ერები? ნაცვლად იმისა, რომ ყური დაეგდოთ ამ დროული გაფრთხილებისთვის, პოლიტიკურმა და რელიგიურმა ლიდერებმა შეიძულეს ეს გულმოდგინე ცხებული მქადაგებლები და დაიწყეს მათი დევნა. ცხებულები წარმოადგენენ „ზეციერი იერუსალიმის“ ანუ მესიანური სამეფოს ელჩებს, ამიტომ მათდამი ასეთი მოპყრობით ეს მსოფლიო ლიდერები დასცინოდნენ თავად ყოვლისშემძლე ღმერთს (ებრ. 12:22, 28).
5, 6. ა) როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, რა გააკეთეს ერებმა „ქალაქისა“ და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ? ბ) ვინ იყო „ხალხის დარჩენილი ნაწილი“?
5 ზაქარიამ იწინასწარმეტყველა, თუ რას მოიმოქმედებდნენ ერები: „დაიპყრობენ ქალაქს [იერუსალიმს]“. ეს „ქალაქი“ წარმოადგენს ღვთის მესიანურ სამეფოს, ხოლო ამ ქალაქის „მოქალაქეები“ არიან დედამიწაზე დარჩენილი ცხებული ქრისტიანები (ფილ. 3:20). პირველი მსოფლიო ომის დროს იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერი ნაწილის პასუხისმგებელი წევრები „დაიპყრეს“ ანუ დააპატიმრეს და ჩასვეს ატლანტის ციხეში (ჯორჯია, აშშ). მტრებმა იმ გაგებით „გაძარცვეს“ სახლები, რომ უსამართლოდ და სასტიკად მოექცნენ როგორც დაპატიმრებულ ძმებს, ისე ერთგულების დამცველ სხვა ქრისტიანებს, აკრძალეს მათი ლიტერატურა და შეზღუდეს სამეფოს შესახებ ქადაგების საქმიანობა.
6 მიუხედავად იმისა, რომ ღვთის თაყვანისმცემლები ბევრნი არ იყვნენ, მათ უარყოფით შუქში წარადგენდნენ, წინააღმდეგობას უწევდნენ და დევნიდნენ, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა არასდროს შეწყვეტილა. „ხალხის დარჩენილი ნაწილი“ ანუ ცხებული ქრისტიანები ერთგულები დარჩნენ და არ „მოიკვეთნენ ქალაქიდან“.
7. რა მაგალითს აძლევენ იეჰოვას ცხებული მოწმეები ღვთის ყველა ჭეშმარიტ თაყვანისმცემელს დღეს?
7 შესრულდა სრულად ეს წინასწარმეტყველება პირველი მსოფლიო ომის დასასრულს? არა. ერები კვლავაც დაესხმებოდნენ თავს ცხებულ ქრისტიანებს და დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედის მქონე მათ ერთგულ თანამსახურებს (გამოცხ. 12:17). ეს ცხადი გახდა მეორე მსოფლიო ომის დროს. ამ ერთგული ცხებული ქრისტიანების მაგალითი აღძრავს ღვთის თანამედროვე მსახურებს, გაუძლონ ნებისმიერ განსაცდელს, იქნება ეს წინააღმდეგობა ნათესავებისა თუ თანამშრომლების მხრიდან ან დაცინვა თანაკლასელებისგან (1 პეტ. 1:6, 7). სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს ისე როგორც არასდროს, გადაწყვეტილი აქვთ, მტკიცედ იდგნენ „ერთ სულში“ და არ შეუშინდნენ მოწინააღმდეგეებს (ფილ. 1:27, 28). მაგრამ ჩვენდამი სიძულვილით გამსჭვალულ ქვეყნიერებაში სად შეგვიძლია ვიგრძნოთ თავი უსაფრთხოდ ჩვენ, იეჰოვას მსახურებმა? (იოან. 15:17—19).
იეჰოვა ქმნის „დიდ ველს“
8. ა) რისი სიმბოლოა ბიბლიაში მთები? ბ) რას განასახიერებს „ზეთისხილის მთა“?
8 რამდენადაც „ქალაქი“ ანუ იერუსალიმი წარმოადგენს ზეციერ იერუსალიმს, „ზეთისხილის მთასაც“, რომელიც იერუსალიმის პირდაპირ არის, სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. რისი სიმბოლოა ეს მთა? როგორ იპობა ის შუაზე და როგორ ხდება ორი მთა? რატომ მოიხსენიებს იეჰოვა მათ თავის მთებად? (წაიკითხეთ ზაქარიას 14:3—5 ). ბიბლიაში ხშირად მთები წარმოადგენს სამეფოებს ან მთავრობებს. ამასთანავე, ღვთის მთასთან არის დაკავშირებული კურთხევები და მფარველობა (ფსალმ. 72:3; ეს. 25:6, 7). ამიტომ მიწიერი იერუსალიმის აღმოსავლეთით მდებარე ზეთისხილის მთა, რომელზეც ღმერთი დგას, წარმოადგენს იეჰოვას უზენაესობას ანუ მის კანონიერ უფლებას, მართოს სამყარო.
9. რა გაგებით იპობა „ზეთისხილის მთა“?
9 რაზე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ ზეთისხილის მთა იყოფა შუაზე? იერუსალიმის აღმოსავლეთით მდებარე ზეთისხილის მთა იმ გაგებით იპობა, რომ იეჰოვა ამყარებს სხვა მმართველობას. ეს მმართველობა არის მესიანური სამეფო, რომლის მეფე იესო ქრისტეა. ამიტომაც მოიხსენიებს იეჰოვა „ზეთისხილის მთის“ გაპობით წარმოქმნილ ორ მთას თავის მთებად (ზაქ. 14:4). ორივე მთა მას ეკუთვნის.
10. რას განასახიერებს ორ მთას შორის არსებული „დიდი ველი“?
10 სიმბოლური მთის გაყოფის შემდეგ იეჰოვა კვლავ დგას ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ გადაადგილებულ ორ მთაზე. ასე წარმოიქმნა იეჰოვას ფეხებქვეშ მდებარე „დიდი ველი“. ეს სიმბოლური ველი წარმოადგენს ღვთიურ მფარველობას. ამიტომ იეჰოვას მსახურები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ თავიანთი უზენაესი მმართველისა და მისი ძის მესიანური სამეფოს მმართველობის ქვეშ. იეჰოვა არასდროს დაუშვებს, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა შეწყდეს. როდის გაიყო ზეთისხილის მთა? ეს მოხდა 1914 წელს, როდესაც დასრულდა უცხოტომელთათვის დანიშნული დროები და დამყარდა მესიანური სამეფო. როდის დაიწყო ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა გაქცევა ამ ველისკენ?
ველისკენ გაქცევა დაიწყო
11, 12. ა) როდის დაიწყო ღვთის ხალხმა სიმბოლური ველისკენ გაქცევა? ბ) რა ამტკიცებს, რომ იეჰოვას ძლიერი მკლავი არის მის ხალხთან?
11 იესომ გააფრთხილა თავისი მიმდევრები: „შეგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო“ (მათ. 24:9). ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში, რომელიც 1914 წლიდან დაიწყო, ღვთის ხალხისადმი სიძულვილმა განსაკუთრებით იმატა. პირველი მსოფლიო ომის დროს დარჩენილ ცხებულ ქრისტიანებზე სასტიკი თავდასხმის მიუხედავად, ღვთის ერთგულ მსახურთა ეს ჯგუფი არ განადგურებულა. 1919 წელს ისინი გათავისუფლდნენ დიდი ბაბილონის, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობლის, კლანჭებიდან (გამოცხ. 11:11, 12).a სწორედ მაშინ დაიწყო ღვთის ხალხმა იეჰოვას მთებს შორის მდებარე ველისკენ გაქცევა.
12 ღვთის მფარველობის ველი 1919 წლიდან იცავს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს მთელ დედამიწაზე. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ათწლეულების მანძილზე იკრძალებოდა ქადაგება და ბიბლიური ლიტერატურა, და ასეთი შეზღუდვები ზოგიერთ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს. მაგრამ რაც არ უნდა ეცადონ ერებმა, ისინი ვერ მოუღებენ ბოლოს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას. იეჰოვას ძლიერი მკლავი იქნება თავის ხალხთან (კან. 11:2).
13. როგორ შეგვიძლია დავრჩეთ იეჰოვას მფარველობის ველზე და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი დღეს, ვიდრე არასდროს?
13 თუ მივეკვრებით იეჰოვას და მტკიცე რწმენა გვექნება, იეჰოვა და იესო არ დაუშვებენ, რომ ვინმემ ან რამემ გამოგვტაცოს ღვთის ხელიდან (იოან. 10:28, 29). იეჰოვა ყველანაირად გვეხმარება, რომ დავემორჩილოთ მას, როგორც უზენაესს მმართველს და დავრჩეთ მესიანური სამეფოს ერთგული ქვეშევრდომები. აუცილებელია, დავრჩეთ ღვთის მფარველ ველზე, რადგან მისი მფარველობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება დიდი გასაჭირის დროს, რომელიც სწრაფად გვიახლოვდება.
გვიახლოვდება „ომის დღე“
14, 15. რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან იეჰოვას „ომის დღეს“ ისინი, ვინც ღვთის ველზე არ იქნებიან?
14 ვინაიდან ამ ქვეყნიერების აღსასრული სწრაფად ახლოვდება, სატანა უფრო გააძლიერებს თავდასხმებს ღვთის მსახურების წინააღმდეგ. იეჰოვა გვარწმუნებს, რომ ერთ-ერთი ასეთი თავდასხმა იქნება უკანასკნელი. ამის შემდეგ ღმერთი დაიწყებს ომს თავისი მტრების წინააღმდეგ. ამ ომის დროს, ისე როგორც არასდროს, გამოვლინდება, რომ სამყაროს უზენაესი მმართველი არის დიდებული მეომარი (ზაქ. 14:3).
15 რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან იეჰოვას „ომის დღეს“ ისინი, ვინც ღვთის ველზე არ იქნებიან? მათთვის არ გაანათებს ღვთის კეთილგანწყობილების „მშვენიერი სინათლე“. ამ მოახლოებული ომის დროს „ცხენები, ჯორები, აქლემები, ვირები და ყველანაირი პირუტყვი“, რაც ერების სამხედრო აღჭურვილობის სიმბოლოა, „გაქვავდება“ ანუ უსარგებლო გახდება. იეჰოვა „სატანჯველს“ ანუ დაავადებებს მოუვლენს ადამიანებს. პირდაპირი გაგებით შესრულდება ეს თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს „სატანჯველი“ დაადუმებს მოწინააღმდეგეებს, რომლებიც იმუქრებიან. იმ დღეს მათ, ვინც ღვთის ხალხს თავს დაესხმება, „თვალები ფოსოებში ჩაულპებათ და ენა პირში“, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ მოგვაყენებენ ზიანს და ვერ ილაპარაკებენ ღვთის წინააღმდეგ (ზაქ. 14:6, 7, 12, 15). სატანის ქვეყნიერების ვერც ერთი ნაწილი ვერ დააღწევს თავს განადგურებას. ამ ბრძოლაში სატანას უამრავი მხარდამჭერი ეყოლება (გამოცხ. 19:19—21). „იმ დღეს იეჰოვას დახოცილნი დედამიწის კიდით კიდემდე იქნებიან“ (იერ. 25:32, 33).
16. თუ გავითვალისწინებთ, რომ ღვთის ომი ახლოვდება, რა კითხვებზე უნდა დავფიქრდეთ და რის გაკეთება მოგვიწევს?
16 ომს ყოველთვის გაჭირვება მოაქვს, მათთვისაც კი, ვინც გამარჯვებულია. მას შეიძლება საკვების უკმარისობა, საკუთრების დაკარგვა და საცხოვრებელი პირობების გაუარესება მოჰყვეს. ჩვენი თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს. როგორ მოვიქცევით, თუ ასეთ სირთულეებს შევხვდებით? შიში ხომ არ აგვიტანს? შევინარჩუნებთ რწმენას ზეწოლის მიუხედავად? დავკარგავთ იმედს და სასოწარკვეთილებას მივეცემით? მართლაც მნიშვნელოვანია, დიდი გასაჭირის დროს დავრჩეთ ღვთის მფარველობის ველზე და არ დავკარგოთ იმის რწმენა, რომ იეჰოვას შეუძლია ჩვენი ხსნა (წაიკითხეთ აბაკუმის 3:17, 18).
„ცოცხალი წყალი წამოვა“
17, 18. ა) რა არის „ცოცხალი წყალი“? ბ) რას წარმოადგენს „აღმოსავლეთის ზღვა“ და „დასავლეთის ზღვა“? გ) რა გაქვთ გადაწყვეტილი მომავალთან დაკავშირებით?
17 არმაგედონის შემდეგ „ცოცხალი წყალი“ კვლავ იდინებს მესიანური სამეფოდან. ეს „ცოცხალი წყალი“ არის ყველაფერი, რითაც იეჰოვა უზრუნველგვყოფს, რომ ვიცოცხლოთ. „აღმოსავლეთის ზღვა“ განასახიერებს მკვდარ ზღვას, „დასავლეთის ზღვა“ კი — ხმელთაშუა ზღვას. ორივე დაკავშირებულია ადამიანებთან. მკვდარი ზღვა წარმოადგენს კაცობრიობის საერთო სამარეში მყოფ ადამიანებს. ვინაიდან ხმელთაშუა ზღვა ცოცხალი არსებებით არის სავსე, ის განასახიერებს „უამრავ ხალხს“, რომლებიც გადაიტანენ არმაგედონს (წაიკითხეთ ზაქარიას 14:8, 9; გამოცხ. 7:9—15). ამგვარად, ორივე ჯგუფი მიიღებს კურთხევებს და გათავისუფლდება ადამისგან მიღებული სიკვდილისგან, რადგან ისინი კვლავაც მოიკლავენ წყურვილს სიმბოლური „ცოცხალი წყლით“ ანუ „სიცოცხლის წყლის მდინარით“ (გამოცხ. 22:1, 2).
18 იეჰოვას მფარველობით ჩვენ გადავიტანთ ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულს და ვიცხოვრებთ ღვთის სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველა ერს ვძულვართ, მოდი, დავრჩეთ ღვთის სამეფოს ერთგულ ქვეშევრდომებად და არასდროს დავტოვოთ იეჰოვას მფარველობის ველი.
a იხილეთ წიგნი „გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!“, გვერდები 169, 170.