თავი 24
ადამიანთა ძალით თუ ღვთის სულით?
იმის შესრულება, რაც იესომ თავის მიმდევრებს დაავალა, ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანდა. თუმცა ისინი ცოტანი იყვნენ, მათ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა მთელ მსოფლიოში უნდა ექადაგათ (მათ. 24:14; საქ. 1:8). დავალება არა მხოლოდ მასშტაბების გამო ჩანდა შეუძლებელი, არამედ იმის გამოც, რომ მოწაფეებს ყველა ერი შეიძულებდა და დევნას დაუწყებდა, როგორც ამის შესახებ იესომ გააფრთხილა ისინი (მათ. 24:9; იოან. 15:19, 20).
საყოველთაო წინააღმდეგობის მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები შემართებით შეუდგნენ იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები საქმის შესრულებას. მათ მიერ დღემდე შესრულებული საქმის მასშტაბები ჩანაწერების მეშვეობით გახდა ცნობილი და დიდ გაოცებას იწვევს. მაგრამ რის წყალობით გახდა ეს შესაძლებელი? ადამიანის ძალის ან უნარის შედეგია თუ ღვთის წმინდა სულის მოქმედების?
ძველი წელთაღრიცხვით VI საუკუნეში იერუსალიმში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენასთან დაკავშირებული ბიბლიური ჩანაწერი შეგვახსენებს, რომ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ღვთის როლი მისი ნების შესრულების დროს. კრიტიკოსები მომხდარის ახსნას თავისებურად ცდილობენ. მაგრამ ღმერთმა, როდესაც ხსნიდა, როგორ შესრულდებოდა მისი განზრახვა, ზაქარია წინასწარმეტყველს დააწერინა: «„არც ჯარითა და არც ძლიერებით, არამედ ჩემი სულით“, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა» (ზაქ. 4:6). იეჰოვას მოწმეები პირდაპირ ამბობენ, რომ სამეფოს ცნობის შესახებ ქადაგება სრულდება არა სამხედრო ძალით, არა ძლიერებით და არა ადამიანთა ცნობილი ჯგუფის გავლენით, არამედ იეჰოვას სულის მოქმედებით. რა საფუძველი აქვს მათ შეხედულებას?
ბევრი არ არის „ხორციელად ბრძენი“
პავლემ საბერძნეთში პირველი საუკუნის ქრისტიანებს მისწერა: „თქვენ ხედავთ, ძმებო, ვინა ხართ მისგან მოწოდებულნი: ბევრი არა ხართ ხორციელად ბრძენნი, ბევრი არა ხართ ძლიერნი და ბევრი არა ხართ დიდგვაროვანნი. ღმერთმა ქვეყნიერების უგუნურები ამოირჩია ბრძენთა შესარცხვენად და ქვეყნიერების სუსტები ამოირჩია ძლიერთა შესარცხვენად. ღმერთმა ისინი ამოირჩია, ვინც ქვეყნიერებაში მდაბიოები, დამცირებულები და არარსებულები არიან, რათა ბოლო მოუღოს არსებულებს, რომ არც ერთმა ხორციელმა არ დაიკვეხნოს ღვთის წინაშე“ (1 კორ. 1:26—29).
იესოს მოციქულები მუშათა კლასს მიეკუთვნებოდნენ. ოთხი მათგანი მეთევზე იყო, ერთი — გადასახადების ამკრეფი, რაც სისაძაგლე იყო იუდეველებისთვის. ეს მოციქულები იუდეველთა სამღვდელოების თვალში „უსწავლელები და უბრალო ადამიანები იყვნენ“, რომლებსაც სკოლებში უმაღლესი განათლება არ მიუღიათ (საქ. 4:13). მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნიური ან რელიგიური განათლების მქონე ადამიანები ქრისტიანები არ გამხდარან. მოციქულმა პავლემ იუდეველთა სინედრიონის წევრთან, გამალიელთან მიიღო განათლება (საქ. 22:3). მაგრამ, როგორც წმინდა წერილებიდან ჩანს, ასეთები ბევრნი არ იყვნენ.
ისტორიიდან ვიგებთ, რომ ახ. წ. II საუკუნის ფილოსოფოსი ცელსუსი დამცინავად მოიხსენიებდა ქრისტიანებს და ამბობდა: „სახარების გულმოდგინე მქადაგებლები მხოლოდ მუშები, მეწაღეები, გლეხები, უცოდინარები და უხეშები თუ იქნებიან“ (The History of the Christian Religion and Church, During the Three First Centuries, by Augustus Neander). რომის იმპერიაში ქრისტიანებს დასცინოდნენ და სასტიკად დევნიდნენ. რა აძლევდა მათ ძალას, რომ სასიხარულო ცნობის ქადაგება გაეგრძელებინათ? იესო ქრისტეს სიტყვების თანახმად, ეს ძალა ღვთის წმინდა სული იყო (საქ. 1:8).
დღესაც, იეჰოვას მოწმეებს მსგავსად დასცინიან, რადგან მათი უმეტესობა უბრალო ხალხია და საზოგადოებაში გამოჩენილი მდგომარეობა არ უკავია. იეჰოვას თანამედროვე მსახურებს შორის ერთ-ერთი პირველი მოწმე, რომელმაც სამეფოს შესახებ ცნობა დანიაში იქადაგა, მეწაღე იყო. შვეიცარიასა და საფრანგეთში კი მებაღემ იქადაგა. აფრიკის კონტინენტის ბევრ ნაწილში სამეფოს ცნობა გაავრცელეს მუშებმა, რომლებიც ერთი ქვეყნიდან მეორეში გადადიოდნენ, ბრაზილიაში მეზღვაურებმა შეიტანეს, პოლონეთში კი — იმ პოლონელმა მოწმეებმა, რომელთაც ჩრდილოეთ საფრანგეთში ქვანახშირის მაღაროებში მუშაობის დროს უქადაგეს.
იმან, რაც მათ ღვთის სიტყვიდან საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციების დახმარებით გაიგეს, აღძრა ისინი, რომ იეჰოვასადმი სიყვარული მორჩილებით გამოევლინათ. ამიტომ ისინი შეუდგნენ იმ საქმის შესრულებას, რაც ღვთის სიტყვის თანახმად, ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა უნდა გააკეთონ. მას შემდეგ საზოგადოების ყველა ფენიდან მილიონობით ადამიანმა დაიწყო ამ საქმის შესრულება. თითოეული მათგანი სასიხარულო ცნობის მქადაგებელია.
იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია ერთადერთია მთელ მსოფლიოში, რომლის თითოეული წევრიც პირადად ქადაგებს ხალხთან, ცდილობს ბიბლიიდან უპასუხოს მათ კითხვებს და აღძრავს, ირწმუნონ ღვთის სიტყვა. სხვა რელიგიური ორგანიზაციები ხვდებიან, რომ ეს თითოეული ქრისტიანის მოვალეობაა. ზოგი ეკლესია ცდილობს, თავისი მრევლი აღძრას ამისკენ. მაგრამ გამუდმებით ამას მხოლოდ იეჰოვას მოწმეები აკეთებენ. ვისი ხელმძღვანელობა, რჩევები, სიყვარულით გაწეული მხარდაჭერა და დაპირებები აღძრავს მათ, რომ შეასრულონ საქმე, რომლის კეთებასაც სხვები თავს არიდებენ? თავად ჰკითხეთ მათ. რომელ ერსაც არ უნდა მიეკუთვნებოდნენ, ისინი გეტყვიან: „იეჰოვასი“. მაშ, ვინ იმსახურებს დიდებას ამ საქმის შესრულებისთვის?
წინასწარმეტყველება ღვთის ანგელოზების როლზე
იმ მოვლენების აღწერისას, რომლებიც ქვეყნიერების აღსასრულის დროს მოხდებოდა, იესომ თქვა, რომ დედამიწაზე სიმართლის მოყვარული ხალხის შეკრებაში მარტო მისი მიმდევრები არ მიიღებდნენ მონაწილეობას. მათეს სახარების მე-13 თავის თანახმად, იესომ, რომელიც ზეციერ სამეფოში თავისი ბოლო თანამეფეების შეკრებაზე საუბრობდა, თქვა: „მომკელები ანგელოზები არიან“. რამდენად დიდია ის ტერიტორია, სადაც ანგელოზები „სამეფოს ძეებს“ აგროვებენ? „მინდორი ქვეყნიერებაა“, — თქვა იესომ. მაშასადამე, მათი შეგროვება მოხდებოდა დედამიწის ყველა კუთხეში. მართლაც ასე მოხდა ეს? (მათ. 13:24—30, 36—43).
რა თქმა უნდა! 1914 წელს, როცა ქვეყნიერების უკანასკნელი დღეები დადგა, ბიბლიის მკვლევარების რაოდენობა რამდენიმე ათასი იყო, თუმცა სამეფოს შესახებ ცნობამ მალე მთელი დედამიწა მოიცვა. აღმოსავლეთში, ევროპის ქვეყნებში, აფრიკაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში და კუნძულებზე ადამიანებმა დაიწყეს ღვთის სამეფოს ინტერესების დაცვა და ერთ ორგანიზაციად გაერთიანდნენ.
დასავლეთ ავსტრალიაში სამეფოს შესახებ ცნობა გაიგო ბერტ ჰორტონმა, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებდა თავისი რელიგია და ჩაბმული იყო პოლიტიკურ და პროფკავშირულ საქმიანობაში. როდესაც დედამისმა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაცია „ღვთის გეგმის განხორციელება საუკუნეების მანძილზე“ მისცა, ბერტმა მისი კითხვა ბიბლიასთან ერთად დაიწყო და მიხვდა, რომ ჭეშმარიტება იპოვა. მან მაშინვე დაიწყო თანამშრომლებთან ქადაგება. როგორც კი შეძლო ბიბლიის მკვლევარებთან დაკავშირება, სიხარულით შეუერთდა მათ. 1922 წელს ის მოინათლა, სრული დროით მსახურება დაიწყო და სურვილი გამოთქვა, რომ იმსახურებდა იქ, სადაც იეჰოვას ორგანიზაცია გაგზავნიდა.
ძმა ბრაუნი, რომელიც კარიბის კუნძულებზე ქადაგებდა, 1923 წელს სამეფოს შესახებ ცნობის საქადაგებლად აფრიკაში წავიდა. ის არ იყო პირადი მისიით წასული დამოუკიდებელი მქადაგებელი. ის იეჰოვას ორგანიზებულ ხალხთან თანამშრომლობდა. მან სურვილი გამოთქვა, ემსახურა იქ, სადაც საჭიროება იქნებოდა. ამის შემდეგ, მთავარი სამმართველოს მითითებით, ძმა ბრაუნი დასავლეთ აფრიკაში დანიშნეს. იმ ადამიანებმაც, ვინც მისი მეშვეობით გაიგეს ჭეშმარიტება, დააფასეს იეჰოვას ორგანიზაციასთან ახლო ურთიერთობა.
სამეფოს შესახებ სამხრეთ ამერიკაშიც ქადაგებდნენ. მენდოსაში (არგენტინა) მცხოვრებმა ერმან ზეიგელკენმა დიდი ხნის მანძილზე იცოდა კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიების ფარისევლობის შესახებ. მაგრამ 1929 წელს მან მოისმინა სამეფოს შესახებ ცნობა, მაშინვე მიიღო ის და, იეჰოვას სხვა მსახურების მსგავსად, თავადაც დაიწყო სხვებისთვის ნასწავლის გაზიარება. ასეთი შემთხვევები მრავლად ხდებოდა მთელ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი „ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან“ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში იყო მიმოფანტული და სხვადასხვა ცხოვრების წესი ჰქონდათ, ისინი არა მხოლოდ ისმენდნენ სასიხარულო ცნობას, არამედ ღვთის მსახურების სურვილსაც გამოთქვამდნენ. ისინი გაერთიანებულნი იყვნენ ორგანიზაციაში იმ საქმის შესასრულებლად, რომელიც იესომ იწინასწარმეტყველა (გამოცხ. 5:9, 10). რას ნიშნავდა ეს?
ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღვთის ნების შესრულებაში ანგელოზები მნიშვნელოვან როლს შეასრულებდნენ. მათი დახმარებით სამეფოს შესახებ ცნობა მთელ დედამიწაზე გავრცელდებოდა იმ საყვირის ხმის მსგავსად, რომელიც თითქოს ზეციდან გაისმოდა. მართლაც, 1935 წლისთვის მან დედამიწის კიდით კიდემდე — ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით 149 ქვეყანაში შეაღწია.
თავიდან ღვთის სამეფო მხოლოდ „მცირე სამწყსომ“ დააფასა გულწრფელად და მზად იყო, მის ინტერესებს მომსახურებოდა. ამის შესახებ ბიბლიაში იყო ნაწინასწარმეტყველები. ახლა კი „მცირე სამწყსოს“ შეუერთდა „უამრავი ხალხი“ ყველა ერიდან, რომელთა რიცხვიც სწრაფად იზრდება და მილიონებს აღწევს. ესეც ღვთის სიტყვაში იყო ნაწინასწარმეტყველები (ლუკ. 12:32; იოან. 10:16; გამოცხ. 7:9, 10). არ იქნებოდა სწორი იმის თქმა, რომ მოწმეები მხოლოდ ფორმალურად არიან ერთ რელიგიაში გაერთიანებულნი, სინამდვილეში კი დაყოფილნი არიან თავიანთი აზროვნებითა და ფილოსოფიური შეხედულებებით, რაც ანაწევრებს მსოფლიოს. არც იმის თქმა იქნებოდა სწორი, რომ იეჰოვას მოწმეები მხოლოდ ლაპარაკობენ ღვთის სამეფოზე, სინამდვილეში კი ადამიანთა მთავრობებზე ამყარებენ იმედს. ისინი ღმერთს მაშინაც კი ემორჩილებიან, როცა მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ბიბლიაში ნათლად არის ნათქვამი, რომ ისეთი ადამიანების შეკრება, რომელთაც ეშინიათ ღვთისა და დიდებას მიაგებენ მას, ანგელოზების ხელმძღვანელობით მოხდებოდა (გამოცხ. 14:6, 7). მოწმეები მტკიცედ არიან დარწმუნებულნი, რომ ეს ზუსტად ასე ხდება.
ისინი მსახურების დროს არაერთხელ დარწმუნდნენ იმაში, რომ ხელმძღვანელობა ზემოდან მოდის. მაგალითად, როდესაც ერთ კვირა დღეს რიო-დე-ჟანეიროში (ბრაზილია) იეჰოვას მოწმეების ჯგუფი კარდაკარ ქადაგებას ამთავრებდა, ერთმა დამ თქვა: „ცოტა ხანი კიდევ მინდა ვიმსახურო. რატომღაც ამ სახლშიც მინდა მივიდე“. ჯგუფის ხელმძღვანელმა შესთავაზა მას, სხვა დღეს მისულიყო, მაგრამ ამ დამ დაიჟინა. კარი გააღო ქალბატონმა, რომელსაც სახეზე ცრემლები ჩამოსდიოდა და თქვა, რომ სწორედ იმ დროს ღმერთს ლოცვაში დახმარებას სთხოვდა. მასთან ადრეც მივიდნენ იეჰოვას მოწმეები, თუმცა მაშინ ბიბლიის ცნობისადმი ინტერესი არ გამოუვლენია. მაგრამ მეუღლის უეცარი სიკვდილის შემდეგ მიხვდა, რომ სულიერი დახმარება სჭირდებოდა. ეს ქალბატონი უშედეგოდ ეძებდა სამეფო დარბაზს. ის მთელი გულით სთხოვდა ღმერთს დახმარებას და მიიღო კიდეც, რის შემდეგაც მალევე მოინათლა. ის დარწმუნებული იყო, რომ ღმერთმა შეისმინა მისი ლოცვა და დაეხმარა (ფსალმ. 65:2).
გერმანელი იეჰოვას მოწმე, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობდა, მსახურებაში გასვლის წინ ყოველთვის ლოცულობდა და ღმერთს ხელმძღვანელობას სთხოვდა. ის უკვე მერამდენე კვირა იყო, ქუჩებში ერთ დაინტერესებულ ქალს ეძებდა, რადგან არ იცოდა, სად ცხოვრობდა. 1987 წლის ერთ დღეს, სანამ მსახურებას დაიწყებდა, მან ილოცა: „იეჰოვა, შენ იცი, სად არის ის. გთხოვ, მის პოვნაში დამეხმარე“. რამდენიმე წუთში მან ის ქალბატონი რესტორანში დაინახა.
ნუთუ ეს შემთხვევით მოხდა? ბიბლიაში ნათქვამია, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები „ღვთის თანამშრომელნი“ არიან და ანგელოზები მათ მოსამსახურებლად იგზავნებიან, „ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს“ (1 კორ. 3:9; ებრ. 1:14). როდესაც მოწმემ უთხრა ქალს, თუ როგორ იპოვა ის, ქალი დასთანხმდა, რომ იმ დღიდანვე დაეწყოთ ბიბლიის გამოკვლევა.
სასიხარულო ცნობამ „ჩაკეტილ ქვეყნებშიც“ შეაღწია
იეჰოვას მოწმეები ყოველთვის დიდ ძალისხმევას ახმარენ, რომ სამეფოს შესახებ ცნობა ყველა ქვეყანაში იქადაგონ. მაგრამ რაც შესრულდა, მხოლოდ მათი ძალისხმევის შედეგი არ არის. სამეფოს შესახებ ცნობა იმ ქვეყნებშიც გავრცელდა, სადაც ისინი, თავიანთი მცდელობის მიუხედავად, ვერაფერს გახდნენ.
მაგალითად, 1920-იან და 1930-იან წლებში მოწმეებმა არაერთხელ ოფიციალურად მიმართეს საბჭოთა კავშირის მთავრობას, რომ ქვეყანაში ბიბლიური ლიტერატურის შეტანის ან დაბეჭდვის ნებართვა მიეღოთ. მაგრამ მათ უარს ეუბნებოდნენ. მართალია, საბჭოთა კავშირში იყვნენ იეჰოვას მოწმეები, მაგრამ მეტი დახმარება იყო საჭირო, რათა შესრულებულიყო სამქადაგებლო საქმიანობა, რაც ღვთის სიტყვაში იყო ნაწინასწარმეტყველები. შეიძლებოდა მათ დასახმარებლად რაიმეს გაკეთება?
მეორე მსოფლიო ომის დასასრულს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა აღმოსავლეთი პოლონეთი, სადაც ათასზე მეტი იეჰოვას მოწმე ცხოვრობდა. რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში ასობით ახალგაზრდა ქალმა გაიცნო იეჰოვას მოწმე პატიმრები. ზოგიერთმა მათგანმა იეჰოვას იმ დროს მიუძღვნა თავი და მოგვიანებით საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ტერიტორიაზე დაბრუნდა. ომის პერიოდში საზღვრების შეცვლის შედეგად ასობით სხვა იეჰოვას მოწმეც საბჭოთა კავშირის მოქალაქე გახდა. ყველაფერი ისე არ მიდიოდა, როგორც საბჭოთა კავშირის მთავრობას ჰქონდა განზრახული და ეს არც იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელ საბჭოს დაუგეგმავს. სრულდებოდა ის, რაც ღვთის სიტყვაში იყო ნაწინასწარმეტყველები. მიმდინარე მოვლენებზე 1946 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: „ამგვარად, ნათლად გამოჩნდა, თუ როგორ შეუძლია უფალს თავისი განგებით ნებისმიერ ქვეყანაში ჰყავდეს მოწმეები, რომლებიც ჭეშმარიტებას დაუჭერენ მხარს და იეჰოვას სახელს ყველასთვის ცნობილს გახდიან“.
ეს არ იყო ერთადერთი ქვეყანა, სადაც იეჰოვას მოწმეებს ეუბნებოდნენ: „ვერ შემოხვალთ!“ ან „თქვენ აქ ვერ იქადაგებთ“. მსგავსი მდგომარეობა იყო მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, რაც ხშირად მთავრობის წარმომადგენლებზე სამღვდელოების ზეწოლის შედეგად ხდებოდა. მოგვიანებით ზოგ ასეთ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა კანონით აღიარეს. მაგრამ მანამდე უკვე ათასობით ადამიანმა დაიწყო იეჰოვას, ცისა და დედამიწის შემოქმედის თაყვანისცემა. როგორ შეძლეს ამის მიღწევა?
ამის მარტივი ახსნა მოყვანილია ბიბლიაში. კერძოდ, ღვთის ანგელოზებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ იმაში, რომ ყველა ეროვნების ადამიანს გადასცენ გადაუდებელი ცნობა: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგან მოვიდა მისი სასამართლოს საათი. თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს“ (გამოცხ. 14:6, 7).
წარმატება დიდი დაბრკოლებების მიუხედავად
ზოგ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეებს მხოლოდ ქადაგებას კი არ უკრძალავდნენ, არამედ მათი სრულად განადგურებაც კი სურდათ.
ყველასთვის ცნობილი იყო, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს შეერთებულ შტატებსა და კანადაში სამღვდელოება გაერთიანებული ძალებით ცდილობდა, ბიბლიის მკვლევართა საქმიანობისთვის ბოლო მოეღო. სიტყვისა და აღმსარებლობის თავისუფლების კანონიერი უფლებების მიუხედავად, სამღვდელოება ზეწოლას ახდენდა მთავრობის წარმომადგენლებზე, რომ ბიბლიის მკვლევართა ლიტერატურა აეკრძალათ. ბევრი თავდებით გათავისუფლების გარეშე დააპატიმრეს, სხვები კი სასტიკად სცემეს. საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ წარმომადგენლებს და მათ თანამოაზრეებს სასამართლოს გადაწყვეტილებით დიდი ხნით პატიმრობა მიუსაჯეს, რაც მოგვიანებით უკანონოდ მიიჩნიეს. რეი ეიბრამზმა თავის წიგნში დაწერა: „ყველა ფაქტის განხილვის შემდეგ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ იმ მოძრაობის მიღმა, რომლის მიზანიც რასელისტების [ასეთ დამამცირებელ სახელს უწოდებდა სამღვდელოება ბიბლიის მკვლევარებს] განადგურება იყო, ძირითადად, ეკლესიები და სამღვდელოება იდგა“ (Preachers Present Arms). მაგრამ ომის შემდეგ ბიბლიის მკვლევარებმა მეტი შემართებით დაიწყეს მეფე იესო ქრისტესა და მისი სამეფოს შესახებ გაცხადება. როგორ განიახლეს მათ ძალები? მოვლენების ასეთ განვითარებაზე ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ეს ღვთის „სიცოცხლის სულისგან“ იქნებოდა შესაძლებელი (გამოცხ. 11:7—11).
გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ იეჰოვას მოწმეების დევნა უფრო გაძლიერდა იმ ქვეყნებში, რომლებსაც ნაცისტები აკონტროლებდნენ. მოწმეებს ხშირად აპატიმრებდნენ, სასტიკად ეპყრობოდნენ და კრძალავდნენ მათ საქმიანობას. საბოლოოდ, 1934 წლის ოქტომბერში იეჰოვას მოწმეთა კრებებმა მთელი გერმანიიდან დაზღვეული წერილები გაუგზავნეს მთავრობას, რომლებშიც ნათქვამი იყო, რომ მათ პოლიტიკური მიზნები არ ამოძრავებდათ და გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ მხოლოდ ღმერთს დამორჩილებოდნენ, როგორც მმართველს. იმავე დროს, მოწმეების კრებებმა მთელი მსოფლიოდან, გერმანელი და-ძმების მხარდასაჭერად, ნაცისტურ მთავრობას ტელეგრამები გაუგზავნეს.
იმავე დღეს, 1934 წლის 7 ოქტომბერს, ბერლინში დოქტორ ვილჰელმ ფრიკის ოფისში ადოლფ ჰიტლერმა იეჰოვას მოწმეებზე მუშტმოღერებით თქვა: „მოვსპობ მათ სახსენებელს გერმანიაში!“. ეს ცარიელი სიტყვები არ იყო. დაიწყო მოწმეების მასობრივი დაპატიმრებები. 1936 წლის 24 ივნისის პრუსიის სახელმწიფოს საიდუმლო პოლიციის კონფიდენციალური შეტყობინების თანახმად, მოწმეების წინააღმდეგ შეიქმნა „გესტაპოს სპეციალური ჯგუფი“. კარგი მომზადების შემდეგ, გესტაპომ დაიწყო იეჰოვას მოწმეებისა და იმ ადამიანების დაპატიმრება, ვისაც მოწმეებად თვლიდა. ამ ოპერაციაში მთელი პოლიცია იყო ჩართული, რის გამოც ბოროტმოქმედები უყურადღებოდ დარჩათ.
ანგარიშებიდან ვიგებთ, რომ გერმანიაში საბოლოოდ დაახლოებით 6 262 მოწმე დააპატიმრეს. კარლ უიტიგმა, გერმანიის მთავრობის ყოფილმა მოხელემ, რომელმაც თავადაც გამოიარა რამდენიმე საკონცენტრაციო ბანაკი, დაწერა: „ესესის ჯარისკაცები პატიმართა არც ერთ სხვა ჯგუფს არ ეპყრობოდნენ ისეთი სისასტიკით, როგორც ბიბლიის მკვლევარებს. ეს იყო დაუსრულებელი ფიზიკური და გონებრივი წამება, რისი გამოხატვაც სიტყვებით შეუძლებელია“.
რა შედეგები მოჰყვა ამას? 1982 წელს გამოცემულ წიგნში კრისტინ კინგმა დაწერა: „მთავრობა [სხვა რელიგიური ჯგუფებისგან განსხვავებით] მხოლოდ და მხოლოდ მოწმეების წინააღმდეგ ვერ გახდა ვერაფერს“. ჰიტლერმა დაიფიცა, რომ მოსპობდა მოწმეებს და ასობით მოწმე მოკლეს კიდეც. მიუხედავად ამისა, დოქტორ კინგმა აღნიშნა: „მათი საქმიანობა [ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება] წინ მიიწევდა და 1945 წლის მაისში იეჰოვას მოწმეთა მიმდინარეობა კვლავაც აქტიური იყო, მაშინ როცა ნაციონალურმა სოციალიზმმა კრახი განიცადა“. მან დასძინა: „კომპრომისზე არავინ წასულა“ (The Nazi State and the New Religions: Five Case Studies in Non-Conformity). რატომ ვერ შეძლო ჰიტლერმა კარგად შეიარაღებული ჯარით, კარგად გაწვრთნილი პოლიციითა და სიკვდილის ბანაკებით თავისი მუქარის განხორციელება, გაენადგურებინა შედარებით მცირე და შეუიარაღებელი, ქვეყნიერების თვალში ჩვეულებრივი ადამიანების ჯგუფი? რატომ ვერ შეძლეს სხვა ქვეყნებმა მათი საქმიანობის შეჩერება? რატომ მოხდა ისე, რომ სასტიკი დევნების მიუხედავად მხოლოდ ერთეულებმა კი არა, იეჰოვას მოწმეებმა მთლიანობაში შეძლეს სიმტკიცის შენარჩუნება?
ამ კითხვაზე პასუხის მიღება შეიძლება იმ ბრძნული რჩევიდან, რომელიც კანონის მასწავლებელმა გამალიელმა იუდეველთა სინედრიონის წევრებს მისცა, როდესაც ისინი იესო ქრისტეს მოციქულებთან დაკავშირებით მსგავს საქმეს განიხილავდნენ. მან თქვა: „ნუ ჩაერევით ამ ხალხის საქმეში, თავი დაანებეთ (რადგან, თუ ეს ზრახვა ან საქმე ადამიანთაგან არის, ჩაიშლება, მაგრამ თუ ღვთისგან არის, თქვენ მათ ვერაფერს უზამთ), თორემ შეიძლება ღვთის წინააღმდეგ მებრძოლები გამოხვიდეთ“ (საქ. 5:38, 39).
ამგვარად, ისტორიული ფაქტები ცხადყოფს, რომ ერთი შეხედვით ძნელად შესასრულებელი საქმე, რომელიც იესომ თავის მიმდევრებს დაავალა, დიდი დაბრკოლებების მიუხედავად სრულდება არა ადამიანური ძალით, არამედ ღვთის სულით. იესომაც უთხრა ღმერთს ლოცვაში: „მამა, შენ ყველაფერი შეგიძლია“ (მარ. 14:36).
[ჩანართი 547 გვერდზე]
«„ჩემი სულით“, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა»
[ჩანართი 548 გვერდზე]
დაცინვისა და სასტიკი დევნის მიუხედავად, რა აძლევდა ქრისტიანებს ქადაგების ძალას?
[ჩანართი 549 გვერდზე]
ანგელოზების აშკარა ხელმძღვანელობა
[ჩანართი 551 გვერდზე]
უფალს შეუძლია ნებისმიერ ქვეყანაში ჰყავდეს მოწმეები
[ჩანართი 553 გვერდზე]
გაერთიანებულმა ხალხმა დიდი დაბრკოლების მიუხედავად სიმტკიცე შეინარჩუნა