იეჰოვას სძულს ღალატი
‘ნუ მუხანათობთ ერთმანეთს’ (მალაქია 2:10).
1. რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან, თუ მარადიული სიცოცხლის მიღება გვსურს?
გსურთ მარადიული სიცოცხლე? თუ გწამთ, რომ ამას ბიბლია გვპირდება, ალბათ იტყვით, „რა თქმა უნდა“. მაგრამ, თუ ღვთის წყალობით მის ახალ ქვეყნიერებაში მარადიული სიცოცხლე გსურთ, ღვთის მოთხოვნების შესრულებაა საჭირო (ეკლესიასტე 12:13; იოანე 17:3). მეტისმეტად რთული ხომ არ არის არასრულყოფილი ადამიანისთვის ამის გაკეთება? არა, ვინაიდან იეჰოვა გვამხნევებს: „თქვენი სიკეთე მახარებს და არა მსხვერპლი, უფლის შემეცნება და არა აღსავლენი“ (ოსია 6:6). აქედან გამომდინარე, არასრულყოფილ ადამიანებსაც შეუძლიათ ღვთის მოთხოვნების შესრულება.
2. როგორ უღალატა მრავალმა ისრაელიანმა იეჰოვას?
2 მაგრამ ყველას როდი სურს იეჰოვას ნების შესრულება. ოსია გვამცნობს, რომ ისრაელებიდანაც კი მცირედი თუ აკეთებდა ამას. მთელმა ერმა თანხმობა განაცხადა, მიეღო აღთქმა, ან შეთანხმება, რომ დაემორჩილებოდნენ ღვთის რჯულს (გამოსვლა 24:1—8). მაგრამ ისინი მალევე ‘გადავიდნენ აღთქმას’ ღვთის რჯულის დარღვევით. ამიტომაც, იეჰოვამ თქვა, რომ ისრაელიანებმა ‘უღალატეს’ მას (ოსია 6:7). მას მერე კი, ვინ იცის, კიდევ რამდენი იქცევა მათ მსგავსად. იეჰოვას სძულს ღალატი იმისდა მიუხედავად, თავად მას ღალატობენ თუ იმ ხალხს, რომელიც მას სიყვარულიდან გამომდინარე ემსახურება.
3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 ოსია ერთადერთი წინასწარმეტყველი არ ყოფილა, ვინც ღალატის შესახებ ღვთის თვალსაზრისი გააშუქა. ჩვენ უნდა გავითავისოთ ეს თვალსაზრისი, თუ ბედნიერი ცხოვრების სურვილი გვაქვს. წინა სტატიით დავიწყეთ მალაქიას წინასწარმეტყველური ცნობის განხილვა და შევისწავლეთ ამ წიგნის პირველი თავი. ახლა, მოდი დავუბრუნდეთ ამ წიგნს, კერძოდ კი მეორე თავს, და ვნახოთ, რა დიდი ყურადღება ექცევა ღალატის შესახებ ღვთის თვალსაზრისს. მიუხედავად იმისა, რომ მალაქია ღვთის ხალხს შორის იმ პერიოდში შექმნილ მდგომარეობას ეხება, როდესაც ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ მხოლოდ რამდენიმე ათწლეული იყო გასული, ამ წინასწარმეტყველების მეორე თავი ჩვენთვისაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.
გასაკიცხი მღვდლები
4. როგორი გაფრთხილება მისცა იეჰოვამ მღვდლებს?
4 მეორე თავი იეჰოვას მიერ იუდაელ მღვდელთა გაკიცხვით იწყება, რადგან მისი სიმართლის გზებიდან გადაუხვიეს. თუ ისინი ყურად არ იღებდნენ მის რჩევას და არ გამოსწორდებოდნენ, უეჭველად, დიდ უბედურებას დაიტეხდნენ. ყურადღება მიაქციეთ პირველ ორ მუხლს: „თქვენთვის არის ეს მცნება, მღვდლებო: თუ არ გაიგონებთ და გულში არ ჩაიდებთ მას, რომ პატივი მიაგოთ ჩემს სახელს, ამბობს ცაბაოთ უფალი, მოვავლენ თქვენზე წყევლას და დავწყევლი თქვენს კურთხევებს“. მღვდლებს რომ ღვთის რჯული ხალხისთვის ესწავლებინათ და თავადაც დაეცვათ, კურთხევებს მიიღებდნენ. მაგრამ ღვთის ნების უგულებელყოფის გამო წყევლა დაიმსახურეს. მღვდლების მიერ წარმოთქმული კურთხევებიც კი წყევლად იქცეოდა.
5, 6. ა) რატომ იყვნენ მღვდლები განსაკუთრებულად გასაკიცხი? ბ) როგორ გამოხატა იეჰოვამ ზიზღი იმ მღვდლების მიმართ?
5 რატომ იყვნენ მღვდლები განსაკუთრებულად გასაკიცხი? მე-7 მუხლი ნათელს ჰფენს ამ საკითხს: „მღვდლის ბაგეები უნდა იმარხავდეს ცოდნას და მისი პირიდან უნდა მოელოდნენ რჯულს, რადგან ცაბაოთ უფლის მოციქულია იგი“. დაახლოებით ათასი წლით ადრე, მაშინ როცა ღმერთმა ისრაელ ერს რჯული მისცა მოსეს მეშვეობით, უთხრა, რომ მღვდლებს ‘უნდა ესწავლებინათ ისრაელიანთათვის ყოველი წესი, რომელიც უფალს ჰქონდა გამოცხადებული’ (ლევიანნი 10:11). სამწუხაროდ, მოგვიანებით 2 ნეშტთა 15:3-ში ჩაიწერა, რომ «დიდხანს იყო ისრაელი ჭეშმარიტი ღმერთის გარეშე, მღვდლისა [„მღვდლის სწავლებისა“, აქ] და რჯულის გარეშე».
6 მალაქიას დროს, ძვ. წ. V საუკუნეში სამღვდელოების მდგომარეობა იგივე იყო. ისინი არ ასწავლიდნენ ხალხს ღვთის რჯულს. ასე რომ, ამ მღვდლებს პასუხი უნდა ეგოთ. ყურადღება მიაქციეთ იეჰოვას მიერ მათ წინააღმდეგ გამოტანილ მკაცრ განაჩენს. მალაქიას 2:3-ში ვკითხულობთ: „პირისახეზე დაგაყრით საკლავის განავალს, თქვენი დღესასწაულების განავალს“. ეს ნამდვილი სასჯელია! შესაწირავი საქონლის განავალი ბანაკის გარეთ გაჰქონდათ და წვავდნენ (ლევიანნი 16:27). მაგრამ იეჰოვას სიტყვები, — რომ მღვდლებს სახეზე საკლავის განავალს დააყრიდა, — ნათლად აჩვენებს, რომ ის ზიზღს გრძნობდა და უარყოფდა მსხვერპლსაც და თავად შემწირველებსაც.
7. რატომ გაუწყრა იეჰოვა რჯულის მასწავლებლებს?
7 მალაქიამდე საუკუნეებით ადრე, იეჰოვამ ლევიანებს დაავალა, რომ ეზრუნათ სავანეზე, მოგვიანებით კი ტაძარზე და შეესრულებინათ წმინდა მსახურება. ისინი იყვნენ ისრაელი ერის მასწავლებლები. ამ მოვალეობის შესრულება, როგორც თავად მათთვის, ისე მთელი ერისთვის სიცოცხლისა და მშვიდობის მომტანი იქნებოდა (რიცხვნი 3:5—8). მაგრამ ლევიანებმა დაკარგეს თავდაპირველი ღვთისმოშიშება. ამიტომ, იეჰოვამ უთხრა მათ: „თქვენ კი გადაუხვიეთ გზიდან, ბევრი ააცდინეთ რჯულს და დაარღვიეთ ლევიანთა აღთქმა... არ დაიცავით ჩემი გზები“ (მალაქია 2:8, 9). მღვდლები ხალხს ჭეშმარიტებას არ ასწავლიდნენ და ცუდ მაგალითს აძლევდნენ, რითაც მრავალი ისრაელი შეიყვანეს შეცდომაში; ამგვარად, მათ იეჰოვას გულისწყრომა დაიმსახურეს.
ღვთის ნორმების დაცვა
8. ძალიან მძიმე მოთხოვნა ხომ არ არის ადამიანებისთვის ღვთის ნორმების დაცვა? ახსენით.
8 მოდი ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს მღვდლები თანაგრძნობასა და პატიებას იმსახურებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ არასრულყოფილები იყვნენ და არ შეეძლოთ ღვთის ნორმების დაცვა. ფაქტია, რომ ადამიანებს შეუძლიათ დაიცვან ღვთის მითითებები, ვინაიდან იეჰოვა არ მოითხოვს იმაზე მეტს, რისი კეთებაც ჩვენს ძალებს აღემატება. შესაძლებელია, ზოგი მღვდელი მაშინაც იცავდა ღვთის ნორმებს; ერთი რამ კი უეჭველია: მოგვიანებით, იესო — უდიდესი „მღვდელმთავარი“ — ნამდვილად ასე მოიქცა (ებრაელთა 3:1). მასზე უეჭველად შეიძლებოდა თქმულიყო: „ჭეშმარიტი რჯული იყო მის პირში და უკეთურება არ იპოვებოდა მის ბაგეებში; მშვიდობით და სიმართლით დადიოდა ჩემს წინაშე და მრავალი მოაქცია ბოროტებისგან“ (მალაქია 2:6).
9. ვინ უზიარებს ხალხს ბიბლიურ ჭეშმარიტებას ჩვენს დღეებში?
9 დღეს კი უკვე საუკუნეზე მეტია, რაც ქრისტეს ზეციერი იმედის მქონე ცხებული ძმები მსახურობენ „წმიდა სამღვდელოებად, სულიერ მსხვერპლთა შესაწირავად სასურველად ღმერთისა“ (1 პეტრე 2:5, აფ). ისინი ბიბლიური ჭეშმარიტების სხვებისთვის გაზიარებას ხელმძღვანელობენ. მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტება შეიცანით, შეგიძლიათ თუ არა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე თქვათ, რომ ჭეშმარიტი რჯული ცხებულ ქრისტიანთა ბაგეებშია? ისინი მრავალს დაეხმარნენ რელიგიური შეცდომებისგან თავის დაღწევაში. ასე რომ, მთელი მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანმა შეიცნო ბიბლიური ჭეშმარიტება და მარადიული სიცოცხლის იმედი შეიძინა. ეს მილიონები კი ხელიდან არ უშვებენ არაჩვეულებრივ შესაძლებლობას, რომ ჭეშმარიტი რჯული სხვებსაც ასწავლონ (იოანე 10:16; გამოცხადება 7:9).
გვმართებს სიფრთხილე
10. რატომ გვმართებს სიფრთხილე საუბრისას?
10 მიუხედავად ამისა, ნამდვილად გვმართებს სიფრთხილე. შეიძლება მხედველობიდან გამოგვრჩეს მალაქიას 2:1—9-ის ყურადსაღები სიტყვები. ვართ თუ არა ფხიზლად, რომ უკეთურება არ იპოვებოდეს ჩვენს ბაგეებში? მაგალითად, შეუძლიათ თუ არა ჩვენი ოჯახის წევრებს, ნამდვილად ენდონ ჩვენს ნათქვამს? გვენდობიან თუ არა დები და ძმები კრებაში? ადვილი იქნებოდა, ჩვევად გვექცია ისეთი საუბარი, რომ ჩვენი ნათქვამი სიტყვასიტყვით ზუსტი ყოფილიყო, მაგრამ განზრახ მცდარ აზრამდე მიგვეყვანა სხვები. აგრეთვე შეიძლება ვიღაცას გაეზვიადებინა ან დაემალა საქმიან გარიგებაში ესა თუ ის წვრილმანი. განა ამას ვერ შეამჩნევდა იეჰოვა? და თუ ასე მოვიქცეოდით, განა მისაღები იქნებოდა ქების მსხვერპლი ჩვენი ბაგეებიდან?
11. ვის მართებს განსაკუთრებულად სიფრთხილე?
11 მათ, ვისაც კრებებში ღვთის სიტყვის სწავლების შესანიშნავი შესაძლებლობა აქვთ, უნდა გაითვალისწინონ მალაქიას 2:7-ის სიტყვები. იქ ვკითხულობთ, რომ მათი ‘ბაგეები უნდა იმარხავდნენ ცოდნას და მათი პირიდან უნდა მოელოდნენ რჯულს’. ამ ძმებს დიდი პასუხისმგებლობა აქვთ დაკისრებული, როგორც იაკობის 3:1-შია აღნიშნული, ისინი ‘უფრო დიდ მსჯავრს მიიღებენ’. მათ არა მხოლოდ ენერგიულად და ხალისით უნდა ასწავლონ, არამედ თავიანთი სწავლებები მტკიცედ დააფუძნონ ღვთის სიტყვასა და იმ ინსტრუქციებზე, რომლებსაც იეჰოვას ორგანიზაცია გვაწვდის. ასეთი სახით მათ ‘სხვების სწავლების უნარი ექნებათ’. ამგვარად, მათაც უნდა გამოიყენონ შემდეგი რჩევა: „ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად“ (2 ტიმოთე 2:2, 15).
12. რას უნდა უფრთხილდნენ მასწავლებლები?
12 თუ არ ვფრთხილობთ, შეიძლება შევცდეთ და სხვების სწავლებისას პირადი თვალსაზრისი ან შეხედულებები ჩავრთოთ. ეს განსაკუთრებით სახიფათოა მათ შემთხვევაში, რომლებიც საკმაოდ თავდაჯერებულები არიან თავიანთ მსჯელობებში, თუნდაც ეს მსჯელობები იეჰოვას ორგანიზაციის სწავლებებს ეწინააღმდეგებოდეს. მაგრამ, მალაქიას მეორე თავი აჩვენებს, რომ კრების მასწავლებლები მოწიწებით უნდა ეპყრობოდნენ ღვთის სიტყვას და არა საკუთარ აზრებს, რომლებმაც შეიძლება ცხვრები დააბრკოლოს. იესომ თქვა: „ვინც ერთს ამ მცირეთაგანს, რომელსაც ჩემი სწამს, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ“ (მათე 18:6).
მათზე დაქორწინება, ვინც ჭეშმარიტებაში არ არის
13, 14. როგორ ღალატზე გაამახვილა მალაქიამ ყურადღება?
13 მალაქიას მეორე თავის მე-10 მუხლიდან უფრო კონკრეტულად განიხილება ღალატი. წინასწარმეტყველი ორ რამეზე ამახვილებს ყურადღებას და არაერთხელ იყენებს სიტყვა „მუხანათობას“ ანუ ღალატს. პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ, რომ მალაქიამ რჩევის მიცემამდე შემდეგი კითხვები დასვა: „განა ერთი მამა არა გვყავს ყველას? განა ერთმა ღმერთმა არ გაგვაჩინა? მაშ, რატომ ვმუხანათობთ ერთმანეთს?“. შემდეგ კი, მე-11 მუხლში აღნიშნავს, რომ მათი ღალატი იეჰოვას „სიწმიდის“ შელახვას უთანაბრდებოდა. რატომ იყო ეს ამდენად სერიოზული? ამ მუხლში აღნიშნულია მათი ერთ-ერთი არასწორი მოქმედება — ისინი ‘უცხო ღმერთის ასულებს ექმრნენ’.
14 სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იეჰოვასადმი მიძღვნილი ზოგი ისრაელი ქორწინდებოდა მათზე, ვინც არ იყო იეჰოვას თაყვანისმცემელი. კონტექსტი გვეხმარება იმის დანახვაში, თუ რატომ იყო ეს ასე სერიოზული. მე-10 მუხლში ნათქვამი იყო, რომ მათ ერთი „მამა“ ჰყავდათ. ამაში არც იაკობი იგულისხმებოდა, რომელსაც მოგვიანებით ისრაელი ეწოდა, არც აბრაამი და არც ადამი. მალაქიას 1:6-დან ჩანს, რომ ის „ერთი მამა“ იეჰოვა იყო. ისრაელ ერს მასთან ჰქონდა ურთიერთობა, როგორც წინაპრებთან შეკრული კავშირის მონაწილეებს. ამ კავშირის ერთ-ერთ პირობაში ნათქვამი იყო: „არ დაუმოყვრდე, არ გაათხოვო შენი ქალიშვილი მის ვაჟზე და არ მოუყვანო შენს ვაჟს მისი ქალიშვილი ცოლად“ (მეორე რჯული 7:3).
15. ა) როგორ იმართლებს ზოგიერთი თავს, როდესაც ქორწინდება ურწმუნოზე? ბ) როგორ გამოხატა იეჰოვამ თავისი დამოკიდებულება ასეთ ქორწინებაზე?
15 დღეს ზოგიერთი შეიძლება ფიქრობს: „ჩემი რჩეული შესანიშნავი პიროვნებაა. ის, ალბათ, მიიღებს ჭეშმარიტებას“. ასეთი აზროვნება ადასტურებს ღვთის გამაფრთხილებელ სიტყვებს: „უნდოა ყველას გული და უკურნებელი“ (იერემია 17:9). ღვთის შეხედულებას ურწმუნოებზე დაოჯახებასთან დაკავშირებით გამოხატავს მალაქიას 2:12: „მოიკვეთს უფალი... ამის ჩამდენს“. ამიტომ, ბიბლია მოგვიწოდებს ქრისტიანებს, დავქორწინდეთ მხოლოდ „უფალში“ (1 კორინთელთა 7:39). ქრისტიანულ ორგანიზაციაში მორწმუნე არ ‘მოიკვეთება’, თუ ის დაოჯახდება მასზე, ვინც მის რწმენას არ იზიარებს. მაგრამ, რა დაემართება ურწმუნო მეუღლეს, თუ ის არ შეიცვლება, მაშინ, როდესაც ღმერთი სულ მალე მოუღებს ბოლოს ამ სისტემას? (ფსალმუნი 36:37, 38).
მეუღლისადმი ცუდი დამოკიდებულება
16, 17. კიდევ როგორ ღალატზეა გამახვილებული ყურადღება?
16 შემდგომ, მალაქია სხვა სახის ღალატზე ამახვილებს ყურადღებას. ეს არის მეუღლისადმი ცუდი დამოკიდებულება, განსაკუთრებით კი უსამართლოდ გაყრა. მე-2 თავის მე-14 მუხლი ამბობს: „მოწმე იყო უფალი შენსა და შენი სიყრმის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე; ის კი შენი მეგობარი და შენი აღთქმის ცოლი იყო“. იუდაელი ქმრების მიერ ცოლებისთვის ღალატის გამო, იეჰოვას სამსხვერპლო ‘ცრემლით იფარებოდა’ (მალაქია 2:13). ეს მამაკაცები უსამართლოდ ეყრებოდნენ თავიანთ სიყრმის ცოლებს, შესაძლოა, ახალგაზრდა ან წარმართ ქალებზე დაქორწინების მიზნით; გარყვნილი მღვდლები კი მათ ამის უფლებას რთავდნენ! მაგრამ, მალაქიას 2:16 აცხადებს: „მძულს გაყრა, ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი“. მოგვიანებით, იესომ აჩვენა, რომ გაყრის ერთადერთი მიზეზი, რომელიც უდანაშაულო მხარეს ხელმეორედ დაოჯახების უფლებას აძლევს, უზნეობაა (მათე 19:9).
17 დაფიქრდით მალაქიას სიტყვებზე და დააკვირდით, როგორ ამახვილებს ყურადღებას თანაგრძნობასა და სიკეთეზე. ის იხსენიებს ‘მეგობარსა და აღთქმის ცოლს’. თითოეული მამაკაცი დაქორწინებული იყო თანამორწმუნეზე, ისრაელ ქალზე, რომელიც ძვირფას მეგობრად და ცხოვრების თანამგზავრად ჰყავდა ამორჩეული. მიუხედავად იმისა, რომ ისინი, ალბათ, იმ დროს დაქორწინდნენ, როდესაც ორივე ახალგაზრდები იყვნენ, დროსა და ასაკს არ გაუუქმებია აღთქმა, ანუ საქორწინო კავშირი.
18. როგორ შეიძლება ღალატის შესახებ მალაქიას რჩევის გამოყენება ჩვენს დღეებში?
18 ღალატის შესახებ რჩევა დღესაც დროულია. რა სამწუხაროა, რომ ზოგი უგულებელყოფს ღვთის მითითებებს მხოლოდ უფალში დაქორწინების შესახებ. ასევე გულსატკენია, რომ ზოგიერთები არ ცდილობენ თავიანთი ქორწინების განმტკიცებას. ნაცვლად ამისა, ისინი ცდილობენ, გაამართლონ ღვთისთვის საძულველი, არაბიბლიური განქორწინება, რომ სხვაზე დაქორწინდნენ. ყოველივე ამით ისინი ‘ღლიან უფალს’. მალაქიას დროს ღვთის რჩევის უარმყოფელნი იმდენად კადნიერები იყვნენ, რომ იეჰოვას შეხედულებებს უსამართლოდაც კი მიიჩნევდნენ. ფაქტობრივად, ისინი ამბობდნენ: „სად არისო სამართლის ღმერთი?“. რაოდენ მცდარი აზროვნებაა! მოდი ნუ გავებმებით ამ მახეში (მალაქია 2:17).
19. როგორ შეუძლიათ ქმრებსა და ცოლებს ღვთის სულიწმიდის მიღება?
19 მალაქია იმასაც აღნიშნავს, რომ იმ დღეებში ზოგი ქმარი არ ღალატობდა ცოლს. მათ ‘ღვთის სულის ნატამალი ჰქონდათ შერჩენილი’ (მე-15 მუხლი). საბედნიეროდ, დღეს ღვთის ორგანიზაციაში მრავალი ასეთი მამაკაცია; ისინი ‘პატივს სცემენ თავიანთ ცოლებს’ (1 პეტრე 3:7). ისინი არ აყენებენ მათ ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას, არ სურთ უზნეო სქესობრივი კავშირი და არ ამცირებენ მათ სხვა ქალებთან ფლირტითა თუ პორნოგრაფიის ყურებით. იეჰოვას ორგანიზაცია ასევე უხვად არის კურთხეული ღვთისა და მისი კანონების ერთგული ქრისტიანი ცოლებით. ყოველმა მათგანმა, კაცებმაც და ქალებმაც, იციან, რა სძულს იეჰოვას და მისი ნების შესაბამისად ფიქრობენ და მოქმედებენ. განაგრძეთ მათ მსგავსად ‘ღვთის მორჩილება’ და კურთხეული იქნებით მისი სულიწმიდით (საქმეები 5:29).
20. რა დრო უახლოვდება კაცობრიობას?
20 მალე იეჰოვა განსჯის მთელ მსოფლიოს. ყოველ ადამიანს მოუწევს პასუხის გაცემა თავის რწმენასა თუ საქმეებზე. „ამრიგად, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს“ (რომაელთა 14:12). ამიტომ, დაისმის შემდეგი საინტერესო კითხვა: ვინ გადარჩება იეჰოვას დღეს? ამ კითხვას მესამე სტატია გასცემს პასუხს.
შეგიძლიათ განმარტოთ?
• რატომ გაკიცხა იეჰოვამ ისრაელი მღვდლები?
• რატომ არ არის ღვთის ნორმების დაცვა უსაშველოდ რთული ადამიანებისთვის?
• რატომ უნდა ვიყოთ დღეს ფრთხილად, როდესაც სხვებს ვასწავლით?
• რომელ ორ მოქმედებას კიცხავს იეჰოვა განსაკუთრებით?
[სურათი 15 გვერდზე]
მალაქიას თანამედროვე მღვდლები გაკიცხვას იმსახურებდნენ, რადგან იეჰოვას ნორმებს არ იცავდნენ.
[სურათი 16 გვერდზე]
იეჰოვას გზების სწავლებისას სიფრთხილე გვმართებს, რათა პირად აზრებს არ მივანიჭოთ უპირატესობა.
[სურათები 18 გვერდზე]
იეჰოვამ გაკიცხა ისრაელები, რომლებიც უმიზეზოდ გაეყარნენ ცოლებს და წარმართ ქალებზე დაქორწინდნენ.
[სურათი 18 გვერდზე]
დღეს ქრისტიანები აფასებენ ქორწინების აღთქმას.