იეჰოვას სიტყვა ცოცხალია
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მალაქია“
უკვე 70 წელია, რაც იერუსალიმში აღდგენილი ტაძარი დგას. მიუხედავად ამისა, დროის სვლასთან ერთად იუდეველების სულიერობა სუსტდება. მღვდლებიც კი გაირყვნენ. ვინ დაანახვებს მათ, რეალურად რა მდგომარეობაში არიან და ვინ ეცდება სულიერად მათ გამოცოცხლებას? იეჰოვა ამ დავალებას წინასწარმეტყველ მალაქიას აძლევს.
მალაქიას მიერ დამაჯერებელი ტონით დაწერილი ებრაული წერილების ეს ბოლო წიგნი ღვთის შთაგონებით დაწერილ წინასწარმეტყველებას შეიცავს. მალაქიას წინასწარმეტყველური სიტყვების გათვალისწინება გვეხმარება, რომ მოვემზადოთ „იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი“ დღისთვის, როდესაც თანამედროვე ბოროტი ქვეყნიერება მოისპობა (მალაქია 4:5).
მღვდლები ‘მრავალს აბრკოლებენ’
იეჰოვა თავის გრძნობებს ისრაელის მიმართ შემდეგი სიტყვებით გამოხატავს: „მე მიყვარხართ“. მაგრამ მღვდლებს სძულთ ღვთის სახელი. როგორ? ‘მათ წაბილწული პური მიაქვთ სამსხვერპლოზე’ და „კოჭლი და სნეული“ ცხოველი მიჰყავთ შესაწირავად (მალაქია 1:2, 6—8).
მღვდლები ‘მრავალს აბრკოლებენ’. ხალხი ‘ერთმანეთს ვერაგულად ექცევა’. ზოგს უცხოელი ცოლი მოჰყავს. სხვები ‘ვერაგულად ექცევიან თავიანთი ახალგაზრდობის ცოლს’ (მალაქია 2:8, 10, 11, 14—16).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
2:2. როგორ დაწყევლა იეჰოვამ თავნება მღვდელთა კურთხევა? ღმერთმა ეს იმ გაგებით გააკეთა, რომ მღვდლების მიერ წარმოთქმული კურთხევები წყევლად იქცეოდა.
2:3. რას ნიშნავდა მღვდლებისთვის ‘სახეში ნეხვის მიყრა’? კანონის თანახმად, მსხვერპლად შეწირული ცხოველის ნეხვი ბანაკის გარეთ უნდა გაეტანათ და დაეწვათ (ლევიანები 16:27). მღვდლებისთვის სახეში ნეხვის მიყრა ნიშნავდა, რომ იეჰოვა არ იღებდა მათ შესაწირავს და ამ შესაწირავის გამღებნიც საძულველნი იყვნენ მისთვის.
2:13. ვისი ცრემლებით გაივსო იეჰოვას სამსხვერპლო? ეს იმ ცოლების ცრემლები იყო, რომლებიც ტაძარში მიდიოდნენ და იეჰოვას წინაშე ღვრიდნენ გულს. რით იყო გამოწვეული მათი მწუხარება? იუდეველი ქმრები მათ უკანონოდ გაეყარნენ, ალბათ იმ მიზნით, რომ უფრო ახალგაზრდა უცხოელი ცოლები შეერთოთ.
რას ვსწავლობთ:
1:10. იეჰოვას არ სიამოვნებდა იმ ხარბ მღვდელთა მიერ აღვლენილი შესაწირავები, რომლებიც უსასყიდლოდ კარებსაც კი არ დაკეტავდნენ ან სამსხვერპლოზე ცეცხლსაც კი არ დაანთებდნენ. რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ თაყვანისმცემლობაში და მათ შორის ქრისტიანულ მსახურებაში ჩვენი აღმძვრელი ძალა ღვთისა და მოყვასის სიყვარული იყოს და არა ანგარება! (მათე 22:37—39; 2 კორინთელები 11:7).
1:14; 2:17. იეჰოვა არ იწყნარებს თვალთმაქცობას.
2:7—9. მათ, ვისაც კრებაში სწავლების პასუხისმგებლობა აკისრიათ, ღვთის სიტყვითა და „გონიერი მმართველის“ მიერ მოწოდებული ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციებით უნდა ასწავლონ (ლუკა 12:42; იაკობი 3:11).
2:10, 11. იეჰოვა თავისი თაყვანისმცემლებისგან მოელის, რომ სერიოზულად მოეკიდებიან რჩევას, დაქორწინდნენ „მხოლოდ უფალში“ (1 კორინთელები 7:39).
2:15, 16. ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები დიდი პატივისცემით ეკიდებიან თავიანთი ახალგაზრდობის ცოლთან დადებულ საქორწილო აღთქმას.
„მოვა თავის ტაძარში ჭეშმარიტი უფალი“
„უეცრად მოვა თავის ტაძარში ჭეშმარიტი უფალი [იეჰოვა ღმერთი] . . . შეთანხმების მაცნესთან [იესო ქრისტესთან]“ ერთად. ღმერთი ‘მოვა, რომ გაასამართლოს’ თავისი ხალხი და იჩქარებს დაამოწმოს ყველა ბოროტის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დაიწერება „სამახსოვრო წიგნი“ იეჰოვას მოშიშთათვის (მალაქია 3:1, 3, 5, 16).
„ღუმელივით გავარვარებული დღე“ დადგება და ყველა ბოროტს შთანთქავს. ამ დღის დადგომამდე ღმერთი გაგზავნის წინასწარმეტყველს, რათა გული მოუბრუნოს „მამებს ძეებისკენ და ძეებს მამებისკენ“ (მალაქია 4:1, 5, 6).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
3:1—3. როდის მოვიდნენ „ჭეშმარიტი უფალი“ და „შეთანხმების მაცნე“ ტაძარში და ვინ იყო გამოგზავნილი მათ მოსვლამდე? ახ. წ. 33 წლის 10 ნისანს იეჰოვა თავისი წარმომადგენლის მეშვეობით მოვიდა თავის ტაძარში და გაწმინდა იგი. ეს მოხდა მაშინ, როდესაც იესო ტაძარში შევიდა და გაყარა ყველა, ვინც ყიდდა და ყიდულობდა (მარკოზი 11:15). იმ დროს იესო უკვე მეფედ სამ-ნახევარი წლის ცხებული იყო. შესაბამისად, ზეცაში გამეფებიდან სამ-ნახევარი წლის შემდეგ, როგორც ჩანს, იესო იეჰოვასთან ერთად მივიდა სულიერ ტაძარში და დაინახა, რომ ღვთის ხალხს განწმენდა სჭირდებოდა. პირველ საუკუნეში იოანე ნათლისმცემელმა იუდეველები იესო ქრისტეს მოსვლისთვის მოამზადა. ჩვენს დროში სულიერ ტაძარში იეჰოვას მოსვლამდე მაცნე იყო გამოგზავნილი. XIX საუკუნის 80-იან წლებში ბიბლიის მკვლევართა ჯგუფმა დაიწყო მოქმედება, რათა გულწრფელი ადამიანებისთვის ძირითადი ბიბლიური ჭეშმარიტება ესწავლებინათ.
3:10. ნიშნავს თუ არა ‘მთელი მეათედის მიტანის’ შესახებ მოთხოვნა იმას, რომ ყველაფერი მივცეთ იეჰოვას? იესოს სიკვდილის საფუძველზე მოსეს კანონი გაუქმდა და, შესაბამისად, მეათედის შესახებ მოთხოვნაც. მაგრამ მეათედს აქვს სიმბოლური მნიშვნელობა (ეფესოელები 2:15). ეს ჩვენი მხრიდან ყველაფრის გაცემას არ გულისხმობს. მეათედს ყოველწლიურად სწირავდნენ, ჩვენ კი ყველაფერი იეჰოვას მხოლოდ ერთხელ შევწირეთ მაშინ, როდესაც საკუთარი თავი მივუძღვენით მას და ამის ნიშნად წყალში მოვინათლეთ. მას შემდეგ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვფლობთ, იეჰოვასია. მაგრამ ღმერთი საშუალებას გვაძლევს, ჩვენი საკუთრების გარკვეული ნაწილი — სიმბოლური მეათედი — მისთვის მსახურებაში გამოვიყენოთ. ეს სიმბოლური მეათედი არის ის, რის გაღების საშუალებასაც მდგომარეობა გვაძლევს და რისკენაც გული აღგვძრავს. ამაში შედის დრო, ენერგია და მატერიალური რესურსები, რომელსაც სამეფოს შესახებ ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებას ვახმართ. მეათედის გაღებაა აგრეთვე ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება, ავადმყოფი და ხანდაზმული თანამორწმუნეების მონახულება და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის მატერიალური შესაწირავების გაღება.
4:3. როგორ გათელავენ იეჰოვას თაყვანისმცემლები ბოროტებს? დედამიწაზე მცხოვრები ღვთის ხალხი პირდაპირი გაგებით არ ‘გათელავს ბოროტებს’ ანუ მონაწილეობას არ მიიღებს მათთვის გამოტანილი განაჩენის შესრულებაში. ეს სიტყვები იმაზე მიანიშნებს, რომ დედამიწაზე მცხოვრები ღვთის მსახურები ამას გადატანითი მნიშვნელობით გააკეთებენ — ისინი მთელი გულით მიიღებენ მონაწილეობას სატანის ქვეყნიერების განადგურების შემდეგ გამართულ ზეიმში (ფსალმუნი 145:20; გამოცხადება 20:1—3).
4:4. რატომ უნდა ‘გვახსოვდეს მოსეს კანონი’? ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ კანონის დაცვა, მაგრამ ის „მომავალ კურთხევათა ჩრდილია“ (ებრაელები 10:1). ამიტომ მოსეს კანონისთვის ყურადღების მიქცევა იმის დანახვაში გვეხმარება, თუ როგორ შესრულდა მასში ჩაწერილი სიტყვები (ლუკა 24:44, 45). გარდა ამისა, კანონში მოცემულია „ზეციურის სიმბოლო“. კანონის შესწავლა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩავწვდეთ ქრისტიანულ სწავლებებს (ებრაელები 9:23).
4:5, 6. ვინ არის წარმოდგენილი „ელია წინასწარმეტყველით“? ნაწინასწარმეტყველებია, რომ ელია ხალხის გულს მოამზადებდა. ახ. წ. პირველ საუკუნეში იესო ქრისტემ იოანე ნათლისმცემელი მოიხსენია ელიად (მათე 11:12—14; მარკოზი 9:11—13). თანამედროვე „ელია“ „იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის დადგომამდე“ გამოგზავნა ღმერთმა. დღეს ის „ერთგული და გონიერი მონაა“ (მათე 24:45). ეს ცხებული ქრისტიანები გულმოდგინედ ეხმარებიან ხალხს ღმერთთან ურთიერთობის აღდგენაში.
რას ვსწავლობთ:
3:10. თუ იეჰოვას საუკეთესოს არ ვაძლევთ, ამით საკუთარ თავს მისგან კურთხევების მიღების შესაძლებლობას ვართმევთ.
3:14, 15. იმის გამო, რომ მღვდლები ხალხს ცუდ მაგალითს აძლევდნენ, იუდეველები ღვთის მსახურებას ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ. ისინი, ვისაც ქრისტიანულ კრებაში პასუხისმგებლობა აკისრია, სამაგალითოები უნდა იყვნენ (1 პეტრე 5:1—3).
3:16. იეჰოვა იწერს თავის მოშიშთა და ერთგულთა სახელებს. მას ახსოვს ისინი და სატანის ბოროტი ქვეყნიერების განადგურებისას იხსნის მათ. ამიტომ ნუ მოვდუნდებით და მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ უმწიკვლობა შევინარჩუნოთ (იობი 27:5).
4:1. იეჰოვასთვის ანგარიშის ჩაბარების დღეს როგორც „ტოტს“, ისე „ფესვს“ ერთი და იგივე მომავალი ელის — ღმერთი ბავშვებსაც იმავე განაჩენს გამოუტანს, რასაც მშობლებს. რა დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ეს მშობლებს! ქრისტიანმა მშობლებმა ყოველი ღონე უნდა იხმარონ იმისათვის, რომ ღვთისმოსაწონად იცხოვრონ და მისი კეთილგანწყობა შეინარჩუნონ (1 კორინთელები 7:14).
„ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს“
ვინ გადარჩება „იეჰოვას დიდ და შიშის მომგვრელ დღეს“? (მალაქია 4:5). იეჰოვა ამბობს: „თქვენ კი, ჩემი სახელის მოშიშნო, ამოგიბრწყინდებათ სიმართლის მზე, რომლის ფრთებიდანაც იქნება განკურნება. თქვენც გამოხვალთ და ნასუქი ხბოებივით აკუნტრუშდებით“ (მალაქია 4:2).
„სიმართლის მზე“, იესო ქრისტე, უნათებს ღვთის სახელის მოშიშებს, და ისინი იეჰოვას კეთილგანწყობით სარგებლობენ (იოანე 8:12). მათთვის ამ მზის „ფრთებიდანაც იქნება განკურნება“ — სულიერი განკურნება დღეს და სრული ფიზიკური, გონებრივი და ემოციური განკურნება ღვთის ახალ ქვეყნიერებაში (გამოცხადება 22:1, 2). ეს აღფრთოვანებული და ბედნიერი ადამიანები ‘ნასუქი ხბოებივით აკუნტრუშდებიან’. მხედველობაში გვქონდეს ეს კურთხევები და ყურად ვიღოთ მეფე სოლომონის რჩევა: „ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი, რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება“ (ეკლესიასტე 12:13).
[სურათი 26 გვერდზე]
ღვთის გულმოდგინე და ერთგული მსახური, წინასწარმეტყველი მალაქია
[სურათი 29 გვერდზე]
ყველაფერი, რასაც ვასწავლით, ბიბლიასთან უნდა იყოს შეთანხმებული
[სურათი 29 გვერდზე]
იეჰოვას მსახურები პატივისცემით ეკიდებიან საქორწინო აღთქმას