როდესაც სამართლიანობა დამყარდება
„ვეცდებით ახლებურად მოვუსმინოთ. . . განაწყენებულ ხმებს, შეწუხებულ ხმებს, სასოწარკვეთილ ხმებს. . . ისღა დაგვრჩენია, რომ ცხოვრებაში გამოვიყენოთ: ბოლოს და ბოლოს, უზრუნველვყოთ, რომ, როგორც ღვთის თვალში ყველა თანასწორი ღირსებით იბადება, ყველა თანასწორი იყოს ადამიანის თვალშიც“ (შეერთებული შტატების პრეზიდენტი რიჩარდ მილჰაუს ნიქსონი, საინაუგურაციო სიტყვა, 20 იანვარი, 1969 წელი).
როდესაც მეფეები, პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები ხელისუფლების სათავეში დგებიან, ჩვეულებრივ, ისინი სამართლიანობაზე ლაპარაკობენ. არც რიჩარდ ნიქსონი, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილა გამონაკლისი. მაგრამ მის შთამბეჭდავ სიტყვებს ისტორიის ფონზე ელფერი ეკარგება. თუმცა ნიქსონი ‘კანონის ცხოვრებაში გამოყენებას’ ჰპირდებოდა ხალხს, მოგვიანებით მას ბრალი დასდეს კანონის დარღვევაში და აიძულეს გადამდგარიყო. ‘განაწყენებული, შეწუხებული და სასოწარკვეთილი’ ხმები დღემდე — სამი ათწლეულის გასვლის შემდეგაც — გაისმის.
მოუსმინო ასეთ ხმებს და ყურად იღო მათი ჩივილი ადვილი არაა, როგორც კეთილი სურვილით აღძრულმა მრავალმა ხელმძღვანელმა დაინახა. საყოველთაო სამართლიანობა მიუღწეველ მიზნად იქცა. მიუხედავად ამისა, ჩვენს ყურადღებას იმსახურებს საუკუნეების წინ მოცემული დანაპირები — დიდებული დანაპირები სამართლიანობის შესახებ.
წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით ღმერთი შეჰპირდა თავის ხალხს, რომ გაუგზავნიდა თავის ‘მორჩილს’, რომელსაც თვითონ აირჩევდა. „მასზე გარდმოვავლინე ჩემი სული, — უთხრა იეჰოვამ ხალხს. — ის გაუჩენს სამართალს ხალხებს“ (ესაია 42:1–3). ვერც ერთი მმართველი ვერ შეძლებდა იმის თქმას, რომ ყველა ერისთვის ხანგრძლივი სამართლიანობა დამყარდება. სანდოა ეს დანაპირები? შესაძლებელია, რომ ასეთი საოცარი მიზანი ოდესმე განხორციელდეს?
დანაპირები, რომელიც ნდობას იმსახურებს
დანაპირები იმდენად სანდოა, რამდენადაც დაპირების მომცემი პიროვნება. მოცემულ შემთხვევაში თვით ყოვლისშემძლე ღმერთი გვპირდება, რომ მისი „მორჩილი“ მსოფლიო მშვიდობას დაამყარებს. პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, იეჰოვა ფუჭ დაპირებებს არ იძლევა. ‘შეუძლებელია, რომ მან იცრუოს’, — ნათქვამია ბიბლიაში (ებრაელთა 6:18). „როგორც გადავწყვიტე, ისე მოხდება“, — მტკიცედ ამბობს ღმერთი (ესაია 14:24).
ამ დანაპირებისადმი ჩვენს ნდობას ღვთის რჩეულის, ‘მორჩილის’, იესო ქრისტეს მაგალითიც აძლიერებს. ის, ვინც სამართლიანობას დაამყარებს, სამართლიანობის მოყვარული უნდა იყოს და სამართლიანი პრინციპებით უნდა ცხოვრობდეს. იესო უცოდველი პიროვნება იყო, რომელსაც ‘უყვარდა სიმართლე და სძულდა ურჯულოება’ (ებრაელთა 1:9). თავისი საუბრით, ცხოვრების წესითა და სიკვდილითაც კი იესომ დაამტკიცა, რომ ნამდვილად სამართლიანი პიროვნება იყო. რომაელი ასისთავი, რომელიც, როგორც ჩანს, იესოს დაკითხვასაც ესწრებოდა და დასჯასაც, მისი სიკვდილის დროს აღძრული იყო ეთქვა: „ჭეშმარიტად, მართალი იყო ეს კაცი“ (ლუკა 23:47).
გარდა იმისა, რომ თვითონ ცხოვრობდა სამართლიანად, იესო წინააღმდეგობასაც უწევდა უსამართლობას, რომელიც საკმაოდ გავრცელებული იყო მის დროს. ის ამას აჯანყებისა და რევოლუციის გზით კი არ აკეთებდა, არამედ ჭეშმარიტ სამართლიანობას ასწავლიდა ყველას, ვინც უსმენდა. მთაზე ქადაგებისას მან შესანიშნავად აჩვენა, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი სამართლიანობა და სიმართლე (მათე, თავები 5—7).
იესო ცხოვრობდა კიდეც იმის თანახმად, რასაც ქადაგებდა. ის ზიზღით კი არ უყურებდა იუდეველთა საზოგადოებიდან გარიყულ საცოდავ კეთროვნებს, არამედ ელაპარაკებოდა, ეხებოდა და კურნავდა კიდეც მათ (მარკოზი 1:40–42). ის ყველა ადამიანს აქცევდა ყურადღებას, განურჩევლად ღარიბისა და დაჩაგრულისა (მათე 9:36). „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ“, — უთხრა მათ იესომ (მათე 11:28).
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იესომ არ დაუშვა, რომ გარშემო არსებულ უსამართლობას ზეგავლენა მოეხდინა მასზე, გაებოროტებინა ის. იესო არასდროს პასუხობდა ბოროტებაზე ბოროტებით (1 პეტრე 2:22, 23). მაშინაც კი, როდესაც ტკივილებისგან იტანჯებოდა, ზეციერ მამას იმ ჯარისკაცებისთვის ევედრებოდა, რომლებმაც ძელზე გააკრეს. „მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ“ (ლუკა 23:34). მართლაც, იესომ ‘აუწყა სამართალი ხალხებს’ (მათე 12:18, სსგ). განა არის იესოს ცოცხალ მაგალითზე დიდი მტკიცება იმისა, რომ ღმერთს სურს ქვეყნიერებაზე სამართლიანობის დამყარება?
უსამართლობისთვის წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელია
არსებობს იმის აშკარა მტკიცებები, რომ უსამართლობისთვის წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელია. როგორც იეჰოვას თითოეული მოწმე, ისე იეჰოვას მოწმეთა მთელი ორგანიზაცია, ცდილობს, არ მოექცეს წინასწარშექმნილი აზრის, მიკერძოებულობის, რასიზმისა და ძალადობის ზემოქმედების ქვეშ. განვიხილოთ შემდეგი მაგალითი:
პედროსa სჯეროდა, რომ სამართლიანობის დამყარება ბასკების ქვეყანაში, ესპანეთის იმ მხარეში, სადაც ცხოვრობდა, მხოლოდ დივერსიის გზით იყო შესაძლებელი. ამ მიზნით დაუკავშირდა ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელმაც სამხედრო მომზადება საფრანგეთში გაატარა. მომზადების შემდეგ მას უბრძანეს, რომ ტერორისტული ჯგუფი ჩამოეყალიბებინა და პოლიციელების ბარაკები აეფეთქებინა. მისი ჯგუფი უკვე აფეთქებისთვის ემზადებოდა, როდესაც პოლიციამ ის დააპატიმრა. მან 18 თვე დაჰყო პატიმრობაში, მაგრამ ციხეშიც განაგრძობდა პოლიტიკურ მოღვაწეობა — მონაწილეობას იღებდა შიმშილობებში და ერთხელ ვენებიც გადაიჭრა.
პედროს სჯეროდა, რომ სამართლიანობისთვის იბრძოდა. მოგვიანებით მან იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ შეიტყო. პედროს პატიმრობის დროს მისმა ცოლმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო და ციხიდან გამოსვლის შემდეგ კრების შეხვედრაზე წაიყვანა ის. მას იმდენად მოეწონა შეხვედრა, რომ ბიბლიის შესწავლის სურვილი გამოთქვა; შესწავლის შედეგად მან დიდი ცვლილებები მოახდინა შეხედულებებსა და ცხოვრების წესში. ბოლოს, 1989 წელს, პედრო და მისი მეუღლე მოინათლნენ.
„მადლობას ვწირავ იეჰოვას, რომ არავინ მომიკლავს ტერორისტობის დროს, — ამბობს პედრო. — ახლა ჩემი იარაღი ღვთის სულის მახვილი, ბიბლიაა, რომლითაც ხალხს ჭეშმარიტი მშვიდობისა და სამართლიანობის ცნობას — ღვთის სამეფოს შესახებ კეთილ ცნობას — გადავცემ“. არც თუ ისე დიდი ხნის წინ პედრო, რომელიც ახლა იეჰოვას მოწმეთა უხუცესია, იმ ოჯახებს ეწვია, რომლების აფეთქებასაც აპირებდა. ამჯერად იმ მიზნით, რომ მშვიდობის ცნობა ექადაგა მათთვის.
იეჰოვას მოწმეები ამგვარ ცვლილებებს ახდენენ, რადგანაც ისინი სამართლიანი ქვეყნიერებისაკენ მიისწრაფიან (2 პეტრე 3:13). თუმცა ღვთის დანაპირებზე არიან დანდობილი, რომ ის დაამყარებს სამართლიანობას, მოწმეებს ესმით, რომ თვითონაც ევალებათ სამართლიანად ცხოვრება. ბიბლიაში აშკარადაა ნათქვამი, რომ ღმერთი ჩვენგან ამას მოელის.
სიმართლის თესვა
როდესაც უსამართლობას ვხვდებით, შეიძლება აღმოგვხდეს: ‘სად არის სამართლის ღმერთი?’ ასე ამბობდნენ იუდეველები მალაქიას დღეებში (მალაქია 2:17). საფუძვლიანად თვლიდა ღმერთი მათს ჩივილს? პირიქით, ეს მისთვის ‘დამღლელი’ იყო, რადგანაც მრავალ ცუდ საქმესთან ერთად, იუდეველები ხანში შესულ ცოლებს ღალატობდნენ და სხვადასხვა საბაბით ეყრებოდნენ მათ. იეჰოვამ წუხილი გამოხატა ‘მათი სიყრმის ცოლების გამო, რომლებსაც უღალატეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მათი მეგობრები და მათი აღთქმის ცოლები იყვნენ’ (მალაქია 2:14).
სწორი იქნება უკმაყოფილება გამოვთქვათ უსამართლობაზე, თუ თვითონვე ვიქცევით უსამართლოდ? მეორე მხრივ, თუ ვცდილობთ მივბაძოთ იესოს და გული გავიწმინდოთ წინასწარშექმნილი აზრებისა და რასისტული შეხედულებებისგან, თუ ვართ მიუკერძოებლები და მოსიყვარულეები ყველას მიმართ და, თუ ბოროტებაზე ბოროტებით არ ვპასუხობთ, ვაჩვენებთ, რომ ნამდვილად გვიყვარს სამართლიანობა.
ბიბლია გვარწმუნებს, რომ სამართლიანობა რომ მოვიმკათ, ‘სიმართლე უნდა ვთესოთ’ (ოსია 10:12). რამდენად მცირეც უნდა ჩანდეს, უსამართლობაზე თითოეული პიროვნების გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც მარტინ ლუთერ კინგ უმცროსმა დაწერა „წერილში ბირმინგემის ციხიდან“, „თუკი სადმე უსამართლობა არსებობს, სამართლიანობა ყველგან საფრთხეშია“. ვინც ‘ეძიებს სიმართლეს’ ხდება ღვთის რჩეული ხალხის ნაწილი, რომელსაც ღმერთი სულ მალე თავის სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში შეიყვანს (სოფონია 2:3).
შეუძლებელია სამართლიანობის დამყარების იმედი ადამიანთა არასაიმედო დანაპირებზე ავაგოთ, მაგრამ შეგვიძლია, ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედის სიტყვას ვენდოთ. ამიტომაც იესომ თავის მიმდევრებს უთხრა, რომ ღვთის სამეფოს მოსვლისთვის ელოცათ (მათე 6:9, 10). იესო, ღვთის ამ სამეფოს დანიშნული მეფე, „იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე. შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის“ (ფსალმუნი 71:12, 13).
ნათელია, რომ უსამართლობა მუდმივად არ იარსებებს. ქრისტეს მმართველობა მთელ დედამიწაზე სამუდამოდ მოსპობს უსამართლობას, როგორც ღმერთი გვპირდება წინასწარმეტყველ იერემიას მეშვეობით: „დგება ჟამი. . . როცა უნდა ავახდინო სასიკეთო სიტყვა. . . იმჟამად აღმოვუცენებ დავითს ჭეშმარიტ მორჩს და გავაჩენ სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში“ (იერემია 33:14, 15).
[სქოლიოები]
a სახელი შეცვლილია.