მე „მაგალითი მოგეცით“
„დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თქვენ მასწავლებლები უნდა ყოფილიყავით“ (ებრაელთა 5:12).
1. ჩვეულებრივ, რატომ შეიძლება გარკვეულწილად შეაფიქრიანოს ქრისტიანი ებრაელთა 5:12–ში ჩაწერილმა სიტყვებმა?
გარკვეულწილად ხომ არ შეგაფიქრიანათ ამ სასწავლო სტატიის წამყვანმა მუხლმა? თუ დიახ, ამ შემთხვევაში თქვენ გამონაკლისი არა ხართ. რადგან ქრისტეს მიმდევრები ვართ, ვიცით, რომ მასწავლებლებიც უნდა ვიყოთ (მათე 28:19, 20). გარდა ამისა, ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც გადაუდებლად, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე საუკეთესოდ უნდა ვასწავლოთ. ჩვენთვის ისიც ცნობილია, რომ სწავლების ეს საქმე მათთვის, ვისაც ვასწავლით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! (1 ტიმოთე 4:16). მაშასადამე, ბუნებრივია, საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: ვარ კი ისეთი მასწავლებელი, როგორიც უნდა ვიყო? როგორ შემიძლია გავუმჯობესდე ამ მხრივ?
2, 3. ა) ერთი მასწავლებლის სიტყვების თანახმად, რა არის კარგი მასწავლებლობის საფუძველი? ბ) მასწავლებლობასთან დაკავშირებით რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ?
2 ამაზე ფიქრმა გული არ უნდა გაგვიტეხოს. თუ ვფიქრობთ, რომ მასწავლებლობაში მხოლოდ სწავლების გარკვეული მეთოდების გამოყენება შედის, შეიძლება დაგვთრგუნოს იმაზე ფიქრმა, მივაღწევთ თუ არა ოდესმე სათანადო დონეს. მაგრამ, კარგ მასწავლებლობას ხომ განსაკუთრებულ მეთოდიკაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ უდევს საფუძვლად. ყურადღება მიაქციეთ, რას წერდა ამასთან დაკავშირებით ერთი გამოცდილი მასწავლებელი: „კარგი მასწავლებლობა განსაკუთრებული უნარის, მეთოდების ან გეგმების გამოყენებაზე არ არის დამოკიდებული... მასწავლებლობა უპირველეს ყოვლისა სიყვარულზეა დაფუძნებული“. რა თქმა უნდა, ის ამ საკითხს საერო მასწავლებლის თვალსაზრისით უყურებდა. მაგრამ მისი სიტყვები ბევრად უფრო მიესადაგება ჩვენი, როგორც ქრისტიანების, მასწავლებლობას. როგორ?
3 ჩვენთვის სამაგალითო მასწავლებელი იესო ქრისტეა. „[მე] მაგალითი მოგეცით“, — უთხრა მან თავის მიმდევრებს (იოანე 13:15). მართალია, იესო აქ თავმდაბლობის მაგალითზე ლაპარაკობდა, მაგრამ მის მიერ დატოვებულ მაგალითში, რა თქმა უნდა, დედამიწაზე მისი უმთავრესი საქმიანობა — ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის სწავლებაც — შედის (ლუკა 4:43). აქედან გამომდინარე, თუ იესოს მსახურების დასახასიათებლად ერთადერთი სიტყვის გამოყენება მოგვიწევდა, განა „სიყვარულს“ არ ავირჩევდით? (კოლასელთა 1:15; 1 იოანე 4:8). თავისი ზეციერი მამის, იეჰოვასადმი სიყვარულის გამოვლენა იესოსთვის უმნიშვნელოვანესი იყო (იოანე 14:31). გარდა ამისა, იესო, როგორც მასწავლებელი, კიდევ ორი რამეში ავლენდა სიყვარულს: მას უყვარდა ჭეშმარიტება, რომელსაც ასწავლიდა და ხალხი, ვისაც ასწავლიდა. მოდი უფრო გულდასმით განვიხილოთ, თუ რა მაგალითი მოგვცა იესომ ამასთან დაკავშირებით.
ღვთიური ჭეშმარიტების სიყვარული დროის გამოცდას უძლებს
4. როგორ შეიყვარა იესომ იეჰოვას სწავლებები?
4 სწავლების ხარისხი ბევრად არის დამოკიდებული საგნისადმი მასწავლებლის მიდგომაზე. საგნისადმი მასწავლებლის გულგრილი დამოკიდებულება მოსწავლეებზეც მალევე აისახება. იესო გულგრილად არ ეკიდებოდა იეჰოვასა და მის სამეფოსთან დაკავშირებულ ძვირფას ჭეშმარიტებას, რომელსაც ხალხს ასწავლიდა, არამედ ძალიან უყვარდა ის. ეს სიყვარული მას სწავლის პერიოდში განუვითარდა. განკაცებამდე საუკუნეების განმავლობაში ღვთის მხოლოდშობილი ძე ბეჯითი მოსწავლე იყო. ესაიას 50:4, 5–ში მართებულად არის ნათქვამი: „უფალმა ღმერთმა მომცა სწავლულთა ენა, რომ შემეძლოს დამაშვრალის სიტყვით გამხნევება. ის აღვიძებს, ყოველი დილით აღვიძებს ჩემს ყურს, რომ მესმოდეს, როგორც სწავლულებს ესმით. უფალმა ღმერთმა გამიხსნა სასმენელი და მე არ გავურჩებულვარ, უკან არ მივქცეულვარ“.
5, 6. ა) რა მოხდა იესოს ნათლობისას და რა ზეგავლენა მოახდინა ამან მასზე? ბ) რა განსხვავებული სახით იყენებდნენ იესო და სატანა ღვთის სიტყვას?
5 ღვთიური სიბრძნისადმი სიყვარული იესოს არც დედამიწაზე ყოფნისას განელებია (ლუკა 2:52). მოგვიანებით, მისი ნათლობისას, განსაკუთრებული რამ მოხდა. „გაიხსნა ცა“, — ნათქვამია ლუკას 3:21–ში. როგორც ჩანს, იესომ მაშინ გაიხსენა განკაცებამდე თავისი არსებობა. ამის შემდგომ მან 40 დღე იმარხულა უდაბნოში. ალბათ, მას დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა იმ მრავალი შემთხვევის გახსენება, როდესაც იეჰოვა ასწავლიდა ზეცაში ცხოვრების დროს. მალე ხომ ღვთიური ჭეშმარიტებისადმი მისი სიყვარული გამოიცდებოდა.
6 იესო დაღლილი და მშიერი იყო, სატანა კი ამ დროს მის ცდუნებას ცდილობდა. რამდენად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან ღვთის ეს ორი ძე! ორივენი ებრაული წერილებიდან ციტირებდნენ, მაგრამ ამ წერილებისადმი მათი მიდგომა სრულიად განსხვავებული იყო. სატანა ღვთის სიტყვას ამახინჯებდა და თავისი ეგოისტური მიზნების მისაღწევად იყენებდა, რითაც მისადმი უპატივცემლობას ავლენდა. სინამდვილეში, ამ ურჩ ძეს სძულდა ღვთიური ჭეშმარიტება. იესოს მიერ წმინდა წერილების ციტირებისას კი აშკარად ჩანდა ამ წერილებისადმი მისი სიყვარული, რაც თითოეული პასუხის გასაცემად ღვთის სიტყვიდან საგულდაგულოდ შერჩეული ადგილების მოყვანით გამოიხატებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იესო ამ ღვთივსულიერი სიტყვების ჩაწერამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა, ის მოკრძალებით ეკიდებოდა მათ. ეს ხომ მისი ზეციერი მამისგან მომდინარე ძვირფასი ჭეშმარიტება იყო! სატანასთან საუბრისას იესომ აღნიშნა, რომ იეჰოვას სიტყვები მისთვის საკვებზე უფრო მნიშვნელოვანი იყო (მათე 4:1—11). დიახ, იესოს უყვარდა იეჰოვასგან ნასწავლი ჭეშმარიტება. მაგრამ, როგორ ავლენდა ის ამ სიყვარულს, როგორც მასწავლებელი?
მას უყვარდა ჭეშმარიტება, რომელსაც ასწავლიდა
7. რატომ არ ჩამოაყალიბა იესომ საკუთარი სწავლებები?
7 ყოველთვის აშკარა იყო იესოს სიყვარული იმ ჭეშმარიტებისადმი, რომელსაც ასწავლიდა. მას ხომ ადვილად შეეძლო საკუთარი იდეები ჩამოეყალიბებინა. ის უსაზღვრო ცოდნასა და სიბრძნეს ფლობდა (კოლასელთა 2:3). მაგრამ, იესო თავის მსმენელებს არაერთხელ შეახსენებდა, რომ რასაც ასწავლიდა, მისგან კი არ მომდინარეობდა, არამედ მისი ზეციერი მამისგან (იოანე 7:16; 8:28; 12:49; 14:10). იესოს ისე ძალიან უყვარდა ღვთიური ჭეშმარიტება, რომ მას საკუთარი აზრებით არ შეცვლიდა.
8. თავისი მსახურების დასაწყისშივე, ღვთის სიტყვაზე მინდობის როგორი მაგალითი მოგვცა იესომ?
8 იესო თავისი მსახურების დასაწყისიდანვე გვაძლევდა მაგალითს. განვიხილოთ, თუ პირველად როგორ განუცხადა ხალხს, რომ აღთქმული მესია იყო. პირდაპირ წარდგა ხალხის წინაშე, თავი ქრისტედ გამოაცხადა და ამის დასამტკიცებლად შთამბეჭდავი სასწაულები მოახდინა? არა. ის სინაგოგაში მივიდა, სადაც ღვთის ხალხი ჩვეულებისამებრ იკრიბებოდა ხოლმე წმინდა წერილების წასაკითხად. იქ მან ხმამაღლა წაიკითხა ესაიას 61:1, 2 და ახსნა, რომ ეს წინასწარმეტყველური ჭეშმარიტება მას ეხებოდა (ლუკა 4:16—22). იესოს მიერ მოხდენილი მრავალი სასწაული იმაზე მეტყველებდა, რომ მას ამის ძალას იეჰოვა აძლევდა. მიუხედავად ამისა, სწავლებისას იესო ყოველთვის ღვთის სიტყვას ეყრდნობოდა.
9. როგორ გამოავლინა იესომ ღვთის სიტყვისადმი დიდი სიყვარული ფარისევლებთან ურთიერთობისას?
9 როდესაც რელიგიური მოწინააღმდეგენი გამომცდელ კითხვებს უსვამდნენ, იესო არ აჰყვებოდა ხოლმე მათ მიუხედავად იმისა, რომ ადვილად შეეძლო სიტყვა–პასუხში გაემარჯვა. ნაცვლად ამისა, მათ სიტყვებს ღვთის სიტყვით აბათილებდა. მაგალითად, გავიხსენოთ ის შემთხვევა, როდესაც ფარისევლებმა იესოს მოწაფეებს შაბათის დარღვევაში დასდეს ბრალი, რადგან ყანაში გავლისას თავთავები მოფშვნიტეს და შეჭამეს. აი, რა უპასუხა იესომ: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა მოშივდა მას და მის მხლებლებს?“ (მათე 12:1—5). რა თქმა უნდა, ამ თავდაჯერებულ მამაკაცებს წაკითხული ექნებოდათ 1 მეფეთა 21:2—7–ში ღვთის შთაგონებით ჩაწერილი ისტორია. მაგრამ მათ მნიშვნელოვანი ვერაფერი ისწავლეს ამ შემთხვევიდან. იესო კი, მხოლოდ წაკითხვას არ სჯერდებოდა. ის ფიქრობდა და გულთან ახლოს მიჰქონდა წაკითხული. მას უყვარდა ის პრინციპები, რომლებიც იეჰოვამ ამ ისტორიით ასწავლა. ამგვარად, მან გამოიყენა აღნიშნული ინფორმაცია, აგრეთვე მაგალითი მოსეს რჯულიდან, რათა მათთვის რჯულის ნამდვილი სული დაენახვებინა. იესო ღვთის სიტყვის დიდმა სიყვარულმა აღძრა, დაეცვა ის რელიგიური წინამძღოლებისგან, რომლებიც ცდილობდნენ, ისე გადაეკეთებინათ წმინდა წერილები, როგორც მათ აწყობდათ ან ადამიანთა ტრადიციებით დაეჩრდილათ იგი.
10. როგორ შესრულდა იესოზე წინასწარმეტყველებები, რომლებიც მის მასწავლებლობას ეხებოდა?
10 იესოს უყვარდა ის, რასაც ასწავლიდა და ეს სიყვარული არ აძლევდა იმის ნებას, რომ ჭეშმარიტება ხალხისთვის მხოლოდ გაზეპირებული ფრაზების გამოყენებით, მოსაბეზრებლად ან მექანიკურად ესწავლებინა. ღვთისგან შთაგონებულ წინასწარმეტყველებებში ნათქვამი იყო, რომ მესიის ‘პირიდან მადლი გადმოიღვრებოდა’ და ‘მოხდენილი სიტყვებით’ ილაპარაკებდა (ფსალმუნი 44:3; დაბადება 49:21, „ბიბლია“, 2001). იესოზე ნამდვილად შესრულდა ეს წინასწარმეტყველებები, რადგან ის თავის ცნობას საინტერესოდ და ცოცხლად გადასცემდა; „მადლიანი სიტყვებით“ ასწავლიდა მისთვის ესოდენ საყვარელ ჭეშმარიტებას (ლუკა 4:22, აქ). უდავოა, ეს ენთუზიაზმი მისი სახის გამომეტყველებაშიც ირეკლებოდა და თვალები ჭეშმარიტებისადმი ცხოველი ინტერესით ჰქონდა ანთებული. რა სასიამოვნო იქნებოდა მისი მოსმენა! და რა კარგი იქნებოდა, რომ ნასწავლის სხვებისთვის გაზიარებისას მისთვის მიგვებაძა!
11. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლობის განსაკუთრებულ უნარს ფლობდა, რატომ არ იყო იესო ამაყი და ამპარტავანი?
11 გააამაყა იესო ღვთიური ჭეშმარიტების ღრმა ცოდნამ და მიმზიდველი საუბრების წარმართვის უნარმა? ხშირ შემთხვევაში ბევრს ასე ემართება ხოლმე. მაგრამ გვახსოვდეს, რომ იესო ღვთის მოსაწონი სახით ავლენდა სიბრძნეს. ასეთი სიბრძნე გამორიცხავს ამპარტავნობას, რადგან „თავმდაბალთ... სიბრძნე ახლავთ“ (იგავნი 11:2, „ბიბლია“, 2001). გარდა ამისა, არსებობდა კიდევ ერთი ფაქტორი, რაც იესოს გაამაყებისა და გაამპარტავნებისგან იცავდა.
იესოს უყვარდა ადამიანები, რომლებსაც ასწავლიდა
12. როგორ ცხადყო იესომ, რომ არ სურდა მოწაფეებს მისი შინებოდათ?
12 ადამიანებისადმი დიდი სიყვარული ყოველთვის გამოსჭვიოდა იესოს სწავლებაში. ამაყი ადამიანებისგან განსხვავებით, სწავლებისას იესო არასდროს თრგუნავდა ხალხს (ეკლესიასტე 8:9). პეტრე, რომელიც იესოს ერთ–ერთი სასწაულის მომსწრე გახდა, გაოგნებული ჩაუვარდა ფეხებში მას. მაგრამ იესოს არ სურდა, რომ მოწაფეებს მისი შინებოდათ. მან გულთბილად მიმართა პეტრეს: „ნუ გეშინია“; შემდეგ კი აუხსნა, რომ ის მოწაფეების მომზადების მნიშვნელოვან საქმეში მიიღებდა მონაწილეობას (ლუკა 5:8—10). იესოს სურდა, რომ მისი მოწაფეების აღმძვრელი ძალა ღვთის ძვირფასი ჭეშმარიტებისადმი სიყვარული ყოფილიყო და არა თავიანთი მასწავლებლისადმი შიში.
13, 14. რა მხრივ ავლენდა იესო ხალხისადმი თანაგრძნობას?
13 იესოს მიერ გამოვლენილი თანაგრძნობაც იმაზე მოწმობს, რომ მას უყვარდა ადამიანები, რომლებსაც ასწავლიდა. „ხალხის ბრბო რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან ისინი დაუძლურებულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი“ (მათე 9:36). ის თანაგრძნობით ეკიდებოდა მათ გაჭირვებას და მზად იყო დასახმარებლად.
14 ყურადღება მიაქციეთ იესოს მიერ თანაგრძნობის გამოვლენის კიდევ ერთ შემთხვევას. სისხლდენით გატანჯული ქალი ხალხით გარშემორტყმულ იესოს მიუახლოვდა, მისი ტანსაცმლის კიდეს შეეხო და მაშინვე სასწაულებრივად განიკურნა. იესომ იგრძნო, რომ ძალა გავიდა მისგან, მაგრამ არ დაუნახავს, თუ ვინ განიკურნა. იესო ძალიან დაინტერესდა, ვინ შეეხო მას. რატომ? არა იმიტომ, რომ გაეკიცხა რჯულის ან მწიგნობართა და ფარისეველთა წესების დარღვევისთვის, რასაც შეიძლება თავად ქალიც შიშობდა, არამედ იმისათვის, რომ ეთქვა: „ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით და მორჩენილი ხარ შენი სენისაგან“ (მარკოზი 5:25—34). ყურადღება მიაქციეთ, თუ რა თანაგრძნობა ჩანდა მის სიტყვებში. მას მხოლოდ ის არ უთქვამს: „განიკურნე“, არამედ — „მორჩენილი ხარ შენი სენისაგან“. სიტყვა „სენი“, რომელიც მარკოზმა აქ გამოიყენა, სიტყვასიტყვით „გამათრახებას“ ანუ საწამებლად გაშოლტვას ნიშნავს. ამგვარად, იესო ხვდებოდა, რომ ეს სნეულება ქალს ტანჯავდა და როგორც ფიზიკურ, ასევე საშინელ ემოციურ ტკივილს აყენებდა. იესო თანაუგრძნობდა მას.
15, 16. იესოს მსახურებიდან რომელი შემთხვევები ცხადყოფს, რომ ის ადამიანებში კარგ თვისებებს ეძებდა?
15 იესო ადამიანებისადმი სიყვარულს იმითაც ავლენდა, რომ კარგ თვისებებს ეძებდა მათში. განვიხილოთ, რა მოხდა, როდესაც ის ნათანაელს შეხვდა; კაცს, რომელიც მოგვიანებით მოციქული გახდა. «იესომ რომ დაინახა მისკენ მიმავალი ნათანაელი, თქვა მასზე: „აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიანი, ვისშიც არ არის მზაკვრობა“». იესომ ბევრი რამ იცოდა ნათანაელის შესახებ, რადგან მან სასწაულებრივად ჩაიხედა მის შინაგან ბუნებაში. რა თქმა უნდა, ნათანაელი სრულყოფილი არ იყო. ისიც, როგორც ყოველი ჩვენგანი, შეცდომებს უშვებდა. როდესაც იესოს შესახებ მოისმინა, მან ცოტა არ იყოს, მკვახედაც კი აღნიშნა: „განა ნაზარეთიდან რაიმე სიკეთე შეიძლება იყოს?“ (იოანე 1:45—51). მაგრამ ნათანაელის შეცდომების მიუხედავად, იესომ მის დადებით თვისებაზე მოახდინა კონცენტრირება, კერძოდ კი მის გულწრფელობაზე.
16 მსგავსადვე, იესომ იცოდა, რომ ასისთავს, რომელიც რომაელი და, როგორც ჩანს, წარმართი იყო და მასთან მსახურის განკურნების სათხოვნელად მივიდა, მრავალი ცოდვა ჰქონდა ჩადენილი. იმ დროს მცხოვრებ ასისთავს ძალადობაში, სისხლისღვრასა თუ ცრუ თაყვანისმცემლობაში ექნებოდა მონაწილეობა მიღებული. მაგრამ, იესომ ყურადღება მის გასაოცარ რწმენაზე გაამახვილა (მათე 8:5—13). მოგვიანებით, წამების ძელზე მის გვერდით გაკრული ავაზაკიც არ გაუკიცხავს წარსულში ჩადენილი დანაშაულისთვის, არამედ მომავლის იმედით ანუგეშა (ლუკა 23:43, აქ). იესომ კარგად იცოდა, რომ სხვებზე უარყოფითი ან კრიტიკული თვალსაზრისის შექმნა მხოლოდ გულს გაუტეხდა მათ. უდავოა, იესოს მხრიდან სხვებში კარგის დანახვის მცდელობა გამოსწორებისკენ აღძრავდა ადამიანებს.
სხვების მომსახურების სურვილი
17, 18. როგორ გამოავლინა იესომ დედამიწაზე ჩამოსვლით სხვების მომსახურების სურვილი?
17 იესოს სიყვარულს იმ ხალხისადმი, რომელსაც ასწავლიდა, ისიც ადასტურებს, რომ მზად იყო, მომსახურებოდა მათ. ღვთის ძეს განკაცებამდეც ყოველთვის უყვარდა ადამიანები (იგავნი 8:30, 31). როგორც იეჰოვას „სიტყვა“, ანუ მისი წარმომადგენელი, ის, ალბათ, მრავალჯერ დაკავშირებია მათ (იოანე 1:1). მაგრამ მან, გარკვეულწილად, იმიტომაც მიატოვა ამაღლებული ზეციერი მდგომარეობა, „დაიმცირა თავისი თავი [და] მონობის ხატით შეიმოსა“, რომ ადამიანებისთვის უფრო უშუალოდ ესწავლებინა (ფილიპელთა 2:7, სსგ; 2 კორინთელთა 8:9). დედამიწაზე ყოფნისას იესო არ მოელოდა, რომ მას მოემსახურებოდნენ. პირიქით, მან თქვა: „კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად“ (მათე 20:28). მან პირნათლად შეასრულა ეს სიტყვები.
18 იესო თავმდაბლურად ცდილობდა მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ვისაც ასწავლიდა, იმით, რომ ყოველთვის მზადყოფნით ემსახურებოდა მათ. მან რამდენჯერმე ფეხით შემოიარა აღთქმული მიწა, ასობით კილომეტრი გაიარა იმისათვის, რომ, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ექადაგა. ამაყი ფარისევლებისა და მწიგნობრებისგან განსხვავებით, ის თავმდაბალი იყო და მასთან მისვლა არავის უჭირდა. ყველანაირი ადამიანი: ჩინოსნები, ჯარისკაცები, რჯულისმცოდნეები, ქალები და ბავშვები, ღარიბები, სნეულები, თვით საზოგადოებიდან მოკვეთილებიც კი, სიხარულითა და შიშის გარეშე მიდიოდნენ მასთან. მართალია, იესო სრულყოფილი ადამიანი იყო, მაგრამ დაღლილობისა თუ შიმშილის გრძნობას ჩვეულებრივად განიცდიდა. მაშინაც კი, როცა დაღლილი იყო და დასასვენებლად ან ლოცვისთვის დროის გამოყოფა ესაჭიროებოდა, იესო სხვების მოთხოვნილებებს საკუთარზე წინ აყენებდა (მარკოზი 1:35—39).
19. მოწაფეებისადმი თავმდაბლურად, მოთმინებითა და თბილად მოპყრობის როგორი მაგალითი მოგვცა იესომ?
19 იესო მზად იყო, რომ თავის მოწაფეებსაც ასევე მომსახურებოდა. ამიტომ მათ სითბოთი და მოთმინებით ასწავლიდა. მაშინაც კი, როდესაც მნიშვნელოვან გაკვეთილებს ვერ იგებდნენ, იესო იმედსა და მოთმინებას არ კარგავდა და არ უჯავრდებოდა მათ. ის ცდილობდა, ცოტა სხვაგვარად მიეწოდებინა იგივე ინფორმაცია, რათა მათ ნათქვამის გაგებაში დახმარებოდა. მაგალითად, გაიხსენეთ, რა ხშირად დაობდნენ მოწაფეები ერთმანეთში იმაზე, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი. იესო კვლავ და კვლავ, თვით სიკვდილის წინა ღამესაც კი, ცდილობდა, მათთვის სხვადასხვაგვარად აეხსნა, რომ ერთმანეთთან ურთიერთობისას თავმდაბლობა გამოევლინათ. თავმდაბლობისა თუ სხვა მრავალი თვისების გამოვლენასთან დაკავშირებით იესოს სამართლიანად შეეძლო ეთქვა: „[მე] მაგალითი მოგეცით“ (იოანე 13:5—15; მათე 20:25; მარკოზი 9:34—37).
20. ფარისევლებისგან განსხვავებით, სწავლების რა მეთოდს იყენებდა იესო და რატომ იყო ეს ეფექტური?
20 ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ იესომ მხოლოდ კი არ უთხრა მოწაფეებს, რა მაგალითს უნდა მიჰყოლოდნენ, არამედ თავად ‘მისცა მაგალითი’. ის საკუთარი მაგალითით ასწავლიდა. იესო ზემოდან არ დაჰყურებდა მათ, არც ისე ექცეოდა, თითქოს არ ეკადრებოდა მათთვის იმის ჩვენება, რასაც ასწავლიდა. ასე ფარისევლები იქცეოდნენ. „[ისინი] ამბობენ და არ ასრულებენ“, — თქვა მათ შესახებ იესომ (მათე 23:3, სსგ). მან თავისი ცხოვრებით თავმდაბლურად აჩვენა მოწაფეებს, თუ რას ნიშნავდა მისი სწავლებების შესაბამისად ცხოვრება. ამგვარად, როდესაც თავის მიმდევრებს მოუწოდებდა, ფულსა და ქონებაზე გამოდევნებით არ გაერთულებინათ ცხოვრება, მათთვის ეს გაუგებარი არ ყოფილა. მათ შეეძლოთ იმის დანახვა, რომ სინამდვილეს შეესაბამებოდა მისი სიტყვები: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ — ბუდეები. კაცის ძეს კი არ გააჩნია, სად მიიდრიკოს თავი“ (მათე 8:20). იესო მოემსახურა თავის მოწაფეებს, რაც მათთვის თავმდაბლურად მაგალითის მიცემით გააკეთა.
21. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
21 ცხადია, დედამიწაზე მცხოვრებ მასწავლებელთა შორის იესო უდიდესი იყო! ქრისტეს სიყვარული იმისადმი, რასაც ასწავლიდა და იმ ხალხისადმი, ვისაც ასწავლიდა, აშკარა ხდებოდა ყველა გულწრფელი ადამიანისთვის, ვინც ხედავდა და უსმენდა მას. დღეს ეს თვალნათელია ჩვენთვისაც, ვინც ვიკვლევთ მის მიერ დატოვებულ მაგალითს. მაშ, როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ქრისტეს სრულყოფილ მაგალითს? ამ კითხვაზე პასუხი მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.
როგორ უპასუხებდით?
• რა არის კარგი მასწავლებლობის საფუძველი და ვინ დაგვიტოვა ამის მაგალითი?
• როგორ გამოავლინა იესომ სიყვარული ჭეშმარიტებისადმი, რომელსაც ასწავლიდა?
• როგორ გამოავლინა იესომ სიყვარული იმ ადამიანებისადმი, რომელთაც ასწავლიდა?
• რომელი შემთხვევები ცხადყოფს, რომ იესო მზად იყო თავმდაბლურად მომსახურებოდა მათ, ვისაც ასწავლიდა?
[სურათი 12 გვერდზე]
როგორ ცხადყო იესომ, რომ უყვარდა ღვთის სიტყვაში მოცემული პრინციპები?