ჭორაობა, ცილისწამება
ჭორაობაში იგულისხმება სხვების შესახებ უსარგებლო ლაპარაკი, უსაფუძვლო ჭორის გავრცელება; ცილისწამება კი ბოროტი განზრახვით სხვისთვის სახელის გატეხვაა, იქნება ეს სიტყვიერად თუ წერილობით.
სხვებზე ლაპარაკი ყოველთვის არ არის ცუდი ან საზიანო. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს საქებარი სიტყვები ან უმნიშვნელო და უწყინარ საკითხზე საუბარი, რასაც სხვების მიმართ ინტერესი იწვევს. თუმცა ის ადვილად შეიძლება გადაიზარდოს მავნებელ და დამანგრეველ ლაპარაკში. ჭორაობა ხომ უმაქნისი საუბარია?! ასეთი საუბრის შესახებ ბიბლია გვაფრთხილებს, რომ რთულია ენის მოთვინიერება, რომელიც „სავსეა უმართლობით, მთლიანად ალაქავებს სხეულს და მთელ სიცოცხლეს ალში ხვევს“. იმის ხაზგასასმელად, რამდენად დამანგრეველია ენა, ბიბლიის დამწერი ამბობს: „თვითონ კი გეენის ალში ეხვევა“ (იაკ. 3:6). ბიბლია ხშირად იძლევა გაფრთხილებას გაუკონტროლებელი და უმაქნისი ლაპარაკის შესახებ. ასეთ ლაპარაკს ბიბლია სისულელესა და უგუნურებას უკავშირებს (იგ. 15:2). ის მახედ ექცევა ადამიანს და ღუპავს (იგ. 13:3; 18:7). ერთ იგავში ნათქვამია, რომ „ბევრი ლაპარაკისას ცოდვა გარდაუვალია“ და, რომ ბაგეების დამორჩილება გონივრულია (იგ. 10:19). ბიბლიაში ვკითხულობთ: „თავისი ბაგეებისა და ენის დამცველი თავის სულს გასაჭირისგან იცავს“. ეს სიტყვები დაუფიქრებელი, გაუკონტროლებელი და უმაქნისი საუბრის შესახებ ერთგვარი გაფრთხილებაა (იგ. 21:23).
იესო ქრისტემ თქვა: „პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს“ (მთ. 12:34). ასე რომ, ის, რაზეც ადამიანი ხშირად საუბრობს, აჩვენებს, რა აქვს გულში. ბიბლია მოგვიწოდებს, გულს გავუფრთხილდეთ და ვიფიქროთ და ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ჭეშმარიტია, რაც სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს, რაც მართალია, რაც წმინდაა, რაც სიყვარულის ღირსია, რაც მოსაწონია და რაც ზნეობრივი და საქებარია (იგ. 4:23; ფლ. 4:8). იესო ქრისტემ თქვა, რომ ადამიანს ის ბილწავს, „რაც პირიდან გამოდის“, და დასძინა, რომ პირიდან გამოსული „ბოროტი აზრები“ და „ცრუმოწმეობა“ სინამდვილეში გულიდან მომდინარეობს (მთ. 15:11, 19).
ჭორაობა შეიძლება ცილისწამებაში გადაიზარდოს, რაც ცილისმწამებლისთვის ცუდად დამთავრდება. ეკლესიასტეს 10:12—14-ში ჩაწერილ სიტყვებში აშკარად ჩანს სიბრძნე: „სულელს თავისივე ბაგეები შთანთქავს. მისი პირიდან გამომავალი პირველივე სიტყვები უგუნურებაა, ბოლო კი — გამაუბედურებელი სიბრიყვე. უგუნური ბევრს ლაპარაკობს“.
ჭორაობის დროს ადამიანი სხვის საქმეებსა და საქციელს არჩევს. ეს შეიძლება იყოს დაყრილი ხმები ან სიცრუე, რის შესახებაც ჭორიკანამ შეიძლება არც კი იცოდეს, მაგრამ მათზე საუბრით ის დამნაშავე ხდება სიცრუის გავრცელებაში. ის შესაძლოა სხვის ნაკლოვანებებსა და შეცდომებზე ლაპარაკობს. მაშინაც კი, თუ ნათქვამი სიმართლეს შეესაბამება, ჭორიკანა არასწორად იქცევა და სიყვარულს არ ავლენს. ერთ იგავში ნათქვამია: „ვინც სიყვარულს ესწრაფვის, ცოდვას ფარავს; ვინც რაიმეზე გაუთავებლად ლაპარაკობს, ახლობლებს აშორებს ერთმანეთს“ (იგ. 17:9).
მოციქული პავლე ზედამხედველ ტიმოთეს ურჩევდა, როგორ მოქცეოდა ახალგაზრდა ქვრივებს, რომელთაც ოჯახები არ ჰყავდათ და არც სხვების მომსახურებით იყვნენ დაკავებულნი. მათზე პავლე წერდა: „სხვების სახლებში წანწალით უსაქმურობაც ისწავლეს და არა მარტო უსაქმურობა, არამედ ჭორიკნობაც, სხვის საქმეში ჩარევა და იმაზე ლაპარაკი, რაზეც არ უნდა ლაპარაკობდნენ“ (1ტმ. 5:13). ასეთი საქციელით ისინი წესრიგს არღვევდნენ. პავლემ თესალონიკის კრებასაც მისწერა: „თქვენგან ზოგიერთები წესრიგს არღვევენ: საერთოდ არ მუშაობენ და იმაში ერევიან, რაც არ ეხებათ“ (2თს. 3:11). მოციქულმა პეტრემ „სხვის საქმეში ჩამრევი“ მოიხსენია მკვლელის, ქურდისა და ბოროტმოქმედის გვერდით (1პტ. 4:15).
მეორე მხრივ, ჭორაობაში, ცილისწამებასა და ცუდ საქციელში არ ითვლება, თუ კრებასთან დაკავშირებულ საკითხებს შევატყობინებთ მათ, ვისაც კრების ზედამხედველობა და მდგომარეობის გამოსწორების უფლებამოსილება აკისრია. ამის მაგალითია ძველი კორინთის ქრისტიანულ კრებაში მომხდარი ამბავი. უთანხმოებები და ადამიანთა მიზანშეუწონელი განდიდება ამ კრებაში სექტანტურ სულს უწყობდა ხელს და კრების ერთიანობას ანგრევდა. ქლოეს ოჯახის წევრებმა, რომელთაც იცოდნენ ამის შესახებ და კრების სულიერი მდგომარეობა აღელვებდათ, მოციქულ პავლეს შეატყობინეს ყველაფერი. ეფესოში მყოფმა პავლემ სასწრაფოდ მისწერა კრებას გამოსასწორებელი რჩევები (1კრ. 1:11).
რა განსხვავებაა ჭორაობასა და ცილისწამებას შორის?
თუ ჭორაობა მეტ-ნაკლებად უწყინარია (თუმცა ის შეიძლება გადაიზარდოს ცილისწამებაში ან ცილისწამებამდე მიიყვანოს ადამიანი), ცილისწამება ყოველთვის საზიანოა და წყენასა და უთანხმოებას იწვევს. ეს შეიძლება მოხდეს შეგნებულად ან შეუგნებლად. როგორც უნდა იყოს, ცილისმწამებელი ღვთის თვალში ცუდად იქცევა, რადგან „ძმებს შორის შუღლის მთესველი“ სძულს ღმერთს (იგ. 6:16—19). ცილისმწამებლის და ბრალმდებლის შესაბამისი ბერძნული სიტყვაა დიაბოლოს. ბიბლიაში ეს სიტყვა აგრეთვე გამოიყენება სატანა ეშმაკთან, ღვთის ყველაზე დიდ ცილისმწამებელთან (ინ. 8:44; გმც. 12:9, 10; დბ. 3:2—5). აქედან ჩანს, სინამდვილეში ვისგან მოდის ცილისწამება.
ცილისწამება დაბრკოლების ლოდი ხდება სხვებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ცილს სწამებენ. ისრაელისთვის ღვთის მიერ მიცემულ კანონში ეწერა: „არ შემოიარო შენი ხალხი იმისათვის, რომ ცილი დასწამო ვინმეს; არ განიზრახო შენი მოძმის სისხლის დაღვრა“ (ლვ. 19:16). აქედან ჩანს, რამდენად სერიოზული დანაშაულია ცილისწამება, რადგან ცრუ ბრალდების გამო ზოგჯერ შეიძლება ვინმეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანონ. ცრუ მოწმის სიტყვებს ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეუწირია (1მფ. 21:8—13; მთ. 26:59, 60).
ცილისმწამებელს სიამოვნებს კონფიდენციალური ინფორმაციის მათთვის გადაცემა, ვისაც მისი გაგების უფლება არა აქვს (იგ. 11:13). მას მოსწონს სენსაციური ამბების გაცხადება. მისი მსმენელიც არასწორად იქცევა და თავს იღუპავს (იგ. 20:19; 26:22). მეგობრებზე გავრცელებული ცილისწამების გამო ადამიანი შეიძლება ჩამოშორდეს მათ და მათ შორის შუღლმა და განხეთქილებამ იჩინოს თავი (იგ. 16:28).
ბიბლიის წინასწარმეტყველების თანახმად, ცილისმწამებლების სიუხვე „ბოლო დღეების“ ერთ-ერთი ნიშანი იქნებოდა (2ტმ. 3:1—3). თუ ღვთის ხალხში არიან ასეთი ადამიანები, ქრისტიანული კრების პასუხისმგებელმა პირებმა უნდა გაკიცხონ ისინი და შეაგონონ (1ტმ. 3:11; ტიტ. 2:1—5; 3ინ. 9, 10). შუღლის გამომწვევი ცილისწამება (იგ. 16:28) ხელს უწყობს „ხორცის საქმეებს“, მაგალითად, განრისხებას, შუღლსა და განხეთქილებას, რის გამოც ცილისმწამებელი და მისი ამყოლი ხალხი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ (გლ. 5:19—21). თუმცა ცილისმწამებელი შეიძლება ცბიერი და მზაკვარი იყოს, მისი ბოროტი საქმეები გამჟღავნდება კრებაში (იგ. 26:20—26). იესომ თავის მოციქულებს გაუმჟღავნა, რომ იუდა ცილისმწამებელი იყო (ინ. 6:70), შემდეგ კი დაითხოვა ის. შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა იუდას დაღუპვა გამოიწვია (მთ. 26:20—25; ინ. 13:21—27; 17:12).
ლანძღვა ცილისწამების ერთ-ერთი ფორმაა, რის გამოც ადამიანი შეიძლება ქრისტიანული კრებიდან გაირიცხოს, რადგან ბიბლიის თანახმად მლანძღველები სიცოცხლეს არ იმსახურებენ (1კრ. 5:11; 6:9, 10). ხშირად ცილისწამება და ლანძღვა ღვთის წინააღმდეგ ან მათ წინააღმდეგ წასვლას ახლავს, რომლებიც ღმერთმა თავის ხალხს ზედამხედველებად დაუყენა. ამის მაგალითია კორახისა და მისი თანამზრახველების შემთხვევა. ისინი ღვთის დადგენილების წინააღმდეგ წავიდნენ და ცილს სწამებდნენ მოსესა და აარონს (რც. 16:1—3, 12—14). იუდამ თავის წერილში ყურადღება გაამახვილა ამ ურჩებსა და მათ აღსასრულზე, როცა შეურაცხმყოფელი ლაპარაკის, დრტვინვის, წუწუნისა და მაღალფარდოვანი სიტყვებით პირფერობის შესახებ გააფრთხილა ქრისტიანები (იუდ. 10, 11, 14—16).