თავი 43
ვინ არიან ჩვენი და-ძმები?
ერთხელ დიდებულმა მასწავლებელმა ასეთი კითხვა დასვა: „ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?“ (მათე 12:48). შეგიძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა? ~ შენ ალბათ იცი, რომ იესოს დედას მარიამი ერქვა. იცი, რა ერქვათ მის ძმებს? ~ ჰყავდა იესოს დებიც? ~
ბიბლია ამბობს, რომ იესოს ძმებს ერქვათ: „იაკობი, იოსები, სიმონი და იუდა“. მას დებიც ჰყავდა. რადგან იესო პირველი შვილი იყო, მისი და-ძმები მასზე უმცროსები იყვნენ (მათე 13:55, 56; ლუკა 1:34, 35).
იყვნენ იესოს ძმებიც იესოს მოწაფეები? ~ ბიბლია ამბობს, რომ თავიდან „მის ძმებს არ სწამდათ ის“ (იოანე 7:5). მოგვიანებით იაკობი და იუდა იესოს მოწაფეები გახდნენ და ბიბლიის წიგნებიც კი დაწერეს. იცი, რომელი წიგნები? ~ დიახ, იაკობისა და იუდას წერილები.
მართალია, ბიბლიაში იესოს დების სახელები მოხსენიებული არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ იესოს, სულ ცოტა, ორი და მაინც ჰყავდა. გახდნენ ისინი იესოს მიმდევრები? ~ არ ვიცით, რადგან ამის შესახებ ბიბლია არაფერს ამბობს. იცი, რატომ იკითხა იესომ „ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?“ ~ მოდი გავიგოთ.
იესო თავის მოწაფეებს ასწავლიდა. ამ დროს ვიღაცამ საუბარი შეაწყვეტინა და უთხრა: „დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან, შენთან საუბარი სურთ“. ეს მომენტი იესომ იმისთვის გამოიყენა, რომ მათთვის მნიშვნელოვანი რამ ესწავლებინა და ასეთი მოულოდნელი კითხვა დაუსვა: „ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?“ მან ხელი მოწაფეებისკენ გაიშვირა და თქვა: „აი დედაჩემი და ჩემი ძმები!“
შემდეგ განმარტა, თუ რას გულისხმობდა: „ვინც ჩემი ზეციერი მამის ნება-სურვილს ასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც“ (მათე 12:47—50). აქედან ვიგებთ, თუ რამდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდა იესოს თავის მოწაფეებთან. ის გვასწავლიდა, რომ მისი მოწაფეები მისთვის ნამდვილი და-ძმებივითა და დედებივით იყვნენ.
იმ დროს იესოს ღვიძლ ძმებს — იაკობს, იოსებს, სიმონსა და იუდას — არ სჯეროდათ, რომ იესო ღვთის ძე იყო. ძმებმა ალბათ არ დაიჯერეს ის, რაც ანგელოზმა გაბრიელმა მათ დედას, მარიამს, უთხრა (ლუკა 1:30—33). შეიძლება, ისინი ცუდადაც კი ექცეოდნენ იესოს. განა ის, ვინც ასე იქცევა, შეიძლება ნამდვილ ძმად ან დად ჩაითვალოს? იცნობ ვინმეს, ვინც ცუდად ექცევა თავის ძმას ან დას? ~
ბიბლიაში მოთხრობილია ორ ძმაზე — ესავსა და იაკობზე. ესავი ისე გაბრაზდა თავის ძმაზე, რომ თქვა: „მოვკლავ მაშინ ჩემს ძმას, იაკობს“. ეს მათმა დედამ, რებეკამ, გაიგო, ძალიან შეშინდა და იაკობი შორს გაგზავნა, რათა ესავს ვერ მოეკლა ის (დაბადება 27:41—46). მრავალი წლის შემდეგ ესავი შეიცვალა და როდესაც იაკობს შეხვდა, გადაეხვია და აკოცა (დაბადება 33:4).
იაკობს 12 ვაჟი შეეძინა. უფროსებს არ უყვარდათ უმცროსი ძმა — იოსები. მათ შურდათ მისი, რადგან მამას ყველაზე მეტად იოსები უყვარდა. ამიტომ მიჰყიდეს ის მონებით მოვაჭრეებს, რომლებმაც ეგვიპტეში წაიყვანეს. შემდეგ კი მამას უთხრეს, იოსები ნადირმა მოკლაო (დაბადება 37:23—36). განა ეს საშინელი საქციელი არ იყო? ~
მოგვიანებით, იოსების ძმებმა ინანეს, რაც გააკეთეს. იოსებმაც აპატია დანაშაული. ხედავ, რამდენად ჰგავდა იოსების მდგომარეობა იესოს მდგომარეობას? ~ იესო საკუთარმა მოციქულებმა მიატოვეს გასაჭირში, პეტრემ კი საერთოდ უარყო, რომ იცნობდა მას. მიუხედავად ამისა, იოსების მსგავსად, იესომაც აპატია ყველას.
იყო კიდევ ორი ძმა — კაენი და აბელი. მათი ცხოვრებიდანაც შეგვიძლია ბევრი ვისწავლოთ. ღმერთმა დაინახა კაენის გული, რომ არ უყვარდა თავისი ძმა. ამიტომ ურჩია, შეცვლილიყო. კაენს რომ ღმერთი ჰყვარებოდა, მის რჩევას ყურად იღებდა; მაგრამ მას არ უყვარდა ღმერთი. ერთხელაც კაენმა აბელს უთხრა: ‘გავიდეთ ველად’. აბელი წაჰყვა და როცა ველად იყვნენ, კაენმა მოკლა ის (დაბადება 4:2—8).
ბიბლია გვეუბნება, რომ აქედან მნიშვნელოვანი რამ უნდა ვისწავლოთ. იცი, რა? ~ მასში ნათქვამია: „დასაწყისიდანვე მოგისმენიათ, რომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, მაგრამ არა კაენის მსგავსად, რომელიც ბოროტისგან იყო“. ასე რომ, და-ძმებს ერთმანეთი უნდა უყვარდეთ. ისინი კაენს არ უნდა დაემსგავსონ (1 იოანე 3:11, 12).
რატომ არ უნდა ვიყოთ კაენის მსგავსი? ~ როგორც ბიბლია ამბობს, მისი საქმეები ბოროტისგან — სატანა ეშმაკისგან იყო. რადგან კაენი ეშმაკივით მზაკვრულად მოიქცა, შეიძლება ითქვას, რომ ეშმაკი მისი მამა იყო.
ხვდები ახლა, რატომ არის მნიშვნელოვანი გიყვარდეს შენი და-ძმები? ~ ისინი თუ არ გიყვარს, ვის შვილებს მიჰბაძავ? ~ ეშმაკის შვილებს. შენ ხომ არ გინდა, ეშმაკის შვილი იყო? ~ მაშ, როგორ შეგიძლია დაამტკიცო, რომ გინდა ღმერთის შვილი იყო? ~ შენი და-ძმების სიყვარულით.
რა არის სიყვარული? ~ ეს არის ღრმა გრძნობა, რომელიც სხვებისთვის სიკეთეს გვაკეთებინებს. თუ სხვების მიმართ თბილი გრძნობები გვექნება და კარგად მოვექცევით მათ, ვაჩვენებთ, რომ გვიყვარს ისინი. მაგრამ ვინ არიან ჩვენი და-ძმები, რომლებიც უნდა გვიყვარდეს? ~ გახსოვს, იესომ გვასწავლა, რომ ისინი დიდი ქრისტიანული ოჯახის წევრები არიან.
რამდენად მნიშვნელოვანია, გვიყვარდეს ჩვენი ქრისტიანი და-ძმები? ~ ბიბლია ამბობს: „ვისაც არ უყვარს თავისი ძმა [ან და], რომელსაც ხედავს, ვერ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს“ (1 იოანე 4:20). მაშასადამე, არ შეიძლება, რომ ქრისტიანული ოჯახიდან მხოლოდ რამდენიმე გვიყვარდეს. ჩვენ ყველა უნდა გვიყვარდეს. იესომ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამას თქვენ შორის არსებული სიყვარულით გაიგებს ყველა“ (იოანე 13:35). გიყვარს ყველა ძმა და და? ~ გახსოვდეს, თუ არ გიყვარს, ვერც ღმერთს შეიყვარებ.
როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ნამდვილად გვიყვარს ჩვენი და-ძმები? ~ თუ გვიყვარს ისინი, მათთან შეხვედრასა და საუბარს არ მოვერიდებით; ყველასთან გულთბილი დამოკიდებულება გვექნება; ყოველთვის სიკეთეს გავუკეთებთ მათ და მზად ვიქნებით, ვუწილადოთ, რაც გვაქვს; თუ გასაჭირში აღმოჩნდებიან, დავეხმარებით, რადგან ჩვენ ნამდვილად ერთი დიდი ოჯახი ვართ.
თუ ნამდვილად გვიყვარს ჩვენი და-ძმები, რას დავამტკიცებთ ამით? ~ იმას, რომ იესოს, დიდებული მასწავლებლის, მოწაფეები ვართ. განა ჩვენც სწორედ ეს არ გვინდა? ~
მოდი გადავშალოთ ბიბლია და წავიკითხოთ გალატელების 6:10 და 1 იოანეს 4:8, 21. ამ მუხლებში ნაჩვენებია, რომ და-ძმებისადმი სიყვარულის გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია.