ბოლო დღეები
ბიბლიურ წინასწარმეტყველებებში გამოყენებული ფრაზა „ბოლო დღეები“ ან მსგავსი ფრაზები, როგორიცაა „უკანასკნელი დღეები“, მიუთითებს დროზე, როცა ესა თუ ის ისტორიული მოვლენა თავის აპოგეას აღწევს (ეზკ. 38:8, 16; დნ. 10:14). წინასწარმეტყველების შინაარსიდან ვიგებთ, რომ „უკანასკნელი დღეები“ იწყება მასში ნაწინასწარმეტყველები მოვლენების დაწყებით. მათზე, ვინც წინასწარმეტყველების შესრულების პერიოდში ცხოვრობს, შეიძლება ითქვას, რომ „ბოლო დღეებში“ ან „უკანასკნელ დღეებში“ ცხოვრობენ. წინასწარმეტყველების ხასიათიდან გამომდინარე, ის შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე ან მრავალი წელი ან შეიძლება მოიცავდეს ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულ პერიოდებს.
სიკვდილის წინ იაკობის მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველება. იაკობმა თავის ვაჟებს უთხრა: „ერთად შეგროვდით, რომ გითხრათ თქვენი მომავლის [სიტყვასიტყვით, „უკანასკნელი დღეების“; „მომავალი დღეების“, სსგ] შესახებ“. ის გულისხმობდა მომავალ დროს, როცა მისი სიტყვების შესრულება დაიწყებოდა (დბ. 49:1). ორ საუკუნეზე მეტი ხნით ადრე იაკობის პაპას, აბრამს (აბრაამს) იეჰოვამ უთხრა, რომ მის შთამომავლობას 400 წელს დაჩაგრავდნენ (დბ. 15:13). ასე რომ, იაკობის მიერ მოხსენიებული „მომავალი დღეები“ ანუ „უკანასკნელი დღეები“ მხოლოდ 400-წლიანი ჩაგვრის დასრულების შემდეგ დაიწყებოდა (დაბადების 49-ე თავის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხ. იაკობის ვაჟების სახელებით დასათაურებულ სტატიებში). წინასწარმეტყველება მოგვიანებით „ღვთის ისრაელზეც“ შესრულდებოდა (გლ. 6:16; რმ. 9:6).
ბალაამის წინასწარმეტყველება. ისრაელების აღთქმულ მიწაზე შესვლამდე წინასწარმეტყველმა ბალაამმა მოაბის მეფე ბალაკს უთხრა: „მოდი გეტყვი, რას უზამს ეს ხალხი [ისრაელი] შენს ხალხს ბოლო დღეებში ... ვარსკვლავი ამოვა იაკობიდან და კვერთხი აღიმართება ისრაელიდან. საფეთქლებს დაულეწავს მოაბს და თავის ქალას — გაპარტახების ძეებს“ (რც. 24:14—17). ამ წინასწარმეტყველების პირველი შესრულებისას „ვარსკვლავი“ იყო მეფე დავითი, რომელმაც მოაბელები დაიმორჩილა (2სმ. 8:2). ამიტომ ამ შემთხვევაში „ბოლო დღეები“ დაიწყო დავითის გამეფებით. ვინაიდან დავითი იესოს, როგორც მესიანური მეფის პირველსახე იყო, ეს წინასწარმეტყველება ეხება იმ პერიოდსაც, რომლის განმავლობაშიც იესო თავის მტრებს დაიმორჩილებს (ეს. 9:7; ფს. 2:8, 9).
ესაიასა და მიქას წინასწარმეტყველებები. ესაიას 2:2-სა და მიქას 4:1-ში გამოყენებული სიტყვები „უკანასკნელ დღეებში“ მიუთითებს დროზე, როცა ყველა ერი „იეჰოვას სახლის მთისკენ“ დაიწყებს დენას. იუდეველთა სისტემის უკანასკნელ დღეებში, ახ. წ. 29—70 წლებში, ამ წინასწარმეტყველებების პირველი შესრულებისას იეჰოვას თაყვანისმცემლობა წარმართი ერების ცრუ თაყვანისმცემლობაზე მაღლა აღიმართა. მეფე იესო ქრისტემ „კედელი გაარღვია“ და აღამაღლა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა. თავიდან მას ისრაელის დარჩენილი ნაწილი გაჰყვა, შემდეგ კი — ხალხი ყველა ერიდან (ეს. 2:2; მქ. 2:13; სქ. 10:34, 35). ამ წინასწარმეტყველების საბოლოო შესრულებისას ამ ქვეყნიერების უკანასკნელ დღეებში იეჰოვას თაყვანისმცემლობა ზეცამდე ამაღლდა. მეფე იესო ქრისტე წმინდა თაყვანისმცემლობისკენ მიუძღვის სულიერი ისრაელის დარჩენილ ნაწილს, რომელთაც მიჰყვება უამრავი ხალხი ყველა ერიდან (გმც. 7:9).
იუდეველთა სისტემის ბოლო დღეები. უცხოტომელთა გაქრისტიანებამდე სამწელიწად-ნახევარზე ნაკლები დროით ადრე იესო ქრისტეს ერთგულ ებრაელ მოწაფეებზე წმინდა სული გადავიდა. იმ დროს პეტრემ ახსნა, რომ ამით შესრულდა იოელის წინასწარმეტყველება, და თქვა: „ბოლო დღეებში, — ამბობს ღმერთი, — გადმოვღვრი ჩემს სულს ყველანაირ ხორციელზე ... მაღლა ცაში მოვახდენ საკვირველებებს და დაბლა დედამიწაზე მოვავლენ ნიშნებს, სისხლს, ცეცხლსა და კვამლის ბოლქვებს. მზე დაბნელდება და მთვარე სისხლად იქცევა იეჰოვას დიდი და დიდებული დღის მოსვლამდე“ (სქ. 2:16—20). ამ შემთხვევაში „ბოლო დღეები“ წინ უძღოდა „იეჰოვას დიდ და დიდებულ დღეს“, რომლითაც მთავრდებოდა ბოლო დღეები (შდრ. სფ. 1:14—18; მლ. 4:5; მთ. 11:13, 14; იხ. იეჰოვას დღე). ვინაიდან პეტრე ამ სიტყვებით მიმართავდა იუდეველებსა და იუდეველ პროზელიტებს, მისი სიტყვები უშუალოდ მათ ეხებოდა და ნიშნავდა, რომ ისინი ცხოვრობდნენ იმ დროს არსებული იუდეველთა სისტემის (ამ სისტემაში აგრეთვე შედიოდა თაყვანისმცემლობის ცენტრი იერუსალიმში) ბოლო დღეებში. მანამდე იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა იერუსალიმისა და მისი ტაძრის განადგურება (ლკ. 19:41—44; 21:5, 6), რაც ახ. წ. 70 წელს შესრულდა.
როგორც ჩანს, იუდეველთა სისტემის ბოლო დღეებს ეხება სიტყვები, რომელთა თანახმადაც იესო ქრისტე „უკანასკნელ დროს“ ან „ამ დღეების დასასრულს“ გამოცხადდებოდა თავისი მსახურების შესასრულებლად (1პტ. 1:20, 21; ებ. 1:1, 2). ეს დასტურდება ებრაელების 9:26-ში ჩაწერილი სიტყვებით: „ახლა კი ერთხელ გამოცხადდა [იესო] ქვეყნიერების დასასრულს, რათა საკუთარი თავის შეწირვით მოეშორებინა ცოდვა“.
ბოლო დღეებში იქნებოდა განდგომილება. სიტყვები „ბოლო დღეები“ ან მსგავსი ფრაზები ზოგჯერ ბიბლიაში გამოყენებულია განდგომილებასთან დაკავშირებით, რომელიც ქრისტიანულ კრებაში იჩენდა თავს. მოციქულმა პავლემ ტიმოთეს მისწერა: „შთაგონებით წარმოთქმული სიტყვები გარკვევით ამბობს, რომ გავა დრო და ზოგიერთები შთაგონებით წარმოთქმულ მაცდურ სიტყვებსა და დემონურ სწავლებებს დაუგდებენ ყურს და განუდგებიან რწმენას“ (1ტმ. 4:1; შდრ. სქ. 20:29, 30). ტიმოთეს მიმართ მიწერილ მეორე წერილში პავლე კვლავ საუბრობს ამ თემაზე და მოიხსენიებს „ბოლო დღეებს“, რომელიც მომავალში დადგებოდა. ხალხის არასწორი საქციელის გამო ეს იქნებოდა „მძიმე, ძნელად ასატანი დრო“. პავლემ დეტალურად აღწერა ამ დროს მცხოვრები ხალხის თავნებობა და უკუღმართი აზროვნება, შემდეგ კი დასძინა: „სწორედ ასეთებს შორის ჩნდებიან ისეთი კაცები, რომლებიც ოჯახებში ცბიერებით შედიან და ატყვევებენ სუსტ, ცოდვებით დამძიმებულ და სხვადასხვა სურვილს აყოლილ ქალებს, რომლებიც გამუდმებით სწავლობენ, მაგრამ ვერა და ვერ იძენენ ჭეშმარიტების საფუძვლიან ცოდნას“ (2ტმ. 3:1—7). შემდეგ პავლემ აღნიშნა, რამდენად განსხვავდებოდა ამ გახრწნილი ადამიანებისგან ტიმოთე, რომელიც ზუსტად მიჰყვებოდა მოციქულის სწავლებას და მოუწოდა მას, რომ კვლავაც იმას მიჰყოლოდა, რაც ნასწავლი ჰქონდა და რაშიც დარწმუნებული იყო (2ტმ. 3:8—17; იხ. აგრეთვე 4:3—5). ამგვარად, კონტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ მოციქულმა წინასწარ გააფრთხილა ტიმოთე, როგორები იქნებოდნენ ეგრეთ წოდებული ქრისტიანები და როგორ ნაყოფს გამოიღებდა ასეთი განდგომილება.
მსგავსად, მოციქულმა პეტრემ წინასწარ გააფრთხილა თანაქრისტიანები კრების შიგნით მოსალოდნელი ზეწოლის შესახებ: „თქვენშიც იქნებიან ცრუმასწავლებლები. სწორედ ისინი შემოაპარებენ დამღუპველ სექტანტობას, თავიანთ პატრონსაც კი უარყოფენ, რომელმაც იყიდა ისინი, და სწრაფად დაიღუპავენ თავს. ბევრი გაჰყვება მათ თავაშვებულობას“ (2პტ. 2:1, 2). იუდამაც მოუწოდა ქრისტიანებს, ებრძოლათ რწმენისთვის და გააფრთხილა ისინი: «თქვენ კი, საყვარელნო, გაიხსენეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოციქულების მიერ ადრე ნათქვამი სიტყვები, როგორც გეუბნებოდნენ: „ბოლო დროს იქნებიან დამცინავები, რომლებიც საკუთარი უღვთო სურვილებისამებრ მოიქცევიან“» (იუდ. 3, 17, 18). პირველი საუკუნის ბოლოსთვის განდგომილების კვალი აშკარად ჩანდა. ჩვენს დროში განდგომილებამ ბოლომდე გამოიღო ნაყოფი. პავლეს მიერ მოხსენიებული „ბოლო დღეები“ უკვე დადგა.
„ქვეყნიერების აღსასრული“. მაგრამ იესო ქრისტეს ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ განდგომილება მთელ ქრისტიანულ კრებას არ მოიცავდა. „ხორბალს“ შედარებული ჭეშმარიტად ერთგულები „სარეველასთან“ ერთად გაიზრდებოდნენ. ქრისტეს უხილავ სულად მოსვლის შემდეგ და „ქვეყნიერების აღსასრულის“ განმავლობაში მათ შორის განსხვავება აშკარა იქნებოდა. „სარეველა“, „ბოროტის ძეები“, კაცის ძის სამეფოს გარეთ იქნებოდა მოგროვებული. ჭეშმარიტი ქრისტიანული კრების განწმენდის შემდეგ მინდორში მხოლოდ ხორბალი დარჩებოდა. ცრუქრისტიანები ჭეშმარიტი ქრისტიანული კრების გარეთ აღმოჩნდებოდნენ. სარეველასთან შედარებული ადამიანები „გავარვარებულ ღუმელში“ ჩაიყრებოდნენ, ხორბალთან შედარებულნი კი „თავიანთი მამის სამეფოში მზესავით“ გაანათებდნენ (მთ. 13:24—30, 37—43). ეს კი აშკარად მიანიშნებს სატანის ბოროტი მმართველობის ქვეშ მყოფი ქვეყნიერების ბოლო პერიოდზე, რასაც განადგურება მოჰყვება.
გარდა ამისა, იესოს მოყვანილი მაგალითიდან ჩანს, რომ განდგომილება ბოროტების ნაყოფს სრულად გამოიღებდა სატანის მმართველობის ქვეშ მყოფი „ქვეყნიერების აღსასრულის“ პერიოდში. ამიტომ ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში აღწერილი „ბოლო დღეებისთვის“ დამახასიათებელი თვისებები აშკარად გამოჩნდებოდა ეგრეთ წოდებულ ქრისტიანებში. გამრავლდებოდა უკანონობა და მშობლების ურჩობა. ადამიანები იქნებოდნენ „უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“. ისინი გარეგნულად ღვთის ერთგულები იქნებოდნენ, მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ მოახდენდა მათზე (2ტმ. 3:2—5). აგრეთვე იქნებოდნენ „დამცინავები მათთვის ჩვეული დაცინვით, თავიანთი სურვილებისამებრ“ მოიქცეოდნენ და იტყოდნენ: „სად არის ის დაპირებული დრო, როცა ის მოსული უნდა ყოფილიყო? მას შემდეგ, რაც ჩვენმა მამა-პაპამ სიკვდილის ძილით დაიძინა, ყველაფერი ისევე რჩება, როგორც ქმნილებათა დასაწყისიდან იყო“ (2პტ. 3:3, 4).
იესოს წინასწარმეტყველური მაგალითიდან ისიც ჩანს, რომ დრო უნდა გასულიყო, რათა სარეველას მსგავსი ადამიანები სრულად გამოაშკარავებულიყვნენ და საბოლოოდ განადგურებულიყვნენ. ვინაიდან მოციქულებისთვის ეს ცნობილი იყო, მათ მიერ „ბოლო დღეებისა“ და მსგავსი ფრაზების გამოყენება არ ნიშნავდა, რომ მალევე დადგებოდა ის დრო, როცა იესო მოსული იქნებოდა და უღვთოთა განადგურება მოხდებოდა. მოციქულმა პავლემ თესალონიკელ ქრისტიანებს მისწერა: „ძმებო, რაც შეეხება იმ დროს, როცა ჩვენი უფალი იესო ქრისტე მოსული იქნება და ჩვენ მასთან შევიკრიბებით, გთხოვთ, ნაჩქარევად არ შეიძრას თქვენი გონება და არ შეგაშფოთოთ არც შთაგონებულმა სიტყვამ, არც სიტყვიერად გადმოცემულმა ცნობამ და არც წერილმა, ვითომ ჩვენგან გამოგზავნილმა, რომ თითქოს უკვე დადგა იეჰოვას დღე. არავინ შეგაცდინოთ არასგზით, რადგან ის დღე არ დადგება, სანამ განდგომილება არ მოვა და არ გამოვლინდება უკანონობის კაცი, დაღუპვის ძე“ (2თს. 2:1—3).
„უკანასკნელი დღე“. ბიბლიაში აგრეთვე მოხსენიებულია „უკანასკნელი დღე“, რომლის განმავლობაშიც მკვდრები აღდგებიან (ინ. 6:39, 40, 44; 11:24; შდრ. დნ. 12:13). იოანეს 12:48-ში „უკანასკნელი დღე“ გასამართლებასთან არის დაკავშირებული. ამიტომ აშკარაა, რომ ეს ფრაზა მიუთითებს არა სამოციქულო პერიოდის დასასრულზე, არამედ გაცილებით შორეულ მომავალზე (შდრ. 1თს. 4:15—17; 2თს. 2:1—3; გმც. 20:4—6, 12).