რწმენა
რწმენად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა პისტის ძირითადად დაჯერებას, ნდობასა და რამეში მტკიცედ დარწმუნებას ნიშნავს. კონტექსტიდან გამომდინარე ეს ბერძნული სიტყვა შეიძლება ერთგულებადაც ითარგმნოს (1თს. 3:7; ტიტ. 2:10).
ბიბლიაში ნათქვამია: „რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ, და აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა“ (ებ. 11:1). „საფუძვლიან მოლოდინად“ ნათარგმნია ბერძნული სიტყვა ჰიპოსტასის. ეს სიტყვა ხშირად გვხვდება პაპირუსზე შესრულებულ ძველ საქმიან დოკუმენტებში, კერძოდ, ქონების მიღების გარანტიის კონტექსტში. აქედან გამომდინარე, ჯ. მოულტონი და ჯ. მილიგანი რწმენას ასე განმარტავენ: „რწმენა იმის დამადასტურებელი საბუთია, რომ მივიღებთ იმას, რასაც ვიმედოვნებთ“ (Vocabulary of the Greek Testament, 1963, გვ. 660). „აშკარა მტკიცებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ელეგქოს გულისხმობს ისეთი უტყუარი ფაქტების მოყვანას, რომლებიც ერთი შეხედვით რეალურ სურათს ეწინააღმდეგება. ამ ფაქტების საფუძველზე ნათელი ეფინება აქამდე უცნობ საკითხებს და ბათილდება ის, რაც რეალობად ითვლებოდა. „აშკარა მტკიცება“ იმდენად საფუძვლიანი და ძლიერია, რომ შეიძლება რწმენა ეწოდოს.
ამგვარად, რწმენა იმედის საფუძველი და უხილავი სინამდვილის დამამტკიცებელი საბუთია. ჭეშმარიტი ქრისტიანული რწმენა მოიცავს ყველაფერს, რასაც იესო ქრისტე და მისი ღვთივშთაგონებული მოციქულები ასწავლიდნენ (ინ. 18:37; გლ. 1:7—9; სქ. 6:7; 1ტმ. 5:8). ქრისტიანული რწმენა მთელ წმინდა წერილებს ემყარება, რომელშიც ებრაული წერილები შედის, და რომელსაც იესო და ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერები თავიანთი ნათქვამის გასამყარებლად ხშირად იშველიებდნენ.
რწმენას საფუძვლად უდევს კონკრეტული ფაქტები. ხილული ქმნილებები უხილავი შემოქმედის არსებობას ადასტურებს (რმ. 1:20). მოვლენები, რომლებიც იესო ქრისტეს დედამიწაზე ცხოვრებასა და მსახურებას ახლდა თან, იმაზე მოწმობს, რომ ის ღვთის ძე იყო (მთ. 27:54; იხ. იესო ქრისტე). მიწიერ არსებებზე ღვთის ზრუნვა გვარწმუნებს, რომ ის თავის მსახურებზეც იზრუნებს, ხოლო ის ფაქტი, რომ ღმერთი სიცოცხლის მბოძებელი და აღმდგენელია, მკვდრეთით აღდგომის იმედს გვიმტკიცებს (მთ. 6:26, 30, 33; სქ. 17:31; 1კრ. 15:3—8, 20, 21). გარდა ამისა, ღვთის სიტყვის სანდოობა და მისი წინასწარმეტყველებების ზედმიწევნით შესრულება იმის გარანტიას გვაძლევს, რომ ღვთის ყველა დაპირება შესრულდება (იეს. 23:14). ზემოთქმულიდან გამომდინარე, ამ ყველაფრისადმი „რწმენა მოსმენილისგან მოდის“ (რმ. 10:17; შდრ. ინ. 4:7—30, 39—42; სქ. 14:8—10).
რწმენა არ არის გულუბრყვილობა. მაგალითად, თვით ისეთ ადამიანსაც კი, რომელიც რწმენას არაფრად აგდებს, როგორც წესი, ნამდვილი მეგობრობის მაინც სჯერა. მეცნიერს იმ პრინციპების სწამს, რომლებიც საფუძვლად უდევს მის მიერ არჩეულ დარგს. ის ძველი აღმოჩენების საფუძველზე ატარებს ცდებს და ახალ აღმოჩენებს ისევ ძველი აღმოჩენებიდან გამომდინარე აკეთებს. მსგავსად ამისა, ფერმერს, რომელიც ამუშავებს ნიადაგს და თესლს თესავს, იმედი აქვს, რომ თესლი წინა წლის მსგავსად აღმოცენდება და გაიზრდება, თუ საკმარისი ტენი და მზის სითბო ექნება. აქედან გამომდინარე, ყველაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს, იმ უცვლელი კანონებისადმი რწმენას ემყარება, რომელიც სამყაროს მართავს. ეს უცვლელი კანონები იგულისხმა ბრძენმა მეფე სოლომონმა, როცა თქვა: „მზე ანათებს, მზე ჩადის და კვლავ იმ ადგილისკენ ისწრაფვის, საიდანაც უნდა გამოანათოს. ქარი სამხრეთისკენ ქრის და ჩრდილოეთისკენ ბრუნდება. ტრიალებს და ბრუნავს განუწყვეტლივ, კვლავ და კვლავ თავისი წრებრუნვის დასაწყისს უბრუნდება. ზამთრის ნიაღვრები ზღვისკენ მიედინებიან, ზღვა კი არ ივსება. ზამთრის ნიაღვრები საიდანაც მიედინებიან, კვლავ იქ ბრუნდებიან, რომ ისევ იდინონ“ (ეკ. 1:5—7).
სიტყვა ʼამან და მისი მონათესავე სიტყვები ებრაულ წერილებში გადმოსცემს ნდობის, რწმენის, სიმტკიცის, ურყეობის, მყარად არსებულისა და ხანგრძლივობის აზრს (კნ. 28:59; 1სმ. 2:35; 2სმ. 7:16; ფს. 37:3). მისი ერთ-ერთი მონათესავე არსებითი სახელი (ʼემეთ) ნიშნავს ჭეშმარიტებას, ერთგულებასა და სანდოობას (2მტ. 15:3; 2სმ. 15:20; შდრ. ნემ. 7:2). საყოველთაოდ ცნობილი სიტყვა ამინიც (ებრ. ʼამენ) ʼამანიდან მომდინარეობს (იხ. ამინ).
რწმენის მაგალითები ძველად. ყველა იმ ადამიანს, ვისაც პავლე მოციქულმა მოწმეთა დიდი ღრუბელი უწოდა (ებ. 12:1), რწმენის მტკიცე საფუძველი ჰქონდა. მაგალითად, აბელს უეჭველად ეცოდინებოდა, რომ ღვთის დაპირებისამებრ „შთამომავალს“ „გველისთვის“ თავი უნდა გაეჭეჭყა. ის თავად გახდა იმ განაჩენის შესრულების მოწმე, რომელიც იეჰოვამ ედემში ადამსა და ევას გამოუტანა. ედემის გარეთ ადამი და მისი ოჯახი პურს პიროფლიანი ჭამდნენ, რადგან მიწა დაწყევლილი იყო და ნარ-ეკალი იზრდებოდა. აბელი იმასაც შეამჩნევდა, რომ ევას ქმრისადმი ჰქონდა ლტოლვა, ადამი კი ბატონობდა მასზე. ისიც უდავოა, რომ აბელს დედამისისგან მშობიარობის ტკივილების შესახებაც ექნებოდა გაგებული. მან ისიც იცოდა, რომ ედემის ბაღის შესასვლელს ცეცხლოვანი მახვილი და ქერუბიმები იცავდნენ (დბ. 3:14—19, 24). ეს ყველაფერი აბელისთვის „აშკარა მტკიცება“ იყო იმისა, რომ ხსნა აღთქმული შთამომავლის მეშვეობით მოვიდოდა. აქედან გამომდინარე, რწმენით აბელმა „ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი შესწირა“ (ებ. 11:1, 4).
აბრაამს მტკიცე საფუძველი ჰქონდა, ერწმუნა მკვდრეთით აღდგომა, რადგან ღმერთმა მას და სარას სასწაულებრივად აღუდგინა გამრავლების უნარი, რაც მკვდრეთით აღდგომის ტოლფასი იყო; ამგვარად, აბრაამის საგვარეულო სარას შთამომავალმა გააგრძელა. ისაკი ამ სასწაულის შედეგად დაიბადა. როცა ღმერთმა აბრაამს ისაკის შეწირვა მოსთხოვა, აბრაამი დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი ისაკს მკვდრეთით აღადგენდა. ამის რწმენის საფუძველს მას ღვთის შემდეგი დაპირება აძლევდა: „ის, ვისაც შენი შთამომავალი ეწოდება, ისაკისგან წარმოიშობა“ (დბ. 21:12; ებ. 11:11, 12, 17—19).
ნამდვილი რწმენის საფუძველი იესოსთან განსაკურნავად თავისით თუ სხვების დახმარებით მისულ ადამიანებსაც ჰქონდათ. ზოგს საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი იესოს დიდებული საქმეები, ზოგს კი მხოლოდ გაგონილი ჰქონდა ამის შესახებ. ამრიგად, მათ ნანახისა თუ გაგონილის საფუძველზე დაასკვნეს, რომ იესოს მათი განკურნება შეეძლო. გარდა ამისა, მათ იცოდნენ წმინდა წერილები და ის სასწაულები, რომლებსაც ძველად წინასწარმეტყველნი ახდენდნენ. იესოს მოსმენის შემდეგ ზოგს ის წინასწარმეტყველი ეგონა, ზოგს კი — ქრისტე. ამიტომ ეუბნებოდა იესო ზოგჯერ განკურნებულებს: „შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა“. ხალხს იესოსადმი რწმენა რომ არ ჰქონოდა, მასთან განსაკურნავად არ მივიდოდა და შესაბამისად ვერც განიკურნებოდა (ინ. 7:40, 41; მთ. 9:22; ლკ. 17:19).
იესოსთან მსახურის განკურნების სათხოვნელად მისულ ასისთავსაც ჰქონდა ძლიერი რწმენის საფუძველი, რადგან სჯეროდა, რომ უფლის სიტყვაც კი საკმარისი იქნებოდა მის განსაკურნავად (მთ. 8:5—10, 13). აღსანიშნავია, რომ იესო კურნავდა ყველას, ვინც მასთან მიდიოდა, და დაავადების სიმძიმის მიხედვით არ ითხოვდა რწმენას. არ ყოფილა შემთხვევა, რომ იესოს ვინმე სუსტი რწმენის გამო ვერ განეკურნა. იესოს მიერ მოხდენილი სასწაულები დამოწმებასა და ხალხში რწმენის ჩანერგვას ემსახურებოდა. თუმცა, თავის მშობლიურ მხარეში, სადაც ურწმუნოებას ხვდებოდა, იესოს სასწაულები არ მოუხდენია, არა იმიტომ, რომ არ შეეძლო, არამედ იქ ხალხს მოსმენა არ სურდა და უღირსი იყო (მთ. 13:58).
ქრისტიანული რწმენა. დღეს ღვთის კეთილგანწყობის მიღების მსურველებმა იესო ქრისტე უნდა ირწმუნონ, რათა ღმერთმა ისინი მართლად აღიაროს (გლ. 2:16). იეჰოვა უარყოფს მას, ვისაც ქრისტე არ სწამს (ინ. 3:36; შდრ. ებ. 11:6).
ბუნებრივია, რწმენა ყველას არა აქვს, რადგან ის ღვთის სულის ნაყოფია (2თს. 3:2; გლ. 5:22). ქრისტიანულ რწმენას მუდმივად სჭირდება განმტკიცება (2თს. 1:3). ამიტომ, იესომ დააკმაყოფილა მოწაფეების თხოვნა რწმენის გამყარების შესახებ — მეტი მტკიცებულება და წვდომის უნარი მისცა, რაც მათი რწმენის განმტკიცებას მოემსახურებოდა (ლკ. 17:5).
ქრისტიანის ცხოვრებას რწმენა უნდა განაგებდეს და ღვთის მსახურებაში ხელის შემშლელი მთასავით დაბრკოლებების გადასალახავად ძალას უნდა აძლევდეს (2კრ. 5:7; მთ. 21:21, 22). ამასთან ერთად, რწმენას უნდა ახლდეს შესაბამისი საქმეები, მაგრამ არა მოსეს კანონით დადგენილი (იაკ. 2:21—26; რმ. 3:20). განსაცდელებს რწმენის განმტკიცება შეუძლია. რწმენა ქრისტიანს სულიერ ბრძოლაში ფარივით იცავს და ეშმაკისა და მისი ქვეყნიერების ძლევაში ეხმარება (1პტ. 1:6, 7; ეფ. 6:16; 1პტ. 5:9; 1ინ. 5:4).
რწმენას დაფასება სჭირდება, რადგან ურწმუნოება არის „ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში“. ძლიერი რწმენის შესანარჩუნებლად უნდა ვიბრძოლოთ — წინააღმდეგობა გავუწიოთ იმ ადამიანებს, რომლებიც უზნეობაში გვითრევენ, თავი დავაღწიოთ ხორცის საქმეებსა და მატერიალიზმის მახეს და უარვყოთ რწმენის გამანადგურებელი ფილოსოფია და ადამიანთა ადათ-წესები. დაბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა „დავაკვირდეთ ჩვენი რწმენის მეთაურსა და გამასრულყოფილებელს“ (ებ. 12:1, 2; იუდ. 3, 4; გლ. 5:19—21; 1ტმ. 6:9, 10; კლ. 2:8).