აღთქმა
ღვთის წინაშე დადებული პირობა რაიმე საქმის გაკეთების, შესაწირავის ან ძღვნის მიტანის, მსახურების შესრულების, საკუთარ თავზე რაიმე ვალდებულების აღების ან ისეთი რამისგან თავის შეკავების შესახებ, რაც უკანონობად არ ითვლება. აღთქმის დადება ნებაყოფლობითი იყო. ვინაიდან აღთქმა მტკიცე პირობა იყო, ის ფიცს უტოლდებოდა. ზოგჯერ ეს ორი სიტყვა ბიბლიაში ერთად გამოიყენება (რც. 30:2; მთ. 5:33). აღთქმა, ძირითადად, განზრახვის გაცხადებაა, ფიცი კი — მაღლა მდგომი პირის წინაშე საკუთარი სიტყვების სიმართლის ან მათი უცილობელი შესრულების დამტკიცება. შეთანხმების დასადასტურებლად ხშირად ფიცს დებდნენ (დბ. 26:28; 31:44, 53).
პირველად აღთქმა მოხსენიებულია დაბადების 28:20—22-ში, სადაც იაკობმა თავისი ქონების მეათედის მიცემა აღუთქვა იეჰოვას, თუ ის მასთან იქნებოდა, სახლში მშვიდობით დააბრუნებდა და ამგვარად დაამტკიცებდა, რომ მისი ღმერთი იყო. იაკობს ღვთისთვის პირობები არ წაუყენებია, მას უბრალოდ ღვთის კეთილგანწყობაში დარწმუნება სურდა. ამ მაგალითიდან ჩანს, რომ აღთქმის დადება პატრიარქალურ ეპოქაში გავრცელებული იყო (იხ. აგრეთვე იობ. 22:27). ეს და თაყვანისცემასთან დაკავშირებული სხვა პატრიარქალური ჩვეულებები მოსეს კანონს არ დაუმკვიდრებია, მან უბრალოდ განსაზღვრა და დაარეგულირა ისინი.
ხშირად აღთქმებს დებდნენ ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ან რაიმე საქმის წარმატებით დასასრულებლად, როგორც ეს იაკობის შემთხვევაში იყო. ამის კიდევ ერთი მაგალითია ისრაელების აღთქმა, რომ გაანადგურებდნენ ქანაანელი მეფე არადის ქალაქებს, თუ იეჰოვა გაამარჯვებინებდა (რც. 21:1—3). აღთქმებს აგრეთვე დებდნენ იეჰოვასა და მისი თაყვანისმცემლობის ერთგულების (ფს. 132:1—5) ან საკუთარი თავისა თუ ქონების განსაკუთრებული მსახურებისთვის გამოცალკევების ნიშნად (რც. 6:2—7). მშობლებს შეეძლოთ შვილებთან დაკავშირებული აღთქმების დადება, როგორც ეს სამუელის შემთხვევაში გააკეთა ხანამ (1სმ. 1:11; შდრ. მსჯ. 11:30, 31, 39). ამ დროს შვილები ასრულებდნენ მშობლების აღთქმას.
აღთქმის დადება ნებაყოფლობითი იყო, შესრულება — სავალდებულო. აღთქმის დადება სრულიად ნებაყოფლობითი იყო, თუმცა მისი შესრულება ღვთის კანონით მოითხოვებოდა. ადამიანი აღთქმას „თავის სულს“ აკისრებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ აღთქმის შესრულების გარანტია მისი სიცოცხლე იყო (რც. 30:2, 9; იხ. აგრეთვე რმ. 1:31, 32). ვინაიდან საქმე სიცოცხლეს ეხებოდა, გასაგებია, რატომ ურჩევდა ღმერთი თავის ხალხს, აღთქმის დადებამდე კარგად აეწონ-დაეწონათ აღთქმასთან დაკავშირებული ვალდებულებები. კანონში ნათქვამი იყო: „თუ აღთქმას დაუდებ იეჰოვას, შენს ღმერთს, არ დააყოვნო მისი შესრულება, რადგან მოგკითხავს იეჰოვა, შენი ღმერთი, და ეს ცოდვად ჩაგეთვლება. მაგრამ თუ აღთქმას არ დადებ, ცოდვად არ ჩაგეთვლება“ (კნ. 23:21, 22).
მოგვიანებით ეს აზრი შემკრებმა ასე ჩამოაყალიბა: „შეასრულე აღთქმული. ჯობია, არ აღუთქვა, ვიდრე აღუთქვა და არ შეასრულო. ბაგით ნუ შეაცოდვინებ შენს სხეულს, ნურც ანგელოზის წინაშე იტყვი, რომ ეს შეცდომა იყო“ (ეკ. 5:4—6). ნაჩქარევად, წამიერი ემოციის საფუძველზე დადებული აღთქმა შეიძლება ადამიანს მახედ ექცეს (იგ. 20:25). კანონის თანახმად, დაუფიქრებლად აღთქმის დამდები ღვთის წინაშე დამნაშავე იყო, ამიტომ დანაშაულის შესაწირავი უნდა მიეტანა (ლვ. 5:4—6). აღთქმას ღვთის თვალში ფასი არ ექნებოდა, თუ მისი სამართლიანი კანონების შესაბამისი და სწორი მოტივებით ნაკარნახევი არ იქნებოდა (ფს. 51:16, 17).
ქალების აღთქმების შესახებ კანონები. ქალების აღთქმების შესახებ კანონები ჩაწერილია რიცხვების 30:3—15-ში. თუ მამა გაიგებდა ქალიშვილის აღთქმის შესახებ და საწინააღმდეგოს არაფერს იტყოდა, მაშინ შვილს აღთქმა უნდა შეესრულებინა. სხვა შემთხვევაში მამას შეეძლო აღთქმის გაუქმება. გათხოვილი ან დანიშნული ქალის აღთქმა ქმრის ან საქმროს თანხმობით შედიოდა ძალაში. თუ კაცი აღთქმას ძალაში შესვლის შემდეგ გააუქმებდა, ის ქალის ნაცვლად გახდებოდა დამნაშავე (რც. 30:14, 15). თუ ქვრივი ან ქმარს გაცილებული ქალი აღთქმას დადებდა, „ყველაფერი, რაც თავის სულს დააკისრა“, უნდა შეესრულებინა (რც. 30:9).
როგორ ექცეოდნენ აღთქმულს. კანონის თანახმად, შესაძლებელი იყო იეჰოვასთვის ნებისმიერი ადამიანის ან ქონების, მათ შორის, მიწის აღთქმით მიცემა, თუ არ ჩავთვლით იმას, რაც კანონით ისედაც მას ეკუთვნოდა — პირმშოს, პირველმოგებულს, პირველნაყოფს, მეათედს და ა. შ. (ლვ. 27:26, 30, 32). საწმინდარში გარკვეული თანხის გადახდით შესაძლებელი იყო იმ აღთქმულის გამოსყიდვა (წმინდა ცხოველების გარდა), რომელიც მიიჩნეოდა „განწმენდილად“ (ებრ. კოდეშ; ის, რაც გამოცალკევებულია როგორც წმინდა, წმინდა გამოყენებისთვის) (ლვ. 27:9—27). მაგრამ „მიძღვნილის“ (ებრ. ხერემ) გამოსყიდვა არ შეიძლებოდა. ის მთლიანად და სამუდამოდ უნდა გამხდარიყო საწმინდრის საკუთრება, და თუ „მიძღვნილი“ გასანადგურებლად იყო გადაცემული, ის აუცილებლად უნდა განადგურებულიყო (ლვ. 27:28, 29).
იეჰოვასთვის მიუღებელი აღთქმები. წარმართულ რელიგიებში აღთქმის დადებას ხშირად თან ახლდა უწმინდური და უზნეო რიტუალები. ფინიკიაში, სირიასა და ბაბილონში ტაძრის მეძავების შემოსავალს კერპს ან ტაძარს უძღვნიდნენ. ასეთი საძაგელი აღთქმების დადება ისრაელში აკრძალული იყო: „არანაირი აღთქმისთვის არ შეიტანო მეძავის ქირა ან ძაღლის [როგორც ჩანს, პედერასტის] საფასური იეჰოვას, შენი ღვთის სახლში“ (კნ. 23:18, სქ.).
იერუსალიმის განადგურების შემდეგ იერემიამ შეახსენა ეგვიპტეში ჩასულ იუდეველებს, რომ თავსდატეხილი უბედურების ერთ-ერთი მიზეზი „ცის დედოფლისთვის“ აღთქმის დადება და მისთვის მსხვერპლის შეწირვა იყო. ქალებმა, რომლებიც კერპის თაყვანისმცემლობაში დიდ როლს ასრულებდნენ, მაშინვე მიუგეს იერემიას, რომ მათ ქმრებს „ცის დედოფლისთვის“ მიცემული აღთქმებისა და მისი თაყვანისცემის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ და განუცხადეს, რომ ქალღმერთისთვის დადებულ აღთქმებს შეასრულებდნენ. ამგვარად ისინი თავს იმართლებდნენ, რომ ქალების აღთქმების შესახებ კანონს იცავდნენ (რც. 30:10—15). მაგრამ იერემიამ ისინი კანონდარღვევაში დაადანაშაულა, რადგან კერპს სცემდნენ თაყვანს (იერ. 44:19, 23—25; 2კრ. 6:16—18).
თვალთმაქცური აღთქმები. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ იუდეველები აშკარა კერპთაყვანისმცემლობას არ ეწეოდნენ. თუმცა თავიანთი ადათ-წესებით ძალა დაუკარგეს ღვთის სიტყვას. რელიგიური წინამძღოლები არასწორად ხსნიდნენ კანონს და თვალთმაქცურად ასწავლიდნენ „ადამიანთა მცნებებს“, რაც გავლენას ახდენდა ხალხის აღთქმებსა და თაყვანისმცემლობის სხვა მხარეებზე (მთ. 15:6—9). მაგალითად, იუდაური ტრადიციის თანახმად, თუ კაცი ეტყოდა მშობლებს, „ჩემი ქონება, რითაც ჩემგან შეგეძლო გესარგებლა, ღვთისთვის განკუთვნილი ძღვენიაო“ (მიძღვნის ან განწმენდის განაცხადი), ამით ის აღთქმას დებდა, რომ განწმენდდა ყველაფერს, რაზეც განაცხადა, რომ ღვთის ძღვენი იყო. მას არ უნდა გამოეყენებინა ისინი მშობლების დასახმარებლად იმ მიზეზით, რომ მის ქონებაზე ყველა უფლება ახლა ტაძარს ეკუთვნოდა, თუმცა თავად შეეძლო თავისუფლად ესარგებლა ამ ქონებით (მთ. 15:5, 6).
აღთქმებთან დაკავშირებული შესაწირავები. კანონის თანახმად, ზოგიერთ შესაწირავთან ერთად დასაწვავი შესაწირავიც უნდა მიეტანათ. ეს ღვთისადმი სრული მიძღვნის ნიშნად და იმის სათხოვნელად კეთდებოდა, რომ მსხვერპლი იეჰოვასთვის მისაღები და მოსაწონი ყოფილიყო (ლვ. 8:14, 18; 16:3). მსგავსი რამ ხდებოდა აღთქმების დროსაც (რც. 6:14). განსაკუთრებული აღთქმების შესასრულებლად საჭირო იყო დასაწვავი შესაწირავების მიტანა (რც. 15:3; ფს. 66:13). რაც შეეხებოდა აღთქმის შესასრულებლად საჭირო მშვიდობის მსხვერპლს, მოითხოვებოდა უნაკლო ცხოველის მიყვანა, რომლის ნაწილსაც სამსხვერპლოზე წვავდნენ (ლვ. 22:21, 22; 3:1—5).
ამონელებთან შებრძოლებამდე იფთახის მიერ დადებულ აღთქმაზე იხ. სტატია იფთახი (მსჯ. 11:29—31).
პავლე ასრულებს მოსეს კანონში აღთქმებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. მოციქულ პავლეს აღთქმა ჰქონდა დადებული. უცნობია, იყო თუ არა ეს ნაზირობის აღთქმა და დადო თუ არა ის გაქრისტიანებამდე ან მის შემდეგ. შესაძლოა, ეს აღთქმა მაშინ დასრულდა, როცა მან კორინთთან ახლოს, კენქრეში თმა გაიკრიჭა (სქ. 18:18). ან ზოგის აზრით, მაშინ დასრულდა, როცა იერუსალიმის ტაძარში მივიდა ოთხ კაცთან ერთად, რომელთა აღთქმის პერიოდი იწურებოდა. თუმცა ეს პავლემ ხელმძღვანელი საბჭოს რჩევით გააკეთა იმის საჩვენებლად, რომ იუდეველ ქრისტიანებში გავრცელებული ხმების საპირისპიროდ პავლე სწორად იქცეოდა და სხვებსაც არ მოუწოდებდა კანონის დაუმორჩილებლობისკენ. იმ დროს მიღებული იყო იმ ადამიანების ხარჯების დაფარვა, რომლებიც აღთქმის დასრულების შემდეგ განწმენდის წეს-ჩვეულებას ასრულებდნენ, როგორც ეს პავლემ გააკეთა (სქ. 21:20—24).
იმის გასაგებად, თუ რატომ მოიწონეს მოციქულმა პავლემ და ხელმძღვანელი საბჭოს წევრებმა კანონის ზოგიერთი მოთხოვნის შესრულება, მაშინ როცა კანონი უკვე გაუქმებული იყო იესო ქრისტეს მსხვერპლშეწირვით, საჭიროა შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება: კანონი იეჰოვა ღმერთმა თავის ხალხს, ისრაელს მისცა. ამიტომ მოციქულმა პავლემ თქვა: „კანონი სულიერია“; მის წესებზე კი განაცხადა: „კანონი წმინდაა. მცნებაც წმინდაა, მართალი და კარგი“ (რმ. 7:12, 14). შესაბამისად, ქრისტიანები არ გმობდნენ ტაძარსა და მასში მიმდინარე მსახურებას და არ თვლიდნენ, რომ ისინი არასწორი იყო. არც ტაძარსა და არც მასში მიმდინარე მსახურებას არანაირი კავშირი არ ჰქონდა კერპთაყვანისმცემლობასთან. კანონიდან ბევრი რამ დამკვიდრდა იუდეველთა ცხოვრებაში. და რადგან ის მხოლოდ რელიგიური კანონი კი არა, ქვეყნის კანონიც იყო, ზოგიერთი რამ, მაგალითად, შაბათს მუშაობის აკრძალვა, ქვეყნის ყველა მკვიდრზე ვრცელდებოდა.
მაგრამ უმთავრესი ის იყო, რომ ქრისტიანები თავიანთ გადარჩენას კანონის შესრულებას არ უკავშირებდნენ. მოციქულმა ახსნა, რომ ბევრი რამ, მაგალითად, საკვებად ხორცის ან ბოსტნეულის გამოყენება, ზოგიერთი დღის სხვა დღეებზე მნიშვნელოვნად ჩათვლა და ისეთი ხორცის ჭამაც კი, რომელიც ბაზარში გაყიდვამდე კერპებისთვის იყო შეწირული, სინდისის საკითხი იყო. ის წერდა: „ზოგი თვლის, რომ ერთი დღე მეორეზე მნიშვნელოვანია, ზოგისთვის კი ყველა დღე ერთნაირია. დაე, თითოეული ბოლომდე იყოს დარწმუნებული თავის აზრებში. ვინც იცავს რომელიმე დღეს, იეჰოვასთვის იცავს, და ვინც ჭამს, იეჰოვასთვის ჭამს, რადგან მადლობას უხდის ღმერთს; ხოლო ვინც არ ჭამს, იეჰოვასთვის არ ჭამს და მაინც მადლობას უხდის ღმერთს“. შემდეგ ის თავის არგუმენტებს აჯამებს პრინციპით, „რადგან ღვთის სამეფო საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული წმინდა სულში“, და დასძენს: „ბედნიერია კაცი, რომელიც არ ასამართლებს თავის თავს იმის გამო, რასაც ირჩევს. მაგრამ, თუ ეჭვობს და ჭამს, მსჯავრი დაედება, რადგან რწმენით არა ჭამს. რაც რწმენით არ არის, ყველაფერი ცოდვაა“ (რმ. 14:5, 6, 17, 22, 23; 1კრ. 10:25—30).
ამ საკითხს ნათელს ჰფენს ბიბლეისტი ალბერტ ბარნზი. საქმეების 21:20-ის კომენტირებისას, სადაც ნათქვამია: «ეს რომ მოისმინეს [ღვთის მიერ უცხოტომელთა შორის პავლეს მსახურების კურთხევა], ღვთის განდიდება დაიწყეს და პავლეს ეუბნებოდნენ: „შენ ხედავ, ძმაო, რამდენი ათასი მორწმუნეა იუდეველებს შორის, თანაც კანონის მოშურნეები არიან“», ის აღნიშნავს: „აქ საუბარია წინადაცვეთის, მსხვერპლშეწირვის, ხორცის ჭამასა და დღეების დაცვასთან დაკავშირებული განსხვავებების, დღესასწაულებისა და ა. შ. კანონებზე. შეიძლება გასაკვირი იყოს, რომ ისინი ისევ იცავდნენ ამ წეს-ჩვეულებებს, რადგან ქრისტიანობის დანიშნულება მათი გაუქმება იყო. მაგრამ უნდა გვახსოვდეს: 1) ეს წეს-ჩვეულებები ღვთის დადგენილი იყო და ხალხს გამჯდარი ჰქონდა მათი დაცვა. 2) იერუსალიმში ყოფნისას მოციქულები იცავდნენ მათ და მათ წინააღმდეგ წასვლას გონივრულად არ მიიჩნევდნენ [სქ. 3:1; ლკ. 24:53]. 3) იერუსალიმში არავის გასჩენია კითხვა, რატომ უნდა დაეცვათ ეს წეს-ჩვეულებები. ეს კითხვა მხოლოდ მოქცეულ წარმართებში წამოიჭრა და უნდა წამოჭრილიყო კიდეც, რადგან თუ ამ წეს-ჩვეულებების დაცვა მოეთხოვებოდათ, ამის შესახებ მითითება უფლებამოსილი პირებისგან უნდა მიეღოთ. 4) საბჭოს გადაწყვეტილება (თ. 15) მხოლოდ მოქცეულ უცხოტომელებს ეხებოდა [სქ. 15:23] ... 5) მოსალოდნელი იყო, რომ რაც უფრო ღრმად ჩასწვდებოდნენ ქრისტიანობას, მის ფართო, თავისუფალ და [მრავლისმომცველ] არსს, ყველა ქრისტიანი ზედმეტი კამათისა და კითხვების გარეშე უარს იტყოდა მოსეს დადგენილებებზე. ეს საკითხი რომ იერუსალიმში ფართო განხილვის საგანი გამხდარიყო, ათმაგად გააძლიერებდა ქრისტიანების დევნას, დაყოფდა ეკლესიას და შეაფერხებდა ქრისტიანობის გავრცელებას. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ 6) ღვთის განზრახვით ახლოვდებოდა ტაძრის, ქალაქისა და ერის განადგურება, შეწყდებოდა მსხვერპლშეწირვა და წერტილი დაესმებოდა მოსეს წეს-ჩვეულებების აღნიშვნას. ვინაიდან განადგურება ძალიან ახლოს იყო, რაც მოსეს წეს-ჩვეულებების დაცვის გასაუქმებლად სარწმუნო მტკიცება იქნებოდა, ეკლესიის დიდებულმა თავმა არ დაუშვა, რომ ეს საკითხი უადგილო დავის საგანი გამხდარიყო იერუსალიმელ მოწაფეებში“ (Notes, Explanatory and Practical, on the Acts of the Apostles, 1858).