თავი მეთხუთმეტე
პატივი ეცით მოხუც მშობლებს
1. რამდენად დავალებული ვართ მშობლების წინაშე, რას უნდა ვგრძნობდეთ მათდამი და როგორ უნდა ვეპყრობოდეთ მათ?
„უსმინე შენს მშობელ მამას და ნუ მოიძულებ დედაშენს სიბერის გამო“, — გვირჩია ერთმა ბრძენკაცმა დიდი ხნის წინ (იგავები 23:22). შეიძლება გაიკვირვოთ, როგორ შეიძლება მშობლის შეძულება! ბევრ ჩვენგანს ძალიან გვიყვარს მშობლები, გვესმის, რამდენად დავალებული ვართ მათ წინაშე. უპირველესად, მათ სიცოცხლე გვაჩუქეს. თუმცა სიცოცხლე იეჰოვა ღმერთმა შექმნა, მშობლების გარეშე ჩვენ, უბრალოდ, ვერ გავჩნდებოდით. სიცოცხლეზე ძვირფასს კი ვერაფერს მივცემთ მშობლებს. გარდა ამისა, დაფიქრდით, როგორი თავგანწირვა, რამდენი ხლაფორთი, ხარჯები და ყურადღება სჭირდება ბავშვის აღზრდას. ამიტომ, როგორი გონივრულია, რასაც ღვთის სიტყვა გვირჩევს: „პატივი ეცი მამას და დედას . . . რომ ხელი მოგემართოს და დღეგრძელი იყო დედამიწაზე“ (ეფესოელები 6:2, 3).
არ უგულებელყოთ მათი ემოციური მოთხოვნილებები
2. როგორ შეუძლიათ ზრდასრულ შვილებს ‘სამაგიერო’ მიაგონ მშობლებს?
2 მოციქულმა პავლემ მისწერა ქრისტიანებს: „მათ [შვილებმა და შვილიშვილებმა] ჯერ თავიანთ ოჯახში ისწავლონ ღვთისადმი ერთგულების გამოვლენა და მშობლებს, ბებიებსა და პაპებს საკადრისი მიაგონ, რადგან ეს მოსაწონია ღვთისთვის“ (1 ტიმოთე 5:4). ზრდასრული შვილები საკადრისს იმით მიაგებენ მშობლებს, რომ მადლიერნი არიან იმ სიყვარულის, შრომისა და მზრუნველობისთვის, რაც მშობლებმა და პაპებმა და ბებიებმა წლების მანძილზე მათ მიმართ გამოავლინეს. შვილები შეძლებენ ამას, თუ აღიარებენ, რომ როგორც ყველას, მოხუცებსაც ესაჭიროებათ უსაზღვრო სიყვარული და მხარდაჭერა. ყველა ჩვენგანის მსგავსად, მათაც ესაჭიროებათ იგრძნონ, რომ აფასებენ. მათაც ესაჭიროებათ იმის შეგრძნება, რომ მათ სიცოცხლეს აზრი აქვს.
3. როგორ შეგვიძლია პატივი ვცეთ მშობლებს, პაპებსა და ბებიებს?
3 ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სიყვარულით ვაგრძნობინოთ მშობლებს, პაპებსა და ბებიებს, რომ პატივს ვცემთ მათ (1 კორინთელები 16:14). თუ მშობლებთან არ ვცხოვრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ამბების გაგება მათთვის ბევრს ნიშნავს. გამამხნევებელი წერილი, ტელეფონით საუბარი ან სტუმრობა ძალიან გაახარებს მათ. იაპონელმა მიომ 82 წლის ასაკში დაწერა: «ჩემი ქალიშვილი [რომლის მეუღლეც მიმომსვლელი ზედამხედველია] მთავაზობს მასთან ერთად „მოგზაურობას“. ის ყოველკვირა მიგზავნის თავიანთი მოგზაურობის მარშრუტსა და ტელეფონის ნომერს. მე შემიძლია დავხედო რუკას და ვთქვა: „ახლა ისინი აქ არიან!“ ყოველთვის მადლობას ვუხდი იეჰოვას, რომ ასეთი შვილი მომცა».
მატერიალური მხარდაჭერა
4. როგორ აღძრავდა იუდეველთა რელიგიური ტრადიციები ადამიანებში უგულობას მოხუცი მშობლების მიმართ?
4 იგულისხმება თუ არა მოხუცი მშობლების პატივისცემაში ფინანსურად ხელის გამართვა? იგულისხმება. ეს არც ისე იშვიათად არის საჭირო. იესოს დროინდელი იუდეველი რელიგიური წინამძღოლების ტრადიციების თანახმად, ვინც განაცხადებდა, რომ მისი ფული და ქონება იყო „ღვთისთვის განკუთვნილი ძღვენი“, თავისუფლდებოდა მშობლებზე ზრუნვის პასუხისმგებლობისგან (მათე 15:3—6). როგორი უგულობაა! სინამდვილეში, ეს რელიგიური წინამძღოლები მშობლების პატივისცემისკენ კი არ აღძრავდნენ ადამიანებს, არამედ პირიქით, უგულებელყოფისკენ, ეგოიზმისკენ, მათი მოთხოვნილებების უარყოფისკენ. ასეთი რამ აზრადაც კი არ უნდა მოგვდიოდეს (მეორე კანონი 27:16).
5. რატომ ნიშნავს მოხუცი მშობლების პატივისცემა მატერიალურ მხარდაჭერასაც, სახელმწიფოში მოქმედი სოციალური პროგრამების მიუხედავად?
5 დღეს მრავალ ქვეყანაში მოქმედებს სოციალური პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებენ ხანდაზმულების უზრუნველყოფას საკვებით, ჩასაცმლითა და თავშესაფრით. ამასთანავე, მოხუცებს შეიძლება თვითონაც ჰქონდეთ დანაზოგი. მაგრამ თუ დანაზოგი შემოელიათ ან აღარ ყოფნით, შვილები პატივს სცემენ მშობლებს იმით, რომ შეძლებისდაგვარად ეხმარებიან მათ მატერიალურად. სინამდვილეში, მოხუც მშობლებზე ზრუნვა ოჯახის დამფუძნებლის, იეჰოვა ღმერთისადმი ერთგულებაზე მეტყველებს.
სიყვარული და თავდადება
6. რისი გაკეთება უწევს ზოგს მშობლების მოთხოვნილებებზე ზრუნვის გამო?
6 მრავალი ზრდასრული შვილი სიყვარულითა და თავდადებით ეხმაურება დაუძლურებული მშობლების მოთხოვნილებებს. ზოგიერთმა თავისთან გადაიყვანა ისინი ან მათთან ახლოს გადავიდა საცხოვრებლად. ზოგი კი თავიანთ მშობლებთან გადასახლდა. ხშირად ასეთი ცვლილებები კურთხევაა, როგორც მშობლებისთვის, ისე შვილებისთვის.
7. რატომ არ არის კარგი გადაწყვეტილების ნაჩქარევად მიღება?
7 მაგრამ ზოგჯერ ასეთ ცვლილებებს კარგი არაფერი მოაქვს. რატომ? შესაძლოა გადაწყვეტილებები ძალიან ნაჩქარევად არის მიღებული ან მხოლოდ ემოციებზეა დაფუძნებული. „წინდახედული აკვირდება თავის ნაბიჯებს“, — ბრძნულ გაფრთხილებას გვაძლევს ბიბლია (იგავები 14:15). დავუშვათ, თქვენს მოხუცებულ დედას უჭირს მარტო ცხოვრება და ფიქრობთ, რომ უკეთესი იქნებოდა, თქვენთან გადმოსულიყო. ამ ნაბიჯის გადადგმამდე, კარგი იქნებოდა, დაფიქრებულიყავით შემდეგ საკითხებზე: რა სჭირდება დედას რეალურად? თუ არსებობს კერძო ან სახელმწიფო სამსახური, რომელსაც შეუძლია მისაღები ალტერნატიული გადაწყვეტილების შემოთავაზება? აქვს თუ არა თვითონ დედას თქვენთან გადმოსვლის სურვილი? თუ დიახ, როგორ ზეგავლენას მოახდენს ეს მის ცხოვრებაზე? მოუწევს მეგობრების მიტოვება? როგორ იმოქმედებს ეს მასზე ემოციურად? ესაუბრეთ მას ამ საკითხებზე? როგორ იმოქმედებს ეს გადმოსვლა თქვენზე, თქვენს მეუღლესა და შვილებზე? ვინ მოუვლის დედას საჭიროების შემთხვევაში? შეიძლება თუ არა პასუხისმგებლობების გადანაწილება? იმსჯელეთ ოჯახის წევრებთან ამ საკითხებზე?
8. ვისთვის შეიძლებოდა რჩევის თხოვნა, როდესაც მოხუცი მშობლების დასახმარებლად იღებთ გადაწყვეტილებას?
8 რადგან მშობლებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ყველა შვილს ევალება, გონივრულია ერთად შეკრება გადაწყვეტილების მისაღებად. შეიძლება დაგეხმაროთ საუბარი ქრისტიანული კრების უხუცესებთან ან მეგობრებთან, რომლებიც პირადად იყვნენ მსგავს სიტუაციაში. „გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება, — გვაფრთხილებს ბიბლია, — სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა“ (იგავები 15:22).
იყავით თანამგრძნობი და შეეცადეთ, გაუგოთ
9, 10. ა) რა უნდა გავითვალისწინოთ მოხუც მშობლებზე ზრუნვისას? ბ) როგორ უნდა მოექცნენ შვილები მშობლებს, თუ მათ კეთილდღეობაზე ზრუნავენ?
9 მოხუცი მშობლებისადმი პატივისცემა თანაგრძნობასა და გაგებას მოითხოვს. ასაკს სერიოზული პრობლემები მოაქვს და მოხუცს თანდათანობით გაუჭირდება სიარული, ჭამა და დაუქვეითდება მეხსიერება. მათ შეიძლება დახმარება დასჭირდეთ. ხშირად, შვილები გადაჭარბებულად ზრუნავენ მშობლების უსაფრთხოებაზე და თავიანთი მეთვალყურეობისა და ხელმძღვანელობის გარეშე ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ აძლევენ. მაგრამ მოხუცები მოწიფული ადამიანები არიან. მათ მთელი ცხოვრების მანძილზე დააგროვეს სიბრძნე და გამოცდილება, თვითონ ზრუნავდნენ საკუთარ თავზე და თვითონ იღებდნენ გადაწყვეტილებებს. თუ შვილები მათ გასაქანს მისცემენ, ისინი იგრძნობენ, რომ მათ კვლავ მშობლებად და მოწიფულ ადამიანებად თვლიან. მშობლები, რომლებიც გრძნობენ, რომ დროა, თავიანთ სიცოცხლეზე ზრუნვა შვილებს გადააბარონ, შესაძლოა დაითრგუნონ ან გაღიზიანდნენ. მრავალი მოხუცებული ბრაზდება და პროტესტის გრძნობა უჩნდება, რადგან შეიძლება ფიქრობენ, რომ დამოუკიდებლობას კარგავენ.
10 ასეთი პრობლემების გადაწყვეტა ადვილი არ არის, მაგრამ თქვენი მხრიდან პატივისცემის გამოვლენა იქნებოდა, თუ მოხუც მშობლებს, რამდენადაც ეს მათთვის შესაძლებელია, საკუთარ თავზე ზრუნვისა და პირადი გადაწყვეტილებების მიღების უფლებას არ ჩამოართმევთ. არ არის გონივრული მშობლებთან შეუთანხმებლად გადაწყვიტოთ, რა იქნებოდა მათთვის უკეთესი. მათ უკვე ბევრი რამის გაკეთება აღარ შეუძლიათ, ამიტომ იმაში მაინც ნუ შეზღუდავთ, რაც ჯერ კიდევ შეუძლიათ. ალბათ, დავინახავთ, რომ, რაც უფრო ნაკლებად ვცდილობთ მშობლების ცხოვრების გაკონტროლებას, მით უფრო სასიამოვნო ურთიერთობა გვექნება მათთან. მშობლები უფრო ბედნიერად იგრძნობენ თავს და მათთან ერთად ჩვენც. მათ საკეთილდღეოდ აუცილებელიც რომ იყოს ზოგიერთი რამის დაჟინებით მოთხოვნა, მშობლებისადმი პატივისცემა მოითხოვს, რომ დავაფასოთ მათი ღირსება და სათანადო პატივი ვცეთ, რასაც იმსახურებენ. ღვთის სიტყვა გვირჩევს: „ჭაღარას წამოუდექი, მოხუცებულის მიმართ ყურადღებიანი იყავი“ (ლევიანები 19:32).
შეინარჩუნეთ სწორი თვალსაზრისი
11—13. რა დაეხმარება შვილს მშობლებზე ზრუნვაში, თუ მათგან კარგი არაფერი ახსოვს?
11 ზოგჯერ ზრდასრულ შვილებს უჭირთ მოხუცი მშობლების პატივისცემა ბავშვობის ცუდი მოგონებების გამო. შესაძლოა მამა გულცივი იყო და არ ავლენდა სიყვარულს, დედა კი — მბრძანებელი და უხეში. შეიძლება დღესაც გეუფლება გულგატეხილობა და ტკივილი და ბრაზი მოგდის იმის გამო, რომ ისინი ისეთი მშობლები არ იყვნენ, როგორიც გსურდა. შესაძლებელია ასეთი გრძნობების დაძლევა?a
12 ბასე, რომელიც ფინეთში გაიზარდა, გვიყვება: „ჩემი მამინაცვალი ესესელი ოფიცერი იყო ნაცისტურ გერმანიაში. ის ადვილად ბრაზდებოდა და საშიში ხდებოდა. დედაჩემი ჩემ თვალწინ ბევრჯერ უცემია. ერთხელ გამიბრაზდა, ქამარი მომიქნია და ბალთა სახეში ისე ძლიერ გამარტყა, რომ ლოგინზე დავვარდი“.
13 მაგრამ მას გაგებით მოკიდება სჭირდებოდა. ბასე განაგრძობს: „ის მძიმედ შრომობდა, რომ ოჯახს არაფერი მოჰკლებოდა. მას არასოდეს გამოუვლენია მამობრივი სიყვარული, მაგრამ ვიცოდი, რომ მას არ შეეძლო ამის გაკეთება. როდესაც პატარა იყო, დედამისმა სახლიდან გამოაგდო. მან ცხოვრებაში ბრძოლით გაიკვლია გზა და სულ ახალგაზრდა წავიდა ომში. ნაწილობრივ მესმოდა მისი და არ ვადანაშაულებდი. როცა გავიზარდე, მოვისურვე, შეძლებისდაგვარად დავხმარებოდი სანამ ცოცხალი იყო. ეს არ იყო ადვილი, მაგრამ, რაც შემეძლო, ყველაფერს ვაკეთებდი. მისი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვცდილობდი კარგი შვილი ვყოფილიყავი და ვფიქრობ, ის ასეც მთვლიდა“.
14. რომელი ბიბლიური რჩევა შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერ სიტუაციაში, მათ შორის მოხუც მშობლებზე ზრუნვისას?
14 „შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით . . . მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს“, — ამ ბიბლიური რჩევის გამოყენება ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება, მათ შორის ოჯახშიც (კოლოსელები 3:12, 13).
მომვლელსაც ესაჭიროება მოვლა
15. რატომ არის მშობლებზე ზრუნვა მტკივნეული?
15 დაუძლურებული მშობლების მოვლა ადვილი არ არის, რადგან გვაკისრებს სერიოზულ პასუხისმგებლობას და მოითხოვს დიდ დროსა და ენერგიას, მაგრამ ეს არაფერია. ყველაზე რთულია ამ პრობლემასთან ემოციურად გამკლავება. ძალიან მტკივნეულია, როცა ჩვენ თვალწინ მშობლებს უქვეითდებათ ჯანმრთელობა, მეხსიერება და დამოკიდებულები ხდებიან სხვაზე. პუერტო-რიკოელი სენდი ჰყვება: „დედაჩემი ჩვენი ოჯახის ბირთვი იყო. ძალიან მტკივნეულია მისი ყურება. თავიდან კოჭლობა დაიწყო, მერე ხელჯოხი დასჭირდა, ბოლოს კი ინვალიდის სავარძელი. მისი მდგომარეობა სიკვდილამდე თანდათან უარესდებოდა. მას ძვლის კიბო ჰქონდა და გამუდმებული მოვლა სჭირდებოდა. ჩვენ ვბანდით, ვაჭმევდით და ვუკითხავდით. ეს ძალიან რთული იყო — განსაკუთრებით, ფსიქოლოგიურად. დედა ძალიან მიყვარდა, მისი სიკვდილი ჩემთვის აუტანელი იყო“.
16, 17. რა დაეხმარება მომვლელს გაწონასწორებული თვალსაზრისის შენარჩუნებაში?
16 რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენც მსგავს სიტუაციაში ხართ? უსმინეთ იეჰოვას ბიბლიის კითხვით და ესაუბრეთ ლოცვით (ფილიპელები 4:6, 7). საჭიროა კარგი კვება და საკმარისი ძილი. თუ ასე მოიქცევით, საყვარელი ადამიანის მოსავლელად გექნებათ როგორც ემოციური, ისე ფიზიკური ძალა. შეგიძლიათ მოსწყდეთ ყოველდღიურ საქმეებს. თუ მშობელს თავს ვერ დაანებებთ, გონივრულია, დასვენებისთვის მაინც გამოყოთ რაღაც დრო. იმისათვის, რომ გარკვეული დროით ავადმყოფი მშობელი დატოვოთ, შეგიძლიათ სხვას სთხოვოთ მასთან დარჩეს.
17 ხშირად ვინც ავადმყოფს უვლის, ძალიან ბევრს სთხოვს საკუთარ თავს. მაგრამ, ნუ დაიდანაშაულებთ თავს იმაში, რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ. ზოგიერთ სიტუაციაში შესაძლოა საჭირო იყოს საყვარელი ადამიანის მოხუცებულთა სახლში მოთავსება. თუ თქვენც უვლით მოხუც მშობლებს, ზედმეტს ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს. თქვენ მარტო მშობლებზე კი არ უნდა იზრუნოთ, არამედ შვილებზე, მეუღლეზე და საკუთარ თავზე.
აღმატებული ძალა
18, 19. როგორ გვპირდება იეჰოვა მხარდაჭერას და რომელი შემთხვევა აჩვენებს, რომ ის ასრულებს თავის დაპირებას?
18 თავისი სიტყვის, ბიბლიის, საშუალებით მოსიყვარულე ღმერთი იეჰოვა ხელმძღვანელობით უზრუნველგვყოფს, რაც გვეხმარება მოხუცებულ მშობლებზე ზრუნვაში, მაგრამ მისი დახმარება ამით არ შემოიფარგლება. „იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას მოუხმობს“, — შთაგონებით დაწერა ფსალმუნმომღერალმა. — მოისმენს მათ ღაღადს, როცა დახმარებას სთხოვენ, და იხსნის მათ“. იეჰოვა იხსნის თავის ერთგულ მსახურებს ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი (ფსალმუნი 145:18, 19).
19 ფილიპინელი მირნასთვის ეს ნათელი გახდა, როცა დამბლადაცემულ დედას უვლიდა. «იმაზე მძიმე არაფერია, როდესაც ხედავ, როგორ იტანჯება შენი საყვარელი ადამიანი და იმასაც კი ვერ გეუბნება, რა სტკივა, — წერს მირნა. — ხელიდან მეცლებოდა და არაფრის გაკეთება შემეძლო. ბევრჯერ მომიყრია მუხლი იეჰოვას წინაშე და მითქვამს, როგორ დავიღალე. ხმამაღლა შევღაღადებდი დავითის მსგავსად, რომელიც ეხვეწებოდა იეჰოვას, ჭურჭელში მოეგროვებინა მისი ცრემლები და გაეხსენებინა ის [ფსალმუნი 56:8]. და როგორც იეჰოვამ აღგვითქვა, მომცა საჭირო ძალა. „იეჰოვა მყავდა საყრდენად“ (ფსალმუნი 18:18).
20. რა იმედს აძლევს ბიბლია მათ, ვინც ხანდაზმულ მშობლებს უვლის, თუმცა ყველაფერი სავალალოდ მთავრდება?
20 რაც არ უნდა გაუკეთო მოხუცებულს, როგორც არ უნდა იზრუნო მასზე, სიკვდილი გარდაუვალია. ასე დაემართა მირნას დედასაც. მაგრამ ვისაც იეჰოვასი სწამს, იცის, რომ სიკვდილი არ არის ყველაფრის დასასრული. მოციქულმა პავლემ თქვა: „მათ მსგავსად მეც მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15). მკვდრეთით აღდგომის იმედი და ღვთის მიერ აღთქმული ახალი ქვეყნიერება, სადაც „აღარ იქნება სიკვდილი“, მანუგეშებელია მათთვის, ვინც მოხუცი მშობლები დაკარგა (გამოცხადება 21:4).
21. რა სასიკეთო შედეგები მოაქვს მოხუცი მშობლების პატივისცემას?
21 იეჰოვას მსახურები დიდ მზრუნველობას იჩენენ მშობლების მიმართ, თუნდაც ისინი ღრმად მოხუცები იყვნენ (იგავები 23:22—24). ისინი პატივისცემით ეპყრობიან მათ და ხედავენ, როგორ სრულდება შთაგონებით დაწერილი ბიბლიური იგავი: „შენი დედ-მამა გაიხარებს, იმხიარულებს შენი მშობელი დედა“ (იგავები 23:25). ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მოხუც მშობლებზე მზრუნველი შვილები, გულს უხარებენ იეჰოვას და დიდებას მიაგებენ მას.
a აქ ჩვენ არ განვიხილავთ სიტუაციებს, როცა მშობლებს ბრალი ედებათ ძალაუფლებისა და ნდობის ბოროტად გამოყენებაში, რაც შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს.