‘ბოროტი მოდგმისგან’ ხსნა
„ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ, როდემდე ვიყო თქვენთან და გითმინოთ?“ (ლუკა 9:41).
ჩვენ ვცხოვრობთ მძიმე დროში. მიწისძვრები, წყალდიდობები, შიმშილობა, ავადმყოფობა, უკანონობა, დაბომბვა, საზარელი ომები — ამ და სხვა უბედურებებმა შთანთქა კაცობრიობა XX საუკუნის განმავლობაში. მაგრამ ყველაზე დიდი გასაჭირი მათ ახლო მომავალში ემუქრება. რა გასაჭირია ეს? ეს არის „დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება“ (მათე 24:21). მაგრამ მრავალ ჩვენგანს შეუძლია მოელოდეს ბედნიერ მომავალს! რის საფუძველზე? ღმერთის სიტყვა აღწერს: „აჰა, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან. . . „ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები. . . აღარ მოშივდებათ, აღარც მოსწყურდებათ. . . და მოსწმედს მათ ღმერთი თვალთაგან ყველა ცრემლს“ (გამოცხადება 7:1, 9, 14–17).
2 ინსპირირებული ცნობა მათეს 24:3–22-დან, მარკოზის 13:3–20-სა და ლუკას 21:7–24-დან გვამცნობს იესოს მიერ „წუთისოფლის აღსასრულის“ წინასწარმეტყველურ აღწერილობასa. ეს წინასწარმეტყველება თავდაპირველად შესრულდა იუდეველთა გახრწნილ სისტემაზე ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რამაც კულმინაციას მიაღწია იუდეველებისთვის არნახულ ‘დიდ გასაჭირში’. იუდეველთა სისტემის რელიგიური და პოლიტიკური სტრუქტურები, რომლებიც თავს იყრიდა იერუსალიმის ტაძარში, დაემხო და არასდროს აღდგება.
3 მოდი, განვიხილოთ ის გარემოებები, რომელშიც პირველ საუკუნეში ხდებოდა იესოს წინასწარმეტყველების შესრულება. ეს დაგვეხმარება დღეს პარალელური შესრულების უკეთესად გაგებაში. ეს დაგვანახებს, რამდენად გადაუდებელია ახლა დადებითად მოქმედება, რათა გადავრჩეთ უდიდეს გასაჭირში, რომელიც მთელ კაცობრიობას ემუქრება (რომაელთა 10:9–13; 15:4; 1 კორინთელთა 10:11; 15:58).
„აღსასრული“ — როდის?
4 დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 539 წელს ღმერთის წინასწარმეტყველ დანიელს ჰქონდა ხილვა მოვლენების შესახებ, რომელსაც ადგილი ექნებოდა წელიწადებისგან შემდგარი ‘სამოცდაათი შვიდეულის [კვირის, აქ]’ ბოლო „შვიდეულის [კვირის, აქ]“ განმავლობაში (დანიელი 9:24–27). ეს ‘კვირები’ დაიწყო ძველი წელთაღრიცხვით 455 წელს, როცა სპარსეთის მეფე არტაქსერქსმა ქალაქ იერუსალიმის აღდგენის ბრძანება გასცა. უკანასკნელი ‘კვირა’ დაიწყო მესიის, იესო ქრისტეს მოვლინებით — მისი ნათლობითა და ცხებით ახალი წელთაღრიცხვით 29 წელსb. ახალი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნის ღვისმოშიშ იუდეველებს კარგად ჰქონდათ შეგნებული დანიელის იმ წინასწარმეტყველების განსაკუთრებულობა, რომელიც ამ დროს ეხებოდა. მაგალითად, ხალხის შესახებ, რომლებიც ახალი წელთაღრიცხვით 29 წელს იკრიბებოდნენ იოანე ნათლისმცემლის ქადაგების მოსასმენად, ლუკას 3:15-ში ნათქვამია: „ხალხი მოლოდინში იყო და ყველა თავის გულში ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო“.
5 სამოცდამეათე ‘კვირა’ უნდა ყოფილიყო იუდეველებისთვის განსაკუთრებული კეთილგანწყობის შვიდი წელი. ახალი წელთაღრიცხვით 29 წლიდან, ამაში შედიოდა იესოს ნათლობა და მსახურება, მისი გამომსყიდველური სიკვდილი ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს, „შვიდეულის [კვირის, აქ] ნახევარში“, და კიდევ ‘ნახევარი შვიდეული [კვირა, აქ]’ ახალი წელთაღრიცხვით 36 წლამდე. ამ ‘კვირის’ განმავლობაში იესოს ცხებულ მოწაფეებად გახდომის შესაძლებლობა ვრცელდებოდა განსაკუთრებით ღვთისმოშიშ იუდეველებსა და იუდეველ პროზელიტებზე. შემდეგ, ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს, თარიღში, რომელიც წინასწარ არ იყო ცნობილი, რომაელთა ჯარებმა ტიტუსის მეთაურობით გაანადგურეს განდგომილ იუდეველთა სისტემა (დანიელი 9:26, 27).
6 ამგვარად, იუდეველთა სამღვდელოება, რომელმაც წაბილწა იერუსალიმის ტაძარი და ღმერთის ძის მკვლელობის შეთქმულება მოაწყო, განადგურდა. ტაძართან ერთად განადგურდა ეროვნული და საგვარტომო მატიანეც. იმ დროიდან არც ერთ იუდეველს არ შეეძლო კანონიერად განეცხადებინა სამღვდელო ან სამეფო მემკვიდრეობის შესახებ. მიუხედავად ამისა, საბედნიეროდ, ცხებული სულიერი იუდეველები გამოყოფილი იყვნენ, როგორც სამეფო სამღვდელოება, რათა ‘გამოეცხადებინათ მისი [იეჰოვა ღმერთის] სათნოებანი’ (1 პეტრე 2:9). როცა ახალი წელთაღრიცხვით 66 წელს რომაელთა ჯარებმა პირველად ალყა შემოარტყეს იერუსალიმს და ძირიც კი გამოუთხარეს ტაძარს, ქრისტიანებმა ამ სამხედრო ძალებში ამოიცნეს ‘გატიალების სიბილწე, წმიდა ადგილზე მდგომი, წინასწარმეტყველმა დანიელმა რომ თქვა’. იესოს წინასწარმეტყველური მითითების თანახმად, თავდაცვის მიზნით, ქრისტიანები იერუსალიმიდან და იუდეადან მთაში გაიქცნენ (მათე 24:15, 16; ლუკა 21:20, 21).
7 ეს ერთგული ებრაელი ქრისტიანები აკვირდებოდნენ დანიელის წინასწარმეტყველების შესრულებას და ტრაგიკული ომების, შიმშილობის, ეპიდემიების, მიწისძვრებისა და უკანონობის თვითმხილველები იყვნენ, რომლებიც იესომ იწინასწარმეტყველა როგორც ‘აღსასრულის ნიშნის’ ნაწილი (მათე 24:3). მაგრამ უთხრა თუ არა მათ იესომ, ამჯერად როდის მოიყვანდა სისრულეში იეჰოვა თავის განაჩენს ამ გახრწილ სისტემაზე? არა. რაც მან იწინასწარმეტყველა თავისი მომავალი სამეფო თანდასწრების კულმინაციური წერტილის შესახებ, ასევე, ეხებოდა პირველი საუკუნის ‘დიდ გასაჭირს’: „იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ“ (მათე 24:36).
8 დანიელის წინასწარმეტყველებიდან იუდეველებს შეეძლოთ გამოეთვალათ იესოს, როგორც მესიის, მოვლინების დრო (დანიელი 9:25). მაგრამ მათთვის არ ყოფილა მიცემული არავითარი თარიღი ‘დიდი გასაჭირის’ შესახებ, რომელიც საბოლოოდ გაანადგურებდა განდგომილ იუდეველთა სისტემას. ისინი მხოლოდ იერუსალიმისა და მისი ტაძრის განადგურების შემდეგ მიხვდნენ რომ ეს თარიღი იყო ახალი წელთაღრიცხვით 70 წელი. მიუხედავად ამისა, მათ იცოდნენ იესოს წინასწარმეტყველური სიტყვები: „არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება“ (მათე 24:34). ცხადია, აქ გამოყენებული „მოდგმა“, ანუ თაობა, განსხვავდება ეკლესიასტეს 1:4-გან, სადაც ლაპარაკია თაობების ცვლასა და დროის მსვლელობაზე.
„ეს მოდგმა“ — რა არის ეს?
9 როცა იესო ოთხ მოწაფესთან ერთად იჯდა ზეთისხილის მთაზე და იწინასწარმეტყველა „წუთისოფლის აღსასრულის“ შესახებ, როგორ გაიგეს მოწაფეებმა გამოთქმა „ეს მოდგმა“? სახარებებში სიტყვა „მოდგმა“ გადმოთარგმნილია ბერძნული სიტყვიდან „გე·ნე·აʹ“, რომელსაც თანამედროვე ლექსიკონები შემდეგი ტერმინებით განსაზღვრავენ: „სიტყვასიტყვით ისინი, რომლებიც წარმოშობილი არიან საერთო წინაპრისგან“ (უოლტერ ბაუერის „ახალი აღთქმის ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონი“ [Greek-English Lexicon of the New Testament]). „ისინი, რომლებიც დაიბადნენ, გვარის წევრები. . . გენეალოგიის მომდევნო წევრები. . . ან ადამიანთა შთამომავლობა. . . ან ადამიანთა მთელი მასები, რომლებიც ერთსა და იმავე დროს ცხოვრობენ, მათ. 24:34; მარ. 13:30; ლუკ. 1:48; 21:32; ფილ. 2:15, და განსაკუთრებით იუდეველთა მოდგმა, რომელიც ერთსა და იმავე პერიოდში ცხოვრობს“. (უ. ი. ვაინის „ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებითი ლექსიკონი“ [Expository Dictionary of New Testament Words]) „ისინი, რომლებიც დაიბადნენ, ერთი და იმავე წარმოშობის ადამიანები, გვარის წევრები. . . ადამიანთა მთელი მასები, რომლებიც ერთსა და იმავე დროს ცხოვრობენ: მთ. xxiv. 34; მრკ. xiii. 30; ლკ. i. 48. . . გამოიყენებოდა განსაკუთრებით იუდეველთა მოდგმისთვის, რომელიც ერთსა და იმავე დროს ცხოვრობდა“ (ჯ. ჰ. თეიერის „ახალი აღთქმის ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონი“ [Greek-English Lexicon of the New Testament]).
10 ამგვარად, ვაინი და თეიერი ‘ამ მოდგმას’ (ჰე გე·ნე·აʹ ჰაუʹტე) ციტირებენ მათეს 24:34-დან და განმარტავენ როგორც ‘ადამიანთა მთელ მასებს, რომლებიც ერთსა და იმავე დროს ცხოვრობენ’. „ახალი აღთქმის თეოლიგოიური ლექსიკონი“ (Theological Dictionary of the New Testament, 1964) მხარს უჭერს ამ განმარტებას და იუწყება: „იესოს მიერ ‘მოდგმის’ გამოყენება გამოხატავს მის ყოვლისმომცველ მიზანს: მას მხედველობაში აქვს მთელი ხალხი და შეგნებული აქვს მათი ერთიანობა ცოდვაში“. ნამდვილად, „ერთიანობა ცოდვაში“ აშკარა იყო იუდეველებში იმ დროს, როცა იესო დედამიწაზე ცხოვრობდა, ზუსტად ასევე, ეს დამახასიათებელია დღევანდელი მსოფლიო სისტემისთვისc.
11 რასაკვირველია, ქრისტინები ამ საკითხის შესწავლისას თავიანთ აზროვნებას წარმართავდნენ უშუალოდ ისე, როგორც სახარების ინსპირირებულმა მწერალმა გამოიყენა ბერძნული გამოთქმა „ჰე გე·ნე·აʹ ჰაუʹტე“, ანუ „ეს მოდგმა“, რომელიც მოცემულია იესოს სიტყვებში. ეს გამოთქმა ყოველთვის გამოიყენებოდა უარყოფითად. მაშასადამე იესომ რელიგიურ ბელადებს „იქედნეთა ნაშობო გველებო!“ უწოდა და შემდეგ დაამატა, რომ ეს გეენის განაჩენი შესრულდებოდა ‘ამ მოდგმაზე’ (მათე 23:33, 36). მაგრამ შემოიფრგლებოდა ეს განაჩენი მხოლოდ თვალთმაქცი მღვდლებით? არავითარ შემთხვევაში. მრავალ შემთხვევაში მოუსმენიათ იესოს მოწაფეებს მისი სიტყვები ‘ამ მოდგმის’ შესახებ და ამ ტერმინს ის ყოველთვის ფართო გაგებით იყენებდა. რა გაგებით?
‘ეს ბოროტი მოდგმა’
12 ახალი წელთაღრიცხვით 31 წელს გალილეაში იესოს უდიდესი მსახურების განმავლობაში, პასექიდან ცოტა ხნის შემდეგ, მისმა მოწაფეებმა მოისმინეს იესოს მიმართვა ‘ხალხისადმი’: „ვის ვამსგავსო ეს მოდგმა? იგი წააგავს ბავშვებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და მოუხმობენ თავიანთ ამხანაგებს. და ეუბნებიან: ‘სალამურს გიკრავდით და არ ცეკვავდით, ვგოდებდით და არ იგლოვეთ.’ ვინაიდან მოვიდა იოანე [ნათლისმცემელი], არც ჭამს, არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო. მოვიდა ძე კაცისა [იესო], ჭამს და სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი, რომელსაც უყვარს ჭამა და ღვინის სმა, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარი“. ვერაფრით მოუგებდი გულს ამ უპრინციპო „ხალხს“! (მათე 11:7, 16–19).
13 მოგვიანებით, ახალი წელთაღრიცხვით 31 წელს, როცა იესომ და მისმა მოწაფეებმა დაიწყეს გალილეაში მეორე სამქადაგებლო მოგზაურობა, „ზოგიერთმა მწიგნობარმა და ფარისეველმა“ იესოს ნიშანი სთხოვა. იესომ მათ და იქ მყოფ „ხალხს“ უთხრა: „ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის ნიშნისა. ვინაიდან, როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში სამ დღესა და სამ ღამეს, ასევე კაცის ძე იქნება სამ დღესა და სამ ღამეს დედამიწის გულში. . . ასე დაემართება ამ ბოროტ მოდგმასაც“ (მათე 12:38–46). ცხადია, ‘ამ ბოროტ მოდგმაში’ შედიან, როგორც რელიგიური წინამძღოლები, ასევე „ხალხი“, რომლებიც ვერასდროს გაიგებდნენ ნიშანს, რომელიც შესრულდა იესოს სიკვდილითა და აღდგენითd.
14 ახალი წელთაღრიცხვით 32 წელს, პასექის შემდეგ, როცა იესო და მისი მოწაფეები მივიდნენ მაგდალის მხარეში, გალილეაში, სადუკევლებმა და ფარისევლებმა ისევ სთხოვეს იესოს ნიშანი. მან გაუმეორა: «„ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა.“ მიატოვა ისინი და წავიდა» (მათე 16:1–4). ეს რელიგიური პირმოთნეები, რასაკვირველია, ყველაზე მეტად იყვნენ გასაკიცხი, როგორც წინამძღოლები ორგულ ‘ხალხს’ შორის, რომელიც იესომ გაასამართლა, როგორც „ეს ბოროტი მოდგმა“.
15 გალილეაში მსახურების დასასრულს, იესომ მოუხმო ხალხს და თავის მოწაფეებს და უთხრა: „ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვების, ამ მრუშ და ცოდვილ მოდგმაში, ძე კაცისასაც შერცხვება მისი“ (მარკოზი 8:34, 38, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). როგორც ჩანს, იმდროინდელი მოუნანიებელი იუდეველები შეადგენდნენ ‘ამ მრუშ და ცოდვილ მოდგმას’. იესოს გარდასახვიდან რამდენიმე დღის შემდეგ იესო და მისი მოწაფეები „ხალხთან მივიდნენ“ და ერთმა კაცმა სთხოვა გამოეჯანმრთელებინა მისი ვაჟი. იესომ აღნიშნა: „ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე მოგითმენთ თქვენ?“ (მათე 17:14–17; ლუკა 9:37–41).
16 როგორც ჩანს, ეს იყო იუდეაში, ახალი წელთაღრიცხვით 32 წელს კარვობის დღესასწაულზე, „როცა ხალხმა შეგროვება იწყო“ იესოს გარშემო, მან გაიმეორა თავისი განაჩენი: „ეს მოდგმა ბოროტი მოდგმაა: ითხოვს ნიშანს, ნიშანი კი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა“ (ლუკა 11:29). საბოლოოდ, როცა რელიგიურმა წინამძღოლებმა სამსჯავროს გადასცეს, პილატემ წინადადება მისცა გაეთავისუფლებინათ ის. ცნობაში ნათქვამია: «მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა გამოეთხოვათ, ხოლო იესო დაეღუპათ. . . უთხრა მათ პილატემ: „იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს?“ ყველამ თქვა: „ჯვარცმულ იქნეს!“ ხოლო მან თქვა: „რა ბოროტება ჩაუდენია?“ მაგრამ ისინი კიდევ უფრო მეტად ყვიროდნენ: „ჯვარცმულ იქნეს!“» ‘ამ ბოროტ მოდგმას’ იესოს სისხლი სწყუროდა (მათე 27:20–25).
17 ‘ურწმუნო და უკუღმართმა მოდგმამ’ თავისი რელიგიური წინამძღოლების წაქეზებით მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო უფალ იესო ქრისტეს მოკვლაში. ორმოცდაათი დღის შემდეგ, ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, მოწაფეებმა მიიღეს სულიწმიდა და სხვადასხვა ენებზე იწყეს ლაპარაკი. ხმაურზე „ბევრმა მოიყარა თავი“ და მოციქულმა პეტრემ მიმართა მათ, როგორც ‘იუდეველებსა და იერუსალიმის ყველა მკვიდრს’: „იგი [იესო]. . . ურჯულოთა ხელით მიალურსმეთ და მოკალით“. როგორი იყო ზოგიერთი მსმენელის რეაქცია? „ეს რომ მოისმინეს, გულზე მოხვდათ“. შემდეგ პეტრემ მონანიებისკენ მოუწოდა მათ. ის „უმოწმებდა, შეაგონებდა და ეუბნებოდა: იხსენით თავი ამ გარყვნილი მოდგმისაგანო“. ამის საპასუხოდ სამი ათასმა ‘მიიღო მისი სიტყვა და მოინათლა’ (საქმეები 2:6, 14, 23, 37, 40, 41).
„ეს მოდგმა“ ამოცნობილია
18 მაშ, რა იგულისხმება სიტყვაში „მოდგმა“, რომელსაც ასე ხშირად იყენებდა იესო თავისი მოწაფეების თანდასწრებით? რას გებულობდნენ ისინი მისი სიტყვებიდან: „არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება“? რასაკვირველია, იესოს არ გადაუხვევია თავის მიერ დადგენილი ტერმინის, ‘ამ მოდგმის’, გამოყენებისგან, რომლის თანახმადაც ის ყოველთვის მიმართავდა იმ დროს მცხოვრებ ხალხთა მასებს თავიანთ ‘ბრმა წინამძღოლებთან’ ერთად, რომლებიც შეადგენდნენ იუდეველ ერს (მათე 15:14). ‘ამ მოდგმამ’ გადაიტანა ყველა ის გასაჭირი, რომელიც იესომ იწინასწარმეტყველა და განადგურდა არნახულ ‘დიდ გასაჭირში’, რომელიც იერუსალიმს დაატყდა თავს (მათე 24:21, 34).
19 პირველ საუკუნეში იეჰოვა განსჯიდა იუდეველ ხალხს. მომნანიებელი პირები, რომლებიც ავლენდნენ რწმენას იეჰოვას გულმოწყალე უზრუნველყოფისათვის იესო ქრისტეს მეშვეობით, გადაურჩნენ ‘დიდ გასაჭირს’. ყველაფერი მოხდა სწორედ ისე, როგორც იესომ იწინასწარმეტყველა და შემდეგ იუდეველთა სისტემის „ცა და დედამიწა“ — მთელი ერი, თავისი რელიგიური წინამძღოლებითა და ბოროტ ხალხთა საზოგადოებით — განადგურდა. იეჰოვამ სისრულეში მოიყვანა თავისი განაჩენი! (მათე 24:35; შეადარე 2 პეტრე 3:7).
20 ის იუდეველები, რომლებმაც ყურადღება მიაქციეს იესოს წინასწარმეტყველურ სიტყვებს, მიხვდნენ, რომ მათი გადარჩენა დამოკიდებულია არა ‘მოდგმის’ ხანგრძლივობის გამოთვლის მცდელობაზე ან ‘დროისა და ვადების’, თარიღის დადგენაზე, არამედ იმდროინდელი ბოროტი მოდგმისგან გამოყოფილად დარჩენასა და ღმერთის ნების გულმოდგინედ შესრულებაზე. თუმცა იესოს წინასწარმეტყველების ბოლო სიტყვები მიმართულია უფრო დიდი შესრულებისკენ ჩვენს დროში, პირველი საუკუნის ქრისტიანებსაც ყურადღება უნდა მიექციათ ამ გაფრთხილებისთვის: „მაშ, ყოველჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ყოველგვარ ამ მოსახდენთაგან თავის დაღწევა და წარდგომა კაცის ძის წინაშე“ (ლუკა 21:32–36; საქმეები 1:6–8).
21 დღეს „ახლოს არის უფლის დიდი დღე. . . და მოვა ძალიან მალე“ (სოფონია 1:14–18; ესაია 13:9, 13). იეჰოვას მიერ წინასწარ განსაზღვრულ ‘დღესა და ჟამს’, მისი რისხვა მოულოდნელად გადმოიფრქვევა ქვეყნიერების რელიგიურ, პოლიტიკურ, კომერციულ ელემენტებსა და ჭირვეულ ხალხზე, რომლებიც შეადგენენ თანამედროვე ‘ბოროტსა და მრუშ მოდგმას’ (მათე 12:39; 24:36; გამოცხადება 7:1–3, 9, 14). როგორ შეიძლება გადარჩე ‘დიდ გასაჭირში’? ამაზე გაგვცემს პასუხს მომდევნო სტატია და ასევე მოგვითხრობს მომავლისთვის დიდებული იმედის შესახებ.
[სქოლიოები]
a ამ წინასწარმეტყველების შესახებ დაწვრილებითი ცნობებისთვის, გეთაყვა, იხილე ცხრილი 1994 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 24, 25.
b წლებისგან შემდგარი ‘კვირების’ შესახებ მეტი ინფომაციის მისაღებად, იხილე წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ გვ. 140, 141; გამოცემული საგუშაგო კოშკის ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ (ნიუ-იორკი).
c ზოგიერთი ბიბლია მათეს 24:34-ში „ჰე გე·ნე·აʹ ჰაუʹტე“-ს გადმოსცემს, როგორც „ეს ხალხი“ („წმინდა ბიბლია თანამედროვე ენაზე“, უ. ფ. ბეკი [The Holy Bible in the Language of Today, 1976]); „ეს ერი“ („ახალი აღთქმა — გავრცობილი თარგმანი“, კ. ს. უესტი [The New Testament — An Expanded Translation, 1961]); „ეს ხალხი“ („იუდაური ახალი აღთქმა“, დ. ჰ. სტერნი [Jewish New Testament, 1979]).
d ეს ორგული ‘ხალხი’ არ უნდა გავათანაბროთ „ʽამ-ჰა·ʼაʹრეც“-თან, ანუ „მიწის ხალხთან“, რომელთანაც ურთიერთობას უარყოფდნენ ამაყი რელიგიური წინამძღოლები, მაგრამ რომლებიც იესოს „შეებრალა“ (მათე 9:36; იოანე 7:49).
როგორ უპასუხებდი?
◻ რას ვსწავლობთ დანიელის 9:24–27-ის შესრულებიდან?
◻ ბიბლიურ საფუძველზე როგორ განმარტავენ თანამედროვე ლექსიკონები ‘ამ მოდგმას’?
◻ როგორ იყენებდა იესო ყოველთვის ტერმინს „მოდგმა“?
◻ როგორ შესრულდა მათეს 24:34, 35 პირველ საუკუნეში?
[სასწავლო კითხვები]
1. ა) რას მოასწავებს ჩვენი გაჭირვებული დრო? ბ) რას ამბობს საღვთო წერილი გადარჩენილების შესახებ?
2. მათეს 24-ე, მარკოზის მე-13 და ლუკას 21-ე თავების დასაწყისში მოცემული რომელი წინასწარმეტყველების თავდაპირველ შესრულებას ჰქონდა ადგილი?
3. რატომ არის გადაუდებელი, რომ დღეს ყურადღება მივაქციოთ იესოს წინასწარმეტყველებას?
4, 5. ა) რატომ აინტერესებდათ ახალი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნის ღვთისმოშიშ იუდეველებს დანიელის 9:24–27-ის შესრულება? ბ) როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება?
6. ა) როგორ ამოქმედდა ‘გატიალების სიბილწე’ ახალი წელთაღრიცხვით 66 წელს და რა რეაგირება მოახდინეს ამაზე ქრისტიანებმა? ბ) ვინ გადარჩა და რომელი დაუყოვნებელი მოქმედების შედეგად?
7, 8. რა ‘ნიშანს’ აკვირდებოდნენ ქრისტიანები, მაგრამ რა არ იცოდნენ მათ?
9. როგორ განმარტავს ლექსიკონები ბერძნულ სიტყვა „გე·ნე·აʹ“-ს?
10. ა) რა ერთსა და იმავე განმარტებას იძლევა ორი ავტორი მათეს 24:34-ის ციტირებისას? ბ) როგორ უჭერს მხარს ამ განმარტებას თეოლოგიური ლექსიკონი და ბიბლიის ზოგიერთი მთარგმნელი?
11. ა) უშუალოდ რომელი ავტორიტეტით უნდა ვიხელმძღვანელოთ „ჰე გე·ნე·აʹ ჰაუʹტე“-ს განმარტების გამოყენებისას? ბ) როგორ იყენებდა ეს ავტორიტეტი ამ ტერმინს?
12. როგორც მისმა მოწაფეებმა მოისმინეს, როგორ დააკავშირა იესომ ‘ხალხი’ და „ეს მოდგმა“?
13. თავისი მოწაფეების თანდასწრებით იესომ ვინ გააიგივა ‘ბოროტ მოდგმასთან’ და ვის დასდო მსჯავრი?
14. თავისი მოწაფეების თანდასწრებით, რა მსჯავრი დასდო იესომ სადუკევლებსა და ფარისევლებს?
15. გარდასახვამდე და გარდასახვის შემდეგ რა არასასიამოვნო შეხვედრა ჰქონდათ იესოსა და მის მოწაფეებს ‘ამ მოდგმასთან’?
16. ‘ხალხის’ მიმართ რა განაჩენი გაიმეორა იესომ იუდეაში? ბ) როგორ ჩაიდინა ‘ამ მოდგმამ’ ყველაზე ბოროტი დანაშაული?
17. როგორ გამოეხმაურა ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ‘ამ გარყვნილი მოდგმიდან’ ზოგიერთი პეტრეს ქადაგებას?
18. ყოველთვის, რასთან დაკავშირებით იყენებს იესო ტერმინს „ეს მოდგმა“?
19. როდის და რატომ განადგურდა იუდეველთა სისტემის „ცა და დედამიწა“?
20. გადაუდებლობასთან ერთად, რომელი დროული გაფრთხილებაა მიმართული ყველა ქრისტიანისადმი?
21. მოულოდნელად, რა მოვლენების განვითარებას შეიძლება მოველოდეთ ახლო მომავალში?