-
არის პაპი „პეტრე მოციქულის მემკვიდრე“?საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 აგვისტო
-
-
იყო პეტრე მოციქული პირველი პაპი?
იმის დასამტკიცებლად, რომ ეკლესია პეტრეზეა დაფუძნებული, კათოლიკეები დიდი ხანია მათეს 16:18-ში ჩაწერილ სიტყვებს იშველიებენ, სადაც ვკითხულობთ: „შენა ხარ პეტრე, და მე ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს კრებას“. ლათინურ ენაზე ეს სიტყვები რომში, წმინდა პეტრეს ტაძრის გუმბათზეც არის ამოტვიფრული.
ეკლესიის მამად აღიარებულ ავგუსტინეს ერთ დროს სჯეროდა, რომ კრება პეტრეზე იყო აშენებული. თუმცა თავისი სიცოცხლის დასასრულს იესოს სიტყვების მნიშვნელობაზე თვალსაზრისი შეიცვალა. ერთ-ერთ ნაშრომში ავგუსტინე დარწმუნებით ამბობდა, რომ ეკლესია, იგივე ქრისტიანული კრება, პეტრეზე კი არა, იესოზე იყო აშენებული (Retractations).a
სახარებებიდან ჩანს, რომ პეტრე მოციქული გამოკვეთილი ფიგურა იყო. იესომ ამოარჩია სამი მოციქული — იოანე, იაკობი და პეტრე, რათა ისინი რამდენიმე განსაკუთრებული შემთხვევის მოწმენი გამხდარიყვნენ (მარკოზი 5:37, 38; 9:2; 14:33). იესომ პეტრეს მიანდო „ზეციერი სამეფოს გასაღებები“, რომლითაც მას ღვთის სამეფოში შესასვლელი კარი უნდა გაეხსნა თავდაპირველად იუდეველებისა და პროზელიტებისთვის, შემდეგ სამარიელებისთვის, ბოლოს კი უცხოტომელთათვის (მათე 16:19; საქმეები 2:5, 41; 8:14—17; 10:45). პეტრე ყოველთვის იჩენდა ინიციატივას და ზოგჯერ მოციქულების სახელითაც ლაპარაკობდა (საქმეები 1:15; 2:14). მაგრამ მეტყველებს ეს იმაზე, რომ პირველ საუკუნეში ის იყო ქრისტიანული კრების თავი?
პავლე მოციქულმა დაწერა, რომ პეტრეს ჰქონდა მიცემული „საჭირო ძალა წინადაცვეთილებთან მოციქულობისთვის“ (გალატელები 2:8). თუმცა, ამ მუხლის კონტექსტიდან ისიც ჩანს, რომ პეტრე არ ხელმძღვანელობდა კრებას. პავლე საუბრობდა იმაზე, თუ რა როლი უნდა შეესრულებინა პეტრეს იუდეველებთან ქადაგების დროს.
მართალია, პეტრეს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრა, მაგრამ ბიბლიაში არსად ჩანს, რომ ის საკუთარ თავს კრების თავს უწოდებდა ანუ მოციქულების სახელით იღებდა გადაწყვეტილებას. თავის წერილში ის საკუთარ თავს მხოლოდ „მოციქულსა“ და „უხუცესს“ უწოდებდა (1 პეტრე 1:1; 5:1).
-
-
არის პაპი „პეტრე მოციქულის მემკვიდრე“?საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 აგვისტო
-
-
a იესოსა და პეტრეს საუბრის დროს გამოიკვეთა არა პეტრეს, არამედ ქრისტეს როლი (მათე 16:13—17). მოგვიანებით, თავად პეტრემ თქვა, რომ იესო იყო ქვაკუთხედი, რომელზეც კრება იყო აშენებული (1 პეტრე 2:4—8). პავლე მოციქულმაც დაადასტურა, რომ „საძირკვლის ქვაკუთხედი“ იესო იყო და არა პეტრე (ეფესოელები 2:20).
-