თავი 1
„მოვიდეს შენი სამეფო“
1, 2. რისკენ მოუწოდა იეჰოვამ იესოს სამ მოციქულს და როგორ გამოეხმაურნენ ისინი მის მოწოდებას?
როგორ მოიქცეოდით, იეჰოვას რომ ეთხოვა რაიმეს გაკეთება? ეჭვგარეშეა, ნებისმიერ დავალებას პირნათლად შეასრულებდით.
2 ახ. წ. 32 წელს, პასექის დღესასწაულიდან მალევე, იესოს მოწაფეებმა — პეტრემ, იაკობმა და იოანემ — უშუალოდ იეჰოვასგან მიიღეს დავალება (წაიკითხეთ მათეს 17:1—5). უფალ იესოსთან ერთად „მაღალ მთაზე“ ასულებმა ხილვაში ნახეს იესო, როგორც განდიდებული ზეციერი მეფე. ხილვა იმდენად ჰგავდა ცხადს, რომ პეტრემ იესოს კარვების დადგმა შესთავაზა. ის ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, როცა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი. პეტრეს, იაკობსა და იოანეს უიშვიათესი პატივი ხვდათ წილად — მათ უშუალოდ იეჰოვას ხმა მოისმინეს. იეჰოვამ მოწაფეებს დაუდასტურა, რომ იესო მისი ძე იყო, და მოუწოდა: „მას უსმინეთ“! მოციქულები გამოეხმაურნენ ღვთის ამ მოწოდებას — ისინი სწავლობდნენ იესოსგან და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებდნენ (საქ. 3:19—23; 4:18—20).
3. რატომ სურს იეჰოვას, რომ მოვუსმინოთ მის ძეს და რომელი საკითხი იმსახურებს ჩვენს ყურადღებას?
3 იეჰოვას მოწოდება — „მას უსმინეთ“, არანაკლებ საგულისხმოა ჩვენთვის (რომ. 15:4). რატომ? იესოს, როგორც იეჰოვას წარმომადგენელს, ყოველთვის მამის სიტყვები ჰქონდა ბაგეზე და მის აზრებს აცნობდა ხალხს (იოან. 1:1, 14). ის ყველაზე ხშირად ღვთის ზეციერ სამეფოზე საუბრობდა, რომელსაც სათავეში თავად ჩაუდგებოდა 144 000 თანამმართველთან ერთად; ამიტომ ღვთის სამეფოს საკითხი ჩვენს ყურადღებას იმსახურებს (გამოცხ. 5:9, 10; 14:1—3; 20:6). მაგრამ ჯერ განვიხილოთ, რატომ იყო ღვთის სამეფო იესოს ქადაგების მთავარი თემა.
„პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს“
4. საიდან ვიცით, რომ ღვთის სამეფოს იესოს გულში განსაკუთრებული ადგილი ეკავა?
4 ღვთის სამეფოს იესოს გულში განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ცნობილია, რომ ბაგე გულისნადებს ააშკარავებს, იმას, თუ რა არის ჩვენს ცხოვრებაში უმთავრესი. ამიტომ თქვა იესომ: „პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს“ (მათ. 12:34). ის არც ერთ ხელსაყრელ შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან ღვთის სამეფოზე სასაუბროდ. სახარებებში „ღვთის სამეფო“ 100-ზე მეტჯერ გვხვდება და აქედან ყველაზე ხშირად მას იესო ახსენებს. მისი ქადაგების მთავარი თემა სწორედ ღვთის სამეფო იყო. ის ამბობდა: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“ (ლუკ. 4:43). იესოს მკვდრეთით აღდგომის შემდეგაც არ შეუწყვეტია მოწაფეებთან ღვთის სამეფოზე საუბარი (საქ. 1:3). მისთვის სამეფო იმდენად ძვირფასი იყო, რომ არ შეეძლო ამაზე არ ელაპარაკა.
5—7. ა) საიდან ვიცით, რომ სამეფოს იეჰოვას გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია? მოიყვანეთ მაგალითი. ბ) რით შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ღვთის სამეფოს ჩვენს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია?
5 სამეფოს იეჰოვას გულშიც განსაკუთრებული ადგილი უკავია. საიდან ვიცით ეს? დავიწყოთ იმით, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე იეჰოვამ გამოგზავნა დედამიწაზე; იეჰოვამ ასწავლა იესოს ყველაფერი, რასაც ის ხალხს ეუბნებოდა თუ ასწავლიდა (იოან. 7:16; 12:49, 50). გარდა ამისა, იეჰოვას შთაგონებითაა დაწერილი ის, რასაც სახარებებში იესოს ცხოვრებისა თუ მსახურების შესახებ ვკითხულობთ.
თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: უკავია ღვთის სამეფოს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი?
6 წარმოიდგინეთ, რომ საოჯახო ალბომის შექმნა გსურთ. გაქვთ უამრავი ფოტოსურათი, მაგრამ ალბომში ყველა სურათს ვერ ტევთ, ამიტომ გიწევთ სურათების შერჩევა. სახარებები ის „ალბომია“, რომელიც ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იესოზე. იეჰოვამ სახარებების დამწერებს იესოს ცხოვრებისა და მსახურების ყველა დეტალი არ დააწერინა (იოან. 20:30; 21:25), სამაგიეროდ, ის ცნობები დააწერინა, რაც ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იესოს მსახურების მიზანსა და იმაზე, თუ რა არის იეჰოვასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი (2 ტიმ. 3:16, 17; 2 პეტ. 1:21). ვინაიდან სახარებებში მრავლადაა იესოს სწავლებები ღვთის სამეფოს შესახებ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამეფოს იეჰოვას გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. დღესავით ნათელია — იეჰოვას სურს, კარგად გავიაზროთ, რა არის მისი სამეფო.
7 თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: უკავია ღვთის სამეფოს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი? თუ ჩვენი პასუხი დადებითია, მთელი გულით ჩავწვდებით იესოს სწავლებას ღვთის სამეფოს შესახებ — მის მნიშვნელობას და იმას, თუ როდის და როგორ მოვიდოდა ის.
„მოვიდეს შენი სამეფო“ — როგორ?
8. როგორ ახსნა იესომ, რატომ იყო ღვთის სამეფო აუცილებელი?
8 მოდი, ახლა ვისაუბროთ იესოს ლოცვის ნიმუშზე. მან მარტივი ენით მოკლედ ახსნა, რატომ იყო ღვთის სამეფო აუცილებელი და რას გააკეთებდა ის. ეს ლოცვა მოიცავს შვიდ სათხოვარს. პირველი სამი უკავშირდება იეჰოვას განზრახვებს — მისი სახელის გაწმენდას, სამეფოს მოსვლასა და მისი ნების შესრულებას როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე (წაიკითხეთ მათეს 6:9, 10). სამივე სათხოვარი ერთმანეთს უკავშირდება. სწორედ მესიანური სამეფოა ის საშუალება, რომლის მეშვეობითაც იეჰოვა განწმენდს თავის სახელს და აღასრულებს თავის ნებას.
9, 10. ა) რა გაგებით მოვა ღვთის სამეფო? ბ) რომელი ბიბლიური დაპირების შესრულებას ელით მოუთმენლად?
9 რა გაგებით მოვა ღვთის სამეფო? როდესაც ლოცვაში იეჰოვას ვეუბნებით „მოვიდეს შენი სამეფო“, ღმერთს იმას ვთხოვთ, რომ მისმა სამეფომ გადამწყვეტი ზომები მიიღოს. როცა ღვთის სამეფო მოვა, მისი ძალაუფლება მთელ დედამიწაზე გავრცელდება. ის მიწის პირიდან აღგვის ბოროტ ქვეყნიერებას და ყველა მიწიერ მთავრობას. დედამიწაზე სამართლიანი ახალი ქვეყნიერება დამყარდება (დან. 2:44; 2 პეტ. 3:13). ამ სამეფოს მმართველობის დროს მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა (ლუკ. 23:43), ღვთის მეხსიერებაში მყოფ მიცვალებულებს სიცოცხლე დაუბრუნდებათ და ისინი კვლავ იხილავენ თავიანთ ახლობლებს (იოან. 5:28, 29). ღვთის მორჩილი ადამიანები გასრულყოფილდებიან და უსასრულო სიცოცხლით დატკბებიან (გამოცხ. 21:3—5). საბოლოოდ, დედამიწაზეც ისევე შესრულდება ღვთის ნება, როგორც ზეცაში სრულდება. მოუთმენლად ელით იმ დროს, როცა ამ ბიბლიურ დაპირებებს ხორცი შეესხმება? გახსოვდეთ, ყოველთვის, როცა სამეფოს მოსვლის შესახებ ლოცულობთ, ღმერთს მისი დიდებული დაპირებების შესრულებას სთხოვთ.
10 ცხადია, ლოცვის ნიმუშის პასუხად ღვთის სამეფო ჯერ არ მოსულა. მიწიერი მთავრობები ისევ არსებობენ და სამართლიანი ახალი ქვეყნიერებაც ჯერ არ დამყარებულა. თუმცა სასიხარულო ის არის, რომ ღვთის სამეფო უკვე არსებობს, რის შესახებაც შემდეგ თავში ვისაუბრებთ. მოდი, ახლა ვიმსჯელოთ, რა თქვა იესომ ამ სამეფოს დაარსებასა და მისი მოსვლის დროსთან დაკავშირებით.
ღვთის სამეფოს დაარსების დრო
11. რა არ უთქვამს იესოს ღვთის სამეფოს დაარსების დროსთან დაკავშირებით?
11 დედამიწაზე ყოფნის დროს იესოს არასოდეს უთქვამს, რომ ღვთის სამეფო ახ. წ. I საუკუნეში დაარსდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგ მის მოწაფეს ამის მოლოდინი ჰქონდა (საქ. 1:6). ახლა მიმოვიხილოთ იესოს ორი იგავი და თან გვახსოვდეს, რომ პირველი იგავის მოყოლიდან მეორის მოყოლამდე ორ წელზე ნაკლები იყო გასული.
12. როგორ მიანიშნებს ხორბლისა და სარეველას იგავი, რომ ღვთის სამეფო ახ. წ. I საუკუნეში არ დაარსდებოდა?
12 იგავი ხორბალსა და სარეველაზე (წაიკითხეთ მათეს 13:24—30). იესო ამ იგავს მოწაფეებს, როგორც ჩანს, ახ. წ. 31 წლის გაზაფხულზე მოუყვა და აუხსნა კიდეც მისი მნიშვნელობა (მათ. 13:36—43). აი, რაში მდგომარეობს ამ იგავის დედააზრი: მოციქულების სიკვდილის შემდეგ ეშმაკი მინდორში, სადაც ხორბალი („სამეფოს ძეები“ ანუ ცხებული ქრისტიანები) იყო დათესილი, სარეველას (ცრუ ქრისტიანები) ჩათესავდა. ხორბალსა და სარეველას ერთად უნდა ეზარდათ მკის დროის, „ქვეყნიერების წყობის აღსასრულის“ დაწყებამდე. მკის დროის დაწყების შემდეგ ჯერ სარეველა უნდა მოეგროვებინათ, შემდეგ კი — ხორბალი. ეს იგავი იმაზე მიანიშნებს, რომ სამეფო ახ. წ. I საუკუნეში კი არ დაარსდებოდა, არამედ მაშინ, როცა ხორბალიც და სარეველაც ზრდას დაასრულებდა. მოვლენების განვითარებამ ცხადყო, რომ მათი ზრდა 1914 წელს დასრულდა და ამავე წელს მკის დრო დაიწყო.
13. როგორ ახსნა იესომ იგავის მეშვეობით, რომ ის ზეცაში დაბრუნებისთანავე არ გახდებოდა მესიანური სამეფოს მეფე?
13 იგავი მინებზე (წაიკითხეთ ლუკას 19:11—13). იესო ამ იგავს ახ. წ. 33 წელს მოჰყვა, როცა იერუსალიმში ბოლოჯერ მიემგზავრებოდა. ზოგი მისი მსმენელი ფიქრობდა, რომ იესო სამეფოს იერუსალიმში ჩასვლისთანავე დააარსებდა. ამ მცდარი აზრის გასაქარწყლებლად და იმის საჩვენებლად, რომ სამეფოს შექმნამდე კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი, იესომ საკუთარი თავი „ერთ დიდგვაროვანს“ შეადარა, რომელიც „შორეულ ქვეყანაში წავიდა, რომ სამეფო ძალაუფლება მიეღო“.a ეს „შორეული ქვეყანა“ ზეცა იყო, სადაც იესოს მამისგან სამეფო ძალაუფლება უნდა მიეღო. თუმცა იესომ იცოდა, რომ ზეცაში დაბრუნებისთანავე არ გახდებოდა ღვთის მესიანური სამეფოს მეფე. ის ღვთის მარჯვნივ უნდა მჯდარიყო და მოეცადა. როგორც აღმოჩნდა, იესომ არაერთი საუკუნე იცადა (ფსალმ. 110:1, 2; მათ. 22:43, 44; ებრ. 10:12, 13).
ღვთის სამეფოს მოსვლის დრო
14. ა) რა პასუხი გასცა იესომ ოთხი მოციქულის დასმულ შეკითხვას? ბ) რას გვაუწყებს იესოს მოსვლისა და სამეფოს დაარსების შესახებ იესოს წინასწარმეტყველების შესრულება?
14 სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე იესოს ოთხმა მოციქულმა ჰკითხა: „რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“ (მათ. 24:3; მარ. 13:4). პასუხად მან ვრცელი წინასწარმეტყველება წარმოთქვა, რომელიც მათეს 24-ე და 25-ე თავებშია ჩაწერილი. იესომ სათითაოდ ჩამოთვალა ის გლობალური მოვლენები, რომლებიც მის მოსვლად წოდებული პერიოდის დამახასიათებელი ნიშანი იქნებოდა. იესოს „მოსვლის“ საწყისი ეტაპი დაემთხვეოდა სამეფოს დაარსებას, მისი „მოსვლის“ კულმინაციური ეტაპი კი — სამეფოს მოსვლას. უამრავი ფაქტი მოწმობს იმაზე, რომ იესოს ზემოხსენებული წინასწარმეტყველება 1914 წლიდან სრულდება.b აქედან გამომდინარე, 1914 წელი იესოს მოსვლისა (საწყისი ეტაპი) და სამეფოს დაარსების თარიღად მიიჩნევა.
15, 16. ვინ იგულისხმა იესომ „ამ თაობაში“?
15 მაშ, როდისღა მოვა ღვთის სამეფო? იესოს ამის შესახებ კონკრეტულად არაფერი უთქვამს (მათ. 24:36), სამაგიეროდ, ისეთი რამ თქვა, რაც გვარწმუნებს, რომ სამეფო ძალიან მალე მოვა. იესომ აღნიშნა, რომ სამეფო მას შემდეგ მოვიდოდა, რაც „ეს თაობა“ წინასწარმეტყველების შესრულებას საკუთარი თვალით იხილავდა (წაიკითხეთ მათეს 24:32—34). აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა: ვინ იგულისხმება „ამ თაობაში“? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად იესოს სიტყვებს უნდა ჩავუღრმავდეთ.
16 „ეს თაობა“. იესო „ამ თაობაში“ იმ ადამიანებს არ გულისხმობდა, რომლებიც მისი მიმდევრები არ იყვნენ. გავიხსენოთ, რომ ეს წინასწარმეტყველური სიტყვები იესომ თავის რამდენიმე მოციქულს უთხრა, რომლებიც მასთან „სხვებისგან განცალკევებით“ მივიდნენ (მათ. 24:3). აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევიდან მალე მოციქულებზე წმინდა სული გადავიდა. გასათვალისწინებელია კონტექსტიც. ვიდრე იესო „ამ თაობას“ ახსენებდა, თქვა: „ლეღვის მაგალითიდან ისწავლეთ: როგორც კი ყლორტები დაურბილდება და შეიფოთლება, იცით, რომ ახლოა ზაფხული. თქვენც, როცა დაინახავთ ყველაფერ ამას, იცოდეთ, რომ ის კარზეა მომდგარი“. წინასწარმეტყველების შესრულებას იესოს ცხებული მიმდევრები იხილავდნენ და არა სხვები. სწორედ ისინი ჩასწვდებოდნენ მის მნიშვნელობას და მიხვდებოდნენ, რომ იესო კარზე იყო მომდგარი. ასე რომ, როცა იესომ „ეს თაობა“ ახსენა, მხედველობაში თავისი ცხებული მიმდევრები ჰყავდა.
17. რას ნიშნავს „თაობა“ და „ეს ყველაფერი“?
17 „არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება“. როგორ შესრულდება ეს სიტყვები? ამ კითხვაზე პასუხი რომ მივიღოთ, უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს „თაობა“ და „ეს ყველაფერი“. „თაობაში“ ხშირად დროის კონკრეტულ მონაკვეთში მცხოვრებ სხვადასხვა ასაკის ადამიანებს მოიაზრებენ. შესაბამისად, შეუძლებელია თაობამ უსასრულოდ იარსებოს (გამ. 1:6). „ეს ყველაფერი“ მოიცავს ყველა იმ წინასწარმეტყველებას, რომელიც უნდა შესრულებულიყო იესოს მოსვლის პერიოდში — 1914 წელს დაწყებული და „დიდ გასაჭირში“ დამთავრებული (მათ. 24:21).
18, 19. როგორ უნდა გავიგოთ იესოს სიტყვები „ეს თაობა“ და რა დასკვნამდე მივდივართ?
18 როგორ უნდა გავიგოთ იესოს სიტყვები „ეს თაობა“? ამ თაობაში შედის დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში მცხოვრები ცხებულთა ორი ჯგუფი. მათგან პირველს მიეკუთვნებიან ის ცხებულები, რომლებმაც საკუთარი თვალით იხილეს, თუ როგორ დაიწყო 1914 წლიდან ნაწინასწარმეტყველები ნიშნის შესრულება, ხოლო მეორეს — ცხებულები, რომლებიც პირველი ჯგუფის წარმომადგენლებს მოესწრნენ. ცხებულთა მეორე ჯგუფიდან ზოგი საკუთარი თვალით იხილავს „დიდი გასაჭირის“ დადგომას. ეს ორი ჯგუფი ერთ თაობას ქმნის, რადგან ერთმანეთს მოესწრნენ.c
19 მაშ, რა დასკვნამდე მივდივართ? ფაქტია, იესოს სამეფო ძალაუფლებით მოსვლის ნიშანი აშკარად ჩანს მთელ დედამიწაზე. გარდა ამისა, ცხებულებს, რომლებიც „ამ თაობას“ მიეკუთვნებიან და ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, ასაკი ემატებათ, თუმცა ზოგი მათგანი „დიდი გასაჭირის“ დაწყებისას ცოცხალი იქნება. მაშასადამე, იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ძალიან მალე ღვთის სამეფო მართლაც მოვა და თავის ძალაუფლებას მთელ დედამიწაზე განავრცობს. რა ამაღელვებელი იქნება საკუთარი თვალით იმის ხილვა, თუ როგორ იქცევა რეალობად იესოს ლოცვის ნიმუშში მოცემული სიტყვები: „მოვიდეს შენი სამეფო“!
20. რას ეძღვნება წინამდებარე სახელმძღვანელო და რას განვიხილავთ შემდეგ თავში?
20 მოდი, ნურასდროს დავივიწყებთ იმას, რაც იეჰოვამ ზეციდან საკუთარი ძის შესახებ თქვა: „მას უსმინეთ“! ჭეშმარიტ ქრისტიანებს მთელი გულით გვსურს, ყურად ვიღოთ ეს მოწოდება. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს ყველაფერი, რასაც იესო ამბობდა და ასწავლიდა ღვთის სამეფოს შესახებ. ის, რაც ღვთის სამეფომ უკვე გააკეთა და რასაც სამომავლოდ გააკეთებს, ღრმა კვლევის საგანია; წინამდებარე სახელმძღვანელო სწორედ ამ საკითხის კვლევას ეძღვნება. შემდეგ თავში ვისაუბრებთ იმ გასაოცარ მოვლენებზე, რომელიც ზეცაში ღვთის სამეფოს დაარსებას მოჰყვა.
a იესოს იგავმა მსმენელებს შესაძლოა ჰეროდე დიდის ვაჟი, არქელაე, გაახსენა. სიკვდილამდე ჰეროდემ არქელაე მომავალ მემკვიდრედ ცნო, რომელიც იუდეისა და სხვა მხარეების მმართველი უნდა გამხდარიყო. თუმცა გამეფებამდე მას გრძელი გზა უნდა გაევლო რომამდე კეისარ ავგუსტუსისგან ძალაუფლების მისაღებად.
b დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 9.