ელია
[ჩემი ღმერთი იეჰოვაა].
1. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველი ისრაელში; როგორც ჩანს, ის იყო თიშბედან, რომელიც ზოგის აზრით მდინარე იორდანეს აღმოსავლეთით, გალაადის მიწაზე მდებარე სოფელი იყო (1მფ. 17:1). წინასწარმეტყველად თავისი ხანგრძლივი მსახურება ელიამ მეფე ახაბის (გამეფდა დაახლ. ძვ. წ. 940) მმართველობის დროს დაიწყო და მისი ვაჟის, ახაზიას (გამეფდა დაახლ. ძვ. წ. 919) მმართველობის დროსაც განაგრძობდა მსახურებას (1მფ. 22:51). საბოლოოდ ის, როგორც წინასწარმეტყველი (უკვე იუდაში მოღვაწე), მოიხსენიება იუდაში იეჰორამის (გამეფდა ძვ. წ. 913) რვაწლიანი მეფობის მიწურულს (2მტ. 21:12—15; 2მფ. 8:16).
იმ დროს ისრაელთა სულიერი და ზნეობრივი მდგომარეობა საგანგაშო იყო, ამიტომ ელიას სახით იეჰოვამ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მტკიცე საყრდენი შექმნა. ომრის ვაჟი მეფე ახაბი განაგრძობდა ხბოს თაყვანისმცემლობას, რომელიც იერობოამმა დააწესა, მაგრამ უარესი ის იყო, რომ მან ცოლად მოიყვანა სიდონის მეფე ეთბაალის ასული იზებელი. მისი გავლენით ახაბმა თავის წინამორბედ ისრაელ მეფეებზე მეტად შესცოდა, რადგან მან შემოიღო ისრაელში ბაალის თაყვანისმცემლობა და ფართოდ დანერგა. მომრავლდნენ ბაალის ქურუმები და წინასწარმეტყველები და გარყვნილებამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია. იეჰოვასადმი სიძულვილის გამო იზებელი დევნიდა და ხოცავდა მის წინასწარმეტყველებს. ისინი იძულებულები გახდნენ, გამოქვაბულებისთვის შეეფარებინათ თავი (1მფ. 16:30—33; 18:13).
ელიას ყორნები კვებავდნენ. ელია ბიბლიაში პირველად მაშინ მოიხსენიება, როცა იეჰოვამ ის ცოდვილი ისრაელებისთვის სასჯელის გასაცხადებლად გაგზავნა. მისი პირველი სიტყვები იყო: „ცოცხალია იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, რომლის წინაშეც ვდგავარ“. ისრაელის ცოცხალი ღვთის, იეჰოვას დადგენილებით ისრაელში არც წვიმა იქნებოდა და არც ნამი, სანამ ელია არ იტყოდა. ეს პერიოდი სამწელიწად-ნახევარი გაგრძელდა (1მფ. 17:1; იაკ. 5:17). ამის შემდეგ იეჰოვამ ელია იორდანეს აღმოსავლეთით, გადის ტერიტორიაზე მდებარე ქერითის ხევში გაგზავნა. იქ სასწაულებრივად მას საჭმელს ყორნები უზიდავდნენ, წყალს კი ხევიდან სვამდა. თუმცა დროთა განმავლობაში გვალვის გამო ხევი დაშრა. იეჰოვამ არც ახლა მიატოვა ელია ხელმძღვანელობის გარეშე და ის ისრაელიდან ფინიკიელთა ქალაქ სარეფთაში გაგზავნა, რომელიც სიდონს ექვემდებარებოდა. იქ, ქალაქ სიდონის სიახლოვეს, სადაც მეფე ახაბის სიმამრი ეთბაალი მმართველობდა (1მფ. 16:31), ელია შეხვდა ქალს, რომელიც შემორჩენილი ცოტაოდენი ფქვილისა და ზეთისგან უკანასკნელად ამზადებდა საჭმელს თავისთვის და თავისი ვაჟისთვის. ელიამ ქალს ერთი კვერი სთხოვა და დაჰპირდა, რომ იეჰოვა გვალვის დროს არაფერს მოაკლებდა. ვინაიდან ქალმა დაინახა, რომ ელია ღვთის კაცი იყო, თხოვნა შეუსრულა და ღვთისგან კურთხევებიც მიიღო (შდრ. მთ. 10:41, 42). როცა ელია ჯერ კიდევ მის სახლში ცხოვრობდა, ქალს ვაჟი დაეღუპა. ელიამ ლოცვით მიმართა ღმერთს და ღმერთმაც გააცოცხლა ბიჭი. ეს იყო ბიბლიაში მოხსენიებული მკვდრეთით აღდგომის პირველი შემთხვევა და ელიას რვა სასწაულიდან მესამე სასწაული (1მფ. 17).
როგორ დაანახვა ელიამ ისრაელებს, რომ ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვაა?
ამ ხნის მანძილზე ახაბი ამაოდ ეძებდა ელიას ყველგან, უეჭველად მისი მოკვლის მიზნით (1მფ. 18:10). ბოლოს ღმერთმა უთხრა ელიას, თვითონ მისულიყო ახაბთან. ელიამ მოსთხოვა ახაბს, რომ მასთან ბაალის 450 წინასწარმეტყველი და წმინდა ბოძის (აშერა) 400 წინასწარმეტყველი მიეყვანათ. ახაბმა ისინი ხმელთაშუა ზღვასთან ახლომდებარე მთა ქარმელზე შეკრიბა (სურათი, ტ. 1, გვ. 950). ხალხის წინაშე მდგომმა ელიამ შესთავაზა მათ, გამოცდა მოეწყოთ იმაში დასარწმუნებლად, თუ ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსაც უნდა გაჰყოლოდნენ. ჭეშმარიტ ღმერთად უნდა ეღიარებინათ ის, ვინც ცეცხლით უპასუხებდა და მსხვერპლად მიტანილ მოზვერს შთანთქავდა. ეს სამართლიანი პირობა იყო, ამიტომ ხალხმა თანხმობა განაცხადა. თავიდან დაიწყეს ბაალის მოხმობა, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ ბაალის წინასწარმეტყველები ლოცვით უხმობდნენ და სხეულსაც კი ისერავდნენ თავიანთი ჩვეულების თანახმად, ცეცხლი არ ჩამოვარდნილა, რაც იმის მტკიცება იქნებოდა, რომ ბაალი ცოცხალი ღმერთი იყო. ისინი თითქმის მთელი დღე დახტოდნენ მცხუნვარე მზის გულზე სამსხვერპლოს ირგვლივ, ელია კი დასცინოდა მათ, რის გამოც ისინი კიდევ უფრო გახელდნენ (1მფ. 18:18—29).
დადგა ელიას ჯერი. მან აიღო 12 ქვა და აღადგინა სამსხვერპლო, რომელიც, სავარაუდოდ, იზებელის ბრძანებით დაანგრიეს. შემდეგ ხალხს უბრძანა, შესაწირავისა და სამსხვერპლოსთვის სამჯერ გადაესხათ წყალი. წყლით აავსეს სამსხვერპლოს ირგვლივ, სავარაუდოდ, 32X32 მ ფართობის ტერიტორიაზე შემოვლებული თხრილიც (1მფ. 18:30—35). საღამოს, დაახლოებით იმ დროს, როცა ყოველდღიური მარცვლეული შესაწირავი იწირებოდა, ელიამ მხოლოდ ერთხელ მიმართა იეჰოვას ლოცვით და იეჰოვამაც ციდან ცეცხლი გაგზავნა, რომელმაც შთანთქა არა მხოლოდ მსხვერპლი, არამედ შეშაცა და სამსხვერპლოს ქვებიც და თხრილიდან წყალიც კი ამოაშრო (1მფ. 18:36—38). ამის დანახვაზე ხალხი პირქვე დაემხო და ამბობდა: „იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი! იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი!“. მაშინ ელიამ ბაალის 450 წინასწარმეტყველი კიშონის ხევში დაახოცვინა. ელიას ლოცვის საპასუხოდ იეჰოვამ კოკისპირული წვიმა მოავლინა, რითაც დასრულდა გვალვა. იეჰოვას ძალით წინასწარმეტყველმა გაასწრო ახაბის ეტლს და, შესაძლოა, 30 კმ ირბინა იზრეელამდე (1მფ. 18:39—46).
გაექცა იზებელს. როგორც კი ბაალის წინასწარმეტყველთა სიკვდილის შესახებ შეიტყო, დედოფალმა იზებელმა დაიფიცა, რომ ელიას მოკლავდა. შეშინებული ელია სამხრ.-დას-ით დაახლოებით 150 კმ-ში მდებარე ბეერ-შებაში გაიქცა, რომელიც მკვდარი ზღვის სამხრეთი სანაპიროს დასავლეთით იყო (რუკა, ტ. 1, გვ. 949). თავისი მსახური იქ დატოვა, თავად კი უფრო შორს, უდაბნოში წავიდა და ღმერთს სთხოვდა, მომკვდარიყო. იქ იეჰოვას ანგელოზი ეჩვენა მას, რომ შორეული მგზავრობისთვის, „ჭეშმარიტი ღვთის მთასთან“, ხორებთან მისასვლელად მოემზადებინა. საკვებით მოძლიერებულმა ელიამ 40 დღე იარა და 300-ზე მეტი კილომეტრი დაფარა. ხორებთან იეჰოვამ მას თავისი შიშის მომგვრელი სიძლიერე აჩვენა ქარით, მიწისძვრითა და ცეცხლით და შემდეგ დაელაპარაკა. მაგრამ იეჰოვა არც ქარში იყო და არც მიწისძვრასა და ცეცხლში, რადგან ის არ არის ბუნების ღვთაება ან გაპიროვნებული ბუნების ძალა. ბუნების ეს მოვლენები იეჰოვასი კი არა, მისი მოქმედი ძალის გამოვლინება იყო. უზენაესმა დაანახვა ელიას, რომ მას, როგორც წინასწარმეტყველს, ჯერ კიდევ ჰქონდა საქმე გასაკეთებელი. ელიას არასწორად ეგონა, რომ ისრაელში მხოლოდ ისღა იყო ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელი, ამიტომ იეჰოვამ მას თვალსაზრისი შეუსწორა და უთხრა, რომ 7 000 კაცი ჰყავდა, რომელთაც მუხლი არ მოედრიკათ ბაალის წინაშე. იეჰოვამ უკან გაგზავნა ელია და დაავალა სამი ადამიანის ცხება ანუ დანიშვნა იეჰოვასთვის გარკვეული საქმის შესასრულებლად. მას სირიის მეფედ უნდა ეცხო ხაზაელი, ისრაელის მეფედ — იეჰუ, თავისი საქმის გამგრძელებლად კი — ელისე (1მფ. 19:1—18).
ელისეს დანიშვნა. ამის შემდეგ ელიამ ელისეს მშობლიურ ქალაქ აბელ-მეჰოლისკენ აიღო გეზი. იქ ელისე მოძებნა, რომელიც მიწას ხნავდა, და მას თავისი მოსასხამი გადაუგდო, რაც წინასწარმეტყველად დანიშვნას ანუ ცხებას ნიშნავდა. ამ დროიდან მოყოლებული ელისე ყველგან დაჰყვებოდა ელიას და ემსახურებოდა. უეჭველია, ის ელიასთან იყო, როცა მან ახაბის წინააღმდეგ კიდევ ერთი წინასწარმეტყველება წარმოთქვა. ხარბმა ბაალის თაყვანისმცემელმა მეფემ უკანონოდ წაართვა იზრეელელ ნაბოთს სამკვიდრო ვენახი. მან თავის ცოლს, იზებელს უფლება მისცა, გამოეყენებინა ცრუ ბრალდებები, ცრუმოწმეები და უმართლო მოსამართლეები ნაბოთის მოსაკლავად. ელია ვენახში შეხვდა ახაბს და უთხრა, რომ მის სისხლს ძაღლები იმავე ადგილას ალოკავდნენ, სადაც ნაბოთის სისხლს ლოკავდნენ. მან იწინასწარმეტყველა, რომ მსგავს ხვედრს იზებელიც გაიზიარებდა (1მფ. 19:19; 21:1—26).
დაახლოებით სამი წლის შემდეგ ახაბი ბრძოლის დროს დაიღუპა. როცა მის საომარ ეტლს სამარიის ავზთან რეცხავდნენ, მის სისხლს ძაღლები ლოკავდნენ. თუმცა იზებელზე განაჩენი მოგვიანებით, სავარაუდოდ 15 წლის შემდეგ აღსრულდა. ახაბის შემდეგ მისი ვაჟი ახაზია გამეფდა. ის თავისი ბოროტი მამის კვალს დაადგა, რაც იქიდანაც ჩანდა, რომ უბედური შემთხვევის შემდეგ ეკრონის ღმერთს, ცრუ ღვთაება ბაალ-ზებუბს დაეკითხა, გამოჯანმრთელდებოდა თუ არა. ელიამ მას იეჰოვას სიტყვა შეუთვალა, რომ ამის გამო სიკვდილს ვერ გადაურჩებოდა. ახაზიამ მას ერთი მეორის მიყოლებით გაუგზავნა მეთაურისა და 50 ჯარისკაცისგან შემდგარი სამი ჯგუფი. წინასწარმეტყველმა ზეციდან მოუხმო ცეცხლს, რომელმაც პირველი ორი ჯგუფი გაანადგურა, თუმცა მას შემდეგ, რაც მესამე მეთაურმა წყალობა ითხოვა, ელია გაჰყვა მას და ახაზიას თვითონ გაუცხადა განაჩენი (1მფ. 22:1, 37, 38; 2მფ. 1:1—17).
მისი საქმის გამგრძელებელი ელისე. დადგა წინასწარმეტყველის მოსასხამის გადაცემის დრო კარგად ნასწავლი და მომზადებული ელისესთვის, რაზეც რამდენიმე წლით ადრე ელიას საქციელი მიანიშნებდა. ეს მოხდა ისრაელის მეფე იეჰორამის დროს, რომელიც თავისი ძმის, ახაზიას შემდეგ გამეფდა. ელია ჯერ ბეთელში, შემდეგ კი იერიხონში წავიდა და იქიდან იორდანემდე იარა. ელისე მას ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. იორდანესთან მისული ელისე ერთგულებისთვის დაჯილდოვდა: მან იხილა, როგორ გამოჩნდა ცეცხლოვანი საომარი ეტლი და ცეცხლის ცხენები და როგორ აიყვანა ქარიშხალმა ელია ცაში. ელისემ აიღო წინასწარმეტყველის მოსასხამი, რომელიც ელიას დაუვარდა. მასზე გადმოვიდა ელიას სულის „ორი წილი“ (პირმშო ვაჟისთვის განკუთვნილი წილი) და გაბედულებისა და ლაშქართა ღვთისადმი, იეჰოვასადმი მოშურნეობის სული (2მფ. 2:1—13; 1მფ. 19:10, 14; შდრ. კნ. 21:17).
ამ დროს ელია არ გარდაცვლილა, ის არც უხილავ სულიერ სამყაროში გადასულა, უბრალოდ სხვა დავალების შესასრულებლად იქნა გადაყვანილი (ინ. 3:13). ამაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ ელისე თავის ბატონს არ გლოვობდა. ქარიშხლის მეშვეობით ზეცაში აყვანიდან რამდენიმე წლის შემდეგ ელია ისევ ცოცხალი იყო და აქტიურად მსახურობდა წინასწარმეტყველად. ახლა უკვე იუდას მეფისთვის. იუდას მეფე იეჰორამის ბოროტების გამო ელიამ მას წერილობით შეუთვალა იეჰოვას განაჩენი, რომელიც მალევე აღსრულდა მეფეზე (2მტ. 21:12—15; იხ. ზეცა, ცა [ზეცად ამაღლება]).
სასწაულები. ბიბლიაში მოთხრობილია ელიას მიერ მოხდენილი რვა სასწაულის შესახებ. ესენია: 1) ცის დახშობა, რომ არ მოსულიყო წვიმა; 2) სარეფთელი ქვრივისთვის ფქვილისა და ზეთის მარაგის განახლება; 3) ქვრივის ვაჟის მკვდრეთით აღდგენა; 4) ლოცვის საპასუხოდ ციდან ცეცხლის ჩამოვარდნა; 5) ლოცვის საპასუხოდ წვიმის მოსვლა, რითაც დასრულდა გვალვა; 6) მეფე ახაზიას მიერ გაგზავნილ მეთაურსა და მის 50 კაცზე ცეცხლის ჩამოვარდნა; 7) მეორე მეთაურსა და მის 50 კაცზე ცეცხლის ჩამოვარდნა და 8) წინასწარმეტყველის მოსასხამით მდინარე იორდანეს გაყოფა. ელიას ზეცად აყვანაც სასწაული იყო, თუმცა ეს ელიას ლოცვის ან განაცხადის საპასუხოდ არ მომხდარა, ის უშუალოდ ღმერთმა მოახდინა.
ელია იეჰოვას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დიდი ქომაგი იყო. მან ისრაელში მრავალი რამ გააკეთა ბაალის თაყვანისმცემლობის აღმოსაფხვრელად. ელისემ განაგრძო ელიას მიერ წამოწყებული საქმე, იეჰუმ კი მოაკვლევინა იზებელი და ბოლო მოუღო სიდონელთა ბაალის უწმინდურ თაყვანისმცემლობას. ელიას დროს 7 000 კაცი, მათ შორის ახაბის სასახლის გამგებელი ობადია, იეჰოვას ერთგული დარჩა. უდავოა, ზოგიერთ მათგანს ელია აძლიერებდა და ამხნევებდა. ელიამ თავისი საქმის გამგრძელებლად ელისე დანიშნა და მას დაევალა ხაზაელისა და იეჰუს ცხება.
მოციქულ პავლეს, უდავოა, ელიაც ჰყავდა მხედველობაში, როცა საუბრობდა „სამუელისა და სხვა წინასწარმეტყველთა შესახებ, რომლებიც რწმენით ... სიმართლეს იქმოდნენ ... [და] ქალებს თავიანთი მკვდრები აღმდგარნი უბრუნდებოდნენ“. ამგვარად, ელია შედის ძველი დროის ერთგულ მოწმეთა „ღრუბელში“ (ებ. 11:32—35; 12:1). მოწაფე იაკობმა ელიას მაგალითი მოიყვანა იმის დასადასტურებლად, რომ დიდი ძალა აქვს „ჩვენნაირი გრძნობების მქონე კაცის“ ლოცვებს, რომელიც სიმართლით ემსახურება ღმერთს (იაკ. 5:16—18).
მის მოღვაწეობას წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა. ელიას დროიდან დაახლოებით 450 წლის შემდეგ მალაქიამ იწინასწარმეტყველა, რომ წინასწარმეტყველი ელია „იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის დადგომამდე“ გამოჩნდებოდა (მლ. 4:5, 6). იესოს დროში მცხოვრები იუდეველები ამ წინასწარმეტყველების შესრულებასა და ელიას მოსვლას ელოდებოდნენ (მთ. 17:10). ზოგს ეგონა, რომ იესო იყო ელია (მთ. 16:14). იოანე ნათლისმცემელმა, რომელსაც ელიას მსგავსად ბეწვის სამოსი ეცვა და ტყავის სარტყელი ერტყა, უარყო, რომ ელია იყო (2მფ. 1:8; მთ. 3:4; ინ. 1:21). ანგელოზმა ის კი არ უთხრა მამამის ზაქარიას, რომ იოანე ელია იქნებოდა, არამედ ის, რომ მას „ელიას სული და ძალა“ ექნებოდა იეჰოვასთვის მომზადებული ხალხის წარსადგენად (ლკ. 1:17). იესომ აღნიშნა, რომ ეს საქმე იოანემ შეასრულა, თუმცა იუდეველებმა ვერ იცნეს ის (მთ. 17:11—13). იოანეს სიკვდილის შემდეგ იესოს გარდასახვის ხილვაში მოსესთან ერთად ელიაც გამოჩნდა, რაც მომავალში შესასრულებელ ისეთ საქმიანობაზე მიანიშნებდა, რასაც ელიას მოღვაწეობა განასახიერებდა (მრ. 9:1—8).
2. ბენიამინელი იეროხამის ვაჟი; ის ცხოვრობდა იერუსალიმში და თავისი საგვარეულოს თავკაცი იყო (1მტ. 8:1, 27, 28).
3. ლევიანი მღვდელი „ხარიმის ძეთაგან“ (1მტ. 24:8; ეზრ. 2:1, 2, 39); ის მათ შორის იყო, ვინც გამოეხმაურა ეზრას მოწოდებას და უცხოელი ცოლი გაუშვა (ეზრ. 10:21, 44).
4. ელამის შთამომავალი, რომელიც მათ შორის იყო, ვინც ეზრას მოწოდებისამებრ უცხოელი ცოლები გაუშვეს (ეზრ. 10:26, 44).