ხარ თუ არა მიმტევებელი იეჰოვას მსგავსად?
„თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს“ (მათე 6:14, 15).
1, 2. როგორ ღმერთს ვსაჭიროებთ და რატომ?
„შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე. არც სამუდამოდ იდავებს და არც საუკუნოდ გაწყრება. არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგო და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხადა. რადგან, რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც ძლიერია მის მოშიშთა მიმართ. როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი. როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი. რადგან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ“ (ფსალმუნი 102:8–14).
2 ჩვენ, უკანონოდ ჩასახულებს, ცოდვაში დაბადებულებს, რომლებსაც მემკვიდრეობით გვაქვს მიღებული არასრულყოფილება, რომელიც ყოველთვის ცდილობს, გაგვხადოს ცოდვის კანონის ტყვე უკიდურესად ვსაჭიროებთ ღმერთს, რომელსაც „ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ“. დავითის მიერ 102-ე ფსალმუნში იეჰოვას ბრწყინვალედ აღწერიდან სამასი წლის შემდეგ ბიბლიის სხვა მწერალი, მიქა, მსგავსი სიტყვებით განადიდებდა იმავე ღმერთს იმის გამო, რომ გულმოწყალეა ადამიანთა მიერ ჩადენილი ცოდვებისადმი: „რომელ ღმერთს მოუთმენია შენს გარდა უკეთურება და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია. კვლავ შეგვიბრალებს ჩვენ, დათრგუნავს ჩვენს უკეთურებებს. ზღვის უფსკრულებში მოისვრი ყველა მათ ცოდვას“ (მიქა 7:18, 19).
3. რას ნიშნავს მიმტევებლობა?
3 ბერძნულ წერილებში სიტყვა „პატიება“ ნიშნავს „გაშვებას“. მიაქციე ყურადღება, რომ დავითისა და მიქას ზემოხსენებული, მიმზიდველი, აღწერითი სიტყვები იმავე მნიშვნელობას გადმოსცემს. რათა უფრო სრულად დავაფასოთ იეჰოვას მიმტევებლობის საოცარი სიღრმე, მოდით, განვიხილოთ ამ თვისების გამოვლინების მრავალი მაგალითიდან რამდენიმე. პირველი გვიჩვენებს, რომ იეჰოვას შეუძლია გადაიფიქროს განადგურება და მიუტევოს.
მოსე შუამდგომლობს — იეჰოვა უთმობს
4. იეჰოვას ძალის გამოვლინების რომელი შემთხვევების შემდეგ კვლავ ეშინოდათ ისრაელებს აღთქმულ მიწაზე შესვლა?
4 იეჰოვამ მშვიდობიანად გამოიყვანა ისრაელები ეგვიპტიდან და მიიყვანა მიწასთან, რომელიც მისი აღთქმისამებრ მათი სამშობლო იქნებოდა, მაგრამ ქანაანში მცხოვრები ჩვეულებრივი ადამიანების წინაშე შიშის გამო მათ უარყვეს იმ მიწაზე შესვლა. მას შემდეგ, რაც იეჰოვამ ათი გამანადგურებელი სასჯელის მეშვეობით გაათავისუფლა ისინი ეგვიპტიდან, გახსნა გადარჩენის გზა მეწამულ ზღვაში, გაანადგურა ეგვიპტელთა არმია, რომელიც შეეცადა, მიდევნებოდა მათ, საზეიმო ვითარებაში დადო მათთან სინაის მთაზე რჯულის კავშირი, რომელმაც იეჰოვას რჩეულ ერად აქცია ისინი და მათი ძალების შესანარჩუნებლად ყოველდღე სასწაულებრივად უზრუნველყოფდა ზეციდან მანით, მათ ეშინოდათ აღთქმულ მიწაზე შესვლა იმის გამო, რომ ქანაანელთაგან ზოგიერთი ადამიანი მაღალი იყო! (რიცხვნი 14:1–4).
5. როგორ ცდილობდა ორი ერთგული მზვერავი ისრაელის განმტკიცებას?
5 მოსე და აარონი თავზარდაცემულნი დაემხნენ. ორი ერთგული მზვერავი, იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე, ისრაელის განმტკიცებას ცდილობდნენ: ‘ის ქვეყანა ძალზე კარგი ქვეყანაა, სადაც რძე და თაფლი დის. ხალხის ნუ გეშინიათ; უფალი ჩვენთან არის!’ იმის ნაცვლად, რომ გამხნევებულიყვნენ ასეთი სიტყვების მოსმენით, შეშინებული მეამბოხე ადამიანები ცდილობდნენ იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძის ჩაქოლვას ქვებით (რიცხვნი 14:5–10).
6, 7. ა) რისი გაკეთება უნდოდა იეჰოვას, როცა ისრაელმა უარყო შესვლა აღთქმულ მიწაზე? ბ) რატომ არ დაეთანხმა მოსე იეჰოვას განაჩენს, რომელიც მან ისრაელს გამოუტანა და რა იყო ამის შედეგი?
6 იეჰოვა განრისხდა! „უთხრა უფალმა მოსეს: როდემდის უნდა მგმობდეს ეს ხალხი, როდემდის არ უნდა სჯეროდეს ჩემი და იმ სასწაულებისა, რომლებიც მათ შორის მოვახდინე. გავუჩენ ჭირს და გადავაშენებ, შენგან კი დიდ ხალხს შევქმნი, მასზე ძლიერს. უთხრა მოსემ უფალს: შეიტყობს ეგვიპტე, საიდანაც შენი ძლიერებით ამოიყვანე ეს ხალხი, და ეტყვიან მაგ ქვეყნის მკვიდრთ. . . თუ ერთიანად ამოხოცავ ამ ხალხს, იტყვიან ხალხები, რომელთაც სმენიათ შენი დიდება: ვერ შეძლო უფალმა ამ ხალხის შეყვანა აღთქმულ ქვეყნად და უდაბნოში დაკლა“ (რიცხვნი 14:11–16).
7 მოსე ევედრებოდა იეჰოვას, მიეტევებინა თავისი სახელის გულისთვის: „შეუნდე დანაშაული ამ ხალხს შენი დიდი მადლისამებრ, როგორც პატიობდი ცოდვას ამ ხალხს ეგვიპტიდან მოყოლებული აქამდე. თქვა უფალმა: შემინდვია, შენი სიტყვისამებრ“ (რიცხვნი 14:19, 20).
მენაშეს კერპთაყვანისმცემლობა და დავითის მრუშობა
8. რას აკეთებდა იუდას მეფე, მენაშე?
8 იეჰოვას მიმტევებლობის, შესანიშნავი მაგალითი ჩანს კეთილი მეფის, იეხიზკიაჰუს ძის, მენაშეს შემთხვევიდან. მენაშე 12 წლის იყო, როცა მმართველობა დაიწყო იერუსალიმში. მან ააშენა მაღლობები, აღმართა სამსხვერპლოები ბაალებისთვის, გააკეთა წმიდა სვეტები, ეთაყვანებოდა ვარსკვლავებს, იყენებდა მაგიასა და ჯადოსნობას, ჰყავდა სპირიტული მედიუმები და მკითხავები, დადგა გამოქანდაკებული კერპი იეჰოვას ტაძარში და ჰინომის ველზე ცეცხლში ატარებდა თავის ძეებს. „ბევრ უკუღმართობას სჩადიოდა უფლის თვალში“ და „აცთუნა. . . იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი და იმ ხალხზე უფრო უკუღმართად იქცეოდნენ, რომლებიც გადააშენა უფალმა ისრაელიანთა წინაშე“ (მეორე ნეშტთა 33:1–9).
9. როგორ გამოავლინა ლმობიერება იეჰოვამ მენაშეს მიმართ და რა იყო ამის შედეგი?
9 ბოლოს, იეჰოვამ აღძრა აშურელები (ასურელები), თავს დასხმოდნენ იუდას, მათ დაატყვევეს მენაშე და ბაბილონში წაიყვანეს. „შეევედრა თავის გასაჭირში უფალს, თავის ღმერთს, და მოდრკა ძლიერ თავისი მამა-პაპის [ღმერთის] წინაშე. ილოცა მის მიმართ და მანაც შეივედრა იგი, შეიწყნარა მისი ვედრება და იერუსალიმში, მის სამეფოში დააბრუნა“ (მეორე ნეშტთა 33:11–13). შემდეგ, უცხო ღმერთები, კერპები, და სამსხვერპლოები მენაშემ ქალაქის გარეთ გადაყარა. მან იეჰოვას სამსხვერპლოზე დაიწყო მსხვერპლის შეწირვა და მოუწოდა იუდას ჭეშმარიტი ღმერთისადმი მსახურებისკენ. ეს იყო შესანიშნავი მაგალითი, რომელიც გვიჩვენებს, რომ იეჰოვა მზად არის აპატიოს, როცა თავმდაბლობას, ლოცვასა და გამოსწორების გამომხატველ მოქმედებებს მოაქვს სათანადო მონანიების ნაყოფები! (მეორე ნეშტთა 33:15, 16).
10. როგორ ცდილობდა დავითი ურიას ცოლთან ჩადენილი ცოდვის დაფარვას?
10 კარგად არის ცნობილი მეფე დავითის ცოდვა დაკავშირებული მრუშობასთან, რომელიც ურიას ცოლთან ჩაიდინა. მან არა მხოლოდ იმრუშა მასთან, არამედ ყველანაირად ცდილობდა ცოდვის დაფარვას, როცა ის დაორსულდა. მეფემ გამოიძახა ურია ომიდან, რადგან მოელოდა, რომ ის წავიდოდა სახლში და ექნებოდა სქესობრივი კავშირი თავის ცოლთან. მაგრამ წინა ხაზზე მყოფი თანამებრძოლებისადმი პატივისცემის გამო ურიამ არ შეასრულა ეს მოთხოვნა. ამის შემდეგ დავითმა სადილად დაპატიჟა და დაათრო, მაგრამ ურია მაინც არ წავიდა ცოლთან. მაშინ დავითმა გაუგზავნა ცნობა თავის გენერალს, რომ ურია ბრძოლის ყველაზე ცხელ წერტილში დაეყენებინა, რათა მოეკლათ, რაც მოხდა კიდეც (მეორე მეფეთა 11:2–25).
11. როგორ მოინანია დავითმა ცოდვა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, როგორ დაისაჯა ის?
11 იეჰოვამ გაგზავნა თავისი წინასწარმეტყველი ნათანი დავითთან, რათა გამოეაშკარავებინა მეფის ცოდვა. „უთხრა დავითმა ნათანს: შევცოდე უფალს. უთხრა ნათანმა დავითს: უფალმაც მოგიტევა ცოდვა, არ მოკვდები“ (მეორე მეფეთა 12:13). დავითმა ძალიან განიცადა ჩადენილი ცოდვა და იეჰოვასადმი გულწრფელ ლოცვაში გამოთქვა თავისი სინანული: „რადგან მსხვერპლი არა გსურს, რომ შემოგწირო, და აღსავლენს არ ინებებ. შესაწირავი ღმერთისა — სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო“ (ფსალმუნი 50:18, 19). იეჰოვამ არ უგულებელყო დავითის ლოცვა, რომელიც მოდრეკილი გულიდან გამომდინარეობდა. მაგრამ დავითი მკაცრად დაისაჯა იეჰოვას მიმტევებლობასთან დაკავშირებული სიტყვების თანახმად, რომელიც ჩაწერილია გამოსვლის 34:6, 7-ში, სადაც წერია, რომ ღმერთი ასევე ‘შურისმგებელია’.
ტაძრის მიძღვნა სოლომონის მიერ
12. რა სთხოვა სოლომონმა ტაძრის მიძღვნის დროს და რა უპასუხა იეჰოვამ?
12 იეჰოვას ტაძრის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მისი მიძღვნის დროს, სოლომონმა თავის ლოცვაში თქვა: „ისმინე შენი მორჩილისა და შენი ერის, ისრაელის, ვედრება, როცა დადგებიან ლოცვად ამ ადგილას; ისმინე შენს სამყოფელ ადგილზე ცათა შინა, ისმინე და შეგვიწყალე“. იეჰოვამ მიუგო პასუხად: „თუ ცას დავკეტავ და წვიმა აღარ მოვა, ან თუ კალიას დედამიწის გადაჭმას ვუბრძანებ, ან თუ შავ ჭირს მოვუვლენ ჩემს ერს, და ჩემი ერი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ძებნას დამიწყებს და შემობრუნდება თავისი უკეთური გზიდან, მაშინ ციდან მოვუსმენ, მივუტევებ ცოდვებს და განვკურნავ მათ ქვეყანას“ (მეორე ნეშტთა 6:21; 7:13, 14).
13. რას გვიჩვენებს ეზეკიელის 33:13–16 ადამიანის შესახებ იეჰოვას თვალსაზრისთან დაკავშირებით?
13 როცა იეჰოვა გიყურებს, ის გცნობს ისეთს, როგორიც დღეს ხარ და არა ისეთს, როგორიც წარსულში იყავი. იქნება ისე, როგორც ნათქვამია ეზეკიელის 33:13–16-ში: „როცა ვეუბნები მართალს, გადარჩები-მეთქი, ის კი თავისი სიმართლის მოიმედე ბოროტებას ჩაიდენს, არც ერთი მისი სიმართლე არ იქნება გახსენებული და მოკვდება ბოროტებით, რომელიც ჩაიდინა. როცა ვეუბნები ბოროტეულს, მოკვდები-მეთქი, ის კი მოიქცევა თავისი ცოდვისგან და იქმს სამართალს და სიმართლეს, გირაოს დააბრუნებს ბოროტეული, წართმეულს ზღავს, სიცოცხლის წესებით ივლის და ბოროტებას არ ჩაიდენს, ის ცოცხალი დარჩება, არ მოკვდება. არც-ერთი ცოდვა, რაც კი ჩაუდენია, არ გაუხსენდება; სამართლისა და სიმართლის ქმნისთვის ცოცხალი დარჩება“.
14. რომელი განმასხვავებელი თავისებურება აქვს იეჰოვას მიმტევებლობას?
14 მიმტევებლობას, რომელსაც იეჰოვა ავლენს ჩვენს მიმართ აქვს განმასხვავებელი თავისებურება, რომლის გამოყენება უჭირთ ადამიანებს, როცა ისინი ერთმანეთს პატიობენ — ღმერთი პატიობს და ივიწყებს. ზოგიერთი ადამიანი იტყვის: „მე შემიძლია გაპატიო, მაგრამ ვერ (ან არ) დავივიწყებ“. ამის საპირისპიროდ, მიაქციე ყურადღება, რას გვპირდება იეჰოვა: „ყველას ვაპატიებ დანაშაულს და აღარ გავუხსენებ ცოდვებს“ (იერემია 31:33).
15. როგორ ავლენს იეჰოვა მიმტევებლობას?
15 ათასწლეულების განმავლობაში იეჰოვა პატიობდა თავის მიწიერ თაყვანისმცემლებს. ის პატიობდა როგორც იმ ცოდვებს, რომლებსაც ჩადენის შემდეგ აღიარებდნენ, ასევე, მრავალ ცოდვას, რომლებიც არ ჰქონდათ შეგნებული. მისი გულმოწყალება, მოთმინება და მიმტევებლობა უსასრულოა. ესაიას 55:7-ში ნათქვამია: „მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და ცოდვილმა კაცმა — თავისი ზრახვები; მიაქციოს უფლისკენ და ის შეიწყალებს მას, და ჩვენი ღმერთისკენ, რადგან მრავალგზის მიმტევებელია“.
მიმტევებლობის მაგალითები ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში
16. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იესოს მიერ გამოვლენილი მიმტევებლობა იეჰოვას მიმტევებლობის მსგავსია?
16 ქრისტიანულ-ბერძნული წერილები სავსეა მაგალითებით ღმერთის მიმტევებლობის შესახებ. იესო ხშირად საუბრობს მის შესახებ, რითაც აჩვენებს, რომ იეჰოვას უერთდება ამ საკითხში. იესოს აზრები იეჰოვასგან გამომდინარეობს, ის ირეკლავს იეჰოვას თვისებებს, ის — იეჰოვას არსების ზუსტი განსახიერებაა, მისი ხილვა ნიშნავს იეჰოვას ხილვას (იოანე 12:45–50; 14:9; ებრაელთა 1:3).
17. როგორ აჩვენა იესომ, რომ იეჰოვა „მრავალგზის“ მიმტევებელია?
17 იეჰოვა რომ მრავალგზის მიმტევებელია, მიუთითებს იესოს ერთ-ერთი მაგალითი მეფის შესახებ, რომელმაც აპატია მონას ვალი, 10 000 ტალანტი (დაახლოებით 33 000 000 ამერიკული დოლარი). მაგრამ, როცა ამ მონამ არ აპატია თავის ამხანაგს ვალი, ასი დინარი (დაახლოებით 60 ამერიკული დოლარი), მეფე განრისხდა. „ბოროტო მონავ! მთელი ვალი მოგიტევე შენ, რაკი მთხოვე. განა არ გეკადრებოდა შენც შეგეწყალებინა შენი ამხანაგი მონა, როგორც მე შეგიწყალე შენ? განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მწამებლებს, ვიდრე მთელ თავის ვალს გადაუხდიდა“. შემდეგ იესომ ახსნა ეს იგავი: „ასევე მოგექცევათ თქვენ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს“ (მათე 18:23–35).
18. რით განსხვავდებოდა პეტრეს თვალსაზრისი მიმტევებლობის შესახებ იესოს თვალსაზრისისგან?
18 სანამ იესო ამ მაგალითს მოიყვანდა, პეტრე მივიდა იესოსთან და ჰკითხა: „უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს მიმართ რომ შესცოდოს? შვიდჯერამდე?“ პეტრე ფიქრობდა, რომ ძალიან დიდსულოვანი იყო. თუმცა მწიგნობრებმა და ფარისევლებმა დაადგინეს მიმტევებლობის საზღვრები, იესომ უთხრა პეტრეს: „არ გეუბნები შენ შვიდჯერამდე, არამედ სამოცდაათ გზის შვიდჯერამდე“ (მათე 18:21, 22). როგორც იესომ თქვა, საეჭვოა, რომ დღეში შვიდჯერ პატიება საკმარისი ყოფილიყო: „თვალყური ადევნეთ საკუთარ თავს. თუ შენმა ძმამ შეგცოდოს, გაუწყერი მას; ხოლო, თუ მოინანიოს, მიუტევე. დღეში შვიდჯერ რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოიქცეს და გითხრას, ვინანიებო, მიუტევე“ (ლუკა 17:3, 4). ჩვენდა საბედნიეროდ, იეჰოვა არ ითვლის ჩვენს ცოდვებს, როცა გვპატიობს.
19. რა უნდა გავაკეთოთ, რომ იეჰოვამ მოგვიტევოს?
19 თუ იმდენად თავმდაბლები ვართ, რომ მოვინანიოთ და ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები, იეჰოვა თანახმაა ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვიტოს საქმე: „თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისაგან“ (1 იოანე 1:9).
20. როგორ გამოავლინა სტეფანემ ცოდვის მიტევების მზადყოფნა?
20 როცა გააფთრებული ბრბო ქვას უშენდა იესოს მიმდევარს, სტეფანეს, მან მიმტევებლობის შესანიშნავ სულში ხმამაღლა სთხოვა: „უფალო იესო, მიიღე ჩემი სული. მუხლი მოიდრიკა და ხმამაღლა წამოიძახა: უფალო, ნუ ჩაუთვლი ამათ ამ ცოდვას. ეს თქვა და განისვენა“ (საქმე 7:59, 60).
21. რატომ გვაოცებს იესოს მზადყოფნა, მიეტევებინა რომაელი ჯარისკაცებისთვის?
21 კიდევ უფრო გასაოცარი მაგალითი იმისა, რომ მზად იყო მიეტევებინა, დაგვიტოვა იესომ. მისმა მტრებმა დააპატიმრეს ის, უკანონოდ გაასამართლეს, დამნაშავედ სცნეს, დასცინეს, აფურთხეს, სცემეს შოლტებით, რომლებზეც, როგორც ჩანს, ძვლისა და რკინის პატარა ნატეხები იყო მიმაგრებული და საბოლოოდ გააკრეს ძელზე, სადაც რამდენიმე საათით დატოვეს. ამ საქმიანობაში ძირითადად რომაელები მონაწილეობდნენ. მაგრამ, როცა იესო კვდებოდა, მან უთხრა თავის ზეციერ მამას ჯარისკაცების შესახებ, რომლებმაც წამების ძელზე გააკრეს: „მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ“ (ლუკა 23:34).
22. მთაზე წარმოთქმული ქადაგების, რომელი სიტყვების გამოყენებას უნდა ვცდილობდეთ ცხოვრებაში?
22 მთაზე ქადაგების დროს იესომ თქვა: „გიყვარდეთ თქვენი მტრები. . . ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით“. დედამიწაზე მსახურების ბოლომდე ის თვითონ ემორჩილებოდა ამ პრინციპს. ფიქრობ თუ არა, რომ ეს ძალიან რთული მოთხოვნაა მათთვის, ვინც ებრძვის დაცემული სხეულის სისუსტეებს? ყოველ შემთხვევაში, უნდა შევეცადოთ, გამოვიყენოთ ცხოვრებაში ის, რასაც იესო ასწავლიდა თავის მიმდევრებს მას შემდეგ, რაც სანიმუშო ლოცვა მისცა: „თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს“ (მათე 5:44; 6:14, 15). თუ იეჰოვას მსგავსად ვართ მიმტევებლები, ჩვენ მივუტევებთ და დავივიწყებთ.
გახსოვს თუ არა შენ?
□ როგორ უყურებს იეჰოვა ჩვენს ცოდვებს და რატომ?
□ რატომ დაუბრუნა ღმერთმა მენაშეს სამეფო?
□ იეჰოვასგან გამომდინარე მიმტევებლობის რომელი განმასხვავებელი თავისებურებისთვის უჭირთ მიბაძვა ადამიანებს?
□ რატომ არის იესოს მზადყოფნა მიმტევებლობისთვის ასე გასაოცარი?
[სურათი 26-ე გვერდზე]
ნათანი დაეხმარა დავითს, დაენახა ღმერთისგან გამომდინარე მიმტევებლობის აუცილებლობა.