თავი 64
პატიების ნამდვილი ფასი
საკმარისია შვიდჯერ პატიება?
იესოს მაგალითი მოჰყავს უმოწყალო მონაზე
პეტრემ საკუთარი ყურით მოისმინა, თუ როგორ ურჩია იესომ მოწაფეებს, ძმებს შორის წამოჭრილი უთანხმოებები ერთი ერთზე მოეგვარებინათ. თუმცა, როგორც ჩანს, პეტრეს სურს, დაზუსტებით იცოდეს, რამდენჯერ უნდა აპატიოს მწყენინებელს.
იგი ეკითხება იესოს: „უფალო, რამდენჯერ უნდა ვაპატიო ჩემს ძმას ჩემ წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა? შვიდჯერ?“. ზოგი კანონის მცოდნე ხალხს ასწავლის, რომ სამჯერ პატიება საკმარისია. ამიტომ პეტრეს შეიძლება ჰგონია, რომ დიდსულოვნების მაჩვენებელი იქნება, თუ „შვიდჯერ“ აპატიებს ძმას (მათე 18:21).
მაგრამ იმის აღრიცხვა, თუ ვინ რამდენჯერ გვაწყენინა, სრულიად ეწინააღმდეგება იესოს სწავლებას. ამიტომ იგი პეტრეს თვალსაზრისს უსწორებს: „გეუბნები, შვიდჯერ კი არა, სამოცდაჩვიდმეტჯერ“ (მათე 18:22). სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, იესოს არ დაუდგენია ზღვარი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენჯერ უნდა ეპატიებინათ მწყენინებლისთვის. პირიქით, მან პეტრეს დაანახვა, რომ იმდენჯერ უნდა ეპატიებინა თანამორწმუნისთვის, რამდენჯერაც აწყენინებდა.
შემდეგ იესოს მოჰყავს მაგალითი, რათა პეტრეს და სხვა მოწაფეებს უჩვენოს, რომ ისინი ვალდებულნი არიან, აპატიონ სხვებს. იესო საუბრობს ერთ გულქვა მონაზე, რომელიც სრულიად განსხვავდება თავისი გულმოწყალე ბატონისგან. ერთხელ ამ დიდსულოვანმა მეფემ თავის მონებთან ანგარიშსწორება მოისურვა. ზემოხსენებულ მონას მისი 10 000 ტალანტი [60 000 000 დინარი] ემართა. ის მასთან მიიყვანეს, მაგრამ მას ვალის გადახდის საშუალება არ ჰქონდა. ამიტომ მეფემ ბრძანა, გაეყიდათ ის და მისი ცოლ-შვილი და მისთვის ვალი დაებრუნებინათ. მაშინ ეს მონა მის ფერხთით დაეცა და შეევედრა: „ცოტა დამაცადე და ყველაფერს გადაგიხდი“ (მათე 18:26).
მეფეს შეეცოდა ის და დიდსულოვნად აპატია ამხელა ვალი. როგორც კი ეს მონა გამოვიდა მეფისგან, მოძებნა სხვა მონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა, დაიჭირა, ახრჩობდა და ეუბნებოდა: „გადამიხადე, რაც გმართებს“. მაშინ ის მონა დაემხო და შეეხვეწა: „ცოტა დამაცადე და გადაგიხდი“ (მათე 18:28, 29). მაგრამ მონამ, რომელსაც მეფემ ამხელა ვალი აპატია, არ გამოავლინა თავისი ბატონის მსგავსი გულმოწყალება. მან არ აპატია თავისნაირ მონას, რომელსაც მასთან შედარებით გაცილებით ცოტა მართებდა მისი და საპყრობილეში ჩააგდო, სანამ ვალს არ გადაუხდიდა.
როცა სხვა მონებმა დაინახეს, რა უმოწყალოდ მოიქცა ეს კაცი, მივიდნენ ბატონთან და ყველაფერი აცნობეს. ბატონი ძალიან გაბრაზდა, დაიბარა ის მონა და უთხრა: „ბოროტო მონავ! რაკი შემეხვეწე, მთელი ვალი გაპატიე. განა შენც ისევე არ უნდა შეგეწყალებინა შენნაირივე მონა, როგორც მე შეგიწყალე?!“. განრისხებულმა ბატონმა ის საპყრობილის ზედამხედველებს გადასცა, ვიდრე მთლიანად არ გადაიხდიდა ვალს. ბოლოს იესო ამბობს: „თქვენც ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ გულით არ აპატიებთ თქვენს ძმას“ (მათე 18:32—35).
მართლაც რა კარგად დაგვანახვა იესომ პატიების ნამდვილი ფასი! ღმერთმა ძალიან დიდი ვალი გვაპატია, როცა ცოდვის ტყვეობისგან გაგვათავისუფლა; რაც არ უნდა დაგვიშავოს თანაქრისტიანმა და რისი პატიებაც არ უნდა მოგვიწიოს მისთვის, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ღმერთი გვპატიობს. იეჰოვა მხოლოდ ერთხელ კი არ გვპატიობს, არამედ გამუდმებით — ასჯერ, ათასჯერ, ათიათასჯერ. და ნუთუ ჩვენ ვერ უნდა ვაპატიოთ ძმას იმდენჯერ, რამდენჯერაც გვაწყენინებს მაშინაც კი, თუ ნამდვილად გვაქვს ჩივილის მიზეზი? იესომ მთაზე ქადაგების დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღმერთი გვაპატიებს „ჩვენს ვალებს, როგორც ჩვენ ვპატიობთ ჩვენს მოვალეებს“ (მათე 6:12).