ქორწინება
განმარტება: ბიბლიური ნორმებით ნებადართული კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის. ამ კავშირის საფუძველზე ისინი ერთად ცხოვრობენ როგორც ცოლ-ქმარი. ქორწინებას დასაბამი ღმერთმა მისცა. ქორწინება ქმნის შესაფერის გარემოს ახლო ურთიერთობისა და ოჯახური სიმყუდროვისთვის, რადგან ცოლ-ქმარს სიყვარული აკავშირებს და ისინი პასუხისმგებლობას გრძნობენ ერთმანეთის წინაშე. ქორწინების მიზანი მხოლოდ ის არ ყოფილა, რომ მამაკაცს ახლო მეგობარი და შემავსებელი ჰყოლოდა. იეჰოვას განზრახვით, ოჯახის შექმნის მიზანი ადამიანების გამრავლებაც იყო. ქრისტიანული კრების წევრებს მოეთხოვებათ ქორწინების კანონიერად რეგისტრირება, თუ ეს შესაძლებელია.
ნამდვილად მნიშვნელოვანია ქორწინების რეგისტრაცია?
ტიტ. 3:1: „კვლავ შეახსენე მათ, დაემორჩილონ და მოუსმინონ მთავრობებსა და ძალაუფლებებს, როგორც მმართველებს“ (ამ მითითების გათვალისწინება მეუღლეებს ღირსეულ რეპუტაციას უქმნის და მათ შვილებს იცავს დამცირებისგან, რასაც ხშირად დაუქორწინებელი მშობლების შვილები ხვდებიან. გარდა ამისა, ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში ქორწინების რეგისტრაცია იცავს ოჯახის წევრთა ქონებრივ უფლებებს).
ებრ. 13:4: „ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული და ცოლქმრული სარეცელი შეუბილწავი, რადგან მეძავებსა და მრუშებს ღმერთი გაასამართლებს“ (ქორწინება „ღირსეული“ ვერ იქნება, თუ ის კანონიერი არ არის. ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა გავითვალისწინოთ ტიტეს 3:1, რომელიც ზემოთ არის ციტირებული).
1 პეტ. 2:12—15: „კვლავაც კარგად მოიქეცით ქვეყნიერებაში, რათა, რაშიც გძრახავენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კარგი საქმეები და განადიდონ ღმერთი შემოწმების დღეს. უფლის გულისთვის დაემორჩილეთ ყველაფერს, რაც ადამიანთა მიერ არის დადგენილი: მეფეს, როგორც უმაღლეს მმართველს, და გამგებლებს, როგორც მისგან დაგზავნილებს ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილის მოქმედთა საქებრად, რადგან ღვთის ნებაა, რომ კარგის კეთებით აუკრათ პირი უგუნურებს, რომლებიც უმეცრებით ლაპარაკობენ“.
რა „კანონიერი“ საფუძველი ჰქონდა ადამისა და ევას შეუღლებას?
დაბ. 2:22—24: «იმ ნეკნისგან, კაცს [ადამს] რომ გამოუღო, იეჰოვა ღმერთმა ქალი შექმნა და კაცს მიუყვანა. მაშინ თქვა კაცმა: „აი ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რადგან კაცისგან არის აღებული“. ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან» (აღსანიშნავია, რომ ადამი და ევა სამყაროს უზენაესმა ხელისუფალმა, იეჰოვა ღმერთმა შეაუღლა. ადამსა და ევას ერთად ცხოვრება თავიანთი გადაწყვეტილებით, სათანადო უფლებამოსილების გარეშე არ დაუწყიათ. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ ღვთის სიტყვებით ეს კავშირი მუდმივი უნდა ყოფილიყო).
დაბ. 1:28: «აკურთხა ღმერთმა ისინი [ადამი და ევა] და უთხრა მათ ღმერთმა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“» (უზენაესმა ხელისუფალმა აკურთხა ადამისა და ევას კავშირი. მან პირველ ცოლ-ქმარს მისცა სქესობრივი ურთიერთობის უფლება და დავალება, რომელიც მათ ცხოვრებას აზრიანს გახდიდა).
დასაშვებია პოლიგამია, თუ ეს ადგილობრივი კანონით ნებადართულია?
1 ტიმ. 3:2, 12: „ზედამხედველი უნდა იყოს ბრალდაუდებელი, ერთი ცოლის ქმარი . . . მომსახურე უნდა იყოს ერთი ცოლის ქმარი“ (ეს მოთხოვნა ეხებოდა მამაკაცებს, რომლებსაც სხვადასხვა პასუხისმგებლობა ეკისრათ. მათი მაგალითისთვის ყველას უნდა მიებაძა ქრისტიანულ კრებაში).
1 კორ. 7:2: „რადგან სიძვა ყველგან არის გავრცელებული, ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ ქალს — თავისი ქმარი“ (ამ სიტყვებიდან გამომდინარე, არც მამაკაცს და არც ქალს ერთზე მეტი მეუღლე არ უნდა ჰყავდეს).
რატომ დართო ღმერთმა აბრაამს, იაკობსა და სოლომონს ერთზე მეტი ცოლის მოყვანის ნება?
პოლიგამიისთვის იეჰოვას არ მიუცია დასაბამი. მან ადამს მხოლოდ ერთი ცოლი მისცა. მოგვიანებით ლამექმა, კაენის შთამომავალმა, ორი ცოლი მოიყვანა (დაბ. 4:19). დროთა განმავლობაში სხვებმაც მიჰბაძეს მას. ზოგს მოსამსახურე ქალები ჰყავდა ხარჭებად. ღმერთი შემწყნარებლურად ეკიდებოდა ამ ჩვეულებას. მოსეს კანონში, რომელიც ღმერთმა მისცა ისრაელებს, იყო კონკრეტული მითითებები იმ მიზნით, რომ ასეთ ქალებს სათანადოდ მოპყრობოდნენ. პოლიგამიას ღმერთი იწყნარებდა ქრისტიანული კრების ჩამოყალიბებამდე. მას შემდეგ ის თავისი მსახურებისგან მოითხოვს ედემის ბაღში დადგენილი ნორმის გათვალისწინებას.
აბრაამმა ცოლად შეირთო სარაი (სარა). 75 წლის სარაიმ (როცა ფიქრობდა, რომ შვილი არასდროს ეყოლებოდა) ქმარს სთხოვა, თავის მოახლესთან დაწოლილიყო, რათა კანონიერი მემკვიდრე ჰყოლოდა. აბრაამი ასეც მოიქცა, მაგრამ ეს ოჯახში სერიოზული უთანხმოებების მიზეზი გახდა (დაბ. 16:1—4). მოგვიანებით იეჰოვამ შეუსრულა აბრაამს „შთამომავალთან“ დაკავშირებული დაპირება და სარა დაფეხმძიმდა (დაბ. 18:9—14). აბრაამმა მეორე ცოლი მხოლოდ სარას სიკვდილის შემდეგ მოიყვანა (დაბ. 23:2; 25:1).
იაკობს ერთზე მეტი ცოლი ჰყავდა, მაგრამ ამაში მისი სიმამრი იყო დამნაშავე. იაკობს ეს არ ჰქონია განზრახული, როცა ცოლის მოსაყვანად წავიდა ფადან-არამში. ბიბლიაში დეტალურადაა აღწერილი ოჯახური უსიამოვნება, რაც მის ცოლებს შორის არსებული დაპირისპირებით იყო გამოწვეული (დაბ. 29:18—30:24).
ცნობილი ფაქტია, რომ სოლომონს ჰყავდა მრავალი ცოლი და ხარჭა. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამით სოლომონი არღვევდა იეჰოვას ნათელ მითითებას, რომელიც მეფეებს ეხებოდა: „არც ბევრი ცოლი იყოლიოს, რათა არ ცდუნდეს მისი გული“ (კან. 17:17). არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ უცხოელი ცოლების გავლენით სოლომონმა ცრუღმერთებს დაუწყო თაყვანისცემა. „ბოროტებას სჩადიოდა სოლომონი იეჰოვას თვალში და . . . განრისხდა იეჰოვა სოლომონზე“ (1 მეფ. 11:1—9).
დასაშვებია ცალ-ცალკე ცხოვრება, თუ ცოლ-ქმარი ერთმანეთში ვერ რიგდება?
1 კორ. 7:10—16: „დაქორწინებულებს მივუთითებ — თუმცა მე კი არა, უფალი — რომ ცოლი არ გაშორდეს ქმარს, მაგრამ თუ გაშორდება, აღარ გათხოვდეს, ან ქმარს შეურიგდეს. ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს. სხვებს კი ვეუბნები მე და არა უფალი [თუმცა, როგორც მე-40 მუხლიდან ჩანს, პავლე წმინდა სულის შთაგონებით ლაპარაკობდა]: თუ ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ის ქალი თანახმაა, მასთან იცხოვროს, ნუ დატოვებს მას, ხოლო, თუ ქალს ურწმუნო ქმარი ჰყავს და ეს კაცი თანახმაა, მასთან იცხოვროს, ნუ დატოვებს ქმარს, რადგან ურწმუნო ქმარი ცოლის მეშვეობით განიწმინდება, ურწმუნო ცოლი კი განიწმინდება ძმის მეშვეობით. სხვაგვარად, თქვენი შვილები უწმინდურები იქნებოდნენ, ახლა კი წმინდები არიან. თუ ურწმუნოს გაშორება სურს, გაშორდეს, ასეთ შემთხვევაში ძმა ან და იძულებული არ არის, დარჩეს მასთან, რადგან ღმერთმა მშვიდობისკენ მოგიწოდათ. რა იცი შენ, ცოლო, იქნებ იხსნა ქმარი? ანდა რა იცი შენ, ქმარო, იქნებ იხსნა ცოლი?“ (რა დაეხმარებოდა მორწმუნეს იმაში, რომ შეგუებოდა სირთულეებს და ყველაფერი გაეკეთებინა ოჯახის შესანარჩუნებლად? ქორწინების, როგორც ღვთის მიერ შექმნილი კავშირის, დაფასება და იმის იმედი, რომ ურწმუნო მეუღლე დროთა განმავლობაში ჭეშმარიტი ღვთის მსახური გახდებოდა).
როგორია ბიბლიის თვალსაზრისი განქორწინებასა და ხელახლა დაქორწინებაზე?
მალ. 2:15, 16: „დაიცავით თქვენი სული და ნურავინ მოექცევა ვერაგულად თავისი ახალგაზრდობის ცოლს, რადგან მძულს გაყრა, — ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი“.
მათ. 19:8, 9: «მან [იესომ] უპასუხა: „მოსემ თქვენი გულქვაობის გამო დაუშვა, რომ გაყროდით ცოლებს, დასაწყისიდან კი ასეთი რამ არ ყოფილა. გეუბნებით: თუ ცოლს სიძვა არ ჩაუდენია [სქესობრივი ურთიერთობა სხვა მამაკაცთან], ქმარი კი გაეყრება მას და სხვაზე დაქორწინდება, მრუშობს“» (ამგვარად, უდანაშაულო ცოლს ან ქმარს შეუძლია გაეყაროს მეუღლეს, რომელმაც სიძვა ჩაიდინა, თუმცა ეს არ არის აუცილებელი).
რომ. 7:2, 3: „გათხოვილი ქალი ქმრის სიცოცხლეში კანონით შეკრულია მასთან, მაგრამ თუ ქმარი მოუკვდა, ქმრის კანონისგან თავისუფალია. ამიტომ, თუ ქალი ქმრის სიცოცხლეში სხვა კაცს გაჰყვება, მას მრუში ეწოდება. მაგრამ, თუ ქმარი მოუკვდება, თავისუფალია მისი კანონისგან და სხვას რომ გაჰყვეს, მრუშად არ ჩაითვლება“.
1 კორ. 6:9—11: „თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავები, ვერც კერპთაყვანისმცემლები, ვერც მრუშები, ვერც ის კაცები, რომლებსაც გარყვნილებისთვის იყენებენ, ვერც მამათმავლები . . . ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს. ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი, მაგრამ განიბანეთ, განიწმინდეთ და მართლებად იქენით აღიარებული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით“ (ამ მუხლებიდან ვხედავთ, თუ რამდენად სერიოზული საკითხია ეს. ღვთის სამეფოში არ იქნება მოუნანიებელი მრუშების ადგილი. მათ, ვინც წარსულში მრუშობდა ან ბიბლიური საფუძვლის გარეშე ხელახლა დაქორწინდა, შეუძლიათ ჰქონდეთ ღვთის მიტევებისა და მასთან კარგი ურთიერთობის განვითარების იმედი. ამისათვის მათ გულწრფელად უნდა მოინანიონ და ირწმუნონ, რომ ქრისტეს მსხვერპლს აქვს ცოდვების მიტევების ძალა).
რატომ დაუშვა წარსულში ღმერთმა და-ძმებს შორის ქორწინება?
ბიბლიიდან ჩანს, რომ კაენმა თავისი ერთ-ერთი და (ან შესაძლოა დისშვილი ან ძმისშვილი) მოიყვანა ცოლად (დაბ. 4:17; 5:4), აბრაამმა კი — თავისი ნახევარდა (დაბ. 20:12). მოსეს კანონით, რომელიც მოგვიანებით მისცა ღმერთმა ისრაელს, და-ძმებს შორის ქორწინება იკრძალებოდა (ლევ. 18:9, 11). ასეთი ქორწინება ქრისტიანებსაც ეკრძალებათ. ახლო ნათესავების ქორწინების შემთხვევაში საკმაოდ დიდია გენეტიკური დეფექტების გადაცემის ალბათობა.
რატომ არ იყო მიუღებელი და-ძმების ქორწინება კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში? ღმერთმა ადამი და ევა სრულყოფილები შექმნა. ღვთის განზრახვით ყველა ადამიანი მათი შთამომავალი უნდა ყოფილიყო (დაბ. 1:28; 3:20). ახლო ნათესავების ქორწინება, განსაკუთრებით პირველ თაობებში, გარდაუვალი იქნებოდა. ცოდვის შემდეგაც კი შედარებით მცირე იყო იმის ალბათობა, რომ პირველი თაობების ბავშვებში გამოვლინდებოდა გენეტიკური პათოლოგიები. მიზეზი ის არის, რომ მაშინ ადამიანები უფრო ახლოს იყვნენ სრულყოფილებასთან, რომელიც ადამსა და ევას ჰქონდათ. ამაზე მეტყველებს იმ დროს მცხოვრები ხალხის სიცოცხლის ხანგრძლივობაც (იხილეთ დაბადების 5:3—8; 25:7). ადამის შეცოდებიდან დაახლოებით 2 500 წლის შემდეგ ღმერთმა აკრძალა სისხლის აღრევა. ეს აკრძალვა იცავდა მომავალ თაობებს და ხელს უწყობდა იეჰოვას მსახურებში მაღალზნეობრივი ნორმების შენარჩუნებას, რაც მათ განასხვავებდა გარშემო მცხოვრები, ყოველმხრივ ზნედაცემული ხალხისგან (იხილეთ ლევიანების 18:2—18).
როგორ შეიძლება ქორწინების განმტკიცება?
1) ერთად და რეგულარულად შეისწავლეთ ღვთის სიტყვა და მიმართეთ ღმერთს ლოცვით, რომ დაგეხმაროთ პრობლემების გადაჭრაში (2 ტიმ. 3:16, 17; იგავ. 3:5, 6; ფილ. 4:6, 7).
2) გახსოვდეთ მეთაურობის პრინციპი. ეს ქმარს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს (1 კორ. 11:3; ეფეს. 5:25—33; კოლ. 3:19). ცოლისგანაც საკმაო ძალისხმევა მოითხოვება (ეფეს. 5:22—24, 33; კოლ. 3:18; 1 პეტ. 3:1—6).
3) მეუღლის გარდა არავისთან იქონიოთ სქესობრივი ურთიერთობა (იგავ. 5:15—21; ებრ. 13:4). ერთმანეთის მოთხოვნილებებზე სიყვარულით ზრუნვა მეუღლეებს იცავს ცოდვის ჩადენის ცდუნებისგან (1 კორ. 7:2—5).
4) საუბრისას იყავით თავაზიანები და ყურადღებით მოუსმინეთ ერთმანეთს. მოერიდეთ განრისხებას, გამაღიზიანებელ საუბარს და კრიტიკულ შენიშვნებს (ეფეს. 4:31, 32; იგავ. 15:1; 20:3; 21:9; 31:26, 28).
5) იყავით შრომისმოყვარენი და ერთგულად შეასრულეთ საოჯახო საქმეები, იქნება ეს სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება თუ სხვა რამ (ტიტ. 2:4, 5; იგავ. 31:10—31).
6) თავმდაბლურად გაითვალისწინეთ ბიბლიის რჩევები მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მეუღლე არ აკეთებს ამას (რომ. 14:12; 1 პეტ. 3:1, 2).
7) ეცადეთ ქრისტიანული თვისებების გამომუშავებას (1 პეტ. 3:3—6; კოლ. 3:12—14; გალ. 5:22, 23).
8) თუ გყავთ შვილები, ნუ მოაკლებთ მათ სიყვარულს. ყოველმხრივ იზრუნეთ მათ აღზრდაზე (ტიტ. 2:4; ეფეს. 6:4; იგავ. 13:24; 29:15).