თავი 98
მოციქულები კვლავ პირველობისკენ ისწრაფვიან
მათე 20:17—28; მარკოზი 10:32—45; ლუკა 18:31—34
იესო კვლავ ეუბნება მოწაფეებს, რომ უნდა მოკვდეს
იესო ცდილობს, თვალსაზრისი შეუსწოროს მოწაფეებს
იესოს და მის მოწაფეებს სამხრეთით აქვთ გეზი აღებული; ისინი პერეადან იერუსალიმისკენ მიდიან და სადაცაა ჩავლენ დანიშნულების ადგილას. ახლა მდინარე იორდანეს იერიხონის მახლობლად კვეთენ. მათთან ერთად სხვებიც მიდიან, რათა პასექი (ახ. წ. 33 წელი) აღნიშნონ.
იესო წინ მიუძღვის თავის მოწაფეებს; მას სურს, რომ დღესასწაულის აღსანიშნავად ქალაქში დროულად ჩავიდნენ. მაგრამ მოწაფეებს რაღაც აშინებთ. ცოტა ხნით ადრე, როცა ლაზარე მოკვდა და იესო პერეადან იუდეაში წასვლას აპირებდა, თომამ უთხრა სხვა მოწაფეებს: „ჩვენც წავიდეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ“ (იოანე 11:16, 47—53). აშკარაა, რომ იერუსალიმში ჩასვლა საკმაოდ სახიფათოა; ამიტომ გასაგებია, რატომ ეშინიათ მოწაფეებს.
წინასწარ რომ მოამზადოს მოსალოდნელი მოვლენებისთვის, იესო გვერდზე იხმობს მოციქულებს და ეუბნება: „ავდივართ იერუსალიმში და კაცის ძე გადაეცემა უფროს მღვდლებსა და მწიგნობრებს. ისინი სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას და გადასცემენ უცხოტომელებს, რომ მასხრად აიგდონ, გაშოლტონ და ბოძზე გააკრან, მესამე დღეს კი აღდგება“ (მათე 20:18, 19).
იესო უკვე მესამედ ეუბნება თავის მოწაფეებს, რომ უნდა მოკვდეს და შემდეგ აღდგეს (მათე 16:21; 17:22, 23). მაგრამ ამჯერად იმასაც ამბობს, რომ ბოძზე გააკრავენ. მართალია, მოწაფეები უსმენენ მას, მაგრამ ვერ სწვდებიან მისი სიტყვების მნიშვნელობას. როგორც ჩანს, ისინი ელიან, რომ დედამიწაზე აღდგება ისრაელის სამეფო და სურთ, რომ დიდება და პატივი მოიხვეჭონ ქრისტესთან ერთად ამ მიწიერ სამეფოში.
იაკობისა და იოანეს დედაც, რომელსაც, სავარაუდოდ, სალომე ჰქვია, მათ შორისაა, ვინც იერუსალიმში მიემგზავრება. იესომ ამ ორ მოციქულს, როგორც ჩანს, მათი ფიცხი ხასიათის გამო „ქუხილის ძეები“ უწოდა (მარკოზი 3:17; ლუკა 9:54). რაღაც პერიოდი მათ ჰქონდათ იმის ამბიცია, რომ ქრისტეს სამეფოში საპატიო ადგილები დაეკავებინათ. ამ მოციქულების დედამაც იცის ამის შესახებ, ამიტომ უახლოვდება იესოს, მდაბლად თაყვანს სცემს და რაღაცას სთხოვს. იესო ეკითხება: „რა გინდა?“. იგი ეუბნება: „სიტყვა თქვი, რომ ჩემი ერთი ვაჟი შენს სამეფოში შენ მარჯვნივ დაჯდეს, მეორე კი — შენ მარცხნივ“ (მათე 20:20, 21).
სინამდვილეში ეს ქალი თავისი შვილების, იაკობისა და იოანეს სურვილს აჟღერებს. იესომ სულ ახლახან ისაუბრა იმაზე, თუ რა სირცხვილი და დამცირება ელოდა წინ, ახლა კი ეუბნება მათ: „არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ ის სასმისი შესვათ, რომელსაც მე შევსვამ?“. ისინი პასუხობენ: „შეგვიძლია“ (მათე 20:22). როგორც ჩანს, ისინი ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, რას ნიშნავს მათთვის ეს ყველაფერი.
მაგრამ იესო ეუბნება მათ: „ჩემს სასმისს კი შესვამთ, მაგრამ ჩემ მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეს ადგილები მათთვის არის, ვისაც ჩემმა ზეციერმა მამამ მოუმზადა“ (მათე 20:23).
სხვა ათი მოციქული აღშფოთებას ვერ მალავს, როცა იგებს, რას ითხოვენ იაკობი და იოანე. საინტერესოა, მაშინაც გამოხატეს თუ არა იაკობმა და იოანემ ეს აზრი, როცა მოციქულებს კამათი მოუვიდათ იმაზე, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი (ლუკა 9:46—48). ამ ორი მოციქულის თხოვნამ გამოააშკარავა, რომ მოციქულებს არ გაუთვალისწინებიათ იესოს რჩევა, რომელმაც უთხრა, რომ უმცირესივით მოქცეულიყვნენ. ისინი ისევ პირველობისკენ ისწრაფვიან.
იესო ცდილობს, როგორმე ბოლო მოუღოს ამ თემაზე კამათს, რომელიც მოციქულებს შორის განხეთქილებას იწვევს. იგი ერთად კრებს თორმეტივეს და სიყვარულით ურჩევს: „თქვენ იცით, რომ ისინი, ვისაც ხალხთა მმართველებად თვლიან, მათზე ბატონობენ და ხალხი დიდებულთა ძალაუფლებაშია. თქვენ შორის კი ასე არ უნდა იყოს. პირიქით, ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის დიდი იყოს, თქვენი მსახური იყოს, და ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის პირველი იყოს, ის ყველას მონა იყოს“ (მარკოზი 10:42—44).
იესო მათ საკუთარ მაგალითზე უმახვილებს ყურადღებას; მოწაფეები მას უნდა ჰბაძავდნენ: „კაცის ძეც არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მათე 20:28). იესო უკვე დაახლოებით სამი წელია, რაც სხვების საკეთილდღეოდ იღვწის. მალე კი ბევრად მეტს გააკეთებს და საკუთარ სიცოცხლესაც კი გაიღებს კაცობრიობისთვის! ასე რომ, მის მოწაფეებს მსგავსი სულისკვეთება უნდა ჰქონდეთ; იესოს მიმდევრებს ის კი არ უნდა სურდეთ, რომ მათ ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახურონ სხვებს და პირველობისკენ კი არ ისწრაფონ, არამედ საკუთარი თავი უმცირესად ჩათვალონ.