მათ შეასრულეს იეჰოვას ნება
იესოს ესალმებიან, როგორც მესიასა და მეფეს!
ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის 9 ნისანს იერუსალიმში ხმაურით შესულმა ხალხმა მრავალი იუდეველი გააოცა. მიუხედავად იმისა, რომ პასექის წინ ქალაქში ხალხის ნაკადის დანახვა უჩვეულო არ ყოფილა, ეს სტუმრები განსხვავებულები იყვნენ. მათ შორის მთავარ ფიგურას ვირის ჩოჩორზე შემჯდარი მამაკაცი წარმოადგენდა. ეს მამაკაცი იესო ქრისტე იყო — ხალხი სამოსელსა და პალმის ტოტებს უფენდა მას წინ, თან შესძახოდნენ: „ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა, მაღალთა შინა!“ დიდძალი ხალხის დანახვაზე უკვე იერუსალიმში მყოფი მრავალი ადამიანი აღიძრა, რომ პროცესიას შეერთებოდა (მათე 21:7–9; იოანე 12:12, 13).
თუმცა იმჟამად ესალმებოდნენ, იესომ იცოდა, რომ განსაცდელები ელოდებოდა. სულ რაღაც ხუთ დღეში ის იმავე ქალაქში სასიკვდილოდ გადაეცემოდა! დიახ, იესომ იცოდა, რომ იერუსალიმი მტრულად განწყობილი ტერიტორია იყო და ის სწორედ ამაზე ფიქრობდა, როცა მოაწყო თვალში საცემი შესვლა ქალაქში.
შესრულდა ძველი წინასწარმეტყველება
იერუსალიმში იესოს საზეიმო შესვლა ზაქარიამ იწინასწარმეტყველა ძვ. წ. 518 წელს. ის წერდა: „დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე. . . მშვიდობას გამოუცხადებს უფალი ხალხებს და დამყარდება მისი ხელმწიფება ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან ქვეყნის ბოლომდე“ (ზაქარია 9:9, 10).
ამგვარად, 9 ნისანს იერუსალიმში იესოს შესვლით ბიბლიური წინასწარმეტყველება შესრულდა. ეს იყო არა შემთხვევითი, არამედ საგულდაგულოდ დაგეგმილი მოვლენა. უფრო ადრე, ჯერ კიდევ იერუსალიმის გარეთ, იესომ თავისი ორი მოწაფეთაგანი დაარიგა: „წადით სოფელში, რომელიც თქვენს წინაა და მაშინვე იპოვით დაბმულ ვირს ჩოჩორთან ერთად. აუშვით და მომიყვანეთ. თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით: უფალს სჭირდება-თქო და მაშინვე გამოგატანთ მათ“ (მათე 21:1–3). მაგრამ რატომ უნდოდა იესოს, რომ იერუსალიმში ვირზე მჯდომი შესულიყო და რა მნიშვნელობა ჰქონდა ხალხის რეაქციას?
მეფობასთან დაკავშირებული თემა
ნანახი ხშირად უფრო დამაჯერებელია, ვიდრე ნათქვამი. ასე რომ, წინასწარმეტყველური ცნობის გასაძლიერებლად იეჰოვა დროდადრო ასახიერებინებდა ხოლმე თავის წინასწარმეტყველებს მათ ცნობას (მესამე მეფეთა 11:29–32; იერემია 27:1–6; ეზეკიელი 4:1–17). კომუნიკაციის ეს ძლიერ თვალსაჩინო საშუალებები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენდა მეტად ულმობელ დამკვირვებელზეც კი. იესომ ანალოგიურად განასახიერა ძლიერმოქმედი ცნობა, როცა ქალაქ იერუსალიმში ვირზე მჯდომი შევიდა. როგორ?
ბიბლიურ დროში ვირი მაღალი ფენის წარმომადგენელთა მიზნებში გამოიყენებოდა. მაგალითად, სოლომონი მეფედ საცხებად შეჯდა მამამისის „ჯორზე“, ულაყი ვირის ნაჯვარზეa (მესამე მეფეთა 1:33–40). ამგვარად, ვირზე მჯდომი იესოს იერუსალიმში შესვლას მისთვის ის მნიშვნელობა ექნებოდა, რომ იგი საკუთარ თავს მეფედ წარადგენდა. ხალხის მოქმედება აძლიერებდა ამ ცნობას. ჯგუფი, ეჭვგარეშეა, უმთავრესად გალილეელებისგან შემდგარი, სამოსელს უფენდა წინ იესოს — ეს ნიშანი იეჰუს გამეფების საჯაროდ გამოცხადების შემხსენებელი იყო (მეოთხე მეფეთა 9:13). მათი მითითება იესოზე, როგორც ‘დავითის ძეზე’, ხაზს უსვამდა მის კანონიერ უფლებას მმართველობაზე (ლუკა 1:31–33). მათ მიერ პალმის ტოტების გამოყენებამ კი აშკარად აჩვენა მისი სამეფო ძალაუფლებისადმი მათი მორჩილება (შეადარე გამოცხადება 7:9, 10).
ამგვარად, პროცესიამ, რომელიც 9 ნისანს იერუსალიმში შევიდა, ნათლად გამოხატა თემა — იესო ღვთის მიერ დანიშნული მესია და მეფე იყო. რასაკვირველია, ყველა სიხარულით არ შეხვედრია იესოს ამგვარ წარდგენას. განსაკუთრებით ფარისევლები ფიქრობდნენ, რომ იესოსთვის მეტისმეტად შეუფერებელი იყო ასეთი მეფური პატივის მიგება. „მოძღვარო, — მოითხოვეს მათ, ეჭვგარეშეა, მრისხანე ხმით, — გაუწყერი შენს მოწაფეებს“. იესომ უპასუხა: „თქვენ გეუბნებით, ესენი რომ დადუმდნენ, ქვები იღაღადებენ“ (ლუკა 19:39, 40). დიახ, ღვთის სამეფო იესოს ქადაგების თემა იყო. ის გაბედულად აცხადებდა ამ ცნობას, გინდ მიეღო ის ხალხს, გინდ არა.
გაკვეთილი ჩვენთვის
იესოსგან დიდ სიმამაცეს მოითხოვდა იერუსალიმში ზაქარია წინასწარმეტყველის მიერ ნაწინასწარმეტყველები სახით შესვლა. მან იცოდა, რომ ასე მოქმედებით მტრების რისხვას იწვევდა. ზეცაში ამაღლებამდე იესომ თავის მიმდევრებს დაავალა, ექადაგათ ღვთის სამეფოს კეთილი ცნობა და ‘მოემოწაფებინათ ყველა ხალხი’ (მათე 24:14; 28:19, 20). ამ სამუშაოს ბოლომდე მიყვანაც სიმამაცეს მოითხოვს. ყველა არ არის მოხარული ცნობის მოსმენით. ზოგი გულგრილია მისადმი, სხვები კი ეწინააღმდეგებიან მას. ზოგი მთავრობა შეზღუდვებს ადებს ან აშკარად კრძალავს სამქადაგებლო საქმიანობას.
მიუხედავად ამისა, იეჰოვას მოწმეებს ესმით, რომ ღვთის დამყარებული სამეფოს კეთილი ცნობა ნაქადაგები უნდა იქნას, გინდ მოისმინოს ხალხმა, გინდ არ მოისმინოს (ეზეკიელი 2:7). იმ დროს, როცა ამ გადამრჩენი სამუშაოს შესრულებას აგრძელებენ, მათ ამშვიდებს იესოს დანაპირები: „აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე საუკუნის დასასრულამდე“ (მათე 28:20).
[სქოლიოები]
a მარკოზის შეტყობინება უმატებს, რომ ჩოჩორი ისეთი იყო, „რომელზეც ჯერ კაცი არ შემჯდარა“ (მარკოზი 11:2). როგორც ჩანს, პირუტყვი, რომელიც ჯერ არ გამოუყენებიათ, განსაკუთრებით შესაფერი იყო წმინდა მიზნებისთვის (შეადარე რიცხვნი 19:2; მეორე რჯული 21:3; პირველი მეფეთა 6:7).