აღგძრავთ თუ არა რწმენა მოქმედებისკენ?
ასისთავი დარწმუნებული იყო, რომ იესოს მისი დამბლადაცემული მონის განკურნება შეეძლო. მაგრამ იესო მას სახლში არ მიუწვევია და ამის მიზეზი ან მისი არაებრაელობა იყო, ან ის, რომ თავი უღირსად მიაჩნდა. ასისთავმა იუდეველთა უხუცესები გაგზავნა იესოსთან, რათა მისი სიტყვები გადაეცათ: „ბატონო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური“. როდესაც იესომ დაინახა ასისთავის რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ მას შორი მანძილიდანაც კი შეეძლო განკურნება, იქვე მყოფ ხალხს უთხრა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ისრაელში არავის შევხვედრივარ, ასეთი დიდი რწმენა რომ ჰქონოდა“ (მათე 8:5—10; ლუკა 7:1—10).
ეს შემთხვევა გვეხმარება, განსაკურთებული ყურადღება მივაქციოთ რწმენასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ფაქტს. ჭეშმარიტი რწმენა პასიური არ არის, არამედ მას თან ახლავს მოქმედება. ბიბლიის დამწერმა იაკობმა აღნიშნა: ‘რწმენა, თუ საქმეები არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია’ (იაკობი 2:17). ამას უფრო ნათლად დავინახავთ, როდესაც განვიხილავთ იმის მაგალითს, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც რწმენა პასიური ხდება.
ძვ. წ. 1513 წელს იეჰოვა ღმერთსა და ისრაელებს შორის რჯულის შეთანხმება დაიდო. მოსემ, რომელიც ამ შეთანხმების დადებისას შუამავალი იყო, ისრაელის ძეებს ღვთის სიტყვა გადასცა: „თუ მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას . . . თქვენ იქნებით ჩემთვის . . . წმიდა ერად“ (გამოსვლა 19:3—6). დიახ, იქნებოდა თუ არა ისრაელი წმინდა ერი, მათ მორჩილებაზე იყო დამოკიდებული.
მრავალი საუკუნის შემდეგ იუდეველებმა რჯულის შესწავლას მეტი მნიშვნელობის მინიჭება დაუწყეს, ვიდრე მასში მოცემული პრინციპების შესრულებას. ალფრედ ედერშაიმი თავის წიგნში წერდა: «[რაბინებმა] — „წუთისოფლის წარჩინებულმა პირებმა“ — დიდი ხანია, რაც დააფუძნეს, რომ შესწავლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქმეები» (The Life and Times of Jesus the Messiah).
ძველ ისრაელებს ნაბრძანები ჰქონდათ, გულმოდგინედ ესწავლათ ღვთის მოთხოვნები. ღმერთმა თავად უთხრა მათ: „იყოს ეს სიტყვანი, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს, შენს გულში. ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, და გზაზე სიარულისას, დაწოლისას, და აღდგომისას“ (მეორე რჯული 6:6, 7). მაგრამ ოდესმე მიუთითებია იეჰოვას, რომ რჯულის შესწავლა საქმეებზე ან ამ რჯულის შესაბამისად მოქმედებაზე მაღლა დაეყენებინათ? მოდი ვნახოთ.
ინტენსიური სწავლა
ისრაელებს შეიძლება გონივრულად მიაჩნდათ რჯულის შესწავლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მინიჭება, რადგან ერთი იუდაური გადმოცემის თანახმად, თავად ღმერთი რჯულის შესწავლას დღეში სამ საათს უთმობდა. ასე რომ, გასაგებია, თუ რატომ ფიქრობდა ზოგიერთი იუდეველი ასე: „თუ ღმერთი რეგულარულად სწავლობს რჯულს, განა მიწიერი ქმნილებები მთლიანად ამით არ უნდა იყვნენ დაკავებულნი?“
ახ. წ. პირველი საუკუნისთვის რაბინები დიდ დროს უთმობდნენ რჯულის ანალიზსა და ახსნას, რამაც მათი აზროვნება სრულიად დაამახინჯა. „მწიგნობრები და ფარისევლები . . . ამბობენ და არ აკეთებენ, — თქვა იესომ. — კრავენ მძიმე ტვირთს და ხალხს მხრებზე ადებენ, თვითონ კი თითითაც არ სურთ მისი დაძვრა“ (მათე 23:2—4). ეს რელიგიური წინამძღოლები უბრალო ხალხს უამრავი წესებითა და კანონებით ამძიმებდნენ, მაგრამ საკუთარი თავისთვის ყოველთვის გამოიძებნიდნენ ისეთ გამოსავალს, რომ იგივე კანონები თავად არ შეესრულებინათ. გარდა ამისა, ეს კაცები, რომლებიც ინტენსიურ სწავლაზე ამახვილებდნენ ყურადღებას ‘ივიწყებდნენ უფრო მნიშვნელოვანს კანონში: სამართალს, გულმოწყალებასა და ერთგულებას’ (მათე 23:16—24).
მწიგნობრები და ფარისევლები, რომლებიც საკუთარ სამართალს ეძებდნენ, არღვევდნენ რჯულს, რომლის დამცველებადაც თავი მოჰქონდათ. საუკუნეების განმავლობაში სიტყვებსა და რჯულის პატარ–პატარა დეტალებზე კამათს ისინი ღმერთთან არ დაუახლოებია. მსგავსი შედეგი ჰქონდა და რწმენისგან განდგომა გამოიწვია იმანაც, რასაც მოციქულმა პავლემ „უშინაარსო ლაპარაკი“, „წინააღმდეგობები“ და ეგრეთ წოდებული ცოდნა უწოდა (1 ტიმოთე 6:20, 21). მაგრამ სხვა სერიოზული პრობლემა იყო ის გავლენა, რომელსაც მათზე გაუთავებელი კვლევა ახდენდა. მათ არ უვითარდებოდათ ისეთი რწმენა, რომელიც სწორი მოქმედებისკენ აღძრავდა.
მცოდნეები, მაგრამ ურწმუნო გულის მქონენი
რამდენად განსხვავდებოდა იუდეველ რელიგიურ წინამძღოლთა აზროვნება ღვთის აზროვნებისგან! აღთქმულ მიწაზე შესვლამდე ცოტა ხნით ადრე მოსემ ისრაელებს უთხრა: „ჩაიბეჭდეთ თქვენს გულში ყოველი სიტყვა, რომელსაც მე გიმოწმებთ დღეს, რათა უბრძანოთ თქვენს ძეებს, რომ დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის ყოველი სიტყვა“ (მეორე რჯული 32:46). ცხადია, ღვთის ხალხი რჯულის არა მარტო მცოდნეები უნდა ყოფილიყვნენ, არამედ შემსრულებლებიც.
ისრაელები არაერთხელ ავლენდნენ იეჰოვასადმი ორგულობას. ნაცვლად იმისა, რომ სწორად მოქცეულიყვნენ, ისრაელის ძეები ‘არ ერწმუნენ მას [ღმერთს], და არ შეისმინეს მისი ხმა’ (მეორე რჯული 9:23; მსაჯულთა 2:15, 16; 2 ნეშტთა 24:18, 19; იერემია 25:4—7). ბოლოს კი იუდეველებმა უდიდესი ორგულობა იმით გამოავლინეს, რომ იესო მესიად არ მიიღეს (იოანე 19:14—16). ამიტომ იეჰოვამ უარყო ისრაელი და ყურადღება სხვა ერებს მიაპყრო (საქმეები 13:46).
ჩვენც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა არ გავებათ იმავე მახეში და არ ვიფიქროთ, რომ ღვთისადმი თაყვანისცემას შევძლებთ, თუ მცოდნეები, მაგრამ ურწმუნო გულის მქონენი ვიქნებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საჭიროა, ბიბლიის შესწავლა ჩვენთვის მხოლოდ აკადემიური ცოდნის დაგროვება არ იყოს. საფუძვლიანმა ცოდნამ ჩვენს გულებამდე უნდა ჩააღწიოს და ჩვენს ცხოვრებაზე დადებითად იმოქმედოს. განა სარგებლობის მომტანი იქნებოდა, თუ მებოსტნეობას ვისწავლიდით, მაგრამ არასოდეს დავთესავდით რამეს? მართალია, შევიძენდით გარკვეულ ცოდნას იმის თაობაზე, თუ როგორ დავამუშაოთ ბოსტანი, მაგრამ მოსავალს ვერასოდეს ვერ ავიღებდით! მსგავსად ამისა, ადამიანებმა, რომლებიც ბიბლიის შესწავლისას ღვთის მოთხოვნებს იგებენ, ჭეშმარიტების თესლს გულში ჩაღწევის საშუალება უნდა მისცენ, რათა ეს თესლი გაღივდეს და მოქმედებისკენ აღძრას ისინი (მათე 13:3—9, 19—23).
„იყავით სიტყვის შემსრულებელნი“
მოციქულმა პავლემ თქვა, რომ „რწმენა მოსმენილის მეშვეობით მოდის“ (რომაელები 10:17). ღვთის სიტყვის მოსმენის შედეგად ღმერთის ძისადმი, იესო ქრისტესადმი, რწმენის გამოვლენა მარადიული სიცოცხლის გზაზე გვაყენებს. დიახ, საკმარისი არ არის მხოლოდ იმის თქმა: „მე მწამს ღმერთი და ქრისტე“.
იესო თავის მიმდევრებს მოუწოდებდა, ჰქონოდათ ისეთი რწმენა, რომელიც მოქმედებისკენ აღძრავდა მათ: „მამაჩემისთვის იმას მოაქვს დიდება, რომ ბევრი ნაყოფი გამოგაქვთ და ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ“ (იოანე 15:8). მოგვიანებით, იესოს ნახევარძმამ, იაკობმა დაწერა: „იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი“ (იაკობი 1:22). საიდან უნდა ვიცოდეთ, თუ რა ვაკეთოთ? იესომ სიტყვითა და საქმით გვიჩვენა, თუ რის გაკეთებაა საჭირო იმისათვის, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ.
დედამიწაზე ყოფნისას იესო ძალ–ღონეს არ იშურებდა სამეფო ინტერესების წინ წასაწევად და მამის სახელის განსადიდებლად (იოანე 17:4—8). როგორ აკეთებდა ის ამას? მრავალმა შეიძლება გაიხსენოს იესოს მიერ სასწაულებრივად ავადმყოფებისა და ხეიბრების განკურნების შემთხვევები. მაგრამ მათეს სახარება ნათელს ჰფენს უმთავრესს: „დადიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა ხალხს სინაგოგებში, ქადაგებდა სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“. აღსანიშნავია, რომ იესოს მსახურება არ შემოიფარგლებოდა ახლო მეგობრებისა და ნაცნობების წრით. ის ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ „მთელ გალილეაში“ ექადაგა (მათე 4:23, 24; 9:35).
იესომ თავის მიმდევრებს მოწაფეების მომზადება დაავალა. მან სრულყოფილი მაგალითი მისცა მათ (1 პეტრე 2:21). იესომ ერთგულ მოწაფეებს უთხრა: „ამიტომ, წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:19, 20).
ცხადია, ქადაგებაში მონაწილეობა სირთულეებთანაა დაკავშირებული. თავად იესომ თქვა: „გგზავნით როგორც ბატკნებს მგლებში“ (ლუკა 10:3). წინააღმდეგობის წაწყდომისას ბუნებრივი რეაქციაა, უკან დავიხიოთ, რათა საკუთარ თავს ზედმეტი მწუხარება ან საზრუნავი ავარიდოთ. სწორედ ასე მოხდა იესოს დაპატიმრების საღამოს. შიშით შეპყრობილი მოციქულები გაიქცნენ. იმავე საღამოს, მოგვიანებით, პეტრემ სამჯერ უარყო, რომ იესოს იცნობდა (მათე 26:56, 69—75).
თქვენ შეიძლება გაგაოცოთ მოციქული პავლეს შესახებ იმის გაგებამ, რომ ბრძოლა უწევდა, რათა სასიხარულო ცნობა ექადაგა. მან თესალონიკეს კრებას მისწერა: „გამბედაობა მოვიკრიბეთ, რომ გვეუწყებინა თქვენთვის ღვთის სასიხარულო ცნობა, რისთვისაც დიდი ბრძოლა დაგვჭირდა“ (1 თესალონიკელები 2:1, 2).
პავლემ და მისმა თანამშრომელმა მოციქულებმა შეძლეს შიშის დაძლევა და სხვებთან ღვთის სამეფოს შესახებ ლაპარაკი და ეს თქვენც შეგიძლიათ. როგორ? უმთავრესია იეჰოვაზე მინდობა. თუ იეჰოვასადმი მტკიცე რწმენა გვაქვს, ეს მოქმედებისკენ აღგვძრავს და შევძლებთ მისი ნების შესრულებას (საქმეები 4:17—20; 5:18, 27—29).
მსახურებისთვის ჯილდოს მიღება
იეჰოვამ ძალიან კარგად იცის, თუ რა ძალისხმევას ვახმართ მისთვის მსახურებას. მაგალითად, მან იცის, როდის ვართ ავად ან დაღლილნი. მისთვის ცნობილია ისიც, გვეპარება თუ არა საკუთარ ძალებში ეჭვი. როდესაც ეკონომიკურად გვიჭირს ან ჯანმრთელობა თუ ემოციური მდგომარეობა გვიმტყუნებს, იეჰოვა ხედავს ამას (2 ნეშტთა 16:9; 1 პეტრე 3:12).
როგორ სიამოვნებს იეჰოვას, როდესაც ჩვენი არასრულყოფილებისა და სირთულეების მიუხედავად, რწმენა მოქმედებისკენ აღგვძრავს! თბილი გრძნობები, რომლებიც იეჰოვას თავისი ერთგული მსახურების მიმართ აქვს, მხოლოდ გრძნობებად როდი რჩება; ღმერთი ამ გრძნობებს ავლენს კიდეც, რაც მის მიერ მოცემული დაპირებით გამოიხატება. ღვთის შთაგონებით პავლე მოციქულმა დაწერა: „ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ, რადგან ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმინდებს“ (ებრაელები 6:10).
თქვენ შეგიძლიათ გჯეროდეთ, რომ იეჰოვა ისეთია, როგორც ბიბლიაშია აღწერილი; „სარწმუნოა ღმერთი და არაა მასში უსამართლობა“ და „აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ — ნათქვამია წმინდა წერილებში (მეორე რჯული 32:4; ებრაელები 11:6). მაგალითად, ერთი კალიფორნიელი ქალი იხსენებს: „დაოჯახებამდე მამა ათი წლის განმავლობაში სრული დროით მსახურობდა. ის სიამოვნებით მიყვებოდა შემთხვევებს იმის თაობაზე, თუ როგორ ეხმარებოდა იეჰოვა მსახურებაში. მრავალჯერ მას უკანასკნელი დოლარი ბენზინში გადაუხდია, რათა მსახურებაში წასვლა შეძლებოდა. სახლში დაბრუნებულს კი ხშირად კარებთან მოულოდნელი საჩუქარი დახვედრია“.
მატერიალური მხარდაჭერის გარდა „თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამა“ ემოციურ და სულიერ დახმარებასაც გვიწევს (2 კორინთელები 1:3). „სასიამოვნოა იეჰოვაზე მინდობა, — ამბობს ერთი მოწმე, რომელმაც წლების განმავლობაში მრავალი განსაცდელი გამოიარა. — განსაცდელები შესაძლებლობას გაძლევს, მიენდო იეჰოვას და დაინახო, თუ როგორ გეხმარება ის“. თქვენ შეგიძლიათ თავმდაბლად მიმართოთ ‘ლოცვების მომსმენს’ და დარწმუნებულნი იყოთ, რომ ის ყურადღებას მიაქცევს თქვენს პირად საზრუნავს (ფსალმუნები 64:3).
სულიერ მკაში მონაწილეები მრავალ კურთხევასა და ჯილდოს იღებენ (მათე 9:37, 38). სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობამ მრავალს ჯანმრთელობა გაუუმჯობესა და იგივე შეიძლება მოხდეს თქვენს შემთხვევაშიც. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სხვებისთვის ქადაგება ღმერთთან კარგი ურთიერთობის განმტკიცებაში გვეხმარება (იაკობი 2:23).
განაგრძეთ სიკეთის კეთება
არასწორი იქნებოდა, თუ ღვთის რომელიმე მსახური დაასკვნიდა, რომ იეჰოვა უკმაყოფილოა იმით, რომ მის მსახურს უძლურების ან ხანდაზმულობის გამო მსახურებაში იმდენის გაკეთება არ შეუძლია, რამდენსაც ისურვებდა. იმავეს თქმა შეიძლება მათ შესახებაც, რომლებსაც ჯანმრთელობა, ოჯახური ვალდებულებები ან სხვა მდგომარეობა ზღუდავს მსახურებაში.
გახსოვდეთ, რომ როდესაც მოციქულ პავლეს რაღაც უძლურება თუ პრობლემა ზღუდავდა, ის ‘სამჯერ შეევედრა უფალს, რომ მოეშორებინა იგი’ მისთვის. იეჰოვას არ განუკურნავს პავლე, რათა მას მსახურებაში მეტის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონოდა, არამედ უთხრა: „გეყოფა ჩემი წყალობა, რადგან სისუსტეში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა“ (2 კორინთელები 12:7—10). ამიტომ დარწმუნებულნი იყავით, რა რთული მდგომარეობაც უნდა გქონდეთ, თქვენი ზეციერი მამა აფასებს ყველაფერს, რასაც მისი ინტერესების წინ წასაწევად აკეთებთ (ებრაელები 13:15, 16).
მოსიყვარულე შემოქმედი ჩვენგან იმაზე მეტს არ მოითხოვს, რის გაკეთებაც შეგვიძლია. ის მხოლოდ ითხოვს, რომ ისეთი რწმენა გვქონდეს, რომელიც მოქმედებისკენ აღგვძრავს.
[სურათი 26 გვერდზე]
საკმარისი იყო რჯულის მხოლოდ სწავლა?
[სურათები 29 გვერდზე]
რწმენა საქმეებით უნდა გამოვავლინოთ.