იცოდით თუ არა?
რა უპირატესობებით სარგებლობდა და რა პასუხისმგებლობები ეკისრა პირმშოს?
▪ ჯერ კიდევ პატრიარქების დროიდან ღვთის მსახურები განსაკუთრებულ უფლებებს ანიჭებდნენ პირმშოს. მამის სიკვდილის შემდეგ ოჯახის მეთაურობა უფროს ვაჟს ეკისრებოდა. ის ზრუნავდა ოჯახის თითოეულ წევრზე და ყველა, ვინც მის სახლში ცხოვრობდა, მას ემორჩილებოდა. პირმშო ოჯახის წარმომადგენელიც იყო ღვთის წინაშე. ვაჟებს შორის მემკვიდრეობის განაწილებისას, მთავარი წილი პირმშოს ხვდებოდა. სხვა ძმებისგან განსხვავებით ის ორმაგ წილს იღებდა.
პატრიარქების დროს, უფროს ვაჟს შეეძლო პირმშოს უფლება სხვისთვის გადაეცა. მაგალითად ესავმა პირმშოობა თავის უმცროს ძმას მიჰყიდა (დაბადება 25:30—34). უზნეო საქციელის გამო, იაკობმა რეუბენს პირმშოობა ჩამოართვა და იოსებს გადასცა (1 მატიანე 5:1). მოსეს კანონის მიხედვით, კაცს, რომელსაც რამდენიმე ცოლი ჰყავდა, არ შეეძლო პირმშოობა ერთი ცოლის ვაჟისთვის წაერთმია და მეორე ცოლის ვაჟისთვის გადაეცა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მისი საყვარელი ცოლის ვაჟი იყო. მამას პატივი უნდა ეცა იმ უფლებისთვის, რომელიც პირმშოს დაბადებიდანვე ჰქონდა (კანონი 21:15—17).
რატომ ატარებდნენ მწიგნობრები და ფარისევლები ფილაქტერიონებს ანუ კოლოფებს, რომლებშიც წმინდა წერილების მონაკვეთები ინახებოდა?
▪ იესო თავის მოწინააღმდეგე მწიგნობრებსა და ფარისევლებს განსჯიდა იმის გამო, რომ ისინი იფართოებდნენ ფილაქტერიონებს, რომლებსაც უბედურებისგან დაცვის მიზნით ატარებდნენ (მათე 23:2, 5). ამ რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები შუბლზე პატარა შავ, მართკუთხა ან კვადრატული ფორმის ტყავის კოლოფებს იმაგრებდნენ. ასეთ კოლოფებს ისინი გულთან ახლოს, მარცხენა მკლავზეც იმაგრებდნენ. ამ კოლოფებში წმინდა წერილების მონაკვეთები ინახებოდა. ასეთი კოლოფების, ეგრეთ წოდებული ფილაქტერიონების, ტარების ჩვეულებას საფუძვლად დაედო ღვთის მიერ ისრაელებისთვის მიცემული მითითება, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს: „გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ . . . ხელზე შეიბი ნიშნად და შუბლზე გაიკეთე“ (კანონი 6:6—8). ცნობილი არ არის, ზუსტად როდის დაიწყეს ფილაქტერიონების გამოყენება, მაგრამ როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, მათ ძვ. წ. მესამე ან მეორე საუკუნიდან იყენებდნენ.
იესო ამ ჩვეულებას ორი მიზეზის გამო არ იწონებდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მწიგნობრები და ფარისევლები ფილაქტერიონებს სხვებისთვის თავიანთი ღვთისმოსაობის საჩვენებლად იფართოებდნენ. და მეორე, ამ რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები ამ პატარა კოლოფებს თილისმად მიიჩნევდნენ და უბედურებისგან თავდაცვის მიზნით ატარებდნენ. თავად სიტყვა „ფილაქტერიონი“, რომელიც ბერძნულიდან მოდის, არაბიბლიურ წყაროებში შემდეგი მნიშვნელობებით გვხვდება: დამცავი რაზმი, სიმაგრე ან თავდაცვის საშუალება.