ცემა
მოსეს კანონის თანახმად, დასჯის ერთ-ერთი მეთოდი გაჯოხვა იყო. მსაჯულები წყვეტდნენ, რამდენ დარტყმას მიიღებდა დამნაშავე. ისინი მხედველობაში იღებდნენ დანაშაულის სიმძიმეს, მოტივს, გარემოებას და ა.შ. დამნაშავე შემდეგნაირად უნდა გაეჯოხათ: „დააწვინონ იგი მსაჯულის წინაშე და იმდენჯერ დაარტყან, რამდენსაც დანაშაულის გამო იმსახურებს“. თუმცა მისთვის ორმოცზე მეტჯერ არ უნდა დაერტყათ (კნ. 25:2, 3). დარტყმების რაოდენობა იმიტომ იყო განსაზღვრული, რომ ორმოცზე მეტი დარტყმით დამნაშავე მოძმის თვალში დამცირდებოდა. აქედან ჩანს, რომ მოსეს კანონი დასჯის სასტიკი მეთოდების გამოყენებას არ ითვალისწინებდა. დასჯის მიზანი დამნაშავის გამოსწორება იყო და არა მასზე შურისძიება, როგორც ეს სხვა ერებში ხდებოდა. თუ სასჯელის აღმსრულებელი დამნაშავეს იმაზე მეტჯერ დაარტყამდა, ვიდრე ეს კანონით იყო გათვალისწინებული, თავადაც დაისჯებოდა. ამიტომ იუდეველებმა დაადგინეს, რომ დარტყმების მაქსიმალური რაოდენობა 39 ყოფილიყო, რათა შემთხვევით 40-ზე მეტჯერ არ დაერტყათ მისთვის და ამით კანონი არ დაერღვიათ (2კრ. 11:24).
თუ ებრაელს თავისი მონა (კაცი იქნებოდა თუ ქალი) ეურჩებოდა, მას უფლება ჰქონდა, გაეჯოხა ის. თუ მონა ცემით მოკვდებოდა, მისი ბატონიც უნდა დასჯილიყო. მაგრამ თუ მონა ცემის მერე ერთ ან ორ დღეს იცოცხლებდა, ესე იგი, მის ბატონს მისი მოკვლა არ ჰქონდა განზრახული. ვინაიდან მონა ბატონის „ფულად“ ითვლებოდა, ბატონს ჰქონდა მისი დასჯის უფლება, თუმცა მას ნამდვილად არ ექნებოდა იმის სურვილი, რომ საკუთარი ქონება გაენადგურებინა და ზარალი ენახა. თანაც, თუ მონა ერთი ან ორი დღის შემდეგ მოკვდებოდა, გაურკვეველი იქნებოდა, ის ცემის შედეგად მოკვდა თუ სხვა მიზეზით. ამიტომ თუ მონა ერთი ან ორი დღე იცოცხლებდა, ბატონი არ დაისჯებოდა (გმ. 21:20, 21).
თუ ქმარი ცოლს ბრალს დასდებდა, რომ გათხოვების დროს მან თავი ქალწულად გაასაღა, მაგრამ მისი ბრალდება არ დადასტურდებოდა, ქალაქის უხუცესები ანუ მსაჯულები, დასჯიდნენ მას და ჯარიმასაც დააკისრებდნენ, რადგან მან ისრაელის ქალწულს სახელი გაუტეხა. ის შეიძლება გაეჯოხათ კიდეც (კნ. 22:13—19).
ბიბლიაში არაერთხელაა ხაზგასმული, რომ გაჯოხვის მიზანი გამოსწორებაა. იგავების 20:30-ის თანახმად, დასჯამ ადამიანზე შეიძლება ძალიან კარგად იმოქმედოს. მასში ვკითხულობთ: „დაჟეჟილობა ბოროტებას აცილებს, დარტყმა კი წმენდს შიგნეულს“. ადამიანი, რომელიც ასე ისჯება, უნდა აცნობიერებდეს, რომ უგუნურად მოიქცა და გამოსწორება სჭირდება (იგ. 10:13; 19:29). ბრძენი ადამიანი სიტყვითაც გამოსწორდება და მისი გაჯოხვა არ გახდება საჭირო.
იმის გამო, რომ ყველა ადამიანი დანაშაულშია დაბადებული და ცოდვაშია ჩასახული (ფს. 51:5), ბიბლია მშობლებს მოუწოდებს, რომ აღმზრდელობით ზომებს ყოველთვის მიმართონ, რაც ზოგჯერ შეიძლება პირდაპირი გაგებით „ჯოხის გამოყენებასაც“ გულისხმობდეს (იგ. 22:15). ამგვარად, ბავშვი ღვთის თვალში კეთილგანწყობას არ დაკარგავს და დახსნილი იქნება სიკვდილისგან (იგ. 23:13, 14).
მოგვიანებით, დამნაშავის დასასჯელად ებრაელებმა, როგორც ჩანს, გაშოლტვაც შემოიღეს (ებ. 11:36). დასჯის ეს მეთოდი გაჯოხვასთან შედარებით უფრო მტკივნეული იყო. მართალია, იესოს დედამიწაზე ცხოვრების დროს გაშოლტვა კანონიერად ითვლებოდა, მაგრამ ამგვარ დასჯას მოსეს კანონი არ ითვალისწინებდა (მთ. 10:17; 23:34). მიშნაში, რომელიც ზეპირგადმოცემათა კრებულად არის მიჩნეული, აღწერილია, როგორ ხდებოდა დამნაშავის გაშოლტვა:
„მას სვეტზე აქეთ-იქიდან ორივე ხელით აბამენ, სინაგოგის მსახური ხელს სტაცებს ტანსაცმელზე — თუ გაიხევა, გაიხეს, თუ გაირღვევა, გაირღვეს — რათა მას გულმკერდი გამოუჩნდეს. მის უკან დადებულ ქვაზე დგება სინაგოგის მსახური, ხელში უჭირავს ხბოს ტყავის შოლტი, ორად და შემდეგ ოთხად გადაკეცილი, რომელსაც ზევით-ქვევით მოძრავი კიდევ ორი ზონარი აქვს მიბმული.
შოლტის იმ ნაწილის სიგრძეც და სიგანეც, რომელიც [სინაგოგის მსახურს] ხელში უჭირავს, ერთი ხელის დადებაა; შოლტის ბოლო ჭიპს უნდა სწვდებოდეს. დარტყმების დადგენილი რაოდენობის ერთ მესამედს წინიდან ურტყამს, ხოლო ორ მესამედს — უკნიდან. დამნაშავეს არ ურტყამს, თუ ის ზის ან დგას. მხოლოდ მაშინ ურტყამს, როცა ის დახრილია, რადგან წერია, რომ დააწვინონ იგი მსაჯულის წინაშე. ის, ვინც არტყამს, უნდა დაარტყას ერთი ხელით და მთელი ძალით.
თუ დამნაშავე მოკვდება, ის, ვინც შოლტავს, პასუხს არ აგებს. მაგრამ თუ ერთით მეტს დაარტყამს და დამნაშავე მოკვდება, ის, ვინც შოლტავს, უნდა გადაიხვეწოს.
რამდენი დარტყმა უნდა მიიღოს დამნაშავემ? ორმოცზე ერთით ნაკლები, რადგან წერია ორმოცი, [სხვა სიტყვებით] ორმოცამდე“ (მაქოთი 3:12—14, 10; ნათარგმნია ჰ. დენბის ინგლისური თარგმანიდან).
ერთხელ გედეონმა 77 სუქოთელი მთავარი და უხუცესი გაშოლტა იმის გამო, რომ მათ მისი ხალხი არ დააპურეს, როცა ისინი მიდიანის მეფეებს მისდევდნენ. გედეონმა შოლტები, როგორც ჩანს, ჯაგებისა და უდაბნოს ეკლებისგან გააკეთა. როგორც ბიბლიაში წერია, მან ჭკუა ასწავლა სუქოთელებს (მსჯ. 8:7, 14, 16).
სხვა ერები ცემის უფრო სასტიკ მეთოდებს მიმართავდნენ და მხოლოდ 40 დარტყმით არ შემოიფარგლებოდნენ. უდავოა, რომ ეგვიპტელი ზედამხედველები სასტიკად სცემდნენ ებრაელებს (გმ. 5:14, 16; 2:11, 12).
რომაელები დამნაშავეს ჯოხით სცემდნენ, მაგრამ ჯერ მას ტანსაცმელს ხდიდნენ (სქ. 16:22, 23). ბერძნული სიტყვა რაბდიზო, რომელიც საქმეების 16:22-ში „გაჯოხვად“ არის ნათარგმნი, ენათესავება სიტყვას რაბდოს (ჯოხი, კვერთხი) (შდრ. 1კრ. 4:21). ეს ორივე ბერძნული სიტყვა მონათესავეა სიტყვისა რაბდუქოს, რომელიც საქმეების 16:35-სა და 38-ში „მსახურად“ არის ნათარგმნი და სიტყვასიტყვით ნიშნავს: „ის, ვინც ჯოხს ატარებს“.
რომაელები გაშოლტვასაც მიმართავდნენ. დამნაშავეს, როგორც ჩანს, აჭიმული ხელებით აბამდნენ ბოძზე (სქ. 22:25, 29). დარტყმების რაოდენობას განსაზღვრავდა ის, ვინც გაშოლტვის ბრძანებას გასცემდა. გაშოლტვას ბოძზე გაკვრა მოჰყვებოდა. როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, როდესაც პილატე დაჰყვა იუდეველების დაჟინებულ მოთხოვნას, რომ იესო ბოძზე გაეკრათ, და ბარაბა გაათავისუფლა, „მაშინ ... წაიყვანა იესო და გააშოლტვინა“ (ინ. 19:1; მთ. 20:19). ზოგჯერ რომაელები გაშოლტვას იმ მიზნითაც მიმართავდნენ, რომ სასურველი ჩვენება მიეღოთ (სქ. 22:24, 25). გაშოლტვად ნათარგმნია ორი ბერძნული სიტყვა მასტიგოო (მთ. 10:17) და მასტიზო (სქ. 22:25). ამ ორივე სიტყვის მონათესავე სიტყვაა მასტიქს, რომელიც პირდაპირი გაგებით „გაშოლტვას“ ნიშნავს (სქ. 22:24; ებ. 11:36), ხოლო გადატანითი მნიშვნელობით — „მძიმე დაავადებას“ (მრ. 3:10; 5:34). რომის მოქალაქის გაშოლტვა კანონით აკრძალული იყო. ვალერიუსისა და პორციუსის კანონები, რომლებიც ძვ.წ. 509—195 წლებში იქნა მიღებული, რომის მოქალაქეებს გაშოლტვისგან ათავისუფლებდა. ვალერიუსის კანონის თანახმად, ამისათვის რომის მოქალაქეს განაჩენი ხალხის წინაშე უნდა გაესაჩივრებინა, ხოლო პორციუსის კანონის თანახმად, გასაჩივრებაც არ იყო საჭირო.
ყველაზე მტკივნეული ისეთი შოლტით დასჯა იყო, რომელსაც ტარზე რამდენიმე ბაწარი ან ტყავის თასმა ჰქონდა მიბმული, ხოლო თასმებს ძვლის ან ლითონის ნატეხები ჰქონდა ჩანასკვული. შოლტად ნათარგმნი ბერძნული არსებითი სახელი ფრაგელლიონ (ინ. 2:15) წარმოდგება ლათინური სიტყვიდან ფლაგელუმ. მონათესავე ზმნა ფრაგელლოო გაშოლტვას ნიშნავს (მთ. 27:26; მრ. 15:15).
იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ მისი სახელის გულისთვის სინაგოგებში სცემდნენ (მრ. 13:9). ეს წინასწარმეტყველება რამდენჯერმე შესრულდა. მაგალითად, ერთხელ, როდესაც მოციქულები არ დაემორჩილნენ ქადაგების შეწყვეტის ბრძანებას, ისინი დააკავეს, იუდეველთა სინედრიონის წინაშე მიიყვანეს და სცემეს (სქ. 5:40). სავლეც (მოგვიანებით მოციქული პავლე), გაქრისტიანებამდე ქრისტიანების სასტიკი მდევნელი, მათ საპყრობილეში ყრიდა და სინაგოგებში სცემდა (სქ. 22:19). ამ ბიბლიურ მონაკვეთებში გამოყენებული ბერძნული ზმნა დერო მონათესავეა სიტყვისა დერმა („ტყავი“; ებ. 11:37) და ძირითადად, „ტყავის გაძრობას“ ნიშნავს (ლკ. 12:47).
ერთხელ ფილიპეში პავლე გაჯოხეს. ეს შემთხვევა მან თავისი ბრალმდებლების წინააღმდეგ გამოიყენა, რათა დაეცვა და კანონით განემტკიცებინა სასიხარულო ცნობა, რომელსაც ქადაგებდა. პავლე და სილა დამნაშავეებად შერაცხეს, სახალხოდ სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს, მაგრამ როდესაც სახელმწიფო მოხელეებმა გაიგეს, რომ პავლე რომის მოქალაქე იყო, ძალიან შეეშინდათ, რადგან მათ რომის მოქალაქე გაჯოხეს და თანაც გასამართლების გარეშე. ამიტომ, როდესაც სახელმწიფო მოხელეებმა საპყრობილის ზედამხედველს პავლესა და სილას გათავისუფლება უბრძანეს, პავლემ მას უთხრა: „ჩვენ, რომაელები, სახალხოდ გვცემეს გაუსამართლებლად და საპყრობილეში ჩაგვყარეს, ახლა კი ჩვენი ფარულად გაშვება უნდათ? არავითარ შემთხვევაში! მოვიდნენ და თვითონ გაგვიყვანონ“. პავლეს უნდოდა, რომ სახელმწიფო მოხელეებს, ეღიარებინათ თავიანთი დანაშაული. „მსახურებმა ეს სიტყვები სახელმწიფო მოხელეებს მოახსენეს. მათ კი შეეშინდათ, როცა გაიგეს, რომ ისინი რომაელები იყვნენ. მივიდნენ და მათთვის გულის მოლბობას შეეცადნენ, გამოიყვანეს და სთხოვეს, ქალაქი დაეტოვებინათ“ (სქ. 16:22—40). ამით დადასტურდა, რომ სასიხარულო ცნობის ქადაგება კანონის დარღვევა არ იყო. სახელმწიფო მოხელეთა ამგვარი ქმედებით ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ პავლეს და სილას დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი. პავლე ასე იმიტომ მოიქცა, რომ სასიხარულო ცნობა დაეცვა და კანონით განემტკიცებინა (ფლ. 1:7).
გადატანითი მნიშვნელობით. მეფე რობოამმა თავისი მმართველობა მამამისის, სოლომონის მმართველობას შეადარა და თქვა, რომ ის ხალხს უფრო მკაცრად დასჯიდა, რისთვისაც მათრახების ნაცვლად შოლტებს გამოიყენებდა (ებრაული სიტყვა ‛აკრაბბიმ, რომელიც შოლტად ითარგმნება, სიტყვასიტყვით მორიელს ნიშნავს, და როგორც ჩანს, მიანიშნებს ისეთ შოლტზე, რომელსაც აქვს ნასკვები ან ბოლოში მორიელის ნესტრისმაგვარი კაუჭები ან წვეტებიანი ან ეკლიანი ტოტები) (1მფ. 12:11—14).
როცა იეჰოვამ შეთანხმება დადო დავითთან სამეფოს შესახებ, მას უთხრა, რომ სამეფო ძალაუფლება ყოველთვის მის საგვარეულო ხაზს ექნებოდა, მაგრამ თუ მისი დინასტიიდან ვინმე არასწორად მოიქცეოდა, იეჰოვა მას „კაცთა ჯოხითა და ადამის ძეთა დარტყმებით“ შეაგონებდა (2სმ. 7:14; ფს. 89:32). ღმერთმა დაუშვა, რომ უცხოტომელთა მეფეებს იუდას მეფეები დაემარცხებინათ (მაგალითად, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმში ციდკია ჩამოაგდო სამეფო ტახტიდან), რითაც თავისი სიტყვა შეასრულა (იერ. 52:1—11).
იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ ის ერები, რომლებსაც ისრაელები ვერ განდევნიდნენ, მათ ექცეოდნენ „შოლტად ფერდებისთვის“ (იეს. 23:13). ესაიას 10:24—26-ში ვკითხულობთ, რომ თუკი ასურელები უსამართლოდ ურტყამდნენ ჯოხს სიონს, იეჰოვა მათ მათრახს მოუქნევდა. როცა იეჰოვა ვინმეს სჯის, ბიბლია გადატანითი მნიშვნელობით ამბობს, რომ ის შოლტით სცემს მას (ებ. 12:6).
ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ მესია ატარებდა მათ სნეულებებს და იტვირთავდა მათ ტკივილებს, ვინც მისადმი რწმენას გამოავლენდა, რათა მის ჭრილობებს განეკურნა ისინი (ეს. 53:3—5). ეს წინასწარმეტყველება პეტრემ იესოს დაუკავშირა: «მან თავისი სხეულით აიტანა ძელზე ჩვენი ცოდვები, რომ მოგვეშორებინა ისინი და გვეცხოვრა სიმართლისთვის. თქვენ „მისმა ჭრილობებმა განგკურნათ“» (1პტ. 2:24).