ღვთის სამეფოსთან დაკავშირებული წინასწარმეტყველური ხილვები სრულდება
„კარგს აკეთებთ, რომ ყურადღებას აქცევთ მას [წინასწარმეტყველურ სიტყვას], როგორც ლამპარს, რომელიც ანათებს სიბნელეში“ (2 პეტრე 1:19).
1. რა მკვეთრ განსხვავებას ვხედავთ დღევანდელ მსოფლიოში?
კრიზისს კრიზისი მოჰყვება — ასეთია ჩვენი დღევანდელი მსოფლიო. რომელი ერთი ვთქვათ, ეკოლოგიური კატასტროფები თუ გლობალური ტერორიზმი. . . კაცობრიობის პრობლემები, როგორც ჩანს, უმართავი ხდება. დახმარების აღმოსაჩენად მსოფლიო რელიგიებიც კი უმწეონი არიან. ისინი, პირიქით, ხშირად კიდევ უფრო ამწვავებენ მდგომარეობას იმით, რომ აღვივებენ შუღლს, ფანატიზმსა და ნაციონალიზმს, რაც ხალხს ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყობს. დიახ, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ‘ერები წყვდიადით’ არიან მოცულნი (ესაია 60:2, აქ). მიუხედავად ამისა, მილიონები მომავალს მტკიცე იმედით უყურებენ. რატომ? იმიტომ რომ მათ ყურადღება მიპყრობილი აქვთ ღვთის წინასწარმეტყველურ სიტყვაზე, ‘როგორც ლამპარზე, რომელიც სიბნელეში ანათებს’. ცხოვრებაში ისინი ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის „სიტყვით“, ანუ ცნობით, ხელმძღვანელობენ (2 პეტრე 1:19).
2. მხოლოდ ვის აქვს სულიერი საკითხების გაგების შესაძლებლობა, როგორც ეს დანიელის წინასწარმეტყველებიდან ჩანს?
2 „უკანასკნელ ჟამთან“ დაკავშირებით წინასწარმეტყველმა დანიელმა დაწერა: „მრავალი დაიწყებს ძიებას და იმატებს ცოდნა . . . მრავალი გასუფთავდება, განსპეტაკდება და გამოიწრთობა. ხოლო უკეთურნი იუკეთურებენ და ვერც ერთი უკეთური ვერ მიხვდება, ხოლო განბრძობილნი მიხვდებიან“ (დანიელი 12:4, 10). სულიერი საკითხების გაგება მხოლოდ მათთვის არის შესაძლებელი, ვინც ‘იწყებს ძიებას’ — ანუ გულმოდგინედ იკვლევს ღვთის სიტყვას, იცავს მის ნორმებს და ცდილობს ღვთის ნების შესრულებას (მათე 13:11—15; 1 იოანე 5:20).
3. რა მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება გაიგეს ბიბლიის მკვლევარებმა XIX საუკუნის 70–იან წლებში?
3 „უკანასკნელი ჟამის“ დადგომამდე, XIX საუკუნის 70–იანი წლების დასაწყისში, იეჰოვა ღმერთმა „ზეციერი სამეფოს წმინდა საიდუმლოებისთვის“ უფრო მეტი სინათლის მოფენა დაიწყო (2 ტიმოთე 3:1—5; მათე 13:11). ამ დროს, გავრცელებული თვალსაზრისის საპირისპიროდ, ბიბლიის მკვლევართა ერთი ჯგუფისთვის ნათელი გახდა, რომ ქრისტეს დაბრუნება უხილავი იქნებოდა. მას შემდეგ, რაც ზეცაში გამეფდებოდა, იესო დაბრუნდებოდა იმ გაგებით, რომ ძირითად ყურადღებას დედამიწაზე გადმოიტანდა. არაერთი მოვლენის მომცველი ხილული ნიშანი იესოს მოწაფეებს მიახვედრებდა, რომ ის უხილავად უკვე მოსული იქნებოდა (მათე 24:3—14).
წინასწარმეტყველური ხილვა სრულდება
4. როგორ უმტკიცებს იეჰოვა რწმენას თავის თანამედროვე მსახურებს ამ ბოლო დღეებში?
4 გარდასახვის დროს შესანიშნავად იყო წარმოდგენილი ქრისტეს მომავალი სამეფო დიდება (მათე 17:1—9). ამ ხილვამ პეტრეს, იაკობსა და იოანეს რწმენა განუმტკიცა. ეს სწორედ იმ დროს მოხდა, როცა მრავალმა შეწყვიტა იესოს მიმდევრობა იმიტომ, რომ მასთან დაკავშირებით არ გაუმართლდათ მოლოდინი, რომელიც არ შეესაბამებოდა წმინდა წერილებს. ბოლო დღეების განმავლობაში იეჰოვა მსგავსად უმტკიცებს რწმენას თავის თანამედროვე მსახურებს; ის ეხმარება მათ, უფრო მეტი გაიგონ ამ მოწიწების მომგვრელი ხილვისა და მასთან დაკავშირებული მრავალი წინასწარმეტყველების შესრულების შესახებ. მოდი უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ეს, რაც ნამდვილად რწმენის განმამტკიცებელია.
5. ვინ არის ცისკრის ვარსკვლავი და როგორ და როდის ‘ამოვიდა’ ის?
5 გარდასახვასთან დაკავშირებით მოციქული პეტრე წერდა: „ამან წინასწარმეტყველური სიტყვა ჩვენთვის უფრო სარწმუნო გახადა და კარგს აკეთებთ, რომ ყურადღებას აქცევთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ანათებს სიბნელეში, თქვენს გულებში, სანამ გარიჟრაჟდება და ცისკრის ვარსკვლავი ამოვა“ (2 პეტრე 1:19). აქ მოხსენიებული ცისკრის ვარსკვლავით წარმოდგენილია განდიდებული იესო ქრისტე (გამოცხადება 22:16). ის ‘ამოვიდა’ 1914 წელს, როდესაც ზეცაში ღვთის სამეფო დამყარდა, რითაც ახალი ეპოქა დაიწყო (გამოცხადება 11:15). გარდასახვის დროს იესოს გვერდით გამოჩნდნენ მოსე და ელია, რომლებიც მას ესაუბრებოდნენ. ვის განასახიერებდნენ ისინი?
6, 7. ვის განასახიერებენ მოსე და ელია და რა მნიშვნელოვან დეტალებს ჰფენს ნათელს წმინდა წერილები მათ შესახებ, ვისაც ისინი განასახიერებენ?
6 ვინაიდან მოსე და ელია ქრისტეს დიდების მონაწილენი იყვნენ, ამ ორი ერთგული მოწმით, როგორც ჩანს, წარმოდგენილნი არიან ისინი, ვინც ქრისტესთან ერთად იმეფებს მის სამეფოში. ქრისტეს რომ თანამმართველები ჰყავს, ამას ცხადყოფს გამეფებულ მესიასთან დაკავშირებული ხილვაც, რომელიც დანიელ წინასწარმეტყველმა ნახა. დანიელმა იხილა „კაცის ძის მსგავსი“, რომელმაც „დღეებით ძველისგან“, იეჰოვა ღმერთისგან, მიიღო „საუკუნო ხელმწიფება“. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რას ხედავს დანიელი მალევე ამის შემდეგ. ის წერს: „მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის წმიდების ერს მიეცემა“ (დანიელი 7:13, 14, 27). დიახ, გარდასახვამდე ხუთ საუკუნეზე მეტი ხნით ადრე ღმერთმა ნათელი მოჰფინა იმას, რომ „წმიდები“ ქრისტეს სამეფოს დიდების მონაწილენი იქნებოდნენ.
7 ვინ არიან დანიელის მიერ ხილვაში ნანახი „წმიდები“? პასუხის მოძებნაში გვეხმარება პავლე მოციქული, რომელიც ასეთი პიროვნებების შესახებ ამბობს: „ეს სული თვითონვე მოწმობს ჩვენს სულთან ერთად, რომ ღვთის შვილები ვართ. და თუ შვილები ვართ, მემკვიდრენიც ვართ — ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუკი მასთან ერთად ვიტანჯებით, რომ მასთან ერთად განვდიდდეთ კიდეც“ (რომაელები 8:16, 17). „წმიდები“ აშკარად იესოს ცხებული მოწაფეები არიან. წიგნ „გამოცხადებაში“ იესო ამბობს: „მძლეველს ნებას მივცემ, ჩემთან ერთად დაჯდეს ჩემს ტახტზე, როგორც მე გავხდი მძლეველი და მამაჩემთან ერთად დავჯექი მის ტახტზე“. ეს აღდგენილი ‘მძლეველები’, რომელთა რაოდენობაც 144 000–ს შეადგენს, იესოსთან ერთად, მთელი დედამიწის მმართველები იქნებიან (გამოცხადება 3:21; 5:9, 10; 14:1, 3, 4; 1 კორინთელები 15:53).
8. რა გაგებით ასრულებენ ქრისტეს ცხებული მოწაფეები ისეთივე საქმეს, როგორითაც მოსე და ელია იყვნენ დაკავებულნი, და რა შედეგით?
8 რატომ განასახიერებენ მოსე და ელია ცხებულ ქრისტიანებს? მიზეზი ისაა, რომ, სანამ დედამიწაზე ცხოვრობენ, ცხებული ქრისტიანები ისეთივე საქმით არიან დაკავებულნი, როგორსაც მოსე და ელია ასრულებდნენ. მაგალითად, ისინი იეჰოვას შესახებ ამოწმებენ და ამას დევნის დროსაც კი განაგრძობენ (ესაია 43:10; საქმეები 8:1—8; გამოცხადება 11:2—12). მოსესა და ელიას მსგავსად, ისინი გაბედულად ამხელენ ცრუ რელიგიას, გულწრფელ ადამიანებს კი ღვთისადმი განსაკუთრებული ერთგულების გამოვლენისკენ მოუწოდებენ (გამოსვლა 32:19, 20; მეორე რჯული 4:22—24; 3 მეფეთა 18:18—40). ნაყოფიერია მათი მსახურება? რა თქმა უნდა! გარდა იმისა, რომ მათი საშუალებით სრულად შეიკრიბა ცხებულთა რიცხვი, ისინი მილიონობით „სხვა ცხვარს“ დაეხმარნენ, სიხარულით დამორჩილებოდნენ იესო ქრისტეს (იოანე 10:16; გამოცხადება 7:4).
‘ქრისტე სრულად იპყრობს’
9. როგორაა იესო აღწერილი გამოცხადების 6:2–ში, რაც მის დღევანდელ მდგომარეობას განასახიერებს?
9 იესო დღეს აღარ არის უბრალოდ ადამიანი, რომელიც იერუსალმში ვირის ჩოჩორზე მჯდომი შევიდა. ამჟამად ის ძლევამოსილი მეფეა. ხილვაში ის ცხენზეა ამხედრებული. ცხენი კი ბიბლიაში ბრძოლის სიმბოლოა (იგავები 21:31). გამოცხადების 6:2–ში ნათქვამია: „აი, თეთრი ცხენი. მასზე მჯდომს მშვილდი ჰქონდა. მას გვირგვინი მიეცა, გამოვიდა და იპყრობდა, რათა სრულად დაეპყრო“. ფსალმუნმომღერალმა დავითმა კი იესოს შესახებ დაწერა: „კვერთხს შენი ძალისას გამოგიგზავნის უფალი სიონიდან; იბატონე შენს მტერთა შორის“ (ფსალმუნები 109:2).
10. ა) რა დიდებული დასაწყისი ჰქონდა იესოს საბრძოლო გამოსვლას? ბ) რა გავლენა მოახდინა ქრისტეს პირველმა გამარჯვებამ მსოფლიოზე?
10 თავდაპირველად იესომ უძლიერეს მტრებზე — სატანასა და დემონებზე — გაიმარჯვა. მან ისინი ზეციდან განდევნა და დედამიწაზე გადმოყარა. ამ ბოროტმა სულიერმა ქმნილებებმა იციან, რომ დრო ცოტაღა დარჩათ, ამიტომ თავიანთ რისხვას ადამიანებზე ანთხევენ. ამის შედეგი „გამოცხადებაში“ აღწერილია სიტყვებით „ვაი მიწას“; და ეს „გამოცხადებაში“ სხვა სამი მხედრითაა წარმოდგენილი (გამოცხადება 6:3—8; 12:7—12). მათ გამოსვლას თან სდევს ომები, შიმშილი და სასიკვდილო ჭირი; სწორედ ეს იწინასწარმეტყველა იესომაც, როდესაც აღწერა თანამედროვე „სისტემის აღსასრულისა“ და იმის ნიშანი, რომ მოსული იქნებოდა (მათე 24:3, 7; ლუკა 21:7—11). როგორც მშობიარობის ტკივილები ძლიერდება უფრო და უფრო, ასეთი უბედურებებიც, უდავოდ, უფრო ინტენსიური გახდება და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ქრისტე ‘სრულად დაიპყრობს’ — ანუ გაანადგურებს სატანის ხილული ორგანიზაციის ყოველგვარ ნიშანწყალსa (მათე 24:8).
11. როგორ ადასტურებს ქრისტიანული კრების ისტორია იმას, რომ ქრისტეს უკვე აქვს სამეფო ძალაუფლება?
11 იესოს სამეფო ძალაუფლების კიდევ ერთი ნიშანი ისაა, რომ იგი იცავს ქრისტიანულ კრებას. ამას იმ მიზნით აკეთებს, რომ ქრისტიანულმა კრებამ შეძლოს თავისი დავალების შესრულება — მთელ მსოფლიოში სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგება. ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობლის, დიდი ბაბილონისა, და მტრულად განწყობილი მთავრობებისგან უმოწყალო წინააღმდეგობამ სამქადაგებლო საქმიანობა ვერ შეაჩერა; არათუ ვერ შეაჩერა, არამედ ისტორიაში არნახულ მასშტაბებს მიაღწია (გამოცხადება 17:5, 6). ეს კი იმის აშკარა მაჩვენებელია, რომ ქრისტე მეფობს! (ფსალმუნები 109:3).
12. რატომ ვერ ხედავს უმრავლესობა იმას, რომ ქრისტე უხილავად მოსულია?
12 სამწუხაროდ, უმრავლესობა, მილიონობით ეგრეთ წოდებული ქრისტიანის ჩათვლით, ვერ ხედავს იმ უხილავ სინამდვილეს, რომელიც დედამიწაზე განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების უკან დგას. უფრო მეტიც, ისინი დასცინიან მათ, ვინც ღვთის სამეფოს შესახებ ამოწმებს (2 პეტრე 3:3, 4). რატომ? იმიტომ რომ მათ სატანამ გონება დაუბრმავა (2 კორინთელები 4:3, 4). მან ეგრეთ წოდებული ქრისტიანები სულიერი წყვდიადის გზაზე ჯერ კიდევ საუკუნეების წინათ დააყენა, რის შედეგადაც მათ სამეფოსთან დაკავშირებული განუმეორებელი იმედიც კი საერთოდ დაივიწყეს.
სამეფოსთან დაკავშირებული იმედი დავიწყებას მიეცა
13. რა მოჰყვა შედეგად სულიერი წყვდიადის ჩამოწოლას?
13 იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტიანულ კრებაში — ხორბალში ჩათესილი სარეველას მსგავსად — განდგომილები შეაღწევდნენ და მრავალს მცდარ გზაზე დააყენებდნენ (მათე 13:24—30, 36—43; საქმეები 20:29—31; იუდა 4). დროთა განმავლობაში, ამ ეგრეთ წოდებულმა ქრისტიანებმა შეისისხლხორცეს წარმართული დღესასწაულები, ჩვეულებები და სწავლებები, ისე რომ მათ „ქრისტიანულიც“ კი დაარქვეს. მაგალითად, შობის დღესასწაული თავის დასაბამს იღებს წარმართული ღვთაებების, მითრასა და სატურნის, თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული რიტუალებიდან. რა გახდა იმის მიზეზი, რომ ეგრეთ წოდებულმა ქრისტიანებმა ასეთი არაბიბლიური დღესასწაულები გადაიღეს? „ახალი ენციკლოპედია ბრიტანიკა“ (1974 წლის გამოცემა) ამბობს: „შობის, იესო ქრისტეს დაბადების დღესასწაულის, შემოღება ქრისტეს გარდაუვალი დაბრუნების იმედის დაკარგვამ განაპირობა“.
14. როგორ დაამახინჯა ორიგენესა და ავგუსტინეს სწავლებებმა ჭეშმარიტება სამეფოს შესახებ?
14 ყურადღება მიაქციეთ ასევე, თუ როგორ დამახინჯდა სიტყვა „სამეფოს“ მნიშვნელობა. წიგნში „ღვთის სამეფოს ინტერპრეტაცია XX საუკუნეში“ ნათქვამია: «ორიგენემ [III საუკუნეში მოღვაწე თეოლოგი] სიტყვა „სამეფოს“ ქრისტიანული გაგება შეუცვალა და მიანიჭა შინაგანი მნიშვნელობა, რომლის მიხედვითაც ღვთის მმართველობა ადამიანის გულში ხდება». რაზე დააფუძნა ორიგენემ თავისი სწავლება? ბიბლიაზე? არა. ის ეყრდნობოდა „ფილოსოფიურ დებულებებს და ქვეყნიურ შეხედულებებს, რომლებიც სრულიად განსხვავდებოდა იესო ქრისტესა და ადრეული ეკლესიის მსოფლმხედველობისგან“. თავის ნაშრომში „ღვთის ქალაქი“ (De Civitate Dei) ავგუსტინე ნეტარი (ახ. წ. 354—430 წწ.) ამტკიცებს, რომ ღვთის სამეფო უშუალოდ ეკლესიაა. ასეთმა არაბიბლიურმა შეხედულებებმა ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებს პოლიტიკური ძალაუფლების ხელში აღების თეოლოგიური საფუძველი მისცა. მათ მრავალი საუკუნის განმავლობაში ჰქონდათ ასეთი ძალაუფლება, რასაც ხშირად დაუნდობლად იყენებდნენ (გამოცხადება 17:5, 18).
15. როგორ სრულდება გალატელების 6:7 ქრისტიანული სამყაროს მრავალი ეკლესიის შემთხვევაში?
15 დღეს ეკლესიები იმკიან იმას, რაც თვითონვე დათესეს (გალატელები 6:7). მრავალი ეკლესია, როგორც ჩანს, გავლენასაც კარგავს და მრევლსაც. ეს ტენდენცია განსაკუთრებით ევროპაშია თვალში საცემი. ჟურნალი „ქრისტიანიტი ტუდეი“ აღნიშნავს: „დღეს ევროპის უდიდესი საკათედრო ტაძრები თაყვანისმცემლობის ადგილის ნაცვლად ასრულებენ მუზეუმების როლს, რომლებშიც მხოლოდ ტურისტებს თუ ნახავთ“. მსგავსი ტენდენცია მსოფლიოს სხვა ნაწილებისთვისაც არაა უცხო. რას უქადის ეს ცრუ რელიგიას? შეწყვეტს ის არსებობას ფინანსური მხარდაჭერისა და მრევლის დაკარგვის გამო? რისი თქმა შეიძლება ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მომავალზე?
მზად იყავით ღვთის დიდი დღისთვის
16. რატომ იმსახურებს ჩვენს ყურადღებას დიდი ბაბილონის მიმართ მტრული დამოკიდებულების გაღვივება?
16 როდესაც მიძინებული ვულკანიდან ბოლი და ფერფლი ამოდის, ეს შეიძლება ვულკანის მოახლოებული ამოფრქვევის მომასწავებელი იყოს. მსგავსად ამისა, მსოფლიოს მრავალ ნაწილში რელიგიის მიმართ მტრული დამოკიდებულების გაღვივება იმის ნიშანია, რომ ცრუ რელიგიის დღეები დათვლილია. მალე იეჰოვა მსოფლიოს პოლიტიკურ ძალებს აღძრავს, გაერთიანდნენ იმ მიზნით, რომ ამხილონ და გაანადგურონ სულიერი მეძავი, დიდი ბაბილონი (გამოცხადება 17:15—17; 18:21). უნდა ეშინოდეთ ქრისტიანებს ამ და „დიდ გასაჭირთან“ დაკავშირებული სხვა მოვლენების? (მათე 24:21). სრულიადაც არა! როდესაც ღმერთი ბოროტების წინააღმდეგ დაიწყებს მოქმედებას, მათთვის ეს სიხარულის მიზეზი იქნება (გამოცხადება 18:20; 19:1, 2). დაფიქრდით პირველი საუკუნის იერუსალიმისა და იქ მცხოვრები ქრისტიანების მაგალითზე.
17. რატომ უნდა შეხვდნენ მტკიცე რწმენით იეჰოვას ერთგული მსახურები ამ სისტემის აღსასრულს?
17 როცა ახ. წ. 66 წელს რომაელთა სამხედრო ძალებმა იერუსალიმი ალყაში მოაქციეს, სულიერად ფხიზელი ქრისტიანებისთვის ეს არც მოულოდნელი იყო და არც თავზარდამცემი. ისინი გულმოდგინედ იკვლევდნენ ღვთის სიტყვას და იცოდნენ, ‘რომ მოახლოებული იყო მისი გაპარტახება’ (ლუკა 21:20). ამ ქრისტიანებს აგრეთვე ესმოდათ, რომ ღმერთი მისცემდა მათ გაქცევისა და გადარჩენის საშუალებას. ეს ასეც მოხდა და ქრისტიანები გაიქცნენ (დანიელი 9:26; მათე 24:15—19; ლუკა 21:21). დღესაც, მათ, ვინც იცნობს ღმერთს და ემორჩილება მის ძეს, ამ სისტემის აღსასრულს შეუძლიათ მტკიცე რწმენით შეხვდნენ (2 თესალონიკელები 1:6—9). დიახ, როცა დიდი გასაჭირი დაიწყება, ისინი სიხარულით ‘გაიმართებიან და თავებს ასწევენ, რადგან ეცოდინებათ, რომ მათი ხსნა ახლოსაა’ (ლუკა 21:28).
18. რა მოჰყვება შედეგად იეჰოვას მსახურებზე გოგ მაგოგელის თავდასხმას?
18 დიდი ბაბილონის განადგურების შემდეგ, სატანა გოგ მაგოგელის როლში გამოვა და გადამწყვეტ თავდასხმას განახორციელებს იეჰოვას მშვიდობიან მოწმეებზე. მისი მომხრეები „ქვეყნის დამფარავი ღრუბელივით“ დაიძრებიან იმ იმედით, რომ ადვილად შეძლებენ გამარჯვებას. მაგრამ მათ საშინელი იმედგაცრუება ელით! (ეზეკიელი 38:14—16, 18—23, სსგ). მოციქული იოანე წერს: „ვიხილე გახსნილი ცა და აი, თეთრი ცხენი. მასზე მჯდომს ერთგული და ჭეშმარიტი ეწოდება . . . მისი პირიდან დიდი ბასრი მახვილია გამოშვერილი, რათა დასცეს ის ხალხებს“. ეს უძლეველი „მეფეთა მეფე“ იხსნის იეჰოვას ერთგულ თაყვანისმცემლებს და გაანადგურებს ყველა მათ მტერს (გამოცხადება 19:11—21). ეს კი გარდასახვის ხილვის მართლაც რომ კულმინაციური შესრულება იქნება!
19. რა გავლენას მოახდენს ქრისტეს გადამწყვეტი გამარჯვება მის ერთგულ მოწაფეებზე და რისი გაკეთება მართებთ მათ ახლა?
19 იესო ‘აღაფრთოვანებს ყველას, ვისაც სწამს’ (2 თესალონიკელები 1:10). გსურთ მათ შორის ყოფნა, ვინც ამ დროს მოწიწებით იდგება ღვთის გამარჯვებული ძის წინაშე? თუ ასეა, განაგრძეთ რწმენის განმტკიცება და „მზად იყავით, რადგან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“ (მათე 24:43, 44).
იფხიზლეთ
20. ა) როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ვაფასებთ იმას, რასაც ღმერთი „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით გვაძლევს? ბ) რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?
20 „ერთგული და გონიერი მონა“ განუწყვეტლივ მოუწოდებს ღვთის ხალხს, რომ სულიერად იფხიზლონ (მათე 24:45, 46; 1 თესალონიკელები 5:6). აფასებთ ამ დროულ შეხსენებებს? ყურად იღებთ ამ შეხსენებებს ცხოვრებაში პრიორიტეტების დადგენისას? ჰკითხეთ საკუთარ თავს: „მაქვს კარგი სულიერი ხედვა? ვხედავ სულიერი თვალით ზეცაში მმართველ ღვთის ძეს? ვხედავ, რომ ის გამზადებულია, რათა სისრულეში მოიყვანოს დიდი ბაბილონისა და სატანის სისტემის დანარჩენი ნაწილის წინააღმდეგ ღვთის მიერ გამოტანილი განაჩენი?“
21. რატომ შეიძლება კარგავდეს ზოგი სულიერ ხედვას და რისი გაკეთება მართებთ მათ გადაუდებლად?
21 ზოგი მათგანი, ვისაც იეჰოვას ხალხთან აქვს ურთიერთობა, კარგავს სულიერ ხედვას. ამის მიზეზი მოთმინებისა და სიმტკიცის ნაკლებობა ხომ არ არის, როგორც იესოს ზოგი მოწაფის შემთხვევაში იყო? იქნებ ცხოვრებისეული საზრუნავი, მატერიალიზმი ან დევნა ახდენს მათზე გავლენას? (მათე 13:3—8, 18—23; ლუკა 21:34—36). შეიძლება ზოგი „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებულ ამ თუ იმ ინფორმაციას ვერ ეთანხმება. თუ აქ მოხსენიებულმა რომელიმე მიზეზმა თქვენზეც იმოქმედა, დაბეჯითებით გირჩევთ: ახალი ძალებითა და მონდომებით შეისწავლეთ ღვთის სიტყვა; ევედრეთ იეჰოვას, რომ შეძლოთ სიმტკიცისა და მასთან ახლო ურთიერთობის დაბრუნება (2 პეტრე 3:11—15).
22. რა გავლენას ახდენს თქვენზე გარდასახვასა და მასთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებებზე ფიქრი?
22 იესოს მოწაფეებს გარდასახვის ხილვის შესაძლებლობა მაშინ მიეცათ, როდესაც მათ გამხნევება სჭირდებოდათ. განსამტკიცებლად დღეს ჩვენ გაცილებით უფრო დიდი შესაძლებლობა გვაქვს — სრულდება ეს ხილვა და მასთან დაკავშირებული მრავალი წინასწარმეტყველება. როდესაც ვფიქრობთ ამ საუცხოო რეალობაზე და იმაზე, რასაც ეს ყველაფერი მოასწავებს, მთელი გულით შევუერთდეთ მოციქულ იოანეს სიტყვებს: „ამინ! მოდი, უფალო იესო“ (გამოცხადება 22:20).
[სქოლიოები]
a იესოს მიერ მოყვანილი შედარებიდან ჩანს, რომ მშობიარობის ტკივილების მსგავსად, მსოფლიოში არსებული პრობლემები უფრო ხშირი, ინტენსიური და ხანგრძლივი იქნება, თავის კულმინაციას კი დიდ გასაჭირში მიაღწევს.
გახსოვთ?
• რა გაიგო ბიბლიის შემსწავლელთა ერთმა პატარა ჯგუფმა ქრისტეს დაბრუნებასთან დაკავშირებით XIX საუკუნის 70–იან წლებში?
• როგორ სრულდება გარდასახვის ხილვა?
• რა გავლენას ახდენს მსოფლიოზე და ქრისტიანულ კრებაზე იესოს ‘გამოსვლა დასაპყრობად’?
• რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გადავრჩეთ, როცა ქრისტე ‘სრულად დაიპყრობს’?
[სურათები 16, 17 გვერდებზე]
წინასწარმეტყველური ხილვები სრულდება!
[სურათები 18 გვერდზე]
იცით, რა მოხდა, როცა ქრისტე ‘დასაპყრობად გამოვიდა’?