„წამკითხველმა გონიერება გამოავლინოს“
„როცა იხილავთ ‘გატიალების სიბილწეს’, წმიდა ადგილზე მდგომს . . . მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშურონ“ (მათე 24:15, 16).
1. რა გაფრთხილებას იძლევა იესო ლუკას 19:43, 44-ში და რა შედეგი მოჰყვა ამას?
მოახლოებული უბედურებისადმი სიფხიზლის შენარჩუნება, მისი არიდების საშუალებას მოგვცემს (იგავნი 22:3). მაგალითად, წარმოიდგინეთ ახ. წ. 66 წელს რომაელთა შემოტევის შემდეგ იერუსალიმში მყოფი ქრისტიანების მდგომარეობა. ადრე იესომ ხალხი გააფრთხილა, რომ ქალაქს ალყაში მოაქცევდნენ და გაანადგურებდნენ (ლუკა 19:43, 44). იუდეველთა უმეტესობამ ეს გაფრთხილება უგულებელყო, მაგრამ მოწაფეებმა ყურად იღეს და ახ. წ. 70 წელს მომხდარ უბედურებას გადაურჩნენ.
2, 3. რატომ უნდა დავინტერესდეთ იესოს წინასწარმეტყველებით, რომელიც მათეს 24:15–21-შია ჩაწერილი?
2 წინასწარმეტყველებაში, რომელიც დღეს ჩვენ გვეხება, იესომ ზოგადად ილაპარაკა მრავალი ნაწილისგან შემდგარ ნიშანზე, რომელშიც ომები, შიმშილობა, მიწისძვრები, ეპიდემიები და ღვთის სამეფოს მქადაგებელ ქრისტიანთა დევნა შედის (მათე 24:4–14; ლუკა 21:10–19). გარდა ამისა, იესომ თავის მოწაფეებს აღსასრულის მოახლოების ამოსაცნობი გასაღები მისცა — მან აღნიშნა, რომ ‘გატიალების სიბილწე წმიდა ადგილზე იდგებოდა’ (მათე 24:15). მოდი კიდევ ერთხელ გამოვიკვლიოთ ეს მნიშვნელოვანი სიტყვები და ვნახოთ, როგორ შეიძლება იმოქმედოს ამან ჩვენს ცხოვრებაზე დღეს და მომავალში.
3 ნიშნის ზოგადად აღწერის შემდეგ იესომ თქვა: «როცა იხილავთ ‘გატიალების სიბილწეს’, წმიდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველმა დანიელმა რომ თქვა — წამკითხველმა გაიგოს [„გონიერება გამოავლინოს“, აქ], — მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშურონ; ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად; ვინც ყანაში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავისი ტანისამოსის წამოსაღებად. ხოლო ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში! ილოცეთ, რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს. ვინაიდან იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან» (მათე 24:15–21).
4. რა ცხადყოფს მათეს 24:15-ის პირველ საუკუნეში შესრულებას?
4 დამატებით ინფორმაციას გვაწვდის მარკოზისა და ლუკას სახარებები. იქ, სადაც მათე ‘წმიდა ადგილზე მდგომ’ გატიალების სიბილწეზე ლაპარაკობს, მარკოზის 13:14 ამბობს, რომ იხილავთ „იქ მდგომარეს, სადაც არ უნდა იყოს“. ლუკას 21:20-ში იესო ამატებს: „როცა იხილავთ იერუსალიმს ლაშქრით გარშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება“. ეს გვეხმარება, გავიგოთ, რომ პირველ შესრულებაში შედის ახ. წ. 66 წლიდან დაწყებული რომაელთა თავდასხმა იერუსალიმსა და მის ტაძარზე — იუდეველთათვის წმიდაზე, მაგრამ იეჰოვასთვის უკვე სიწმიდედაკარგულზე. საბოლოო აოხრება მოხდა ახ. წ. 70 წელს, როდესაც რომაელებმა გაანადგურეს როგორც ქალაქი, ისე მისი ტაძარი. რა იყო მაშინ „გატიალების სიბილწე“? და როგორ ‘იდგა ის წმიდა ადგილზე’? ამ კითხვებზე პასუხი ნათელს მოჰფენს წინასწარმეტყველების თანამედროვე შესრულებას.
5, 6. ა) რატომ სჭირდებოდათ დანიელის მე-9 თავის წამკითხველებს გონიერება? ბ) როგორ შესრულდა იესოს წინასწარმეტყველება „სიბილწის“ შესახებ?
5 იესო წამკითხველს გონიერებისკენ მოუწოდებდა. რის წამკითხველს? როგორც ჩანს, დანიელის მე-9 თავის, სადაც მოცემულია წინასწარმეტყველება იმის შესახებ, თუ როდის უნდა გამოჩენილიყო მესია. აგრეთვე აღნიშნულია, რომ ის სამწელიწად-ნახევრის შემდეგ ‘მოიკვეთებოდა’. წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი, ვიდრე განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს“ (დანიელი 9:26, 27; იხილეთ აგრეთვე დანიელი 11:31; 12:11).
6 იუდეველები ფიქრობდნენ, რომ ეს დაახლოებით 200 წლის წინათ ანტიოქე IV-ის მიერ ტაძრის წაბილწვას ეხებოდა. მაგრამ როცა გონიერებისკენ მოუწოდა, იესომ სხვა რამ უთხრა მოწაფეებს, ვინაიდან „სიბილწე“ ჯერ კიდევ უნდა გამოჩენილიყო და „წმიდა ადგილზე“ დამდგარიყო. ნათელია, რომ იესო მიუთითებდა რომაელთა ჯარზე, რომელიც ახ. წ. 66 წელს ვიმპელების ფრიალით მოვიდოდა. ეს ვიმპელები, რომლებსაც ყოველთვის თან ატარებდნენ, ფაქტობრივად კერპები და სიბილწე იყო იუდეველთათვისa. როდის უნდა დამდგარიყვნენ რომაელები „წმიდა ადგილზე“? ეს მოხდა მაშინ, როდესაც რომაელთა ჯარმა თავისი დროშებით ხელში იერუსალიმსა და მის ტაძარს შეუტია, ტაძარს, რომელსაც იუდეველები წმიდად მიიჩნევდნენ. რომაელებმა ტაძრის კედლებისთვის ძირის გამოთხრაც კი დაიწყეს. მართლაც, ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში სიბილწე იყო, ახლა წმინდა ადგილზე იდგა! (ესაია 52:1; მათე 4:5; 27:53; საქმეები 6:13).
თანამედროვე „სიბილწე“
7. იესოს რომელი წინასწარმეტყველება სრულდება ჩვენს დღეებში?
7 პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული მათეს 24-ე თავში იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები ნიშნის უფრო ფართო მასშტაბით შესრულებას ვხედავთ. გავიხსენოთ ქრისტეს სიტყვები: „როცა იხილავთ ‘გატიალების სიბილწეს’, წმიდა ადგილზე მდგომს . . . მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშურონ“ (მათე 24:15, 16). წინასწარმეტყველების ეს ნაწილი ჩვენს დღეებშიც უნდა შესრულდეს.
8. როგორ განსაზღვრავდნენ იეჰოვას მოწმეები წლების განმავლობაში, რა იყო თანამედროვე „სიბილწე“?
8 ათას ცხრაას ოცდაერთი წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“ (ინგლ.) ცხადყოფდა იეჰოვას მსახურთა დაჯერებულობას ამ წინასწარმეტყველების შესრულებაში და ახლო აღმოსავლეთში მომხდარი მოვლენების შუქზე ამახვილებდა ამაზე ყურადღებას. შემდეგ 1929 წლის 15 დეკემბრის (ინგლ.) ნომერში 374-ე გვერდზე გადაჭრით იყო ნათქვამი: „ერთა ლიგა ყოველ ღონეს ხმარობს ღვთისა და ქრისტესგან ხალხის ჩამოსაშორებლად და ამიტომ ის არის სიბილწე, სატანის იარაღი და აქედან გამომდინარე, ღვთისთვის საზიზღრობა“. ამგვარად, „სიბილწე“ 1919 წელს გამოჩნდა. დროთა განმავლობაში ერთა ლიგა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შეცვალა. იეჰოვას მოწმეები დიდი ხანია აცხადებენ, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ეს სამშვიდობო ორგანიზაციები ღვთის თვალში სიბილწეა.
9, 10. დიდი გასაჭირის შესახებ ადრინდელი გაგების საფუძველზე, როდის ელოდნენ წმინდა ადგილზე „სიბილწის“ დადგომას?
9 წინა სტატიაში შეჯამებული იყო მათეს 24-ე და 25-ე თავების უმეტესი ნაწილის განახლებული გაგება. არის რამე ახალი „წმიდა ადგილზე მდგომ გატიალების სისაძაგლესთან“ დაკავშირებით? როგორც ჩანს, არის. იესოს წინასწარმეტყველებაში „წმიდა ადგილზე დგომა“ ნაწინასწარმეტყველები „დიდი გასაჭირის“ დაწყებასთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ „გატიალების სიბილწე“ დიდი ხანია რაც არსებობს, მის „წმიდა ადგილზე დგომასა“ და დიდ გასაჭირს შორის კავშირმა უნდა დაგვაინტერესოს. რატომ?
10 ღვთის ხალხს ერთ დროს ისეთი წარმოდგენა ჰქონდა, რომ დიდი გასაჭირის პირველი ფაზა 1914 წელს დაიწყო, ხოლო საბოლოო — არმაგედონის ომში დაიწყებოდა (გამოცხადება 16:14, 16; შეადარეთ 1939 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 110 [ინგლ.]). ასე რომ, გასაგებია, რატომ ფიქრობდნენ ერთ დროს, რომ თანამედროვე „სიბილწე“ პირველი მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე წმინდა ადგილზე უნდა დამდგარიყო.
11, 12. რა შესწორებები იქნა შემოთავაზებული 1969 წელს დიდ გასაჭირთან დაკავშირებით?
11 ცოტა მოგვიანებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გაგება შეიცვალა. 1969 წლის 10 ივლისს, ხუთშაბათს, ნიუ-იორკში ჩატარებულ საერთაშორისო კონგრესზე, სახელწოდებით „მშვიდობა დედამიწაზე“, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ვიცე-პრეზიდენტმა ფ. უ. ფრენცმა ამაღელვებელი მოხსენება წარმოთქვა. იესოს წინასწარმეტყველების ადრინდელი გაგების მოკლედ მიმოხილვისას ძმა ფრენცმა აღნიშნა: „ჩვენ ვფიქრობდით, რომ დიდი გასაჭირი ახ. წ. 1914 წელს დაიწყო, მაგრამ ღმერთმა არ დაუშვა ბოლომდე გაგრძელებულიყო და პირველი მსოფლიო ომი 1918 წლის ნოემბერში დასრულდა. ამ დროიდან ღმერთმა, სანამ დიდ გასაჭირს არმაგედონის ომში დაასრულებდა, ცხებულ ქრისტიანთა დარჩენილ ნაწილს მსახურებისთვის გარკვეული პერიოდი გამოუყო“.
12 შემდეგ კი ძმამ ამ საკითხის მნიშვნელოვნად შესწორებული ახსნა შემოგვთავაზა: «პირველი საუკუნის მოვლენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ . . . დიდი გასაჭირი ახ. წ. 1914 წელს არ დაწყებულა. უფრო სწორად, დღევანდელ სიმბოლურ იერუსალიმში 1914—1918 წლებში მომხდარი მოვლენები მხოლოდ „მშობიარობის ტკივილთა დასაწყისი იყო“ . . . დიდი გასაჭირი ისეთი, რომლის მსგავსიც არასოდეს მოხდება, ჯერ კიდევ წინ არის, ვინაიდან ის ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერიის (ქრისტიანული სამყაროს ჩათვლით) განადგურებას ნიშნავს, რასაც „ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღე“, არმაგედონი, მოჰყვება». ესე იგი, დიდი გასაჭირი მთლიანად ჯერ კიდევ წინ იყო.
13. რატომ არის ლოგიკური დავასკვნათ, რომ „გატიალების სიბილწე წმიდა ადგილზე“ ჯერ არ დამდგარა?
13 ეს კი უშუალოდ არის დაკავშირებული იმასთან, თუ როდის დგება „სიბილწე“ წმინდა ადგილზე. გაიხსენეთ პირველი საუკუნის მოვლენები. ახ. წ. 66 წელს რომაელებმა იერუსალიმს შეუტიეს, მაგრამ მოულოდნელმა უკან დახევამ ქრისტიან „ძე ხორციელებს“ გადარჩენის საშუალება მისცა (მათე 24:22). შესაბამისად, ველით, რომ დიდი გასაჭირი მალე დაიწყება, მაგრამ ღვთის რჩეულთათვის შემოკლდება. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ მთავარ მომენტს: ძველ მაგალითში „წმიდა ადგილზე მდგომი სიბილწე“ ძვ. წ. 66 წელს გენერალ ცესტიუს გალუსის მეთაურობით რომაელების შეტევასთან იყო დაკავშირებული. იმ შეტევის თანამედროვე პარალელი — დიდი გასაჭირის დასაწყისი — ჯერ კიდევ წინ არის. ასე რომ, „გატიალების სიბილწე“, რომელიც 1919 წლიდან არსებობს, როგორც ჩანს, წმიდა ადგილზე ჯერ არ დამდგარაb. როგორ მოხდება ეს? და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან ჩვენზე?
მომავალი შეტევა
14, 15. როგორ გვეხმარება წიგნ „გამოცხადების“ მე-17 თავი არმაგედონის წინა მოვლენების გაგებაში?
14 წიგნი „გამოცხადება“ ცრუ რელიგიაზე მომავალ გამანადგურებელ თავდასხმას აღგვიწერს. მე-17 თავში მოკლედ არის გადმოცემული „დიდი ბაბილონის, მეძავთა დედის“ — ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობლის — წინააღმდეგ ღვთის სამსჯავრო. ქრისტიანული სამყარო ცენტრალურ ადგილზე დგას ამ რელიგიებს შორის და აცხადებს, რომ ღმერთმა მასთან დადო კავშირი (შეადარეთ იერემია 7:4). ცრუ რელიგიები, ქრისტიანული სამყაროს ჩათვლით, დიდი ხანია „დედამიწის მეფეებთან“ მეძაობენ, მაგრამ ამას ბოლო მოეღება და ეს რელიგიები განადგურებულ იქნება (გამოცხადება 17:2, 5). ვინ გაანადგურებს მათ?
15 წიგნი „გამოცხადება“ გვიხატავს „შავწითელ მხეცს“, რომელიც იყო და არ არის, შემდეგ ისევ ბრუნდება (გამოცხადება 17:3, 8). ამ მხეცს მსოფლიო მმართველები უჭერენ მხარს. წინასწარმეტყველებაში მოცემული დეტალები გვეხმარება, სიმბოლურ მხეცში სამშვიდობო ორგანიზაცია ამოვიცნოთ, რომელმაც 1919 წელს ერთა ლიგის („სიბილწის“) სახით დაიწყო არსებობა და რომელიც ახლა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელწოდებით არის ცნობილი. გამოცხადების 17:16, 17 ცხადყოფს, რომ ღმერთი გულში ჩაუდებს ზოგ მმართველს, „მხეცის“ გამორჩეულ წევრებს, გაატიალონ ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელი. ეს შეტევა დიდი გასაჭირის დაწყების ნიშანი იქნება.
16. რა საყურადღებო მოვლენები ვითარდება რელიგიასთან დაკავშირებით?
16 ვინაიდან დიდი გასაჭირი ჯერ კიდევ არ დაწყებულა, „წმინდა ადგილზე დგომაც“ მომავლის საქმეა? როგორც ჩანს, ეს ასეა. თუმცა „სიბილწე“ ამ საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა და უკვე ათეული წლებია არსებობს, ახლო მომავალში ის განსაკუთრებულ ადგილზე, „წმინდა ადგილზე“ დადგება. ქრისტეს პირველი საუკუნის მიმდევრებივით დღევანდელმა ქრისტიანებმაც დაკვირვებით უნდა ადევნონ თვალყური, როგორ მოხდება „წმინდა ადგილის“ დაკავება. რა თქმა უნდა, ყველა დეტალის გამოსარკვევად, წინასწარმეტყველების შესრულებას უნდა დაველოდოთ, მაგრამ აღსანიშნავია, ისიც რომ ზოგ ქვეყანაში უკვე არსებობს რელიგიის მიმართ აშკარა ანტიპათია, რომელიც უფრო და უფრო იზრდება. გარკვეული პოლიტიკური ელემენტები, განდგომილ ქრისტიანებთან ერთად, შუღლს აღვივებენ საერთოდ რელიგიის და, განსაკუთრებით კი, ჭეშმარიტი ქრისტიანების მიმართ (ფსალმუნი 93:20, 21; 1 ტიმოთე 6:20, 21). მაშასადამე, პოლიტიკური ძალები ახლაც კი ‘იბრძვიან კრავთან’ და როგორც გამოცხადების 17:14 ცხადყოფს, ეს ბრძოლა კიდევ უფრო გამძაფრდება. რადგან პირდაპირი გაგებით ვერ შეეხებიან იესო ქრისტეს, ღვთის კრავს, რომელსაც აღმატებული, დიდებული მდგომარეობა უჭირავს, ისინი განაგრძობენ ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების, განსაკუთრებით კი, მისი „წმიდანების“ წინააღმდეგ ბრძოლას (დანიელი 7:25; შეადარეთ რომაელთა 8:27; კოლასელთა 1:2; გამოცხადება 12:17). ღმერთი გვარწმუნებს, რომ კრავი და მისი თანამებრძოლები გაიმარჯვებენ (გამოცხადება 19:11–21).
17. ყოველგვარი დოგმატიზმის გარეშე, რის თქმა შეგვიძლია იმასთან დაკავშირებით, როგორ იდგება „სიბილწე“ წმინდა ადგილზე?
17 ვიცით, რომ ცრუ რელიგიას განადგურება მოელის. დიდი ბაბილონი „მთვრალია წმიდათა სისხლით“ და თუმცა დედოფალივით იქცევა, მისი განადგურება გარდაუვალია. უწმინდური გავლენა, რომელიც დედამიწის მეფეებზე აქვს, დრამატულად შეიცვლება — „ათი რქა და მხეცი“ საშინლად შეიძულებენ მას (გამოცხადება 17:6, 16; 18:7, 8). რელიგიური მეძავის წინააღმდეგ „შავწითელი მხეცის“ გალაშქრებისას „სიბილწე“ ავის მომასწავებლად იდგება ქრისტიანული სამყაროს ეგრეთ წოდებულ წმიდა ადგილზეc. ასე რომ, განადგურება დაიწყება ურწმუნო ქრისტიანული სამყაროდან, რომელიც საკუთარ თავს წმინდად მიიჩნევს.
„გაიქცნენ“ — როგორ?
18, 19. რა მიზეზები არსებობს იმის ნათელსაყოფად, რომ „მთებში გაქცევა“ რელიგიის შეცვლას არ ნიშნავს?
18 იმის შემდეგ რაც „სიბილწის წმიდა ადგილზე დადგომა“ იწინასწარმეტყველა, იესომ გონიერებს მოქმედებისკენ მოუწოდა. გულისხმობდა თუ არა ის, რომ იმ დროს, როდესაც „გატიალების სიბილწე წმიდა ადგილზე იდგებოდა“, მრავალი ცრუ რელიგიიდან ჭეშმარიტებისკენ „გაიქცეოდა“? საეჭვოა. ყურადღება მიაქციეთ პირველ შესრულებას. იესომ თქვა: „მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებში გაიქცნენ. და ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა მაშინ და ნურც შევა შიგნით თავისი სახლიდან რაიმეს ასაღებად. და ვინც მინდორში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავისი სამოსლის ასაღებად, ხოლო ვაი ორსულებს და მათ, ვინც ძუძუს აწოვებს იმ დღეებში. ილოცეთ, რომ არ მოხდეს ზამთარში“ (მარკოზი 13:14–18, აფ).
19 იესოს არ უთქვამს, რომ მხოლოდ იერუსალიმში მყოფთათვის იყო ქალაქის დატოვება საჭირო, თითქოს მისი სიტყვების არსი იუდეველთა თაყვანისმცემლობის ცენტრის დატოვება იყო; მის გაფრთხილებაში არც რელიგიის შეცვლა ანუ ცრუდან ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობისკენ გაქცევა იყო მოხსენიებული. იესოს მოწაფეებს სულაც არ სჭირდებოდათ გაფრთხილება ერთი რელიგიიდან მეორეში გაქცევის შესახებ; ისინი უკვე იყვნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები. არც ახ. წ. 66 წელს რომაელების შემოტევას აღუძრავს იერუსალიმსა და იუდეაში მყოფი იუდაიზმის მიმდევრები თავიანთი რელიგიის უარყოფისა და ქრისტიანობის მიღებისკენ. პროფესორი ჰაინრიხ გრეტსი ამბობს, რომ რომაელებს გამოდევნებულები ქალაქში დაბრუნდნენ: „ზელოტები ხმამაღლა მღეროდნენ გამარჯვების სიმღერას და ისე ბრუნდებოდნენ იერუსალიმში (8 ოქტომბერს); თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იმედი მათ გულებს სიხარულით ავსებდა . . . განა ღმერთი მათაც ისეთივე გულმოწყალებით არ დაეხმარა, როგორც მათ მამა-პაპას? ზელოტებს გულში მომავლის შიშის ნასახიც კი არ ჰქონდათ“.
20. როგორ გამოეხმაურნენ პირველი საუკუნის მოწაფეები იესოს გაფრთხილებას მთებში გაქცევის შესახებ?
20 მაშ, როგორ მოქმედებდა იმ დროს იესოს რჩევის თანახმად რჩეულთა შედარებით მცირე ნაწილი? იუდეის დატოვებითა და იორდანის გაღმა მთებში გაქცევით მათ ცხადყვეს, რომ არ იყვნენ იუდეველთა არც პოლიტიკური და არც რელიგიური სისტემის ნაწილი. მათ დატოვეს ყანები და სახლები ისე, რომ იქიდან არაფერი წამოუღიათ. იეჰოვასგან მფარველობისა და დახმარების მიღებაში დარწმუნებულები მისადმი თაყვანისცემას პირველ ადგილზე აყენებდნენ; იმაზე წინაც კი, რაც ერთი შეხედვით ძალიან მნიშვნელოვანი ჩანდა (მარკოზი 10:29, 30; ლუკა 9:57–62).
21. რას არ უნდა მოველოდეთ მაშინ, როდესაც „სიბილწე“ შეტევაზე გადავა?
21 ახლა კი განვიხილოთ ამ წინასწარმეტყველების უფრო ფართო მასშტაბით შესრულება. მრავალი ათწლეულია, რაც ხალხს ცრუ რელიგიის დატოვებისა და ჭეშმარიტი თაყვანისცემისკენ მოვუწოდებთ (გამოცხადება 18:4, 5). მილიონები გამოეხმაურნენ ამ მოწოდებას. რაც შეეხება იესოს წინასწარმეტყველებას, ის არ მიუთითებს „დიდი გასაჭირის“ დაწყებისას მასების მიერ უცებ წმინდა თაყვანისმცემლობისკენ მოქცევაზე; ფაქტია, რომ ახ. წ 66 წელს იუდეველთა მასობრივი გაქრისტიანება არ მომხდარა. მაგრამ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ექნებათ მძლავრი სტიმული, მიჰყვნენ იესოს რჩევას და გაიქცნენ.
22. რა შეიძლება შედიოდეს იესოს რჩევაში მთებში გაქცევის შესახებ?
22 დღესდღეობით შეუძლებელია დიდი გასაჭირის ყველა წვრილმანის დაზუსტება, მაგრამ შეგვიძლია ლოგიკური დასკვნის გამოტანა, რომ გაქცევა, რომელზეც იესო ლაპარაკობდა, განსაზღვრულ გეოგრაფიულ ადგილს არ ეხება. ღვთის ხალხი მთელი დედამიწის ზურგზე, ფაქტობრივად, მის ყველა კუთხეში, იმყოფება. მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ გაქცევის აუცილებლობის შექმნისას ქრისტიანები, როგორც ყოველთვის, აშკარად გამოყოფილი უნდა იყვნენ ცრუ რელიგიური ორგანიზაციებიდან. მნიშვნელოვანია აგრეთვე იესოს გაფრთხილება იმის შესახებ, რომ მოწაფეები არ მიბრუნებულიყვნენ სახლში ტანსაცმლის ან სხვა ნივთების ასაღებად (მათე 24:17, 18). ასე რომ, შეიძლება წინ მატერიალურ ქონებასთან დაკავშირებით გამოცდა გველოდებოდეს; ქონება უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, თუ ხსნა, რომელსაც ღმერთი მოუტანს ყველას, ვინც მის მხარეზეა? დიახ, გაქცევასთან შეიძლება გარკვეული სირთულეები და ზარალი იყოს დაკავშირებული. პირველი საუკუნის ძმებივით, რომლებიც იუდეიდან იორდანეს გაღმა, პერეაში გაიქცნენ, ჩვენც ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.
23, 24. ა) მხოლოდ სად შევძლებთ თავშესაფრის პოვნას? ბ) როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენზე „წმიდა ადგილზე მდგომი გატიალების სიბილწის“ შესახებ იესოს გაფრთხილებამ?
23 დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი თავშესაფარი ყოველთვის იეჰოვა და მისი მთისმაგვარი ორგანიზაციაა (მეორე მეფეთა 22:2, 3; ფსალმუნი 17:3; დანიელი 2:35, 44). იქ ვპოვებთ თავშესაფარს და არ მივბაძავთ სხვებს, რომლებიც გაიქცევიან „მღვიმეებში“ და დაიმალებიან „მთის გამოქვაბულებში“ — ადამიანების მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებსა და დაწესებულებში, რომლებმაც დიდი ბაბილონის განადგურების შემდეგ ძალიან ცოტა ხანს შეიძლება იარსებონ (გამოცხადება 6:15; 18:9–11). მართალია, შეიძლება მაშინ უფრო მძიმე დრო დადგეს — როგორც ეს ახ. წ. 66 წელს იუდეიდან გაქცევისას ორსულებისთვის ან მათთვის იყო, ვისაც ცივ, წვიმიან ამინდში მოუწია გამგზავრება, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი ხსნის გზას გვიჩვენებს. ამიტომ დღესვე უფრო მეტად მივენდოთ იეჰოვასა და მის ძეს, რომელიც უკვე მეფობს ღვთის სამეფოში.
24 მომავლის შიშისთვის არავითარი საფუძველი არა გვაქვს. იესოს არ სურდა, თავის მოწაფეებს შიშში ეცხოვრათ. მას არც ის უნდოდა, რომ ჩვენ ან ახლა, ან მომავალში გვეშინოდეს. იესომ გამოგვაფხიზლა, რათა გულითა და გონებით მომზადებული შევხვდეთ ყველაფერს. მორჩილ ქრისტიანებს არ შეეხება ცრუ რელიგიისა და ბოროტი სისტემის განადგურება. ისინი გონიერებას გამოავლენენ და ყურად იღებენ გაფრთხილებას „წმიდა ადგილზე მდგომი სიბილწის“ შესახებ და ურყევი რწმენის საფუძველზე გაბედულად იმოქმედებენ. ნურასოდეს დავივიწყებთ იესოს აღთქმას: „ვინც ბოლომდის მოითმენს, ის გადარჩება“ (მარკოზი 13:13).
[სქოლიოები]
a „რომაელების დროშები დიდი მოკრძალებით ინახებოდა რომის ტაძრებში და რაც უფრო ხშირად იმარჯვებდნენ სხვა ხალხებზე, მით უფრო იზრდებოდა ამ ალმებისადმი მათი მოწიწება . . . [ჯარისკაცებისთვის ისინი] დედამიწის ზურგზე უწმინდესი საგნები და საფიცარი იყო“ („ბრიტანიკა“, მე-11 გამოცემა).
b აღსანიშნავია, რომ თუმცა იესოს სიტყვების ახ. წ. 66—70 წლებში შესრულება გვეხმარება გავიგოთ, როგორ შესრულდება ეს სიტყვები დიდი გასაჭირის დროს, ეს ორი შესრულება შეუძლებელია ზუსტად ერთნაირი იყოს, რადგან ისინი სხვადასხვა პირობებში სრულდება.
c იხილეთ 1975 წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 741—744 (ინგლ.).
გახსოვთ თუ არა?
◻ რაში გამოვლინდა პირველ საუკუნეში „გატიალების სიბილწე“?
◻ რატომ არის გონივრული, ვიფიქროთ, რომ თანამედროვე „სიბილწე“ წმიდა ადგილზე ჯერ არ დამდგარა?
◻ „სიბილწის“ მხრივ რა შეტევაა ნაწინასწარმეტყველები წიგნ „გამოცხადებაში“?
◻ როგორი „გაქცევა“ შეიძლება დაგვჭირდეს?
[სურათი 16 გვერდზე]
დიდ ბაბილონს „მეძავთა . . . დედა“ ეწოდება.
[სურათი 17 გვერდზე]
წიგნ „გამოცხადების“ მე-17 თავში აღწერილი შავწითელი მხეცი იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები „სიბილწეა“.
[სურათი 18 გვერდზე]
მხეცი გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს რელიგიას.