დიდ გასაჭირში გადარჩენილები
„ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები. გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს ისინი კრავის სისხლით“ (გამოცხადება 7:14).
1. ვინ მიესალმება აღდგენილებს დედამიწაზე აღდგომის დროს?
როცა ‘როგორც მართალთა ისე უკეთურთა აღდგომის დროს’ უთვალავი მილიონი ადამიანი აღდგენილი იქნება, ისინი ცარიელ დედამიწაზე არ იქნებიან გაცოცხლებული (საქმეები 24:15). ისინი გამოიღვიძებენ მშვენიერ, გაუმჯობესებულ გარემოში და ნახავენ, რომ მათთვის მომზადებულია საცხოვრებელი ადგილები, ჩასაცმელი და უხვი საკვები. ვინ მოამზადებს ყოველივე ამას? ნათელია, სანამ დედამიწაზე აღდგომა დაიწყება, ახალ ქვეყნიერებაში უკვე იქნებიან მცხოვრებნი. ვინ? ბიბლია გვიჩვენებს, რომ ისინი იქნებიან მოახლოებულ დიდ გასაჭირში გადარჩენილები. უეჭველია, ბიბლიის ყველა სწავლებიდან ეს სწავლება ყველაზე დიდი ინტერესის გამომწვევია — რომ ზოგიერთი ერთგული ადამიანი გადარჩენილი იქნება დიდ გასაჭირში და არასდროს მოკვდება. ამ იმედს კარგად ადასტურებს საღვთო წერილი.
როგორც ნოეს დღეები
2, 3. ა) რა მსგავსებაა ნოეს დღეებსა და ჩვენს დროს შორის? ბ) რას მიუთითებს წარღვნაში ნოესა და მისი ოჯახის გადარჩენა?
2 მათეს 24:37–39-ში იესო ქრისტემ ნოეს დღეები შეადარა უკანასკნელ დღეებს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მან თქვა: „როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ვინაიდან, როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა, და არ იცოდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა — ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც“.
3 მსოფლიო წარღვნამ წალეკა ყველა, ვინც ყურადღებას არ აქცევდა ღმერთის გაფრთხილებას. მაგრამ მას არ გაუნადგურებია ნოე და მისი ოჯახი. იესოს სიტყვების თანახმად, ისინი ‘შევიდნენ კიდობანში’. ღმერთმა მისცა მათ გადარჩენის საშუალება, რადგან მისადმი თავდადებულები იყვნენ. მეორე პეტრეს 2:5, 9-ში ნოესა და მისი ოჯახის გადარჩენა მოხსენიებულია ასეთი სიტყვებით: „ [ღმერთმა] შეინახა რვა სული და მათ შორის ნოე — სიმართლის მქადაგებელი, როცა წარღვნა მოუვლინა უღვთოთა წუთისოფელს, ვინაიდან იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი“. იესომ ნოეს დღეები უკანასკნელ დღეებს შეადარა, რათა ეჩვენებინა, რომ საერთო ჯამში ადამიანები არ მიაქცევდნენ ყურადღებას ღმერთის გაფრთხილებას. მაგრამ ამასთან ერთად, მან დაადასტურა, რომ ნოე და მისი ოჯახი დაემორჩილნენ იეჰოვა ღმერთს, შევიდნენ კიდობანში და გადაურჩნენ დიდ წარღვნას. ნოესა და მისი ოჯახის გადარჩენა მიუთითებს ღმერთის ერთგული მსახურების გადარჩენას ამ ქვეყნიერების აღსასრულის დროს.
პირველი საუკუნის მაგალითი
4. იესოს სიტყვების შესრულების თანახმად, რომელი მოვლენები უძღვოდა წინ იერუსალიმის განადგურებას ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს?
4 აგრეთვე, იესო ლაპარაკობდა მოვლენების შესახებ, რომლებსაც ამ ქვეყნიერების აღსასრულის დროს ექნებოდა ადგილი. მათეს 24:21, 22-ში ვკითხულობთ: „იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება. ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ძე ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეები“. ამ სიტყვების წინასწარი შესრულება მოხდა ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში. ცესტიუს გალუსის ხელმძღვანელობით ახალი წელთაღრიცხვით 66 წელს რომის ჯარებმა ალყა შემოარტყეს ქალაქ იერუსალიმს. რომის ჯარებმა უკვე ტაძრის კედელს გამოუთხარეს ძირი და მრავალი იუდეველი მზად იყო დანებებისთვის. მაგრამ, მოულოდნელად და ყველანაირი ხილული მიზეზის გარეშე, ცესტიუს გალუსმა უკან დასწია თავისი ჯარები. როგორც კი იხილეს რომაელების უკან დახევა, ქრისტიანები მოიქცნენ იესოს სიტყვების თანახმად, რომელიც მრავალი წლის წინ გამოთქვა: „როცა იხილავთ იერუსალიმს ლაშქრით გარშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება. მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიხიზნონ; ვინც იერუსალიმშია, გარეთ გავიდეს; ვინც სოფლად არის, ნუღარ შევა მასში“ (ლუკა 21:20, 21). იუდეველებმა, რომლებმაც მიიღეს ქრისტიანობა — რჩეულებმა — დაუყოვნებლივ მიატოვეს განწირული ქალაქი იერუსალიმი და ასეთი მოქმედებით გადაურჩნენ საშინელ განადგურებას, რომელიც მოკლე ხანში ქალაქს დაატყდა. ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს რომის ლეგიონები გენერალ ტიტუსის მეთაურობით დაბრუნდნენ. ისინი დაბანაკდნენ იერუსალიმის გარშემო, ალყა შემოარტყეს ქალაქს და გაანადგურეს ის.
5. რა გაგებით შემოკლდა გასაჭირი იერუსალიმში ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს?
5 იუდეველი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი მოგვითხრობს, რომ 1 100 000 ადამიანი მოკვდა, მაშინ როდესაც 97 000 გადარჩა და ტყვეობაში იყო წაყვანილი. უეჭველია, გადარჩენილი არაქრისტიანი იუდეველები არ იყვნენ იესოს წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული ‘რჩეულები’. როცა მეამბოხე იუდეველ ერს მიმართა, იესომ თქვა: „აჰა, გრჩებათ ოხრად თქვენი სახლი. ვინაიდან გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: ‘კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ’ “ (მათე 23:38, 39). აქ არ არის ნათქვამი, რომ იერუსალიმში ალყაშემორტყმულმა იუდეველებმა ბოლო წუთში აღიარეს იესო მესიად, გახდნენ ქრისტიანები და მოიპოვეს იეჰოვას კეთილგანწყობილება. მიუხედავად ამისა, გასაჭირი, რომელიც იერუსალიმს ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს დაატყდა, შემოკლებული იყო. რომის ჯარის მიერ საბოლოო ალყის შემორტყმა არ იყო ხანგრძლივი. ამან ხელი შეუწყო ზოგიერთი იუდეველის გადარჩენას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომის იმპერიის სხვადასხვა კუთხეში მონებად იქნებოდნენ წაყვანილი.
უამრავი გადარჩენილი
6, 7. ა) რომელი დიდი რელიგიური ქალაქია ჯერ კიდევ გასანადგურებელი და რომელი განუმეორებელი გასაჭირის ნაწილი იქნება ეს განადგურება? ბ) რა იწინასწარმეტყველა იოანემ მოახლოებული დიდი გასაჭირის შესახებ, რომელიც დაატყდება ამ ქვეყნიერებას?
6 მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს იერუსალიმის განადგურებამ ნამდვილად ‘დიდი გასაჭირი’ მოუტანა ამ რელიგიურ ქალაქს, იესოს სიტყვების შესრულება უფრო ფართო მასშტაბით ჯერ კიდევ შესასრულებელია. უფრო დიდმა რელიგიურმა ქალაქმა, დიდმა ბაბილონმა, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელმა, უნდა განიცადოს სასიკვდილო დიდი გასაჭირი, რომელსაც დაუყოვნებლივ მოჰყვება სატანის დანარჩენი სისტემის განუმეორებელი გასაჭირი (მათე 24:29, 30; გამოცხადება 18:21). იერუსალიმის განადგურებიდან დაახლოებით 26 წლის შემდეგ, მოციქულმა იოანემ გამოცხადების 7:9–14-ში დაწერა მსოფლიოს მომცველი დიდი გასაჭირის შესახებ. მან აჩვენა, რომ უამრავი ხალხი გადაიტანდა მას.
7 ეს გადარჩენილები, რომლებსაც „უამრავი ხალხი“ ეწოდება, გამოიცნობიან გაბედული მოქმედებებით. გამოცხადების 7:14-ის თანახმად, ზეცაში 24 უხუცესიდან ერთ-ერთმა უთხრა იოანეს: „ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები. გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს ისინი კრავის სისხლით“. დიახ, უამრავი ხალხი თავისი გადარჩენის წყაროდ აცხადებს იეჰოვას. ისინი ავლენენ რწმენას იესოს დაღვრილი სისხლისადმი და მართლებად არიან ჩათვლილი თავიანთი შემოქმედისა და მისი დანიშნული მეფის, იესო ქრისტეს მიერ.
8. როგორი შესანიშნავი დამოკიდებულება არსებობს ‘უამრავ ხალხსა’ და იესოს ცხებული ძმების დარჩენილ ნაწილს შორის?
8 დღეს უამრავი ხალხის თითქმის ხუთი მილიონი წევრი ცხოვრობს ზეციერი მეფის, იესო ქრისტეს, აქტიური ხელმძღვანელობის ქვეშევრდომობით. ისინი ემორჩილებიან ქრისტეს და მჭიდროდ თანამშრომლობენ მის ცხებულ ძმებთან, რომლებიც ჯერ დედამიწაზე არიან. უამრავი ხალხის ამ ცხებულების მიმართ მოპყრობის შესახებ იესომ თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც-კი გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, მე გამიკეთეთ“ (მათე 25:40). რადგან ადამიანები უამრავი ხალხიდან უანგაროდ ეხმარებიან ქრისტეს ცხებულ ძმებს, ითვლება, რომ თვით იესოს გაუკეთეს კარგი. ეს ეხმარება მათ, ჰქონდეთ საიმედო დამოკიდებულება იესო ქრისტესა და იეჰოვა ღმერთთან. მათ მიეცათ უპირატესობა, შეერთებოდნენ ცხებულ დარჩენილ ნაწილს, რომ გამხდარიყვნენ ღმერთის მოწმეები და მისი სახელის მატარებლები (ესაია 43:10, 11; იოველი 3:4, 5).
განუწყვეტლივ იფხიზლეთ
9, 10. ა) რა უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ მართალი მდგომარეობა კაცის ძის წინაშე? ბ) როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ‘ვიფხიზლოთ’?
9 „უამრავი ხალხი“ განუწყვეტლივ უნდა ინარჩუნებდეს მართალ მდგომარეობას კაცის ძის წინაშე, რაც ბოლომდე ფხიზლად დარჩენას მოითხოვს. იესომ ნათლად გვამცნო ამის შესახებ, როცა თქვა: „გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გული ღრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ მოულოდნელად. ვინაიდან ის, როგორც მახე, დაეცემა ყველა მკვიდრს მთელი დედამიწის ზურგზე. მაშ, ყოველჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ყოველგვარ ამ მოსახდენთაგან თავის დაღწევა და წარდგომა კაცის ძის წინაშე“ (ლუკა 21:34–36).
10 კაცის ძის წინაშე წარდგომა რომ შეგვეძლოს, უნდა დავიმსახუროთ მისი მოწონება, რომელიც არ გვექნება, თუ ნებას დავრთავთ საკუთარ თავს, დავექვემდებაროთ ქვეყნიური აზროვნების გავლენას. ქვეყნიური აზროვნება მაცდურია და შეუძლია აღძრას პიროვნება, ბოროტად გამოიყენოს ხორციელი სიამოვნებები ან ისე დაიტვირთოს ცხოვრებისეული პრობლემებით, რომ ვეღარ დააყენოს სამეფოს ინტერესები პირველ ადგილზე (მათე 6:33). ასე მოქმედება სულიერად ასუსტებს პიროვნებას და შეუძლია გულგრილი გახადოს ღმერთისა და სხვებისადმი პასუხისმგებლობაში. ადამიანი შეიძლება უმოქმედო გახდეს ან საფრთხეში ჩაიგდოს თავისი მდგომარეობა კრებაში იმით, რომ სერიოზულ ცოდვას ჩაიდენს, რომელსაც, შესაძლოა, არც კი მოინანიებს. უამრავი ხალხიდან ყოველმა პიროვნებამ ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარ თავს. ის გამოყოფილი უნდა იყოს უღმერთო ქვეყნიერებისგან და მისი საქმეებისგან (იოანე 17:16).
11. საღვთო წერილის რომელი პრინციპების გამოყენება დაგვეხმარება, გადავიტანოთ არმაგედონი?
11 ამ მიზნისთვის იეჰოვამ თავისი სიტყვის, წმინდა სულისა და ხილული ორგანიზაციის საშუალებით უზრუნველგვყო ყველაფრით, რაც გვჭირდება. ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ყოველივე ამით. გარდა ამისა, ყოველთვის უნდა ვილოცოთ და დავემორჩილოთ ღმერთს, თუ გვსურს მისი კეთილგანწყობილების მოპოვება. უპირველეს ყოვლისა, უნდა განვავითაროთ ძლიერი სიძულვილი იმის მიმართ, რაც ცუდია. ფსალმუნმომღერალმა თქვა: „არ დავმეგობრებივარ სიცრუის მოყვარულთ და მზაკვრებთან არ მივალ. შევიძულე კრებული უკეთურთა და ბოროტთა გვერდით არ დავჯდები. ნუ მოსპობ ჩემს სულს ცოდვილთა გვერდით და ჩემს სიცოცხლეს — სისხლისმსმელებთან“ (ფსალმუნი 25:4, 5, 9). ქრისტიანულ კრებაში, როგორც ახალგაზრდებმა, ასევე ხანდაზმულებმა უნდა შეზღუდონ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც არ არიან იეჰოვასადმი მიძღვნილები. ღმერთის კეთილგანწყობილება რომ მივიღოთ, ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ უმწიკვლოები და ქვეყნიერებისგან შეურყვნელები (ფსალმუნი 25:1–5; იაკობი 1:27; 4:4). ამრიგად, ჩვენ დარწმუნებული ვიქნებით, რომ იეჰოვა არ გაგვანადგურებს არმაგედონში ურწმუნოებთან ერთად.
ზოგიერთი „არ მოკვდება უკუნისამდე“
12, 13. ა) სანამ ლაზარეს აღადგენდა რა უთხრა იესომ მართას, რაც მან ბოლომდე ვერ გაიგო? ბ) რას არ ნიშნავდა იესოს სიტყვები, რომ ზოგიერთი ადამიანი „არ მოკვდება უკუნისამდე“ ?
12 აღმაფრთოვანებელია ფიქრი ამ სისტემის აღსასრულში გადარჩენასა და იმ შესაძლებლობის შესახებ, რომ არასდროს მოკვდები. ამის პერსპექტივა მოგვცა იესომ. სანამ აღადგენდა თავის მეგობარს, ლაზარეს, იესომ უთხრა მის დას, მართას: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ყველა, ვინც ცოცხლობს ჩემში და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს ეს? “ (იოანე 11:25, 26).
13 იესო არ გულისხმობდა, რომ მისი ერთგული მოციქულები ხორციელად გააგრძელებდნენ ცხოვრებას და არასდროს მოკვდებოდნენ. პირიქით, მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ მისი მოწაფეები მოკვდებოდნენ (იოანე 21:16–23). სინამდვილეში, ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის მეერგასე დღეს სულიწმიდით მათი ცხება ნიშნავდა, რომ ისინი მოკვდებოდნენ, რათა მიეღოთ ზეციერი სამკვიდრებელი, რომ გამხდარიყვნენ მეფეები და მღვდლები (გამოცხადება 20:4, 6). ამრიგად, დროთა განმავლობაში, პირველი საუკუნის ყველა ქრისტიანი გარდაიცვალა. მაგრამ იესოს ნათქვამს ჰქონდა საფუძველი. მისი სიტყვები იმის შესახებ, რომ მცხოვრები არასდროს მოკვდება, შესრულდება.
14, 15. ა) როგორ შესრულდება იესოს სიტყვები იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ‘არ მოკვდებიან უკუნისამდე’ ? ბ) რა მდგომარეობაშია დღევანდელი ქვეყნიერება, მაგრამ რისი იმედი აქვთ სამართლიან ადამიანებს?
14 უპირველეს ყოვლისა, ერთგული ცხებული ქრისტიანები არასდროს განიცდიან მარადიულ სიკვდილს (გამოცხადება 20:6). ასევე, იესოს სიტყვები მიუთითებს განსაკუთრებულ დროზე, როცა ღმერთი ჩაერევა ადამიანთა საქმეებში და ისევე, როგორც ნოეს დღეებში, გაწმენდს დედამიწას ბოროტებისგან. იმ დროს ერთგული ადამიანები, რომლებიც ღმერთის ნებას შეასრულებენ, არ მოკვდებიან ღმერთის სასამართლო მოქმედებებისგან. უფრო მეტიც, ნოესა და მისი ოჯახის მსგავსად, მათ ექნებათ შესაძლებლობა, გადაურჩნენ ქვეყნიერების განადგურებას. ასეთი იმედი მყარია, რადგან დაფუძნებულია ბიბლიურ სწავლებებზე და თვალსაჩინოდ არის ახსნილი მაგალითებით (შეადარე ებრაელთა 6:19; 2 პეტრე 2:4–9). ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულება გვიჩვენებს, რომ ძალიან მალე, დღევანდელ ქვეყნიერებას, რომელიც უსამართლო ადამიანთა საზოგადოებისგან შედგება, დაატყდება განადგურება. დღეს არსებული მდგომარეობის შეცვლა შეუძლებელია, რადგან ქვეყნიერება გამოუსწორებლად ბოროტია. ღმერთის მიერ ნოეს დროინდელი ქვეყნიერების შესახებ ნათქვამი დღევანდელი ქვეყნიერებისთვისაც სამართლიანია. ადამიანთა უმრავლესობის გულები ბოროტებით არის სავსე და უკეთურია მუდამჟამს მათი გულისთქმა (დაბადება 6:5).
15 იეჰოვამ დაუშვა, რომ ადამიანებს საუკუნეების განმავლობაში ღვთიური ჩარევის გარეშე ემმართველათ დედამიწაზე, მაგრამ მათი დრო თითქმის ამოიწურა. მალე, ბიბლიის სიტყვების თანახმად, იეჰოვა ამოწყვეტს ყველა ბოროტს დედამიწაზე (ფსალმუნი 144:20; 2:21, 22). მაგრამ ის არ გაანადგურებს სამართლიანებს ბოროტებთან ერთად. ღმერთს არასდროს გაუკეთებია ეს! (შეადარე დაბადება 18:22, 23, 26). რატომ დასჭირდებოდა მას ადამიანების განადგურება, რომლებიც მთელ ძალ-ღონეს ახმარენ, რომ ღმერთის მოსაწონი შიშით აღვსილები, ერთგულად ემსახურონ მას? მხოლოდ ერთია გონივრული, რომ იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემლები, რომლებიც დიდი გასაჭირის დაწყებისას იცხოვრებენ, მოიპოვებენ კეთილგანწყობილებას მის თვალში და არ განადგურდებიან, ისევე, როგორც ნოე და მისი ოჯახი არ იყვნენ განადგურებული, როცა იმ დროის ბოროტი ქვეყნიერება კატასტროფულ აღსასრულამდე მივიდა (დაბადება 7:23). მათ ექნებათ ღვთიური მფარველობა და გადაიტანენ ქვეყნიერების აღსასრულს.
16. რომელი საკვირველი მოვლენები იქნება ახალ ქვეყნიერებაში და რას ნიშნავს ეს გადარჩენილებისთვის?
16 რა მოხდება შემდეგ? ახალ ქვეყნიერებაში კაცობრიობაზე გადმოვა სამკურნალო კურთხევები, რადგან იესოს გამომსყიდველური მსხვერპლი სრულიად შეასრულებს თავის დანიშნულებას ადამიანთა სასარგებლოდ. ბიბლია ლაპარაკობს სიმბოლურ მდინარეზე, ‘სიცოცხლის წყლის მდინარეზე, ბროლივით ჭვირვალზე, რომელიც ღვთისა და კრავის ტახტიდან მოედინებოდა. მისი ქუჩის შუაგულში, მდინარის გაღმა-გამოღმა, სიცოცხლის ხეა, რომელიც ისხამს თორმეტ ნაყოფს, ყოველ თვეში იძლევა თავის ნაყოფს. ხოლო ხის ფოთლები ხალხთა განსაკურნავადაა’ (გამოცხადება 22:1, 2). სასწაულებრივია, რომ ‘მკურნალობა’ თვით ადამისგან გამომდინარე სიკვდილზე გამარჯვებას შეიცავს! „შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს“ (ესაია 25:8). ამრიგად, ვინც გადარჩება დიდ გასაჭირში და მიაღწევს ახალ ქვეყნიერებას, არასდროს შეხვდება სიკვდილს!
მტკიცე იმედი
17. რამდენად სარწმუნოა იმედი, რომ ზოგიერთი ადამიანი გადაიტანს არმაგედონს და „არ მოკვდება უკუნისამდე“ ?
17 შეიძლება თუ არა სრულიად მივენდოთ ამ გასაოცარ იმედს? სავსებით! იესომ დაანახა მართას, რომ დადგებოდა დრო, როცა ადამიანები არასდროს მოკვდებოდნენ (იოანე 11:26). გარდა ამისა, იოანესთვის იესოს მიერ მიცემული გამოცხადების მე-7 თავში ნაჩვენები იყო, რომ უამრავი ხალხი გამოდის დიდი გასაჭირიდან და გადარჩენილია მისგან. შეიძლება თუ არა დავუჯეროთ იესო ქრისტესა და ისტორიულ ცნობებს ნოეს დროინდელი წარღვნის შესახებ? უეჭველად! უფრო მეტიც, ბიბლია შეიცავს სხვა ცნობებს იმ შემთხვევების შესახებ, როცა ღმერთი იცავდა თავისი მსახურების სიცოცხლეს ერების გასამართლებისა და დაღუპვის პერიოდებში. განა ნაკლებს უნდა მოველოდეთ მისგან ამ აღსასრულის დროს? განა არის რამე შეუძლებელი შემოქმედისთვის? (შეადარე მათე 19:26).
18. რით შეიძლება დავრწმუნდეთ, რომ ვიცხოვრებთ იეჰოვას სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში?
18 ჩვენ მტკიცედ გვწამს მარადიული სიცოცხლე იეჰოვას ახალ ქვეყნიერებაში, რადგან დღეს ერთგულად ვემსახურებით მას. სიცოცხლე უთვალავი მილიონისთვის ამ ახალ ქვეყნიერებაში მოვა აღდგომის საშუალებით. მაგრამ ჩვენს დღეებში, იეჰოვასადმი მიძღვნილ მილიონობით ადამიანს — დიახ, უამრავ ხალხს, რომლის დათვლა ან განსაზღვრა არავის შეუძლია — ექნება განსაკუთრებული უპირატესობა, იყოს გადარჩენილი დიდ გასაჭირში. და ისინი არასდროს მოკვდებიან.
ახსენი, გეთაყვა
◻ წინასწარ როგორ მიუთითებდა ნოეს დღეები არმაგედონში გადარჩენაზე?
◻ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ვიფხიზლოთ, როცა იესო მოვა იეჰოვას სასამართლოს შესასრულებლად?
◻ რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არმაგედონგადატანილები ‘არ მოკვდებიან უკუნისამდე’ ?
[სურათი 24-ე გვერდზე]
ქრისტიანები გადაურჩნენ გასაჭირს, რომელიც იერუსალიმს დაატყდა.