ჩვენ ვივლით იეჰოვას, ჩვენი ღვთის, სახელით
„ჩვენ კი ვივლით იეჰოვას, ჩვენი ღვთის სახელით მარადიულად, სამარადისოდ“ (მიქა 4:5, აქ).
1. როგორ იქცეოდა ხალხი ნოეს დღეებში და რით განსხვავდებოდა ნოე მათგან?
ენოქი პირველი მამაკაცი იყო, ვისზეც ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთთან ერთად დადიოდა. მეორე მამაკაცი ნოე იყო. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „ნოე მართალი კაცი იყო. უბიწო იყო მის დროს მცხოვრებ ხალხს შორის. ნოე ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“ (დაბადება 6:9, აქ). ნოეს დღეებში ადამიანებმა გადაუხვიეს წმინდა თაყვანისმცემლობიდან. მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებდნენ ორგული ანგელოზები, რომლებიც არაბუნებრივ კავშირს ამყარებდნენ ქალებთან, რის შედეგადაც გაჩნდნენ ნეფილიმები — იმ დროისათვის ძლიერი და „სახელოვანი ხალხი“. გასაკვირი არაა, რომ დედამიწა ძალადობით აივსო! (დაბადება 6:2, 4, 11). მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, ნოემ უმწიკვლობა შეინარჩუნა და „სიმართლის მქადაგებელი“ იყო (2 პეტრე 2:5). როდესაც ღმერთმა უთხრა, რომ კიდობანი აეგო სიცოცხლის გადასარჩენად, მორჩილად „გააკეთა ნოემ ყოველივე, როგორც უბრძანა ღმერთმა, ისე გააკეთა მან“ (დაბადება 6:22). მართლაც, ნოე ღმერთთან ერთად დადიოდა.
2, 3. რა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა ნოემ?
2 პავლემ ნოე ერთგულ მოწმეებს შორის მოიხსენია, როდესაც მის შესახებ დაწერა: „რწმენით ნოემ, როდესაც ღმერთმა გააფრთხილა იმის შესახებ, რაც ჯერ არ იყო ხილული, ღვთისადმი შიში გამოავლინა და თავისი ოჯახის გადასარჩენად კიდობანი ააგო. რწმენით მან მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის წყალობით“ (ებრაელები 11:7). რა შესანიშნავი მაგალითია! ნოე იმდენად დარწმუნებული იყო იეჰოვას სიტყვებში, რომ მთელ თავის დროს, ენერგიასა და სახსრებს ღვთის დავალების შესრულებას ახმარდა. დღესაც ბევრი უარს ამბობს ქვეყნიერების მიერ შემოთავაზებულ მატერიალურ კეთილდღეობაზე და თავიანთ დროს, ენერგიასა და სახსრებს იეჰოვას მითითებების დაცვას ახმარენ. მათი რწმენა სამაგალითოა და გადარჩენა მოაქვს როგორც მათთვის, ისე სხვებისთვის (ლუკა 16:9; 1 ტიმოთე 4:16).
3 რწმენის გამოვლენა ისეთივე რთული იყო ნოესა და მისი ოჯახისთვის, როგორც ენოქისთვის — ნოეს წინაპრისთვის, რომლის შესახებაც წინა სტატიაში ვისაუბრეთ. ნოეს დღეებში, ისევე როგორც ენოქის დღეებში, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები უმცირესობას წარმოადგენდნენ, რადგან მხოლოდ რვა ადამიანმა გამოავლინა ერთგულება და წარღვნა გადაიტანა. ნოე სიმართლის მქადაგებელი იყო იმ მოძალადე და უზნეო მსოფლიოში. გარდა ამისა, მან და მისმა ოჯახმა უზარმაზარი ხის კიდობანი ააგეს მსოფლიო წარღვნამდე, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე არც ერთს არ ენახა წარღვნა. ეს, ალბათ, უცნაურად ეჩვენებოდათ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ საქმიანობას აკვირდებოდნენ.
4. ნოეს თანამედროვეთა რომელ დანაშაულზე გაამახვილა იესომ ყურადღება?
4 საინტერესოა, რომ ნოეს დღეებზე ლაპარაკისას იესოს საერთოდ არ უხსენებია ძალადობა, ცრუ რელიგია და უზნეობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ სერიოზული საკითხები იყო. იესომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მათი დანაშაული გაფრთხილების უგულებელყოფა იყო. მან თქვა, რომ ისინი „ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა“. რა არის ცუდი ჭამა–სმასა და ქორწინებაში? ისინი ხომ მხოლოდ „ნორმალური“ ცხოვრებით ცხოვრობდნენ! მაგრამ წარღვნა კარს იყო მომდგარი და ნოე სიმართლეს ქადაგებდა. მათთვის მისი სიტყვები და მოქმედებები გამაფრთხილებელი უნდა ყოფილიყო. მაგრამ მათ „არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა“ (მათე 24:38, 39).
5. რა თვისებები უნდა გამოევლინათ ნოესა და მის ოჯახს?
5 იმ დროს თუ გავიხსენებთ, დავინახავთ, რამდენად ბრძნული იყო ნოეს მიერ არჩეული ცხოვრების კურსი. მაგრამ წარღვნამდე მას გამბედაობის გამოვლენა დასჭირდა, რომ სხვებისგან განსხვავებული ყოფილიყო. ნოესა და მის ოჯახს მტკიცე რწმენა დაეხმარა, რომ უზარმაზარი კიდობანი აეგოთ და ყველანაირი ჯიშის ცხოველი შეეყვანათ მასში. უჩნდებოდა ამ ერთგულ ადამიანთა მცირე ჯგუფიდან ვინმეს ზოგჯერ ისეთი სურვილი, რომ ნაკლებად შესამჩნევი ყოფილიყო და „ნორმალური“ ცხოვრებით ეცხოვრა? ზოგ მათგანს გონებაში რომც გაევლო ასეთი აზრი, ეს ვერ შეარყევდა მათ ერთგულებას. მრავალი წლის შემდეგ — უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ვიდრე თითოეულს გვიწევს ამ სისტემასთან გამკლავება — რწმენამ ნოეს სიცოცხლე შეუნარჩუნა წარღვნის დროს. მაგრამ იეჰოვამ მსჯავრი გამოუტანა იმ ადამიანებს, რომლებიც იმ დროს „ნორმალური“ ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ყურადღებას არ აქცევდნენ იმას, თუ რამდენად სერიოზული იყო მათი დღეები.
დედამიწა კვლავ სავსეა ძალადობით
6. რა მდგომარეობა იყო წარღვნის შემდეგ?
6 როდესაც წარღვნის წყლები დაშრა, ადამიანებმა გამრავლება დაიწყეს. მაგრამ ისინი კვლავაც არასრულყოფილები იყვნენ და ‘მათი გულისწადილი სიყრმიდანვე ბოროტებისკენ იყო მიდრეკილი’ (დაბადება 8:21). გარდა ამისა, დემონებს აღარ შეეძლოთ ადამიანთა მსგავსნი გამხდარიყვნენ, მაგრამ კვლავაც აქტიურად განაგრძობდნენ მოქმედებას. უღვთო ადამიანებით დასახლებულმა ქვეყნიერებამ მალევე ცხადყო, რომ „ბოროტის ძალაუფლებაში“ იყო და, ისევე როგორც დღეს, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები „ეშმაკის ხრიკების“ წინააღმდეგ იბრძოდნენ (1 იოანე 5:19; ეფესოელები 6:11, 12).
7. როგორ გავრცელდა წარღვნის შემდეგ ძალადობა დედამიწაზე?
7 დაახლოებით ნიმროდის დროიდან დედამიწა კვლავ ძალადობით აივსო. მოსახლეობის ზრდამ და ტექნიკურმა მიღწევებმა დროთა განმავლობაში ძალადობის მასშტაბები გაზარდა. ძველ დროში საბრძოლო იარაღს მახვილი, შუბი, მშვილდისარი და ეტლები შეადგენდა. მოგვიანებით გავრცელდა მუშკეტები, ქვემეხები და შაშხანები, მეოცე საუკუნეში კი მაღალგანვითარებული ცეცხლსასროლი იარაღი გამოჩნდა. პირველ მსოფლიო ომში ადამიანმა უფრო შემზარავი საბრძოლო საშუალებები გამოიყენა, ისეთი როგორიცაა თვითმფრინავი, ტანკი, წყალქვეშა ნავი და მომწამლავი გაზი. ამ ომში საბრძოლო საშუალებებმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მოულოდნელი იყო ეს? არა.
8. როგორ სრულდება გამოცხადების 6:1—4–ში ჩაწერილი სიტყვები?
8 იესო ღვთის სამეფოს მეფე გახდა 1914 წელს და „უფლის დღეც“ აქედან დაიწყო (გამოცხადება 1:10). წიგნ „გამოცხადებაში“ მოხსენიებულია ხილვა, რომელშიც ღვთის სამეფოში გამეფებული იესო თეთრ ცხენზე ამხედრებულ გამარჯვებულ მეომრად არის წარმოდგენილი. მას უკან მოჰყვებიან სხვა მხედრები, რომლებიც ადამიანებისთვის სხვადასხვა უბედურებას მოასწავებენ. ერთ–ერთი მათგანი ალისფერცხენიანი მხედარია, რომელსაც უფლება მიეცა, „მშვიდობა წაეღო დედამიწიდან, რათა ადამიანებს ერთმანეთი დაეხოცათ, და მიეცა მას დიდი მახვილი“ (გამოცხადება 6:1—4). ეს ცხენი და მხედარი ომს ასიმბოლოებს, ხოლო დიდი მახვილი — უპრეცედენტოდ დამანგრეველ მძლავრ თანამედროვე საომარ საშუალებებს. დღეს ამ იარაღებში შედის: ბირთვული იარაღი, რომელსაც ათიათასობით ადამიანის მოსპობა შეუძლია; აგრეთვე რაკეტები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ამ ბირთვული იარაღის ათასობით კილომეტრზე გასროლა; ასევე მასიური განადგურების ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი.
ყურად ვიღებთ იეჰოვას გაფრთხილებებს
9. რა მსგავსებაა დღევანდელ მსოფლიოსა და წარღვნამდე არსებულ მსოფლიოს შორის?
9 ნოეს დროს იეჰოვამ მოსპო კაცობრიობა, რადგან ნეფილიმები ბოროტ ადამიანებს საშინელი ძალადობის ჩადენისკენ უბიძგებდნენ. რა მდგომარეობაა დღეს? უფრო ნაკლები ძალადობაა დედამიწაზე, ვიდრე მაშინ? სრულიადაც არა. ნოეს დღეების მსგავსად, ადამიანები დღესაც ყოველდღიური საქმეებით არიან დაკავებულნი; ისინი ცდილობენ, „ნორმალური“ ცხოვრებით იცხოვრონ და უყურადღებოდ ეკიდებიან გაფრთხილებებს (ლუკა 17:26, 27). განა ეჭვი უნდა გვეპარებოდეს, რომ იეჰოვა კვლავაც გაანადგურებს ბოროტ ადამიანებს? ცხადია, არა.
10. ა) რომელი გაფრთხილება მეორდება არაერთხელ ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში? ბ) დღეს რომელია ერთადერთი გონივრული გზა?
10 წარღვნამდე ასობით წლით ადრე ენოქმა იწინასწარმეტყველა განადგურების შესახებ, რომელიც ჩვენს დღეებში უნდა მოხდეს (იუდა 14, 15). იესოც ლაპარაკობდა მოახლოებულ „დიდ გასაჭირზე“ (მათე 24:21). ამ დროსთან დაკავშირებით სხვა წინასწარმეტყველებიც იძლეოდნენ გაფრთხილებებს (ეზეკიელი 38:18—23; დანიელი 12:1; იოელი 2:31, 32). ბიბლიის ბოლო წიგნში, გამოცხადებაში, ნათლად არის აღწერილი, თუ როგორ მოხდება ეს საბოლოო განადგურება (გამოცხადება 19:11—21). თითოეული ჩვენგანი ვბაძავთ ნოეს და აქტიურად ვმონაწილეობთ სიმართლის გაცხადებაში. ჩვენ ყურად ვიღებთ იეჰოვას გაფრთხილებებს და სიყვარულით ვეხმარებით ჩვენ გარშემო მცხოვრებ ადამიანებს, რომ მათაც ყურად იღონ ეს გაფრთხილებები. ამგვარად, ჩვენც ნოეს მსგავსად ღმერთთან ერთად დავდივართ. სინამდვილეში ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვისაც ძალიან უნდა, რომ ღმერთთან ერთად სიარულით სიცოცხლე შეინარჩუნოს. როგორ შეგვიძლია ყოველდღიური ზეწოლის მიუხედავად ამის კეთება? ჩვენ უნდა განვივითაროთ ძლიერი რწმენა, რომ ღვთის განზრახვები შესრულდება (ებრაელები 11:6).
იარეთ ღმერთთან ერთად ამ მშფოთვარე დროში
11. რაში ვბაძავთ პირველი საუკუნის ქრისტიანებს?
11 პირველ საუკუნეში მცხოვრებ ცხებულ ქრისტიანებზე ნათქვამია, რომ ისინი „უფლის გზით“ დადიოდნენ (საქმეები 9:2). მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში ისინი იეჰოვასა და იესო ქრისტესადმი რწმენაზე იყვნენ კონცენტრირებულნი. ისინი იმ გზით დადიოდნენ, რომლითაც მათი მასწავლებელი. დღესაც ერთგული ქრისტიანები იმავე გზას მიჰყვებიან.
12. რა მოხდა მას შემდეგ, რაც იესომ სასწაულებრივად დააპურა ხალხი?
12 ის, რომ რწმენა მნიშვნელოვანია, კარგად შეგვიძლია დავინახოთ იესოს მსახურების დროს მომხდარი ერთი შემთხვევიდან. მაშინ იესომ სასწაულებრივად დააპურა დაახლოებით 5 000 კაცი. ხალხი გაოცებასა და აღტაცებას ვერ მალავდა, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რა მოხდა შემდეგ. ბიბლიაში ვკითხულობთ: «იესოს მიერ მოხდენილი ნიშნების მხილველები ამბობდნენ: „ეს ნამდვილად ის წინასწარმეტყველია, ქვეყნიერებაში რომ უნდა მოსულიყო“. იესო კი, რადგან იცოდა, რომ ისინი მისვლას აპირებდნენ მის შესაპყრობად და გასამეფებლად, კვლავ განმარტოვდა მთაზე» (იოანე 6:10—15). იმ ღამით იესო სხვა მხარეს წავიდა. მან უარი თქვა გამეფებაზე, რის გამოც, ალბათ, ბევრს გული გაუტყდა. მან ხომ ცხადყო, რომ მეფობისთვის საკმარისი სიბრძნე ჰქონდა და ადამიანთა ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უნარიც შესწევდა. მაგრამ იესოს გამეფებასთან დაკავშირებით იეჰოვას დანიშნული დრო ჯერ არ იყო დამდგარი. გარდა ამისა, იესოს სამეფო ზეციერი იყო და არა მიწიერი.
13, 14. როგორი აზროვნება ჰქონდა ბევრს და როგორ გამოიცადა მათი რწმენა?
13 მიუხედავად ამისა, ხალხმა დაჟინებით დაუწყო იესოს ძებნა და, როგორც იოანე ამბობს, მათ „ის ზღვის გაღმა იპოვეს“. რატომღა დაუწყეს ძებნა, მან ხომ უარი თქვა გამეფებაზე? უმრავლესობას ხორციელი აზროვნება ჰქონდა და ხაზგასმით ლაპარაკობდნენ ფიზიკურ საკვებზე, რომელსაც იეჰოვა მოსეს დროს აძლევდა ისრაელებს უდაბნოში. ამ სიტყვებში ისინი გულისხმობდნენ, რომ იესოს უნდა გაეგრძელებინა მათთვის საკვების მიცემა. იესო მიხვდა, რომ მათ არასწორი მოტივები ჰქონდათ და აზროვნების გამოსწორების მიზნით სულიერ საკითხებზე დაუწყო მათ საუბარი (იოანე 6:17, 24, 25, 30, 31, 35—40). პასუხად, ზოგმა დრტვინვა დაიწყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იესომ შემდეგი მაგალითი მოიყვანა: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუ კაცის ძის ხორცს არ ჭამთ და მის სისხლს არ სვამთ, სიცოცხლე არა გაქვთ თქვენში. ვინც ჩემს ხორცს ჭამს და ჩემს სისხლს სვამს, მარადიული სიცოცხლე აქვს და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს“ (იოანე 6:53, 54).
14 იესოს მიერ მოყვანილი მაგალითები ხშირად აღძრავდა ადამიანებს, ცხადი გაეხადათ, ნამდვილად სურდათ თუ არა ღმერთთან ერთად სიარული. გამონაკლისი არც ეს მაგალითი ყოფილა. მას მძაფრი რეაქცია მოჰყვა. შემდეგ ვკითხულობთ: «ამის მოსმენაზე ბევრმა მისმა მოწაფემ თქვა: „რა აღმაშფოთებელი სიტყვებია. განა შეიძლება ამის მოსმენა?“». იესომ აუხსნა მათ, რომ საჭირო იყო მისი სიტყვების სულიერი მნიშვნელობით გაგება. მან თქვა: „სულია მაცოცხლებელი, ხორცს კი არავითარი სარგებლობა არ მოაქვს. ჩემი ნათქვამი სიტყვები სული და სიცოცხლეა“. მაგრამ ბევრმა აღარ მოუსმინა; ცნობაში ნათქვამია, რომ „მას შემდეგ ბევრი მისი მოწაფე ადრინდელ საქმეებს დაუბრუნდა და აღარ დადიოდა მასთან“ (იოანე 6:60, 63, 66).
15. როგორი თვალსაზრისი ჰქონდა იესოს ზოგ მოწაფეს?
15 მაგრამ იესოს ყველა მოწაფეს არ ჰქონდა ასეთი რეაქცია. აღსანიშნავია, რომ ერთგულ მოწაფეებს ბოლომდე არ ესმოდათ იესოს ნათქვამის მნიშვნელობა. მიუხედავად ამისა, მათ მაინც მტკიცედ სჯეროდათ მისი. პეტრემ, იმ ერთგულ მოწაფეთაგან ერთ–ერთმა, იქ მყოფთა გრძნობები შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „უფალო, ვისთან უნდა წავიდეთ? შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები“ (იოანე 6:68). რა შესანიშნავი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ და რა მშვენიერი მაგალითი დაგვიტოვეს!
16. როგორ შეიძლება გამოვიცადოთ და როგორი თვალსაზრისი უნდა განვივითაროთ?
16 დღეს შეიძლება ჩვენც პირველი ქრისტიანებივით გამოვიცადოთ. შეიძლება გული გაგვიტყდეს იმის გამო, რომ იეჰოვას აღთქმები ისე სწრაფად არ სრულდება, როგორც ჩვენ გვინდა. შეიძლება გვიჭირს ბიბლიაზე დაფუძნებულ ჩვენს პუბლიკაციებში ახსნილი ბიბლიური მუხლების გაგება. შეიძლება თანაქრისტიანების მოქმედებამ გაგვიტეხოს გული. ნუთუ სწორი იქნებოდა, ამის გამო ღმერთთან ერთად სიარული შეგვეწყვიტა? რასაკვირველია, არა! იმ მოწაფეებს, რომლებმაც იესო მიატოვეს, არ ჰქონდათ სულიერი ხედვა. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ მსგავსი რამ ჩვენც არ დაგვემართოს.
„ჩვენ ისინი არა ვართ, რომლებიც უკან იხევენ“
17. რა დაგვეხმარება ღმერთთან ერთად სიარულში?
17 პავლე მოციქულმა დაწერა: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16). ბიბლიაში იეჰოვა გარკვევით გვეუბნება: „აი გზა, მას გაჰყევით“ (ესაია 30:21). ღვთის სიტყვისადმი მორჩილება გვეხმარება, ‘დავუკვირდეთ, როგორ დავდივართ’ (ეფესოელები 5:15). ბიბლიის შესწავლა და ნასწავლზე დაფიქრება შესაძლებლობას გვაძლევს, ‘ჭეშმარიტებაში ვიაროთ’ (3 იოანე 3). იესომ სწორად თქვა, რომ „სულია მაცოცხლებელი, ხორცს კი არავითარი სარგებლობა არ მოაქვს“. ერთადერთი სანდო ხელმძღვანელობა, რაც სულიერ წინსვლაში გვეხმარება, სულიერი ხელმძღვანელობაა, რომელსაც ვიღებთ იეჰოვას სიტყვის, მისი წმინდა სულისა და მისი ორგანიზაციის მეშვეობით.
18. ა) როგორ იქცევა ზოგი? ბ) როგორი რწმენა უნდა განვივითაროთ?
18 დღეს ისინი, რომლებიც ხორციელი აზროვნების ან შეუსრულებელი მოლოდინის გამო განაწყენებულები არიან, სრულად სარგებლობენ ამ ქვეყნიერებით. მათ დაკარგეს გადაუდებლობის გრძნობა და ‘სიფხიზლის’ შენარჩუნების საჭიროებას ვეღარ ხედავენ, რის გამოც პირველ ადგილზე სამეფოს ინტერესების ნაცვლად ეგოისტურ მიზნებს აყენებენ (მათე 24:42). ამ გზით სიარული გონივრული არ არის. ყურადღება მიაქციეთ პავლე მოციქულის სიტყვებს: „ჩვენ ისინი არა ვართ, რომლებიც უკან იხევენ დასაღუპავად, არამედ რწმენა გვაქვს სულის ცოცხლად შესანარჩუნებლად“ (ებრაელები 10:39). ენოქისა და ნოეს მსგავსად ჩვენც მშფოთვარე დროში ვცხოვრობთ, მაგრამ მათ მსგავსად ჩვენც გვაქვს ღმერთთან ერთად სიარულის შესანიშნავი შესაძლებლობა. თუ ასე ვიქცევით, საფუძვლიანი მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ იეჰოვას განზრახვები აუცილებლად შესრულდება, ბოროტება მოისპობა და სამართლიანი ახალი ქვეყნიერება დამყარდება. მართლაც, რა დიდებული იმედია!
19. რა თქვა მიქამ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების მიერ არჩეულ ცხოვრების კურსზე?
19 ღვთისგან შთაგონებულმა წინასწარმეტყველმა მიქამ მოიხსენია ქვეყნიერების ხალხები, რომლებიც ‘თავიანთი ღმერთების სახელით დადიან’. შემდეგ, როდესაც ის საკუთარ თავსა და სხვა ერთგულ თაყვანისმცემლებზე ლაპარაკობდა, თქვა: „ჩვენ კი ვივლით იეჰოვას, ჩვენი ღვთის სახელით მარადიულად, სამარადისოდ“ (მიქა 4:5, აქ). თუ თქვენც მიქას მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეთ, ახლოს იყავით იეჰოვასთან ამ მშფოთვარე დროში (იაკობი 4:8). დაე ყველა ჩვენგანს მთელი გულით გვწადდეს, ვიაროთ ჩვენს ღმერთთან — იეჰოვასთან ერთად როგორც ახლა, ისე მარადიულად!
როგორ უპასუხებდით?
• რა მსგავსებაა ნოესა და ჩვენს დღეებს შორის?
• ცხოვრების რომელ კურსს მიჰყვებოდნენ ნოე და მისი ოჯახის წევრები და როგორ შეგვიძლია მათ რწმენას მივბაძოთ?
• რა არასწორი აზროვნება ჰქონდა იესოს ზოგ მოწაფეს?
• რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა?
[სურათები 20 გვერდზე]
დღესაც, ისევე როგორც ნოეს დღეებში, ადამიანები ყოველდღიური საქმეებით არიან დაკავებულნი.
[სურათი 21 გვერდზე]
„ჩვენ ისინი არა ვართ, რომლებიც უკან იხევენ“ — ჩვენ სამეფოს შესახებ ვქადაგებთ.