მზად ხარ იეჰოვას დღისთვის?
„ახლოს არის უფლის დიდი დღე, ახლოს არის და მოვა ძალიან მალე“ (სოფონია 1:14).
1. როგორ აღწერს საღვთო წერილი იეჰოვას დღეს?
იეჰოვას ‘დიდი და საშინელი დღე’ მალე დაატყდება ამ ბოროტ სისტემას. საღვთო წერილი აღწერს იეჰოვას დღეს, როგორც ბრძოლისა და სიბნელის, მძვინვარებისა და მწუხარების, ტანჯვის, შფოთისა და აოხრების დღეს. მიუხედავად ამისა, იმ დღეს იქნებიან გადარჩენილები, რადგან „ყველა, ვინც კი ახსენებს მაშინ უფლის სახელს, გადარჩება“ (იოველი 3:3–5; ამოსი 5:18–20). დიახ, მაშინ ღმერთი მტრებს გაანადგურებს, ხოლო თავის ხალხს გადაარჩენს.
2. რატომ უნდა ვგრძნობდეთ გადაუდებლობას იეჰოვას დღესთან დაკავშირებით?
2 ღვთის წინასწარმეტყველები ხაზს უსვამდნენ იეჰოვას დღის გადაუდებლობას. მაგალითად, სოფონია წერდა: „ახლოს არის უფლის დიდი დღე, ახლოს არის და მოვა ძალიან მალე“ (სოფონია 1:14). ეს მოვლენა დღეს უფრო გადაუდებელია, რადგან ღვთის მთავარი შურისმაძიებელი, მეფე იესო ქრისტე, მზად არის ‘წელზე მახვილის შემოსარტყმელად და ჭეშმარიტების, თვინიერებისა და სიმართლის გულისთვის ეტლზე დასაბრძანებლად’ (ფსალმუნი 44:4, 5). მზად ხარ ამ დღისთვის?
ისინი დიდ მოლოდინში იყვნენ
3. რას მოელოდა ზოგი თესალონიკელი ქრისტიანი და რომელი ორი მიზეზის გამო ცდებოდნენ ისინი?
3 იეჰოვას დღესთან დაკავშირებით მრავალს შეუსრულებელი მოლოდინი ჰქონდა. ზოგი ადრინდელი თესალონიკელი ქრისტიანი ამბობდა: „უკვე დადგაო უფლის დღე“! (2 თესალონიკელთა 2:2). მაგრამ არსებობდა ორი საფუძვლიანი მიზეზი, რომელთა გამოც ის არ იყო დამდგარი. ერთ-ერთი მიზეზის ციტირებით პავლემ თქვა: „როცა იტყვიან: მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ მოულოდნელად დაატყდებათ თავს განადგურება“ (1 თესალონიკელთა 5:1–6). ამ ‘უკანასკნელ ჟამს’ ჩვენ პირადად ველოდებით ამ სიტყვების შესრულებას (დანიელი 12:4). თესალონიკელებს აგრეთვე სხვა დამამტკიცებელი საბუთი გამორჩათ იეჰოვას დიდი დღის მოსვლასთან დაკავშირებით, რადგან პავლე ეუბნებოდა: „ის დღე არ დადგება, სანამ ჯერ განდგომილება არ მოვა“ (2 თესალონიკელთა 2:3). როცა პავლე ამ სიტყვებს წერდა (დაახლოებით ახ. წ. 51 წელს) ჭეშმარიტი ქრისტიანობიდან „განდგომილება“ ჯერ სრულად არ იყო განვითარებული. დღეს მას გაფურჩქნულს ვხედავთ ქრისტიანულ სამყაროში. მაგრამ შეუსრულებელი მოლოდინის მიუხედავად, იმ ერთგულმა თესალონიკელმა ცხებულებმა, რომლებიც სიკვდილამდე ღვთის მსახურებაში რჩებოდნენ, საბოლოოდ მიიღეს ზეციერი ჯილდო (გამოცხადება 2:10). ჩვენც დავჯილდოვდებით, თუ იეჰოვას დღის მოლოდინში ერთგულებას დავიცავთ.
4. ა) რას უკავშირდება იეჰოვას დღე 2 თესალონიკელთა 2:1, 2-ში (აქ)? ბ) რა თვალსაზრისი ჰქონდათ ეგრეთ წოდებულ „ეკლესიის მამებს“ ქრისტეს დაბრუნებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ?
4 ‘იეჰოვას დიდ დღეს’ ბიბლია „ჩვენი უფლის იესო ქრისტეს თანდასწრებას“ უკავშირებს (2 თესალონიკელთა 2:1, 2, აქ). ეგრეთ წოდებულ „ეკლესიის მამებს“ მრავალგვარი აზრი ჰქონდათ ქრისტეს დაბრუნების, თანდასწრებისა და ათასწლიანი მეფობის შესახებ (გამოცხადება 20:4). ახ. წ. მეორე საუკუნის იერაპოლელი პაპიასი თავის გონებას იმის მოლოდინით კვებავდა, რომ ქრისტეს ათასწლიანი მეფობის განმავლობაში დედამიწაზე ზღაპრული ნაყოფიერება იქნებოდა. იუსტინე წამებულს არაერთხელ უთქვამს იესოს თანდასწრების შესახებ და მოელოდა, რომ სამეფოს ადგილსამყოფელად მას აღდგენილი იერუსალიმი ექნებოდა. ლიონელი ირინეოსი ასწავლიდა, რომ რომის იმპერიის განადგურების შემდეგ იესო ხილულად გამოჩნდებოდა, სატანას შეკრავდა და მიწიერ იერუსალიმში იმეფებდა.
5. რას ამბობს ზოგი სწავლული ქრისტეს „მეორედ მოსვლისა“ და მისი ათასწლიანი მეფობის შესახებ?
5 ისტორიკოსმა ფილიპ შაფმა აღნიშნა, რომ ახ. წ. 325 წელს ნიკეის საეკლესიო კრებამდელი პერიოდის „ყველაზე მწვავე საკითხს“ წარმოადგენდა „რწმენა განდიდებული ქრისტეს შესახებ, რომელიც აღდგენილ წმინდანებთან ერთად ხილულად იმეფებდა დედამიწაზე ათასი წლის განმავლობაში საერთო აღდგომასა და განკითხვამდე“. ჯეიმზ ჰეისტინგზის გამოცემული „ბიბლიის ლექსიკონი“ (A Dictionary of the Bible) აღნიშნავს: „ტერტულიანე, ირინეოსი და იპოლიტესი ჯერაც შეჰყურებენ [იესო ქრისტეს] მოახლოებულ მოსვლას; მაგრამ „ალექსანდრიელი მამების“ ეპოქაში ჩვენ აზროვნების ახალ მიმართულებას ვხედავთ. . . მებრძოლი ეკლესიის პერიოდთან ათასწლიანი პერიოდის შედარებით ავგუსტინემ მეორედ მოსვლა შორეული მომავლისთვის გადადო“.
იეჰოვას დღე და იესოს თანდასწრება
6. რატომ არ უნდა დავასკვნათ, რომ იეჰოვას დღე ძალიან შორს არის?
6 საკითხის მრავალგვარი არასწორი გაგება გულგატეხილობას იწვევს, მაგრამ მოდი ნუ ვიფიქრებთ, რომ იეჰოვას დღე ძალიან შორს არის. იესოს უხილავი თანდასწრება, რომელსაც ეს დღე საღვთო წერილის საფუძველზე უკავშირდება, უკვე დაიწყო. „საგუშაგო კოშკსა“ და იეჰოვას მოწმეთა სხვა პუბლიკაციებს ხშირად მოჰყავს ბიბლიური მტკიცებები იმის შესახებ, რომ ქრისტეს თანდასწრება დაიწყო 1914 წელსa. მაშ, აქედან გამომდინარე, რას ამბობდა იესო თავისი თანდასწრების შესახებ?
7. ა) რომელი დამახასიათებელი მხარეები აქვს იესოს თანდასწრებისა და ამ სისტემის აღსასრულის ნიშანს? ბ) როგორ შეიძლება გადავრჩეთ?
7 სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესოს თანდასწრება განხილვას დაექვემდებარა. იერუსალიმის ტაძრის განადგურებასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველების მოსმენის შემდეგ მისმა მოციქულებმა — პეტრემ, იაკობმა, იოანემ და ანდრიამ — ჰკითხეს: „როდის იქნება ეს და რა იქნება შენი თანდასწრებისა და ამ სისტემის აღსასრულის ნიშანი?“ (მათე 24:1–3, აქ; მარკოზი 13:3, 4). პასუხად იესომ იწინასწარმეტყველა ომებზე, შიმშილზე, მიწისძვრებსა და თავისი თანდასწრებისა და სისტემის აღსასრულის ‘ნიშნის’ სხვა დამახასიათებელ მხარეებზე. მან აგრეთვე თქვა: „ბოლომდის დამთმენი გადარჩება.“ (მათე 24:13). ჩვენ გადავრჩებით, თუ ერთგულად მოვითმენთ დღევანდელი სიცოცხლის ბოლომდე ან ამ ბოროტი სისტემის აღსასრულამდე.
8. რა უნდა დასრულებულიყო იუდეველთა სისტემის აღსასრულამდე და რა კეთდება ამასთან დაკავშირებით დღეს?
8 აღსასრულამდე იესოს თანდასწრების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნიშანი უნდა შესრულებულიყო. ამასთან დაკავშირებით მან თქვა: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14). რომაელების მიერ იერუსალიმის განადგურებასა და ახ. წ. 70 წელს იუდეველთა სისტემის აღსასრულამდე პავლეს სავსებით შეეძლო ეთქვა, რომ კეთილი ცნობა „ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლასელთა 1:23). მაგრამ დღეს იეჰოვას მოწმეები უფრო ფართოდ ასრულებენ სამქადაგებლო საქმიანობას ‘მთელ მსოფლიოში’. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ღმერთი გზას უხსნის დიდ დამოწმებას აღმოსავლეთ ევროპაში. მთელ მსოფლიოში ტიპოგრაფიებისა და სხვა მომსახურების საშუალებით იეჰოვას ორგანიზაცია ‘[„დაუმუშავებელ“, აქ] ადგილშიც’ კი მზადყოფნით ეხმაურება მზარდ მოღვაწეობას (რომაელთა 15:22, 23). გული ხომ არ გიბიძგებს აღსასრულის დადგომამდე დამოწმების საქმიანობაში შეძლებისდაგვარად ყველაფრის გასაკეთებლად? თუ დიახ, ღმერთს შეუძლია, გაგამტკიცოს იმ საქმიანობაში ღირსეული მონაწილეობის მისაღებად, რომელიც წინ გელოდება (ფილიპელთა 4:13; 2 ტიმოთე 4:17).
9. რა აღნიშნა იესომ მათეს 24:36-ში ჩაწერილის თანახმად?
9 სამეფოსთან დაკავშირებული ნაწინასწარმეტყველები სამქადაგებლო მსახურება და იესოს თანდასწრების ნიშნის დამახასიათებელი მხარეები სწორედ ახლა სრულდება. აქედან გამომდინარე, ამ ბოროტი სისტემის აღსასრული ახლოსაა. მართალია, იესომ თქვა: „იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ“ (მათე 24:4–14, 36). მაგრამ იესოს წინასწარმეტყველებას შეუძლია დაგვეხმაროს, რომ მზად ვიყოთ ‘იმ დღისა და ჟამისთვის’.
ისინი მზად იყვნენ
10. საიდან ვიცით, რომ სულიერად ფხიზლად ყოფნა შესაძლებელია?
10 იეჰოვას დიდი დღის გადასატანად ჩვენ სულიერ სიფხიზლეს უნდა ვინარჩუნებდეთ და მტკიცედ უნდა ვიდგეთ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის (1 კორინთელთა 16:13). ჩვენ ვიცით, რომ გამძლეობა შესაძლებელია, რადგან ღვთისმოშიშმა ოჯახმა გაძლო და გადარჩა ძვ. წ. 2370 წელს მომხდარ წარღვნაში, რომელმაც გაანადგურა ბოროტი ადამიანები. იმ პერიოდთან თავისი თანდასწრების შედარებისას იესომ თქვა: „როგორც იყო ნოეს დღეები, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც“ (მათე 24:37–39, სსგ).
11. რა გზას მიჰყვებოდა ნოე იმ დღეებში არსებული ძალადობის მიუხედავად?
11 ჩვენს მსგავსად, ნოე და მისი ოჯახი მოძალადე ქვეყნიერებაში ცხოვრობდნენ. ურჩი ანგელოზი ‘ღვთისშვილები’ ხორცს ისხამდნენ, ცოლებს ირთავდნენ და მათგან წარმოშობდნენ უკიდურესად ცუდი სახელის მქონე ბუმბერაზებს — ჩხუბისთავებს, რომლებმაც, უეჭველად, უფრო გაამძვინვარეს მდგომარეობა (დაბადება 6:1, 2, 4; 1 პეტრე 3:19, 20). მიუხედავად ამისა, რწმენით ‘ნოე ღმერთთან დადიოდა’. „მართალი, სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში“ — იმ დღეების ბოროტ მოდგმაში (დაბადება 6:9–11). იეჰოვას დღის მოლოდინში ლოცვით ღვთისადმი მინდობის შედეგად ჩვენც შევძლებთ იმავეს გაკეთებას ამ გამძვინვარებულ და ბოროტ ქვეყნიერებაში.
12. ა) რას აკეთებდა ნოე კიდობნის შენების გარდა? ბ) როგორ რეაგირებდა ხალხი ნოეს ქადაგებაზე და რით დასრულდა ეს შემთხვევა მათთვის?
12 ნოე ყველგან არის ცნობილი, როგორც კიდობნის მშენებელი წარღვნაში სიცოცხლის გადასარჩენად. ის აგრეთვე „სიმართლის მქადაგებელი“ იყო, მაგრამ მისი თანამედროვეები „არას დაგიდევდნენ“, არაფრად აგდებდნენ ღვთისგან მოცემულ ცნობას. ისინი ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ, ოჯახებს ქმნიდნენ და ცხოვრებისეულ საქმეებს აკეთებდნენ, სანამ ყველა წარღვნამ არ წალეკა (2 პეტრე 2:5; დაბადება 6:14). მათ წესიერი საუბრისა და ქცევის შესახებ მოსმენაც არ სურდათ, სწორედ როგორც დღევანდელი ბოროტი თაობა არიდებს ყურს იეჰოვას მოწმეთა ნათქვამს ‘ღვთის წინაშე მონანიებაზე’, ქრისტესადმი რწმენაზე, სამართლიანობასა და „მომავალ განკითხვაზე“ (საქმეები 20:20, 21; 24:24, 25). დღეს არ არსებობს ჩანაწერი ნოეს მიერ ღვთის ცნობის გაცხადების პერიოდში დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობაზე. მაგრამ ერთი რამ ნათელია — ძვ. წ. 2370 წელს დედამიწის მოსახლეობა რადიკალურად შემცირდა! წარღვნამ აღგავა ყველა ბოროტი და მხოლოდ ისინი დაინდო, რომლებიც მზად იყვნენ ღვთის მოქმედებისთვის — ნოე და მისი ოჯახის შვიდი წევრი (დაბადება 7:19–23; 2 პეტრე 3:5, 6).
13. რომელ სასამართლო დადგენილებას მიენდო სრულიად ნოე და როგორ მოქმედებდა მასთან შეთანხმებით?
13 ღმერთს წინასწარ არ შეუტყობინებია ნოესთვის წარღვნის ზუსტი დღე და საათი. მაგრამ, როცა ნოე 480 წლის იყო, იეჰოვამ ბრძანა: „არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი“ (დაბადება 6:3). ნოე სრულიად მიენდო ღვთის ამ სასამართლო დადგენილებას. ხუთას წელს გადაცილებულმა მან „შვა სემი, ქამი და იაფეთი“, ხოლო იმ დროის წეს-ჩვეულებები მიგვითითებს, რომ დაქორწინებამდე მისი ვაჟიშვილები 50-დან 60 წლამდე იქნებოდნენ. როცა ნოეს წარღვნაში გადასარჩენად კიდობნის აშენების შესახებ ეთქვა, ვაჟიშვილებსა და მათ ცოლებს, როგორც ჩანს, წვლილი შეჰქონდათ ამ მცდელობაში. კიდობნის აშენების პერიოდი, ალბათ, ნოეს ‘სიმართლის მქადაგებლად’ მსახურებას ემთხვეოდა, რითაც წარღვნამდელი 40—50 წელი იყო დაკავებული (დაბადება 5:32, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა; 6:13–22). ყველა ამ წლის განმავლობაში ის და მისი ოჯახი რწმენით მოქმედებდნენ. მოდი ჩვენც გამოვავლინოთ რწმენა, სანამ კეთილ ცნობას ვქადაგებთ და იეჰოვას დღეს ველოდებით (ებრაელთა 11:7).
14. რა უთხრა იეჰოვამ ნოეს საბოლოოდ და რატომ?
14 კიდობნის დასრულებისას ნოე, შესაძლოა, ფიქრობდა, რომ წარღვნა მოახლოებული იყო, თუმცა ზუსტად არ იცოდა, როდის მოხდებოდა. საბოლოოდ იეჰოვამ უთხრა: „შვიდი დღის შემდეგ ორმოც დღესა და ორმოც ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე“ (დაბადება 7:4). ამ განაცხადმა სწორედ საკმარისი დრო მისცა ნოესა და მის ოჯახს, რათა წარღვნის დაწყებამდე ყველა სახეობის ცხოველი შეეყვანათ კიდობანში და თვითონაც შესულიყვნენ. ჩვენ არ გვჭირდება ამ სისტემის განადგურების დაწყების შესახებ დღისა და საათის ცოდნა; ცხოველების გადარჩენა ჩვენი საზრუნავი არ არის, ხოლო მომავალი გადარჩენილები უკვე შედიან სიმბოლურ კიდობანში, ღვთის ხალხის სულიერ სამოთხეში.
„ფხიზლად იყავით“
15. ა) როგორ ახსნიდი საკუთარი სიტყვებით იესოს ნათქვამს მათეს 24:40–44-დან? ბ) რა შედეგი აქვს ღვთის შურის საძიებლად იესოს მოსვლის ზუსტი დროის არ ცოდნას?
15 თანდასწრებასთან დაკავშირებით იესო განმარტავდა: „მაშინ ორნი იქნებიან [იმუშავებენ] ყანაში: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება. ორნი დაფქვავენ [მარცვალს ფქვილად] დოლაბით: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება. ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. ეს კი იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავის სახლს ძირს არავის გამოათხრევინებდა. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათსაც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა“ (მათე 24:40–44; ლუკა 17:34, 35). ღვთის შურის საძიებლად იესოს მოსვლის ზუსტი დროის არ ცოდნა სიფხიზლის შენარჩუნებისკენ გვიბიძგებს და ყოველდღიურად შესაძლებლობას გვაძლევს იმის დასამტკიცებლად, რომ იეჰოვას უანგარო მოტივებით ვემსახურებით.
16. რა მდგომარეობაში იქნებიან ‘დარჩენილები’ და ‘წარტაცებულები’?
16 ბოროტებთან ერთად გასანადგურებლად ‘დარჩენილ’ ადამიანებს შორის ისინიც იქნებიან, რომლებიც ერთხელ განათლდნენ, მაგრამ შთანთქმულ იქნენ ცხოვრების ეგოისტური წესით. დაე იმ ‘წარტაცებულებს’ შორის ვიყოთ, რომლებიც იეჰოვასადმი სრულიად თავდადებულები არიან და ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეშვეობით მოწოდებული სულიერი საზრდოსთვის ნამდვილად მადლიერები (მათე 24:45–47). მოდი ბოლომდე ვემსახუროთ ღმერთს ‘წმინდა გულიდან, კეთილი სინდისისა და უპირფერო რწმენიდან გამომდინარე სიყვარულით’ (1 ტიმოთე 1:5).
მნიშვნელოვანია წმინდა ქცევა
17. ა) რა იყო ნაწინასწარმეტყველები მე-2 პეტრეს 3:10-ში? ბ) რომელია ზოგი ქცევა და საქმე, რომლისკენაც მე-2 პეტრეს 3:11 მოგვიწოდებს?
17 პეტრე მოციქული წერდა: „უფლის დღე ქურდივით მოვა და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული კავშირები დაიშლებიან, მიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, გადაიბუგება“ (2 პეტრე 3:10). სიმბოლური ზეცა და დედამიწა ვერ გადაურჩება ღვთის დიდი რისხვის ცეცხლს. ამიტომ პეტრე ამატებს: „თუკი ყველაფერი ასე დაინგრევა, როგორღა უნდა იყოთ წმიდა ქცევასა და ღვთისმოსაობაში“ (2 პეტრე 3:11). ამ წმინდა ქცევასა და საქმეებში შედის ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარული დასწრება, სხვებისთვის ქველმოქმედება და კეთილი ცნობის ქადაგებაში აზრით აღსავსე მონაწილეობა (მათე 24:14; ებრაელთა 10:24, 25; 13:16).
18. რა უნდა გავაკეთოთ, თუ ქვეყნიერებისადმი სიყვარული გვივითარდება?
18 ‘წმიდა ქცევა და ღვთისმოსაობა’ მოითხოვს, რომ ‘შეურყვნელად დავიცვათ თავი წუთისოფლისაგან’ (იაკობი 1:27). მაგრამ რის თქმა შეიძლება, თუ ამ ქვეყნიერებისადმი სიყვარულს ვავითარებთ? შესაძლოა უწმინდური გართობების ძებნით ან მუსიკისა თუ სიმღერების მოსმენით, რომლებიც მხარს უჭერს ამ ქვეყნიერების უღვთო სულისკვეთებას ჩვენ ღვთის თვალწინ საკუთარ თავს სახიფათო მდგომარეობაში ვაყენებთ (2 კორინთელთა 6:14–18). თუ საქმე ამაში შედგება, მოდი ლოცვაში ვეძებოთ ღვთის დახმარება, რათა არ გავნადგურდეთ ამ ქვეყნიერებასთან ერთად, არამედ მოწონებულნი წარვდგეთ კაცის ძის წინაშე (ლუკა 21:34–36; 1 იოანე 2:15–17). თუ ღვთისადმი მიძღვნილები ვართ, ჩვენ, უეჭველად, ვისურვებთ, რაც შეიძლება საუკეთესოდ მოვიქცეთ მასთან თბილი დამოკიდებულების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად და ამრიგად მზად ვიყოთ იეჰოვას დიდი და საშინელი დღისთვის.
19. რატომ შეუძლია სამეფოს ასე მრავალ მაუწყებელს ჰქონდეს იმედი, რომ გადაურჩება ამ ბოროტი სისტემის აღსასრულს?
19 ღვთისმოშიში ნოე და მისი ოჯახი გადაურჩნენ წარღვნას, რომლითაც ძველი ქვეყნიერება განადგურდა. კეთილსინდისიერმა ადამიანებმა გადაიტანეს ახ. წ. 70 წელს იუდეველთა სისტემის აღსასრული. მაგალითად, იოანე მოციქული დაახლოებით ახ. წ. 96—98 წლებშიც კი აქტიური იყო ღვთისადმი მსახურებაში, როცა „გამოცხადება“, სახარება და სამი ინსპირირებული წერილი დაწერა. როგორც ჩანს, ათასობით იმ ადამიანთაგან, რომლებმაც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ჭეშმარიტი რწმენა გულით მიიღეს, მრავალი გადაურჩა იუდეველთა სისტემის აღსასრულს (საქმეები 1:15; 2:41, 47; 4:4). დღეს სამეფოს ასე მრავალ მაუწყებელს შეუძლია ჰქონდეს იმედი, რომ გადაურჩება თანამედროვე ბოროტი სისტემის აღსასრულს.
20. რატომ უნდა ვიყოთ ‘სიმართლის გულმოდგინე მქადაგებლები’?
20 ახალ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად გადარჩენის იმედით, მოდი ‘სიმართლის გულმოდგინე მქადაგებლები’ ვიყოთ. რა დიდებული უპირატესობაა ამ ბოლო დღეებში ღვთისადმი მსახურება! და რა დიდი სიხარულია, წარვმართოთ ადამიანები დღევანდელი ‘კიდობნისკენ’ სულიერი სამოთხისკენ, რომელშიც ღვთის ხალხი ცხოვრობს! დაე მილიონობით ადამიანი, რომლებიც ამ სამოთხეში არიან, დარჩნენ ერთგულნი, სულიერად ფხიზელნი და იეჰოვას დიდი დღისთვის მომზადებულნი. მაგრამ რა დაგვეხმარება თითოეულ ჩვენგანს სიფხიზლის შენარჩუნებაში?
[სქოლიოები]
a იხილე მე-10 და მე-11 თავები წიგნში „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, გამოქვეყნებული საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ.
როგორ უპასუხებდი?
◻ რას მოელოდა ზოგი ადამიანი იეჰოვას დღისა და ქრისტეს თანდასწრების შესახებ?
◻ რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნოე და მისი ოჯახი მზად იყვნენ წარღვნისთვის?
◻ რა მოუვა მათ, ვინც ‘ფხიზლობს’ და მათ, ვინც საპირისპიროდ იქცევა?
◻ რატომ არის მნიშვნელოვანი წმინდა ქცევა განსაკუთრებით მაშინ, როცა იეჰოვას დიდ დღეს ვუახლოვდებით?