მარიამი
[ებრ. მირიამიდან, შესაძლოა ნიშნავს ურჩს]. ბიბლია ექვს სხვადასხვა მარიამს მოიხსენიებს.
1. იესოს დედა. მარიამი იყო ელის ასული, თუმცა ლუკას სახარებაში, კერძოდ, გენეალოგიურ ნუსხაში, მარიამის ქმარი, იოსები, იწოდება „ელის ძედ“. ამ განსხვავების შესახებ მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ცნობილია, რომ ებრაელებს გენეალოგიურ ნუსხაში მხოლოდ მამაკაცების სახელები შეჰქონდათ. თუ კაცის შთამომავლობა ქალიშვილის ვაჟის ხაზით გრძელდებოდა, ნუსხაში ქალიშვილის სახელი კი არ შეჰქონდათ, არამედ ქალიშვილის ქმრის, რომელიც სიმამრის ვაჟად იწოდებოდა (რიცხ. xxvi, 33; xxvii, 4-7)“ (M’Clintock and Strong’s Cyclopædia, 1881, ტ. III, გვ. 774). უდავოა, ლუკა მახარებელი ამ მიზეზით უწოდებს იოსებს „ელის ძეს“ (ლკ. 3:23).
მარიამი იუდას ტომს ეკუთვნოდა და დავითის შთამომავალი იყო. ამიტომ მისი ვაჟი, იესო, „ხორციელად დავითის შთამომავალია“ (რმ. 1:3). იესოს მამობილი, იოსებიც დავითის შთამომავალი იყო. ასე რომ, იესო დედისა და მამის ხაზით „დავითის, მამამისის ტახტის“ კანონიერი მემკვიდრე, მისი შთამომავალი და „ფესვი“ იყო (მთ. 1:1—16; ლკ. 1:32; სქ. 13:22, 23; 2ტმ. 2:8; გმც. 5:5; 22:16).
თუ ტრადიციას დავუჯერებთ, ელის ცოლს ანუ მარიამის დედას ანა ერქვა. ანას დისშვილი ელისაბედი, იოანე ნათლისმცემლის დედა იყო. შესაბამისად, მარიამი და ელისაბედი დეიდაშვილები იყვნენ. ბიბლია ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მარიამი ლევიანი „აარონის შთამომავლის“, ელისაბედის ნათესავი იყო (ლკ. 1:5, 36). ზოგის აზრით მარიამის და იყო სალომე, ზებედეს ცოლი, რომლის ვაჟებიც, იაკობი და იოანე, იესოს მოციქულები იყვნენ (მთ. 27:55, 56; მრ. 15:40; 16:1; ინ. 19:25).
ანგელოზის გამოცხადება. სავარაუდოდ, ძვ. წ. 2 წლის დასაწყისში ღმერთმა ანგელოზი გაბრიელი გაგზავნა ქალაქ ნაზარეთში ქალწულ მარიამთან. „გამარჯობა, მადლით მოსილო, შენთანაა იეჰოვა“, — ასე უჩვეულოდ მიესალმა ანგელოზი მარიამს. როცა გაბრიელმა მას აუწყა, რომ გაუჩნდებოდა ვაჟი, რომლისთვისაც იესო უნდა დაერქმია, მარიამმა, რომელიც იმ დროს იოსებზე იყო დანიშნული, იკითხა: „როგორ მოხდება ეს, როცა კაცი არ გამკარებია?“. ანგელოზმა აუხსნა: „წმინდა სული გადმოვა შენზე და უზენაესის ძლიერება დაგჩრდილავს. ამიტომ მას, ვინც დაიბადება, ეწოდება წმინდა, ღვთის ძე“. გაოცებულმა მარიამმა მოკრძალებით წამოიძახა: „იეჰოვას მხევალი ვარ! შენი სიტყვისამებრ იყოს“ (ლკ. 1:26—38).
თავის ნათქვამში რომ დაერწმუნებინა და მომავალი დიდებული მოვლენისთვის შეემზადებინა, ანგელოზმა მარიამს უთხრა, რომ მისი ხანდაზმული ნათესავი ელისაბედი უკვე ექვსი თვის ფეხმძიმე იყო, რადგან იეჰოვას სასწაულმოქმედმა ძალამ ის შვილიერი გახადა. მარიამი ელისაბედს ეწვია და როცა მის სახლში ფეხი შედგა, ელისაბედს ჩვილი შეუთამაშდა მუცელში. ელისაბედმა აკურთხა მარიამი: „კურთხეული ხარ ქალებს შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი!“ (ლკ. 1:36, 37, 39—45). მაშინ მარიამმა ღვთის შთაგონებით იეჰოვა განადიდა სიკეთისთვის (ლკ. 1:46—55).
მარიამი დაახლოებით სამ თვეს დარჩა ელისაბედთან და შემდეგ იუდეის მთიანეთიდან ისევ ნაზარეთში დაბრუნდა (ლკ. 1:56). როცა იოსებმა მარიამის ორსულობის ამბავი გაიგო (როგორც ჩანს, თავად მარიამისგან), მასთან ფარულად გაყრა დააპირა, რათა საქვეყნოდ არ შეერცხვინა (იმ დროს დანიშნულები ცოლ-ქმრად ითვლებოდნენ და ნიშნობის გასაუქმებლად ოფიციალური გაყრა იყო საჭირო). მაგრამ იეჰოვას ანგელოზი ეჩვენა იოსებს და უთხრა, რომ მარიამი წმინდა სულით იყო დაორსულებული. იოსები დაჰყვა ღვთის ნებას და მარიამი ცოლად შეირთო, თუმცა „არ გაჰკარებია, სანამ მან ვაჟი არ გააჩინა. იოსებმა მას იესო დაარქვა“ (მთ. 1:18—25).
იესოს შობა ბეთლემში. გამოხდა ხანი და კეისარმა ავგუსტუსმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც ყველა თავის მშობლიურ ქალაქში უნდა აღწერილიყო. უდავოდ, ეს აღწერა ღვთის ნებით მოხდა, რათა წინასწარმეტყველებისამებრ იესო ბეთლემში დაბადებულიყო (მქ. 5:2). იოსები და ორსული მარიამი ნაზარეთიდან (ჩრდილოეთით) ბეთლემისკენ (სამხრეთით) მიმავალ 150-კილომეტრიან დამქანცველ გზას დაადგნენ. იქ ჩასულებს სასტუმროში ადგილი აღარ შეხვდათ, ამიტომ ბავშვი მეტად უბრალო პირობებში დაიბადა. ახალშობილი ბაგაში ჩააწვინეს. იესო ქვეყანას, სავარაუდოდ, ძვ. წ. 2 წლის დაახლოებით 1 ოქტომბერს მოევლინა (ლკ. 2:1—7; იხ. სურათი, ტ. 2, გვ. 537; იესო ქრისტე).
მას შემდეგ, რაც ანგელოზებმა მწყემსებს დავითის ქალაქში მხსნელის, უფალ ქრისტეს, დაბადების შესახებ ახარეს, მწყემსები მყისვე გაეშურნენ ბეთლემისკენ, სადაც ნახეს „ნიშანი“: სახვევებში გახვეული და ბაგაში ჩაწვენილი მარიამის ჩვილი. მწყემსებმა უამბეს მარიამსა და იოსებს ის, რასაც ანგელოზთა დიდძალი ლაშქარი გალობდა: „დიდება ზეციერ ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე ადამიანებს“. „მარიამი კი მათ თითოეულ სიტყვას იმახსოვრებდა და გულში დასკვნებს აკეთებდა“ (ლკ. 2:8—20).
დაბადებიდან მერვე დღეს მარიამმა იეჰოვას კანონისამებრ ბავშვი წინადაცვითა. ორმოცი დღის შემდეგ ის ბავშვთან და ქმართან ერთად იერუსალიმის ტაძარში მივიდა მსხვერპლის შესაწირავად. კანონით მას ვერძის, მტრედის ხუნდის ან გვრიტის შეწირვა მოეთხოვებოდა. თუ ოჯახი ხელმოკლე იყო და ცხვარზე ხელი არ მიუწვდებოდა, შეეძლო ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი შეეწირა. იოსები ღარიბი კაცი იყო, რადგან მარიამმა „ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი“ შესწირა (ლკ. 2:21—24; ლვ. 12:1—4, 6, 8). ერთმა მართალმა, ხანდაზმულმა კაცმა, სიმონმა, ბავშვის დანახვაზე იეჰოვა განადიდა, რადგან სიკვდილამდე მხსნელის ნახვის შესაძლებლობა მიეცა. შემდეგ მარიამს მიუბრუნდა და უთხრა: „შენ კი დიდი მახვილი გაგივლის სულში“. ამით სიმონს იმის თქმა კი არ სურდა, რომ მარიამი მახვილით განიგმირებოდა, არამედ იმის, რომ მარიამს მისი ვაჟის წამების ბოძზე ნაწინასწარმეტყველები სიკვდილი დიდ ტანჯვას განაცდევინებდა (ლკ. 2:25—35).
ნაზარეთში დაბრუნება. გამოხდა ხანი. ანგელოზმა აცნობა იოსებს, რომ ჰეროდე დიდი იესოს მოკვლას აპირებდა და უთხრა, ოჯახთან ერთად ეგვიპტეში გაქცეულიყო (მთ. 2:1—18). ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ ოჯახი ნაზარეთში დაბრუნდა. იქ მარიამს სხვა შვილებიც შეეძინა — სულ მცირე ოთხი ვაჟი და ქალიშვილები (მთ. 2:19—23; 13:55, 56; მრ. 6:3).
მარიამი ქმართან ერთად ყოველ წელს 150 კილომეტრს გადიოდა იერუსალიმში პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ქალებს ამას არ ავალდებულებდა (გმ. 23:17; 34:23). ერთ-ერთ პასექზე, დაახლოებით ახ. წ. 12 წელს, ოჯახს უკანა გზაზე ერთი დღის სავალი ჰქონდა გავლილი, როცა იესოს არყოფნა შენიშნა. იესოს მშობლები მყისვე იერუსალიმში დაბრუნდნენ. სამი დღის ძებნის შემდეგ მათ იესო ტაძარში იპოვეს, სადაც ის მასწავლებლებს უსმენდა და კითხვებს უსვამდა. იესოს დანახვაზე მარიამმა წამოიძახა: „შვილო, ეს რა გვიყავი? მე და მამაშენი გულშემოყრილები დაგეძებთ“. იესომ მიუგო: „რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცოდით, რომ მამაჩემის სახლში უნდა ვყოფილიყავი?“. გასაკვირი არაფერი იყო იმაში, რომ ღვთის ძე ტაძარში იქნებოდა, იქ, სადაც წმინდა წერილებით განსწავლა შეიძლებოდა. მარიამმა „გულში ჩაიმარხა მისი სიტყვები“ (ლკ. 2:41—51).
12 წლის იესო თავისი ასაკის პირობაზე საოცარ ცოდნას ფლობდა. „მისი გაგება და პასუხები ყველა მის მსმენელს აოცებდა“ (ლკ. 2:47). იესომ ჩინებულად იცოდა წმინდა წერილები, რაც მისი მშობლების დამსახურებაც იყო. მარიამი და იოსები, ალბათ, თავს არ ზოგავდნენ იმისათვის, რომ თავიანთი ვაჟი იეჰოვას მოსაწონად აღეზარდათ და დაერიგებინათ. როგორც ჩანს, მშობლებმა შეაყვარეს იესოს შაბათობით სინაგოგაში სიარული (ლკ. 4:16; ეფ. 6:4).
მარიამისადმი იესოს დამოკიდებულება. ნათლობის შემდეგ იესო მარიამს გამორჩეულად არ ეპყრობოდა; ის მას „დედაკაცოთი“ ან „ქალოთი“ მიმართავდა და არა „დედათი“ (ინ. 2:4; 19:26, ბსგ). დღეს ასეთი მიმართვა უპატივცემულობის მაჩვენებელია, მაგრამ იმ დროს ეს ასე არ იყო. მარიამი იესოს მიწიერი დედა იყო. მაგრამ, ვინაიდან იესო ნათლობის შემდეგ სულით იქნა ცხებული, ის ღვთის სულიერი ძე გახდა; შესაბამისად, მისი დედა უკვე „ზედა იერუსალიმი“ იყო (გლ. 4:26). ერთხელ, როცა იესო ხალხს ასწავლიდა, მარიამი თავის სხვა შვილებთან ერთად მის სანახავად მივიდა და გარეთ გამოსვლა სთხოვა. მაშინ იესომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დედად და ნათესავებად თავისი სულიერი ოჯახის წევრებს მიიჩნევდა და რომ სულიერი ინტერესების დაცვა ნათესაურ კავშირზე მნიშვნელოვანი იყო (მთ. 12:46—50; მრ. 3:31—35; ლკ. 8:19—21).
როცა გალილეის კანაში ქორწილის დროს ღვინო გათავდა, მარიამმა ამის შესახებ იესოს უთხრა, იესომ კი მიუგო: „მე და შენ რა გვაქვს საერთო [ქალო]? ჯერ არ მოსულა ჩემი საათი“ (ინ. 2:1—4). იესომ აქ გამოიყენა შეკითხვის დასმის ძველებური ფორმა, რომელიც ებრაულ წერილებში რვაჯერ (იეს. 22:24; მსჯ. 11:12; 2სმ. 16:10; 19:22; 1მფ. 17:18; 2მფ. 3:13; 2მტ. 35:21; ოს. 14:8), ხოლო ბერძნულ წერილებში ექვსჯერ გვხვდება (მთ. 8:29; მრ. 1:24; 5:7; ლკ. 4:34; 8:28; ინ. 2:4). სიტყვასიტყვით ეს კითხვა ასე ითარგმნება: „რა მე და რა შენ?“. ეს კითხვა ყველა შემთხვევაში გამოხატავს შემოთავაზებული აზრის უარყოფას. ასეთი ფორმით იესომ რბილად მისცა შენიშვნა დედამისს და მიახვედრა, რომ მარიამი კი არა, მისი გამომგზავნელი, უზენაესი ხელისუფალი წყვეტდა, როდის რა გაეკეთებინა (1კრ. 11:3). მარიამი, რომელიც მიხვედრილი და თავმდაბალი იყო, მიუხვდა იესოს სათქმელს და გაითვალისწინა. მან პრობლემის მოგვარება იესოს მიანდო და მომსახურეებს უთხრა: „ყველაფერი გააკეთეთ, რასაც ის გეტყვით“ (ინ. 2:5).
მარიამი იესოს წამების ბოძთან იდგა. მისთვის იესო არა მარტო საყვარელი ძე, არამედ მესია, უფალი, მხსნელი და ღვთის ძე იყო. იმ დროს მარიამი, როგორც ჩანს, ქვრივი იყო. იესომ, როგორც იოსების ოჯახის პირმშომ, დედაზე ზრუნვა იოანეს (სავარაუდოდ, თავის დეიდაშვილს) გადააბარა და სთხოვა, დედამისი სახლში წაეყვანა და საკუთარი დედასავით ეზრუნა მასზე (ინ. 19:26, 27). რატომ არ სთხოვა იესომ ეს თავის ერთ-ერთ ნახევარძმას? ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, ესწრებოდნენ თუ არა იესოს ძმები მის წამებას. ფაქტობრივად, ისინი მაშინ იესოს მიმდევრებიც არ იყვნენ. თანაც იესო სულიერ ნათესაობას უფრო აფასებდა, ვიდრე ხორციელს (ინ. 7:5; მთ. 12:46—50).
ერთგული მოწაფე. იმ ბიბლიურ მონაკვეთში, სადაც მარიამი ბოლოჯერ არის მოხსენიებული, ის წარმოდგენილია, როგორც ერთგული და ღვთისმოსავი ქალი, რომელიც იესოს ზეცად ამაღლების შემდეგაც ახლო ურთიერთობას ინარჩუნებს იესოს სხვა ერთგულ მიმდევრებთან. მარიამი თერთმეტ მოციქულთან და სხვა მოწაფეებთან ერთად იყო ზემოთა ოთახში, სადაც „ყველა ერთსულოვნად ლოცულობდა გამუდმებით“ (სქ. 1:13, 14).
2. მართასა და ლაზარეს და. იესოს ძალიან უყვარდა სამივე და მათ ხშირად სტუმრობდა. ისინი იერუსალიმის ტაძრის მთიდან და ზეთისხილის მთის აღმოსავლეთ ფერდობიდან დაახლოებით 3 კილომეტრით დაშორებულ ბეთანიაში ცხოვრობდნენ (ინ. 11:18). ერთხელ, თავისი მსახურების მესამე წელს, როცა იესო მათ ოჯახს ესტუმრა, მართამ მის გასამასპინძლებლად თავი გამოიდო, მარიამმა კი სხვაგვარი სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა. „იგი უფალს ფერხთით დაუჯდა და ისმენდა მის სიტყვას“. როცა მართამ მარიამს უსაყვედურა იმის გამო, რომ არ ეხმარებოდა, იესომ მარიამი შემდეგი სიტყვებით შეაქო: „მარიამმა უკეთესი აირჩია და არ წაერთმევა მას“ (ლკ. 10:38—42).
ლაზარეს აღდგომის მოწმე. ზემოხსენებული შემთხვევიდან რამდენიმე თვის შემდეგ ლაზარე მძიმედ გახდა ავად. მარიამმა და მართამ ამის შესახებ იესოს აცნობეს, რომელიც იმ დროს, სავარაუდოდ, იორდანის აღმოსავლეთით, პერეაში იმყოფებოდა. როცა იესო მათთან მივიდა, ლაზარე უკვე ოთხი დღის მკვდარი იყო. როგორც კი მართამ გაიგო, იესო მოდისო, მაშინვე მის შესაგებებლად გაეშურა, „მარიამი კი სახლში იჯდა“. შინ რომ დაბრუნდა, მართამ მარიამს ჩასჩურჩულა: „მოძღვარია მოსული და გეძახის“. მარიამი სასწრაფოდ გაემართა იესოს შესახვედრად, მის ფეხებთან დაემხო და თვალცრემლიანმა უთხრა: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა“. მან, ფაქტობრივად, მართას ნათქვამი გაიმეორა. მოტირალი მარიამისა და მასთან ერთად მისული იუდეველების დანახვაზე იესომ ამოიოხრა და თავადაც აცრემლდა. იესოს გამაოგნებელი სასწაულის, ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის თვითმხილველმა „ბევრმა იუდეველმა, რომლებიც მარიამთან [ნუგეშის საცემად] მივიდნენ ... ირწმუნა იგი“ (ინ. 11:1—45).
ზეთს სცხებს იესოს. თავის ბოლო პასექამდე ხუთი დღით ადრე იესო თავის მოწაფეებთან ერთად კვლავ ბეთანიას ესტუმრა, ოღონდ ამჯერად კეთროვანი სიმონის სახლში დაბინავდა, სადაც მარიამი და მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. მართა სუფრას ემსახურებოდა, მარიამს კი ყურადღება კვლავ ღვთის ძისკენ ჰქონდა მიმართული. მარიამმა „აიღო ერთი ლიტრა სუფთა ნარდის ძალიან ძვირად ღირებული ნელსაცხებელი“ (მისი საფასური დაახლოებით ერთი წლის ჯამაგირს უტოლდებოდა) და სუფრასთან მყოფ იესოს თავსა და ფეხებზე სცხო. იესოსადმი სიყვარულისა და პატივისცემის გამომხატველი ეს ჟესტი, რომელიც იმ დროს სათანადოდ ვერ დააფასეს, სინამდვილეში, მოახლოებული სიკვდილისთვის იესოს სხეულის მომზადებას ემსახურებოდა. იესომ დააფასა მარიამის ერთგულება და სიყვარული და იქ მყოფთ უთხრა: „მთელ ქვეყნიერებაზე, სადაც კი სასიხარულო ცნობას იქადაგებენ, იმასაც იტყვიან, რაც ამ ქალმა გააკეთა, მისივე გასახსენებლად“. იესო ამჯერადაც გამოექომაგა მარიამს, ისევე როგორც მაშინ, როცა მართამ მარიამის მიმართ თავისი უკმაყოფილება გამოხატა (მთ. 26:6—13; მრ. 14:3—9; ინ. 12:1—8).
მარიამის მიერ იესოსთვის ზეთის ცხების ამბავი, რომელსაც მათე, მარკოზი და იოანე მოგვითხრობენ, არ უნდა აგვერიოს ლუკას 7:36—50-ში აღწერილ მსგავს შემთხვევაში. მართალია, ეს ორივე მონათხრობი ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ მათ შორის არსებობს სხვაობა. ლუკას მიერ აღწერილი შემთხვევა ჩრდილოეთით მდებარე გალილეის მხარეში, ხოლო სხვა სახარებებში აღწერილი შემთხვევა უფრო მოგვიანებით, სამხრეთით, იუდეის ბეთანიაში მოხდა: პირველი მოვლენა ფარისევლის სახლში, მეორე კი — კეთროვანი სიმონის სახლში. პირველ შემთხვევაში იესოს ნელსაცხებელი „ერთმა ქალმა“ სცხო, რომელსაც ცოდვილის სახელი ჰქონდა (შესაძლოა ის მეძავი იყო), მეორე შემთხვევაში ეს გააკეთა მარიამმა, მართას დამ. გარდა ამისა, ერთ მოვლენას მეორისგან ერთ წელზე მეტი აშორებდა.
ზოგიერთი კრიტიკოსი აღნიშნავს, რომ იოანეს მონათხრობი ეწინააღმდეგება მათესა და მარკოზის მონათხრობს, ვინაიდან იოანეს თქმით, მარიამმა ნელსაცხებელი იესოს ფეხებზე სცხო და არა თავზე (მთ. 26:7; მრ. 14:3; ინ. 12:3). მათეს 26:7-თან დაკავშირებით ბიბლეისტი ალბერტ ბარნზი ასეთ კომენტარს აკეთებს: „სინამდვილეში, ურთიერთსაწინააღმდეგო არაფერია. მარიამმა, როგორც ჩანს, თავზეც დაასხა ზეთი იესოს და ფეხებზეც. მათემ და მარკოზმა პირველ დეტალზე გაამახვილეს ყურადღება, ხოლო იოანემ, რომელიც თავის სახარებაში ძირითადად სხვა სახარებებში გამოტოვებულ მოვლენებს აღწერს, ის დაამატა, რომ ნელსაცხებელი მაცხოვარს ფეხებზე სცხეს. ნელსაცხებლის თავზე ცხება ჩვეულებრივი რამ იყო. რაც შეეხება ფეხზე ცხებას, ეს იყო უდიდესი თავმდაბლობისა და მაცხოვრისადმი დიდი სიყვარულის ნიშანი, ამიტომ ასეთი ჟესტი განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებდა“ (Barnes’ Notes on the New Testament, 1974).
3. მაგდალელი მარიამი. „მაგდალელი“, როგორც ჩანს, მომდინარეობს ქალაქის სახელწოდებიდან, მაგდალა (იხ. მაგდალა), რომელიც გალილეის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა, კაპერნაუმსა და ტიბერიადას შორის. ბიბლია არაფერს ამბობს, ეწვია თუ არა იესო ამ ქალაქს, თუმცა იმ მხარეში მან კარგა ხანი დაჰყო. არც ის არის ცნობილი, მარიამი წარმოშობით ამ ქალაქიდან იყო თუ უბრალოდ იქ ცხოვრობდა. ალბათ, არის კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ლუკა ამ მარიამს „მაგდალელად წოდებულ მარიამად“ მოიხსენიებს — ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს ზოგი (ლკ. 8:2).
იესომ მაგდალელი მარიამისგან შვიდი დემონი განდევნა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მარიამმა ის მესიად აღიარა და თავისი რწმენა ერთგული მსახურებით დაუმტკიცა. მარიამი პირველად მოიხსენიება იმ მონაკვეთში, სადაც აღწერილია იესოს ქადაგების მეორე წელი, როცა ის თავის მოციქულებთან ერთად „დადიოდა ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში, ქადაგებდა და სასიხარულო ცნობას ამცნობდა ღვთის სამეფოს შესახებ“. ჰეროდეს სახლთუხუცესის ცოლთან, იოანასთან, აგრეთვე, სუსანასთან და სხვა ქალებთან ერთად მარიამი იესოს და მის მოციქულებს თავისი ქონებით ემსახურებოდა (ლკ. 8:1—3).
ყველაზე ხშირად მაგდალელი მარიამის სახელს იესოს სიკვდილთან და აღდგომასთან დაკავშირებულ მონათხრობში ვხვდებით. როცა იესო, როგორც ღვთის კრავი, სასიკვდილოდ მიჰყავდათ, მარიამი იმ ქალებს შორის იყო, „რომლებიც [მანამდე] გალილეიდან მოყოლებული თან ახლდნენ იესოს და ემსახურებოდნენ“ და შორიდან უყურებდნენ ბოძზე მის წამებას. მარიამთან ერთად იყვნენ იესოს დედა, მარიამი, სალომე და „მეორე მარიამი“ (№4) (მთ. 27:55, 56, 61; მრ. 15:40; ინ. 19:25).
იესოს სამარხში დასვენების შემდეგ მაგდალელი მარიამი სხვა ქალებთან ერთად საღამოს, შაბათის დადგომამდე სურნელოვანი მცენარეებისა და ნელსაცხებლების მოსამზადებლად წავიდა. შაბათის შემდეგ, კვირის პირველ დღეს, გამთენიისას, მარიამმა და სხვა ქალებმა სამარხთან მიიტანეს ნელსაცხებლები (მთ. 28:1; მრ. 15:47; 16:1, 2; ლკ. 23:55, 56; 24:1). როცა მარიამმა ღია და, სავარაუდოდ, ცარიელი სამარხი დაინახა, ამბის შესატყობინებლად მაშინვე პეტრესთან და იოანესთან გაიქცა. ისინიც სამარხისკენ გაეშურნენ (ინ. 20:1—4). სამარხთან დაბრუნებულ მარიამს პეტრე და იოანე იქ აღარ დახვდნენ; როცა მარიამმა სამარხში შეიხედა, შიგნით თეთრებში შემოსილი ორი ანგელოზი შენიშნა, უკან მიბრუნებულმა კი იქვე იესო დაინახა. მარიამს ის მებაღე ეგონა და სთხოვა, იესოს ცხედრის ადგილსამყოფელი ეჩვენებინა, რათა ნელსაცხებელი ეცხო მისთვის. იესომ მას სახელით მიმართა და მარიამი მაშინვე მიხვდა, რომ მის წინაშე იესო იდგა. გრძნობამორეულმა მარიამმა მას ხელი მოჰხვია და დაიძახა: „რაბუნი!“. ვინაიდან იესოს დედამიწაზე ყოფნის დღეები იწურებოდა, ხვევნა-კოცნის დრო არ იყო. მარიამი დაუყოვნებლივ უნდა წასულიყო და მოწაფეებისთვის ემცნო იესოს აღდგომა და მისი დანაბარები: „ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან“ (ინ. 20:11—18).
4. „მეორე მარიამი“, კლოპას (ალფე) ცოლი (იხ. კლოპა), იაკობ მცირისა და იოსეს დედა (მთ. 27:56, 61; ინ. 19:25). ტრადიციის თანახმად, კლოპა და იესოს მამობილი, იოსები, ძმები იყვნენ, თუმცა წმინდა წერილებში ამის შესახებ არაფერი წერია. თუ კლოპა და იოსები ძმები იყვნენ, „მეორე მარიამი“ იესოს ბიცოლა იქნებოდა.
მარიამი იმ ქალებს შორის იყო, რომლებიც „გალილეიდან მოყოლებული თან ახლდნენ იესოს და ემსახურებოდნენ“ მას. ის იესოს ძელზე გაკვრის თვითმხილველიც იყო (მთ. 27:55; მრ. 15:40, 41). მარიამი მარიამ მაგდალელთან ერთად 14 ნისანს იესოს სამარხთან დარჩა (მთ. 27:61). მესამე დღეს ორივე მარიამმა სხვა ქალებთან ერთად სურნელოვანი მცენარეები და ნელსაცხებელი მიიტანეს იესოს სამარხთან ცხედრის დასამუშავებლად. მათდა გასაკვირად სამარხი ღია დახვდათ. იქ მყოფმა ანგელოზმა ქალებს უთხრა, რომ ქრისტე მკვდრეთით აღდგა და უბრძანა, წასულიყვნენ და მომხდარის შესახებ სხვა მოწაფეებისთვის ეცნობებინათ (მთ. 28:1—7; მრ. 16:1—7; ლკ. 24:1—10). მარიამსა და სხვებს გზად მკვდრეთით აღმდგარი იესო შეხვდათ (მთ. 28:8, 9).
5. მარკოზად წოდებული იოანეს დედა და ბარნაბას ბიცოლა (სქ. 12:12; კლ. 4:10). პირველი ქრისტიანები მის სახლში ატარებდნენ ქრისტიანულ შეხვედრებს იერუსალიმში. მისი ვაჟი, მარკოზი მჭიდროდ თანამშრომლობდა მოციქულ პეტრესთან. როგორც ჩანს, პეტრემ დიდი როლი ითამაშა მის მოწიფულ ქრისტიანად ჩამოყალიბებაში, რადგან მას თავის შვილად მოიხსენიებს (1პტ. 5:13). ჰეროდეს საპატიმროდან გათავისუფლებული პეტრე პირდაპირ მარიამის სახლისკენ გაეშურა, სადაც „მრავალი შეკრებილიყო და ლოცულობდა“. მას, როგორც ჩანს, დიდი სახლი ჰქონდა და, რადგან მოახლე ჰყავდა, შეძლებული ქალიც იქნებოდა (სქ. 12:12—17). მარიამი შესაძლოა ქვრივი იყო, რადგან წმინდა წერილებში წერია „მარიამის სახლი“ და არა მისი ქმრის სახლი (სქ. 12:12).
6. რომაელი მარიამი. რომაელებისთვის მიწერილ წერილში პავლე მას მოკითხვას უთვლის და აქებს რომის კრებისთვის გაწეული შრომისთვის (რმ. 16:6).