ᲓᲦᲔᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ
დღესასწაულები ძველად ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილი იყო. იეჰოვა ღმერთმა მათი აღნიშვნა მოსეს შუამავლობით თავის რჩეულ ხალხს, ისრაელს დაუწესა. დღესასწაულად ნათარგმნი ებრაული სიტყვა ხაგ სავარაუდოდ მომდინარეობს ზმნიდან, რაც წრიულ მოძრაობას ან ფერხულში ჩაბმას ნიშნავს, მაშასადამე, წელიწადის სხვადასხვა დროს გამართულ დღესასწაულს ან ზეიმს. დღესასწაულის აღმნიშვნელი კიდევ ერთი სიტყვაა მოʽედ, რომელიც ძირითადად დანიშნულ დროსა და დათქმულ ადგილს ნიშნავს (1სმ. 20:35; 2სმ. 20:5).
ᲓᲦᲔᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲔᲑᲘ ᲘᲡᲠᲐᲔᲚᲨᲘ
ᲑᲐᲑᲘᲚᲝᲜᲘᲡ ᲢᲧᲕᲔᲝᲑᲐᲛᲓᲔ
ᲧᲝᲕᲔᲚᲬᲚᲘᲣᲠᲘ ᲓᲦᲔᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲔᲑᲘ
1. პასექი, 14 აბიბი (ნისანი)
2. უფუარობის დღესასწაული, 15—21 აბიბი (ნისანი)
3. კვირების (ორმოცდამეათე დღის) დღესასწაული, 6 სივანი
4. საყვირების დღესასწაული, 1 ეთანი (თიშრი)
5. გამოსყიდვის დღე, 10 ეთანი (თიშრი)
6. კარვობის დღესასწაული, 15—21 ეთანი (თიშრი), 22-ში ეწყობოდა საზეიმო შეკრება
ᲞᲔᲠᲘᲝᲓᲣᲚᲘ ᲓᲦᲔᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲔᲑᲘ
1. ყოველკვირეული შაბათი
2. ახალმთვარობა
3. შაბათის წელი (ყოველი მე-7 წელი)
4. საიუბილეო წელი (ყოველი 50-ე წელი)
ᲑᲐᲑᲘᲚᲝᲜᲘᲡ ᲢᲧᲕᲔᲝᲑᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ
1. მიძღვნის დღესასწაული, 25 ქისლევი
2. ფურიმი, 14-15 ადარი
სამი დიდი დღესასწაული. ისრაელები წელიწადში სამჯერ, დანიშნულ დროს, სეზონურ დღესასწაულებს ზეიმობდნენ. ვინაიდან ამ დღესასწაულებზე ყველა მამაკაცი იერუსალიმში ჩადიოდა, მათ ზოგჯერ პილიგრიმულ დღესასწაულებსაც უწოდებდნენ. დღესასწაულის აღმნიშვნელი ზოგადი ებრაული სიტყვაა მოʽედ (ლვ. 23:2, 4). თუმცა სამი დიდი დღესასწაულის აღსანიშნავად ებრაულ წერილებში ყველაზე ხშირად ხაგ გვხვდება, რომელიც პერიოდულ მოვლენაზე და დიდი ზეიმის დროზე მიუთითებს. ისრაელის დიდ დღესასწაულებს განეკუთვნება:
1) უფუარობის დღესასწაული (გმ. 23:15). იგი პასექის მომდევნო დღეს, 15 აბიბს (ნისანი) იწყებოდა და 21 აბიბამდე გრძელდებოდა. პასექი დამოუკიდებელი დღესასწაული იყო და 14 ნისანს აღინიშნებოდა, მაგრამ ვინაიდან მას უფუარობის დღესასწაული მოსდევდა, ორივე დღესასწაულს ხშირად პასექად მოიხსენიებდნენ (მთ. 26:17; მრ. 14:12; ლკ. 22:7).
2) კვირების დღესასწაული, ან როგორც მოგვიანებით ეწოდა, ორმოცდამეათე დღის დღესასწაული. იგი 16 ნისანიდან 50 დღის გასვლის შემდეგ, 6 სივანს იწყებოდა (გმ. 23:16ა; 34:22ა).
3) კარვობის დღესასწაული, იგივე მოსავლის აღების დღესასწაული. იგი მეშვიდე თვის, ეთანის (თიშრი) 15 -ში იწყებოდა და 21 ეთანამდე გრძელდებოდა, 22-ე დღე კი საზეიმო შეკრებით მთავრდებოდა (ლვ. 23:34—36).
დღესასწაულების აღნიშვნის დრო, ადგილი და აღნიშვნის წესი იეჰოვას მიერ იყო დადგენილი. მათ „იეჰოვას დღესასწაულები“ ეწოდებოდა. ისინი წმინდა წელიწადის სხვადასხვა დროს უნდა გამართულიყო — ადრეულ გაზაფხულზე, გვიან გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ეს განსაკუთრებული პერიოდი იყო, რადგან აღთქმული მიწის მკვიდრები ხარობდნენ თავიანთი მინდვრებისა და ვენახების პირველმოწეული ნაყოფით და თავიანთი მიწის ბარაქას იეჰოვას, ყოველი კეთილი საბოძვრის მიმცემს უმადლოდნენ.
როგორ აღინიშნებოდა. კანონის შეთანხმების თანახმად, ებრაელი მამაკაცები ყოველწლიური სამი დიდი დღესასწაულის დროს ღვთის წინაშე უნდა წარმდგარიყვნენ იმ ადგილზე, რომელსაც ის ამოირჩევდა (კნ. 16:16). ეს ადგილი იერუსალიმი აღმოჩნდა. მათთვის, ვინც დღესასწაულებს არ დაესწრებოდა, კონკრეტული სასჯელი არ ყოფილა გათვალისწინებული, თუ არ ჩავთვლით პასექს, რომელზე დაუსწრებლობაც სიკვდილით ისჯებოდა (რც. 9:9—13). საზოგადოდ, ღვთის ნებისმიერი კანონის დარღვევა, მათ შორის დღესასწაულებისა და შაბათების უგულებელყოფა, ერს უბედურებასა და მრავალ ჭირს უქადდა (კნ. 28:58—62). პასექს 14 ნისანს ზეიმობდნენ, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში მისი აღნიშვნა ერთი თვის დაგვიანებითაც შეიძლებოდა.
ქალებისთვის ყოველწლიურ დღესასწაულებზე დასწრება სავალდებულო არ იყო, თუმცა არის იმის მაგალითებიც, რომ ქალებიც ესწრებოდნენ, მაგალითად, სამეულის დედა, ხანა (1სმ. 1:7) და იესოს დედა, მარიამი (ლკ. 2:41). ღვთისმოშიში ებრაელი ქალები შეძლებისდაგვარად მიდიოდნენ იერუსალიმში სადღესასწაულოდ. აღსანიშნავია, რომ დღესასწაულებზე იესოს მშობლებთან ერთად მათი ნათესავები და ნაცნობებიც იყვნენ (ლკ. 2:44).
იეჰოვა თავის ხალხს დაჰპირდა: „არავინ მოისურვებს შენს მიწას, როცა ახვალ წელიწადში სამჯერ იეჰოვას, შენი ღვთის სახის სახილველად“ (გმ. 34:24). იეჰოვამ თავისი დაპირება შეასრულა. ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურებამდე არც ერთ უცხოელ ერს არ უცდია დღესასწაულების დროს დაუცველი მიწის დაპყრობა. მხოლოდ ახ. წ. 66 წელს, მას შემდეგ, რაც ებრაელებმა ქრისტე უარყვეს, ცესტიუს გალუსმა კარვობის დღესასწაულზე ლიდაში 50 ადამიანი ამოხოცა.
არც ერთი მამაკაცი დღესასწაულზე ხელცარიელი არ უნდა გამოცხადებულიყო. მათ ძღვენი იმის მიხედვით უნდა გაეღოთ, როგორც იეჰოვამ, მათმა ღმერთმა აკურთხა (კნ. 16:16, 17). გარდა ამისა, იერუსალიმში უნდა ეჭამათ და ლევიანებისთვისაც გაეზიარებინათ იმ წლის მოსავლიდან, კერძოდ, მარცვლეულის, ღვინის, ზეთის, აგრეთვე ცხვარ-ძროხის პირველმოგებულიდან კიდევ ერთი მეათედი (გარდა იმ მეათედისა, რომელიც რიცხვების 18:26, 27-ის თანახმად ლევიანებს ეძლეოდათ). მაგრამ თუ იერუსალიმამდე დიდი მანძილი იყო გასავლელი, კანონი საქონლის ფულზე გადაცვლის უფლებას იძლეოდა. ამ ფულით ებრაელს შეეძლო ეყიდა ის საჭმელ-სასმელი, რომელსაც საწმინდარში მიირთმევდა (კნ. 14:22—27). დღესასწაულებზე დასწრებით ებრაელებს იეჰოვასადმი ერთგულების დამტკიცების შესაძლებლობა ეძლეოდათ და ისინი დიდი სიხარულით უნდა აღენიშნათ. მოზეიმეთა შორის უნდა ყოფილიყვნენ ხიზნები, უმამო ბავშვები და ქვრივები (კნ. 16:11, 14). კანონი დღესასწაულზე დასწრების უფლებას მხოლოდ წინადაცვეთილ ხიზნებს აძლევდა (გმ. 12:48, 49). ყოველდღიური შესაწირავის გარდა სხვა შესაწირავებიც იწირებოდა. დასაწვავი შესაწირავისა და მშვიდობის მსხვერპლის აღვლენისას საყვირებს აყვირებდნენ (რც. 10:10).
ტაძრის აშენებამდე მეფე დავითმა აარონის შტოდან ასობით მღვდელი 24 დანაყოფად დაყო და დამხმარეებად ლევიანები მიუჩინა (1მტ. 24). მოგვიანებით თითოეულ დანაყოფში შემავალი გამოცდილი ლევიანები წელიწადში ორჯერ, თითო კვირას მსახურობდნენ ტაძარში. მათ ზედამხედველობას საგვარეულოს თავკაცები უწევდნენ. 2 მატიანეს 5:11-დან ვიგებთ, რომ მღვდლების 24-ვე დანაყოფი ერთად მსახურობდა ტაძრის მიძღვნის დროს, რომელიც კარვობის დღესასწაულს დაემთხვა (1მფ. 8:2; ლვ. 23:34). ბიბლეისტ ალფრედ ედერშაიმის თქმით დღესასწაულის პერიოდში ნებისმიერ მღვდელს შეეძლო ტაძარში დახმარება, თუმცა კარვობის დღესასწაულზე 24-ვე დანაყოფის ყოფნა სავალდებულო იყო (The Temple, 1874, გვ. 66).
დღესასწაულების დროს ჯაფა მღვდლებს, ლევიანებსა და მათთან ერთად მომსახურე ნეთინიმებს ადგებოდა. ამას მოწმობს ტაძრის განწმენდის შემდეგ ხიზკიას მიერ გამართული უფუარობის დღესასწაული, რომელიც კიდევ შვიდ დღეს გაგრძელდა. თავად ხიზკიამ 1 000 ხარი და 7 000 ცხვარი გაიღო შესაწირავად, მთავრებმა კი — 1 000 ხარი და 10 000 ცხვარი (2მტ. 30:21—24).
ზოგიერთ დღეს საზეიმო წმინდა შეკრებები ეწყობოდა; ეს დღეები დასვენების დღეები იყო და ყოველკვირეული შაბათების მსგავსად ამ დროს ყოველდღიური საქმეების კეთება მკაცრად იკრძალებოდა, გამონაკლისად მხოლოდ საკვების მომზადება დაიშვებოდა (გმ. 12:16). სადღესასწაულო წმინდა შეკრებებისგან განსხვავებით ყოველკვირეული შაბათების დროს (აგრეთვე მეშვიდე თვის მეათე დღის დასვენების შაბათი, გამოსყიდვის დღე და მარხვის პერიოდი) ყველანაირი სამუშაო იკრძალებოდა, სახლში ცეცხლის დანთებაც კი (ლვ. 23:3, 26—32 შდრ. მე-7, 8; 21-ე, 24-ე, 25-ე, 35-ე, 36-ე მუხლებთან და გმ. 35:2, 3-თან).
დღესასწაულები ისრაელების ცხოვრებაში. დღესასწაულები მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ისრაელების ცხოვრებაში. ჯერ კიდევ ეგვიპტის მონობაში ყოფნის დროს მოსემ ფარაონს ისრაელისა და მისი პირუტყვის ეგვიპტიდან გაყვანის მიზეზად სწორედ იეჰოვასთვის დღესასწაულის გამართვა დაუსახელა (გმ. 10:9). დღესასწაულების დაცვასთან დაკავშირებით კანონის შეთანხმება უამრავ მითითებას შეიცავდა (გმ. 34:18—24; ლვ. 23:1—44; კნ. 16:1—17). თუ ისრაელები ამ მითითებებს დაიცავდნენ, დღესასწაულები მათ დაეხმარებოდა, ღვთის სიტყვაზე ეფიქრათ და ისე არ ჩაფლულიყვნენ პირად საქმეებში, რომ ცხოვრების უფრო მნიშვნელოვანი, სულიერი მხარე გამორჩენოდათ. დღესასწაულები ერს იმასაც შეახსენებდა, რომ ისინი იყვნენ ხალხი იეჰოვას სახელისთვის. იერუსალიმში სადღესასწაულოდ მგზავრობა მოზეიმეებს ორივე გზაზე იმ კურთხევებზე მსჯელობის საშუალებას აძლევდა, რომლებიც მათ ყოველდღე თუ წელიწადის სხვადასხვა დროს არ აკლდათ. მათ ბევრი დრო ჰქონდათ ფიქრისთვის, ერთმანეთთან ურთიერთობისა და იეჰოვას კანონებზე მსჯელობისთვის. ისინი ეცნობოდნენ ღვთისგან ნაბოძებ მიწა-წყალს. ცოდნა და მოყვასის სიყვარული ერთსულოვნებასა და წმინდა თაყვანისმცემლობის წინსვლას უწყობდა ხელს. ამ დროს ყველა ხარობდა. მათი გონება ღვთიურზე ფიქრით იყო მოცული. ყველა გულწრფელი მოზეიმე სულიერ კურთხევებს იმკიდა, რაზეც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაული მოწმობს (სქ. 2:1—47).
ებრაელთათვის დღესასწაულები ბედნიერების სიმბოლო იყო. ბაბილონში გადასახლებამდე ერს უკვე დაკარგული ჰქონდა სულიერი ხედვა და ვეღარც დღესასწაულების ნამდვილ მიზანს ხვდებოდა. ოსია და ამოს წინასწარმეტყველები მხიარულებისა და ზეიმების შეწყვეტას და მათ გლოვად გადაქცევას იერუსალიმის მომავალ განადგურებას უკავშირებდნენ (ოს. 2:11; ამ. 8:10). იერემია ასე გლოვობდა დაცემულ იერუსალიმს: „გლოვობენ სიონის გზები, რადგან არავინ მიდის დღესასწაულზე“. დღესასწაულები და შაბათები დავიწყებას მიეცა (გდ. 1:4; 2:6). ესაიამ იწინასწარმეტყველა იმ სიხარულზე, რომელსაც ძვ. წ. 537 წელს ბაბილონიდან დაბრუნებულები შეიგრძნობდნენ: „ისეთ სიმღერას იმღერებთ, როგორსაც კაცი დღესასწაულისთვის განწმენდის ღამეს მღერის“ (ეს. 30:29). მაგრამ ღვთისგან ბოძებულ მიწაზე დაბრუნების შემდეგ ხალხმა მალევე დააკნინა იეჰოვას დღესასწაულები, ამიტომ წინასწარმეტყველ მალაქიას პირით ღმერთმა მღვდლებს უთხრა: „სახეში მოგაყრით ნეხვს, თქვენი დღესასწაულების ნეხვს“ (მლ. 2:1—3).
ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერები დღესასწაულებს პირდაპირ თუ ირიბად არაერთხელ მოიხსენიებენ მხიარულების კონტექსტში და მათ სიმბოლურ და წინასწარმეტყველურ მნიშვნელობაზე მსჯელობენ. ამ დღესასწაულების დაცვა ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ (კლ. 2:16, 17; სტატიები დღესასწაულებზე იხ. მათი სახელწოდებების მიხედვით).