თავი 117
უფლის ვახშამი
მათე 26:21—29; მარკოზი 14:18—25; ლუკა 22:19—23; იოანე 13:18—30
იუდა გამცემია
იესო გახსენების საღამოს აწესებს
მწუხრის ჟამია. ცოტა ხნის წინ იესომ მოციქულებს ფეხები დაჰბანა და ამით თავმდაბლობის მაგალითი მისცა. როგორც ჩანს, მათ უკვე აღნიშნეს პასექი და ახლა იესო დავითის მიერ წარმოთქმულ წინასწარმეტყველურ სიტყვებს ციტირებს: „ვისთანაც მშვიდობა მქონდა, ვისაც ვენდობოდი და ვინც ჩემს პურს ჭამდა, ჩემზე აღმართა ქუსლი“. შემდეგ დასძენს: „ერთი თქვენგანი გამცემს“ (ფსალმუნი 41:9; იოანე 13:18, 21).
შეცბუნებული მოციქულები ერთმანეთს უყურებენ. შემდეგ ყველა სათითაოდ ეკითხება იესოს: „მე ხომ არა, უფალო?“. თვით იუდა ისკარიოტელიც კი სვამს ამ კითხვას. იოანეს, რომელიც მაგიდასთან იესოს გვერდითაა, პეტრე სთხოვს, რომ გაიგოს, ვინ ჰყავს მოძღვარს მხედველობაში. იოანე მკერდზე ეყრდნობა იესოს და ეკითხება: „უფალო, ვინ არის?“ (მათე 26:22; იოანე 13:25).
იესო პასუხობს: „ის, ვისაც ჩაწებულ ლუკმას მივცემ“. ამის შემდეგ იესო აწებს ლუკმას და იუდას აძლევს, თან ამბობს: „მართალია კაცის ძე მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ ვაი იმას, ვინც კაცის ძეს გასცემს! მისთვის უმჯობესი იქნებოდა, არ დაბადებულიყო“ (იოანე 13:26; მათე 26:24). ამის მერე სატანა შედის იუდაში. ეს კაცი, რომელიც უკვე ისედაც გახრწნილია, ახლა სატანის ნებას ჰყვება და ამგვარად „დაღუპვის ძე“ ხდება (იოანე 6:64, 70; 12:4; 17:12).
იესო ეუბნება იუდას: „მალე გააკეთე, რასაც აკეთებ“. ვინაიდან ყულაბა იუდას აქვს მიბარებული, მოციქულებს ჰგონიათ, რომ ის დღესასწაულისთვის რაღაცის საყიდლად უნდა წავიდეს ან რაიმე მისცეს ღარიბებს (იოანე 13:27—30). სინამდვილეში იუდა იესოს გასაცემად მიდის.
ამავე საღამოს იესო აწესებს ახალ დღესასწაულს, რომელიც პასექის დღესასწაულს ჩაანაცვლებს. ის იღებს პურს, წარმოთქვამს სამადლობელ ლოცვას, ტეხს და თავის მოციქულებს აძლევს. იგი ეუბნება მათ: „ეს ჩემს სხეულს ნიშნავს, რომელიც თქვენთვის უნდა იქნეს გაღებული. ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (ლუკა 22:19). მოციქულები ერთმანეთს აწოდებენ პურს და ჭამენ.
შემდეგ იესო იღებს ღვინით სავსე სასმისს, სამადლობელ ლოცვას წარმოთქვამს და სასმისს მოციქულებს აწვდის. თითოეული სვამს ამ სასმისიდან, რომლის შესახებაც იესო ამბობს: „ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას ჩემი სისხლის საფუძველზე, რომელიც თქვენთვის უნდა დაიღვაროს“ (ლუკა 22:20).
ამგვარად იესო აწესებს თავისი სიკვდილის გახსენების საღამოს, რომელიც მისმა მიმდევრებმა ყოველწლიურად 14 ნისანს უნდა აღნიშნონ. ეს გაახსენებთ, თუ რა გააკეთეს იესომ და მისმა ზეციერმა მამამ ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან მორწმუნეთა გასათავისუფლებლად. ისრაელისთვის დაწესებული პასექისგან განსხვავებით, გახსენების საღამო მორწმუნეთა ნამდვილ ხსნაზე ამახვილებს ყურადღებას.
იესო ამბობს, რომ მისი სისხლი „მრავალთათვის უნდა დაიღვაროს, ცოდვების მისატევებლად“. მრავალთა შორის, ვისაც ცოდვები მიეტევება, ღვთის ერთგული მოციქულები და ის ადამიანები არიან, რომლებიც მსგავსი ერთგულებით გამოირჩევიან. სწორედ ისინი იქნებიან იესოსთან ერთად ზეციერი მამის სამეფოში (მათე 26:28, 29).