რა გავლენას ახდენს იესო ქრისტე თქვენზე?
თუ მხედველობაში მივიღებთ წინა სტატიაში მოცემულ ინფორმაციას, ნუთუ შეიძლება ეჭვი შეგვეპაროს იმაში, რომ იესოს სწავლებები დიდ გავლენას ახდენს მთელ კაცობრიობაზე? თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს ჰკითხოს: „პირადად ჩემზე რა გავლენას ახდენს იესოს სწავლებები?“.
იესოს სწავლებები უამრავ სხვადასხვა საკითხს ეხება. ისინი ფასდაუდებელია, რადგან თქვენი ცხოვრების ნებისმიერ ასპექტზე შეუძლია გავლენის მოხდენა. მოდი ყურადღება მივაქციოთ, თუ რას გვასწავლის იესო პრიორიტეტების დადგენის, ღმერთთან მეგობრობის, სხვებთან კარგი ურთიერთობის, პრობლემების გადაჭრისა და ძალადობის გამოვლენისგან თავის არიდების შესახებ.
დაადგინეთ პრიორიტეტები
დღევანდელ სწრაფად ცვალებად მსოფლიოში ცხოვრებას იმდენად დიდი დრო და ენერგია მიაქვს, რომ სულიერ საკითხებზე დასაფიქრებლად ხშირად ადამიანებს ძალები აღარ ჰყოფნით. განვიხილოთ, რა შეემთხვა ერთ მამაკაცს ოცი წლის ასაკში. მოდი მას პირობითად ჯერი ვუწოდოთ. ჯერის სიამოვნებდა სულიერ საკითხებზე საუბარი და ძალიან აფასებდა, როცა ასეთი საუბრების შედეგად რაღაცას სწავლობდა; მაგრამ ის სინანულით ამბობს: „დრო არა მაქვს, რეგულარულად ვისაუბრო სულიერ საკითხებზე. კვირაში ექვსი დღე ვმუშაობ. მხოლოდ კვირას ვისვენებ; სავალდებულო საქმეების შესრულების შემდეგ აღარაფრისთვის მრჩება ძალები“. თუ თქვენც მსგავს მდგომარეობაში ხართ, იესოს მიერ მთაზე ქადაგებისას წარმოთქმული სიტყვები შეიძლება თქვენთვისაც დამხმარე აღმოჩნდეს.
იესომ მის მოსასმენად თავმოყრილ ხალხს უთხრა: „ნუღარ წუხხართ თქვენი სულისთვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც სხეულისთვის, რა ჩაიცვათ. განა სული საჭმელზე ძვირფასი არ არის და სხეული — ტანსაცმელზე? დააკვირდით ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, მაგრამ თქვენი ზეციერი მამა კვებავს მათ. განა თქვენ მათზე ძვირფასნი არა ხართ? . . . ასე რომ, ნურასოდეს დაიწყებთ წუხილს და ნუ იტყვით: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რა ჩავიცვათ? რადგან ყოველივე ამას უცხოტომელები ეძებენ მთელი მონდომებით და თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს. ამიტომ, უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“ (მათე 6:25—33). რას ვსწავლობთ აქედან?
ამ სიტყვებით იესო არ გულისხმობდა, რომ უარი უნდა ვთქვათ როგორც საკუთარი, ისე ოჯახის წევრების ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. „ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებზე, რწმენა უარყო და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:8). იესო დაგვპირდა, რომ თუ სწორად დავადგენთ პრიორიტეტებს და პირველ ადგილზე სულიერს დავაყენებთ, ღმერთი იზრუნებს ჩვენს მოთხოვნილებებზე. იესოს სიტყვებიდან ვსწავლობთ, თუ როგორ უნდა დავადგინოთ პრიორიტეტები. მისი რჩევის გათვალისწინებას ბედნიერება მოაქვს, რადგან „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3).
განავითარეთ ღმერთთან მეგობრობა
სულიერს მოწყურებულ ადამიანს ესმის, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ღმერთთან ახლო ურთიერთობის განვითარება. როგორ შეგვიძლია ვინმესთან ახლო ურთიერთობის დამყარება? ნუთუ თავდაპირველად ადამიანის უკეთ გაცნობას არ შევეცდებით? დრო გვჭირდება იმისათვის, რომ გავიგოთ ამ პიროვნების შეხედულებების, თვალსაზრისის, უნარის, მიღწევებისა და იმის შესახებ, თუ რა მოსწონს და რა — არა. მსგავსად უნდა მოვიქცეთ ღმერთთან დასაახლოებლად. საჭიროა საფუძვლიანი ცოდნა გვქონდეს მის შესახებ. როდესაც იესო მოწაფეების შესახებ ლოცულობდა, თქვა: „მარადიული სიცოცხლე რომ მიიღონ, უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). დიახ, ღმერთთან ახლო ურთიერთობის განსავითარებლად საჭიროა, კარგად ვიცნობდეთ მას. ასეთი ცოდნის მიღების ერთადერთი წყარო ღვთის მიერ შთაგონებული სიტყვა, ბიბლიაა (2 ტიმოთე 3:16). ჩვენ დრო უნდა გამოვყოთ საღვთო წერილის შესასწავლად.
თუმცა, მხოლოდ ცოდნის მიღება არ არის საკმარისი. იმავე ლოცვაში იესომ თქვა: „შენი სიტყვა დაიცვეს მათ [მისმა მოწაფეებმა]“ (იოანე 17:6). ჩვენ არა მხოლოდ ცოდნა უნდა მივიღოთ ღვთის შესახებ, არამედ ვიმოქმედოთ კიდეც ამ ცოდნის თანახმად. კიდევ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ღვთის მეგობრები გავხდეთ? ნუთუ შევძლებთ ვინმესთან დაახლოებას, თუ მისი შეხედულებებისა და პრინციპების საწინააღმდეგოდ მოვიქცევით? თითოეული ნაბიჯის გადადგმისას მნიშვნელოვანია ღვთის თვალსაზრისის გათვალისწინება და მისი პინციპებით ხელმძღვანელობა. განვიხილოთ ღვთის მიერ დადგენილი ორი პრინციპი, რომლებიც სხვებთან ურთიერთობისას უნდა გამოვიყენოთ.
დაამყარეთ სხვებთან კარგი ურთიერთობა
ერთხელ იესომ თავის მსმენელებს ერთი ამბავი მოუყვა, რათა მათთვის ურთიერთობასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი ესწავლებინა. ეს ამბავი ეხებოდა მეფეს, რომელმაც თავის მსახურებთან ანგარიშსწორება მოისურვა. ერთ–ერთ მის მსახურს ძალიან დიდი ოდენობის თანხა ემართა მისი და არ შეეძლო გადახდა. მეფემ ბრძანა, რომ ის, მისი ცოლი და შვილები გაეყიდათ და გადაეხადათ ვალი. მაშინ მსახური დაემხო და ვედრება დაუწყო თავის ბატონს: „ცოტა დამაცადე და ყველაფერს გადაგიხდი“. სიბრალულის გრძნობით აღძრულმა ბატონმა ვალი აპატია. მაგრამ, როდესაც ეს მსახური მისგან წავიდა, მოძებნა თანამსახური მონა, რომელსაც მისი მცირე თანხა ემართა და დაჟინებით სთხოვდა მის გადახდას. ეს მონა ევედრებოდა, რომ შეეწყალებინა, მაგრამ მან საპყრობილეში ჩააგდო, სანამ მთელ ვალს არ გადაიხდიდა. როდესაც მეფემ ამის შესახებ გაიგო, განრისხდა: „განა შენც ისევე არ უნდა შეგეწყალებინა შენნაირივე მონა, როგორც მე შეგიწყალე?“. შემდეგ მეფემ ეს ულმობელი მონა საპყრობილის ზედამხედველს გადასცა, სანამ ვალს მთლიანად არ გადაიხდიდა. ამ შემთხვევიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი რომ ესწავლებინა, იესომ თქვა: „თქვენც ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ გულით არ აპატიებთ თქვენს ძმას“ (მათე 18:23—35).
არასრულყოფილების გამო ბევრ შეცდომას ვუშვებთ. ჩვენ ვერასდროს შევძლებთ ღმერთს ის უზარმაზარი ვალი გადავუხადოთ, რომელიც ცოდვების გამო დაგვიგროვდა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ის არის, რომ პატიება ვთხოვოთ მას. იეჰოვა ღმერთი მზად არის, მოგვიტევოს ჩვენი ცოდვები იმ შემთხვევაში, თუ ჩვენც ვაპატიებთ და–ძმებს ჩვენ წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვებს. მართლაც, რა ფასდაუდებელი გაკვეთილია! იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, ასე ელოცათ: „გვაპატიე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ ვაპატიეთ ჩვენს მოვალეებს“ (მათე 6:12).
აღმოფხვერით პრობლემის ძირითადი მიზეზი
იესო ძალიან კარგად იცნობდა ადამიანის ბუნებას. ის მსმენელებს ურჩევდა, რომ პრობლემების გადასაჭრელად მათი გამომწვევი ძირითადი მიზეზები აღმოეფხვრათ. განვიხილოთ ორი მაგალითი.
«თქვენ გსმენიათ, რომ ძველი ხალხისთვის უთქვამთ: „არ მოკლა. ვინც მკვლელობას ჩაიდენს, სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს“. მე კი გეუბნებით: ვინც მრისხანებს თავის ძმაზე, სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს“» — თქვა იესომ (მათე 5:21, 22). ამ სიტყვებით იესომ აჩვენა, რომ მკვლელობის გამომწვევი მიზეზი უფრო დასაფიქრებელი და საშიშია, ვიდრე თავად ჩადენილი დანაშაული. მიზეზი კი ვიღაცისადმი არასწორი დამოკიდებულებაა, რომელიც მკვლელის გულში იდგამს ფესვებს. თუ ადამიანი გულისწყრომას ან ბრაზს არ აღვივებს საკუთარ გულში, წინასწარგანზრახულად არ ჩაიდენს ბოროტებას. რამდენ სისხლისღვრას ავირიდებდით თავიდან, ყველას რომ გაეთვალისწინებინა ეს რჩევა!
ახლა ვნახოთ, როგორ ამახვილებს იესო ყურადღებას სხვა პრობლემის გამომწვევ ძირითად მიზეზზე, რაც დიდ გულისტკივილს იწვევს. იესომ უთხრა ერთად შეკრებილ ხალხს: «თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „არ იმრუშო“. მე კი გეუბნებით: ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში. ამიტომ, თუ მარჯვენა თვალი გაბრკოლებს, ამოითხარე და გადააგდე» (მათე 5:27—29). იესომ ამ სიტყვებით მსმენელებს დაანახა, რომ უზნეობის ჩადენის გამომწვევი მიზეზი უფრო საშიშია, ვიდრე თავად უზნეობა. მიზეზი კი უზნეო სურვილებია, რომლებიც წინ უძღვის ამ ქმედებას. თუ ადამიანი ცდილობს, არ იკვებოს არასწორი სურვილებით და გონებიდან ამოძირკვავს მათ, თავიდან აიცილებს უზნეო საქციელის ჩადენის საშიშროებას.
„ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას“
იესოს გაცემისა და დაპატიმრების ღამეს ერთმა მისმა მოწაფემ მოძღვრის დასაცავად მახვილი იშიშვლა. ამის დანახვაზე იესომ უბრძანა მას: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“ (მათე 26:52). მომდევნო დღეს იესომ პონტოელ პილატეს უთხრა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის. ამ ქვეყნიერების ნაწილი რომ ყოფილიყო, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს არ გადავცემოდი. მაგრამ ჩემი სამეფო აქედან არ არის“ (იოანე 18:36). არაგონივრულია იესოს ეს სიტყვები?
რა თვალსაზრისი ჰქონდათ პირველ ქრისტიანებს იესოს სწავლებაზე — არ მიემართათ ძალადობისთვის? წიგნში „პირველი ქრისტიანების დამოკიდებულება ომისადმი“ ნათქვამია: „რამდენადაც იესოს სწავლებები კრძალავდა ყველა სახის ძალადობასა და სხვებისთვის ზიანის მიყენებას, აშკარაა, რომ ქრისტიანებისთვის ომში მონაწილეობა უკანონობად ითვლებოდა . . . პირველი ქრისტიანები ზუსტად მიყვებოდნენ იესოს სწავლებას და ესმოდათ, რომ სიმშვიდე უნდა შეენარჩუნებინათ და წინააღმდეგობის გაწევისას თავი შეეკავებინათ ძალადობისგან. ისინი თავიანთ რწმენას მშვიდობასთან აკავშირებდნენ და გმობდნენ სისხლისმღვრელ ომს“. კაცობრიობის ისტორია სულ სხვაგვარად განვითარდებოდა, თუ ყველა, ვინც თავს ქრისტიანად აცხადებდა, ზუსტად მიჰყვებოდა იესოს ამ სწავლებებს!
იესოს სწავლებები სარგებლობას მოგიტანთ
ამ სტატიაში განხილული იესოს სწავლებები მართლაც შესანიშნავი, ადვილად გასაგები და ძლიერმოქმედია. ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ამ სწავლებებს და ცხოვრებაში გამოიყენონa.
თქვენთან ახლოს მცხოვრები იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით დაგეხმარებიან, გაეცნოთ იესოს ბრძნულ სწავლებებს და სარგებლობა მიიღოთ. მთელი გულით გიწვევთ, დაუკავშირდეთ მათ ან მოიწეროთ ამ ჟურნალის მე–2 გვერდზე მოცემულ მისამართზე.
[სქოლიოები]
a იესოს სწავლებების თანმიმდევრული განხილვისთვის იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“.
[სურათი 5 გვერდზე]
„თქვენი ზეციერი მამა კვებავს მათ“.
[სურათი 7 გვერდზე]
იესოს სწავლებებს შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს თქვენს ცხოვრებაზე.