ნეიტრალიტეტი
განმარტება: ორი ან მეტი მხარის დაპირისპირებაში ჩაურევლობა, მათი მხარდაჭერისგან თავის შეკავება. ძველი და თანამედროვე ისტორია ადასტურებს, რომ სხვადასხვა დაპირისპირების დროს ჭეშმარიტი ქრისტიანები ყოველმხრივ ცდილობდნენ სრული ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას იმისდა მიუხედავად, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობდნენ და რა სიტუაციაში უწევდათ ყოფნა. ჭეშმარიტი ქრისტიანები სხვებს არ უშლიან ხელს იმაში, რომ მონაწილეობა მიიღონ პატრიოტულ ღონისძიებებში, იმსახურონ შეიარაღებულ ძალებში, გაერთიანდნენ პოლიტიკურ პარტიებში, კენჭი იყარონ პოლიტიკურ თანამდებობაზე ან ვინმეს მისცენ ხმა. მაგრამ თავად ისინი მხოლოდ იეჰოვა ღმერთს სცემენ თაყვანს, უპირობოდ უძღვნიან მას თავს და მის სამეფოს უჭერენ მხარს.
რომელი ბიბლიური მუხლები ახდენს გავლენას ხელისუფლებისადმი ქრისტიანების დამოკიდებულებაზე?
რომ. 13:1, 5—7: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფალთ, რადგან ყველა ხელისუფლება ღვთისგანაა . . . ასე რომ, საფუძვლიანი მიზეზი გაქვთ მორჩილებისთვის, მაგრამ არა მარტო რისხვის გამო, არამედ თქვენი სინდისის გამოც . . . ვისაც რა ეკუთვნის, ის მიეცით: ვისაც გადასახადი — გადასახადი, ვისაც ხარკი — ხარკი, ვისაც შიში — შიში, ვისაც პატივი — პატივი“ (ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იარსებებდა, ღმერთს რომ არ მიეცა მათთვის ამის საშუალება. მიუხედავად იმისა, თუ როგორ იქცევიან ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები, ჭეშმარიტი ქრისტიანები მათ პატივს სცემენ მათი უფლებამოსილების გამო. მაგალითად, იეჰოვას თაყვანისმცემლები სხვადასხვა მომსახურებისთვის პატიოსნად იხდიან გადასახადებს იმისდა მიუხედავად, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება გადასახადებით შემოსულ თანხებს).
მარ. 12:17: «მაშინ იესომ თქვა: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“» (ამგვარად, ქრისტიანებს ესმით, რომ მათ უნდა „მისცენ“ ხელისუფლებას გადასახადები, მაგრამ ამავე დროს უნდა შეასრულონ თავიანთი უმთავრესი ვალდებულება ღვთის წინაშე).
საქ. 5:28, 29: «და უთხრა [იუდეველთა უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელმა]: „ჩვენ სასტიკად აგიკრძალეთ [მოციქულებს], აღარ გესწავლებინათ ამ [იესო ქრისტეს] სახელით, თქვენ კი თქვენი სწავლებით აავსეთ იერუსალიმი და გინდათ, რომ ამ კაცის სისხლმა გვიწიოს“. პეტრემ და სხვა მოციქულებმა მიუგეს: „ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“» (როდესაც მმართველთა მოთხოვნები ღვთის მოთხოვნებს უპირისპირდება, ჭეშმარიტი ქრისტიანები ჰბაძავენ მოციქულებს და ღვთისადმი მორჩილებას არჩევენ).
რომელი ბიბლიური მუხლებით ხელმძღვანელობდნენ ყოველთვის ჭეშმარიტი ქრისტიანები, როცა საქმე ომში მონაწილეობას ეხებოდა?
მათ. 26:52: «მაშინ იესომ უთხრა მას: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“» (პეტრე ღვთის ძის დაცვას ცდილობდა. განა არსებობს ამაზე საფუძვლიანი მიზეზი ბრძოლისთვის?! მიუხედავად ამისა, იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ მის მოწაფეებს იარაღი არ უნდა აეღოთ ხელში).
ეს. 2:2—4: „უკანასკნელ დღეებში იეჰოვას სახლის მთა განმტკიცდება მთების მწვერვალებს ზემოთ . . . ის სამართლიან განაჩენს გამოიტანს ერებს შორის და საქმეებს მოაგვარებს მრავალი ხალხისთვის. ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს. ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს“ (ადამიანებმა ყველა ერიდან თავად უნდა გადაწყვიტონ, რა გზას აირჩევენ. იეჰოვას სამართლიანი განაჩენის შესაბამისად მოქმედებით ადამიანი ცხადყოფს, რომ ის მისი ღმერთია).
2 კორ. 10:3, 4: „თუმცა ხორცში დავდივართ, ხორციელად არ ვიბრძვით. ჩვენი საომარი იარაღი ხორციელი არ არის, რადგან მას ღვთისგან აქვს მიცემული ძალა სიმაგრეთა დასამხობად“ (აქ პავლე ამბობს, რომ ცრუსწავლებებისგან ქრისტიანული კრების დასაცავად მას არასდროს მიუმართავს „ხორციელი იარაღისთვის“ — მზაკვრობისთვის, მაღალფარდოვანი საუბრებისთვის ან საბრძოლო იარაღისთვის).
ლუკ. 6:27, 28: „თქვენ კი, ვინც მისმენთ, გეუბნებით [იესო ქრისტე]: გიყვარდეთ თქვენი მტრები, კარგად მოექეცით თქვენს მოძულეებს, აკურთხეთ ისინი, ვინც გწყევლით, და ილოცეთ მათთვის, ვინც შეურაცხგყოფთ“.
ადრე ხომ აძლევდა იეჰოვა ისრაელს ბრძოლის უფლებას?
იეჰოვას ბრძანებით, ისრაელი ბრძოლით უნდა დაპატრონებოდა იმ მიწას, რომლის მიცემასაც დაჰპირდა. ისრაელს აგრეთვე უნდა გაენადგურებინა ერები, რომლებიც იეჰოვას თვალში სიცოცხლეს არ იმსახურებდნენ გახრწნილი წეს-ჩვეულებებისა და ჭეშმარიტი ღმერთის უგულებელყოფის გამო (კან. 7:1, 2, 5; 9:5; ლევ. 18:24, 25). მიუხედავად ამისა, იეჰოვამ შეიწყალა რახაბი და გაბაონელები, რადგან მისდამი რწმენა გამოავლინეს (იესო. 2:9—13; 9:24—27). მოსეს კანონში იყო მითითებები იმის შესახებ, თუ როგორ ბრძოლებს მოიწონებდა ღმერთი, რა გამონაკლისები უნდა დაეშვათ ისრაელებს და როგორ უნდა წარემართათ ასეთი ბრძოლები. ფაქტობრივად, ეს იეჰოვას წმინდა ომები იყო. ამას კი ვერ ვიტყვით დღეს წარმოებულ ომებზე.
ქრისტიანული კრების ჩამოყალიბების შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა. ქრისტიანებს არ მოეთხოვებოდათ მოსეს კანონის დაცვა. ქრისტეს მიმდევრებს უნდა მოემზადებინათ მოწაფეები ყველა ერიდან. ამგვარად, ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები დროთა განმავლობაში ყველა ერში იქნებოდნენ. რა მიზნით იწყებენ სახელმწიფოები ომებს? დედამიწის შემოქმედის ნების შესასრულებლად თუ ეროვნული ინტერესებისთვის? თუ ჭეშმარიტი ქრისტიანები სხვა ერის წინააღმდეგ საომრად წავლენ, მათ მოუწევთ ბრძოლა თანამორწმუნეთა წინააღმდეგ, რომლებიც იმავე ღმერთს მიმართავენ ლოცვით, რომელსაც თვითონაც სთხოვენ დახმარებას. ქრისტემ თავის მიმდევრებს მოუწოდა, რომ არ აეღოთ ხელში მახვილი (მათ. 26:52). მომავალში, როცა ზეცაში განდიდდებოდა, ის თავად აღასრულებდა განაჩენს მათზე, ვინც არაფრად ჩააგდებდა ჭეშმარიტ ღმერთს და მის ნებას (2 თეს. 1:6—8; გამოცხ. 19:11—21).
ისტორიის თანახმად, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ პირველ ქრისტიანებს შეიარაღებულ ძალებში მსახურებაზე?
„ჩვენს ხელთ არსებული მასალების გულდასმით გამოკვლევა ცხადყოფს, რომ მარკუს ავრელიუსის [რომის იმპერატორი ახ. წ. 161—180 წწ.] მმართველობამდე არც ერთი ქრისტიანი არ გამხდარა ჯარისკაცი; და არც ერთი ჯარისკაცი გაქრისტიანების შემდეგ არ დარჩენილა სამხედრო სამსახურში“ („The Rise of Christianity“, ე. ბარნზი, ლონდონი, 1947, გვ. 333).
„ომი, ხოცვა-ჟლეტა და ყოველგვარი ბოროტება ერთ დროს ჩვენთვის ჩვეული რამ იყო, მაგრამ ახლა მთელ დედამიწაზე ყველამ შევცვალეთ საომარი იარაღი — მახვილები სახნისებად, შუბები კი მიწის დასამუშავებელ სხვა იარაღებად — და შევიძინეთ ღვთისმოსაობა, სახიერება, კაცთმოყვარეობა, რწმენა და იმედი, რომელიც მამისგან გადმოგვეცა მისი მეშვეობით, ვინც წამებით მოკლეს“ (იუსტინე წამებული, „დიალოგი ტრიფონთან“, ახ. წ. II საუკუნე; „The Ante-Nicene Fathers“, გრანდ-რეპიდზი, მიჩიგანის შტატი, 1885, გადამუშავებული გამოცემა, რედაქტორები ა. რობერტსი და ჯ. დონალდსონი, ტ. I, გვ. 254).
„ისინი უარს ამბობდნენ სახელმწიფოს მართვაში აქტიურ მონაწილეობაზე და სამხედრო ძალით იმპერიის დაცვაზე . . . წარმოუდგენელი იყო, რომ ქრისტიანი გამხდარიყო ჯარისკაცი, სახელმწიფო მოხელე ან მმართველი, თუ უარს არ იტყოდა თავის წმინდა მოვალეობაზე“ („History of Christianity“, ედუარდ გიბონი, ნიუ-იორკი, 1891, გვ. 162, 163).
რომელი ბიბლიური მუხლებით ხელმძღვანელობდნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ყოველთვის, როცა საქმე ეხებოდა პოლიტიკაში ჩარევას?
იოან. 17:16: „ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე [იესო] არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“.
იოან. 6:15: „იესო კი, რადგან იცოდა, რომ ისინი [იუდეველები] მისვლას აპირებდნენ მის შესაპყრობად და გასამეფებლად, კვლავ განმარტოვდა მთაზე“. მოგვიანებით მან რომაელ მმართველს უთხრა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის. ამ ქვეყნიერების ნაწილი რომ ყოფილიყო, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს არ გადავცემოდი. მაგრამ ჩემი სამეფო აქედან არ არის“ (იოან. 18:36).
იაკ. 4:4: „მრუშებო, განა არ იცით, რომ ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა? ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება“ (რატომ არის ეს საკითხი ასე სერიოზული? იმიტომ რომ, როგორც 1 იოანეს 5:19-ში წერია, „მთელი ქვეყნიერება . . . ბოროტის ხელშია“. იოანეს 14:30-ში იესომ სატანას „ქვეყნიერების მმართველი“ უწოდა. აქედან გამომდინარე, სინამდვილეში ვის გავლენაში მოექცევა ადამიანი, თუ ქვეყნიერებაში რომელიმე ჯგუფს მიემხრობა?).
რა პოზიცია ჰქონდათ პირველ ქრისტიანებს პოლიტიკაში მონაწილეობასთან დაკავშირებით? რას ამბობენ ისტორიკოსები?
„წარმართული სამყაროს მმართველებს არ ესმოდათ პირველი ქრისტიანების და კარგი თვალით არ უყურებდნენ მათ . . . ქრისტიანები უარს ამბობდნენ რომის მოქალაქეთა ზოგიერთი ვალდებულების შესრულებაზე . . . ისინი არ იკავებდნენ პოლიტიკურ თანამდებობებს“ („On the Road to Civilization, A World History“, ა. ჰეკელი და ჯ. სიგმანი, ფილადელფია, 1937, გვ. 237, 238).
„ქრისტიანები ცალკე იდგნენ სახელმწიფოსგან და სასულიერო რასას ქმნიდნენ. უნდა ვაღიაროთ, რომ ქრისტიანებს, როგორც ჩანს, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მხოლოდ დადებითი გავლენის მოხდენა შეეძლოთ, რადგან პრაქტიკული საშუალებებით ცდილობდნენ მოქალაქეებისთვის ღვთისმოსაობის სულ უფრო მეტად ჩანერგვას“ („The History of the Christian Religion and Church, During the Three First Centuries“, ავგუსტ ნეანდერი, ნიუ-იორკი, 1948, გვ. 168).
რომელი ბიბლიური მუხლებით ხელმძღვანელობდნენ ყოველთვის ჭეშმარიტი ქრისტიანები, როცა საქმე ეხებოდა დროშასთან და სახელმწიფო ჰიმნთან დაკავშირებულ ცერემონიებს?
1 კორ. 10:14: „გაექეცით კერპთაყვანისმცემლობას“ (აგრეთვე გამოსვლის 20:4, 5).
1 იოან. 5:21: „შვილებო, თავი დაიცავით კერპებისგან“.
ლუკ. 4:8: «[იესომ მიუგო:] დაწერილია: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“».
იხილეთ აგრეთვე დანიელის 3:1—28.
აქვს თუ არა სინამდვილეში რელიგიური დატვირთვა ასეთ სიმბოლოებსა და ცერემონიებს?
„[ისტორიკოსმა] კარლტონ ჰეიზმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ აღნიშნა, რომ ამერიკის სასწავლებლებში დროშის თაყვანისცემისა და ფიცის დადების ცერემონიას რელიგიური ხასიათი აქვს . . . ამ ყოველდღიურ ცერემონიებს ნამდვილად რელიგიური დატვირთვა რომ აქვს, საბოლოოდ დაადასტურა უზენაესმა სასამართლომ არაერთი საქმის განხილვისას“ („The American Character“, დ. ბროგანი, ნიუ-იორკი, 1956, გვ. 163, 164).
„ძველად დროშებს თითქმის ყოველთვის წმინდა რელიგიური მნიშვნელობა ჰქონდა . . . საუკუნეებია, რაც ინგლისის სახელმწიფო დროშად ითვლება რელიგიური დროშა, რომელზეც წმინდა გიორგის წითელი ჯვარია გამოსახული. როგორც ჩანს, ყოველთვის რელიგიის დახმარებით ცდილობდნენ სახელმწიფო დროშებისთვის სიწმინდის მინიჭებას, და მრავალი მათგანის ისტორია რელიგიური დროშიდან იღებს სათავეს“ („Encyclopædia Britannica“, 1946, ტ. IX, გვ. 343).
«19 ნოემბერს გამართული სახელმწიფო ცერემონიის დროს, რომელსაც ხელმძღვანელობდა [უმაღლესი სამხედრო] სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, პატივი მიაგეს ბრაზილიის დროშას . . . დროშის აღმართვის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ტრისტან დე ალენკარ არარიპემ ზეიმთან დაკავშირებით აღნიშნა: „დროშები იქცა პატრიოტული რელიგიის სათაყვანო ღვთაებად . . . დროშას პატივს მივაგებთ და თაყვანს ვცემთ . . . დროშას ისევე ვცემთ თაყვანს, როგორც სამშობლოს“» („Diario da Justiça“, ბრაზილია, 16 თებერვალი, 1956, გვ. 1906).
ისტორიის თანახმად, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ პირველ ქრისტიანებს პატრიოტული ცერემონიების მიმართ?
«ქრისტიანები უარს ამბობდნენ . . . იმპერატორის გენიუსისთვის [მფარველი ღვთაებისთვის] მსხვერპლის შეწირვაზე, რისი თანამედროვე ანალოგიც დროშისთვის სალმის მიცემა და ერთგულების ფიცის წარმოთქმაა . . . ქრისტიანთაგან ერთეულები უარყოფდნენ რწმენას მიუხედავად იმისა, რომ სამსხვერპლო, რომელზეც ცეცხლი ენთო, ჩვეულებრივ, არენაზევე იდგა. პატიმარს მხოლოდ ის მოეთხოვებოდა, რომ სამსხვერპლოზე მცირეოდენი საკმეველი მოეფრქვია. ამის შემდეგ მას „მსხვერპლშეწირვის მოწმობას“ აძლევდნენ და ათავისუფლებდნენ. მას უხსნიდნენ, რომ სინამდვილეში თაყვანს კი არ სცემდა იმპერატორს, არამედ მის, როგორც რომის მეთაურის, ღვთაებრივ ბუნებას აღიარებდა. მაგრამ თითქმის არც ერთი ქრისტიანი არ იყენებდა გადარჩენის ამ შესაძლებლობას» („Those About to Die“, დ. მანიქსი, ნიუ-იორკი, 1958, გვ. 135, 137).
„იმპერატორის თაყვანისცემის ნიშნად სამსხვერპლოზე, რომელიც იმპერატორის ქანდაკების წინ იდგა, საკმევლის რამდენიმე მარცვალს ყრიდნენ ან ღვინის რამდენიმე წვეთს აპკურებდნენ. დღევანდელი გადასახედიდან ეს ჩვეულება ალბათ არაფრით განსხვავდება . . . დროშისთვის ან სახელმწიფოს მეთაურისთვის საზეიმოდ სალმის მიცემისგან. ჩვენთვის ეს თავაზიანობის, პატივისცემისა და პატრიოტიზმის მაჩვენებელია. შესაძლოა, პირველ საუკუნეში საკმაოდ ბევრი ადამიანი სწორედ ასე ფიქრობდა, მაგრამ ქრისტიანებს განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ. მათი აზრით, ეს იყო რელიგიური თაყვანისცემა, იმპერატორის გაღმერთება და, აქედან გამომდინარე, ღვთისა და ქრისტეს ღალატი. ამიტომ ისინი უარს ამბობდნენ ამის გაკეთებაზე“ („The Beginnings of the Christian Religion“, მ. ელერი, ნიუ-ჰეივენი, კონექტიკუტის შტატი, 1958, გვ. 208, 209).
ხომ არ მეტყველებს ქრისტიანთა ნეიტრალური პოზიცია იმაზე, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული სხვების კეთილდღეობით?
ნამდვილად არა. ისინი კეთილსინდისიერად ცდილობენ იესოს შემდეგი სიტყვების გათვალისწინებას: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მათ. 22:39). მათ ყოველთვის ახსოვთ პავლე მოციქულის რჩევა: „ყველას სიკეთე გავუკეთოთ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალ. 6:10). ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ დღეს არ არსებობს იმაზე დიდი სიკეთე, ვიდრე ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება. ღვთის სამეფო სამუდამოდ გადაჭრის ხალხის პრობლემებს და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას მისცემს ყველას, ვინც დააფასებს ამ ცნობას.