-
მამლის ყივილიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
როცა იესომ იწინასწარმეტყველა, რომ პეტრე მას სამჯერ უარყოფდა, „მამლის ყივილი“ (ბერძ. ალეკტროფონია) მოიხსენია, რის გამოც ეს გამოთქმა მსჯელობის საგანი გახდა (მთ. 26:34, 74, 75; მრ. 14:30, 72; ლკ. 22:34; ინ. 13:38). ზოგიერთი ეყრდნობა მიშნაში დაწერილს (ბავა კამა 7:7) და მიიჩნევს, რომ იერუსალიმში არ ჰყავდათ მამლები, რადგან ისინი მიწას ქექავდნენ და ამგვარად რიტუალური უწმინდურების მიზეზი ხდებოდნენ. მათი აზრით, იესოს მიერ მოხსენიებული მამლის ყივილი გულისხმობს დროის რომაულ სიგნალს (gallicinium), რომელსაც იერუსალიმში ანტონიუსის კოშკის მიწაყრილზე მდგომი რომაული საგუშაგოდან საყვირებით აძლევდნენ და აცნობდნენ ღამის მესამე გუშაგობის დასასრულს.
თუმცა თალმუდიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იმ დროს იერუსალიმში მამლები ჰყავდათ (მაგ., იხ. ედუიოთი 6:1, მიშნა). ამაზე მოწმობს ისიც, რომ იერუსალიმის გამო დამწუხრებულმა იესომ მის მიმართ თავისი დამოკიდებულების გამოსახატავად მაგალითად მოიყვანა კრუხი, რომელიც ფრთებქვეშ კრებდა თავის წიწილებს (მთ. 23:37). იესოს მიერ მოყვანილი მაგალითები ყოველთვის ადვილად გასაგები იყო მსმენელისთვის. ამგვარად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პეტრესთვის ნათქვამ სიტყვებში იესო სხვა რამეს გულისხმობდა, ვიდრე მამლის ყივილს.
ზოგი იმასაც ამბობს, რომ ოთხი სახარება თითქოსდა არ ეთანხმება ერთმანეთს, რადგან მათეს, ლუკასა და იოანეს სახარებებში მამლის მხოლოდ ერთ ყივილზეა საუბარი, მარკოზის მონათხრობის თანახმად კი იესომ პეტრეს უთხრა: „ჭეშმარიტებას გეუბნები: დღესვე, ამაღამ, სანამ მამალი ორჯერ იყივლებს, სამჯერ უარმყოფ“. მოგვიანებით მომხდარზე საუბრისას მარკოზი იმეორებს ამ სიტყვებს (მრ. 14:30, 72).
როგორც ჩანს, აქ საქმე წინააღმდეგობასთან კი არა გვაქვს, არამედ იმასთან, რომ ერთი დამწერი სხვებთან შედარებით უფრო დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის. ბიბლიის ეს მონაკვეთი პეტრეს ეხება და რადგანაც მასთან დიდი ხნის მანძილზე მარკოზი თანამშრომლობდა, რომელმაც, უეჭველია, თავისი სახარება სწორედ პეტრეს დახმარებით და მისი მონაყოლის საფუძველზე დაწერა, სავსებით ლოგიკურია, რომ მარკოზის მონათხრობი შედარებით დაწვრილებითი იქნებოდა (ზოგ მოვლენას მათე უფრო დეტალურად აღწერს, როგორც ამას შემდეგი მუხლების შედარება ცხადყოფს: მთ. 8:28 შდრ. მრ. 5:2-სა და ლკ. 8:27-ს; მთ. 20:30 შდრ. მრ. 10:46-სა და ლკ. 18:35-ს). ასე რომ, მარკოზი ციტირებს იესოს სიტყვებს მამლის ორ ყივილზე, დანარჩენი სამი დამწერი კი მხოლოდ მეორე და ბოლო ყივილს მოიხსენიებს, რომლის გაგონებაზეც პეტრე ატირდა. თუმცა ამის თქმით მათ არ უარყვიათ, რომ მამალმა მანამდეც იყივლა.
ზოგადად ყველა ეთანხმება იმას, რომ უხსოვარი დროიდან დღემდე ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებში მამლის ყივილი დროის ნიშნად მიიჩნევა და პირველად ის დაახლოებით შუაღამისას ისმის, მოგვიანებით კი — გათენებამდე ცოტა ხნით ადრე (ზოგის აზრით, ამ ორს შორის მამალი კიდევ ერთხელ ყივის). კლარკის ბიბლიურ კომენტარში იოანეს 13:38-თან აღნიშნულია, რომ ებრაელები და ზოგიერთი სხვა ხალხი მოიხსენიებდნენ მამლის პირველ, მეორე და მესამე ყივილს. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია განვსაზღვროთ მამლის პერიოდული ყივილის ზუსტი დრო, საკმარისია იმის ცოდნა, რომ მამლის ყივილი ნამდვილად ისმოდა და პეტრემ სამჯერ უარყო იესო, ვიდრე მამალმა მეორედ იყივლა.
-
-
წყევლაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
სიტყვა კატარაომეს ერთ-ერთი ფორმა გამოიყენება მათეს 25:41-ში, სადაც იესო „თხებს“ დაწყევლილებად მოიხსენიებს, და ლუკას 6:28-ში, სადაც თავის მიმდევრებს ეუბნება: „აკურთხეთ ისინი, ვინც გწყევლით“. რომაელების 12:14-სა და იაკობის 3:9-ში მსგავსი რჩევის მიცემისას პავლემ და იაკობმა იმავე სიტყვიდან მომდინარე ფორმები გამოიყენეს. გამოფიტულ და ნარ-ეკლიან მიწასთან იმ ქრისტიანების შედარებისას, რომლებიც ეზიარნენ წმინდა სულს, შემდეგ კი განუდგნენ, პავლემ გამოიყენა სიტყვა კატარა (ებ. 6:7, 8), პეტრემ კი ამ სიტყვით მოიხსენია ხარბი ადამიანები, რომელთაც „თვალები მრუშობით აქვთ სავსე“ და არამტკიცე სულებს აცდუნებენ (2პტ. 2:14).
-