იეჰოვას ბედნიერი მსახურები
„ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3).
1. რა არის ნამდვილი ბედნიერება და რისი მაჩვენებელია ის?
ბედნიერება არის ძვირფასი განძი, რომელსაც იეჰოვას ხალხი ფლობს. ფსალმუნმომღერალმა დავითმა თქვა: „ნეტარ არს ხალხი, რომლის ღმერთიც უფალია!“ (ფსალმუნები 143:15). ბედნიერება დიდი სიხარულისა და სრული კმაყოფილების განცდაა. უდიდესი ბედნიერება, რომელიც ჩვენი სულის სიღრმემდე აღწევს, იმის ცოდნითაა გამოწვეული, რომ იეჰოვასგან ვართ კურთხეულნი (იგავები 10:22). ასეთი ბედნიერება იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენს ზეციერ მამასთან ახლო ურთიერთობა გვაქვს და ვიცით, რომ მის ნებას ვასრულებთ (ფსალმუნები 111:1; 118:1, 2). იესომ მოიყვანა ცხრა მიზეზი, რის საფუძველზეც შეგვიძლია ბედნიერები ვიყოთ. ამ და შემდეგ სტატიაში ბედნიერების ანუ ნეტარების განხილვა დაგვეხმარება, გავაცნობიეროთ, რა ბედნიერები შეიძლება ვიყოთ, თუ ერთგულად ვემსახურებით „ბედნიერ ღმერთს“ — იეჰოვას (1 ტიმოთე 1:11).
სულიერს მოწყურებულნი
2. რა დროს დაიწყო იესომ ბედნიერების შესახებ საუბარი და რა იყო მისი პირველი სიტყვები?
2 იესომ ახ. წ. 31 წელს წარმოთქვა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქადაგება. მას მთაზე ქადაგება ეწოდება, რადგან იესო ლაპარაკობდა მთის ფერდობზე, რომელიც გალილეის ზღვას გადაჰყურებდა. მათეს სახარებაში ნათქვამია: „ხალხი რომ დაინახა, [იესო] მთაზე ავიდა. როცა დაჯდა, მოწაფეები მიუახლოვდნენ. მან გახსნა ბაგე, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო“. სიტყვასიტყვით იესოს შესავალი სიტყვები შემდეგნაირად ითარგმნება: „ნეტარ არიან სულით ღარიბნი“ ან „ბედნიერნი არიან ისინი, რომლებიც მთელი გულით ითხოვენ სულიერს“. „თანამედროვე ინგლისური თარგმანი“ კი ამბობს: „ბედნიერნი არიან ისინი, ვინც იცის, რომ სულიერად ღარიბია“ (მათე 5:1—3).
3. როგორ უწყობს ხელს ბედნიერებას თავმდაბლობა?
3 მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა, რომ უფრო ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც სულიერს არის მოწყურებული, ანუ ესმის, თუ რამდენად სჭირდება სულიერი. თავმდაბალ ქრისტიანებს კარგად ესმით, რომ ცოდვილები არიან და იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე პატიებას სთხოვენ იეჰოვას (1 იოანე 1:9). ასეთი სახით, ისინი პოულობენ სულის სიმშვიდესა და ნამდვილ ბედნიერებას. „ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა“ (ფსალმუნები 31:1; 118:165).
4. ა) როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ გვესმის, რამდენად გვჭირდება სულიერი როგორც ჩვენ, ისე სხვებს? ბ) რას მატებს ჩვენს ბედნიერებას ის, რომ სულიერს მოწყურებულნი ვართ?
4 როდესაც გვესმის, თუ რამდენად გვჭირდება სულიერი, ეს აღგვძრავს, რომ ყოველდღიურად ვიკითხოთ ბიბლია, ღრუბელივით შევიწოვოთ სულიერი საზრდო, რომელსაც „დროულად“ გვაწვდის „ერთგული და გონიერი მონა“ და რეგულარულად დავესწროთ ქრისტიანულ შეხვედრებს (მათე 24:45; ფსალმუნები 1:1, 2; 118:111; ებრაელები 10:25). მოყვასისადმი სიყვარული დაგვეხმარება იმის გათვითცნობიერებაში, რომ სულიერი სხვებსაც ესაჭიროებათ და ეს აღგვძრავს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ენთუზიაზმით ვაუწყოთ და ვასწავლოთ (მარკოზი 13:10; რომაელები 1:14—16). ბიბლიური ჭეშმარიტების სხვებისთვის გაზიარებას ბედნიერება მოაქვს (საქმეები 20:20, 35). ჩვენ უფრო ბედნიერები ვიქნებით, თუ ვიფიქრებთ სამეფოს შესანიშნავ იმედსა და იმ კურთხევებზე, რასაც ის მოგვიტანს. ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი „მცირე სამწყსოსთვის“ სამეფოსთან დაკავშირებული იმედი ნიშნავს უკვდავ ცხოვრებას ზეცაში, სადაც ისინი ქრისტესთან ერთად იმმართველებენ (ლუკა 12:32; 1 კორინთელები 15:50, 54). „სხვა ცხვრებისთვის“ კი ეს ნიშნავს მარადიულ ცხოვრებას ზეციერი მთავრობის ქვეშევრდომობით დედამიწაზე სამოთხეში (იოანე 10:16; ფსალმუნები 36:11; მათე 25:34, 46).
როგორ შეუძლიათ მგლოვიარეებს იყვნენ ბედნიერები?
5. ა) რა იგულისხმება გამოთქმაში „მგლოვიარენი“? ბ) როგორ პოულობენ ნუგეშს ამგვარად მგლოვიარენი?
5 ბედნიერების შემდეგი მიზეზი, რომელიც იესომ მოიხსენია ურთიერთგამომრიცხავი ჩანს. მან თქვა: „ბედნიერნი არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშს ჰპოვებენ“ (მათე 5:4). როგორ შეიძლება ადამიანი გლოვობდეს და ამასთანავე ბედნიერი იყოს? იესოს სიტყვების მნიშვნელობა რომ გავიგოთ, საჭიროა, განვიხილოთ, რა სახის გლოვაზე საუბრობდა ის. მოწაფე იაკობი განმარტავს, რომ ჩვენი ცოდვილი მდგომარეობა უნდა იყოს გლოვის მიზეზი. მან დაწერა: „გაისუფთავეთ ხელები, ცოდვილებო, და გაიწმინდეთ გულები, მერყევებო. იდარდეთ, იგლოვეთ და იტირეთ. თქვენი სიცილი გლოვად იქცეს და სიხარული — სევდად. დაიმდაბლეთ თავი იეჰოვას წინაშე და ის აგამაღლებთ“ (იაკობი 4:8—10). ისინი, რომლებიც ნამდვილად წუხან თავიანთ ცოდვილ მდგომარეობაზე, ნუგეშს პოულობენ, როცა იგებენ, რომ მათი ცოდვები შეიძლება მიტევებული იყოს ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენის გამოვლენითა და ჭეშმარიტი მონანიებით, რაც იეჰოვას ნების შესრულებით ვლინდება (იოანე 3:16; 2 კორინთელები 7:9, 10). ამგვარად, მათ შეუძლიათ ჰქონდეთ იეჰოვასთან ძვირფასი ურთიერთობა და მარადიული სიცოცხლის იმედი, რათა ემსახურონ და განადიდონ ის. ამას ღრმა შინაგანი კმაყოფილების გრძნობა და ბედნიერება მოაქვს მათთვის (რომაელები 4:7, 8).
6. რა გაგებით გლოვობს ზოგიერთი და როგორ ჰპოვებენ ნუგეშს?
6 იესოს სიტყვები ეხება მათაც, რომლებიც გლოვობენ დედამიწაზე არსებული საშინელი მდგომარეობის გამო. იესომ აღნიშნა, რომ მას ეხებოდა ესაიას 61:1, 2-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება: „უფალი ღმერთის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა, რომ ვახარო შეჭირვებულთ, წარმომგზავნა მე გულგატეხილთა შესახვევად . . . რათა ვანუგეშო ყველა მგლოვიარე“. ეს დავალება ასევე აკისრიათ ჯერ კიდევ დედამიწაზე მყოფ ცხებულ ქრისტიანებს, რომლებიც თავიანთი თანამსახურების, „სხვა ცხვრების“ დახმარებით ასრულებენ მას. მონაწილეობას ყველა იღებს, რათა სიმბოლური გაგებით ნიშანი დაადოს შუბლებზე ადამიანებს, „რომელნიც კვნესიან და ოხრავენ ყოველი სისაძაგლის გამო, რომელიც მის შიგნით ხდება“ (ეზეკიელი 9:4). ასეთ ადამიანებს ანუგეშებთ „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“ (მათე 24:14). ისინი ბედნიერები არიან იმის გაგებით, რომ მალე სატანის ბოროტი სისტემა იეჰოვას სამართლიანი ახალი ქვეყნიერებით შეიცვლება.
ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი
7. რას არ გულისხმობს გამოთქმა „რბილი ხასიათისანი“?
7 იესომ მთაზე ქადაგება ასეთი სიტყვებით განაგრძო: „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათე 5:5). ზოგი ფიქრობს, რომ რბილი ხასიათი სისუსტის მაჩვენებელია. მაგრამ ეს ასე არ არის. რბილი ხასიათის მქონე ადამიანის ძირითადი თავისებურება ის არის, რომ თავისი თავი ბოლომდე ჰყავს ხელში აყვანილი; ეს არ ნიშნავს უნებისყოფობას, უპრინციპობას, ყველაფრისადმი გულგრილ დამოკიდებულებას, არამედ ისეთ სიძლიერეს, რომელიც კონტროლს არის დაქვემდებარებული. იესომ საკუთარი თავის შესახებ თქვა: „რბილი და გულით თავმდაბალი ვარ“ (მათე 11:29). მაგრამ ის სამართლიანი პრინციპების მტკიცე დამცველი იყო (მათე 21:12, 13; 23:13—33).
8. რასთან არის მჭიდროდ დაკავშირებული რბილი ხასიათი და რატომ უნდა გამოვავლინოთ ეს თვისება სხვებთან ურთიერთობისას?
8 რბილი ხასიათი მჭიდროდაა დაკავშირებული თავშეკავებასთან. პავლე მოციქულმა ერთად მოიყვანა რბილი ხასიათი და თავშეკავება, როცა „სულის ნაყოფები“ ჩამოთვალა (გალატელები 5:22, 23). რბილი ხასიათი წმინდა სულის დახმარებით უნდა იქნეს განვითარებული. ეს არის ქრისტიანული თვისება, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას გარეშეებთან და კრების წევრებთან. პავლე წერდა: „შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით . . . მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლოსელები 3:12, 13).
9. ა) რატომ არ შემოიფარგლება რბილი ხასიათის გამოვლენა მხოლოდ სხვებთან ურთიერთობით? ბ) როგორ „დაიმკვიდრებენ დედამიწას“ რბილი ხასიათის მქონე ადამიანები?
9 რბილი ხასიათის გამოვლენა მხოლოდ სხვებთან ურთიერთობით როდი შემოიფარგლება. იეჰოვას უზენაესი ხელისუფლებისადმი სიხარულით დამორჩილებით ცხადვყოფთ, რომ რბილი ხასიათი გვაქვს. ამ მხრივ საუკეთესო მაგალითია იესო ქრისტე, რომელმაც დედამიწაზე ყოფნისას გამოავლინა რბილი ხასიათი და სრული მორჩილება მამის ნება-სურვილისადმი (იოანე 5:19, 30). უპირველესად იესო იმკვიდრებს დედამიწას, რადგან მის მმართველად არის დანიშნული (ფსალმუნები 2:6—8; დანიელი 7:13, 14). ის თავის მემკვიდრეობას უზიარებს 144 000 ‘თანამემკვიდრეს’, რომლებიც არჩეულია „ადამიანთაგან“, რათა იყვნენ „დედამიწის მმართველები“ (რომაელები 8:17; გამოცხადება 5:9, 10; 14:1, 3, 4; დანიელი 7:27). ქრისტე და მისი თანამმართველები უხელმძღვანელებენ მილიონობით ცხვრისმაგვარ კაცსა და ქალს, რომლებზედაც შესრულდება ფსალმუნებში წარმოთქმული წინასწარმეტყველება: „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნები 36:11; მათე 25:33, 34, 46).
ბედნიერნი არიან სიმართლეს მოშიებულნი
10. როგორ გაძღებიან „სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი“?
10 იესომ გალილეის მთის ფერდობზე საუბრის დროს ბედნიერების შემდეგი მიზეზი მოიყვანა: „ბედნიერნი არიან სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან“ (მათე 5:6). ქრისტიანებისთვის იეჰოვა ადგენს სიმართლის ნორმებს. ამიტომ სიმართლეს მოშიებული და მოწყურებული ადამიანი, ფაქტობრივად ღვთის მმართველობას არის მოშიებული და მოწყურებული. ასეთმა ადამიანებმა კარგად იციან თავიანთი ცოდვებისა და არასრულყოფილების შესახებ და სურთ იეჰოვას მოწონება დაიმსახურონ. რა ბედნიერები არიან ისინი ღვთის სიტყვიდან იმის გაგებით, რომ ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე თუ მოინანიებენ და პატიებას ითხოვენ, მიაღწევენ იმას, რომ სამართლიანად წარდგებიან ღვთის წინაშე! (საქმეები 2:38; 10:43; 13:38, 39; რომაელები 5:19).
11, 12. ა) როგორ ცხადდებიან მართლებად ცხებული ქრისტიანები? ბ) როგორ იკმაყოფილებენ სიმართლის წყურვილს ცხებულთა თანამსახურნი?
11 იესომ თქვა, რომ ასეთი ადამიანები ბედნიერები იქნებიან, რადგან ისინი „გაძღებიან“ ანუ დაკმაყოფილდებიან (მათე 5:6). ცხებული ქრისტიანები, რომლებიც მოწოდებულნი არიან ‘იმეფონ’ ქრისტესთან ერთად ზეცაში, აღიარებულნი არიან ‘მართლებად სასიცოცხლოდ’ (რომაელები 5:1, 9, 16—18). იეჰოვას შვილად აჰყავს ისინი და ამგვარად ისინი მისი სულიერი ძეები ხდებიან. ისინი ხდებიან ქრისტეს თანამემკვიდრეები, რათა იყვნენ მეფეები და მღვდლები მის ზეციერ სამეფოში (იოანე 3:3; 1 პეტრე 2:9).
12 ცხებული ქრისტიანების თანამსახურნი ჯერ არ არიან გამოცხადებულნი ‘მართლებად სასიცოცხლოდ’. მაგრამ იეჰოვა თვლის მათ მართლებად, რადგან ქრისტეს დაღვრილი სისხლისადმი რწმენას ავლენენ (იაკობი 2:22—25; გამოცხადება 7:9, 10). ისინი მიჩნეულნი არიან მართლებად, როგორც იეჰოვას მეგობრები და ‘დიდ გასაჭირს’ გადაურჩებიან (გამოცხადება 7:14). ისინი წყურვილს მაშინ დაიკმაყოფილებენ, როცა „ახალი ცის“ მმართველობის დროს გახდებიან ახალი მიწის ნაწილი, სადაც „დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:13; ფსალმუნები 36:29).
ბედნიერნი არიან გულმოწყალენი
13, 14. როგორ უნდა გამოვავლინოთ გულმოწყალება და რა სარგებლობას მოგვიტანს ეს?
13 იესომ მთაზე ქადაგება ასეთი სიტყვებით განაგრძო: „ბედნიერნი არიან გულმოწყალენი, რადგან ისინი შეწყალებული იქნებიან“ (მათე 5:7). კანონმდებლობაში შეწყალებად ითვლება მოსამართლის მიერ ბრალდებულისადმი კანონით გათვალისწინებული სასჯელის შემსუბუქება, მაგრამ ბიბლიის ორიგინალში გამოყენებული სიტყვები, რომლებიც გულმოწყალებად ითარგმნა, უმეტესწილად მიუთითებს არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფის მიმართ სიბრალულისა და თანაგრძნობის გამოვლენაზე, რასაც მისთვის შემსუბუქება მოაქვს. ამგვარად, გულმოწყალე ადამიანი თავისი საქციელით აჩვენებს, რომ თანამგრძნობია. კეთილი სამარიელის შესახებ იესოს მიერ მოყვანილი იგავი შესანიშნავი მაგალითია იმ ადამიანისა, ვინც „გულმოწყალებას ავლენს“ მათ მიმართ, ვისაც დახმარება ესაჭიროება (ლუკა 10:29—37).
14 გულმოწყალების გამოვლენის შედეგად ბედნიერება რომ განვიცადოთ, აუცილებელია, სიკეთე გავუკეთოთ მათ, ვისაც დახმარება ესაჭიროება (გალატელები 6:10). იესო სიბრალულს ავლენდა ხალხის მიმართ. „გული დაეწვა მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და მრავალი რამის სწავლება დაუწყო მათ“ (მარკოზი 6:34). იესოს ესმოდა, რომ კაცობრიობა სხვა ყველაფერზე მეტად სულიერ საზრდოს საჭიროებდა. ჩვენც შეგვიძლია ვისწავლოთ თანაგრძნობისა თუ გულმოწყალების გამოვლენა და გავუზიაროთ სხვებს ის, რაც მათ ყველაზე მეტად ესაჭიროებათ — „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“ (მათე 24:14). ჩვენ ასევე შეგვიძლია პრაქტიკული დახმარება შევთავაზოთ ხანდაზმულ თანაქრისტიანებს, ქვრივებს, ობლებს და ‘ვანუგეშოთ დამწუხრებული სულები’ (1 თესალონიკელები 5:14; იგავები 12:25; იაკობი 1:27). ეს ყველაფერი არა მარტო ბედნიერებას, არამედ იეჰოვას გულმოწყალებასაც მოგვიტანს (საქმეები 20:35; იაკობი 2:13).
სუფთა გულისანი და მშვიდობისმყოფელნი
15. როგორ შეგვიძლია ვიყოთ „სუფთა გულისანი“ და „მშვიდობისმყოფელნი“?
15 იესო ბედნიერების მეექვსე და მეშვიდე მიზეზს შემდეგი სიტყვებით აღწერდა: „ბედნიერნი არიან სუფთა გულისანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ; ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან მათ ღვთის ძეები დაერქმევათ“ (მათე 5:8, 9). სუფთა გული არა მარტო ზნეობრივად, არამედ სულიერადაც წმინდაა და იეჰოვასადმი ერთგულებას ავლენს (1 ნეშტთა 28:9; ფსალმუნები 85:11). მშვიდობისმყოფელნი მშვიდობიანად ცხოვრობენ ქრისტიან ძმებთან და რამდენადაც მათი მხრიდან შესაძლებელია სხვა ადამიანებთანაც (რომაელები 12:17—21). ისინი ‘ეძიებენ მშვიდობას და მისკენ ისწრაფიან’ (1 პეტრე 3:11).
16, 17. ა) რატომ ეწოდებათ ცხებულებს „ღვთის ძეები“ და როგორ „იხილავენ [ისინი] ღმერთს“? ბ) როგორ ხედავენ „სხვა ცხვრები“ ღმერთს? გ) როგორ და როდის გახდებიან „სხვა ცხვრები“ „ღვთის ძეები“ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით?
16 მშვიდობისმყოფელთ, რომლებიც გულით სუფთანი არიან, დანაპირებისამებრ „ღვთის ძეები დაერქმევათ“ და „ღმერთს იხილავენ“. ცხებული ქრისტიანები სულით შობილნი არიან; იეჰოვა თავის შვილებად აცხადებს მათ ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ისინი დედამიწაზე ცხოვრობენ (რომაელები 8:14—17). მკვდრეთით აღდგენის შემდეგ კი, ისინი ზეცაში ქრისტესთან ერთად არიან, იეჰოვას თანდასწრებით მსახურობენ და სინამდვილეში ხედავენ ღმერთს (1 იოანე 3:1, 2; გამოცხადება 4:9—11).
17 მშვიდობისმყოფელი „სხვა ცხვრები“ ემსახურებიან იეჰოვას შესანიშნავი მწყემსის, იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით, რომელიც ხდება მათი „საუკუნო მამა“ (იოანე 10:14, 16; ესაია 9:6). ის, ვინც წარმატებით გაივლის საბოლოო გამოცდას ქრისტეს ათასწლიანი მეფობის ბოლოს, იეჰოვას მიწიერი შვილი გახდება და „მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რომაელები 8:21; გამოცხადება 20:7, 9). ამ დროის მოლოდინში, ისინი მიმართავენ იეჰოვას, როგორც თავიანთ მამას, რადგან სიცოცხლეს მას უძღვნიან და აღიარებენ, რომ ის სიცოცხლის მომცემია (ესაია 64:8). მოსესა და იობის მსგავსად, მათ შეუძლიათ რწმენის თვალით იხილონ ღმერთი (იობი 42:5; ებრაელები 11:27). „გულის თვალებითა“ და ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მეშვეობით, ისინი წვდებიან იეჰოვას შესანიშნავ თვისებებს, ცდილობენ მიბაძონ მას და შეასრულონ მისი ნება (ეფესოელები 1:18; რომაელები 1:19, 20; 3 იოანე 11).
18. ბედნიერებისთვის საჭირო პირველ შვიდ მიზეზთან დაკავშირებით იესოს სიტყვების თანახმად, ვინ პოულობს დღეს ნამდვილ ბედნიერებას?
18 როგორც დავინახეთ, სულიერს მოწყურებულნი, მგლოვიარენი, რბილი ხასიათისანი, სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი, გულმოწყალენი, სუფთა გულისანი და მშვიდობისმყოფელნი, ნამდვილ ბედნიერებას პოულობენ იეჰოვასადმი მსახურებაში. მაგრამ ასეთი ადამიანები ყოველთვის ხვდებოდნენ წინააღმდეგობას და დევნებსაც კი. ართმევთ ეს მათ ბედნიერებას? ეს საკითხი განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.
გამეორებისთვის
• რა ბედნიერებას განიცდიან სულიერს მოწყურებულნი?
• როგორ ჰპოვებენ ნუგეშს მგლოვიარენი?
• როგორ ვავლენთ რბილ ხასიათს?
• რატომ უნდა ვიყოთ გულმოწყალენი, სუფთა გულისანი და მშვიდობისმყოფელნი?
[სურათი 10 გვერდზე]
„ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“.
[სურათები 10 გვერდზე]
„ბედნიერნი არიან სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი“.
[სურათი 10 გვერდზე]
„ბედნიერნი არიან გულმოწყალენი“.