იცოდით თუ არა?
ნამდვილად უკრავდნენ სალამურზე დაკრძალვის დროს იესოს დღეებში?
▪ ბიბლიაში მოხსენიებულია, რომ დღესასწაულების დროს სალამურზე უკრავდნენ (1 მეფეები 1:40; ესაია 5:12; 30:29). მასში აგრეთვე ნათქვამია, რომ ამ ინსტრუმენტზე დაკრძალვის დროსაც უკრავდნენ. სალამური ერთადერთი საკრავი ინსტრუმენტია, რომელსაც ბიბლია ასეთი შემთხვევების დროს მოიხსენიებს. მათეს სახარებაში ვკითხულობთ, რომ ერთხელ ერთმა იუდეველმა მმართველმა იესოს სთხოვა, განეკურნა მისი ქალიშვილი, რომელიც სიკვდილის პირას იყო. როდესაც იესო მის სახლში მივიდა, „მესალამურეები და აჩოჩქოლებული ხალხი დაინახა“, რადგან გოგონა უკვე დაღუპულიყო (მათე 9:18, 23).
ზუსტად აღწერა მათემ ეს შემთხვევა? ბიბლიის მთარგმნელი უილიამ ბარკლეი აღნიშნავს: „ძველი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის რომში, საბერძნეთში, ფინიკიაში, ასურეთსა და პალესტინაში, მიღებული იყო დაკრძალვის ცერემონიის დროს სამგლოვიარო მუსიკის სალამურზე შესრულება“. თალმუდიდან ჩანს, რომ ახ. წ. I საუკუნეში ყველაზე ღარიბი იუდეველიც კი, რომელსაც ცოლი უკვდებოდა, ორ მესალამურესა და მოტირალ ქალს ქირაობდა. პირველ საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსმა იოსებ ფლავიუსმა დაწერა, რომ, როდესაც ახ. წ. 67 წელს იერუსალიმამდე მიაღწია ცნობამ რომაელთა მიერ იოტაპატეს (გალილეა) დაპყრობისა და მისი მცხოვრებლების გაჟლეტის შესახებ, „მგლოვიარეებმა დაიქირავეს მესალამურეები, რათა სამგლოვიარო მუსიკა შეესრულებინათ“.
რა დანაშაული ჩაიდინეს იმ ბოროტმოქმედებმა, რომლებიც იესოსთან ერთად დასაჯეს?
▪ ბიბლია ამ ბოროტმოქმედებს „ყაჩაღებად“ მოიხსენიებს (მათე 27:38; მარკოზი 15:27). ზოგი ბიბლიური ლექსიკონი აღნიშნავს, რომ ბიბლია სხვადასხვა სიტყვებს იყენებს ბოროტმოქმედების ერთმანეთისგან განსასხვავებლად. ბიბლიაში გამოყენებული ბერძნული სიტყვა კლეპტის ეხება ქურდს, რომელიც ფარულად მოქმედებს და მისი დანაშაული არ აშკარავდება. ბიბლია ამ სიტყვას იყენებს იუდა ისკარიოტელზე საუბრის დროს, რომელიც ფარულად იპარავდა ფულს მოწაფეების ყულაბიდან (იოანე 12:6). მეორე სიტყვას, ლისტის კი ისეთ ადამიანს უწოდებდნენ, რომელიც თავს ესხმოდა ხალხს და ძარცვავდა; გარდა ამისა, იყო მოჯანყე, მეამბოხე და ყაჩაღი. ისინი, ვინც იესოსთან ერთად დასაჯეს, სწორედ ასეთები იყვნენ. ერთ-ერთმა მათგანმა თვითონვე თქვა: „ის მივიღეთ, რაც დავიმსახურეთ“ (ლუკა 23:41). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ მათ მხოლოდ ქურდობაში არ მიუძღოდათ ბრალი.
ამ ორი ყაჩაღის მსგავსად, ბარაბასაც ლისტი ეწოდებოდა (იოანე 18:40). ლუკას 23:19-იდან ნათლად ვხედავთ, რომ ბარაბა, რაღა თქმა უნდა, მარტო ქურდი არ იყო, ის „ქალაქში მომხდარი ამბოხებისა და მკვლელობისთვისაც იჯდა საპყრობილეში“.
ამიტომ, ყაჩაღები, რომლებიც იესოსთან ერთად დასაჯეს, შეიძლება ამბოხებაშიც მონაწილეობდნენ და მკვლელებიც კი იყვნენ. რა დანაშაულიც არ უნდა ჩაედინათ მათ, რომის მმართველმა პონტიუს პილატემ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ისინი ძელზე გაეკრათ.